სამსახურის თანმშრომელს უფლება არ აქვს:
ა) ეკავოს ან შეთავსებით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან სხვა შემოქმედებითი საქმიანობისა;
ბ) იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას;
დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე დაწესებულების მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით (გარდა ოფიციალურად დადგენილი შრომითი ანაზღაურებისა);
ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღოს ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან საჩუქრები, ფულადი ან სხვა ქონებრივი სიკეთე, გართობის, დასვენების, სატრანსპორტო (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით) ან სხვაგვარი მომსახურება;
ვ) გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პოლიტიკური პარტიების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროპაგანდის ან ინტერესების განხორციელებისათვის;
ზ) გაავრცელოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისთვის ცნობილი სახელმწიფო, კომერციული, თუ საგადასახადო საიდუმლოება, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
თ) იყოს მეწარმე სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი;
ი) როგორც სამსახურის თანამშრომელმა, დადოს ქონებრივი გარიგება მისთვის მინდობილი ქონების შეძენაზე, თავისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან ან სხვა დაწესებულებასთან, ოჯახის წევრებთან ან ახლო ნათესავებთან (ამ პუნქტით დადებული გარიგება ბათილია);
კ) დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებზე, რომელთა საქმიანობაში მონაწილეობენ მისი ოჯახის წევრები;
ლ) უარი განაცხადოს სამსახურის ხელმძღვანელი პირის მიერ დაკისრებული დავალების შესრულებაზე, გარდა ამ წესის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა