1. სამსახურის თანმშრომელი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
გ) დროულად და კეთილსინდისიერად აღასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონდებლობით, შრომითი ხელშეკრულებითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ფუნქციონალური მოვალეობებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განუხრელად შეასრულოს სამსახურის ხელმძღვანელობის (ასევე პირადი უფროსის) ბრძანებები და დავალებები, გარდა ისეთისა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს მოქალაქეთა და ორგანიზაციათა მომართვები და მოთხოვნები;
ვ) დაიცვას სამსახურში დაწესებული შინაგანაწესის მოთხოვნები, სამსახურებრივ ინფორმაციასთან დამოკიდებულების წესები და თანამდებობრივი ინსტრუქციები;
ზ) შეინარჩუნოს და აამაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;
თ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებასთან დაკავშირებით;
ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს დანაშაული;
კ) კომპეტანციის ფარგლებში დაადგინოს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები და პირობები, უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით აწარმოოს წინასწარი გამოძიება;
მ) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს ინფორმაციები იმ დანაშაულზე, რომელთა შესახებ საქმის წარმოება სამსახურის კომპეტენციას განეკუთნება, აწარმოოს ასეთ დანაშაულთა ჩამდენი პირების აღრიცხვა; დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესახებ შემოსულ განცხადებებსა და შეტყობინებებზე;
ნ) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, კანონით დადგენილი წესით განიხილოს და გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ;
ო) უზრუნველყოს სამსახურის დაქვემდებარებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაკავებული პირის დაცვა და ბადრაგირება;
პ) განახორციელოს გადაუდებელი ღონისძიებები ქონების დასაცავად.
2. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია სპეციალური მოთხოვნის გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეხება საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს.
3. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს უშუალო უფროსის ან სამსახურის სხვა ხემძღვანელი პირების ერთჯერადი დავალება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს (გარდა ამ წესის 30-ე მუხლისა). სამსახურის უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მის უშუალო უფროსს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მოითხოვს სამსახურის უფროსი.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული წინააღმდეგობა სამსახურის თანამშრომლის მიერ თავის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში, იგი ვალდებულია ეს მოახსენოს დავალების გამცემს და დავალების წერილობით განმეორების შემთხვევაში აღასრულოს იგი