„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.02.2015
ავტორი
ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/415/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-02
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.04.001.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) მხარდაჭერის მიმღები განსაზღვრული პირი.“. - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლით 2. მე-6 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „არასრულწლოვანი პირისა და მხარდაჭერის მიმღების მოქალაქეობის შეცვლა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მხარდაჭერის მიმღების (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის, თუ იგი არის მხარდაჭერის მიმღები) მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. 3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 4. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს.“. 5. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას.“. 6. 22-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე არასრულწლოვანი პირის განცხადებას წარადგენენ მათი კანონიერი წარმომადგენლები.“. ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 21 პუნქტი: „21. მხარდაჭერის მიმღებმა განცხადება შეიძლება წარადგინოს მხოლოდ მხარდამჭერის დახმარებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ფსიქიური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ასევე, გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მოთხოვნებთან, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულ იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. ა. ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ქმედუუნარობის ამსახველი ნორმები შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ქმედუუნარობის ინსტიტუტის შეცვლა ფსიქიკური დაავადების მქონე პირების მიმართ. კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის იმ ძირითად კანონპროექტებთან: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“, რომლებითაც ძირეულად იცვლება ქმედუუნარობის ინსტიტუტი. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით აღიარებული ქმედუუნარო პირები მიიჩნევიან ქმედუნარიან პირებად, ხოლო იმ სფეროში, რომელშიც ვერ ახერხებენ ნების თავისუფალ გამოხატვას, ისინი აღიარებული იქნებიან მხარდაჭერის მიმღებ პირებად და სასამართლოს მიერ დაენიშნებათ მხარდამჭერი ანუ პირი, რომელიც მას დაეხმარება საკუთარი უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში. გამომდინარე აქედან, მოქალაქეობის საკითხებზე მხარდაჭერის მიმღები პირი მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას წარადგენს მხარდამჭერის დახმარებით, ხოლო მისი მოქალაქეობის შეცვლა დასაშვები იქნება მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ. ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი (EMC), ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის", პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, ფსიქიატრები და სხვა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს ტერიტორია – საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი საზღვაო და საჰაერო ხომალდები; ბ) საქართველოში ცხოვრება – პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ამ კანონით განსაზღვრულ დროის მონაკვეთში; გ) საქართველოში უწყვეტად ცხოვრება – პირის საქართველოში ცხოვრება, თუ მას საქართველოს ტერიტორია წლის განმავლობაში ჯამში 90 დღეზე მეტი ვადით (ამ ვადაში არ ითვლება საქართველოს ტერიტორიის დატოვება სწავლის მიზნით 2 წლამდე ვადით და მკურნალობის მიზნით) არ დაუტოვებია. ამ კანონის მიზნებისათვის წელი ნიშნავს პერიოდს, რომელიც შედგება უწყვეტი 365 დღისაგან (ნაკიანი წელიწადის შემთხვევაში – 366 დღისაგან); დ) მოქალაქეობის შეცვლა – საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა, ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ე) არასრულწლოვანი პირი – 18 წლამდე ასაკის პირი, გარდა იმ პირისა, რომელიც 18 წლის ასაკის მიღწევამდე დაქორწინდა; ვ) უცნობი მშობელი – მშობელი, რომლის ვინაობა ან/და მოქალაქეობრივი კუთვნილება უცნობია; ზ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობა – საქართველოსთან უცხოელის კავშირი, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს. მუხლი 6. არასრულწლოვანი პირისა და ქმედუუნარო პირის მოქალაქეობის შეცვლა 1. არასრულწლოვანი პირის ან ქმედუუნარო პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე. 2. 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. მუხლი 12. სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება 1. სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; დ) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება ქმედუუნარო პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე, რომლის ფიზიკური ნაკლის გამო შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ენისა და საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის ფარგლები დგინდება ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებით. მუხლი 18. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება 1. საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა: ა) არამართლზომიერად; ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; გ) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად. 2. პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. 3. საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეწყვეტილად მიიჩნევა, თუ პირი საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე დაკარგავს. 4. საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისას პირზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. 5. მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ქმედუუნარო პირისა და იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომლის ფიზიკური ნაკლის გამო შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას. 7. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე. მუხლი 22. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენა 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე არასრულწლოვანი პირისა და ქმედუუნარო პირის განცხადებებს წარადგენენ მათი კანონიერი წარმომადგენლები. 3. პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, ან მიმართავს უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტს.