გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210016001618608
№2-3684/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე სსიპ „ი------–--------–ი“
წარმომადგენლები თ-------–--–---
მოპასუხე შპს ,,ა-----------ა”
წარმომადგენელი გ--–--------
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ა-----------ას“ დაეკისროს სსიპ ი------–--------–ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 64 249,36 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე შპს „ა-----------ას“ დაეკისროს სსიპ ი------–--------–ის სასარგებლოდ ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა 321,25 ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებულია შემდეგ არგუმენტებზე:
2015 წლის 15 იანვარს სსიპ ი------–--------–ს და შპს „ა-----------ას“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N02-35 ქალაქ ბათუმის ი------–--------–ის შენობის გარე ფასადის დეკორატიული (ფერადი) განათების აღდგენის უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით, რომლის თანახმად შპს „ა-----------ას“ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული მომსახურება უნდა გაეწია ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 64249,36 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით. შპს „ა-----------ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა 2015 წლის 13 მარტს, რითაც დაირღვა მომსახურების მიწოდებისათვის განსაზღვრული სახელშეკრულებო ვადა, რის გამოც მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 321,25 ლარის ოდენობით, რომელიც მას არ გადაუხდია.
ასევე მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 თვეში ბათუმის ი------–--------–ის შენობის გარე ფასადის დეკორატიული (ფერადი) განათების სისტემა მუშაობდა ხარვეზებით. აღნიშნული ხარვეზების შესახებ ეცნობა შპს „ა-----------ას“ და ეთხოვა საგარანტიო პირობების საფუძველზე მუშაობისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. მოპასუხის მიერ 2015 წლის სექტემბრის ბოლოს განხორციელდა რეაგირება და სისტემა ნაწილობრივ შეკეთდა, მაგრამ ხარვეზების საბოლოო გამოსწორება მაინც არ მომხდარა და სისტემა პერიოდულად კვლავ ზიანდებოდა, ხოლო 2015 წლის 9 დეკემბერს კი გათიშული იქნა შენობის გარე ფასადის დეკორატიული განათების დაახლოებით 50%. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად და უხარისხოდ ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია მასზე ზიანის მიყენება, რომელიც შეადგენს 64 249,36 ლარს, ვინაიდან მის მიერ ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიუხედავად მან ვერ მიიღო სათანადო მომსახურება და იგი იძულებულია ხელახლა გაიღოს ხარჯები, რათა აღადგინოს ი------–--------–ის გარე ფასადზე არსებული დეკორატიული განათების სისტემა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ სრულყოფილად იქნა შესრულებული მასზე დაკისრებული სამართლებრივი მოვალეობა. მან დაამონტაჟა განათებები და ამასთან დაკავშირებით გაფორმდა სამუშაოების მიღების შესაბამისი დოკუმენტი. შპს „ა-----------ას“ არ ევალებოდა უკვე შესრულებული სამუშაობის შემდეგ ყოველდღიური კონტროლი და დამატებითი სახსრების გაღება დამონტაჟებული განათების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. ის რა პრობლემებსაც მოსარჩელე წააწყდა შემდგომში არის მთლიანად მისი დაუდევრობის შედეგი. მან თანხების დაზოგვის მიზნით საერთოდ არ მიიღო საჭიროდ იმ მომსახურების ყიდვა, რაც განათების სისტემის მოვლას ეხებოდა, ამ ყველაფრით კი მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ განათება დაზიანდა ამინდისა თუ სხვა ბუნებრივი პირობების გამო, რაც იმის მიზეზით კი არ მომხდარა, რომ 2 წლის წინ დამონტაჟებული განათება უხარისხოდ იქნა შესრულებული, არამედ იმ მიზეზით, რომ მოსარჩელე მხარე სათანადოდ არ უვლიდა მას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა მიერ ფაქტობრივი გარემოებები სადაოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ქ. ბათუმის ი------–--------–ის ფასადის დეკორატიული განათების შემოწმების და ტესტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ი------–--------–ის მიერ 2014 წლის 18 სექტემბერს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. ზ/აღნიშნულ ტენდერის შედეგებიდან გამომდინარე ი------–--------–სა და შპს „ა-----------ას“ შორის 2014 წლის 7 ოქტომბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. ბათუმის ი------–--------–ის ფასადის დეკორატიული განათების შემოწმებისა და ტესტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაცია.
