გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/59-2018წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე
მოსარჩელე - მ-------ი გ-------ე
წარმომადგენელი -დ----- ქ----–--ე
მოპასუხე - შპს ,,დ---- ბ--–----- კ-------’’
წარმომადგენელი - ლ---- ბ------–---–ი
დავის საგანი: შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე შპს ,,დ---- ბ--–----- კ-------’’-ს მ-------ი გ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 10040(ათიათასორმოცი) ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე შპს „დ---- ბ--–----- კ-------“-ს მ-------ი გ-------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს შრომის ანაზღაურების დავალიანების - დაყოვნებული თანხის 10040 ლარის 0.07%, კერძოდ, 07 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 24 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 20 ივლისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადით, რომლის თანახმადაც, მ-------ი გ-------ე კოშკურა ამწით მოემსახურებოდა დამსაქმებელს 2016 წლის 30 აგვისტომდე. მან კეთილსინდისიერად შეასრულა სამუშაო ქ.ქუთაისის დ. აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თუმცა მოპასუხეს სამუშაოს ღირებულება არ გადაუხდია. ერთი სამუშაო დღის ღირებულება წარმოადგენდა 170 ლარს, სულ სამუშაო დღეთა ოდენობაა 64 დღე. სამუშაო დაასრულა 2016 წლის 24 სექტემბერს. მოპასუხეს მისთვის გადასახდელი აქვს 10040 ლარი.
ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე მხარეებს შორის 2017 წლის 17 მარტს შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ვალი დაიფარებოდა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით 2017 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. მოპასუხემ აღნიშნული შეთანხმება არ შეასრულა, რის გამოც ის ვალდებულია ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს ასევე დაყოვნებული თანხის 0.07%.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხე შპს ,,დ---- ბ--–----- კ-------’’-მ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა: მხარეებს შორის ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 20 ივლისს გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით იმავე წლის 30 აგვისტომდე. მაგრამ ეს იყო არა შრომითი ხელშეკრულება, არამედ ნარდობის ხელშეკრულება. ამიტომ ეთანხმებიან იმ გარემოებას, რომ მათ ვერ შეძლეს შეთანხმების შესრულება, თუმცა პირგასამტეხლოს სახით 0.07%-ის დაკისრების მოთხოვნა არ მიაჩნიათ რელევანტურად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2016 წლის 20 ივლისს მოსარჩელე მ-------ი გ-------ეს და შპს ,,დ---- ბ--–----- კ-------ს'' შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით, რომლის საფუძველზე მ-------ი გ-------ე შპს ,,დ---- ბ--–----- კ-------’’-ში დასაქმდა და მისი ყოველდღიური ანაზღაურება განისაზღვრა 170 ლარით.
ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანხმად, ხელფასი შეიცავს ყველა სახის სახელფასო გადასახადებსა და ანარიცხებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნულ გადასახადებს და ანარიცხებს დაქირავებული სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხდის დარიცხული ხელფასიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2016 წლის 20 ივლისის შრომითი ხელშეკრულება (ს/ფ -20),-მხარეთა ახსნა-განმარტება (ს/ფ 79-84 ).
3.2. შპს ,,დ---- ბ--–----- კ-------ს’’ დირექტორის მიერ 2017 წლის 03 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, მ-------ი გ-------ის ერთი სამუშაო დღის ღირებულებაა 170 ლარი, საშემოსავლოს და საწვავის ჩათვლით. სამუშაო დღეების რაოდენობა-64 დღე. გადასახდელი თანხის ოდენობა -10040 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა (ს/ფ -22)
3.3. 2017 წლის 03 მარტს მხარეებს შორის შედგენილი შეთანხმების აქტის მიხედვით, მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმდნენ, რომ არსებულ დავალიანებას 10040 ლარს მოპასუხე დაფარავდა 6 თვეში გრაფიკის შესაბამისად, 2017 წლის აპრილ-მაისში 1680 ლარის, ხოლო მომდევნო თვეებში 1700 ლარის ოდენობით.
მოპასუხეს თანხა მოსარჩელისთვის დღემდე არ გადაუხდია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------ი გ-------ის სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 42-ე მუხლები,-სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 115-ე მუხლები,-საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, მე-2, მე-6, 21-ე, 31-ე, 53-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით; შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
საქართველოს შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ეს კოდექსი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა.
ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. მე-2 ნაწილის თანახმად კი, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის შესაბამისად ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე მუხლის 12 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესრულების ვადით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.
ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ-------ი გ-------ეს და შპს ,,დ---- ბ--–----- კ-------ს’’ შორის შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 20 ივლისის შრომითი ხელშეკრულებით, რომლის თანახმად, მ-------ი გ-------ე შპს ,,შპს დ---- ბ--–----- კ-------’’ -ში დასაქმდა კოშკურა ამწის მემანქანედ და მისი ყოველდღიური ხელფასი განისაზღვრა 170 ლარით, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 64 დღე.
შესაბამისად, მოპასუხე მ-------ი გ-------ეს და შპს ,,დ---- ბ--–----- კ-------ს'' შორის 2016 წლის 20 ივლისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მათ შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა.
6.3. სასამართლო განმარტავს: შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს, დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
,,შრომის კოდექსის'' მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ე''ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია შრომის ანაზღაურება და გადახდის წესი, ხოლო ამავე კოდექსის მე-31 მუხლით განსაზღვრულია შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა, გაცემის დრო და ადგილი, რომლის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები არ გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07%.
მხარეთა შორის 2016 წლის 20 ივლისს დადებული შრომის ხელშეკრულების მე-2 პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს შრომის ანაზღაურების წესი, კერძოდ: 1. მუშაკის შრომის ანაზღაურება (შემდგომში ,,ხელფასი’’) ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გაწეული სამუშაოსათვის განისაზღვრა 1 სამუშაო დღეში 170 ლარით. ხელფასი შეიცავს ყველა სახის სახელფასო გადასახადებსა და ანარიცხებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის დაქირავებული.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 20 ივლისს დადებული შრომითი ხელშეკრულება არის ნარდობის ხელშეკრულება. რადგან დადგენილი გარემოებებიდან ირკვევა, რომ მხარეებს შორის დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით. მოსარჩელემ დათქმულ ვადაში შეასრულა სამუშაო. ეს შეთანხმება წარმოადგენს ჩვეულებრივ შრომით ხელშეკრულებას, მოპასუხეს უნდა გადაეხადა მოსარჩელისთვის ხელფასი. თავად მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ხელფასი არც დათქმულ ვადაში და არც შემდეგ გადაუხდია.
ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაციას აქვს მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება, რაც უნდა აუნაზღაუროს.
6.5. ,,შრომის კოდექსის'' 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
აღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობებია: პირი შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში უნდა იმყოფებოდეს ანაზღაურებაზე ვალდებულ პირთან და შრომითი ანაზღაურების წესი უნდა იყოს დარღვეული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით დადგენილი შრომის ანაზღაურების წესი და შესაბამისად მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%, 2016 წლის 24 სექტემბრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, რადგან საქართველოს კანონით ,, სახელმწიფო ბაჟის შესახებ” მე-5 მუხლის I ნაწილის ,,ა” პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა''ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 -ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო 10040 ლარის ნაწილში, ხოლო არ ცნო დაყოვნებული თანხის 0.07% ანაზღაურების ნაწილში. ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. მის მიერ გადახდილია მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის 50 ლარი. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლისა და 39-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც არ ცნო.
სს კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' და ,,ე'' ქვეპუნქტების თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით; ე) უვადო ან სამუდამო (გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, დაყოვნებული თანხის 10040 ლარის, 0.07% - 07 ლარი დაყოვნების ყოველი დღისათვის, რაც სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით შეადგენს 7665.00 (7 x 365x3= 7665) ლარს შესაბამისად მოპასუხეს მ-------ი გ-------ის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს ბიუჯეტის სასარგებლოდ 229.95 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და საქმის მასალების თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახბაჟის სანაცვლოდ 50 ლარისა ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,დ---- ბ--–----- კ-------ს’’ (ს/ნ 4--------) შემდეგ საბანკო ანგარიშებს: 1) სს ,,თიბისი ბანკი’’, TBCBGE22, GE93TB7565936080100001 და 2) სს ,,პროგრეს ბანკი’’, PRSGGE22, GE63PG0000001037180533 სასარჩელო მოთხოვნის 10 040 ლარის ფარგლებში - უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუცო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-------ი გ-------ის (პ/ნ 6----------) სარჩელი შპს ,,დ---- ბ--–----- კ-------’’-ს (ს/ნ 4--------) მიმართ დაკმაყოფილდეს;
1.1. მოპასუხე შპს ,,დ---- ბ--–----- კ-------’’-ს მ-------ი გ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 10040 (ათიათასორმოცი) ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე შპს „დ---- ბ--–----- კ-------“-ს მ-------ი გ-------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს შრომის ანაზღაურების დავალიანების - დაყოვნებული თანხის 10040 ლარის 0.07%, კერძოდ, 07 ლარი ყოველ დაყოვნებულ დღეზე 2016 წლის 24 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.3. შპს ,,დ---- ბ--–----- კ-------ს'' მოსარჩელე მ-------ი გ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარის ანაზღაურება;
1.4. შპს ,,დ---- ბ--–----- კ-------ს'' სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 229,95 ლარის გადახდა;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,დ---- ბ--–----- კ-------ს’’ (ს/ნ 4--------) შემდეგ საბანკო ანგარიშებს: 1) სს ,,თიბისი ბანკი’’, TBCBGE22, GE93TB7565936080100001 და 2) სს ,,პროგრეს ბანკი’’, PRSGGE22, GE63PG0000001037180533 სასარჩელო მოთხოვნის 10 040 ლარის ფარგლებში, - დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ.#11) და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე