1. აფეთქების ადგილებზე შეტანილი ფეთქებადი ნივთიერებები, გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატურა ინახება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. თუ ფეთქებადი ნივთიერებები, გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატურა ინახება დასამუხტ სახელოსნოში (პერფორატორული სადგურის ლაბორატორიაში), იგი უნდა განლაგდეს ჭაბურღილის პირიდან არანაკლებ 20 მეტრის მოშორებით.
2. აკრძალულია ქარხნული წესით დამზადებული ფეთქებადი ნივთიერებების მუხტების, გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატურის სამუშაო ადგილებზე დაშლა.
3. გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატურის აღჭურვა და დამუხტვა ხორციელდება მათი გამოყენების ინსტრუქციების შესაბამისად:
ა) გადასაადგილებელ დასამუხტ სახელოსნოებში, პერფორატორული სადგურების ლაბორატორიებში;
ბ) სპეციალურად მოწყობილ ნაგებობებში (ჯიხური და სხვ.), რომლებიც ჭაბურღილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 20 მეტრით;
გ) ღია მოედნებზე, რომლებიც მომზადებულია ნებისმიერ ამინდში სამუშაოდ.
4. საამფეთქებლო ვაზნები, ელექტროდეტონატორები, ელექტროსაალებლები, დამუხტული გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატურა სატრანსპორტო საშუალებებზე ისე უნდა იყოს მოთავსებული, რომ გამოირიცხოს მათი სადენების შეხება ლითონის საგნებთან და ნაგებობებთან.
5. გასაგანიერებელი აპარატებისათვის განკუთვნილი ელექტროსაალებლები მოწმდება ქსელის მთლიანობასა და ხიდების ელექტრულ წინააღმდეგობაზე:
ა) აპარატში მოთავსებამდე;
ბ) აპარატში მოთავსების შემდეგ;
გ) ჭაბურღილში, აფეთქების წინ.
6. ჭაბურღილების ტორპედირებისათვის გამოიყენება საქარხნო დამზადების ტორპედოები. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია გამოყენებულ იქნეს სათანადო წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით ადგილზე დამზადებული ტორპედოები.
7. ტორპედოები იმუხტება ჭაბურღილში მოსამზადებელი სამუშაოების დამთავრების და მათი შაბლონით გამოცდის შემდეგ.
8. 10 კგ-ზე მეტი მასის დამუხტული გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატების ხელით გადატანისას აუცილებელია გამოყენებულ იქნეს სპეციალური სამარჯვები.
9. გასაგანიერებელ და საამფეთქებლო აპარატებში ინიციირების საშუალებები თავსდება ჭაბურღილში აპარატის ჩაშვების წინ, უშუალოდ ჭაბურღილის პირთან. გასაგანიერებელ და საამფეთქებლო აპარატებში მაინიციირებელი საშუალებების მოთავსება დასაშვებია პერფორატორული სადგურების ლაბორატორიებში (გადასაადგილებელ სამუხტავ სახელოსნოებში). ასეთ შემთხვევაში აუცილებელია აპარატის შემთხვევითი აფეთქების საწინააღმდეგო მაბლოკირებელი მოწყობილობის გამოყენება.
10. აკრძალულია გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატების ჭაბურღილებში ჩაშვება ჭაბურღი-ლის წინასწარი დაშაბლონების გარეშე. ამავე დროს, აუცილებელია საბურღი ხსნარის ჰიდროსტატიკური წნევის და ტემპერატურის წინასწარი გაზომვა.
11. ჭაბურღილებში გასაგანიერებელი და საამფეთქებლო სამუშაოების ჩატარება აკრძალულია შემდეგ პირობებში:
ა) ქარბუქის, ჭექა-ქუხილის და ძლიერი ნისლის (50 მეტრზე ნაკლები ხილვადობისას) დროს;
ბ) ხსნარების დამაგაზიანებელ და შთამნთქმელ მშრალ ჭაბურღილებში მექანიკური საზეთურების გამოყენების გარეშე.
12. გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატების ჩაშვება და ამოტანა ხორციელდება ელექტროსაამფეთქებლო მაგისტრალის სადენების ბოლოების სრული იზოლაციის შემდეგ.
13. 50 კგ-ზე მეტი მასის ან 2 მეტრზე მეტი სიგრძის მქონე გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატები ჭაურის პირიდან უნდა აიწიოს და ჩაეშვას ამწე მექანიზმების საშუალებით.
14. თუ გასაგანიერებელი ან საამფეთქებლო აპარატი ვერ ჩაეშვა აფეთქებისათვის განსაზღვრულ დონემდე, ის ამოღებულ უნდა იქნეს ჭაბურღილიდან. აპარატების ამოღებისას, ჭაბურღილის პირთან ყოფნის უფლება აქვს მხოლოდ საამფეთქებლო სამუშაოების შემსრულებლებს და ამწე მექანიზმებზე მომუშავე პერსონალს.
15. გამოუყენებელი, გასაგანიერებელი და საამფეთქებლო აპარატები ბრუნდება დასამუხტ სახელოსნოში.
16. საზღვაო ჭაბურღილებში გასაგანიერებელ-საამფეთქებლო სამუშაოები ხორციელდება ამინდის საიმედო პროგნოზის შემდეგ.
17. ქარის სიჩქარისა და ზღვის ღელვის პარამეტრები განისაზღვრება საბურღი დანადგარებისა და მომუშავე პერსონალის, ასაფეთქებელი მასალების და საკაროტაჟეპერფორატორული სადგურების, გადასატანი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად. ღელვის შესახებ გაფრთხილებისთანავე ჭაბურღილში ჩაშვებული გასაგანიერებელი (საამფეთქებლო) აპარატები დაუყოვნებლივ ფეთქდება, მიუხედავად იმისა, თუ რა დონეზე იყო ჩაშვებული ამ პერიოდისათვის