„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.05.2016
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/486/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 99 ✗ 1
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქოების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქოების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე შესახებ“ საქართველოს კანონში (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, 47-ე მუხლისა და VI თავის მოქმედება ვრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენცია მათ უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს.“ 2. მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) თავშესაფრის მაძიებელი და საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები;“ 3. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა;“ 4. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის მფლობელი უცხოელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების მთელ პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოდის.“ 5. 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უცხოელის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან, უცხოელის დაკავების, დაპატიმრების ან თავისუფლების აღკვეთის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებზე.“ 6. 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უარი ეთქვა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ან საერთაშორისო დაცვის მიღებაზე;“ 7. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-5 პუნქტი: „5. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენისას პირს წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვაზე ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვის უფლება.“ 8. 57-ე მუხლის : ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება აღსრულდება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ უფლებამოსილი ორგანო ვერ აღასრულებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ გასაძევებელი პირი მიმალულია, ან თავშესაფრის მაძიებელია, ან არსებობს სხვა გარემოება, რომლის გამოც ვერ ხდება გადაწყვეტილების აღსრულება, გარდა ამ კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლა ჩერდება აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრამდე.“ 9. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ შეიძლება იყოს დაბრუნებული ან გაძევებული საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმ ქვეყანაში, სადაც ის იქნება წამების, ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, ან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის ქვეშ.“ 10. 64-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;“ ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვემდე ვადით. ამ მუხლის მე-2 ან მე-61 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვემდე ვადით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე. ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს. გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს 61 და 62 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავდეს და მოთავსდეს დროებით განთავსების ცენტრში მხოლოდ შემდეგი გარემოებების არსებობის შემთხვევაში: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ უცხოელმა თავშესაფარი მოითხოვა საქართველოდან მისი გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით; ბ) იგი არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას; გ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები; 62. დროებით განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის რეგისტრაციის მომენტიდან თუ არსებობს ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, არაუგვიანეს 48 საათისა იგი წარედგინება სასამართლოს დროებითი განთავსების ცენტრში მისი მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უცხოელთა და მოქალაქოების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განაპირობა „უცხოელთა და მოქალაქოების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობამ. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ თავშესაფრის მაძიებელს წარმოადგენს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართ სამინისტროს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული ან რომლის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში. ამავე კანონის პროექტის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვას წარმოადგენს თავშესაფრის პროცედურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო დაცვის მქონე პირი არის ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. აღნიშნულის გათვალისწინებით „უცხოელთა და მოქალაქოების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაში არის მოსაყვანი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ამასთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული გარკვეული რეგულაციები საჭიროებს გადახედვას და დახვეწას. 2014 წლის 1 სექტემბრის შემდეგ არსებულმა პრაქტიკამ გამოავლინა ის უზუსტობები და ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს სამართლებრივ დახვეწას. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ მოქმედი კანონი არ იცნობს და სამართლებრივი რეგულაციის გარეშე ტოვებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი იმ უცხოელის დაკავების და დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების პროცედურას, რომელმაც მოითხოვა თავშესაფარი. სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო „უცხოელთა და მოქალაქოების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. ეს კანონპროექტი გამომდინარეობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან და წარმოადგენს მის თანმდევ კანონპროექტს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „უცხოელთა და მოქალაქოების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ: „უცხოელთა და მოქალაქოების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემული ტერმინი „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი“ იცვლება ტერმინით „საერთაშორისო დაცვის მქონე პირი“. გარდა აღნიშნულისა წარმოდგენილი კანონის პროექტი მიზნად ისახავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, საქართველოში მყოფი უცხოელების საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვას და მათი უფლებებისა და ვალდებულებების როგორც განმსაზღვრელი ასევე კანონიერად შემზღუდველი ნორმების კონკრეტიზაციას. აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს საქართველოში მიგრაციული პროცესების ეფექტურ და ქმედით მართვას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „უცხოელთა და მოქალაქოების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ტერმინი „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი“ იცვლება ტერმინით „საერთაშორისო დაცვის მქონე პირი“. ამასთან, 52-ე მუხლს მე-5 პუნქტის სახით ემატება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტიდან გამომდინარე ვალდებულება, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენისას პირს წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვაზე ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვის უფლება. კანონპროეტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს: „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული გარკვეული რეგულაციების გადახედვისა და დახვეწის აუცილებლობიდან გამომდინარე, კანონის პროექტის მიხედვით შესაბამისი ცვლილება შედის შემდეგ მუხლებში: კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სასამართლოს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ვადებს, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან დაუყოვნებლივ, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდება 10 კალენდარული დღის ვადაში ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვის დღიდან. არსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება დაკავშირებულია ფინანსურ საკითხებთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან, რომლებზეც ამ პროცესში უნდა გამახვილდეს ყურადღება. ამავე კანონის 62-ე მუხლის თანახმად უცხოელის გაძევებასტან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება უცხოელს ან მის მომწვევ პირს. შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიმართოს გასაძევებელ ან მის მომწვევ პირს აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში თუ მითითებული პირები უარს აცხადებენ ანაზღაურებაზე - ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. გაძევების შესახებ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანო, აგრეთვე ვალდებულია გამოარკვიოს არსებობს თუ არა უცხოელის ესკორტით გაძევების საფუძველი და აღნიშნულის შესახებ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს იმას, რომ შეუძლებელია ყველა ამ პროცედურის განხორციელება იმ მოკლე ვადებში, რასაც დღეს მოქმედი კანონი ადგენს. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სასამართლოს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ვადად განისაზღვროს 15 სამუშაო დღე საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვის დღიდან. 57-ე მუხლის მე-3 ნაწილი განმარტავს, რომ თუ უფლებამოსილი ორგანო ვერ აღასრულებს უცხოელის საქართველოდან გაძევების ტაობაზე გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ გასაძევებელი პირი მიმალულია, იძულებით აღსრულების ვადის ათვლა ჩერდება ამ საფუძვლის აღმოფხვრამდე. მიზანშეწონილია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდეს აგრეთვე იმ დროს, როდესაც უცხოელი არის თავშესაფრის მაძიებელი, ვინაიდან ამ პერიოდში მისი საქართველოდან გაძევება დაუშვებელია. აგრეთვე უცხოელის ინტერესების გათვალისწინებით შესაძლებელია არსებობდეს სხვა გარემოება, რომელიც ხელს შეუშლის გადაწყვეტილების გაძევების აღსრულებას. 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ უცხოელი შეიძლება დაკავდეს და მოთავსდეს დროებით განთავსების ცენტრში თუ იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. აღნიშნული ჩანაწერი ბუნდოვანია და ქმნის უცხოელის უფლებების შეზღუდვის საფრთხეს, ვინაიდან რთულია ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს როგორც საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველი. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია უცხოელის დაკავება მაშინ როდესაც იგი საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. ამ შემთხვევაში სახეზე გვექნება პირის დასრულებული ან განგრძობითი ქმედება, რაც უფლებამოსილ პირს მისცემს საშუალებას მიიღოს კანონიერი და უტყუარი გადაწყვეტილება. 64-ე მუხლის მე-5 პუნქტის ახალი ფორმულირებით განსხვავებული რეგულაციების დაწესების ინიციატივა განპირობებულია საქართველოში მიგრაციული პროცესების უფექტური მართვისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაკისრებული უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელებისვის. უცხოელი, რომელიც კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება საქართველოში, შესაძლებელია ქვეყნიდან გაძევების მიზნით მოთავსდეს დროებითი განტავსების ცენტრში. ცენტრში მოთავსება არის უკიდურესი ზომა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში და მხოლოდ კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას. უცხოელის საქართველოდან გაძევების პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებსა და ძალისხმევას მოითხოვს, რაზეც ასევე მეტყველებს უცხოური პრაქტიკა და გამოცდილება. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭიროა მისი იდენტიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საქართველოს კომპეტენტურ სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან აქტიური და ხანგრძლივი ურთიერთობა. არსებობს საფრთხე, რომ ხშირ შემთხვევებში იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, რომლის მოქალაქეებიც არიან ცენტრში განთავსებული უცხოელები არ მოახდენენ სწრაფ და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რაც ასევე ნათელია იმ უცხოური ქვეყნების მაგალითზე, რომელთაც დიდი ხნის გამოცდილება აქვთ თავიანთ ქვეყანაში მიგრაციული პროცესების მართვასა და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით. ხანგრძლივ პროცედურას წარმოადგენს უცხოელის გაძევებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, კერძოდ კი უცხოელის მოქალაქეობის ქვეყანა ვალდებულია საქართველოს მხარეს მოაწოდოს გასაძევებელი უცხოელის სამგზავრო დოკუმენტი, ხოლო არმოწოდების შემთხვევაში მიმღები ქვეყანა ვალდებულია ცნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტი, რაც ასევე ხანგრძლივ პროცესთან არის დაკავშირებული. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ხშირ შემთხვევაში უცხოელი, რომელსაც არ სურს თავის ქვეყანაში დაბრუნება ითხოვს თავშესაფარს იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს საქართველოდან მისი გაძევების პროცედურებს. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ხშირად უცხოელი ბოროტად სარგებლობს წარმოებისთვის დადგენილი ხანგრძლივი ვადებით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 6 თვეზე მეტი ვადით და ამით თავს არიდებს საქართველოდან მისი გაძევების პროცედურებს. აღსანიშნავი და ყურადსაღებია ევროპის მოწინავე ქვეყნების კანონმდებლობა და პრაქტიკა უცხოელების დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადებთან დაკავშირებითაც. მაგალითად: ევროკავშირის 2008/115 დირექტივის შესაბამისად, გაძევების მიზნით პირის დაკავება შეიძლება განხორციელდეს 6 თვის ვადით, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში აღნიშნული ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 12 თვით, რაც ჯამში 18 თვეს შეადგენს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, წევრი ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს 6 თვიანი დაკავების ვადის გახანგრძლივებასაც. კერძოდ, გერმანია 18 თვე, ბულგარეთი - 12 თვე, პოლონეთი - 12 თვე, სლოვენია - 12 თვე, ავსტრია - 10 თვე, ჩეხეთი - 6 თვე, უნგრეთი - 6 თვე, იტალია - 6 თვე და სლოვაკეთი - 6 თვე. გარდა ამისა, წევრი ქვეყნების პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც უცხოელი დაკავებული იყო 2, 3 და 4 წელიც კი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ცვლილების განხორციელება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება უცხოელს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა გაუხანგრძლივდეს დამატებით 6 თვემდე ვადით, შესაბამისი დასაბუთებული შუამდგომლობის წარდგენის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. უცხოელს შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მოითხოვოს თავშესაფარი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ დროს უცხოელი შეიძლება იყოს საქართველოში როგორც კანონიერი საფუძვლით, ასევე კანონიერი საფუძვლის გარეშე. საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილია, რომ არ შეიძლება გაძევებულ იქნეს პირი, რომელიც თავშესაფრის მაძიებელია და არ დასრულებულა მისი საქმის განხილვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ როგორც საერთაშორისო ისე ევროპის მოწინავე ქვეყნების კანონმდებლობა იცნობს საქართველოდან გაძევების მიზნით თავშესაფრის მაძიებელი უცხოელის დაკავების პროცედურას, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თავშესაფრის მაძიებელმა კონკრეტულმა პირმა თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი წარადგინა მხოლოდ გაძევების გადავადების ან თავიდან აცილების მიზნით. ამ შემთხვევაში საერთაშორისო კანონმდებლობა იძლევა საშუალებას,რომ განიხილებოდეს დაკავების საკითხი - ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი ზომის აუცილებლობისა და პროპორციულობის დადასტურების შემთხვევაში - რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ პირთა მიმალვა მათი განაცხადის შესწავლის პერიოდში. დღეს საქართველოში მოქმედი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის მარეგულირებელი კანონმდებლობა ღიად ტოვებს და არ განსაზღვრავს სპეციალურ ნორმებს თავშესაფრის მაძიებელ პირთა საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავების სამართლებრივი ფორმებისა და საფუძვლების შესახებ, რაც რიგ შემთხვევაში შეიძლება გახდეს უცხოელის გარკვეული უფლების შეზღუდვის ან აღმასრულებელი ორგანოს მიერ მასზე დაკისრეფული მოვალეობის არაეფექტური შესრულების მიზეზი. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, 64-ე მუხლს დაემატოს თავშესაფრის მაძიებელი უცხოელის დაკავების პროცედურებისა და საფუძვლების განმსაზღვრელი, ნორმები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნება თავშესაფრის მაძიებელი უცხოელის დაკავება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში მოთავსება მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხევებში, კერძოდ: თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ უცხოელმა თავშესაფარი მოითხოვა საქართველოდან მისი გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით; თუ იგი არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას; თუ მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებიც ექცევიან წარმოადგენილი კანონპროექტის მოქმედების სფეროში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები მომზადებულია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უცხოელთა და მოქალაქოების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, სადაც წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად შედის ცვლილება მუხლი 1. კანონის მიზნები და რეგულირების სფერო 1. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ამ კანონის მიზანია: ა) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები; ბ) დაიცვას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა; გ) ხელი შეუწყოს საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ურთიერთობების განვითარებას; დ) განამტკიცოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის, აგრეთვე საქმიანობისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის უფლებები; ე) განამტკიცოს უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებთან და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობა; ვ) ხელი შეუწყოს უკანონო მიგრაციის პრევენციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, თავიდან აიცილოს სტიქიური და მოუწესრიგებელი მიგრაცია, უზრუნველყოს მიზანმიმართული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელება. 2. ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. 3. ამ კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, 47-ე მუხლისა და VI თავის მოქმედება ვრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენცია მათ უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) უცხოელი – პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი; ბ) მოქალაქეობის არმქონე პირი – პირი, რომელსაც არცერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ვიზა – დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და რომელიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის ან საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია; დ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის უფლება; ე) მოწვევა – საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების, საერთაშორისო ორგანიზაციის წერილობითი შუამდგომლობის შემცველი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი; ვ) სამგზავრო დოკუმენტი – პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის; ზ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირება – საქართველოში უცხოელის შემოსვლისას და საქართველოდან მისი გასვლისას სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლის განხორციელება; თ) ოჯახის წევრი – უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი, მშობელი, აგრეთვე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი; ი) ნათესავი – უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი; კ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი; ლ) სასაზღვრო ზონა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი; მ) თავისუფალი პროფესიის ადამიანი – გარკვეული პროფესიის პირი, რომელიც პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას; ნ) შრომითი საქმიანობა – ნებისმიერი საქმიანობა, რომლისთვისაც პირი იღებს ანაზღაურებას; ო) ტრანზიტით გავლა – საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით; პ) გადამყვანი კომპანია – ტრანსპორტის სფეროში მომუშავე იურიდიული პირი, რომელიც დაკავებულია საქართველოში მგზავრთა ჩამოყვანით და საქართველოდან მათი გაყვანით; ჟ) საქართველოში ყოფნის ვადა – საქართველოს ვიზაში ან საქართველოში ბინადრობის ნებართვაში აღნიშნული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში ყოფნის უფლება. საქართველოში ყოფნის ვადა აითვლება უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად გადმოკვეთის დღიდან; რ) თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი – „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები; ს) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა თავშესაფრის მაძიებელ, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელ, აგრეთვე ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა შეიძლება გაიცეს აგრეთვე პირებზე, რომელთა მიმართაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გაცემას; ტ) გაძევება – სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ქმედება, რომლის მიზანია ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფა. უ) კომერციული შუამავალი – იურიდიული პირი, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება აქვს მინდობილი. მუხლი 5. საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლები საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. მუხლი 10. საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან გათავისუფლება 1. უცხოელი შესაძლებელია გათავისუფლდეს საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. 2. უცხოელი, რომელსაც საქართველოში შემოსვლისათვის არ ესაჭიროება მოკლევადიანი საქართველოს ვიზა, საქართველოში შემოდის და იმყოფება არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. 3. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და საქართველოში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადით − სრული 1 წლის განმავლობაში ყოფნა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 31. უცხოელს, რომელსაც აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოსვლა იმავე დადგენილებით გათვალისწინებული ვადითა და პირობებით. 4. საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის მფლობელი უცხოელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების მთელ პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოდის. 5. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ: ა) იმ საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთენ საქართველოს აეროპორტებში შუალედური დაჯდომის გარეშე, თუ არსებობს საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა; ბ) საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადასხდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში მათი ყოფნის ვადა არ აღემატება 10 დღეს. ამასთანავე, მგზავრებს უფლება არ აქვთ, დატოვონ აეროპორტში, სადგურსა და ნავსადგურში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სატრანზიტო ტერიტორიის ფარგლები. მუხლი 41. უცხოელის უფლებების დაცვა 1. საქართველოში უცხოელს უფლება აქვს, პირადი, ქონებრივი და სხვა უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს, მიუხედავად თავისი სამართლებრივი მდგომარეობისა. 2. სამართალწარმოების დროს უცხოელი სარგებლობს ისეთივე საპროცესო უფლებებით, როგორებითაც – საქართველოს მოქალაქე. 3. უცხოელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომლის მოქალაქეც არის იგი ან რომელშიც ის მუდმივად ცხოვრობს ან რომელიც უფლებამოსილია დაიცვას მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები. 4. უცხოელის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან, უცხოელის დაკავების, დაპატიმრების ან თავისუფლების აღკვეთის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე. მუხლი 47. უცხოელის საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნები 1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან, თუკი მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და აქვს ან ჰქონდა საქართველოში ყოფნის ნებართვა. 2. საქართველოდან გასვლისას უცხოელი სასაზღვრო გამტარ პუნქტში გადის ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. 3. უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. 4. უცხოელი, რომელსაც ამოეწურა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა, ვალდებულია საქართველოდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ გადაიხადოს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უცხოელზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და მას უარი ეთქმება საქართველოში შემოსვლაზე, ვიდრე იგი არ გადაიხდის აღნიშნულ ჯარიმას. 5. უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს დატოვების შემთხვევაში უცხოელს არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით, თუ მას: ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) უარი ეთქვა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე; გ) შეუწყდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით; დ) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შემთხვევაში გაუვიდა გამოსაცდელი ვადა ან თავისუფლების აღკვეთის/ადმინისტრაციული პატიმრობის შემთხვევაში მოიხადა სასჯელი/სახდელი. მუხლი 52. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყება 1. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს – სასამართლო. 2. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა. 3. სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის არსებობის შესახებ. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო დაიწყებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას, თუ ცნობილი გახდა უცხოელის საქართველოდან გაძევების ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობა და ამ ორგანოს ექნება შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მუხლი 57. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ვადა 1. თუ უცხოელი არ დატოვებს საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მიღებული გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე იძულებით აღსრულდება. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება აღსრულდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გაძევების შესაბამისი საფუძვლით საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით გაძევებისას – საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვის შემდეგ, დაუყოვნებლივ. 3. თუ უფლებამოსილი ორგანო ვერ აღასრულებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ გასაძევებელი პირი მიმალულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლა ჩერდება აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრამდე. მუხლი 64. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლები 1. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში. 2. უცხოელის დაკავება ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება შეიძლება განხორციელდეს: ა) თუ ვერ ხერხდება საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის იდენტიფიცირება; ბ) თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე; გ) თუ უცხოელმა არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები; დ) თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; ე) თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ვ) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების უზრუნველსაყოფად; ზ) უცხოელის სასამართლოში წარდგენის უზრუნველსაყოფად. 3. დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა უცხოელი წარედგინება სასამართლოს დროებითი განთავსების ცენტრში მისი მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება. 4. თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი შეიძლება მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში როგორც მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ისე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 5. დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვემდე ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს. 6. უმეთვალყურეოდ მყოფი არასრულწლოვნის ან ოჯახის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და მაქსიმალურად მოკლე ვადით, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 7. უცხოელს დაკავებისთანავე მისთვის გასაგებ ენაზე, გასაგები ფორმით განემარტება: ა) დაკავების საფუძველი; ბ) ადვოკატის აყვანის უფლება; გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება; დ) დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის/საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის უფლება; ე) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება; ვ) დაკავების გასაჩივრების უფლება. 8. დაკავებულ უცხოელს საშუალება უნდა მიეცეს, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს რესურსის გამოყენებით. თუ დაკავებული უცხოელი არასრულწლოვანია ან უმწეო მდგომარეობაში იმყოფება, მისი დაკავების შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება უფლებამოსილ ორგანოს. არასრულწლოვანი უცხოელის დაკავების შესახებ ეცნობება მის კანონიერ წარმომადგენელს. უცხოელის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს. 9. უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.