გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/13136-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე - ოთ----------------ა
წარმომადგენელი - ლე-----------–-–---–ი
მოპასუხე - შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------ი“
წარმომადგენელი - უჩ-------------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------ი“-ს ოთ----------------ას სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისროს 25 907,48 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 10 ნოემბერს შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------“-სა და ოთ----------------ას შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის შესახებ N--.0------.0-- ხელშეკრულება 3 თვის ვადით. სესხის თანხად განისაზღვრა 4000 აშშ დოლარი.
მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა მფლობელობითი გირავნობის წარმოშობა ძვირადღირებულ, ლიმიტირებული წარმოების, მოოქროვილ, მაღალხარისხიან მაჯის საათზე შემდეგი მახასიათებლებით: მწარმოებელი - ,,R----”, დამზადების წელი - 1996 წ., მოდელი - 1----;
მოსარჩელე მხარემ ვერ განახორციელა სესხის გრაფიკით პირველი გადახდის ვალდებულების (100 აშშ დოლარის) შესრულება, ხოლო მეორე გადახდის ვადის დადგომისას, 2017 წლის 10 იანვარს, მიმდინარე დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით გამოცხადებულ მოსარჩელეს, მოპასუხის წარმომადგენელმა პროგრამული ხარვეზის მოტივითა და სიტუაციის გარკვევის მიზნით შესთავაზა მომდევნო სამუშაო დღეს გამოცხადება. მომდევნო გამოცხადებაზეც იგივე განმეორდა, ხოლო ბოლოს კი, 2017 წლის 17 იანვარს, მოპასუხის მორიგე თანამშრომელმა ზეპირსიტყვიერად განუცხადა სესხის ხელშეკრულების ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვეტისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ.
2017 წლის 30 იანვარს, ზემოაღნიშნულ საკითხზე სამართლებრივი კონსულტაციის მიღების შემდეგ, მოსარჩელემ მოპასუხისაგან ინფორმაციული წერილით მოითხოვა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის, მათ შორის სარეალიზაციო ფასის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ჩაბარდა მოპასუხის მორიგე თანამშრომელ ნინო ზარიძის მიერ. მოპასუხემ მისი მოთხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა.
გირავნობის ობიექტი შეიძინა მოსარჩელის დედამ - მ---------–-ამ 2015 წლის 17 ნოემბერს ნიუ - იორკში (აშშ) მდებარე ,,L----------------”-ის საკოლექციო ნივთების გამოფენაზე 14 096 აშშ დოლარად. მოსარჩელე მხარის მიერ გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2017 წლის 20 აპრილს დაკვეთილ იქნა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა გირავნობის საგნის - R-----ის ფირმის 18 238 მოდელის მაჯის საათის საშუალო საბაზრო ღირებულება 15 000 აშშ დოლარის (36624) ლარის ოდენობით.
მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის საფუძველია მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულების ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვეტა და გირავნობის საგნის რეალიზაცია. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გულისხმობდა ჯამში 4300 აშშ დოლარის მოპასუხის სასარგებლოდ ანგარიშსწორების ვალდებულებას, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 10 700 აშშ დოლარს (15000-4300), რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი აშშ დოლართან ოფიციალური გაცვლითი კურსით (2,4104) შეადგენს 25 791,28 ლარს.
(იხ. სარჩელი, ს.ფ. 3-7).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------ი“-ს წარმომადგენელმა შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
2016 წლის 26 დეკემბერს მოსარჩელეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი დავალიანების თაობაზე ხელშეკრულებაში და წარმოდგენილ სარჩელში მითითებულ მისამართზე, ასევე ეცნობა მისი სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, გირავნობის საგნის რეალიზაციის შესაძლებლობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილების წერილი მხარეს არ ჩაბარდა, ხელშეკრულების მე-9 მუხლის მიხედვით, ის ჩაბარებულად ითვლება. გზავნილი მოსარჩელესთან მივიდა 12:38 საათზე, ხოლო ხელშეკრულების მიხედვით 10:00-დან 20:00-მდე შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში ის ჩაბარებულად ითვლება.
მოსარჩელე მხარის განმარტება და მითითებული გარემოებები ვერ იქნება განხილული ზიანად, გამომდინარე იქედან, რომ მხარეები თავად შეთანხმდნენ გირავნობის საგნის საბაზრო ფასზე. ხელშეკრულების პირველ მუხლში, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ გირავნობის საგნის საბაზრო ფასი შეადგენს 4250 აშშ დოლარს. მიუხედავად იმისა, თუ რა ფასად შეიძინა მოსარჩელემ აღნიშნული ქონება, რა არის ამჟამად მისი სარეალიზაციო ფასი სხვადასხვა ქვეყანაში, თუ ვებ-გევრდზე, მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულად აღნიშნული ხელშეკრულების მიზნებისათვის გირავნობის საგნის ფასზე და ამდენად, ამ ხელშეკრულებისათვის სწორედ ეს ფასია საბაზრო. გირავნობის საგნის ფასს ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია მისი რეალიზაციისას, რამდენადაც, ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად, კერძოდ 12.6 პუნქტის მიხედვით, ,,გირავნობის საგნის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 1.6 პუნქტით გათვალისწინებულ ღირებულებას“. ამასთან, ,,მსესხებელი არ არის უფლებამოსილი დაეყრდნოს იმ გარემოებას, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის მომენტში საბაზრო ფასი იყო უფრო მაღალი“.
გამსესხებელი ვალდებულია უზრუნველყოს მესაკუთრის ინტერესების დაცვა იმდენად, რამდენადაც ეს ხელს არ შეუშლის მსესხებლის მიმართ გამსესხებლის მოთხოვნის სრულად და ჯეროვნად დაკმაყოფილებას. გამომდინარე იქედან, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციით სრულად იქნა დაკმაყოფილებული მსესხებლის ვალდებულება, ამდენად, გამსესხებლის მიერ შესრულებულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვერ იქნებოდა წინასწარ სავარაუდო.
სახეზე არ არის არც ზიანის ანაზღაურების მესამე წინაპირობა - მიზეზობრივი კავშირი. გირავნობის საგნის რეალიზაცია გამოიწვია მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევამ. დარღვევა არსებით იყო, რამდენადაც 3 შენატანიდან დაირღვა პირველივე და მეორე შენატანის გადახდის ვალდებულება. ბუნებრივია, მოპასუხემ დაიწყო გირავნობის საგნის რეალიზაციისათვის საჭირო ქმედებები და შესაძლებლობის არსებობის დროს, მოახდინა რეალიზაცია. რეალიზაცია განხორციელდა კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. რეალიზაციის შემდეგ, ასევე მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელეს წარედგინა ინფორმაცია რეალიზაციის შესახებ, რომელიც ასევე ჩაბარებულად ჩაითვალა.
საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მითითება, როგორც რეალიზაციის, ასევე რეალიზაციის შემდეგ ინფორმაციის მიუწოდებლობასთან დაკავშირებით.
(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 134-139).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------ი“-სა და ოთ----------------ას შორის 2016 წლის 10 ნოემბერს დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე ოთ----------------აზე სესხის სახით გაიცა 4000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის დარიცხვით. სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული სარგებლის გადახდა ხორციელდება დანართში მოცემული გრაფიკის მიხედვით, რაც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.
სესხის სარგებლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის ოდენობით, პირველი გადახდა უნდა მომხდარიყო 2016 წლის 12 დეკემბერს, მეორე გადახდა - 2017 წლის 10 იანვარს, ხოლო მესამე - 2017 წლის 10 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-23);
- ხელშეკრულების დანართი - გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით მხარეთა შორის წარმოიშვა მფლობელობითი გირავნობა. გირავნობის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის ოთ----------------ას საკუთრებაში არსებული საათი, რომლის მახასიათებლებია: დასახელება - R----; კოდი - 1----;
ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებმა განსაზღვრეს გირავნობის საგნის ღირებულება, კერძოდ 1.6. პუნქტის თანახმად, გირავნობის საგნის საბაზრო ფასი შეადგენს 4250 აშშ დოლარს.
მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ გირავნობის საგნის რეალიზაციის წესზე, კერძოდ, მითითებული ხელშეკრულების მე-12 პუნქტის თანახმად, გირავნობის საგნის რეალიზაცია ხორციელდება უშუალოდ გამსესხებლის მიერ ან გამსესხებლის მიერ შერჩეული სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით, ხოლო გირავნობის საგნის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 1.6. პუნქტით გათვალისწინებულ ღირებულებას.
ხელშეკრულების 12.7. პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციისას მხედველობაში მიიღება 1.6. პუნქტით გათვალისწინებული ფასი და მსესხებელი არ არის უფლებამოსილი დაეყრდნოს იმ გარემოებას, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის მომენტში საბაზრო ფასი იყო უფრო მაღალი. ამასთან, გამსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მესაკუთრის ინტერესების დაცვა იმდენად, რამდენადაც ეს ხელს არ შეუშლის მსესხებლის მიმართ გამსესხებლის მოთხოვნის სრულად და ჯეროვნად დაკმაყოფილებას. თუ გირავნობის საგანი გაიყიდება 1.6. პუნქტით გათვალისწინებულზე მეტ ფასად, გირავნობის საგნის გაყიდვით მიღებული თანხის ის ნაწილი, რომელიც აღემატება მოთხოვნის მოცულობისა და რეალიზაციის ხარჯების ჯამს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა მესაკუთრეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ 6.1. პუნქტის თანახმად, თუ მსესხებელმა გადააცილა გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ვადას 2 კვირაზე მეტით, გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს განუსაზღვროს გადახდის დამატებითი 2 კვირიანი ვადა არსებული დავალიანების (ვადის გადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ჩათვლით) დასაფარად. ამ ვადის განმავლობაში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება. თუ ვალდებულების შესასრულებლად მიცემული 2 კვირიანი დამატებითი ვადის გასვლამდე მსესხებელი არ დაფარავს დავალიანებას, გამსესხებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს სესხის ხელშეკრულება, მოითხოვოს დავალიანებისა და სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილის დაბრუნება და გამოიყენოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.
ხელშეკრულების 12.2 პუნქტის შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის უფლება არსებობს: ა) გამსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულების მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას. ბ) 6.1. პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში. გ) ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც გამსესხებელს ამ ხელშეკრულების ან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმოეშობა მსესხებლისგან სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოს ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და აღნიშული მოთხოვნა არ შეუსრულდება მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული იქნა შეტყობინების წესი, კერძოდ 9.1. პუნქტის თანახმად, მსესხებელს/მესაკუთრეს შეტყობინება შესაძლოა გაეგზავნოს: 9.1.1. რეგისტრირებულ მისამართზე; 9.1.2. ფაქტიურ მისამართზე; 9.1.3. სამუშაო ადგილის მისამართზე; 9.1.4. ალტერნატიულ მისამართზე; 9.1.5. ელექტრონული ფოსტის მისამართზე; 9.1.6. მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით.
ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, 9.1.1., 9.1.2. და 9.1.4. ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში წერილის ჩაბარება შესაბამის მისამართზე შესაძლებელია ყოველდღე, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ხოლო 9.1.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სამუშაო ადგილას დაწესებული სამუშაო დროის განმავლობაში.
ამასთან, 9.4. პუნქტის შესაბამისად 9.1.1.-9.1.4. ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წერილი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც 9.2. პუნქტით გათვალისწინებულ დროს შესაბამის მისამართზე არ იმყოფება არცერთი პირი ან პირი უარს აცხადებს წერილის ჩაბარებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. ოთ----------------ამ დაარღვია სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა 2016 წლის დეკემბრისა და მომდევნო თვეების საპროცენტო სარგებელი.
შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------მა“ 2016 წლის 26 დეკემბერს მოსარჩელე ოთ----------------ას გაუგზავნა გაფრთხილების წერილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე. აღნიშნული წერილის საფუძველზე მოსარჩელეს განემარტა, რომ 2016 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით მისი დავალიანება შეადგენდა 170 აშშ დოლარს, საიდანაც ვადაგადაცილებული პროცენტი იყო 100 აშშ დოლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო 70 აშშ დოლარი და ვალდებულების შესასრულებლად განესაზღვრა ორ კვირიანი ვადა 2017 წლის 10 იანვრამდე.
2016 წლის 26 დეკემბრის გაფრთხილების წერილი შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------ი“-ს დაუბრუნდა უკან ჩაუბარებელი სახით, რადგან ადრესატი არ იმყოფებოდა მისამართზე. როგორც უკუგზავნილშია მითითებული ადრესატი ,,თ----------- ცნობით აღარ ცხოვრობს“ - ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე - თ---–---, უ------- 8, ბ------ში;
2017 წლის 16 იანვარს, შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------ი“-ს მიერ გირავნობის საგანი გასხვისდა 4250 აშშ დოლარად.
გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით დაიფარა ოთ----------------ას დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების წერილი (ს.ფ. 148-149);
- უკუგზავნილი (ს.ფ. 150);
- რელიაზაციის აქტი (ს.ფ. 151);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 152);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დაარღვია გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე გაფრთხილების ვალდებულება.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მიუთითებს 26.12.2016 წლის შეტყობინებაზე, რაც მისი განმარტებით, მოსარჩელეს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, ხელშეკრულებაში აღნიშნულ მისამართზე.
საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 26 დეკემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა მოსარჩელეს ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე - თ---–---, უ------- 8, ბ-----, გაგზავნის დრო - 26.12.2016 15:06, კურიერის ვიზიტის თარიღი - 27.12.2016 12:38. ორივე მხარის მისამართები მოცემულია ხელშეკრულებაში. აღნიშნული შეტყობინებით შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------მა“ აცნობა მსესხებელს, დავალიანების არსებობის თაობაზე და განუსაზღვრა დამატებით ორ კვირიანი ვადა. ამავე წერილით მსესხებელს განემარტა მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში და ეცნობა, რომ თუ 2017 წლის 10 იანვარმდე არ დაფარავდა დავალიანებას, სესხის ხელშეკრულება შეწყდებოდა, გამსესხებელი მოთხოვდა დავალიანებისა და სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილის დაბრუნებას და დაიწყებდა იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს, მათ შორის, განხორციელდებოდა გირავნობის საგნის რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამავე კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას.
ხელშეკრულებიდან გასვლის მომწესრიგებელი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის) ძალით ხორციელდება ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის გაუქმება. ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ მხარეებს წარმოეშობათ ახალი ვალდებულება – ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი დაუბრუნონ ერთმანეთს. ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენის საშუალებით ხორციელდება, ამისთვის არ არის აუცილებელი ხელშეკრულების მეორე მხარის თანხმობა.
მოპასუხე მოსარჩელის გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის თაობაზე გაფრთხილებას უკავშირებს 2016 წლის 26 დეკემბრის წერილს, რომლითაც ოთ----------------ას ეთხოვა დავალიანების დაფარვა 2 კვირის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გაფრთხილებულ იქნა ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ მან მოსარჩელეს აცნობა დავალიანების შესახებ და არა უშუალოდ რეალიზაციის თაობაზე.
გირაოს ვადამოსულობასთან ერთად კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა მისი რეალიზაციით ან მასზე საკუთრების მოპოვებით. ვადამოსულობა სახეზეა შესრულების ვადის დადგომისას მოვალის მიერ უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად ან ნაწილობრივ (მაგ., პროცენტები ან განვადების წილის) შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 5 სექტემბრის N3კ/705-01 განჩინება) აუცილებელი არ არის მოვალისათვის დამატებითი შესრულების ვადის განსაზღვრა, ისევე როგორც მას ხელს არ უშლის მოვალის მიერ უზრუნველყოფილი მოთხოვნის სადავოდ ქცევა ან შესაგებლის წარდგენა. ამ შემთხვევაში დამგირავებლის დაცვა მოულოდნელი რეალიზაციისაგან და მისთვის შესრულების ,,მეორე შანსის“ მინიჭება უზრუნველყოფილია შეტყობინების ვალდებულებით, სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოგირავნე კარგავს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებას, თუ დამგირავებლისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარების დღიდან ნებისმიერ დროს, ვიდრე არ განხორციელებულა გირავნობის საგნის რეალიზაცია, შესრულდება უზრუნველყოფილი მოთხოვნა.
ამდენად, კანონმდებლის მიზანი ნათლად ჩანს, როდესაც განსაზღვრა მოგირავნის ვალდებულება რეალიზაციის შეტყობინების ნაწილში. ამასთან, გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლების დაკარგვა დაუკავშირა სწორედ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარების დღიდან ნებისმიერ დროს, ვიდრე არ განხორციელებულა გირავნობის საგნის რეალიზაცია.
გაფრთხილება უნდა შეიცავდეს მითითებას რეალიზაციის ფორმასთან დაკავშირებით, რათა დამგირავებელმა თუ სხვა მოგირავნეებმა უკეთ გათვალონ რეალიზაციის შედეგები და ის, უღირთ თუ არა სამოქალაქო კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლების გამოყენება.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ დავალიანების არსებობის შესახებ შეტყობინება არ ათავისუფლებს კრედიტორს სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულებისაგან, რადგან ხელშეკრულებიდან გასვლით მხარე გამოხატავს ნებას, არ გააგრძელოს კონტრაგენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მის მიერ შემოთავაზებული მტკიცების დადასტურება იმასთან დაკავშირებით, რომ გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის თაობაზე შეატყობინა მოსარჩელე მხარეს.
