„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.02.2020
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/453/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შევიდეს შემდეგი ცვლილება: 1. 21 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ამ კანონით განსაზღვრული იძულებითი აღსრულების გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა ღონისძიებების „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქოლგისებური ფონდის ქვეფონდის აქტივებზე, თუკი იძულებითი აღსრულების ღონისძიებათა მიზანია ქოლგისებური ფონდის სხვა ქვეფონდის/ქვეფონდების ვალდებულებათა შესრულება. ასეთი აქტივები აღრიცხული უნდა იყოს ქოლგისებური ფონდის სხვა ქვეფონდისგან/ქვეფონდებისგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“; 2. 21 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ მიმდინარე, ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების (კერძოდ, ქოლგისებური საინვესტიციო ფონდების) და აქტივების მმართველი კომპანიების მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. აგრეთვე, კანონპროექტი მიზნად ისახავს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საფინანსო სექტორის წარმომადგენელი სპეციალური სუბიექტების ლიკვიდაციის მარეგულირებელ ჩარჩოსთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან და საფინანსო სექტორის წარმომადგენელი სპეციალური სუბიექტების ლიკვიდაციის მარეგულირებელ ჩარჩოსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდების კატეგორიზაციას დამოუკიდებელ და ქოლგისებურ საინვესტიციო ფონდებად. ქოლგისებური საინვესტიციო ფონდის მთლიანი საინვესტიციო პორტფელი დაყოფილია რამდენიმე, ერთმანეთისაგან განცალკევებულ პორტფელად (ქვეფონდად), რომლებიც, როგორც წესი, განსხვავდება ერთმანეთისგან საინვესტიციო პოლიტიკის, სამიზნე ინვესტორების ან სხვა მახასიათებლის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით იკრძალება ქოლგისებული ფონდის ქვეფონდის აქტივების გამოყენება ან იძულებითი აღსრულება ქოლგისებური ფონდის სხვა ქვეფონდ(ებ)ის ვალდებულებების შესასრულებლად, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული თითოეული ქვეფონდის ინვესტორთა ინტერესები. გარდა ამისა, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების იძულებით ლიკვიდაციას განახორციელებს საზედამხედველო ორგანო (საქართველოს ეროვნული ბანკი). ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე, კანონპროექტის თანახმად, წყდება სუბიექტის აქტივებთან დაკავშირებით დაწყებული სააღსრულებო წარმოება, რათა უზრუნველყოფილი სალიკვიდაციო მასიდან კრედიტორთა თანაბარი დაკმაყოფილება. იქნეს სპეციალური კანონმდებლობით, ლიკვიდაციის დაწყება აგრეთვე წარმოადგენს იძულებითი აღსრულების შეწყვეტის ან შეჩერების საფუძველს, თუკი აღსრულება მიმდინარეობს კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიმართ. შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან და საფინანსო სექტორის წარმომადგენელი სპეციალური სუბიექტების ლიკვიდაციის მარეგულირებელ ჩარჩოსთან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი დადებით ფინანსურ ეფექტს იქონიებს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქოლგისებური ფონდის ქვეფონდებზე და მათ ინვესტორებზე, ვინაიდან კანონით აიკრძალება იძულებითი აღსრულება ქვეფონდის პორტფელში შემავალ აქტივებზე, თუკი იძულებითი აღსრულების ღონისძიებათა მიზანია ქოლგისებური ფონდის სხვა ქვეფონდის/ქვეფონდების ვალდებულებათა შესრულება. კანონპროექტი, ფინანსური შედეგის თვალსაზრისით, ასევე გავლენას მოახდენს საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების იმ კრედიტორებზე, რომელთა სასარგებლოდაც დაწყებული სააღსრულებო პროცესიც შეწყდება საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დაწყებისას. ასეთ შემთხვევაში, კრედიტორების მოთხოვნები დაკმაყოფილდება საინვესტიციო ფონდის/აქტივების მმართველი კომპანიის სხვა კრედიტორების მოთხოვნებთან ერთად, კანონპროექტით დადგენილი რიგითობის შესაბამისად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებით გადასახადებს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.