„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.02.2020
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/453/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდი, აქტივების მმართველი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;“. 2. 48-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, ეროვნული ბანკი აგრეთვე უფლებამოსილია პირს უარი განუცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად რეგისტრაციაზე, ლიცენზირებაზე, ავტორიზაციაზე, აღიარებაზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე, თუ: ა) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ, ლიცენზირებამ, ავტორიზაციამ, აღიარებამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობას; ბ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ, ლიცენზირებამ, ავტორიზაციამ, აღიარებამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციის სავალდებულო გადაწყვეტილებით ან/და რეკომენდაციით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა ან/და შეუსრულებლობა; გ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ, ლიცენზირებამ, ავტორიზაციამ, აღიარებამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების დარღვევა; დ) დაინტერესებულმა პირმა ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში არ წარუდგინა მას სრულყოფილი ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობის დასაწყებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების შესრულებისათვის საჭირო თანხის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ; ე) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით დაინტერესებული პირი (სუბიექტი, ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე) არღვევს სამეწარმეო, საბანკო ან/და საფინანსო კანონმდებლობას ან/და ახორციელებს ისეთ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას; ვ) დაინტერესებული იურიდიული პირის ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა და მმართველობის სტრუქტურა ან/და საოპერაციო საქმიანობა/გარემო საკმარისად გამჭვირვალე არ არის, რამაც შეიძლება შეაფერხოს ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელება ან/და საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.“. ბ) 41 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენელს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, დააკისროს ფულადი ჯარიმა, გაუუქმოს რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ჩამოართვას ლიცენზია;“. 3. 483 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე;“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 524 მუხლი „მუხლი 524. საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების ზედამხედველობა ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს საინვესტიციო ფონდების საქმიანობას, განახორციელოს საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების ავტორიზაცია ან რეგისტრაცია, აღიაროს უცხოური საინვესტიციო ფონდი, აგრეთვე საინვესტიციო ფონდს გააუქმოს ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება. ზედამხედველობა აგრეთვე ითვალისწინებს შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) ზედამხედველობა გაუწიოს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობას. განახორციელოს საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანიების ლიცენზირება ან რეგისტრაცია, უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარება, აგრეთვე აქტივების მმართველ კომპანიას გააუქმოს ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება. ზედამხედველობა აგრეთვე ითვალისწინებს შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; გ) დაარეგულიროს საინვესტიციო ფონდების ერთეულების გამოშვებისას და მიმოქცევისას წარმოშობილი ურთიერთობები; უზრუნველყოს ერთეულების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; დ) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს საინვესტიციო ფონდს ან აქტივების მმართველ კომპანიას. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ ან პროგრამულ უზრუნველყოფას და სხვა საკითხებს; ე) მიიღოს, შეცვალოს და გააუქმოს საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეგულირებასთან დაკავშირებული წესები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას; ვ) დაადგინოს საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების ლიკვიდაციისა და დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების წესი; ზ) საინვესტიციო ფონდს, აქტივების მმართველ კომპანიას, სპეციალიზებულ დეპოზიტარს და სხვა პირებს დააკისროს ფულადი ჯარიმა; ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; თ) განახორციელოს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი შესაბამისობაში მოვა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები გამომდინარეობს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. კერძოდ, ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უარის თქმის საფუძვლები ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების რეგისტრაციაზე/ლიცენზირებაზე ან სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე გაფართოვდება, სუბიექტების წრის მიხედვით, და გავრცელდება ავტორიზაციას ან აღიარებას დაქვემდებარებულ საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზეც. ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ასევე გაუუქმოს ავტორიზაცია; აგრეთვე, ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, ორგანული კანონის 483 მუხლის მე-4 პუნქტში ცალსახად მიეთითება, რომ შეზღუდვები დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით არ გავრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას ამავე კანონის შესაბამისად და ექვემდებარებიან შესაბამის ზედამხედველობას. გარდა ამისა, ორგანულ კანონს დაემატება ახალი, 524 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეგულირებასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ეროვნული ბანკის მიერ პირზე სანქციის (ჯარიმის) დაკისრების შემთხვევაში. ამასთან, ვინაიდან დარღვევის შესაბამისი სუბიექტები, დარღვევის აღწერილობა და ასევე სანქციის ოდენობა დაკონკრეტდება საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესებით (რომლებიც კანონპროექტის მიღების შემდეგ შემუშავდება), რთულია წინასწარ ზედმიწევნით განისაზღვროს, თუ რა მოცულობის გავლენას მოახდენს ამ თვალსაზრისით კანონპროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ასევე ამ გათვლას ართულებს ის ფაქტი, რომ აქამდე არც ერთი საინვესტიციო ფონდი თუ აქტივების მმართველი კომპანია არ დარეგისტრირებულა ზედამხედველთან, შესაბამისად არ არსებობს ისტორიული მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა რაიმე სახის რაოდენობრივი პროგნოზი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი, ფინანსური შედეგის თვალსაზრისით, დადებით გავლენას მოახდენს საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე. კერძოდ, მათზე არ გავრცელდება შეზღუდვები დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებას, ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება იგეგმება არსებული რესურსების ფარგლებში. კერძოდ, კანონპროექტი არ ითვალისწინებს ისეთი სფეროს რეგულირებას, რომელიც უკვე არ არის რეგულირებადი მოქმედი კანონმდებლობით („საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონით). გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მიერ არც ერთი საინვესტიციო ფონდი და არც ერთი აქტივების მმართველი კომპანია არ ყოფილა რეგისტრირებული/ლიცენზირებული და, შესაბამისად, არ არსებობს საზედამხედველო პრაქტიკა, რაც ართულებს იმის განსაზღვრას, თუ რა რაოდენობის საზედამხედველო სუბიექტები ჩამოყალიბდება/დაფუძნდება საშუალოვადიან პერიოდში „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ ახალი კანონის საფუძველზე და მოითხოვს თუ არა მათთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ განსახორციელებელი ფუნქციები იმ მოცულობის ძალისხმევასა და დატვირთულობას, რომ აუცილებელი გახდეს დამატებითი რესურსების მობილიზება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებით გადასახადებს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი. საქართველოს მთავრობა.