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების მიხედვით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გირავნობის საგნის, რომლის მახასიათებლებია: დასახელება - R----; კოდი - 1---- , საბაზრო ღირებულებაა 15 000 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მოწმის ჩვენებაც და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულებას) განხილვას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მოწმის ჩვენების სისწორეზე. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად დაუსაბუთებელი დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებებზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები - არასარწმუნოდ.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ვ---------“-ს 2017 წლის 15 მაისის დასკვნის თანახმად, 15 მაისის მდგომარეობით მითითებული მაჯის საათი R-----ის საბაზრო ღირებულება შეადგენს 15 000 აშშ დოლარს, რაც იმ დროისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 36 624 ლარს.
მოპასუხე საწინააღმდეგო გარემოების დასადასტურებლად უთითებს იმ გარემოებას, რომ გირავნობის საგნის საბაზრო ფასი განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით, რამაც შეადგინა 4250 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170.2 მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
სამართალწარმოებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლომ მოტივირებული გადაწყვეტილებით უნდა დაასაბუთოს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების მართლზომიერება.
ექსპერტიზის დასკვნა არის წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც იმ პირის მიერ, ვისაც გააჩნია სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში, გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტიზის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ექსპერტიზაში; იმ მასალებისა და აქტების მონაცემებს, რომლებიც საჭიროებენ ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის მიმართ დავალებას; გამოსაკვლევ ობიექტთან მიმართებაში გამოყენებულ სამეცნიერო და კვლევითი მეთოდების მონაცემებს; იმ გარემოებებს, რომლის დადგენაც შეადგენს ექსპერტის საბოლოო მიზანს. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. ექსპერტის დასკვნის ძირითადი, ანუ კვლევითი ნაწილი უნდა შეიცავდეს კვლევითი პროცესის დროს გამოყენებულ მეთოდებს, მეცნიერულ - ტექნიკურ საშუალებებს, ნორმატიულ მასალებს, გამოკვლევის აღწერას, დასაბუთებას და შედეგებს.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი იქნა შპს ,,ვ---------“-ს 2017 წლის 15 მაისის დასკვნა. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვ---------ს“ ექსპერტს ბ---------------ეს - MRICS, აუდიტორ-შემფასებელი, რომელიც არის 16 წლის სტაჟით. დასკვნა შეიცავს გამოსაკვლევ ობიექტთან მიმართებაში გამოყენებულ კვლევითი მეთოდების მონაცემებს, კერძოდ, მითითებულია თუ როგორ და რა მასალებზე დაყრდნობით დაადგინა ექსპერტმა ,,R----“-ის ბრენდის 1---- მოდელის მაჯის საათის საბაზრო ღირებულება; დასკვნა ასევე შეიცავს მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, გამოკვლევის აღწერას, დასაბუთებას და შედეგებს.
შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ვ---------“-ს 2017 წლის 15 მაისის დასკვნით ნათლად დგინდება გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ოთ----------------ასათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსასაზღვრავად.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ განსაზღვრულ გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულებას, თუმცა არ წარმოუდგენია მტკიცებულება საბაზრო ღირებულების ოდენობის შესახებ, რაც ექსპერტის, სპეციალისტის მიერ იქნებოდა შესრულებული და გააბათილებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს ,,ვ---------“-ს დასკვნას გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 170-ე, 172-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316-ე, 317-ე, 254-ე, 260-ე, 282-ე, 283-ე, 2851-ე, 394-ე, 408-ე და 409-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. დადგენილია, რომ ოთ----------------ა წარმოადგენს მსესხებელსა და გირავნობის საგნის მესაკუთრეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე და იმაზე, იქონიებს თუ არა ეს ურთიერთობა დასახულ შედეგებს.
მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებლის შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.
აღნიშნული მუხლი ადგენს გირაოს რეალიზაციის ზოგად წესს - მის რეალიზაციას უშუალოდ მოგირავნის მიერ. ეს გირავნობის სამართლის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნოვაციაა და ზედმეტს ხდის გირავნობის საგნის აუქციონის მეშვეობით რეალიზაციას. უშუალოდ მოგირავნის მიერ დაგირავებული ნივთის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს მისი პირდაპირი მიყიდვით მესამე პირისათვის (283 I 2), ან სპეციალური სავაჭრო დაწესებულებისათვის გასაყიდად ჩაბარებით (283 II). დაგირავებული მოთხოვნის რეალიზაცია ხორციელდება მოგირავნის სასარგებლოდ შესრულებით (283 III).
მოგირავნეს შეუძლია, 283 I და II მუხლით გათვალისწინებულ რეალიზაციის ფორმებს შორის 278-ე მუხლის წინაპირობების დადგომის შემდეგაც კი გააკეთოს არჩევანი, თუ ეს გამორიცხული არ არის მხარეთა შეთანხმებით. დასაშვებია, რომ მხარეთა შეთანხმებით მოგირავნის დაკმაყოფილების ფორმებს შორის არჩევანის უფლება დამგირავებელს ჰქონდეს მინიჭებული.
გირავნობის საგნის რეალიზაცია უშუალოდ მოგირავნის მიერ მისი რეალიზაციის ერთ-ერთი გზაა. მოგირავნე გირავნობის საგანს ყიდის თავისი შეხედულებით, თუმცა კანონი ადგენს ზოგად პირობებს, რომლებიც უნდა იქნეს დაცული გასხვისების დროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირდაპირი მიყიდვის გზით გირაოს რეალიზატორი მოგირავნე ვალდებულია, გაასხვისოს ის გონივრულ ფასად, თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, რის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ის პასუხს აგებს ამ პირთა წინაშე კანონისმიერი ვალდებულების დარღვევისათვის.
პირდაპირი მიყიდვა გულისხმობს მოგირავნის (ან მისი პირდაპირი წარმომადგენლის)
მიერ ნასყიდობის დადებას საკუთარი სახელით (ან არაპირდაპირი წარმომადგენლის მიერ თავისი სახელით) და შემდეგ გირაოზე საკუთრების გადაცემას, რისი უფლებამოსილებაც მას გირავნობის ხელშეკრულებით აქვს მინიჭებული. პირდაპირი მიყიდვის გზით გასხვისებასა და სავაჭრო დაწესებულებისათვის გასაყიდად მინდობას შორის არჩევანი მოგირავნის გასაკეთებელია, თუმცა გონივრულზე დაბალ ფასად გასხვისების შემთხვევაში ზემოთ ხსენებული პასუხისმგებლობისაგან (283 I 2 მუხლის ანალოგიით) ის მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება, თუ დაამტკიცებს, რომ ვერც რეალიზაციის სხვა ფორმა იქნებოდა რაიმე განსხვავებული შედეგის მომატანი.
ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება მოგირავნეს შეუძლია იმ ფაქტის მტკიცებით, რომ შეუძლებელი იყო სხვა ფასად გასხვისება;
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები.
აღნიშნული ნორმა ადგენს პროცედურას, რომელიც დაცული უნდა იქნეს გირავნობის საგნის რეალიზაციის დროს.
დამგირავებლის წერილობითი გაფრთხილება გირაოს რეალიზაციასთან დაკავშირებით, 282.1 მუხლის მიხედვით, არის ფორმა - და მიღებასავლდებულო ნების გამოხატვა.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების დარღვევა არ იწვევს გირაოს რეალიზაციის არანამდვილობას, თუმცა ამ შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, აუნაზღაუროს დამგირავებელს ამით მიყენებული ზიანი (სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლი); მოგირავნე თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ამ ვალდებულების შესრულების შემთხვევაშიც დამგირავებლისათვის იგივე შედეგი დადგებოდა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე გაფრთხილების ვალდებულება.
მოპასუხის მხრიდან დაირღვა აგრეთვე გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ წერილობითი ანგარიშის წარდგენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2851-ე მუხლის თანახმად, რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია, რეალიზაციის განხორციელებიდან გონივრულ ვადაში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, წარუდგინოს დამგირავებელს წერილობითი ანგარიში გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეალიზაციის ხარჯების, რეალიზაციიდან ამონაგები თანხისა და ამ თანხის გამოყენების თაობაზე.
გირავნობის საგნის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის შემთხვევაში, მათ შორის გირაოს გაფრთხილების გარეშე რეალიზაციისასაც მოგირავნეს ეკისრება დამგირავებლისათვის გონივრულ ვადაში მიღებასავალდებულო ნების გამოხატვის მეშვეობით ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება.
კანონმდებელი არც ამ ნორმაში და არც სადმე სხვაგან არ იძლევა გონივრული ვადის ლეგალურ დეფინიციას, თუმცა შესაძლებელია, ამ დეფინიციისათვის გერმანულ სამართალს დავესესხოთ, სადაც თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში მოქმედება ითვლება დაუყოვნებლად (გონივრულ ვადაში) განხორციელებულად, თუ ის ბრალეული დახანების გარეშე ხდება. (იხ. გსკ-ის 121.1 პარაგრაფი. აქ მოცემული დეფინიცია აღიარებულია გონივრული ვადის ზოგად განმარტებად); ეს ვადა გულისხმობს არა მყისიერად - გირავნობის საგნის რეალიზაციისთანავე ანგარიშის ჩაბარების ვალდებულებას, არამედ გონივრული ვადის გამოთვლისას გათვალისწინებული უნდა იყოს მონაწილეთა პატივსადები ინტერესი.
ამ შემთხვევაში ვადის გონივრულობა განისაზღვრება ანგარიშის ჩაბარების შესაძლებლობისა და მხარეთა პატივსადები ინტერესის აწონ-დაწონის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ოთ----------------ას მისი მოთხოვნის (წერილის) საფუძველზე რეალიზაციიდან სამი კვირის შემდეგ ეცნობა ანგარიშის შესახებ და განემარტა, რომ რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხით 4250 აშშ დოლარით დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა და დაფარული იქნა მსესხებლის ვალდებულება სრულად.
ის ფაქტი, რომ ოთ----------------ას გირავნობის საგნის გაყიდვიდან სამ კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ ეცნობა რეალიზაციის შესახებ ანგარიში, ცალსახად მიუთითებს ანგარიშის წარდგენის ვადის დარღვევაზე, რადგან არ ჯდება გონივრულობის ფარგლებში, მით უმეტეს იმ პირობებში როდესაც აღნიშნულ ცნობას წინ უსწრებდა მოვალის წერილობითი მოთხოვნა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მხრიდან გირავნობის საგნის რეალიზაცია განხორციელდა არამართლზომიერად, რაც მოსარჩელეს ანიჭებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განამტკიცებს კერძო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - კეთილსინდისიერების პრინციპს, რომლის ძალითაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავი ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა გადაცემაც სხვა პირთათვის დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს სხვა კრედიტორთან შედარებით უპირატეს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებების თავისებურება იმაშია, რომ ისინი გარანტირებულს ხდიან ვალდებულების შესრულებას მისი დარღვევის შემთხვევაში და სწორედ ამ მიზანმიმართულებით ხასიათდებიან. ისინი მთლიანად შესრულების ფუნქციით არიან დატვირთულნი და არ წარმოადგენენ რაიმე დამატებით საჯარიმო ხასიათის დატვირთვებს მოვალისათვის. ამდენად, გირავნობის ურთიერთობის მთავარი მიზანი არის მოგირავნემ დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა. გირავნობა არ წარმოშობს ნივთზე უფლებას, მისი მესაკუთრე რჩება დამგირავებელი, მოგირავნის უფლება დაკავშირებულია არა ნივთთან, არამედ მის ღირებულებასთან.
მოგირავნის გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით დაკმაყოფილებისას დგება უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და გირავნობის საგნის ღირებულების შეპირისპირების საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებელია, გირავნობის საგნის ღირებულება შეიცვალოს გირავნობის ურთიერთობის განმავლობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაგირავებულ ნივთის ღირებულება, გაცემული სესხის ოდენობას მრავალჯერ აღემატებოდა, კერძოდ, გირავნობის საგანი - ,,R----“-ის ბრენდის 1---- მოდელის მაჯის საათი, შეძენილი იქნა London Jewelers აუქციონზე 14 096 აშშ დოლარად, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრით. (ს.ფ. 26-28);
მხარეები სადავოს არ ხდიან, რომ 2017 წლის 16 იანვარს, შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------ი“-ს მიერ გირავნობის საგანი გასხვისდა 4250 აშშ დოლარად.
საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ვ---------“-ს 2017 წლის 15 მაისის დასკვნა. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვ---------ს“ ექსპერტს ბ---------------ეს - MRICS, აუდიტორ-შემფასებელი, რომელიც არის 16 წლის სტაჟით. დასკვნა შეიცავს გამოსაკვლევ ობიექტთან მიმართებაში გამოყენებულ კვლევითი მეთოდების მონაცემებს, კერძოდ მითითებულია თუ როგორ და რა მასალებზე დაყრდნობით დაადგინა ექსპერტმა ,,R----“-ის ბრენდის 1---- მოდელის მაჯის საათის საბაზრო ღირებულება; დასკვნა ასევე შეიცავს მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, გამოკვლევის აღწერას, დასაბუთებას და შედეგებს.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გირავნობის საგნის, რომლის მახასიათებლებია: დასახელება - R----; კოდი - 1----, საბაზრო ღირებულებაა 15 000 აშშ დოლარი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება მოგირავნემ უნდა განახორციელოს კეთილსინდისიერად. კეთილსინდისიერად მოქმედება სავალდებულოა ვალდებულებითი ურთიერთობის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერი მხარისათვის. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
გადაცემული საგნის სამართლიან და გონივრულ ფასად რეალიზაციის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოგირავნე ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი მდგომარეობა. ამდენად, ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს, რომლის ძალითაც დაზარალებულს, როგორც კრედიტორს, უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისაგან. სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან გირავნობის საგნის რეალიზაცია განხორციელდა არამართლზომიერად. ვინაიდან, ნივთის კეთილსინდისიერ შემძენზე პირდაპირი გზით მიყიდვის შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, მოგირავნის პასუხისმგებლობა განისაზღვრება რეალური ზიანით – ნივთის ღირებულებით, მიუხედავად იმისა რა თანხით შეფასდა გირავნობის საგანი მოგირავნისათვის გადაცემის დროს.
შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მსჯელობას მასზედ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ფასად შეიძინა მოსარჩელემ აღნიშნული ქონება, რა არის მისი სარეალიზაციო ფასი ამჟამად სხვადასხვა ქვეყანაში, თუ ვებ-გევრდზე, მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულად აღნიშნული ხელშეკრულების მიზნებისათვის გირავნობის საგნის ფასზე და ამდენად, ამ ხელშეკრულებისათვის სწორედ ეს ფასია საბაზრო.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულებაა 15 000 აშშ დოლარი. დავის საგანს არ წარმოადგენს ასევე ის, რომ მოპასუხემ გირავნობის საგანი გაასხვისა 4250 აშშ დოლარად.
მოსარჩელე მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას ანგარიშობს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 4300 აშშ დოლარისა და გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულების 15000 აშშ დოლარის სხვაობის მიხედვით და განმარტავს, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 10 700 აშშ დოლარს, რაც სარჩელის შემოტანის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგენს 25 791,28 ლარს, ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი 25 907,48 ლარისა;
შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია ოთ----------------ას აუნაზღაუროს გირავნობის საგნის არამართლზომიერი რეალიზაციის შედეგად მიყენებული ზიანი 25 791,28 ლარის ოდენობით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები. მოპასუხემ ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, შესაბამისად არსებობს მისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები 25 791,28 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ხარჯები შედგება სახელმწიფო ბაჟისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისგან. ამავე კოდექსის 53-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო ხარჯების განაწილების წესს. აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით მოსარჩელეს უფლება აქვს მისი მოთხოვნის სარცელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოითხოვოს მოპასუხეზე მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრება.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------ი“-ს ოთ----------------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის, სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული 773,73 ლარის, ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი 2100 ლარისა და სასამართლოს გარეშე ხარჯის 62 ლარის გადახდა. ხოლო დარჩენილი თანხა 3,49 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოსარჩელე ასევე, ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის 2000 ლარის გადახდა.
ოთ----------------ას მოთხოვნა საადვოკატო ხარჯების 2000 ლარის შესახებ ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული. სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 53-ე და 47-ე მუხლის თანახმად, სადაც კანონმდებელი განმარტავს, რომ ხარჯები უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს დავის საგნის ღირებულების 4%-ს. ამავდროულად ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საქმეზე „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, ”რომ პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების დაკისრება შეუძლია მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობიდაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული, იმ მიზნით რომ მიღებულიყო ანაზღაურება იმ საკითხთან დაკავშირებით რომელიც წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში მხარეს წარმოდგენილი აქვს საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 2000 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია რომ მოთხოვნილი გაწეული საადვოკატო ხარჯებიდან დავის სირთულის, მასზე გაწეული საქმიანობის დროისა და რესურსების, თავად საქმის განხილვის სირთულისა და ვადების თვალსაზრისით, საადვოკატო ხარჯები უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით, რაც სასამართლოს აზრით, შეადგენს 500 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით გაუქმდა მითითებულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ოთ----------------ას სარჩელი მოპასუხე შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------ი“-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------ი“-ს მოსარჩელე ოთ----------------ას სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს 25 791,28 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------ი“-ს მოსარჩელე ოთ----------------ას სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 773,73 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------ი“-ს მოსარჩელე ოთ----------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 500 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.
5. მოპასუხე შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------ი“-ს მოსარჩელე ოთ----------------ას სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად - 2100 ლარის გადახდა;
6. მოპასუხე შპს ,,მი----------------------------–-----------------–----------------ი“-ს მოსარჩელე ოთ----------------ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად 62 ლარის გადახდა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი