1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილზე მავნე ფაქტორების დონეების ფაქტობრივი მნიშვნელობები ოპტიმალური ან დასაშვები სიდიდეების საზღვრებშია, ამ სამუშაო ადგილზე შრომის პირობები პასუხობს ჰიგიენურ მოთხოვნებს და შესაბამისად მიეკუთვნება 1 ან 2 კლასს; თუკი თუნდაც ერთი ფაქტორის დონე აღემატება დასაშვებ სიდიდეს, ამ შემთხვევაში ასეთ სამუშაო ადგილზე შრომის პირობები, გადამეტების სიდიდის მიხედვით და წინამდებარე სანიტარიული წესების შესაბამისად, როგორც ცალკეული ფაქტორით, ასევე მათი შერწყმით შეიძლება მიეკუთვნოს მე-3 კლასის (მავნე) 1–4 ხარისხის ან მე-4 კლასის (საშიშ) შრომის პირობებს.
2. შრომის პირობების კლასის დასადგენად ზდკ-ის და ზდდ-ის გადამეტება შეიძლება იყოს დარეგისტრირებული ერთი ცვლის განმავლობაში, თუ ის ტიპურია მოცემული ტექნოლოგიური პროცესისათვის. დასაქმებულზე მავნე ფაქტორის (ტიპურის მოცემული ტექნოლოგიური პროცესისათვის, ან არატიპურის და დასაქმებულის ფუნქციური მოვალეობებისათვის შეუსაბამისის) ეპიზოდური (კვირის, თვის განმავლობაში) ზემოქმედებისას მისი აღრიცხვა და შრომის პირობების შეფასება ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტის მიერ.
3. შრომის პირობების შეფასება საწარმოო ფაქტორების კომბინირებული და შერწყმული მოქმედების გათვალისწინებით წარმოებს შემდეგნაირად: გაზომვების შედეგების საფუძველზე აფასებენ შრომის პირობებს ცალკეული ფაქტორისათვის, წინამდებარე დოკუმენტის მუხლების 3-12 შესაბამისად, სადაც გათვალისწინებულია ქიმიური ნივთიერებების, ბიოლოგიური ფაქტორების, ელექტრომაგნიტური გამოსხივების სხვადასხვა სიხშირის დიაპაზონის შეჯამებისა და პოტენცირების ეფექტი.
4. საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის მავნე ფაქტორების შეფასების შედეგები შეაქვთ მე-13 ცხრილში შრომის პირობების საერთო შეფასება მავნეობისა და საშიშროების მიხედვით დგინდება:
ა) მავნეობის ყველაზე უფრო მაღალი კლასისა და ხარისხის მიხედვით;
ბ) 3.1 კლასს მიკუთვნებული 3 და მეტი ფაქტორის შერწყმული მოქმედების შემთხვევაში შრომის პირობების საერთო შეფასება შეესაბამება 3.2 კლასს;
გ) 3.2, 3.3, 3.4 კლასების 2 და მეტი ფაქტორის შერწყმის შემთხვევაში შრომის პირობები შეფასდება შესაბამისად ერთი ხარისხით მაღლა.
5. მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მუშაობისას, რადიაციული ფაქტორის პარამეტრების კონტროლს და შეფასებას ატარებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 26 მარტის №132/ნ ბრძანების „საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დამტკიცების შესახებ“ (რუნ–2000-ის) შესაბამისად. წლიური დოზის ზღვარის და შრომის პირობების მაკონტროლებელი სხვა პარამეტრების დაცვის შემთხვევაში შრომის პირობებს მოცემულ სამუშაო ადგილზე აფასებენ როგორც დასაშვებს. მათი გადამეტების შემთხვევაში ამ ფაქტორის შესაბამისად შრომის პირობების მავნეობისა და საშიშროების შეფასება ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტის მიერ.
6. მავნე ფაქტორებთან კონტაქტის დროის შემცირების შემთხვევაში (დროით დაცვა), დასაქმებულთა ჯანმრთელობის სამედიცინო-სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე, შრომის პირობები რიგ შემთხვევაში შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც ნაკლებად მავნე, მაგრამ არა 3.1 კლასზე დაბალი.
7. ჰიგიენური ნორმატივების გადამეტების პირობებში მუშაობა უნდა ხორციელდებოდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით, ადმინისტრაციული კონტროლით მათ გამოყენებაზე (ტექნოლოგიურ რეგლამენტში ჩართვა, შინაგანაწესში მათი გამოყენებისათვის წახალისების, ან დამრღვევთა ადმინისტრაციული დასჯის ზომების ჩართვა). ეფექტური (შესაბამისობის სერტიფიკატის მქონე) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება ამცირებს ჯანმრთელობის დაზიანების პროფესიული რისკის დონეს, მაგრამ არ ცვლის დასაქმებულის შრომის პირობების კლასს.
ზოგადი მეთოდური მითითებე