გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1169-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - ნ---------–---–ი
წარმომადგენელი - გ------------------ე
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნ-----–-------–-----ი
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ-----------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 26 დეკემბრის №3---- ბრძანება.
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 26 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა.
1.3. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მაისის №1---- ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ---------–---–ის საჩივარი.
1.4. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება №4---------- საჩივარზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ---------–---–ის საჩივარი. (იხ. 2019 წლის 10 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსვლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 18 აგვისტოს №2---- ბრძანებით დაინიშნა ნ---------–---–ის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება 01.14.02.0--.0--.01.5--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე გამოიცა 2016 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი და გადასახადის გადამხდელს წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 26 დეკემბრის №3---- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, ნ---------–---–ის საგადასახადო დავალიანებად განისაზღვრა სულ 44 672.18 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 19 927 ლარი, ჯარიმა 19 927 ლარი და საურავი 15 499 ლარი.
შემოწმების აქტის თანახმად, 01.14.02.0--.0--.01.5--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (კომერციული ფართი) მდებარე ქ.თბ--–--------–--------------, ფართი 201.63კვ.მ ნ---------–---–ის მიერ რეალიზებულ იქნა 2014 წლის 31 ივლისს ო----------–----–---–ზე 75 000 აშშ დოლარად. გადასახადის გადამხდელის სიტყვიერი ახსნა-განმარტებით, აღნიშნული ქონება არ გამოუყენებია ეკონომიკურ საქმიანობაში. ამასთან, რეალიზაციის მომენტში იყო შავი კარკასის მდგომარეობაში. სს „თ--–--იდან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია აღნიშნული საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავ ქონებაში არსებული აბონენტის შესახებ (გახარჯული ელ-ენერგია თვეების მიხედვით). მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ნ---------–---–ი აღნიშნულ ფართში ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებდა.
შემოწმების აქტის მიხედვით, 2014 წლის 31 ივლისს ფ/პ ნ---------–---–ის მიერ რეალიზებულია კომერციული ფართი 75000 აშშ დოლარად. პირმა აღნიშნულის შესახებ არ მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით და არ წარადგინა შესაბამისი დეკლარაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაყიდი ფასი მოიცავს დღგ-ის თანხას, დასაბეგრი თანხა გაანგარიშებულ იქნა დღგ-ის გარეშე თანხიდან (სარეალიზაციო თანხიდან ამოღებულ იქნა დღგ), გადასახადის გადამხდელს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი დაუდგინდა 2014 წლის 31 ივლისი. შემოწმების შედეგად ქონების რეალიზაციის თარიღისათვის არსებული კურსის გათვალისწინებით ფ/პ ნ---------–---–ს დაერიცხა კუთვნილი ძირითადი გადასახადი და ამავე დროს დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლისა და 275-ე მუხლის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსვლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 18 აგვისტოს №2---- ბრძანება (ს.ფ.80);
- 2016 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ.81-95);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 26 დეკემბრის №3---- ბრძანება (ს.ფ.96-97);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 26 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.98-99).
3.2. ნ---------–---–მა 2017 წლის პირველ თებერვალს საჩივრით მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 26 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.
საჩივრის თანახმად, სადავო შემთხვევაში ადგილი აქვს 20-- წლის 7 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობის წევრის მიერ წილის რეალიზაციას, რომელიც გამოხატულია ქონების სახით. აღნიშნული მიწოდება კი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან. საჩივარში აღნიშნულია, რომ უდავოა ფ/პ ნ---------–---–ი წარმოადგენს ამხანაგობის წევრს და მის მიერ რეალიზებული ქონება არის მშენებარე. შესაბამისად, ვინაიდან სამოქალაქო ბრუნვაში ამხანაგობის წევრი გაიგივებულია ამხანაგობასთან, მასზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-12 ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ამხანაგობის წევრის მიერ წილის რეალიზაცია, რომელზედაც განპიროვნებულია ქონება. საჩივარში მითითებულია, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც დადგენილია პრაქტიკა აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით. საჩივრით მოთხოვნილია, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მაისის №1---- ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ---------–---–ი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 2016 წლის 26 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისაგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, შემოწმების მიერ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა 01.14.02.0--.0--.01.5--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შეძენის და რეალიზაციის დოკუმენტაცია. შემოწმებით დადგინდა, რომ ფ/პ ნ---------–---–ი იყო ამხანაგობა „ს----------–-------------ის“ წევრი და 20-- წლის 31 დეკემბერს ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობითმ ქ.თბილისში ნ--–-----ის ქუჩაზე №1---ში არსებული კომერციული ფართი გადაეცა საკუთრებაში. აღნიშნული ფართი ნ---------–---–ის მიერ რეალიზებულ იქნა 2014 წლის 31 ივლისს ფ/პ ო----------–----–---–ზე 75000 აშშ დოლარად. იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობაში პირის კუთვნილი წილი გამოიხატება კონკრეტული ქონებით, ასეთი მიწოდება წარმოადგენს არა წილის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის, არამედ ქონების რეალიზაციას და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. რაც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-12 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლი შეეხება ამხანაგობის წევრის მიერ საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ---------–---–ის წარმომადგენლის 2017 წლის პირველი თებერვლის საჩივარი (ს.ფ.100-103);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მაისის №1---- ბრძანება (ს.ფ.104-106).
3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მაისის №1---- ბრძანების აღსრულების მიზნით შედგა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 2017 წლის 23 მაისის დასკვნა და გადასახადი გადამხდელს წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 25 მაისის №1---- ბრძანება და 2017 წლის 29 მაისის №0------ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ნ---------–---–ის საგადასახადო დავალიანებად განისაზღვრა სულ 34 708.18 ლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა 19 927 ლარი, ჯარიმა 5 535 ლარი და საურავ 9 246.18 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 2017 წლის 23 მაისის დასკვნა (ს.ფ.118-122);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 25 მაისის №1---- ბრძანება (ს.ფ.123-124);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 29 მაისის №0------ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.125-126).
3.4. ნ---------–---–ის წარმომადგენელმა 2017 წლის 24 მაისს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მაისის №1---- ბრძანების ნაწილობრივ გაუქმება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო ორგანომ საგადასახადო ვალდებულების დასადგენად იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 ნაწილის, მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 157-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ უსაფუძვლოა მომჩივნის არგუმენტები, ვინაიდან მომჩივნის მიერ წარდგენილი და დასახელებული სასამართლო გადაწყვეტილება ეხება ამხანაგობის წევრის მიერ კუთვნილი წილის ნაწილის გასხვისებას სხვა პირზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ამხანაგობის წილის გასხვისებისას, შემძენი ხდება ამხანაგობის წევრი და ამ წილის ფარგლებში იღებს ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და დავის საგანი არ გამხდარა ის ფაქტი, რომ ამხანაგობის წევრმა მოახდინა ქონების რეალიზაცია, ქონების შემძენს წილი არ მიუღია და შესაბამისად, არც ამხანაგობის წევრი გამხდარა. გამომდინარე აქედან, სადავო შემთხვევის სასამართლო გადაწყვეტილებასთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის საქმე №ბს-538-531(კ-15) განჩინება) გაიგივება, პრაქტიკის გავრცელება და მსგავსად გადაწყვეტა ვერ მოხდება. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობისას განხორციელებულმა დასაბეგრმა ოპერაციამ ერთი ოპერაციის ფარგლებში (კომერციული ფართის რეალიზაცია) გადააჭარბა 100 000 ლარს, მართებულია ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა.
გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 27.12.2018 წლის კანონის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი - „21. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში, სანქციის განმსაზღვრელ ნორმაში განხორციელდა ცვლილება და ამ ცვლილებით სანქცია, ამავე ნორმაში მითითებული პირობის არსებობისას შემსუბუქებულია, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს შეფარდებული საურავის სსკ-ის 272-ე მუხლში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებასთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საურავის კორექტირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ---------–---–ის წარმომადგენლის 2017 წლის 24 მაისის საჩივარი (ს.ფ.107-110);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ.111-117).
