1. ახალი ოქროამომკრეფი ფაბრიკის დაპროექტებისა და არსებულის რეკონსტრუქციის დროს ამალგამაციის პროცესის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცებულია მისი უპირატესობა ძვირფასი ლითონების ამოკრეფის სხვა მეთოდებთან შედარებით და გამოიყენება მოწყობილობა, რომელიც გამორიცხავს მომსახურე პერსონალის უშუალო კონტაქტს ვერცხლისწყალთან და მის ორთქლთან.

2. მაღალტოქსიკური რეაგენტების (ციანიდები, ვერცხლისწყალი და სხვ.) გამოყენებისას ოქროამომკრეფი ფაბრიკის საამქროებისა და განყოფილებების იატაკი, კედლები, ჭერი და სამშენებლო კონსტრუქციები უნდა იყოს მკვრივი, გლუვი და ჰქონდეს ჰიდროფობური დანაფარი, რომელიც არ შეიწოვს ხსნარს და ადვილად ირეცხება. არამთლიანი სართულშორისი გადახურვების თავისუფალ კიდეებს მოაჯირთან ერთად უნდა ჰქონდეს სულ მცირე 20 სმ სიმაღლის ტენშეუღწევი ბარიერები.

3. ოქროამომკრეფი ფაბრიკის იატაკს (ტევადობებისა და მოწყობილობის ქვევითაც) უნდა ჰქონდეს დახრა სადრენაჟო არხებისა და ზუმპფებისაკენ ხსნარებისა და პულპის დაგროვების გამოსარიცხად.

4. ბაქნებსა და სართულშორის გადახურვებზე დადგმული მოწყობილობის ქვეშ აუცილებელია გაკეთდეს სადრენაჟო სისტემები ქვემოთ განლაგებულ ზუმპფებსა და ტევადობებში ჩადინებით.

5. იატაკების სადრენაჟო სისტემა, რომელიც შედგება არხებისა და ტუმბოებით აღჭურვილი ზუმპფებისაგან, უნდა უზრუნველყოფდეს ყველა ჩამონადენის შეგროვებასა და დაბრუნებას ტექნოლოგიურ პროცესში.

6. იატაკების ჩამონადენების გამოშვება ფაბრიკიდან მათი წინასწარი გაუვნებლების გარეშე დაუშვებელია.

7. დაუშვებელია ერთ სათავსში ციანირების შეთავსება მჟავა გარემოში მიმდინარე პროცესებთან. გამონაკლისია შემთხვევა, როცა ორივე პროცესი შეადგენს ერთიან ტექნოლოგიურ ჯაჭვს. ასეთ შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები (ყველა აპარატის მუშაობა ვაკუუმში, სამუშაო ადგილებზე ჰაერის შედგენილობის უწყვეტი კონტროლი და სხვ.).

8. განყოფილებებს, რომლებშიც ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს მჟავა გარემოში, უნდა ჰქონდეს დანარჩენი ფაბრიკისაგან განცალკევებული სადრენაჟო სისტემები. მჟავე სადრენაჟო წყლები ფაბრიკიდან გამოშვების წინ ნეიტრალიზებული უნდა იყოს. ამ განყოფილებების იატაკს, კედლებს, სამშენებლო კონსტრუქციებსა და მოწყობილობას უნდა ჰქონდეს მჟავამდგრადი დანაფარი.

9. ინტენსიური აირგამოყოფის ადგილებში გათვალისწინებული უნდა იყოს ჰაერის ადგილობრივი გაწოვა. ადგილობრივი გაწოვა აუცილებელია:

ა) ფაბრიკის დაწვრილმანების განყოფილებაში – წისქვილის ჩასატვირთი და გასატვირთავი ხახიდან, თუ წისქვილში დაწვრილმანება ხორციელდება ციანოვან გარემოში;

ბ) ამალგამის დამუშავების განყოფილებაში – სამუშაო მაგიდისა და ვერცხლისწყლის გამოსაწნეხი წნეხის ზემოდან, დასაორთქლი ღუმლიდან (დაორთქვლის სათავსი), გამოსაწვავი და გამოსადნობი ღუმლებიდან (ქურადან) და ლითონის ჩამოსხმის ადგილიდან (მეტალურგიული განყოფილება);

გ) კონცენტრატის შრობის განყოფილებაში – საშრობი ღუმლების (დოლების) ჩასატვირთი და გასატვირთავი ღიობებიდან;

დ) თუთიის ნალექის შრობის განყოფილებაში – საშრობი კარადების (ღუმლების) ჩასატვირთი კარებიდან;

ე) სარეაგენტო განყოფილებაში – ტოქსიკურ რეაგენტებიანი ტარის გასახსნელი და გასაცლელი კამერებიდან, რეაგენტების მკვებავებიდან, შემრევებიდან და შემკრები როფებიდან;

ვ) სამრეწველო ჩამონადენების გაუვნებლების განყოფილებაში – გაუვნებლების აპარატურიდან;

ზ) სორბციულ განყოფილებაში – ფისის გამომყოფი მოწყობილობიდან;

თ) სარეგენერაციო განყოფილებაში – სარეგენერაციო სვეტებიდან და სარეაგენტო ტევადობებიდან;

ი) ელექტროლიზის განყოფილებაში – ელექტროლიზერებიდან და გრაფიტირებული ვატინის დასაწვავი ღუმლიდან.

10. გამომავალი აირების გამოსროლის პირობები (ადგილი, სიმაღლე და სხვ.) განისაზღვრება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისას.

11. იმ აპარატებიდან გამწოვი სავენტილაციო სისტემების მოწყობილობას, რომლებშიც შესაძლებელია აფეთქებასაფრთხიანი და ცეცხლსაშიში ნივთიერებების (წყალბადი, გოგირდნახშირბადი, ციანოვანი წყალბადი და სხვ.) გამოყოფა, უნდა ჰქონდეს აფეთქებაუსაფრთხო შესრულებ