თუ დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე რაიმე მიზეზით არ ვრცელდება ან აღარ ვრცელდება მფარველი სახელმწიფოს ან წინამდებარე მუხლის პირველ აბზაცში მითითებული ორგანიზაციის საქმიანობა, დამკავებელმა სახელმწიფომ თხოვნით უნდა მიმართოს ნეიტრალურ სახელმწიფოს ან ასეთ ორგანიზაციას, რათა მან იკისროს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება, რომელიც ეკისრება კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ დანიშნულ მფარველ სახელმწიფოს.

თუ ამგვარი გზით ვერ მოხერხდება მფარველობის უზრუნველყოფა, დამკავებელმა სახელმწიფომ, წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, თხოვნით უნდა მიმართოს ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ან მიიღოს ასეთი ორგანიზაციის, მაგალითად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეთავაზება, რათა მან იკისროს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მფარველი სახელმწიფოებისათვის დაკისრებული ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულება.

ამ მიზნით დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ მოწვეული ან საკუთარი სამსახურის შემთავაზებელი ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფო ან ორგანიზაცია პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოქმედებდეს კონფლიქტის იმ მხარის მიმართ, რომელზეც დამოკიდებულნი არიან წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირები და წარმოადგინოს საკმარისი გარანტიები იმისა, რომ მას შეუძლია შესაბამისი ფუნქციების თავის თავზე აღება და მათი მიუკერძოებლად შესრულება.

დაუშვებელია ზემოაღნიშნული დებულებებიდან გადახვევა სახელმწიფოთა შორის დადებული სპეციალური შეთანხმებებით, როდესაც რომელიმე სახელმწიფო, თუნდაც დროებით, სამხედრო მოვლენების გამო შეზღუდულია თავის შესაძლებლობაში თავისუფლად აწარმოოს მოლაპარაკება სხვა სახელმწიფოსთან ან მის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ სახელმწიფოს მთელი ტერიტორია ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია.

წინამდებარე კონვენციაში მფარველი სახელმწიფოს სახელწოდებაში ყველგან იგულისხმება ამ მუხლით გათვალისწინებული მისი შემცვლელი ორგანიზაციაც.

ამ მუხლის დებულებები ვრცელდება და, შესაბამისად, გამოიყენება იმ ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მეომარ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან, არ გააჩნია რეგულარული დიპლომატიური წარმომადგენლობ