3.6. მენაშენეთა ამხანაგობა „ს----------–-------------ის“ დამფუძნებელ წევრთა 2005 წლის პირველი დეკემბრის №1 კრების ოქმის საფუძველზე და 2005 წლის 6 დეკემბრის ბინის მენაშენეთა ამხანაგობა „ს----------–-------------ის“ დაფუძნების შესახებ სანოტარო აქტის შესაბამისად, დამფუძნებელ წევრთა გადაწყვეტილებით შეიქმნა მენაშენეთა ამხანაგობა „ს----------–-------------ი“, რომელშიც შეიძლება გაერთიანდნენ სხვა ფიზიკური პირებიც ერთიანი საქმიანობის წარმართვისათვის. ამხანაგობის მიზნად განისაზღვრა წინამდებარე დაფუძნების აქტით განსაზღვრული წესითა და ვადებში ერთობლივად იმოქმედონ მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად მისამართზე - ქ.თბ--–--------–--------------.
2007 წლის 15 მაისის აქტის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ს----------–-------------ის“ წევრთა სიაში შევიდა ნ---------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მენაშენეთა ამხანაგობა „ს----------–-------------ის“ დამფუძნებელ წევრთა 2005 წლის პირველი დეკემბრის №1 კრების ოქმი (ს.ფ.192-193);
- 2005 წლის 6 დეკემბრის ბინის მენაშენეთა ამხანაგობა „ს----------–-------------ის“ დაფუძნების შესახებ სანოტარო აქტი (ს.ფ.194-209);
- „ამხანაგობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ“ 2007 წლის 15 მაისის აქტი (ს.ფ.213-222).
3.7. 20-- წლის 24 დეკემბრის თანხმობის თანახმად, მენაშენეთა ამხანაგობა „ს----------–-------------ის“ წევრს ნ---------–---–ს, რომლის საკუთრებაში არის ქ.თბილისში ნ--–-----ის ქ.№1---ში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის დიდ ბლოკში სადარბაზო IV, სართული პირველი, ბ.№84, ფართი 306.4 კვ.მ ამხანაგობის წინაშე ყველანაირი ვალდებულება შესრულებული აქვს, შესაბამისად, მას მიეცა თანხმობა აღნიშნული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 24 დეკემბრის თანხმობა (ს.ფ.210).
3.8. 2014 წლის 31 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნ---------–---–მა ო----------–----–---–ს მიჰყიდა 75000 აშშ დოლარად, მდებარე, ქ.თბილისში ნ--–-----ის ქ.№1---ში, სადარბაზო მე-4, პირველი სართული, ბლოკი A, ფართი 201.63კვ.მ. (ს/კ01.14.02.0--.0--.01.5--.0--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 31 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.223-224).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004წ.) 230-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2010წ.) მე-9, 61-ე, 143-ე, 156-ე, 157-ე, 160-ე, 161-ე, 255-ე, 262-ე, 264-ე, 268-ე, სამოქალაქო კოდექსი 932-ე, 933-ე, 930-ე.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 26 დეკემბრის №3---- ბრძანება, 2016 წლის 26 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მაისის №1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება.
ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
ამდენად, საგადასახადო კამერალური შემოწმება არის საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომლის საფუძველზეც შეიძლება შედგეს საგადასახადო შემოწმების აქტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების აქტი.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსვლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 18 აგვისტოს №2---- ბრძანებით დაინიშნა ნ---------–---–ის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება 01.14.02.0--.0--.01.5--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე გამოიცა 2016 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი და გადასახადის გადამხდელს წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 26 დეკემბრის №3---- ბრძანება და №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, ნ---------–---–ის საგადასახადო დავალიანებად განისაზღვრა სულ 44 672.18 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 19 927 ლარი, ჯარიმა 19 927 ლარი და საურავი 15 499 ლარი.
