„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.02.2015
ავტორი
ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/415/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-02
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლს „ბ“ ქვეპუნქტის დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) მხარდაჭერის მიმღები პაციენტი - პაციენტი, რომელიც სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით;“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მიიღოს თავისი დაავადებისა და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია; თუ პაციენტს არა აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ინფორმაცია მიეწოდება პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – ნათესავს;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) უარი თქვას მკურნალობის ჩატარებაზე; ეს უფლება იზღუდება ამ კანონის მე-16, მე18 და 221 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ პაციენტის ასაკი არ აღემატება 16 წელს, მკურნალობის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით);“; გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში;“; დ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) მონაწილეობა მიიღოს კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში, გარდა იმ კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისა, რომელთან მიმართებაშიც მხარდაჭერის მიმღებ პაციენტს სასამართლომ განუსაზღვრა მხარდაჭერა;“. 3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. პაციენტის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა 1. პაციენტის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს. 2. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს სასამართლოს პაციენტის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისთვის მხარდაჭერის დაწესების მოთხოვნით, თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია მიიჩნევს, რომ პაციენტი არის მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. 3. პაციენტის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – ნათესავს.“. 4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 16 წლამდე პირს ფსიქიატრიული დახმარება უნდა გაეწიოს მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნის ან/და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე (გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით).“. 5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მკურნალობა ტარდება პაციენტის, ხოლო 16 წლამდე პირის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით, რომელიც დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციაში შესაბამისად პაციენტის ან კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით.“. 6. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის 221 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის მიმართვისას პაციენტს, თუ პაციენტს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი ან მისი ასაკი არ აღემატება 16 წელს – პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს: ა) საკუთარი სურვილით აირჩიოს ფსიქიატრიული დაწესებულება და ექიმი; ბ) თავისი სურვილით, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს გამოკვლევა ან/და მკურნალობა.“. 7. მე-15 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ექიმს უფლება აქვს, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით შეზღუდოს პაციენტის ზემოთ აღნიშნული უფლებები, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ვ“, „ზ“, „ი“ და „კ“ პუნქტებით დადგენილი უფლებისა. ექიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. სტაციონარში მყოფ პაციენტს ეზღუდება ამ კანონის მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლებით სარგებლობა.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემქტოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. სტაციონარში მყოფი მხარდაჭერის მიმღებთა შესახებ ინფორმაციას ფსიქიატრიული დაწესებულება უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს.“. 8. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტი „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 16 წლამდე პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე (გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით).“. მუხლი 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს აწარმოოს სტაციონარში მყოფი მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაცემთა ბაზა. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ფსიქიური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ასევე, გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მოთხოვნებთან, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულ იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. ა. ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ქმედუუნარობის ამსახველი ნორმები შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ქმედუუნარობის ინსტიტუტის შეცვლა ფსიქიკური დაავადების მქონე პირების მიმართ. კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის იმ ძირითად კანონპროექტებთან: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“, რომლებითაც ძირეულად იცვლება ქმედუუნარობის ინსტიტუტი. კანონპროექტში ასახულია საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-14 მუხლის მეპუნქთან მიმართებაში. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმები „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევის არათანაზომიერებას განაპირობებს ორი ფაქტორი: 1. ნორმა არ ახდენს მკურნალობას დაქვემდებარებული პირების გრადაციას მათი გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხისა და ფორმის მიხედვით; 2. პირის მონაწილეობა ან მისი ნების გათვალისწინება მისივე ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აბსოლუტურად და უპირობოდ გამორიცხულია.“ შესაბამისად, კანონპორექტის მე-10 მუხლის პირველ პუნტსა და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში ასახულია პირის ინფორმირებული თანხმობის აუცილებლობა და ასევე, დადგენილია საგამონაკლისო შემთხვევები, როცა პირს ასეთი გაცნობიერებული გადაწყვეტილების შესაძლებლობა არა აქვს. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვა „ქმედუუნაროა“ „ზღუდავს მოსარცელის უფლებას, წვდომა ჰქონდეს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე, რაც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევას წარმოადგენს“. ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტით მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ყალიბდება შემდეგი სახით: „მიიღოს თავისი დაავადებისა და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია; თუ პაციენტს არა აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ინფორმაცია მიეწოდება პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – ნათესავს;“ ასევე, ცვლილება შეეხო, კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც ითვალისწინებდა გამონაკლის შემთხვევებში, ექიმის უფლებას შეეზღუდა პაციენტის უფლებები და მათ, შორის ჰუმანური მოპყრობით, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე მიიჩნია უფლების არაპროპორციულ შეხღუდვად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ. ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ექსპერტები, არასახელმწიფო რომლებმაც ან/და მონაწილეობა საერთაშორისო მიიღეს ორგანიზაცია/დაწესებულება, კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი (EMC), ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის", პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, ფსიქიატრები და სხვა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქციები, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 4. კანონში გამოყენებული ტერმინები ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფსიქიკური აშლილობა – პირის ძირითადი ფსიქიკური ფუნქციების დარღვევა ან ქცევის აშლის გამომხატველ სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც იწვევს პიროვნულ დისფუნქციას, არღვევს გარემოსთან ადაპტაციის პროცესს; ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დგინდება საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების მიხედვით; ბ) პაციენტი – ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, რომელიც სარგებლობს ფსიქიატრიული დახმარებით; გ) ფსიქიატრიული დახმარება – ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის გამოკვლევა, მკურნალობა და დაავადების გამწვავების თავიდან აცილება, მისი სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა; დ) ფსიქიატრიული დაწესებულება – შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულება ან სამედიცინო დაწესებულების განყოფილება, რომლის საქმიანობის მიზანია პირისათვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა; ე) ფსიქიატრიის დარგის მუშაკი – ექიმი, ფსიქოლოგი, ექთანი, მომვლელი, სოციალური მუშაკი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც სპეციალური მომზადებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული კვალიფიკაციის საფუძველზე უფლება აქვს, დახმარება გაუწიოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს; ვ) გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი – პირის შესაძლებლობა, შეაფასოს საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობა, სამედიცინო ჩარევის მიზანი და მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი; ზ) პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი, თუ პაციენტის ასაკი არ აღემატება 16 წელს, პაციენტის მეურვე ან მზრუნველი; თ) პაციენტის ნათესავი – პაციენტის მშობელი, შვილი, მეუღლე, და-ძმა, პაპა და ბებია, შვილიშვილი ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვა აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავი, ან პაციენტთან მუდმივად მცხოვრები პირი; ი) გამოსაკვლევი პირი – პირი, რომელსაც ფსიქიკური მდგომარეობის შეფასების მიზნით უტარდება გამოკვლევა; კ) ინფორმირებული თანხმობა – პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ფსიქიატრიული დახმარების მიღებაზე, მისთვის დაავადებისა და სამედიცინო ჩარევის შესახებ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაციის მიწოდების შემდეგ; ლ) ექიმ-ფსიქიატრთა კომისია – არანაკლებ ორი სპეციალისტისაგან შემდგარი კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით დადგენილი წესით; მ) ფსიქიატრიული დაწესებულების კლინიკური ხელმძღვანელი – ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის წევრი, რომელიც ხელმძღვანელობს ფსიქიატრიული დახმარების პროცესს. ნ) რისკის შეფასება – ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის წინასწარი შეფასება; ო) იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა – სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების სპეციალური სახე, რომელიც მოიცავს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემას; პ) რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა – სისტემა, რომელიც მოიცავს სამედიცინო და ფსიქოსოციალურ ინტერვენციებს; ჟ) ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია – იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით. მუხლი 5. პაციენტის ძირითადი უფლებები 1. პაციენტს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ჰუმანური მოპყრობით, რომელიც გამორიცხავს მისი ღირსების შემლახავ ყოველგვარ მოქმედებას; ბ) ისარგებლოს შესაბამისი მკურნალობით აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, პირობების მინიმალური შეზღუდვით და იმ მეთოდებით, რომლებიც დაამტკიცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, შეძლებისდაგვარად თავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს; გ) მიიღოს თავისი დაავადებისა და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია; თუ პაციენტი ქმედუუნაროა ან მას არა აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ინფორმაცია მიეწოდება პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – ნათესავს; [ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის უფლებას, მიიღოს თავისი დაავადებისა და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4//532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.] დ) გაეცნოს მის შესახებ არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციას; ექიმი განსაზღვრავს პაციენტისა და მესამე პირისათვის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის მიწოდების მოცულობასა და ფორმას; ე) უარი თქვას მკურნალობის ჩატარებაზე; ეს უფლება იზღუდება ამ კანონის მე-16, მე-18 და 22 1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ პაციენტი ქმედუუნაროა ან მისი ასაკი არ აღემატება 16 წელს, მკურნალობის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით); ვ) ისარგებლოს დამცველის მომსახურებით. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს პაციენტის დამცველთან შეხვედრა მესამე პირის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას; ზ) შეიტანოს საჩივარი და განცხადება სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში; თ) მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში , თუ იგი სასამართლომ არ აღიარა ქმედუუნაროდ; - [ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4//532,533 – ვებგვერდი, 28.10.2014წ. ი) მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება არაფსიქიატრიული პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში; კ) ისარგებლოს სოციალური დაცვით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ლ) ისარგებლოს სანატორიული და საკურორტო მომსახურებით; მ) მიიღოს განათლება, გაიაროს პროფესიული მომზადება და გადამზადება; ნ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით. 2. პაციენტის დამცველს ან/და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს გაეცნოს პაციენტის შესახებ არსებულ ნებისმიერ სამედიცინო დოკუმენტაციას და მოითხოვოს მისი ასლები; სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის, აგრეთვე მისი ასლების მიღების შესახებ მოთხოვნა ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას წარედგინება წერილობით. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2530 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ. მუხლი 7. პაციენტის ქმედუუნაროდ აღიარება 1. პაციენტის ქმედუუნაროდ აღიარების უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს. 2. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს სასამართლოს პაციენტის ქმედუუნაროდ აღიარებისა და მისთვის კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის მოთხოვნით, თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია მიიჩნევს, რომ პაციენტს ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია განაგოს თავისი მოქმედება და შეიგნოს მისი მნიშვნელობა. 3. პაციენტის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – ნათესავს. მუხლი 8. ფსიქიატრიული დახმარება 1. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, მისი თხოვნის ან/და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, გარდა ამ კანონის მე-16, მე-18 და 22 1 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ქმედუუნარო ან 16 წლამდე პირს ფსიქიატრიული დახმარება უნდა გაეწიოს მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნის ან/და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე (გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით). 3. ექიმი-ფსიქიატრები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას და ფსიქიატრიული დახმარების გაწევისას ხელმძღვანელობენ მხოლოდ აუცილებელი სამედიცინო ჩვენებითა და პროფესიული ეთიკით, მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. პაციენტის გამოკვლევის, მკურნალობისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მეთოდები. მუხლი 10. მკურნალობა 1. მკურნალობა ტარდება პაციენტის, ხოლო ქმედუუნარო ან 16 წლამდე პირის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით, რომელიც დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციაში შესაბამისად პაციენტის ან კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. [ ძალადაკარგულია 2015 წლის 1 აპრილიდან - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4//532,533 – ვებგვერდი, 28.10.2014წ.] 2. პაციენტის უარი მკურნალობის ჩატარებაზე ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში. 3. აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით (შოკური, კრუნჩხვითი და სხვა) მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ სათანადო სამედიცინო ჩვენების არსებობისას, პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით, მხოლოდ ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ. მუხლი 14. ამბულატორიული ფსიქიატრიული დახმარება 1. შესაბამისად ლიცენზირებული ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულება ახორციელებს პაციენტის პირველად ფსიქიატრიულ გამოკვლევას, მკურნალობას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მასზე მეთვალყურეობას. 2. ამ კანონის 22 1 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის მიმართვისას პაციენტს, ხოლო თუ პაციენტი ქმედუუნაროა ან მისი ასაკი არ აღემატება 16 წელს – პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს: ა) საკუთარი სურვილით აირჩიოს ფსიქიატრიული დაწესებულება და ექიმი; ბ) თავისი სურვილით, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს გამოკვლევა ან/და მკურნალობა. 3. არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულება იღებს შესაბამის ზომებს პაციენტის სტაციონარული მკურნალობისათვის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოსათავსებლად. გადაწყვეტილების შესახებ მკურნალი ექიმი აცნობებს პაციენტს, მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ნათესავს; საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია დახმარებისათვის მიმართავს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. 4. ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტების აღრიცხვისა და აღრიცხვიდან მოხსნის, აგრეთვე მათზე მეთვალყურეობის წესს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შესაბამისი ბრძანებით. მუხლი 15. სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება 1. სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე16, მე-18 და 22 1 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და პაციენტს გაეწევა აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, შესაბამისი ნებართვის მქონე სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში (შემდგომ – სტაციონარი). 2. სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს და გაგზავნოს წერილი, გზავნილი შემოწმების გარეშე; ბ) სტაციონარის შინაგანაწესის თანახმად, ისარგებლოს ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით; გ) მიიღოს მნახველი ამისათვის განსაზღვრულ დროს და ადგილზე მესამე პირის დასწრების გარეშე; დ) ხანმოკლე ვადით დატოვოს სტაციონარი, სტაციონარიდან გაწერის გარეშე, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით; ე) შეიძინოს და იქონიოს პირველადი მოხმარების საგნები; ვ) შეასრულოს რელიგიური რიტუალი, თუ იგი არ ლახავს სხვათა უფლებებს; ზ) მიიღოს აუდიო-ვიზუალური ინფორმაცია; თ) მონაწილეობა მიიღოს სტაციონარში გამართულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში; ი) ისარგებლოს ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სხვა უფლებებით. 3. ექიმს უფლება აქვს, გამონაკლის შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნით შეზღუდოს პაციენტის ზემოთ აღნიშნული უფლებები, რაც ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში. [ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4//532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.] 4. სტაციონარში მყოფი პაციენტის შრომითი საქმიანობა ნებაყოფლობითია, აქვს მხოლოდ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანიშნულება და მიმდინარეობს ექიმის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით. 5. აკრძალულია პაციენტის სტაციონარში დაყოვნება იმაზე მეტი ხნით, ვიდრე ეს საჭიროა მისი გამოკვლევისა და მკურნალობისათვის. 6. პაციენტის სტაციონარიდან გაწერისას სამედიცინო დოკუმენტაციის ამონაწერი იგზავნება ამბულატორიულ-ფსიქიატრიულ დაწესებულებაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის შესახებაც ეცნობება პაციენტს და მის კანონიერ წარმომადგენელს. მუხლი 17. ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება 1. პაციენტი ნებაყოფლობითი მკურნალობისათვის სტაციონარში თავსდება: ა) პაციენტის თხოვნით ან/და ინფორმირებული თანხმობით; ბ) 16 წლამდე პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის თხოვნითა და ინფორმირებული თანხმობით (გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით); გ) ქმედუუნარო პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის თხოვნითა და ინფორმირებული თანხმობით. [ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4//532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.] 2. ინფორმირებული თანხმობა სტაციონარში მოთავსებისა და მკურნალობის შესახებ დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დოკუმენტაციაში პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. 3. სტაციონარში ნებაყოფლობითი მკურნალობისათვის მოთავსებული პაციენტის გაწერა ხდება: ა) სამედიცინო ჩვენების ამოწურვისას ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის გადაწყვეტილებით; ბ) პაციენტის მოთხოვნით მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე; გ) ქმედუუნარო ან 16 წლამდე პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე (გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით). 4. თუ სტაციონარში ნებაყოფლობითი მკურნალობისას პაციენტი უარს აცხადებს მკურნალობის გაგრძელებაზე, მაგრამ მისი ფსიქიკური მდგომარეობა შეიცვალა და შეესაბამება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმებს, პაციენტის მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მისი ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად.