1. ციანოვან ხსნარებთან (პულპასთან) მომსახურე პერსონალის უშუალო კონტაქტის გამოსარიცხად და სამუშაო ზონებში შხამიანი გამოყოფების შესამცირებლად დაციანების განყოფილების მოწყობილობა და ტევადობები უნდა იყოს მაქსიმალურად ჰერმეტიზებული ან აღჭურვილი ადგილობრივგამწოვიანი შესაფარით. ტექნოლოგიური პროცესის კონტროლი და მოწყობილობის მართვა უნდა იყოს მთლიანად ავტომატიზებული ან ხდებოდეს დისტანციურად.
2. ციანოვანი პროცესის მოწყობილობა და ტევადობები აღჭურვილი უნდა იყოს ხსნარების (პულპის) შემთხვევითი გადადინების საწინააღმდეგო ავტომატური მოწყობილობით და გადასასხმელი მილსადენებით.
3. ციანოვან ხსნარებთან (პულპასთან) და მათ ორთქლთან შეხებაში მყოფ მოწყობილობას, ელექტროგაყვანილობას, მილსადენებს, არმატურას არ უნდა ჰქონდეს ფერადი ლითონებისა და მათი შენადნობებისაგან (სპილენძის, სპილენძთუთიის, ალუმინის და სხვ.) დამზადებული, ციანიდებში ხსნადი დეტალები.
4. ღია ცის ქვეშ მყოფ და არაასპირირებულ მოწყობილობასა და ტევადობებში მოთავსებულ ციანოვან ხსნარებში (პულპაში) დამცავი ტუტის კონცენტრაცია cao-ს მიხედვით შენარჩუნებული უნდა იყოს, სულ მცირე, 0,01 – 0,025 %-ის დონეზე.
5. დაციანებისა და ციანოვანი ხსნარების მოსამზადებელ განყოფილებებში გამწოვი ვენტილაცია ჰაერს უნდა იწოვდეს სათავსების ზედა ზონიდან. მომდენი სავენტილაციო სისტემის ჰაერი უნდა მიეწოდებოდეს სამუშაო ზონაში ფიქსირებულ სამუშაო ადგილებსა და გასასვლელებს.
6. ვაკუუმ
-ტუმბოებით გაწოვილი აირჰაერის ნარევი მისი ატმოსფეროში გაშვების წინ უნდა გაიწმინდოს მავნე კომპონენტებისა და ზეთებისგან და არ უნდა ხვდებოდეს მომდენი სავენტილაციო სისტემების ჰაერშემწოვ მოწყობილობაში. ვაკუუმ-ტუმბოებისაგან გამოტყორცნისა და ჰაერის შეწოვის წერტილების ურთიერთგანლაგება უნდა შეირჩეს მოქმედი სანიტარიული ნორმების შესაბამისად.
7. საფილტრავი ჩალითები (ქსოვილის ტანი) მაკამკამებელი და სალექი დანადგარების ფილტრებიდან მოხსნის წინ უნდა გაირეცხოს წყლით ციანიდების სრულ მოცილებამდე.
8. საფილტრავი ქსოვილის (ჩალითების, საფილტრავი ტანის და სხვ.) მჟავათი რეცხვა უნდა ხდებოდეს სრულმომცველი ვენტილაციით აღჭურვილ იზოლირებულ სათავსში. მჟავაში ნამუშევარი საფილტრავი ქსოვილი ხელმეორედ ხმარების წინ უნდა გაირეცხოს წყლით, მჟავას სრულ მოცილებამდე.
9. ფილტრის ქსოვილის აღდგენასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო (მჟავათი დამუშავება, გარეცხვა, შრობა) მაქსიმალურად მექანიზებული უნდა იყოს.
10. საფილტრავი ქსოვილის მჟავათი გარეცხვა უშუალოდ ფილტრზე დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში, ფილტრის პულპისგან განთავისუფლებისა და მისგან ციანიდების მთლიან მოცილებამდე წყლით გულმოდგინე გარეცხვის შემდეგ.
11. ფილტრის მუშაობაში ჩართვის წინ საფილტრავი ქსოვილი და ფილტრი უნდა გაირეცხოს წყლით, მჟავას მთლიან მოცილებამდე.
12. სათავსები თუთიის ნალექების შრობის, დაწვრილმანების, მოსინჯვისა და შეფუთვისათვის იზოლირებული უნდა იყოს დაციანების განყოფილებიდან და აღჭურვილი სრულმომცველი ვენტილაციით გამონატყორცნის ტექნოლოგიური და სანიტარიული გაწმენდით.
13. თუთიის ნალექების შრობა ღია ფილებზე აკრძალულია. შრობა უნდა განხორციელდეს ვაკუუმიან ჰერმეტიზებულ საშრობ კარადებში (ღუმლებში).
14. თუთიის გამშრალნალექიანი ფილების გაცივება უნდა მოხდეს ვაკუუმიან ჰერმეტიზებულ კარადებში.
15. სათავსები ციანშემცველი სამრეწველო ჩამონადენების გაუვნებლებისათვის უნდა იყოს იზოლირებული ფაბრიკის სხვა სათავსებიდან და აღჭურვილი დისტანციური მართვის მქონე სრულმომცველი და ავარიული ვენტილაციით.
16. ციანშემცველი სამრეწველო ჩამონადენების გაუვნებლება ქლორის პროდუქტების და სხვა რეაგენტების (წყალბადის ზეჟანგი, ოზონი და სხვ.) გამოყენებით ნებადართულია განხორციელდეს მხოლოდ ჰერმეტიზებულ მოწყობილობაში, რომელიც აღჭურვილია ჰაერგამწოვით, კონტროლისა და დისტანციური მართვის ხელსაწყოებით.
17. სპეცტანსაცმლის გატანა ფაბრიკის ტერიტორიიდან და მის საზღვრებს გარეთ სპეცტანსაცმლით გასვლა, აკრძალულია. სპეცტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და გარემონტდეს ფაბრიკაში წინასწარი გაუვნებლების შემდეგ.
18. ხელის დაბანა და სპეცტანსაცმლის გარეცხვა ციანოვან ხსნარებში აკრძალულია. ციანოვან ხსნარებთან (პულპასთან) მუშაობა ნებადართულია მხოლოდ რეზინის ხელთათმანებით.
19. გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად დაციანების განყოფილების ყველა საფეხურზე უნდა მოეწყოს პროფილაქტიკური პუნქტი. პუნქტები უნდა განლაგდეს ყველა სამუშაო ბაქანზე ისეთნაირად, რომ მანძილი მათგან ნებისმიერ ციანშემცველ მოწყობილობამდე არ უნდა აღემატებოდეს 25 მ-ს. პუნქტებთან მისასვლელები უნდა იყოს განათებული, ადვილად მისადგომი, არ უნდა იყოს გადატვირთული მოწყობილობით და კომუნიკაციებით.
20. პროფილაქტიკური პუნქტი აღჭურვილი უნდა იყოს პირველი დახმარების აფთიაქით, რომელშიც უნდა იყოს შხამის საწინააღმდეგო ნაკრები, მათი გამოყენების ინსტრუქცია, სხვა მედიკამენტები და სახვევი საშუალებები.
21. პროფილაქტიკურ პუნქტებთან მიყვანილ უნდა იქნეს ცივი და ცხელი წყალი, რომელიც შემრევით მიეწოდება იატაკიდან 2 მ სიმაღლეზე დაყენებულ ხარჯვის მილყელს. ხარჯვის მილყელზე გამშხეფების დაყენება დაუშვებელი