1. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი უნდა ფლობდეს ამ თავში მოცემულ საგნის სწავლების მეთოდებს.
2. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ფლობს საგნის სწავლების მეთოდებს და შეუძლია:
ა) შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით;
ა.ა) ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით დაისახოს საგაკვეთილო მიზნად ისეთი შემეცნებითი უნარების განვითარება, როგორებიცაა: აზროვნება, სივრცითი და დროითი მიმართებების დაუფლება, ფანტაზია;
ა.ბ) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს მოსწავლეებში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, როგორებიცაა: თვითგამოხატვა, ქცევის შეფასება და თანამშრომლობა;
ა.გ) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს მოსწავლისთვის ისეთი ფიზიკური უნარების განვითარება, როგორებიცაა: ნატიფი მოტორიკა, სხეულის ფლობა/კოორდინაცია;
ა.დ) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარების განვითარება; წერისა და კითხვის სტრატეგიების დაუფლება; ზეპირი მეტყველებისა და მოსმენის უნარების განვითარება;
ა.ე) ისეთი აქტივობების შერჩევა, რომლებიც შეესაბამება დასახულ მიზანს და ითვალისწინებს უმცროსი სასკოლო ასაკის თავისებურებებს;
ა.ვ) აქტივობის ისე შერჩევა, რომ მოსწავლემ შეძლოს ცნებებისა და მიმართებების ათვისება მანიპულირების საშუალებით (კეთებით სწავლა – პრობლემის გადაჭრა, კანონზომიერების აღმოჩენა);
ა.ზ) მოსწავლის სწავლის სტილის გათვალისწინება და სწავლების შესაბამისი სტრატეგიის შერჩევა;
ა.თ) რესურსების ისე შერჩევა, რომ მოსწავლემ შეძლოს მიწოდებული ცნებებისა და მიმართებების თვალსაჩინოების საშუალებით აღქმა;
ა.ი) აზროვნების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მოსწავლეებისათვის საინტერესო, ხატოვანი, ემოციური, გასაგები და მრავალფეროვანი სასწავლო მასალის შერჩევა, რაც გაააქტიურებს მოსწავლეთა ყურადღებასა და სწავლის სურვილს;
ა.კ) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა;
ა.ლ) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით საგაკვეთილო (მოკლევადიანი) მიზნების განსაზღვრა;
ა.მ) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მოსწავლეთა ძლიერი მხარეების გათვალისწინება და შემდგომში მათი გამოყენება ზრდისა და განვითარების საფუძვლად;
ა.ნ) მოსწავლეთა დიფერენციაციის სტრატეგიების გამოყენება შესაბამისი სავარჯიშოების, აქტივობებისა და ჯგუფური სამუშაოების შერჩევისას;
ა.ო) სასწავლო მიზნების შერჩევისას მოსწავლეთა შესაძლებლობების, საჭიროებების, რეაქციების გათვალისწინება და სათანადო სტრატეგიების შერჩევით მოსწავლეთა უნარების განვითარების ხელშეწყობა;
ა.პ) სხვადასხვა ნიჭის გამოვლენა და სათანადო სტრატეგიების დაგეგმვა თითოეულის განსავითარებლად;
ა.ჟ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის განსაკუთრებული პროგრამის შედგენა სპეციალისტის დახმარებით;
ა.რ) სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა;
ა.ს) საგაკვეთილო მიზნების მისაღწევად შესაბამისი აქტივობებისა და რესურსების შერჩევა;
ა.ტ) სასწავლო აქტივობების დაგეგმვისას არაქართულენოვანი მოსწავლეების საჭიროებების და შესაძლებლობების გათვალისწინება, ქართულის მასწავლებელთან თანამშრომლობა.
ბ) მასწავლებელს შეუძლია შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით:
ბ.ა) აქტივობების წარმართვისას უმცროსი სასკოლო ასაკის თავისებურებების გათვალისწინება, მოსწავლეთათვის ხელშეწყობა ახალი სოციალური როლის მისაღებად;
ბ.ბ) საგაკვეთილო პროცესის იმგვარად წარმართვა, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებას, მათ სოციალიზაციას და ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას;
ბ.გ) სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება, რომლებიც გააიოლებს მოსწავლეთა სასკოლო გარემოსთან და რეჟიმთან ადაპტაციას, წესის დაცვის ჩვევის გამომუშავებას;
ბ.დ) სხვადასხვა აქტივობის დროს ისეთი პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობას;
ბ.ე) გაკვეთილის წარმართვისას მოსწავლეების ოჯახური, სოციალური, ფიზიკური და კულტურული განსხვავებულობის გათვალისწინება და კორექტულად მოქმედება;
ბ.ვ) საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას, მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით, მოსწავლის ინტერესის აღძვრა სასწავლო პროცესისადმი და ამ ინტერესის შენარჩუნება;
ბ.ზ) აქტივობების წარმართვისას უმცროსი სასკოლო ასაკის თავისებურებების გათვალისწინება, მოსწავლეთა ნებელობითი ქცევის უნარის განვითარებისთვის ხელშეწყობა;
ბ.თ) მოსწავლეებში კლასის, სკოლისა და სხვა წესების დაცვის უნარის გამომუშავება. წესების მარტივი ენითა და პოზიტიური ფორმით ჩამოყალიბება, მოსწავლეთა ქცევის თანმიმდევრული კონტროლი;
ბ.ი) სასწავლო მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობების ინსტრუქციის მკაფიოდ და გასაგები ენით ჩამოყალიბება;
ბ.კ) ინსტუქციის მიცემის დროს არაქართულენოვანი მოსწავლეების დახმარების მიზნით, პარალელურად ვერბალური და არავერბალური ხერხების გამოყენება (ლოგო, ილუსტრაცია, პირობითი ნიშნები, ჟესტები, ინტონაცია და ა.შ.);
ბ.ლ) აქტივობის მიმდინარეობის ეტაპების გამოყოფა და განხორციელების გაკონტროლება – აღრიცხვა, დასრულების ფაზის გამოკვეთა, რათა მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს საქმის ბოლომდე მიყვანის და გეგმის მიხედვით მოქმედების ჩვევა;
ბ.მ) მოსწავლეებში დაგეგმვის უნარის განვითარება მარტივი ამოცანების დასახვითა და გადაჭრის გზების ერთობლივი ძიებით;
ბ.ნ) ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას, მისცემს თვითგამოხატვისა და არჩევანის გაკეთების საშუალებას;
ბ.ო) აქტივობების წარმართვისას უმცროსი სასკოლო ასაკის თავისებურებების გათვალისწინება, ხელშეწყობა მოსწავლეებში რეფლექსიის უნარის განვითარებისთვის;
ბ.პ) მოსწავლის გამოცდილების გათვალისწინება და მისთვის ხელის შეწყობა ამ გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების თანდათანობით აგებაში;
ბ.ჟ) სწავლებისას საგნის სპეციფიკური ტერმინების მიწოდება მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით (ტემპი, რაოდენობა), რათა ხელი შეეწყოს ლექსიკური მარაგის ეტაპობრივ და თანმიმდევრულ გამდიდრებას;
ბ.რ) მოსწავლეთა ყურადღების მიმართვა საკუთარ სასწავლო პროცესებზე იმისათვის, რომ შეძლონ ამოცანის გადაწყვეტის ხერხების გააზრება.
გ) მასწავლებელს შეუძლია შეფასების მრავალფეროვანი ხერხების გამოყენება შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად:
გ.ა) თითოეული მოსწავლის ნამუშევრების ანალიზის საფუძველზე ასაკისთვის დამახასიათებელი ტიპური შეცდომების ამოცნობა და, შესაბამისად, მომავალი სამუშაოს დაგეგმვა;
გ.ბ) მოსწავლის მიერ საკუთარი ნამუშევრის შეფასების გამოყენება მოსწავლის სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად და სწავლის უნარ-ჩვევების განსავითარებლად;
გ.გ) კორექტული შეფასების მეშვეობით მოსწავლისთვის საკუთარი შეცდომის აღმოჩენის, ადეკვატური დამოკიდებულების და კორექტირების უნარის განვითარება და ჩამოყალიბება (იცოდეს, რომ შეცდომის დაშვების უფლება ყველა ადამიანს აქვს და მათი გამოსწორება შესაძლებელია დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით; ამასთან, შეცდომა ბიძგს აძლევს ძიებას, პრობლემის გადაჭრის ახალი გზების აღმოჩენას);
გ.დ) შეფასების მეშვეობით მოსწავლისთვის წარმატების გრძნობის გაღვივება და ხელშეწყობა პოზიტიური პიროვნული თვითშეფასების ჩამოყალიბებაში;
გ.ე) გარკვეული სასწავლო ეტაპის (ტრიმესტრი) შეფასებისას თითოეული მოსწავლის დახასიათების დაწერა, კორექტული და პოზიტიური კომენტარებისა და რეკომენდაციების გამოყენებით;
გ.ვ) მრავალჯერადი შეფასების შედეგების გაანალიზების საფუძველზე მოსწავლის პროგრესის/რეგრესის გამომწვევი მიზეზების დადგენა და შემდგომი სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მათი გათვალისწინება;
გ.ზ) განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ერთმანეთისგან ფუნქციურად გამიჯვნა და თითოეულის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება;
გ.თ) საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, დავალებებისა და აქტივობების შეფასების სათანადო კრიტერიუმების შემუშავება, მათი წონის განსაზღვრა და დონეების გამოყოფა;
გ.ი) შეფასება მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად;
გ.კ) დაკვირვების საფუძველზე იმ შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც უნდა მოხდეს სპეციალისტის ჩარევა (ფსიქოლოგი, ლოგოპედი, ფსიქიატრი);
გ.ლ) არაქართულენოვანი მოსწავლეების შეფასებისას კომუნიკაციური უნარის გავითარების ხელშეწყობისათვის, ზეპირმეტყველებაში ისეთი შეცდომების გასწორება, რომელიც აფერხებს კომუნიკაციას.
თავი XIII
საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტ
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 05.04.2023
მუხლი 29. სწავლების მეთოდები
თავი XII — დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. დაწყებითი საფეხურის ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 24. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ფიზიკურ აღზრდაში
- მუხლი 25. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
- მუხლი 26. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
- მუხლი 27. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მუსიკაში
- მუხლი 28. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მუსიკაში
- მუხლი 30. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 31. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
- მუხლი 32. სწავლების მეთოდები
- მუხლი 33. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 34. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 29, №1014, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80548/muxli-29/