„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.02.2020
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/453/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ერთობლივ საინვესტიციო ფონდებზე.“. 2. 51 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების მიზნით დაინტერესებული პირი წარადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობას, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.“. 3. 91 მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის (კომანდიტური საზოგადოების) წესდებით შეიძლება განისაზღვროს საზოგადოების პარტნიორებზე (მათ შორის, კომანდიტებზე) ხმის უფლების გადანაწილების და ამ უფლებით სარგებლობის ამ მუხლის მე-10 პუნქტისგან განსხვავებული წესი.“. 4. 131 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ეს მუხლი არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ანგარიშვალდებულ საწარმოებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, მზღვეველებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით, საინვესტიციო კომპანიებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 5. მე-14 მუხლის: ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი სისტემის მონაწილე საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების დარეგისტრირების თაობაზე. (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“; ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. ამ მუხლით გათვალისწინებული საწარმოს ლიკვიდაციის წესი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიაზე.“. 6. 142 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. მარეგისტრირებელი ორგანო, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიმართ, რომელთა ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, შესაბამისი ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე, წერილობითი ფორმით აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების ლიკვიდაციის პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 7. 144 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. ამ მუხლით გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის წესი ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიებზე, თუ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით ან მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“. 8. 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომანდიტური საზოგადოების წესდების მიღების, მასში და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს). „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის (კომანდიტური საზოგადოების) წესდებით შესაძლებელია აღნიშნული უფლება აგრეთვე მიენიჭოთ საზოგადოების შეზღუდულ პარტნიორებს (კომანდიტებს). 5. თუ სრული პარტნიორი (კომპლემენტარი) გამოთქვამს საწარმოდან გასვლის სურვილს, საწარმოს მიმართ იხსნება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, საწარმოდან გადის ყველა შეზღუდული პარტნიორი (კომანდიტი) ან საწარმოში შედის ახალი პარტნიორი, საწარმოს მიმართ ხორციელდება ამ კანონის 144 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის ღონისძიებები. ეს წესი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიაზე (კომანდიტურ საზოგადოებაზე).“. 9. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წილის დათმობისას საჭიროა ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულება. ნოტარიალური დამოწმება სავალდებულო არ არის, თუკი ხელშეკრულების საფუძველზე შემძენს გადაეცემა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის (კომანდიტური საზოგადოების) წილი.“. 10. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, ვალდებულია აქციათა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50ზე ნაკლებია, საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომლის აქციათა რეესტრს უნდა აწარმოებდეს დამოუკიდებელი რეგისტრატორი. ეს პუნქტი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმობაზე, რომელიც განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 11. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 პუნქტი: „15. ამ მუხლით გათვალისწინებული აქციონერის მიერ აქციათა უპირატესი შესყიდვის წესები არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზე.“. 12. 532 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო სატენდერო შეთავაზების წესები არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზე.“. 13. 534 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის წესები არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზე.“. 14. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ამ მუხლით გათვალისწინებული კრების მოწვევის, კრებაზე მონაწილეობის, ხმის მიცემის და კრების კომპეტენციის წესები ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიებზე, თუ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით ან მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“. 15. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ამ მუხლით გათვალისწინებული კაპიტალის გაზრდისა და ახალი აქციების გამოშვების წესი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: შემოთავაზებული ცვლილებებით, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის პროექტის გათვალისწინებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ერთობლივ საინვესტიციო ფონდებზე. საინვესტიციო კომპანიებზე (სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება) არ გავრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის დებულებები, რომლებიც უკავშირდება საწარმოს რეორგანიზაციალიკვიდაციას, კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში ასევე პარტნიორთა უფლებამოვალეობებს, წილის დათმობის ფორმას და საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის სამართლებრივ შედეგებს. სააქციო საზოგადოების ფორმით ჩამოყალიბებული ღია ან ინტერვალური საინვესტიციო ფონდების შემთხვევაში, ასევე გამონაკლისი დგინდება იმ ნორმებიდან, რომლებიც არეგულირებს სატენდერო შეთავაზების განხორციელებას, აქციათა რეესტრის წარმოებას, აქციათა სავალდებულო მიყიდვას, ასევე ახალი აქციების გამოშვებას.1 აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ საკითხებს დაარეგულირებს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ ახალი კანონი, იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც ახასიათებს ზოგადად საინვესტიციო ფონდების ინდუსტრიას. მსგავს მიდგომას იზიარებს ევროკავშირის კანონმდებლობაც, მათ შორის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2017 წლის 14 ივნისის 2017/1132 დირექტივა საკორპორაციო სამართლის ცალკეული ასპექტების შესახებ, მუხ. 2(2), 44(2). 1 კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ საინვესტიციო ფონდებზე, როგორც საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე პირებზე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ გავრცელდება აუდიტის კომიტეტის ჩამოყალიბების ვალდებულება, რაც ასევე შეესაბამება ევროკავშირის სამართლით დადგენილ მიდგომებს.2 „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტი აზუსტებს, რომ ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების მიზნით დაინტერესებული პირი ვალდებულია წარადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობა. აღნიშნული ვალდებულება არ შეეხება იმ გამონაკლის შემთხვევებს, რაც დადგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; იხ. 2006 წლის 17 მაისის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2006/43/EC დირექტივა წლიური ანგარიშებისა და კონსოლიდირებული ანგარიშების კანონით დადგენილი აუდიტის განხორციელების შესახებ, 39(3)(ბ) მუხლი. 2 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ფინანსური შედეგის თვალსაზრისით, კომანდიტური საზოგადოების ფორმით ჩამოყალიბებული საინვესტიციო ფონდის ინვესტორებზე დადებით გავლენას მოახდენს კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება, რომლის თანახმადაც საზოგადოებაში წილის დათმობისათვის აღარ იქნება სავალდებულო ხელშეკრულების შინაარსის ნოტარიულად დამოწმება. აგრეთვე, შეზღუდულ პარტნიორებზე დადებით გავლენას მოახდენს საწესდებო ავტონომიის ფარგლების გაფართოება, კერძოდ საზოგადოების წესდების საფუძველზე შეზღუდული პარტნიორებისათვის ხმის უფლების მინიჭება. სააქციო საზოგადოების ფორმით არსებული ღია ან ინტერვალური საინვესტიციო ფონდების (კომპანიების) შემთხვევაში, ფინანსური ეფექტი მოჰყვება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების, აქციათა უპირატესი შესყიდვის, აქციათა სავალდებულო მიყიდვის და ახალი აქციების გამოშვების გზით კაპიტალის გაზრდის მარეგულირებელი წესების არგავრცელებას აღნიშნული ტიპის საინვესტიციო ფონდებზე. კერძოდ, ემიტენტებისათვის (ღია ან ინტერვალური ტიპის საინვესტიციო კომპანიებისთვის) დადებითი ფინანსური ეფექტის მომტანი იქნება კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვების მოხსნა. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი აქციების გამოსაშვებად აუცილებელია საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ნებადართული აქციების მაქსიმალური რაოდენობა და კლასი უნდა აისახოს საზოგადოების წესდებაში. აღნიშნული შეზღუდვის გაუქმება ღია და ინტერვალურ საინვეტიციო კომპანიებს საშუალებას მისცემს დამატებითი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე მოიზიდონ კაპიტალი, ხოლო ახალ ინვესტორებს, თავის მხრივ, გაუადვილებს ინვესტიციის განხორციელებას კომპანიაში (თუმცა, აღნიშნულის საპირწონედ, იმავე ცვლილებებმა, შეიძლება, ხმის უფლებათა განზავების (dilution) რისკის ზრდის გამო, საპირისპირო გავლენაც იქონიოს არსებულ აქციონერებზე). ზემოთ აღნიშნულის მსგავსად, ღია ან ინტერვალური კომპანიებისთვის და მათში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული პირებისთვის დადებითი ფინანსური ეფექტის მომტანი იქნება კანონპროექტის ის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ამ ტიპის სააქციო საზოგადოებათა მიმართ არ გავრცელდება აქციათა უპირატესი შესყიდვის მარეგულირებელი წესები. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ახალი აქციების გამოშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აქციონერს საკუთარი წილის პროპორციულად აქვს ახალი აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება. ეს უფლება შეიძლება გაუქმდეს აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, ამავე კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, ახალ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრებამ შეიძლება მიიღოს მხოლოდ დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს წერილობითი მოხსენების საფუძველზე, რომელშიც მიეთითება ახალ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების მიზეზი (მიზეზები). მაშასადამე, აღნიშნული შეზღუდვებისგან გათავისუფლება ღია და ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებს (კომპანიებს) გაუადვილებს მესამე პირებისგან კაპიტალის მოზიდვას (ხოლო მესამე პირებს - ინვესტიციის განხორციელებას), რაც მათზე დადებით ფინანსურ ზეგავლენას იქონიებს. რაც შეეხება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მარეგულირებელი წესების არგავრცელებას ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზე, აღნიშნული ფინანსურ ზეგავლენას მოახდენს საინვესტიციო კომპანიის მაჟორიტარ აქციონერზე, რომელსაც აღარ დაეკისრება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 532 მუხლით განსაზღვრული სავალდებულო სატენდერო შეთავაზების განხორციელების ვალდებულება და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ფინანსური ტვირთი. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტის კონტროლის შემთხვევაში, მაჟორიტარ აქციონერს ეკისრება ვალდებულება გააკეთოს სატენდერო შეთავაზება ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვის თაობაზე. გარდა ამისა, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 532 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი უნდა დაადგინოს აუდიტორმა ან საბროკერო კომპანიამ. შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი თითოეული კლასის აქციისათვის არ უნდა იყოს იმ უმაღლეს ფასზე ნაკლები, რომელიც გამოსყიდვის განმახორციელებელმა აქციონერმა ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიხადა საზოგადოების ამ კლასის აქციაში. შესაბამისად, აღნიშნული გავლენას იქონიებს მინორიტარ აქციონერზეც, რომელსაც აღარ ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს სატენდერო შეთავაზების ავტორისგან საკუთარი აქციების შესყიდვა, კანონით გათვალისწინებულ ფასად. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შემთხვევაში, ფინანსურ გავლენას იქონიებს საინვესტიციო ფონდის მაჟორიტარი აქციონერისათვის იმ უფლების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 95%-ზე მეტის კონტროლის შემთხვევაში, მაჟორიტარ აქციონერს შეუძლია გამოისყიდოს დარჩენილი აქციები. აღნიშნულის შედეგად, აქციათა 95%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს აღარ ექნება უფლება, აიძულოს მინორიტარი აქციონერები, დათმონ საწარმოში თავიანთი აქციები და მათთან დაკავშირებული უფლებები (ხმის უფლება, დივიდენდის მიღების უფლება დ სხვ.). შესაბამისად, აღნიშნული გავლენას იქონიებს მინორიტარ აქციონერზეც, რომელსაც აღარ დაეკისრება ვალდებულება ასეთ შემთხვევაში მიჰყიდოს აქციები მაჟორიტარ აქციონერს. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის თანახმად, საინვესტიციო ფონდებს, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის შესაბამისად, არ დაეკისრებათ აუდიტის კომიტეტის შექმნის ვალდებულება, რაც გაათავისუფლებს აღნიშნულ ემიტენტებს ფინანსური ტვირთისაგან. კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 131 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აუდიტის კომიტეტის ფუნქციაა ზედამხედველობა გაუწიოს: ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესს; ხარისხის კონტროლის, რისკების მართვის და, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური ინფორმაციის შიდა აუდიტის ეფექტიანობას; ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის განხორციელებას ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის ანგარიშში ასახული დასკვნების გათვალისწინებით; აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის დამოუკიდებლობას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 131 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აუდიტის კომიტეტის სულ მცირე ერთი წევრი უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში ან/და აუდიტის სფეროში კომპეტენტური პირი. მაშასადამე, საინვესტიციო ფონდს არ დაეკისრება ვალდებულება, გასწიოს დამატებითი ხარჯები, რაც უკავშირდება აუდიტის კომიტეტის წევრთა შრომის ანაზღაურებას. აღსანიშნავია, რომ, კანონპროექტით, საინვესტიციო კომპანიებზე აღარ გავრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონით განსაზღვრული საწარმოს ნებაყოფლობითი ლიკვიდაციის მარეგულირებელი წესი, ვინაიდან აღნიშნული მთლიანად დარეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ახალი ჩარჩოთი. შესაბამისად, აღნიშნული, დიდი ალბათობით, არ გამოიწვევს საინვესტიციო კომპანიისათვის დამატებითი ფინანსური ხარჯის დაკისრებას ან მისთვის რაიმე ფინანსური შეღავათის მინიჭებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებით გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა