გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.10.2018
საქმის ნომერი
010210217002001087
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
07.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210217002001087

# 2-2536/2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.02.2018წ. ქ. ბათუმი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

 

განმცხადებელი: ჯე---– ჩა--–--–---–-

წარმომადგენელი: მე---- ქა---------

 

მოთხოვნის არსი: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. განმცხადებლის მოთხოვნა:

 

1.1. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ განმცხადებელ ჯე---– ჩა--–--–---–-ს მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებულია მისი აწგარდაცვლილი მამის - დუ------ ჩა--–--–---–-ს სამკვიდრო ქონება;

1.2. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ განმცხადებელ ჯე---– ჩა--–--–---–-ს მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებულია მისი აწგარდაცვლილი ბაბუას - ჯე---– ჩა-–-----–-ს სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, აეროპორტის დასახლება, 15,4 ჰა მიწის ნაკვეთი.

 

განმცხადებელი თავის მოთხოვნებს ასაბუთებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

- განმცხადებლის - ჯე---– ჩა--–--–---–-ს ბაბუა გარდაიცვალა 1944 წელს, ხოლო მამა - დუ------ ჩა--–--–---–- გარდაიცვალა 1995 წლის 05 მარტს. თითოეული მათგანის გარდაცვალების შედეგად გაიხსნა სამკვიდრო, რომელიც ძირითადად შედგებოდა საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთებისაგან, მდებარე ქ. ბათუმი, კა------- 1 შესახვევი, სახლი #3. მათი გარდაცვალების შემდეგ ეს ქონებები გადმოვიდა განმცხადებლის მფლობელობაში და მან ფაქტიურად მიიღო სამკვიდრო, რაც დადასტურებულია ხელვაჩაურის სახელმწიფო არქივის მიერ გაცემული ცნობებით. განმცხადებელი ჯე---– ჩა--–--–---–- ფლობს აწგარდაცვლილი მამისა და ბაბუას სამკვიდრო ქონებებს და მათზე (მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლი) მისი საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრშიც.

- განმცხადებელს საჯარო რეესტრში საკუთრებაში რეგისტრირებული არ აქვს სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, აეროპორტის დასახლება, 15,4 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო მისი აწგარდაცვლილი მამისა და ბაბუას მფლობელობაში. განმცხადებლი ფლობს აწგარდაცვლილი მამის - დუ------ ჩა--–--–---–-ს წითელი ვარსკვლავის ორდენს და ამ ორდენის წიგნაკს;

- განმცხადებელი მიუთიეთებს, რომ მის მიერ აწგარდაცვლილი მამისა და ბაბუას სამკვიდროს მიღების ფაქტებს დაადასტურებენ ასევე მოწმეები;

- განმცხადებელს სამკვიდრო მიღების შესახებ კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის, ხოლო გარდაცვლილ პირთა სამკვიდროს ფაქტიურად მიღების ფაქტის დასადასტურებლად აუცილებელია სასამართლო გადაწყვეტილებით იქნეს ეს ფაქტები დადგენილი და მისი იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ საკუთრებაში დაირეგისტრიროს სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, აეროპორტის დასახლება, 15,4 ჰა მიწის ნაკვეთი.

(იხ. განცხადება, დაზუსტებული განცხადებები, განმცხადებლისა და მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).

 

2. სასამართლომ განიხილა განცხადება, მოისმინა განმცხადებლისა და მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. დადგენილია, რომ განმცხადებელი ჯე---– ჩა--–--–---–- დაბადებულია 1956 წლის 02 ოქტომბერს და მისი მამა იყო დუ------ ჩა--–--–---–-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ჯე---– ჩა--–--–---–-ს დაბადების მოწმობა;

 

2.2. დადგენილია, რომ განმცხადებლის მამა დუ------ ჩა--–--–---–- დაბადებულია 1929 წლის 25 დეკემბერს და იგი გარდაიცვალა 1995 წლის 05 მარტს,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დუ------ ჩა--–--–---–-ს დაბადების და გარდაცვალების მოწმობები;

 

2.3. დადგენილია, რომ განმცხადებლის მამის - დუ------ ჩა--–--–---–-ს მამა იყო ჯე---– ჩა-–-----–-, რომელიც დაიბადა 1879 წელს და გარდაიცვალა 1944 წელს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დუ------ ჩა--–--–---–-ს დაბადების მოწმობა;

- ჯე---– ჩა-–-----–-ს გარდაცვალების მოწმობა;

2.4. დადგენილია, რომ განმცხადებლის ბაბუა ჯე---– ჩა-–-----–-, ასევე განმცხადებლის მამა დუ------ ჩა--–--–---–- გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ იმავე მისამართზე, რა მისამართზეც (დღევანდელი სახელწოდებით: ბათუმი, კა------- ქუჩა, #1 შესახვევი, სახლი #3) ფაქტობრივად ცხოვრობს განმცხადებელი ჯე---– ჩა--–--–---–-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საინფორმაციო ბარათი, საარქივო ცნობები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, დაბადების, გარდაცვალების მოწმობები;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- ასხნა-განმარტებები;

- მოწმეთა ჩვენებები;

 

2.5. აჭარის მიწათმოწყობის კომისარიატის 1931 წლის მასალებით დგინდება, რომ განმცხადებლის ბაბუა ჯე---– ჩა-–-----–- ქ. ბათუმში, ახლანდელი აეროპორტის ტერიტორიაზე, ფატიმე ჩალოღლთან ერთად ფლობდა 15,4 ჰა მიწის ნაკვეთს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საარქივო ცნობები;

 

2.6. დადგენილია, რომ განმცხადებლის მამამ - ჯე---– ჩა-–-----–-მ 1949 წლის 16 დეკემბერს შეიცვალა გვარი ჩა--–--–---–-თ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გვარის შეცვლის დადგენის მოწმობა;

 

2.7. დადგენილია, რომ განმცხადებელმა ჯენმალ ცა--–--–---–მა მიმართა ნოტარიუს ნათია ფაღავას და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა მამისა და ბაბუას დანაშთი ქონების 1/2 ნაწილზე, რაზედაც ნოტარიუსის 12.06.2017წ. დადგენილებით უარი ეთქვა, რადგან მას გაშვებული ჰქონდა 6-თვიანი ვადა სამკვიდროს მისაღებად, ასევე არ იყო წარდგენილი ფაქტობრივი ფლობით მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნოტარიუსის 12.06.2017წ. დადგენილება;

- განცხადებები;

- ახსნა-განმარტებები;

 

2.8. სასამართლომ განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება.

 

საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვეა დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

2.9. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია განმცხადებელ ჯე---– ჩა--–--–---–-ს მიერ აწგარდაცვლილი მამის - დუ------ ჩა--–--–---–-ს სამკვიდროს ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტი. ამას მოწმობს ის გარემოებაც, რომ მას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებისაღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის #8959 05.06.2008წ. საფუძველზე 2011 წლის 25 იანვრიდან საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული ქონება, მიწის ნაკვეთი. ასევე, ის ფაქტიურად ფლობს და სარგებლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს, რომელსაც ფლობდა აწგარდაცვლილი მისი მამა. განმცხადებლი ფლობს აწგარდაცვლილი მამის - დუ------ ჩა--–--–---–-ს წითელი ვარსკვლავის ორდენს და ამ ორდენის წიგნაკს. ყოველივე ამას ადასტურებენ მოწმეებიც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- ახსნა-განმარტებები;

- მოწმეთა ჩვენები;

- წითელი ვარსკვლავის ორდენი და ამ ორდენის წიგნაკი.

 

2.10. განმცხადებელი ასევე ითხოვს, რომ დადგენილ იქნას ის იურიდიული ფაქტიც, რომ მან ფაქტობრივად მიიღო მისი აწგარდაცვლილი ბაბუას - ჯე---– ჩა-–-----–-ს სამკვიდრო, კერძოდ ქ. ბათუმში, ახლანდელი აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული 15,4 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული იურიდიული ფაქტი საქმის განხილვის შედეგად ვერ დადგინდა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ჯე---– ჩა-–-----–- დაიბადა 1879 წელს და გარდაიცვალა 1944 წელს. ხოლო განმცხადებელი ჯე---– ჩა--–--–---–- დაბადებულია 1956 წლის 02 ოქტომბერს, განმცხადებელი დაბადებულია ბაბუას გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ. ბუნებრივია, ბაბუას გარდაცვალებიდან მისი სამკვიდრო გახსნილად ითვლება და განმცხადებელი ფიზიკურად ვერ შეძლებდა სამკვიდროს ვერც ფაქტობრივად და ვერც სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებას. ამდენად, აღნიშნული ფაქტი ბუნებაში არ არსებობს.

 

რაც შეეხება თავად განმცხადებლის მამის - აწგარდაცვლილი დუ------ ჩა--–--–---–-ს მიერ თავისი მამის - აწგარდაცვლილი ჯე---– ჩა-–-----–-ს სამკვიდროს მიღებას (რის დადგენასაც განმცხადებელი არ ითხოვს), ასეთ ფაქტს შეიძლება ჰქონდეს ადგილი და დადგინდეს სასამართლო წესით, თუმცა უშუალოდ, ქ. ბათუმში, ახლანდელი აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული 15,4 ჰა მიწის ნაკვეთის, როგორც ჯე---– ჩა-–-----–-ს სამკვიდროში შემავალი აქტივის არსებობა სამკვიდროს გახსნის მომენტში - 1944 წელს, ჯე---– ჩა-–-----–-ს გარდაცვალებისას, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება თუნდაც იმაზე, რომ განმცხადებლის მამის - დუ------ ჩა--–--–---–-ს გარდაცვალებისას ეს ქონება იყო მის მფლობელობაში და მას დაეუფლა ფაქტობრივი ფლობით განმცხადებელი და ფლობს რაიმე სახის ფლობით ამჟამადაც. უფრო მეტიც, განმცხადებელმა არ წარმოადგინა (მიუხედავად სასამართლოს წინადადებისა) ქ. ბათუმში, ახლანდელი აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე, ადრე მის ბაბუას მფლობელობაში არსებული 15,4 ჰა მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირებისათვის რაიმე სახის მტკიცებულება, აზომვითი ნახაზი, მისი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და ა. შ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჯე---– ჩა--–--–---–-ს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ:

- დადგენილი უნდა იქნეს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ განმცხადებელმა ჯე---– ჩა--–--–---–მა (პ/ნ 61006004---) ფაქტობრივ მფლობელობაში და სარგებლობაში მიიღო, მისი მამის, 1995 წლის 05 მარტს გარდაცვლილი დუ------ ჩა--–--–---–-ს სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივები და პასივები.

- ხოლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენაზე იმის შესახებ, რომ მან ფაქტობრივ მფლობელობაში და სარგებლობაში მიიღო, მისი ბაბუას, 1944 წელს გარდაცვლილი ჯე---– ჩა-–-----–-ს სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივები და პასივები, - დადგენილად ვერ იქნება მიჩნეული.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სსკ-ის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც დადგენილია XXXV–XLII თავებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლის თანახმად, განცხადებაში კონკრეტულად უნდა აღინიშნოს, თუ რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა. ფაქტის დადგენის იურიდიული ინტერესის არარსებობა, მასზე მიუთითებლობა გამორიცხავს განცხადების მიღებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლი შეიცავს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა ამომწურავ ჩამონათვალს. უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს შემდეგ საქმეებს:

ა) პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ; ბ) პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ; გ) მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ; დ) უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს; თ) მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ;

 

საქართველოს სსკ-ის 312-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს უდავო წარმოების წესით სასამართლოს მიერ დასადგენ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს. სხვა ფაქტების დადგენა უდავო წარმოების წესით არ დაიშვება.

 

6.2. საქართველოს სკ 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

საქ. სკ-ის 1307-ე მუხლით ,,მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ:

ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;

ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები“.

ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტით: ,, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯე---– ჩა--–--–---–- არის დუ------ ჩა--–--–---–-ს შვილი.

ამავე კოდექსის 1319-ე მუხლით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

 

განმცხადებელი ამტკიცებს, რომ მას ფაქტობრივი მფლობელობის გზით, ძმასთან ერთად მიღებული აქვს მამის სამკვიდრო ქონება, თუმცა მას ნოტარიუსმა სამკვიდროს მიღების მოწმობის გაცემაზე უარი უთხრა 6-თვიანი ვადის გაშვების გამო, და რომ არ წარდგენილი ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

დადგენილია, რომ დუ------ ჩა--–--–---–- გარდაიცვალა 1995 წლის 05 მარტს. ამ დღიდან სამკვიდრო, (მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით) გახსნილად ითვლება. განმცხადებელმა ჯე---– ჩა--–--–---–მა სამკვიდროს გახსნის დღიდან, ფაქტობრივ მფლობელობაში და სარგებლობაში მიიღო, მისი მამის, 1995 წლის 05 მარტს გარდაცვლილი დუ------ ჩა--–--–---–-ს სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივები და პასივები.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ,,2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი“.

სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსისათვის მიმართვა სამკვიდროს მიღების ერთ-ერთი პირობაა. სამკვიდროს მიღება გარდა სანოტარო ორგანოსათვის მიმართვისა, საქართველოს სკ-ის 1424-ე მუხლით დასაშვებია ქონების ფაქტობრივი მფლობელობის გზითაც. ანუ თუ მემკვიდრემ ფაქტობრივად მიიღო მამკვიდრებლის ქონება, მართავს, სარგებლობს და განკარგავს ამ ქონებას, ითვლება, რომ მას მიღებული აქვს სამკვიდრო ქონება.

 

მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯე---– ჩა--–--–---–ს აწგარდაცვლილი მამის - დუ------ ჩა--–--–---–-ს სამკვიდრო ქონება ფაქტობრივად აქვს მიღებული და აქედან გამომდინარე, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია.

 

6.5. რაც შეეხება მეორე ფაქტის დადგენას - დადგენილ იქნას ის იურიდიული ფაქტიც, რომ განმცხადებელმა ფაქტობრივად მიიღო მისი აწგარდაცვლილი ბაბუას - ჯე---– ჩა-–-----–-ს სამკვიდრო, კერძოდ ქ. ბათუმში, ახლანდელი აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული 15,4 ჰა მიწის ნაკვეთი, - აღნიშნული იურიდიული ფაქტი საქმის განხილვის შედეგად ვერ დადგინდა.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯე---– ჩა-–-----–- დაიბადა 1879 წელს და გარდაიცვალა 1944 წელს. ხოლო განმცხადებელი ჯე---– ჩა--–--–---–- დაბადებულია 1956 წლის 02 ოქტომბერს, განმცხადებელი დაბადებულია ბაბუას გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ. ბუნებრივია, ბაბუას გარდაცვალებიდან მისი სამკვიდრო გახსნილად ითვლება და განმცხადებელი ფიზიკურად ვერ შეძლებდა სამკვიდროს ვერც ფაქტობრივად და ვერც სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მის მიღებას.

 

დამატებით უნდა განიმარტოს ასევე, რომ აწგარდაცვლილი ჯე---– ჩა-–-----–-ს სამკვიდროს მიღებას განმცხადებლის მამის მიერ, (რის დადგენასაც განმცხადებელი არ ითხოვს), ასეთ ფაქტს შეიძლება ჰქონდეს ადგილი და დადგინდეს კიდეც სასამართლო წესით, თუმცა უშუალოდ, ქ. ბათუმში, ახლანდელი აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული 15,4 ჰა მიწის ნაკვეთის, როგორც ჯე---– ჩა-–-----–-ს სამკვიდროში შემავალი აქტივის არსებობა სამკვიდროს გახსნის მომენტში - 1944 წელს, ჯე---– ჩა-–-----–-ს გარდაცვალებისას, - ეს ფაქტიც არ დგინდება, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლოსათვის გასაგებია განმცხადებლის ინტერესი, თუმცა ფაქტის დაუდგენლობის გამო, მოთხოვნა ამ ნაწილში არის უსაფუძვლო და ვერ დაკმაყოფილდება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემული საქმე უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნება, გადახდილი აქვს რა განმცხადებელს წინასწარ სახელმწიფო ბაჟი, მას სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაეთვალოს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 310-ე-312-ე, 313-ე, 316-ე, 3161-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ჯე---– ჩა--–--–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. დადგენილი იქნეს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ განმცხადებელმა ჯე---– ჩა--–--–---–მა (პ/ნ 61006004---) ფაქტობრივ მფლობელობაში და სარგებლობაში მიიღო, მისი მამის, 1995 წლის 05 მარტს გარდაცვლილი დუ------ ჩა--–--–---–-ს სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივები და პასივები.

 

3. ჯე---– ჩა--–--–---–-ს განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენაზე იმის შესახებ, რომ მან ფაქტობრივ მფლობელობაში და სარგებლობაში მიიღო, მისი ბაბუას, 1944 წელს გარდაცვლილი ჯე---– ჩა-–-----–-ს სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივები და პასივები, - არ დაკმაყოფილდეს.

 

4. განმცხადებლის მიერ სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე