გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2018
საქმის ნომერი
190210017002070005
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1932-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.03.2018წ ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ზ----- ბ-------ე

მოპასუხე შპს „ს----–-–---------------------------–-----ა“

წარმომადგენელი სოფიო ქაშაკაშვილი

დავის საგანი: ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, შვებულების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ს----–-–---------------------------–-----ასათვის“ ზეგანაკვეთური სამუშაოს ასანაზღაურებლად 5095 ლარის დაკისრება

1.2. შპს „ს----–-–---------------------------–-----ასათვის“ 2017 წლის ივნისის თვის საშვებულებო ანაზღაურების 286 ლარის ლარის დაკისრება

 

(სარჩელი ს.ფ. 5-12; ტომი 1, დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 35, ტომი 3. )

12.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ზ----- ბ-------ე შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 25 ნოემბრიდან მუშაობდა შპს „ს----–-–---------------------------–-----აში“ ღამის მზარეულად. სამუშაო დრო ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ცვლაში მუშაობით. სტანდარტული სამუშაო დრო შეადგენდა 5:00-21:00 საათამდე. შესვენების დრო 2 საათი, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო 4 საათი, სულ სამუშაო დრო შეადგენდა 14 საათს, ხოლო ნამუშევარი საათების რაოდენობა ტაბელის მიხედვით დგინდებოდა. 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის ივნისამდე პერიოდში სისტემატიურად ირღვეოდა სამუშაო დროის განრიგი და უწევდა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება. აგვისტოში ზეგანაკვეთურად ნამუშევარია 50 საათი, სექტემბერში 170 საათი, ოქტომბერში 140 საათი , ნოემბერში 130 საათი, დეკემბერში 140 საათი, 2017 წლის იანვარში 150 საათი. თებერვალში 187 საათი, მარტში 175 საათი, აპრილში 148 საათი, მაისში 173 საათი. ივნისში 92 საათი. მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა ღამის მზარეულად, რის გამოც ზეგანაკვეთური სამუშაო საათები უნდა აუნაზღაურდეს ღამის მზარეულის ხელფასის ოდენობით საათში 3 ლარით.

 

2017 წლის ივნისის თვეში ისარგებლა ფასიანი შვებულებით 11 დღის განმავლობაში, რაც მოპასუხეს არ აუნაზღაურებია და მისაღები საშვებულებო თანხაა 286 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებების გამო:

 

მოსარჩელესთან დადებული შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ოდენობა და ანაზღაურების წესი. გაურკვეველია მოსარჩელემ როგორ დაითვალა ზეგანაკვეთური საათების რაოდენობა. მოსარჩელის ცვლა იწყებოდა დილი 5:00 საათზე და მისი მორიგეობის დრო სრულდებოდა 21 საათზე, მოსარჩელის სამუშაო ადგილი იყო დაბა ვაზიანში არსებული სამხედრო ნაწილი, საიდანაც სახლში წასვლა ტრანსპორტის პრობლემების გამო ხშირად ვერ ახერხებდა. ამის გამო რჩებოდა სამსახურში, სადაც არის მოსასვენებელი პირობები, სამხედროებისთვის განკუთვნილი საწოლები. ამდენად, მოსარჩელე სამსახურში შრომითი მოვალეობის შესრულების მიზნით არ რჩებოდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ზ----- ბ-------ე შპს „ს----–-–---------------------------–-----აში“ მუშაობდა ღამის მზარეულის თანამდებობაზე 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის 1 ივლისამდე. თავდაპირველად 2016 წლის 31 დეკემბერამდე დადებული შრომის ხელშეკრულება გაგრძელდა 2017 წლის 1 იანვარს დადებული შრომის ხელშეკრულებით, რაც ზ----- ბ-------ის ინიციატივით შეწყდა 2017 წლის 1 ივლისიდან. ხელშეკრულებით განსაზღვრული ცვლაში მუშაობის რეჟიმი, სამუშაო დროა 5:00-21:00 საათი, შესვნეება 2 საათი, მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაო დრო 4 საათი, სულ სამუშაო დროის ხანგრძლივობაა 14 საათი. სამუშაო დღეები განისაზღვრება ტაბელის შესაბამისად. საბაზისო ხელფასია 14,24 ლარი, ზეგანაკვეთი ანაზღაურება 6,61 ლარი, სულ ხელფასია 20,85 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შრომის ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 17-19. ტომი 1);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ზ----- ბ-------ე 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის ივნისის თავის ჩათვლით ფაქტიურად შრომით მოვალეობას ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზეგანაკვეთური სამუშაოების დროის გადაჭარბებით.

 

მოსარჩელე მოითხოვს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, ხოლო ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს დრო მითითებული აქვს შემდეგნაირად;

 

2016 წლის აგვისტოში ნამუშევარი აქვს 120 საათი, საიდანაც გადახდილია 70 საათის, გადასახდელია ზეგანაკვეთური სამუშაოს 50 საათი.

2016 წლის სექტემბერში ნამუშევარი აქვს 408 საათი, საიდანაც გადახდილია 238 საათის, გადასახდელია ზეგანაკვეთური სამუშაოს 170 საათი.

2016 წლის ოქტომბერში ნამუშევარი აქვს 336 საათი, საიდანაც გადახდილია 196 საათის, გადასახდელია ზეგანაკვეთური სამუშაოს 140 საათი.

2016 წლის ნოემბერში ნამუშევარი აქვს 312 საათი, საიდანაც გადახდილია 182 საათის, გადასახდელია ზეგანაკვეთური სამუშაოს 130 საათი.

2016 წლის დეკემბერში ნამუშევარი აქვს 330 საათი, საიდანაც გადახდილია 196 საათის, გადასახდელია ზეგანაკვეთური სამუშაოს 140 საათი.

2017 წლის იანვარში ნამუშევარი აქვს 360 საათი, საიდანაც გადახდილია 210 საათის, გადასახდელია ზეგანაკვეთური სამუშაოს 150 საათი.

