სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი თანამდებობის შესაბამისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები;
დ) მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში არსებული წესით;
ე) დაწინაურდეს არსებული წესით სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე და შესაბამისად გაეზარდოს თანამდებობრივი განაკვეთი;
ვ) გაეცნოს მის პირად საქმეს, ასევე იმ საბუთებს, რომლებიც შეიტანება მის პირად საქმეში;
ზ) სამსახურის ხარჯზე გაიაროს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლებები;
თ) მიიღოს საპენსიო უზრუნველყოფა დადგენილი წესით;
ი) გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) მოითხოვოს სამსახურებრივი შემოწმება თავისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების ბათილობის მიზნით;
ლ) გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებანი, თუ იგი თვლის, რომ ამით იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ილახება ღირსება;
მ) ძირითად საქმიანობას შეუთავსონ პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულთა თავიდან ასაცილებლად, გამოსავლენად და აღსაკვეთად;
ო) კომპეტენციის ფარგლებში კანონით დადგენილი წესით აწარმოოს წინასწარი გამოძიება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე;
პ) პიროვნების დადგენის მიზნით შეამოწმოს პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთები, თუ არსებობს ეჭვის საკმარისი საფუძველი იმაზე, რომ პირის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (გადაცდომა);
ჟ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია სამთავრობო დაწესებულებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით დადგენილია ინფორმაციის მიღების სხვა წესი;
რ) კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა ნებაყოფლობითი კონფიდენციალური დახმარება, დაამყაროს მათთან ღია ან ფარული ურთიერთობები;
ს) სისხლის სამართლის საქმის ან ადმინისტრაციული გადაცდომის მასალებთან დაკავშირებით სამსახურში გამოიძახოს მოქალაქე, ჩამოართვას ახნა-განმარტება, მოსთხოვოს ცნობები და დოკუმენტები; კანონით დადგენილი წესით იძულებით წარადგინოს სამსახურში მოქალაქე, თუ იგი არასაპატიო მიზეზით თავს არიდებს გამოცხადებას;
ტ) დადგენილი წესით ჩაატაროს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება;
უ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისას დანაშაულის შესახებ საკმარისი საფუძვლის არსებობისას ჩაატაროს მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება;
ფ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულის ან სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სამსახურის უფროსის ბრძანებით, დასახლებულ პუნქტებში, საგზაო მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში შეიძლება მოეწყოს შემოწმების პროცედურები. ამ დროს სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება (გარდა საქართველოს სისხლის სამართალის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იმუნიტეტის მქონე პირებისა, დიპლომატიური, საკონსულო და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისა), მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირის და სატრანსპორტო საშუალებების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ქ) თუ დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯამრთელობასა და სიცოცხლეს, დაუბრკოლებლად შევიდეს (საჭირო ტექნიკური საშუალებების გამოყენებით) საცხოვრებელ ბინებში და მოქალაქეთა კუთვნილ სათავსებში, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში (დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულოების და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შენობა-ნაგებობებათა გარდა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით) დანაშაულის აღსაკვეთად ან/და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში სისხლის სამართალის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ღ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით