„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
29.12.2023
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/359/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს „მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და ჰაბიტატების ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;“. 2. 11 მუხლის „ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელი – ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნებისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის, დაკვირვების, ზრუნვისა და ფინანსური ხელშეწყობის სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიების ქსელები;“. 3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოში დასაშვებია არსებობდეს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორიები – ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია.“. 4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება შედიოდეს რომელიმე დაცული ტერიტორიის (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) შემადგენლობაში და (ან) მოიცავდეს თავის თავში რომელიმე მათგანს (ბუნების ძეგლი).“. 5. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ეროვნული პარკი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი) და (ან) თვითონ ითავსებდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიის კატეგორიას.“. 6. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აღკვეთილი შეიძლება შედიოდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის და სხვა დაცული ტერიტორიის შემადგენლობაში და ასევე მოიცავდეს ბუნების ძეგლს.“. 7. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაცული ლანდშაფტი შეიძლება შედიოდეს სხვა დაცული ტერიტორიის (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი) შემადგენლობაში ან მოიცავდეს დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი).“. 8. მე-10 მუხლი ამოღებული იქნეს. 9. მე-11 მუხლი ამოღებული იქნეს. 10. მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებული იქნეს. 11. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით: „ა) მართოს სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, ბიოსფერული რეზერვატები, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნები და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები; ბ) სხვა ორგანიზაციებთან ერთად მართოს დაცული ლანდშაფტები და გამონაკლის შემთხვევებში – აღკვეთილების, ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნებისა და ბუნების ძეგლების ცალკეული ზონა;“. 12. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაცული ლანდშაფტების, გამონაკლის შემთხვევებში – აღკვეთილების, ეროვნული პარკების, ბიოსფერული რეზერვატებისა და მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნების ცალკეული ზონის მართვისა და კონტროლის საქმეში;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავების მიზანია ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ბიომრავალფეროვნების სფეროში არსებული საკანონმდებლო აქტების ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და მდგრადი მართვის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შემუშავდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კანონთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის შემუშავება ემსახურება ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართელოს კანონის ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას, რომლის მიზანია შექმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად სახეობებისა და ჰაბიატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მეოთხე თავი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორიის – ბიოსფერული რეზერვატის დაარსების და მართვის საკითხებს, მეხუთე თავი ადგენს ტერიტორიისათვის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს, ხოლო მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის შექმნის საკითხი წესრიგდება ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მეექვსე თავით. ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ითხოვს აღნიშნული საკითხების ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართელოს კანონის მოწესრიგების სფეროდან გამოტანას. აგრეთვე, კანონში შედის ტერმინოლოგიური და რედაქციული ხასიათის ცვლილებები, სწორდება დასახელება ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად - მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯების გაწევასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ფარგლებში გამართული განხილვების პროცესში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.