2017 წლის თებერვალში ნამუშევარი აქვს 411 საათი, საიდანაც გადახდილია 224 საათის, გადასახდელია ზეგანაკვეთური სამუშაოს 187 საათი.

2017 წლის მარტში ნამუშევარი აქვს 427 საათი, საიდანაც გადახდილია 252 საათის, გადასახდელია ზეგანაკვეთური სამუშაოს 175 საათი.

2017 წლის აპრილში ნამუშევარი აქვს 400 საათი, საიდანაც გადახდილია 252 საათის, გადასახდელია ზეგანაკვეთური სამუშაოს 148 საათი.

2017 წლის მაისში ნამუშევარი აქვს 411 საათი, საიდანაც გადახდილია 238 საათის, გადასახდელია ზეგანაკვეთური სამუშაოს 173 საათი.

2017 წლის ივნისში ნამუშევარი აქვს 288 საათი, საიდანაც გადახდილია 196 საათის, გადასახდელია ზეგანაკვეთური სამუშაოს 92 საათი.

 

საქმეში წარმოდგენილი სამსახურში გამოცხადების ტაბელის თანახმად, 2016 წლის აგვისტოს თვეში ზ----- ბ-------ის სამუშაო დღეები იყო 24 აგვისტო, 25, 26 აგვისტო. 24 აგვისტოს სამსახურში გამოცხადების შემდეგ სამსახურიდან გამოსვლის დროა 26 აგვისტო 18:00 საათი. 29 აგვისტოს სამსახურში გამოცხადების შემდეგ მის წამოსვლის დროს 30 აგვისტოს 13:00 საათი.

 

2016 წლის სექტემბერი

ზ----- ბ-------ის სამუშაო დღეები იყო 1 სექტემბერი, სამსახურიდან გამოსულია 2 სექტემბერს 10:00 საათზე. 5 სექტებერს გამოცხადების შემდეგ წასვლის დროს არ ფიქსირდება. 7 სექტემბერს გამოცხადების შემდეგ წამოსულია 8 სექტემბერს 12:00 საათზე. 9 სექტემბერს წამოსვლის დროა 12:00 საათი. 11 სექტემბერს გამოცხადების შემდეგ წამოსვლის დრო ფიქსირდება 13 სექტემბერს 10;00 საათზე. 15 სექტემბერს წამოსვლის დროა 15:00 საათი. 16 სექტემბერს ასევე ფიქსირდება ტაბელზე ხელმოწერა გამოცხადების გრაფაში. 19 სექტემბერს ფიქსირდება გამოცხადება, ასევე 20 სექტემბერს, ხოლო წასვლის დრო და ხელმოწერა მითითებული არ არის. 22 სექტემბერს ფიქსირდება მოსარჩელის გამოცხადება, ხოლო წასვლის დრო მითითებული არ არის, ისე როგორც 23 სექტემბერს. 26 სექტემბერს, 27 სექტემბერს, მოსვლის შემდეგ წასვლსი დრო არ ფიქრირდება. ასევე 28 და 30 სექტემბერს.

 

ოქტომბერი:

1 ოქტომბერს გამოცხადების შემდეგ წამოსულია 2 ოქტომბერს 15:00 საათზე. 4 ოქტომბერს, 5 ოქტომბერს ფიქსირდება გამოცხადების შესახებ ხელმოწერა, ხოლო წამოსვლის დრო არ ფიქსირდება. 7 ოქტომბერს გამოცხადების შემდეგ წამოსვლის დრო არ ფიქსირდება. 10 და 11 ოქტომბერს გამოცხადების შემდეგ წამოსვლის დრო არ ფიქსირდება. ასევე 13 ოქტომბერს. 17 ოქტომბერს და 18 ოქტომბერს ფiქსირდება გამოცხადება, ხოლო წასვლის დრო და ხელმოწერა მითითებული არ არის. 21 ოქტომბერს, 23 ოქტომბერს, 24 ოქტომბერს, 25 ოქტომბერს, 26 ოქტომბერს, 29 ოქტომბერს აღნიშნულია ხელმოწერა მოსვლის შესახებ, ხოლო წასვლის გრაფაში დრო და ხელმოწერა მითითებული არ არის.

 

ნოემბერი:

2 ნოემბერს გამოცხადების დროა 18:00 საათი. წასვლის დრო არ ფიქსირდება. 3 ნოემბერს ფიქსირდება გამოცხადება დროის მითითების გარეშე. 6 და 7 ნოემბრს ფიქრსირდება გამოცხადება. 10 ნოემბერს, 11 ნოემბერს, 14 ნოემბერს, 15 ნოემბერს, 17 ნომბერს, 18 ნოემბერს ასევე ფიქსირდება გამოცხადების გრაფასი ხელოწერა გამოცხადების დროის მითითების გარეშე. ასევეა მითითებული 22 ნოემბერს, 23 ნოემბერს, 27 ნოემბერს, 30 ნოემბერს.

 

დეკემბერი

1 დეკემბერს, 4 დეკემბერს, 5 დეკემბერს, 8 დეკემბერს, 9 დეკემბერს, 12 დეკემბერს ტაბელში აღნიშნული მოსარჩელის ხელმოწერა გამოცხადების გრაფაში. 13 დეკემბერს და 16 დეკემბერს მისვლის დროა 15,12 საათი, ხოლო წასვლის დრო და ხელმოწერა არ ფიქსირდება. 20 დეკემბრის ტაბელში მითითებულია დრო 18:00 საათი 19 დეკემბერს. 21 დეკემბერს გამოცხადების შემდეგ ტაბელში მომდევნო ჩანაწერია 23 დეკემბერს დრო 18:00 საათი (22/12). 24 დეკემბერს ტაბელში მითითებულია „იყო“, ხოლო წასვლის დროა 26 დეკემბერის 18:00 საათი. 28 დეკემბრის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 18:00 საათი (27/12), მოსვლა აღრიცხულია ასევე 29 დეკემბერს.

 

2017 წლის იანვარი

სამსახურში გამოცხადება ფიქსირდება 1 იანვრის 19 საათიდან. წასვლის დრო არ ფიქსირდება, 5 იანვრის ტაბელში ფიქსირდება მოსვლის დროს 4 იანვრის 18:00 საათი. სამსახურში გამოცხადება ფიქსირდება 6 იანვარს, ხოო წასვლის დრო მითითებული არ არის. 9 იანვარს ტაბელში მითითებულია, რომ გამოცხადდა 8 იანვრის 18:00 საათიდან. წასვლის დრო არ ფიქსირდება 10 იანვარს, ხოლო ხელმოწერა მითიტებულია. 13 იანვრის ტაბელში მითითებულია გამოცხადების დრო 18:00 საათი 12/01, ხოლო წასვლის დრო 13 იანვრის 18:00 საათი. 17 იანვრის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 16 იანვრის 18:00 საათი იმავე დღეს წასვლის დრო არ ფიქსირდება. წასვლის დრო ფიქსირდება 18 იანვარს 18:00 საათზე. 20 იანვრის ტაბელში მითითებული მოსვლის დრო 19 იანვრის 18:00 საათი, ხოლო წასვლის დროა 21 იანვრის 18:00 საათი. 24 იანვარს ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 23 იანვრის 18:00 საათი, წასვლის დროა 25 იანვრის 18:00 საათი. 27 იანვრის ტაბელში მითითებულია გამოცხადების დრო 26 იანვრის 18:00 საათი, ასევე გამოცხადება და წასვლა ფიქსირდება 28 იანვრის ტაბელში. 31 იანვრის ტაბელში მითითებულია გამოცხადების დრო 30 იანვრის 18:00 საათი. ხოლო წასვლის დროა 1 თებერვლის 18:00 საათი.

 

თებერვალი:

3 თებერვლსი ტაბელში მითითებულია გამოცხადების დრო 2 თებერვლის 18:00 საათი, ხოლო წასვლის დროა 4 თებერვლის 15:00 საათი. 7 თებერვლის ტაბელში მითითებულია, რომ გამოცხადდა 6 თებერვალს 18:00 საათზე, წასვლის დროა 8 თებერვლის 12:00 საათი. 10 თებერვლის ტაბელში მითითებულია, რომ გამოცხადდა 9 ტებერვალს 18:00 საათზე, წასვლის დროა 11 თებერვლის 16:00 საათი. 14 თებერვლის ტაბელში მითითებულია, რომ გამოცხადდა 13 თებერვალს 18 საათზე, წასვლის დროა15 თებერვლის 18:00 საათი. 17 თებერვლის ტაბელში მითითებული მოსვლის დრო 16 თებერვლის 18:00 საათი, წასვლის დროა 18 თებერვლის 15:00 საათი. 21 თებერვლის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 20 თებერვლის 18:00 საათი. წასვლის დროა 22 თებერვლის 18:00 საათი. 24 თებევლის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 23 თებერვლის 18:00 საათი, წასვლის დროა 25 თებერვლის 16:00 საათი. 28 თებერვლის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 27 თებერვლის 18:00 საათი, წასვლის დროა 1 მარტის 16:00 საათი.

 

მარტი:

3 მარტის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 2 მარტის 18:00 საათი, წასვლის დროა 4 მარტის 12:00 საათი. 7 მარტის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 6 მარტის 18:00 საათი, წასვლის დროა 8 მარტის 16: 00 საათი. 10 მარტის ტაბელში მითითებულია მოსვლის დროა 9 მარტის 18:00 საათი, წასვლის დროა 11 მარტის 16:00 საათი. 14 მარტის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 13 მარტის 18:00 საათი, წასვლის დროა 15 მარტის 16:00 საათი. 17 მარტის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 16 მარტის 18:00 საათი, წასვლის დროა 18 მარტის 16;00 საათი. 21 მარტის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 20 მარტის 17:00 საათი, წასვლის დროა 22 მარტის 16:00 საათი. 24 მარტის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 23 მარტის 18:00 საათი, წავლსი დროა 25 მარტის 13:00 საათი. 28 მარტის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 27 მარტის 18:00 საათი, წასვლის დროა 28 მარტის 18:00 საათი. 31 მარტის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 30 მარტის 18:00 საათი, წასვლის დროა 1 აპრილის 15:00 საათი.

 

აპრილი:

4 აპრილის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 3 აპრილის 18:00 საათი, წასვლის დროა 5 აპრილის 16:00 საათი. 7 აპრილის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 6 აპრილის 18:00 საათი, წასვლის დროა 8 აპრილის 13:00 საათი. 11 აპრილის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 10 აპრილის 18:00 საათი, წასვლის დროა 12 აპრილის 18:00 საათი. 14 აპრილის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 13 აპრილის 18:00 საათი, წასვლის დროა 15 აპრილის 15:00 საათი. 17 აპრილის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 16 აპრილის 17:00 საათი, წასვლის დროა 19 აპრილის 16:00 საათი. 21 აპრილის ტაბელის მოსვლის დროა 20 აპრილის 19:00 საათი, წასვლის დროა 2 აპრილის 15:00 საათი. 25 აპრილის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 24 აპრილის 18:00 საათი, წასვლის დროა 26 აპრილის 16:00 საათი. 28 აპრილის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 27 აპრილის 18:00 საათი, წასვლის დროა 29 აპრილის 16:00 საათი.

 

მაისი:

2 მაისის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 1 მაისის 18:00 საათი, წასვლის დროა 3 მაისი 16:00 საათი. 5 მაისის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 4 მაისის 19:00 საათი, წასვლის დროა 6 მაისის 15:00 საათი. 9 მაისის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 8 მაისი 19:00 საათი, წასვლის დროა 10 მაისის 15:00 საათი. 13 მაისის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 12 მაისის 18:00 საათი, წასვლის დროა 13 მაისის 14:00 საათი. 16 მაისის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 15 მაისის 18:00 საათი, წასვლსი დროა 17 მაისი 15:00 საათი. 19 მაისის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 18 მაისის 18:00 საათი. წასვლის დროა 20 მაისი 15:00 საათი. 23 მაისის ტაბელში მითითებულია 22 მაისის 18:00 საათი, წასვლის დროა 24 მაისის 14:00 საათი. 26 მაისის ტაბელში მითიტებულია მოსვლის დრო 25 მაისის 18:00 საათი, წასვლის დროა 27 მაისის 16:00 საათი. 30 მაისის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 29 მაისის 19:00 საათი, წასვლის დროა 31 მაისის 13:00 საათი.

 

ივნისის თვე;

2 ივნისის ტაბელში მითითებულია მოსვლის დროს 1 ივნისის 12:00 საათი, წასვლის დროა 3 ივნისის 16:00 საათი, 6 ივნისის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 5 ივნისის 19:00 საათი, წასვლის დრო არ არის მითითებული. 9 ივნისის ტაბელში მითითებულია მოსვლის დროა 8 ივნისი 18:00 საათი, წასვლის დროა 10 ივნისის 10:00 საათი. 13 ივნისის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 19:00 საათი, წასვლის დროა 11:00 საათი. 27 ივნისის ტაბელში მითითებულია მოსვლის დრო 26 ივნისის 19:00 საათი, წასვლის დრო მითითებული არ არის.

 

მხარეებს შორის დადებული შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრულია დასაქმებულის სამუშაო დრო და განრიგი. სტანდარტული სამუშაო დროა 5:00-21:00 საათამდე პერიოდი, მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაო 4 საათის ოდენობით. სულ სამუშაო საათების რაოდენობაა 14 საათი. ხოლო სამუშაო დღეები განისაზღვრება ტაბელის შესაბამისად.

 

სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ტაბელის თანახმად, შპს ს----–-–---------------------------–-----ის მზარეულების სამუშაო გრაფიკი ცვლაში მუშაობას ითვალისწინებს. ზ----- ბ-------ე მუშაობდა ღამის მზარეულად. შრომის ხელშეკრულების თანახმად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 14 საათით. რაც ნიშნავს ერთი ცვლის განმავლობაში 14 საათიან სამუშაო გრაფიკს. სამუშაო დროის აღრიცხვისათვის გათვალისწინებულია ტაბელი, სადაც გათვალისწინებულია ყოველდღიურად ცვლაში მონაწილე დასაქმებულების სამსახურში გამოცხადების დროის და სამუშაო დროის დასრულების, სამუშაო ადგილის დატოვების დროის აღრიცხვა.

 

ტაბელში მითითებული მონაცემებით დასტურდება, რომ სადაო პერიოდში ზ----- ბ-------ის სამსახურში ყოფნის დრო აჭარბებს შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დროის მაქსიმალურ ოდენობას - ცვლაში 14 საათს, საიდანაც 4 საათი არის ზეგანაკვეთური სამუშაო დრო.

 

მოპასუხის განმარტებით ზ----- ბ-------ე პირადი აუცილებლობის გამო რჩებოდა სამსახურში, იგი შრომით მოვალეობას არ ასრულებდა, ტრანსპორტის პრობლემების გამო ვერ ახერხებდა სახლში დაბრუნებას.

 

საქმეში წარმოდგენილი ტაბელით დასტურდება, რომ სამსახურში გამოცხადების შემდეგ ზ----- ბ-------ის სამუშაო ადგილიდან წასვლის დრო უმრავლეს შემთხვევაში ფიქსირდება ერთი დღეღამის გასვლის შემდეგ, რაც აჭარბებს შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მთლიან სამუშაო დროს. ამ დროის მანძილზე იგი იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ტაბელი წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია აღირიცხოს დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად შესრულები სამუშაო, რადგან დასაქმებულების შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა არა ფიქსირებული ანაზღაურებით, არამედ საათობრივი ანაზღაურებით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო საათების მიხედვით. შესაბამისად, ტაბელის მეშვეობით დამსაქმებელი აჯამებს თითოეული დასაქმებულის სამუშაო საათებს, განსაზღვრავს რამდენია სტანდარტული სამუშაო და რამდენი ზეგანაკვეთური სამუშო დრო, რაც უნდა აანაზღაუროს დამსაქმებელმა.

 

თავისი არსით ტაბელი არის დამსაქმებლისათვის აუცილებელი დოკუმენტი, რადგან ტაბელით არის შესაძლებელი დასაქმებულის ფაქტობრივად ნამუშევარი სამუშაო საათების აღრიცხვა და ამის მიხედვით მათთვის შრომის ანაზღაურების გადახდა. ტაბელის შევსება არის დასაქმებულის კონტროლის ფარგლებში, დასაქმებულთა გამოცხადების და სამუშაო დროის დამთავრების სათანადოდ აღრიცხვა არის დამსაქმებლის ზედამხედველობის სფერო და ტაბელში ინფორმაციის მითითება მხოლოდ დასაქმებულის ნებაზე დამოკიდებული არ არის.

 

მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ტაბელში მითითებული გამოცხადების და სამუშაო ადგილიდან წასვლის დრო არასწორად არის აღრიცხული. მოპასუხის განმარტებით დასტურდება, რომ ზ----- ბ-------ე ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო საათების შემდეგაც რჩებოდა სამსახურში, თუმცა მოპასუხის განმარტებით, არ ასრულებდა შრომით მოვალეობას. მოპასუხის განმარტებით, ზ----- ბ-------ის სამუშაო ადგილი არის სამხედრო ნაწილი, სადაც არის მოსასვენებელი პირობები, ლოგინი, დაძინების შესაძლებლობა, რის გამოც მოსარჩელე მზარეულის ფუნქციას ამ დროს არ ასრულებდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სამუშაო ადგილი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დაწესებულება, სამხედრო ნაწილი, სადაც მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე პირები დაიშვებიან. შესაბამისად, ტაბელით სამუშაო დროის აღრიცხვას ის მნიშვნელობაც აქვს, რომ განისაზღვროს დაცულ ტერიტორიაზე პიროვნების ყოფნის დრო, მისი ფუნქცია, ტერიტორიაზე ყოფნის მიზანი.

 

ტაბელში მითითებული დროის მანძილზე მოსარჩელე იმყოფებოდა შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაო ადგილზე. იგი მუშაობდა ღამის მზარეულად, სამუშაო ადგილზე ხანგრძლივი ყოფნის დროს შესაძლებელია დასაქმებულს ესარგებლა მოსვენების შესაძლებლობით. თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ამ დროის მანძილზე დამსაქმებლის კონტროლქვეშ იყო, უნდა შეესრულებინა დამსაქმებლის მითითებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომის ხელშეკრულებების ასლი (ს.ფ. 17-19. ტომი 1)

- ტაბელის ასლი ( ს.ფ. 1-315, ტომი 2)

- მოპასუხის განმარტება (ს.ფ. 21.02.2018წ და 12.03.2018წ სხდომის ოქმები CD დისკები)

- ფოტოსურათები (ს.ფ.29-32. ტომი 3 )

 

3.2.2. 2017 წლის ივნისში ზ----- ბ-------ის ფასიან შვებულებაში ყოფნა არ დასტურდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადაო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. ამ შემთხვევაში დავა შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რის გამოც დავა მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით გამოირჩევა. შრომით ურთიერთობაში დამსაქმებელს ერთგვარი უპირატესობა აქვს ამ ურთიერთობაში, დასაქმებული დაქვემდებარებულ მდგომარეობაშია დამსაქმებლის მიმართ, რადგან ეკისრება დამსაქმებლის მიერ დადგენილი შრომის შინაგანაწესის, დამსაქმებლის მიერ შემუშავებული შრომის დისციპლინის წესების დაცვა, მისის მითითებების შესრულება. დამსაქმებელს, როგორც უფრო ძლიერ მხარეს ეკისრება ვალდებულება ამტკიცოს მისი მხრდან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე ვალდებულების შესრულების ფაქტები.

 

შრომით ურთიერთობაში მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილების პრინციპის მიუხედავად მტკიცების ტვირთი მთლიანად მოპასუხეს არ ეკისრება. ამ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს ფასიანი შვებულების ანაზღაურების დაკისრებას, რის გამოც უნდა დადასტურდეს შემდეგი გარემოებები: როდის გამოავლინა დასაქმებულმა ნება ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესახებ, როდის მიმართა შესაბამისი მოთხოვნით დამსაქმებელს; რა პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა შვებულებაში. მოსარჩელის განმარტებით, იგი შვებულებაში იმყოფებოდა 2016 წლის ივნისის თვეში შემდეგ 11 დღის მანძილზე.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ზ----- ბ-------ემ მოითხოვა ფასიანი შვებულებით სარგებლობა და დამსაქმებლის მიერ დაკმაყოფილდა ეს მოთხოვნა. ასეთი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს მეშვეობით გამოთხოვაზე დაუყენებია შეუამდგომლობა. შესაბამისად, შვებულების ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხელშეკრულებით განსაზღვრული ზეგანაკვეთური ანაზღაურებით. არ უნდა დაკმაყოფილდეს შვებულების ანაზღაურების მოთხოვნა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

· საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 31-ე, მე-14, მე-17, მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი, 21-ე, 22-ე მუხლები

· საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 42-ე მუხლები

· „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენცია

· ევროპის სოციალური ქარტია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს მომართა თავისი შრომითი უფლების დასაცავად, ხოლო ხელყოფილად მიიჩნევს მის უფლებას, მიიღოს ხელფასი ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის და კუთვნილი შვებულების ანაზღაურება.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები. დეკლარაციით აღიარებულია შრომის უფლება და დასვენების უფლება. დეკლარაციის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

დეკლარაციის 24-ე მუხლით აღიარებულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და მოცალეობის უფლება სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და ანაზღაურებული პერიოდული შვებულების უფლების ჩათვლით.

 

ამდენად, ადამიანის უფლებათა დეკლარაციით შრომის უფლება და დასვენების უფლება აღიარებულია და დაცულია, როგორც ცივილიზებული თანამედროვეობის არსებობისა და ადამიანთა ყოფისათვის უმნიშვნელოვანესი უფლებები.

 

ევროპის სოციალური ქარტიის მე-2 მუხლის მიხედვით, შრომის სამართლიანი პირობებით უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: 1. დაადგინონ ყოველდღიური და ყოველკვირეული სამუშაო საათების გონივრული რაოდენობა და უზრუნველყონ სამუშაო კვირის თანმიმდევრული შემცირება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლევა შრომის პროდიქტიულობის ზრდისა და სხვა შესაბამისი ფაქტორები; 2. დააწესონ ანაზღაურებადი სახელმწიფო დღესასწაულები; 3. დაადგინონ არა ნაკლებ ოთხი კვირის ხანგრძლივობის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება; 4. აღმოფხვრან საშიში და არაჰიგიენური სამუშაოებთან დაკავშირებული საფრთხე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ასეთი საფრთხის აღმოფხვრა ან შემცირება, უზრუნველყონ სამუშაო საათების შემცირება ან დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება; 5. დაადგინონ ყოველკვირეული დასვენების დღეეები, რომლებიც უნდა ემთხვეოდეს შესაბამის ქვეყანაში ან რეგიონში ტრადიციით ან ჩვეულებით აღიარებული დასვენების დღეს. 6. დასაქმების დაწყების თარიღიდან არა უგვიანეს ორი თვისა უზრუნველყონ მუშაკთა წერილობითი ფორმით ინფორმირება, კონტრაქტის ან შრომითი ურთიერთობების ძირითადი ასპექტის შესახებ; 7. უზრუნველყონ ის მუშაკები, რომლებიც ასრულებენ ღამის სამუშაოებს, ასეთი სამუშაოებისათვის გათვალისწინებული შეღავათებით. სოციალური ქარტიის ეს ნორმა საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 ოქტომბრიდან. ამდენად, სოციალური ქარტიის ამ დებულებიდან გამომდინარეობს, რომ შრომის უფლების შინაარსში შედის არ მარტო დასაქმების და შრომის ანაზღაურების მიღების უფლება, არამედ დასვენების უფლება, შვებულებით სარგებლობის უფლება, რაც უნაზღაურდება დასაქმებულის ხარჯზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შრომა თავისუფალია. ამავე ნორმის მე-4 ნაწილის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

ამდენად, საქართველოს კონსტუტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია შრომის თავისუფლება, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა მართალია სახელშეკრულებო ურთიერთობაა, მაგრამ სხვა კერძოსამართლებრივი ურთიერთობისგან იგი იმით განსხვავდება, რომ დასაქმებული ერთგვარად დამსაქმებლისადმი დაქვემდებარებულ ურთიერთობაშია, ნებაყოფლობით თანხმდება დაემორჩილოს დამსაქმებლის მიერ შემუშავებულ წესებს, შრომის დისციპლინას და შინაგანაწესს. „შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.07.2016წ. განჩინება საქმეზე N ას-98-94-2016).

ამ თავისებურების გათვალისწინებით შრომის კოდექსი დამსაქმებლის უფლებების დამცავ მთელ რიგ ნორმებს შეიცავს და ეფუძნება დასაქმებულის სასარგებლო წესთა უპირატესობის პრინციპს. „შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში დამსაქმებელი ძლიერ მხარედ იმიტომ გამოდის, რომ თავად არის ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამთქმელი და შემთავაზებელი დასაქმებულისათვის, ეს უკანასკნელი კი საკუთარ უფლება-მოვალეობათა წონასწორობას ამგვარ არაკლასიკურ (დაქვემდებარებულ) ურთიერთობაში სწორედ სამართლიანობის პირობებში შეინარჩუნებს“ (იხ. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 თებერვლის განჩინება საქმე №ას-1000-961-2016).

 

შრომის კოდექსი მართალია ეფუძნება დასაქმებულის სასარგებლო წესთა უპირატესობის პრინციპს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამსაქმებელს მხოლოდ ვალდებულებები ეკისრება დასაქმებულის მიმართ. შრომით ურთიერთობაში აღიარებულ ამ პრინციპის მიზანია დაიცვას დასაქმებული დამსაქმებლის დაუსაბუთებელი და არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებისაგან და ამით უზრუნველყოფილი იყოს შრომით ურთიერთობაში სამართლიანობა და უფლებრივი წონასწორობა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამდენად, შრომითი ურთიერთობის არსია დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების გადახდა, ხოლო დასაქმებული ვალდებულია ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მისი შრომითი მოვალეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურება დასაქმებულს გადაუხადოს შეთანხმებული ოდენობით და დადგენილ ვადაში.

 

მოსარჩელე მოითხოვს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, ხოლო მხარეთა მიერ დადებული შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ზეგანაკვეთური სამუშაოს 4 საათის ანაზღაურება ჯამურად 6,61 ლარის ოდენობით, რაც არის საათში 1,65 ლარი. თუმცა რადგან მოსარჩელე როგორ სამხედრო ძლების ვეტარნი სარგებლოსბი საქართველოს საგდასახადო კოდექსით დადგენლი შეღავათით და გათავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისაგან. შესაბამისად, მის ზეგანაკვეთი სამუშაოს ანაზღაურებაა საათში 2,07 ლარი.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, 1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

 

ამდენად, შრომის ანაზღაურების ოდენობა, მისი გაცემის ფორმა და სხვა პირობები არის მხარეთა შეთანხმების საგანი. კანონით დადგენილი წესი გამოიყენება თუ შრომის ხელშეკრულებით სხვა რამ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, 1. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. ??????????? ??????? ??????? ???????? ??????????? ???????????? ??????????? ???????? . სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო. 1 1. თუ დამსაქმებლის საქმიანობა ითვალისწინებს წარმოების/შრომითი პროცესის 24-საათიან უწყვეტ რეჟიმს, მხარეები უფლებამოსილი არიან, დადონ შრომითი ხელშეკრულება ცვლაში მუშაობის შესახებ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების გათვალისწინებით და დასაქმებულისთვის ნამუშევარი საათების ადეკვატური დასვენების დროის მიცემის პირობით. 2. სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.

 

ამ ნორმის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ამ წესიდან გამონაკლისი დადგენილია სპეციფიური რეჟიმის მქონე საწარმოებში დასაქმებულებისათვის, სადაც სამუშაო დროის ხაგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. მოსარჩელე ასეთი რეჟიმის საწარმოში დასაქმებული არ იყო.

 

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების პირობები დადგენილია საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლით, რომლის თანახმად, 1. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო: ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ანაზღაურების გარეშე; ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – სათანადო ანაზღაურებით. 2. აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე. 3. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს. 4. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. 5. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.

 

ამდენად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით, ნორმირებულ სამუშაო დროდ განისაზღვრა კვირაში 40 საათი, გამონაკლისია სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოში დასაქმებულების გარკვეული კატეგორია, რომელთათვის სამუშაო დრო კვირაში არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

 

შრომითი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა, რადგან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით“. ამასთან, ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამუშაო დრო წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას, რომელზე შეთანხმებაც სავალდებულოა მხარეთათვის თავად ხელშეკრულების დადების მომენტში. შესაბამისად, ხელშეკრულების დადებით, დასაქმებული თავიდანვე თანხმობას აცხადებს შეთანხმებული სამუშაოს განხორციელების პირობებზე და აქვს კიდეც მოლოდინი იმისა, თუ რა სახით და რა ვადით მოუწევს მას საკუთარ ვალდებულებათა შესრულება.

 

დამსაქმებელი საწარმოს საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაო სპეციფიკური შინაარსისაა და იგი განსხვავდება ყოველ შრომით ურთიერთობაში. ამ განსხვავების გამო შრომითი მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო დროც განსხვავებულია და სამუშაო დროის ხანგრძლივობა კონკრეტული სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით, ამ სამუშაოზე დასაქმებულის მიერ განსახორციელებელ ფუნქციებთან არის დაკავშირებული.

 

მართალია მოსარჩელის სამსახური სპეციფიური რეჟიმის მქონე საწარმოში საქმიანობას არ უკავშირდებოდა, მაგრამ სამხედრო ნაწილის სასადილოში მუშაობა მოითხოვს კანონით განსაზღვრულ კვირაში 40 საათიან სამუშაო დროზე მეტ დროს, რაც გათვალისწინებულია შრომის ხელშეკრულებაში ზეგანაკვეთური სამუშაოს სახით, რომლის ანაზღაურება გათვალისწინებულია სტანდარტულ სამუშაო დროზე მეტი თანხით .

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხია, ის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თუ არა ლიმიტირებული ზეგანაკვეთური სამუშაო დრო და ამ ლიმიტის გადაჭარბებით ზეგანაკვეთური სამუშაო დრო უნდა აუნაზღაურდეს თუ არა დასაქმებულს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე სისტემატიურად სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ იმყოფებოდა სამსახურში. იგი სამსახურში იმყოფებოდა ერთ ცვლის განმავლობაში 24 საათზე მეტი დროის მანძილზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შპს ს----–-–--------------------------–-----აში დასაქმებულები მუშაობდნენ ცვლაში მუშაობის რეჟიმში, რომლის წესი ასევე განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსით, რომლის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. რიგ შემთხვევებში მოსარჩელე სამსახურში ცხადდებოდა და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მიმდევრობით რამდენიმე დღის განმავლობაში, რის გამოც ასეთი ქმედებით დარღვეულია ცვლაში მუშაობისათვის ზემოთდასახელებული ნორმის დანაწესი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „შრომა თავისუფალია“. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი მიზნად ისახავს შრომის თავისუფლების გარანტირებას, რაც ერთი მხრივ კრძალავს იძულებით შრომას, ხოლო მეორე მხრივ, ავალდებულებს კანონმდებელს, შექმნას ადამიანის არჩევანის ფარგლებში შრომის თავისუფლების უზრუნველყოფის შესაბამისი საკანომდებლო გარანტიები. შრომითი პროცესი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია დამსაქმებლის დავალების ფარგლებში არაერთჯერადად სამუშაოს შესრულებასთან. იგი მართალია ხორციელდება ორ სამართლებრივად თანასწორ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა ამავე დროს ახასიათებს დაქვემდებარებული ხასიათი. შრომითი ხელშეკრულების დადებისას მხარეები მოქმედებენ საკუთარი ნების შესაბამისად, თუმცა აშკარაა, რომ დამსაქმებელს უფრო მეტი საბაზრო ძალაუფლება და შრომითი ხელშეკრულების პირობებზე მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია დასაქმებულთან შედარებით. ადამიანის ღირსეული ცხოვრება ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამუშაოს შესრულებასა და ამ სამუშაოსათვის ანაზღაურების მიღებაზე, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან მომდინარე რისკები ხშირ შემთხვევაში უფრო მტკივნეულად აისახება დასაქმებულზე, მისი კეთილდღეობა შეიძლება დიდწილად დამოკიდებულიც იყოს სამუშაოს შესრულებიდან მიღებულ ანაზღაურებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში სრული სახელშეკრულებო თავისუფლების დადგენამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი დასაქმებულის მიერ შრომის თავისუფლების უფლების განხორციელებას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე 2/2/565 ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პრალამენტის წინააღმდეგ)

 

საქართველოს შრომის კოდექსში მითითებული შრომითი ურთიერთობის განმარტებიდან გამომდინარე დამსაქმებელი არის პირი, რომელიც ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში ახორციელებს პირთა დასაქმებას, იყენებს სხვა პირთა შრომას თავისი საქმიანობის წარმართვისათვის, ხოლო დასაქმებული არის ინდივიდი, რომელიც მოქმედებს დამსაქმებლის კონტროლისა და მითითებების შესაბამისად და იღებს ანაზღაურებას გონებრივი თუ ფიზიკური სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ. შრომის ორგანიზებული ხასიათი და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების გადახდა არის შრომითი ურთიერთობის მთავარი მახასიათებლები. შრომით ურთიერთობაში დასაქმებულის მთავარი ინტერესია მიიღოს შესრულებული სამუშაოსათვის შრომის ანაზღაურება შეთანხმების შესაბამისად. «ფსიქოფიზიკური ენერგია ის პროდუქტია, რომელიც დასაქმებულის მიერ შეიძლება გაიცვალოს შესაბამის ანაზღაურებაში. სამუშაოს შესრულება განსაკუთრებული პროდუქტია, რამდენადაც იგი მოითხოვს დასაქმებულის მიერ დროის (და გარკვეულწილად, პიროვნული თავისუფლების) დათმობას. შესაბამისად, თუ ამგვარი შრომა სათანადოდ არ იქნა მოწესრიგებული, მან შეიძლება ნეგატიური ასახვა ჰპოვოს დასაქმებულის ჯანმრთელობაზე” (შრომის კოდექსის კომენტარი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის გამოცემა. გამოცემული 2016 წელს).

 

სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი ეფუძნება დასაქმებულის სასარგებლო წესთა უპირატესობის პრინციპს, რომლის რეალიზაციის ერთერთი გამოვლინებაა კოდექსით მაქსიმალური სამუშაო დროის ზღვარის დაწესება. შრომის კოდექსის 14-ე მუხლით დადგენილი სამუშაო დრო სამუშაოს შესრულების ის ფარგლებია, რომლის ლეგიტიმური მოლოდინიც შეიძლება ჰქონდეს დამსაქმებელს. მეორე მხრივ, ის განსაზღვრავს იმ დროსაც, რომელიც დასაქმებულს შეუძლია დაუთმოს სხვადასხვა პიროვნულ საჭიროებებს (ძალების აღდგენას, კულტურულ აქტივობებს, გართობას, ოჯახს, დასვენებას, ა.შ.), რომელიც თანაბრად არსებითია სწორი ფსიქოფიზიკური მთლიანობის თვალსაზრისით.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთაღნიშნულ გადაწყვეტილებაში სამუშაო დროის ზღვრული ფარგლების მნიშვნელობის განმარტებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამუშაო დროისა და დასვენების დროის პროპორციულობაზე, რაც დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხზე ახდენს გავლენას და აქედან გამომდინარე დასაქმებულის ინტერესსაც წარმოადგენს.

 

იმის გამო, რომ შრომით ურთიერთობაში დასაქმებული ექვემდებარება დასაქმებულის მითითებებს, ევალება მის მიერ დადგენილი ორგანიზაციულ წესების დაცვა და მითითებების შესრულება, საკანონმდებლო წესით დადგინდა მაქსიმალური სამუშაო დრო, როს გამოც დასაქმებულს გააჩნია ლეგიტიმური მოლოდინი, რომ იგი სამუშაო ადგილზე, დასაქმებულის კონტროლქვეშ უნდა იყოს ამ დროის მანძილზე. ამ დროის შემდეგ სამუშაოს შესრულებისათვის დახარჯული დრო ზეგანაკვეთური სამუშაოა, რომელიც ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების გაზრდილი ოდენობით.

 

მოპასუხე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე. სამუშაო ადგილზე მოსასვენელი პირობების არსებობა საკმარისი არ არის იმის მტკიცებისათვის, რომ მოსარჩელე ამ პერიოდში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და სამუშაო ადგილზე ყოფნის დროს სრულად იყენებდა მხოლოდ დასვენებისათვის. ტაბელში აღრიცხულია მოსარჩელის სამსახურში გამოცხადების და სამსახურიდან წასვლის დრო, რაც აჭარბებს შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ცვლაში მუშაობისათვის განსაზღვრულ როგორც სტანდარტულ სამუშაო დროს, ისე ზეგანაკვეთურ სამუშაო დროს.

 

ამასთან, სამუშაო დროის გადაჭარბებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რის გამოც ეს არ იყო გამოწვეული სამუშაო პროცესში წარმოქმნილი განსაკუთრებული, წინასწარ გაუთვალისწინებელი საჭიროებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო დროზე გადაჭარბებით ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაო. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის 14-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს. ამ ნორმის თანახმად, კვირაში 40 საათზე მეტი დროის მანძილზე სამუშაოს შესრულება ზეგანაკვეთურ სამუშაოს წარმოადგენს, რაც ანაზღაურებადი სამუშაო დროა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ცვლაში 4 საათის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე სისტემატიურად სამუშაოს ასრულებდა ამ დროის გადაჭარბებით, რომლის ანაზღაურების ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილიდან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ზეგნაკვეთური სამუშაო უნდა აუნაზღაურდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის გათვალისწინებული საათობრივი ანაზღაურებით. საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ამდენად, კანონით გათვალისწინებულია ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის ანაზღაურების გადახდა საათობრივი ანაზღაურების გაზრდილი ოდენობით, ხოლო ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ამ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების საკითხი და მის ოდენობად განსაზღვრულია 4 საათში 6,61 ლარი (მოსარჩელის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახდი არ იქვითება და შეადგენს 2,07 ლარს).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზეგანაკვეთური სამუშაოს საათში 3 ლარით ანაზღაურების შესახებ შრომის კოდექსის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე უსაფუძვლოა და ამ ნორმის საფუძველზე მას უნდა აუნაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობით.

 

სადაო პერიოდში ზეგანაკვეთური სამუშაოს რაოდენობაა: 2016 წლის აგვისტოში 50 საათი, 2016 წლის სექტემბერში 170 საათი, 2016 წლის ოქტომბერში 140 საათი, 2016 წლის ნოემბერში 130 საათი, 2016 წლის დეკემბერში 140 საათი, 2017 წლის იანვარში 150 საათი, 2017 წლის თებერვალში 187 საათი, 2017 წლის მარტში 175 საათი, 2017 წლის აპრილში 148 საათი, 2017 წლის მაისში 173 საათი, 2017 წლის ივნისში 92 საათი.

 

საერთო ჯამში საათში 2,07 ლარის ანაზღაურების პირობით მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 3208,5 ლარი.

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა შვებულების თანხის ანაზღაურების შესახებ.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.

 

ამავე კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებულია შრომის უფლება და დასვენების უფლება. დეკლარაციის 24-ე მუხლით აღიარებულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და მოცალეობის უფლება სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და ანაზღაურებული პერიოდული შვებულების უფლების ჩათვლით.

 

„ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი პირი, რომელიც შვებულებაში გადის ამ კონვენციის მე –2 მუხლის შესაბამისად, შვებულების მთელი პერიოდისათვის იღებს: ა) ან ეროვნული კანონებითა და წესებით განსაზღვრული ხერხით გამოთვლილ თავის ჩვეულებრივ ჯილდოს ნატურის სახით ჯილდოს შესაბამისი ფულადი ექვივალენტის დამატებით, თუკი ასეთი არის; ბ) ან ჯილდოს, რომელიც განსაზღვრულია კოლექტიური შეთანხმებით. აღნიშნული კონვენცია საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 22 თებერვლის დადგენილებით.

 

ამ კონვენციის თანახმად, ფასიან შვებულებაში ყოფნის დროს დასაქმებული იღებს ეროვნული კანონით ან კოლექტიური შეთანხმებით დადგენილი წესით გამოთვლილი თავის ჩვეულებრივ ჯილდოს, გასამრჯელოს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ 2017 წლის ივნისში მოსარჩელე იმყოფებოდა ფასიან შვებულებაში, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას შვებულების თანხის ანაზღაურებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელე გათავისუფლებულია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ანაზღაურების მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაკისრებული თანხის 3%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა რაც არის 100 ლარი. სახელმწიოფ ბაჯი გადაიხდევინება შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ზ----- ბ-------ის სარჩელი ;

1.1. შპს "ს----–-–--------------------------–-----ას" დაეკისროს ზ----- ბ-------ისათვის 3208,5 ლარის გადახდა;

1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა შვებულების ანაზღაურების, ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოს საათში 3 ლარით ანაზღაურების შესახებ;

 

2. შპს „ს----–-–--------------------------–-----ას“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი