გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2019
საქმის ნომერი
190210018002763420
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-3221-18

(საქმე N190210018002763420)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 აპრილი, 2019 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე: ი-–---- ი----ი, ზ------ ი------------ა

წრმომადგენელი: მ----- ლ---------–---ი (ი-–---- ი----ის)

მოპასუხე: ე-–------ ი----ა, თ------- ი----ი

წარმომადგენლი: გ--–- ჯ--–--–--ლი

თარჯიმანი: თ--–- ა-–---ა

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სამკვიდროს მიღება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს ე-–------ ი----ას ჩუქების ხელშეკრულება N171419472, დამოწმების თარიღი: 06.12.2017 წელი, ნოტარიუსი დ. ბედიანაშვილი, რადგან აღნიშნული გარიგება მოჩვენებითი და თვალთმაქცურია.

 

1.2. მოსარჩელეებს განესაზღვროთ მამის ფ-–- ი----ის დანაშთ ქონებაზე მდებარე გარდაბანი. სოფ. ვახტანგისი ს/კ 81.18.0-.0--, 1/2 და 1/2 სავალდებულო წილი, რომელზეც აქვთ ფაქტობრივი ფლობა.

 

მოსარჩელთა განმარტებით, მათი მამა ფ-–- ი----ი გარდაიცვალა 2005 წლის 10 დეკემბერს. სიცოცხლეში ფ-–- ი----მა მოსარჩელის - ი-–---- ი----ის შვილს თ------- ი----ს უანდერძა გარდაბნის რაიონში სოფ. ვახტანგისში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდი N 81.18.0-.0--, რომელიც დარეგისტრირდა თ------- ი----ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.

მოსარჩელე ი-–---- ი----ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე-–------ ი----ასთან, რომელთანაც თანაცხოვრების დროს შეეძინა თ------- ი----ი, შემდეგ მასსა და ე-–------ ი----ას შორის მოხდა უსიამოვნება და აქედან გამომდინარე მოხდა განქორწინება.

2018 წლის მაისში მოსარჩელეებისთვის ცნობილი გახდა, რომ თ------- ი----მა თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე ჩუქების ხელშეკრულების გზით გადაუფორმა დედამისს ე-–------ ი----ას უძრავი ქონება მდებარე, გარდაბანი სოფ. ვახტანგისი საკადასტრო კოდი N 81.18.0-.0--. და ამის შემდგომ მოპასუხეები არ ძლევენ ბინაში ცხოვრების საშუალებას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა ე-–------ ი----ამ და თ------- ი----მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, როგორც უსაუძვლო და ასევე მოთხოვნა სამკვიდროს მიღების ნაწილში მიიჩნიეს ხანდაზმულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 მოსარჩელეების ი-–---- ი----ის და ზ------ ი------------ას მამა ფ-–- ი----ი გარდაიცვალა 2005 წლის 10 დეკემბერს. სიცოცხლეში ფ-–- ი----მა მოსარჩელის ი-–---- ი----ის შვილს თ------- ი----ს უანდერძა გარდაბნის რაიონში სოფ. ვახტანგისში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდი N 81.18.0-.0--, რომელიც დარეგისტრირდა თ------- ი----ის სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა, ანდერძი, სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 29, 33-40.

 

3.1.2. მამის ფ-–- ი----ის გარდაცვალების შემდეგ, 2006 წლის 22 ნოემბერს ი-–---- ი----მა, როგორც მისი შვილის კანონიერმა წარმომადგენელმა, მიმართა ნოტარიუს სოფია ხიალოვას, თ------- ი----ის სახელითა და საკუთარი ხარჯით მიიღო გარდაცვლილი ფ-–- ი----ის ქონება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო აქტი, ს.ფ. 33-40;

 

3.1.3. ი-–---- ი----ი 1997 წლის 24 თებერვალიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე-–------ ი----ასთან, მასთან ცხოვრების პერიოდში შეეძინა თ------- ი----ი, მასსა და ე-–------ ი----ს შორის მოხდა უსიამოვნება და აქედან გამომდინარე, ოფიციალურად მოახდინეს განქორწინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2017 წლის 06 დეკემბერს მოსარჩელე ი-–---- ი----ის შვილმა თ------- ი----მა ჩუქების ხელშეკრულების გზით გადასცა დედამისს ე-–------ ი----ას უძრავი ქონება მდებარე გარდაბნის რაიონში სოფ. ვახტანგისში , საკადასტრო კოდი N 81.18.0-.0-- .

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი, ს.ფ.31-32.

 

3.1.5. მოსარჩელეები ი-–---- ი----ი და ზ------ ი------------ა ( ქორწინებამდელი გვარი ი----ა) არიან გარდაცვლილი ფ-–- ი----ის პირველი რიგის მემკვიდრეები -შვილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

დაბადების მოწმობები, ქორწინების მოწმობა, ს.ფ 20-22.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2005 წლის 10 დეკემბერს სანოტარო ბიუროში შედგა ამჟამად გარდაცვლილი ფ-–- ი----ის მიერ ანდერძი, რომლის მიხედვით მამკვიდრებელმა მისი კუთვნილი ქონებიდან გარდაბნის რაიონის, სოფელ ვახტანგისში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მისი მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი უანდერძა თ------- ი----ს. ფ-–- ი----ი გარდაიცვალა 2005 წლის 10 დეკემბრს და გაიხსნა სამკვიდრო .

2006 წლის 04 აგვისტოს სანოტარო ბიუროში შედგა სანოტარო აქტი აღნიშნული ანდერძის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ანდერძის გამოქვეყნებას დაესწრო თ------- ი----ის კანონიერი წარმომადგენელი - მამა ი-–---- ი----ი ( მოსარჩელე), რომელმაც მოითხოვა ანდერძის გამოქვეყნება და შემდეგ სამკვიდრო მოწმობის გაფორმება მისი შვილის ანდერძისმიერი მემკვიდრის თ------- ი----ის სახელზე. ანდერძის გამოქვეყნებაზე მოწვეული იყო დაინტერესებული პირები, კანონისმიერი მემკვიდრე, გარდაცვლილის შვილი ზ------ ი----ა (იგივე მოსარჩელე ზ------ ი------------ა, რომელმაც ეს გვარი მიიღო ქორწინების შედეგად ), რომელსაც არ სურს სავალდებულო წილის მიღება ( ასეა მითითებული სანოტარო აქტში), მაგრამ სურვილი გამოთქვა დასწრებოდა ანდერძის გამოქვეყნებას.

ანდერძის შინაარსი გაეცნო მათ, ამის შემდგომ 2006 წლის 22 ნოემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა ფ-–- ი----ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე თ------- ი----ის სახელზე. სამკვიდრო ქონება მოპასუხე თ------- ი----მა, როგორც იმ პერიოდისთვის არასრულწლოვანმა, მიიღო კანონიერი წარმომადგენლის - მამის ი-–---- ი----ის მეშვეობით. უძრავი ქონების მესაკუთრე თ------- ი----ი გახდა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.

 

ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ორივე მოსარჩელე - ი-–---- ი----იც და ზ------ ი------------აც (ი----ა) არა მარტო ინფორმირებული იყვნენ სამკვიდროს გახსნის, ანდერძის არსებობის თაობაზე, არამედ უშუალოდ მონაწილეობდნენ 2006 წლის 4 აგვისტოს ანდერძის გამოქვეყნების პროცესში, ხოლო 2006 წლის 22 ნოემბერს თ------- ი----მა სამკვიდრო ქონება და სამკვიდრო მოწმობა მიიღო ი-–---- ი----ის , როგორც კანონიერი წარმომადგენელის მეშვეობით , ამ უკანასკნელმა თავადვე შეიტანა განცხადება სანოტარო ბიუროში სამკვიდროს მიღების თაობაზე.

ზ------ ი------------ამ, როგორც ანდერძის გამოქვეყნებათან დაკავშირებით შედგენილ 2006 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტშია აღნიშნული, განაცხადა, რომ არ სურს სავალდებული წილის მიღება.

ამდენად, სადავო სამკვიდრო ქონებიდან სავალდებული წილზე ზ------ ი------------ამ 2006 წლის 4 აგვისტოს განაცხდა უარი, სამკვიდრო მიიღო სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით თ------- ი----მა და ამჟამად მისი მხრიდან სავალდებულო წილის ფაქტობრივი ფლობით მიღება ვერ დადასტურდება, რადგან მემკვიდრის მიერ სამკვიდროს სანოტარო ფორმით მიღება ამავე ქონებაზე ფაქტობრივი ფლობით მიღებას სხვა მემკვიდრეზე გამორიცხავს.

სამკვიროს მიღება მემკვიდრეთა მიერ უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის ვადაში, ასევე სამკვიდროს მიღებაზე უარი უნდა იქნეს გაცხადებული სამი თვის ვადაში, ხოლო სამკვიდროს მიღებაზე შედავება უნდა მოხდეს ორი თვის ვადაში.

ორივე მემკვიდრეს ი-–---- ი----სა და ზ------ ი------------ას არა მარტო გამოხატული აქვთ თავისი ნება სადავო სამკვიდრო ქონების თ------- ი----ის სახელზე გაფორმებასთან დაკავშირებით, არამედ გაშვებული აქვთ შედავების ვადაც, რის გამოც მათი მოთხოვნა მამის ფ-–- ი----ის დანაშთ ქონებაზე მდებარე გარდაბანი. სოფ. ვახტანგისი ს/კ 81.18.0-.0--, 1/2 და 1/2 სავალდებულო წილის, რომელზეც აქვთ ფაქტობრივი ფლობა, მიღების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს თავად ი-–---- ი----ი და მისი და ზ------ ი------------ა და ფაქტობრივად ფლობენ ამ ქონებას, რომ ი-–---- ი----ის მიერ აღნიშნული ქონების ფაქტობრივ ფლობას ადასტურებს ის ფაქტიც რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სადაც მისი შვილი თ------- ი----ი ითხოვდა, რომ მათთვის აღეკვეთათ ხელშეშლა აღნიშნულ ქონებაზე დანიშნულებისამებრ გამოყენებაში. სადავო ბინაში ცხოვრების ფაქტი არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ უძრავი ქონება მემკვიდრეობით მიღებული აქვს თ------- ი----ს და მესაკუთრესთან შესაძლოა ცხოვრობდეს სხვა წევრი , რომელიც მხოლოდ ბინაში ცხოვრების ფაქტით მესაკუთრეობას ვერ მოიპოვებს თუ არა კანონისმიერი საფუძვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სანოტარო აქტები, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. 2017 წლის 12 დეკემბერს თ------- ი----მა უძრავი ქონება მდებარე გარდაბანი. სოფ. ვახტანგისი ს/კ 81.18.0-.0--, აჩუქა დედას ე-–------ ი----ას, რომელიც მესაკუთრედ აღირიცხა საჯარო რეესტრში.

 

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ქონების გაჩუქების მიზანი იყო, ის რომ ე-–------ ი----ამ შვილი მოაქცია ზეგავლენის ქვეშ და უკვე სასამართლო წესით მოითხოვა მოსარჩელის ი-–---- ი----ის მამის დანატოვარი სახლიდან მათი გამოსახლება.

 

სასამართლო არ იზიარებს, მოსარჩელის პოზიცის, რომ აღნიშნული გარიგება მოჩვენებითი და თვალთმაქცურია, რადგან მათ ამის დადასტურება სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლეს. მხოლოდ იმის სურვილით , მოსაჩვენებლად ბინის გაჩუქება, რომ მოსარჩელეები გამოსახლებინათ ბინიდან, არადამაჯერებელია, რადგან იგივე მოთხოვნით თ------- ი----საც იგივე წარმატებით შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის, როგორც ე-–------ ი----ას.

 

ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეების მხრიდან სადავო ქონებაზე სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება არ დადასტურდა, არ იკვეთება მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი თ------- ი----ის მიერ ე-–------ ი----ისთვის სადავო ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის მიმართ, რადგან გაუქმების შემთხვევაშიც კი სადავო ქონების მესაკუთრე იქნება ი-–---- ი----ი და მოსარჩელეები ამ გარიგების ბათილად ცნობით ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებენ ( სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესზე).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი მოთხოვნის დასაბუთება, რის შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეების ი-–---- ი----ის და ზ------ ი------------ას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1319-ე, 1320-ე, 1371-ე, 1372-ე, 1380-ე, 1421-ე, 1423-ე, 1424-ე, 1435-ე, 1450-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის დანაწესის მიხედვით , სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, ხოლო 1320-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ამავე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს თუკი მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.

 

მოსარჩელეები ი-–---- ი----ი და ზ------ ი------------ა არიან ფ-–- ი----ის შვილები და პირველი რიგის მემკვიდრეები. ფ-–- ი----ის გარდაცვალებით 2005 წლის 10 დეკემბერს გაიხსნა სამკვიდრო. ფ-–- ი----მა ანდერძით სამკვიდრო ქონებიდან გარდაბნის რაიონის, სოფელ ვახტანგისში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მისი მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი უანდერძა თ------- ი----ს.

 

ზემოაღნიშნული კოდექსის 1371-ე მუხლში განსაზღვრულია სავალდებული წილის ცნება - მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი). კოდექსის 1372-ე მუხლი ადგენს, რომ სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით.

 

მოსარჩელეებს ი-–---- ი----სა და ზ------ ი------------ას, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებს, მიხედავად ფ-–- ი----ის ანდერძის არსებობისა, კანონის შესაბამისად, ჰქონდათ სავალდებული წილის მიღების უფლება, თუმც მათ ამ უფლების გამოყენებაზე ფაქტობრივად განაცხადეს უარი. ზ------ ი------------ამ თავისი პოზიცია დააფიქსირა ანდერძის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ სანოტარო აქტში, ი-–---- ი----მაც, როგორც თ------- ი----ის კანონიერმა წარმომადგენელმა, თავად მიმართა სანოტარო ბიუროს სამკვიდრო ქონების მიღებისა და შვილის ანდერძისმიერი მემკვიდრის თ------- ი----ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ისე რომ თავად არ გამოუხატავს სურვილი სავალდებულო წილის მიღებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1380-ე მუხლი ითვალისწინებს, უარის შესაძლებლობას სავალდებულო წილის მიღებაზე : სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას მის მიღებაზე, მაგრამ ეს არ გამოიწვევს სხვა თანამემკვიდრეების სავალდებულო წილის გაზრდას. მისი წილი გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე.

სავალდებულო წილის მიღება ან მის მიღებაზე უარის თქმა უნდა მოხდეს სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმისათვის დადგენილ დროში.

 

სამოქალქო კოდექსის 1423-ე მუხლი უშვებს სამკვიდროს მიღების შესაძლებლობას წარმომადგენლის მეშვეობით - სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. კოდექის 1424-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, კი სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

მოსარჩელე ი-–---- ი----მა და ზ------ ი------------ამ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურება მოითხოვეს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ წარმოადგენენ პირველი რიგის მემკვიდრეს (შვილს) და უფლება აქვს იმ ქონებაზე, რომელიც ირიცხებოდა მამკვირდებლის სახელზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი განსაზღვრავს სამკვიდროს მიღების წესს. კერძოდ:

1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

4. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1446-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია.

 

ამავე კოდექსის 1435-ე მუხლით გათვალისწინებულია სამკვიდროს ნაწილობრივ მიღების დაუშვებლობა :

არ დაიშვება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით. თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე ან დათქვამს რაიმე პირობას, ითვლება, რომ ის უარს ამბობს სამკვიდროზე.

 

ზ------ ი------------ამ უარი განაცხადა ანდერძის გამოქვეყნების დროს ფ-–- ი----ის სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მიღებაზე სიტყვიერად, ხოლო ი-–---- ი----მა ქმედებით, რომელმაც ფაქტობრივად არ განაცხადა პრეტენზია სავალდებული წილზე და მთელი ქონება მიიღო, როგორც შვილის კანონიერმა წარმომადგენელმა, თ------- ი----ის სასარგებლოდ.

 

და ბოლოს სამოქალქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადას: სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.

 

მოსარჩელეებისთვის 2006 წლის 4 აგვისტოს ანდერძის გამოქვეყნებისა და 2006 წლის 22 ნოემბერს სამკვიდრო მოწმობის გაცემის დროს ცნობილი იყო, რომ ფ-–- ი----ის სამკვიდრო ქონება მიიღო ანდერძისმიერმა მემკვიდრემ ი-–---- ი----მა, მათ სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ განუცხდებიათ 2018 წლის 13 დეკემბრამდე, რითაც გაშვებული აქვთ შედავების კანონით დათქმული ვადა.

 

ამდენად, მოსარჩელეებმა ზემოაღნიშნული პოზიციის დაფიქსირებით დაკარგეს მამის - ფ-–- ი----ის სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება, თ------- ი----მა სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მიიღო სამკვიდრო მოწმობა, ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 524- ე მუხლის მიხედვით ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

ამავე კოდექსის 525-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან.

უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები შეცავს დათქმებს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების შესახებ :

ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგების დანიშნულებიდან გამომდინარეობს, მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ყველა სუბიექტი, ხოლო თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები ( თვალთმაქცური გარიგება). ასეთი გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შუსაბამობა.

 

სადავო შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო დადასტურება ჩუქების ხელშეკრულების ზემაოაღნიშნული საფუძვლით ბათილობისა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამასთან მოსარჩელეს ზედმეტად აქვს ბაჟი გადახდილი, მოსარჩელეს უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 22 ოქტომბერს გადახდილი ბაჟიდან 350 ლარიდან 150 ლარი (საგადასახადო დავალება N 1) რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300 063 150; ხოლო 200 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, , 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. არ დაკმაყოფილდეს ი-–---- ი----ისა და ზ------ ი------------ას სარჩელი მოპასუხეების ე-–------ ი----ასა და თ------- ი----ის მიმართ 06.12.2017 წ. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა (გაუქმება) და ფ-–- ი----ის დანაშთ ქონებაზე სავალდებულო წილის განსაზღვრის თაობაზე.

 

2. მოსარჩელეს უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 22 ოქტომბერს გადახდილი ბაჟიდან 350 ლარიდან 150 ლარი (საგადასახადო დავალება N 1), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300 063 150; ხოლო 200 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი