„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.02.2015
ავტორი
ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/415/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-02
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 06.11.2009, მუხ. 191) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) პირი, რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა;“. 2. მე-19 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) მისი მხარდაჭერის მიმღებად აღიარება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ფსიქიური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ასევე, გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მოთხოვნებთან, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულ იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. ა. ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ქმედუუნარობის ამსახველი ნორმები შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ქმედუუნარობის ინსტიტუტის შეცვლა ფსიქიკური დაავადების მქონე პირების მიმართ. კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის იმ ძირითად კანონპროექტებთან: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“, რომლებითაც ძირეულად იცვლება ქმედუუნარობის ინსტიტუტი. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით აღიარებული ქმედუუნარო პირები მიიჩნევიან ქმედუნარიან პირებად, ხოლო იმ სფეროში, რომელშიც ვერ ახერხებენ ნების თავისუფალ გამოხატვას, ისინი აღიარებული იქნებიან მხარდაჭერის მიმღებ პირებად და სასამართლოს მიერ დაენიშნებათ მხარდამჭერი ანუ პირი, რომელიც მას დაეხმარება საკუთარი უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში. წარმოდგენილი კანონპროექტით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებაზე უარის თქმისა და სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია თანამშრომლის სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ. ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი (EMC), ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის", პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, ფსიქიატრები და სხვა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 18. შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით 1. არ შეიძლება სამსახურში მიღებულ იქნეს და მსახურობდეს: ა) ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს; გ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების მომხმარებელი; დ) პირი, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა; ე) პირი, რომლის მიმართაც არსებობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის გარემოებები. 2. სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს კვალიფიკაციის ამაღლების (მომზადების, გადამზადების) შესაბამისი კურსები და მიიღოს დადებითი შეფასება (არსებობის შემთხვევაში). 3. ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში სამსახურის თანამშრომელი დათხოვნილი იქნება სამსახურიდან ამ კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მუხლი 19. სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია: ა) განსაზღვრული ასაკის მიღწევა ან წელთა ნამსახურობა სამსახურში სამსახურის გავლის წესის მიხედვით; ბ) სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების თაობაზე, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება; გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლა; დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; ე) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, რაც გულისხმობს პირის სამსახურიდან განთავისუფლებას: ე.ა) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; ე.ბ) იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად; ე.გ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო; ე.დ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო; ე.ე) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; ზ) შტატების შემცირება; თ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა; ი) პირადი განცხადება; კ) დანაშაულის ჩადენა, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ლ) სამსახურებრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში; მ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან/და ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება; ნ) სხვა დაწესებულებაში გადასვლა; ო) სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია; პ) გარდაცვალება; ჟ) მოქალაქეობის შეცვლა; რ) მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება; ს) მისი ქმედუუნაროდ აღიარება.