- სსიპ ი------–--------–სა და შპს „ა-----------ას“ შორის 2014 წლის 7 ოქტომბერს დადებული N02-232 ხელშეკრულება.
3.2.2. სსიპ ი------–--------–სა და შპს „ა-----------ას“ შორის 2014 წლის 7 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ა-----------ამ“ ბათუმის ი------–--------–ის შენობის გარე ფასადის დეკორატიული განათების შემოწმებისა და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით შეადგინა შემაჯამებელი ანგარიში, განათების სისტემაში არსებული ხარვეზებისა და მათი გამოსწორებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.
აღნიშნულ ანგარიშში მითითებულია, რომ ი------–--------–ის შენობის გარე ფასადის დეკორატიული განათების სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორებისა და სისტემის აღდგენისათვის საჭირო იყო დაახლოებით 45-50 კალენდარული დღე, ხოლო ერთიანი პროგრამული სისტემის გამართვისა და გაშვების სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 66 416 ლარს.
ამავე ანგარიშის თანახმად შპს „ა-----------ა“ რეკომენდაციას იძლეოდა, რომ სისტემის აღდგენა/გამართვის შემდგომ საჭირო იყო სისტემას მომსახურებოდა სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რათა დროულად მომხდარიყო ხარვეზების აღმოფხვრა და თავიდან ყოფილიყო აცილებული გლობალური დაზიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- შემაჯამებელი ანგარიში.
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული შემაჯამებელი ანგარიშის გათვალისწინებით სსიპ „ი------–--------–მა“ 2014 წლის 16 დეკემბერს გამოაცხადა SPA140029802 ელექტრონული ტენდერი შენობების ხელოვნური და ბუნებრივი განათების უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2015 წლის 9 იანვრის N2 სხდომის ოქმით კი ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა ამავე ანგარიშის შემდგენი შპს „ა-----------ა“ და მიწვეულ იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი.);
- SPA140029802 ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია.
3.2.4. 2015 წლის 15 იანვარს სსიპ „ი------–--------–ს“ და შპს „ა-----------ას“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N02-35 ქალაქ ბათუმის ი------–--------–ის შენობის გარე ფასადის დეკორატიული (ფერადი) განათების აღდგენის უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელს ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული მომსახურება უნდა გაეწია ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 64 249,36 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2015 წლის 30 აპრილი.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებდა სსიპ „ი------–--------–ის“ სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური. ამავე ხელშეკრულების მე-6 ნაწილით შეთანხმდნენ შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესზე, რომლის თანახმადაც შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტით. მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდებოდა მომსახურების მიწოდების შემდეგ, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირების მიერ წარმოდგენილი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე.
ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის. აღნიშნული მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს შესაძლებელია დაკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით.
ხელშეკრულების მე-12 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ გარანტიაზე, რომლის თანახმადაც გაწეულ მომსახურებაზე ვრცელდებოდა გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში. მომწოდებელი საგარანტიო პერიოდში ვალდებული იყო შემსყიდველისათვის გაეწია რეკომენდაცია განათების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ. ხელშეკრულების 12.2. პუნქტის თანახმად კი საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი კისრულობდა ვალდებულებას შემსყიდველის მიმართვის შემდეგ, გონივრულ ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა, გარდა მექანიკურად გამოწვეული დაზიანებისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი.);
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება 02-35. 15.01.2015წ.
- შპს „ა-----------ას“ შემაჯამებელი ანგარიში.
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულება. 10.03.2016წ.
3.2.5. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 19 მარტს შედგენილი გაწეული მომსახურების აქტით დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ა-----------ას“ მიერ 2015 წლის 15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 2015 წლის 13 მარტს.
2015 წლის 19 მარტს სსიპ „ი------–--------–ის“ ბათუმის ფილიალის სამეურნეო და მატერიალური-ტექნიკური სამსახურის სპეციალისტის მიერ შედგენილი იქნა ინსპექტირების აქტი, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ შპს „ა-----------ას“ მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდა ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით, გარდა ხელშეკრულების მერვე მუხლისა, რის გამოც შპს „ა-----------ას“ დაეკისრა პირგასამტეხლო ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,1 %-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 321,25 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი.);
- 2015 წლის 19 მარტს შედგენილი გაწეული მომსახურების აქტი.
- 2015 წლის 19 მარტის ინსპექტირების აქტი.
3.2.6. 2015 წლის 19 მარტს სსიპ „ი------–--------–სა“ და შპს „ა-----------ას“ შორის გაფორმდა მიღება- ჩაბარების აქტი, მხარეებს შორის 2015 წლის 15 იანვარს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად და ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილი დასკვნის საფუძველზე. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით მხარეებმა დაადასტურეს, რომ „მიმწოდებლის“ მიერ სრულად იქნა გაწეული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, კერძოდ ქ. ბათუმის ი------–--------–ის შენობის გარე ფასადის არსებული დეკორატიული (ფერადი) განათების აღდგენის უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა საერთო ღირებულებით 64249,36 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 19 მარტის აქტი მიღება-ჩაბარების შესახებ.
3.2.7. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განათების სისტემის საგარანტიო ვადის განმავლობაში აღმოჩნდა ხარვეზი, რის შესახებაც სსიპ „ი------–--------–ის“ მიერ 2015 წლის 31 აგვისტოს N2277 წერილით ეცნობა შპს „ა-----------ას“. აღნიშნული წერილის თანახმად ბათუმის ი------–--------–ში 2015 წლის 25 აგვისტოს გამოვლენილი იქნა გარე განათების სისტემის არასრულფასოვანი მუშაობის ფაქტი, კერძოდ: 14 სართულიან ნათებაში გამოირთო პირველი სართულის სანათები, ვერტიკალურ მწკრივში გამოირთო მთლიანი ერთი ზოლი - 14 სართული, მეთორმეტე სართულზე ჩაქრა რამდენიმე ზოლი, ფასადის მარჯვენა მხრიდან (გზის მხარე) მთლიანად ჩაქრა განათება.
მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ მოხდა რეაგირება, შპს „ა-----------ის“ მიერ გამოსწორდა ხარვეზები, მოიხსნა რამდენიმე დაზიანებული სანათი და 2015 წლის 18-21 ოქტომბერს დამონტაჟდა შეკეთებული ნათურები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი.);
- ი------–--------–ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 31 აგვისტოს N2277 წერილი.
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულება. 10.03.2016წ.
3.2.8. დადგენილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე შპს „ა-----------ას“ მიერ საგარანტიო ვადის განმავლობაში გამოსწორდა ხარვეზები და გამოიცვალა დაზიანებული სანათები, ბათუმის ი------–--------–ის გარე განათების სისტემა უამინდობის გამო კვლავ დაზიანდა და 2015 წლის 9 დეკემბერს კვლავ დაფიქსირდა ბათუმის ი------–--------–ის გარე განათების სისტემის არასრულფასოვანი მუშაობის ფაქტი.
2015 წლის 16 დეკემბერს შპს „ა-----------ას“ კვლავ გაეგზავნა წერილი გამოვლებილი ხარვეზების არსებობის შესახებ და მიეცა ვადა არაუგვიანებს 5 დღისა განეხორციელებინა წერილში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრა.
განათების სისტემის არასრულფასოვანი მუშაობის და ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე შპს „ა-----------ას“ ასევე გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის საშუალებით წერილები ხელშეკრულების ინსპექტორებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.
როგორც საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ცნობებით დგინდება, შპს „ა-----------ას“ შესყიდველი ორგანიზაციის წერილები არ ჩაბარდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი.);
- ი------–--------–ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 16 დეკემბრის N3378 წერილი.
- ხელშეკრულების ინსპექტორებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიმოწერა.
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულება. 10.03.2016წ.
- საფოსტო ცნობები.
3.2.9. 2016 წლის 12 იანვარს სსიპ „ი------–--------–მა“ მასა და შპს „ა-----------ას“ შორის 2015 წლის 15 იანვარს გაფორმებული N02-35 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება საგარანტიო მომსახურების ნაწილში ცალმხრივად შეწყვიტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი.);
- ი------–--------–ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 12 იანვრის N12 წერილი.
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულება. 10.03.2016წ.
3.2.10. 2016 წლის 8 სექტემბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურის მიერ შედგენილი იქნა ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ, სადაც დაფიქსირდა ი------–--------–ის ბათუმის ფილიალში დაზიანებული ფასადის დეკორატიული განათების სისტემის მდგომარეობა, რომლის თანახმად შენობის გარე ფასადის დეკორატიული განათების 50% გამორთულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი.);
- აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ.
3.2.11. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 23 მარტს შპს „ა-----------ას“ მიერ სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მეშვეობით გადარიცხული იქნა პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა 321,25 ლარის ოდენობით სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ სსიპ „ი------–--------–ის“ ანგარიშზე.
როგორც სს „საქართელოს ბანკის“ 2018 წლის 16 აპრილის წერილით დგინდება, 2015 წლის 23 მარტის მდგომარეობით სს „საქართველოს ბაკში“ სსიპ ი------–--------–ის ანგარიში იყო დახურული და შესაბამისად შპს „“ა-----------ას“ მიერ გადარიცხული თანხის 331,25 ლარის ჩარიცხვა ვერ განხორციელდა, რის გამოც აღნიშნული თანხა შპს „ა-----------ას“ დაუბრუნდა სს „ვი თი ბი ბანკი ჯორჯიას“ ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მიერ გაცემული თანხის ჩარიცხვის ქვითარი. (საგადახდო დავალება N7. 23.03.2015წ).
- სს „საქართელოს ბანკის“ 2018 წლის 16 აპრილის წერილი.
3.2.11. მოსარჩელე სსიპ „ი------–--------–ის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ საგარანტიო ვადის განმავლობაში არ იქნა შესრულებული ვალდებულება და არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი სრულად. მიუხედავად მოპასუხის მიერ ჩატარებული სამუშაოებისა, განათების სისტემა პერიოდულად კვლავ ზიანდებოდა, ხოლო 2015 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით გათიშული იქნა შენობის გარე ფასადის დეკორატიული განათების 50%. მოპასუხის მიერ უხარისხოდ და არაჯეროვნად ჩატარებულმა სამუშაოებმა კი გამოიწვია მასზე ქონებრივი ზიანის მიყენება. რაც მისი მტიცებით შეადგენს 64 249,36 ლარს, ვინაიდან იგი იძულებულია ხელახლა გაიღოს ხარჯი და თავიდან აღადგინოს ი------–--------–ის გარე ფასადზე არსებული განათების სისტემა.
მოპასუხე შპს „ა-----------ის“ წარმომადგენელი კი განმარტავს, რომ მის მიერ სრულყოფილად და ხარისხიანად იქნა შესრულებული სამუშაო, რასაც მოწმობს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მიიღო შესრულება. მოპასუხის მტკიცებით მას არ ევალებოდა უკვე შესრულებული სამუშაობის შემდეგ ყოველდღიური კონტროლი და დამატებითი სახსრების გაღება დამონტაჟებული განათების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. ის რა პრობლემებსაც მოსარჩელე წააწყდა შემდგომში არის მთლიანად მისი დაუდევრობის შედეგი. მან თანხების დაზოგვის მიზნით საერთოდ არ მიიჩნია საჭიროდ იმ მომსახურების ყიდვა, რაც განათების სისტემის მოვლას ეხებოდა, ამ ყველაფრით კი მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ განათება დაზიანდა ამინდისა თუ სხვა ბუნებრივი პირობების გამო, რაც იმის მიზეზით კი არ მომხდარა, რომ მის მიერ დამონტაჟებული განათება უხარისხოდ იქნა შესრულებული, არამედ იმ მიზეზით, რომ მოსარჩელე მხარე სათანადოდ არ უვლიდა მას. ასევე მოპასუხე სადაოდ ხდის ზიანის ოდენობასაც.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების ჯეროვანი შესრულება უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. ხოლო ზიანის მიყენების ფაქტის და თავად ზიანის ოდენობის მტკიცების ვალდებულება გააჩნია მოსარჩელეს, რასაც ამ შემთხვევაში ვერ ამტკიცებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი.);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ისტიციის სახლის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მოპასუხე შპს „ა-----------ას“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 321,25 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელეს მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრებაზე უარი უნდა ეთქვას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 494-ე, 629-ე, 639-ე, 641-ე, 642-ე, 645-ე, 653-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგებათა დადების წესს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. სწორედ ამ პრინციპის შესაბამისია მხარეთა შორის დადებული გარიგება.
სადაო არაა ის გარემოება, რომ 2015 წლის 15 იანვარს სსიპ „ი------–--------–ს“ და შპს „ა-----------ას“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N02-35 ქალაქ ბათუმის ი------–--------–ის შენობის გარე ფასადის დეკორატიული (ფერადი) განათების აღდგენის უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელს ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული მომსახურება უნდა გაეწია ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 64 249,36 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2015 წლის 30 აპრილი.
თავისი შინაარსით ზ/აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას და შესაბამისად მხარეებს შორის აღნიშნული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი იქნა უფლება-მოვალეობები.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის თანახმად ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და ამას მხარეებიც არ ხდიან სადაოდ, რომ მოპასუხემ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს გადასცა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი. აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეებს შორის 2015 წლის 19 მარტს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 653-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით გაწეულ მომსახურებაზე ვრცელდებოდა გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში. მომწოდებელი საგარანტიო პერიოდში ვალდებული იყო შემსყიდველისათვის გაეწია რეკომენდაცია განათების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ. ხელშეკრულების 12.2. პუნქტის თანახმად კი საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი კისრულობდა ვალდებულებას შემსყიდველის მიმართვის შემდეგ, გონივრულ ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა, გარდა მექანიკურად გამოწვეული დაზიანებისა.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განათების სისტემის საგარანტიო ვადის განმავლობაში აღმოჩნდა ხარვეზი, რის შესახებაც სსიპ „ი------–--------–ის“ მიერ 2015 წლის 31 აგვისტოს N2277 წერილით ეცნობა შპს „ა-----------ას“. აღნიშნული წერილის თანახმად ბათუმის ი------–--------–ში 2015 წლის 25 აგვისტოს გამოვლენილი იქნა გარე განათების სისტემის არასრულფასოვანი მუშაობის ფაქტი. მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ მოხდა რეაგირება და შპს „ა-----------ის“ მიერ გამოსწორდა ხარვეზები, მოიხსნა რამდენიმე დაზიანებული სანათი და 2015 წლის 18-21 ოქტომბერს დამონტაჟდა შეკეთებული ნათურები.
ასევე დადგენილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე შპს „ა-----------ას“ მიერ საგარანტიო ვადის განმავლობაში გამოსწორდა ხარვეზები და გამოიცვალა დაზიანებული სანათები, ბათუმის ი------–--------–ის გარე განათების სისტემა უამინდობის გამო კვლავ დაზიანდა და 2015 წლის 9 დეკემბერს კვლავ დაფიქსირდა ბათუმის ი------–--------–ის გარე განათების სისტემის არასრულფასოვანი მუშაობის ფაქტი. მოსარჩელის მიერ კვლავ გაეგზავნა წერილი მოპასუხეს გამოვლენილი ხარვეზების არსებობის შესახებ და მიეცა ვადა არაუგვიანებს 5 დღისა განეხორციელებინა წერილში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრა.
როგორც საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ცნობებით დგინდება, შპს „ა-----------ას“ შესყიდველი ორგანიზაციის წერილები არ ჩაბარდა.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სსიპ „ი------–--------–მა“ 2015 წლის 15 იანვრის ხელშეკრულება საგარანტიო მომსახურების ნაწილში 2016 წლის 12 იანვრის N70 წერილით ცალმხრივად შეწვიტა და მოითხოვა მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების სახით 64 249, 36 ლარის დაკისრება, ანუ იმ თანხის დაკისრება, რომელიც წარმოადგენდა მთლიან სახელშეკრულებო ღირებულებას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით.
სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”. ამავე კოდექსის 409-ე მუხლით ,,თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება”.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვის. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412 მუხლის თანახმად კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.
ზ/აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.
ამდენად სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის ანუ მისი პასუხისმგებლობა უნდა შემოიფარგლოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილიდანაც, რომლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.
მოცემულ შემთხვევაში მართალია საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ამჟამად სსიპ იუსტიცის სახლის გარე განათების სისტემის ნაწილი გამორთულია, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული სისტემის გაუმართავი მუშაობა გმოწვეულია მოპასუხის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო, თუ იგი გამოწვეულია რაიმე მექანიკურად გამოწვეული დაზიანნების გამო, რომელშიც მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის. ასევე წარმოდგენლი მასალებით არ დასტურდება, კონკრეტულად 64 249,36 ლარის ოდენობის ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
6.6. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის დანაწესზე, რომლის მიხედვითაც ,,1. თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. 2. დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს“.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით მხარეებს ჰქონდათ კომუნიკაცია, მენარდემ თავდაპირველად აღმოფხვრა საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ხარვეზი, თუმცა შემდგომში როგორც თავად მოსარჩელე მიუთითებს უამინდობის გამო კვლავ დაზიანდა განათების სისტემა. ასევე დადგენილია, რომ არ შესწავლილა ხარვეზებთან დაკავშირებული პრეტენზიების საფუძვლიანობა. უფრო მეტიც, მოპასუხე არ ეთანხმება ხარვეზების არსებობას და განმარტავს, რომ განათების სისტემის არასრულფასოვანი მუშაობა გამოწვეულია მოსარჩელის ბრალით.
6.7. ამასთან სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ „ი------–--------–მა“ მენარდეს მოსთხოვა ნაკლის გამოსწორება, მაგრამ მისი წინადადება მენარდემ უპასუხოდ დასტოვა. საქმის მსვლელობისას სასამართლოსაც ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა მასზედ, რომ შპს “ა-----------ა“ არაა განწყობილი გამოასწოროს ნაკლი. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ „ი------–--------–ს“ ნაკლი თვითონ აღმოფხვრილი არ აქვს, შესაბამისად მისი მოთხოვნა არაა ნაკლის გამოსწორებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. მისი მოთხოვნა არაა ნაკლის აღმოსაფხვრელი ავანსის მოთხოვნაც. მოსარჩელე ამ შემთხვევაში მოითხოვს იმავე თანხას, რაც მან მოპასუხეს გადაუხადა სამუშაოს შესრულებაში, ანუ მოითხოვს იმ თანხის ანაზღაურებას, რასაც შემდგომში დახარჯავს სხვა სუბიექტის მეშვეობით ბათუმის ი------–--------–ის გარე ფასადზე არსებული დეკორატიული განათების მთლიანი სისტემის აღდგენისათვის. ეს კი სცილდება ავანსის დანიშნულებას და შინაარსს.
სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოსარჩელე ცალმხრივად მოშლიდა ხელშეკრულებას და გავიდოდა ხელშეკრულებიდან, მაშინ ორივე მხარე გამოიყენებდა საქ. სკ-ის 405 მუხლის პირობას და ერთმანეთს მოსთხოვდა იმას, რაც ხელშეკრულების საფუძველზე ერთმანეთისაგან მიიღეს. ანუ შემკვეთი დაიბრუნებდა გადახდილ თანხას, სანაცვლოდ მენარდე მიიღებდა იმ ფასადს, რაც მოაწყო შემკვეთისათვის. წინამდებარე შემთხვევაში ასეთ გარემოებას ადგილი არ აქვს და ვერც ექნება. შემკვეთი ხელშეკრულებიდან არ გავიდა. მან მიიღო შესრულება და ის მითხოვს მხოლოდ ზიანის ანაზღაურებას. ზიანად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მან უნდა გამოასწოროს ნარდობის საგნის ნაკლი. იდეაში ესეც ზიანია, მაგრამ ასეთ ზიანზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლით დადგენილი საზღაურის შემცირების პირობა. ანუ თუ ნივთი ნაკლიანია და ეს ნაკლი აღმოფხვრა შემკვეთმა, ის მენარდეს საზღაურს გადაუხდის იმ ფასით ნაკლებს, რაც დახარჯა ნივთის ნაკლის გამოსწორებისას. წინამდებარე შემთხვევაში შემკვეთს ნაკლი გამოსწორებული არ აქვს, შესაბამისად ზუსტად არ დგინდება, რას შეადგენს ეს ზიანი და რა თანხით უნდა შემცირდეს ნარდობის ხელშეკრულების ღირებულება. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ კლასიკური გაგებით ზიანს ადგილი ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შემკვეთი გავიდოდა ხელშეკრულებიდან. ასეთ შემთხვევაში მას უფლება ექნებოდა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ ზიანზე ედავა. ნივთის ნაკლის გამო წარმოშობილ ზიანს არეგულირებს სპეციალური ნორმები და დავის გადასაწყვეტად სწორედ ეს სპეციალური ნორმები უნდა იქნას გამოყენებული. მათი შინაარსი ზოგადად ზიანის ანაზღაურებასა და მხარეთა გათანაბრებასაც გულისხმობს. სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით დავის გადაწყვეტისათვის ნივთის ნაკლის ღირებულება დაკავშირებული უნდა იქნას არა პირდაპირ ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ ნივთში ნაკლის აღმოჩენისას წარმოშობილ ურთიერთობებთან და უნდა გადაწყდეს იმ ერთერთი ვარიანტის მიხედვით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ ზემოთ. ყველაზე ახლოს ამ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნასთან დგას უფლება, შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას. მთავარი პრობლემა დავის გადაწყვეტისას ისაა, რომ გაურკვეველია რა თანხა შეიძლება დაჯდეს ნაკლის აღმოფხვრა. აღნიშნულის მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელეს ეკუთვნის, რაც მის მიერ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ სსიპ „ი------–--------–ის“ სასარჩელო მოთხოვნა შპს „ა-----------აზე“ ზიანის ანაზღაურების სახით 64 249,36 ლარის დაკისრების ნაწილში არის დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებზე უარის თქმის საფუძველია.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სანივთო უზრუნველყოფის ღონისძიებებს, კერძოდ მოთხოვნის უზრუნველყოფის ისეთ დამატებით საშუალებას, როგორიცაა პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 15 იანვარს სსიპ „ი------–--------–ს“ და შპს „ა-----------ას“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N02-35 ქალაქ ბათუმის ი------–--------–ის შენობის გარე ფასადის დეკორატიული (ფერადი) განათების აღდგენის უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელს ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული მომსახურება უნდა გაეწია ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 64 249,36 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2015 წლის 30 აპრილი.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ა-----------ას“ მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდა დაგვიანებით, რის გამოც შპს „ა-----------ას“ დაეკისრა პირგასამტეხლო ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,1 %-ის ოდენობით. შესაბამისად, ვინაიდან ვალდებულება შესრულდა 5 დღის დაგვიანებით, პირგასამტეხლოს ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 321,25 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად “კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
სასამართლო ვერ გაითვალისწონბეს მოპასუხის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ 321,25 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო გადახდილი იქნა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მართალია მოპასუხემ დაკისრებული პირგასამტეხლო ჩარიცხა სს „საქართველოს ბანკში“ სსიპ „ი------–--------–ის“ ანგარიშზე, მაგრამ როგორც სს „საქართელოს ბანკის“ 2018 წლის 16 აპრილის წერილით დგინდება, აღნიშნული თანხა შპს „ა-----------ას“ დაუბრუნდა სს „ვი თი ბი ბანკი ჯორჯიას“ ანგარიშზე.
ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნა საფუძვლიანია და არსებობს ამ ნაწილშიც სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ საქმეზე, დავის საგნის ღირებულების 64570,61 ლარის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 1937,12 ლარს. მოსარჩელე სსიპ ი------–--------–ის მიერ სარჩელზე გადახდილია 1985,62 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება ნაწილობრივ 321,25 ლარის ფარგლებში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 9,64 ლარის ანაზღაურება, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, მასვე სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 48,50 ლარი, ხოლო 1927,48 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.12.2016 წლის განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „ა-----------ას“ კუთვნილ უძრავ ქონებას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ, არ არსებობს სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის დანაწესისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 47-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ ი------–--------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე შპს „ა-----------ას“ დაეკისროს სსიპ „ი------–--------–ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 321,25 ლარის ოდენობით.
1.2. სსიპ „ი------–--------–ს“ მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრებაზე უარი ეთქვას.
2. მოპასუხე შპს „ა-----------ას“ მოსარჩელე სსიპ ი------–--------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 159,64 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
3. სსიპ „ი------–--------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს, მის მიერ 18.11.2016 წელს #21704 საგადახდო დავალებით, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 48,50 ლარი. მოსარჩელე სსიპ „ი------–--------–ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1927,48 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქს საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე