მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ სრული მიუკერძოებლობის და ქმედითობის გარანტიის მიმღებ ორგანიზაციას ანდონ ამ კონვენციით მფარველი სახელმწიფოსათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
თუ დაჭრილებსა და ავადმყოფებზე ან სამედიცინო პერსონალზე და სამხედრო სასულიერო პირებზე რაიმე მიზეზით არ ვრცელდება ან აღარ ვრცელდება რომელიმე მფარველი სახელმწიფოს ან პირველ პარაგრაფში მითითებული ორგანიზაციის საქმიანობა, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, თხოვნით უნდა მიმართოს ნეიტრალურ სახელმწიფოს ან ასეთ ორგანიზაციას, რათა მან თავის თავზე აიღოს კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ დასახელებული მფარველი სახელმწიფოს ამ კონვენციით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება.
თუ ამგვარი გზით ვერ მოხერხდება მფარველობის განხორციელება, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც არიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, ამ მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, თხოვნით უნდა მიმართოს ან მიიღოს რომელიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციის, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. წინადადება, თავის თავზე აიღოს ამ კონვენციის შესაბამისად მფარველი სახელმწიფოებისათვის დაკისრებული ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულება.
ამ მიზნით დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ მოწვეული ან საკუთარი სამსახურის შემომთავაზებელი ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფო ან ორგანიზაცია პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოქმედებდეს კონფლიქტის მონაწილე იმ მხარისადმი; რომელსაც ეკუთვნიან ამ კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირები, და წარმოადგინოს საკმარისი გარანტიები იმისა, რომ მას შეუძლია შესაბამისი ფუნქციების თავის თავზე აღება და მათი მიუკერძოებლად შესრულება.
დაუშვებელია ზემოაღნიშნული დებულებების დარღვევა სახელმწიფოთა შორის დადებული სპეციალური შეთანხმებებით, როცა საომარი მდგომარეობის გამო შეზღუდულია, თუნდაც დროებით, ერთ-ერთი ამ სახელმწიფოს შესაძლებლობა თავისუფლად აწარმოოს მოლაპარაკება სხვა სახელმწიფოსთან ან მის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, თუ ოკუპირებულია ამ სახელმწიფოს მთელი ტერიტორია ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი.
ამ მუხლის თანახმად, ამ კონვენციაში მფარველი სახელმწიფოს სახელწოდებაში ყველგან იგულისხმება მისი შემცვლელი ორგანიზაცია