დადგენილია, რომ დამატებითი თანხების დარიცხვის საფუძველი გახდა 2014 წლის 31 ივლისს ფ/პ ნ---------–---–ის მიერ 75000 აშშ დოლარად რეალიზებული კომერციული ფართი. რა დროსაც მან არ მიმართა აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით და არ წარადგინა შესაბამისი დეკლარაცია.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნ---------–---–ის მიერ უძრავი ქონების რეალიზაცია არის თუ არა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.
სადავო აქტების თანახმად და სასამართლო პროცესზე მოპასუხეთა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის დამატებითი თანხების დარიცხვის სამართლებრივი საფუძველია შემდეგი - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გადამხდელად ითვლება პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად.
ამავე კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა): ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა; ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია;
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების რეალიზაციისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე, − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
სასამართლო განმარტავს, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად პირის სავალდებულო რეგისტრაციისათვის ორი პირობა კუმულატიურად უნდა არსებობდეს, პირი უნდა ახორციელებდეს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და ამასთან, აღნიშნული პირის მიერ 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის სიტყვიერი ახსნა-განმარტებით აღნიშნული ქონება არ გამოუყენებია ეკონომიკურ საქმიანობაში. ამასთან, რეალიზაციის მომენტში იყო შავი კარკასის მდგომარეობაში. სს „თ--–--იდან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია აღნიშნული საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავ ქონებაში არსებული აბონენტის შესახებ (გახარჯული ელ-ენერგია თვეების მიხედვით). მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ნ---------–---–ი აღნიშნულ ფართში ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, გაუგებარია რა საფუძვლით ჩათვალა საგადასახადო ორგანომ დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის მიზნებისათვის ნ---------–---–ი ეკონომიკური საქმიანობის განმხორციელებლად მაშინ, როდესაც ეკონომიკური საქმიანობის მიზანი და ფაქტი არ არსებობდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის.
სასამართლო ვერ გაითვალისწინებს, ასევე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა წარმომადგენლების მითითებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე. სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ შემთხვევაში ნ---------–---–ი იყო ამხანაგობის წევრი, რომელსაც 20-- წლის 24 დეკემბერს თანხმობა მიეცა საკუთრების უფლება დაერეგისტრირებინა უძრავ ნივთზე (მდებარე - ქ.თბილისში ნ--–-----ის ქ.№1---ში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის დიდ ბლოკში, სადარბაზო IV, სართული პირველი, ბ.№84, ფართი 306.4 კვ.მ), შემდგომ კი 2014 წლის 31 ივლისს აღნიშნული ქონება მიჰყიდა ო----------–----–---–ს 75 000 აშშ დოლარად.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებაზე (№ბს-538-531(კ-15)), სადაც აღნიშნულია, რომ სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 932-ე მუხლის მიხედვით მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად. შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. მონაწილეთა საერთო საკუთრებას შეადგენს ისიც, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში არსებული უფლების საფუძველზე, ან/და მიღებულია ანაზღაურების სახით საერთო ქონების განადგურების, დაზიანების ან ამოღების გამო. სამოქალაქო კოდექსის 933-ე მუხლი კი აწესრიგებს ამხანაგობის წილის გასხვისების უფლებას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე. უარი თანხმობაზე დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზის არსებობისას.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ამხანაგობის წილი არ არის აბსტრაქტული ცნება და შეიძლება გამოხატული იყოს კონკრეტული ქონებით. ბინათმშენებლობის ამხანაგობის საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ეს შეიძლება იყოს გარკვეული ფართი ასაშენებელ უძრავ ქონებაში, სამომავლო ქონება ან უკვე დასრულებული ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი (ბინა, ავტოფარეხი და ა.შ), ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ამხანაგობის წევრებმა შეიძლება, განახორციელონ წილების გადანაწილება, მაგრამ ამგვარი განაწილება ვერ მიიჩნევა ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღებად, მანამ, სანამ მიღწეული არ არის ერთობლივი საქმიანობის მიზანი და ამხანაგობა აგრძელებს არსებობას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ამხანაგობიდან წილის გასხვისება შეუძლია მხოლოდ მის წევრს, ხოლო ამხანაგობა, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, ვერ შეძლებს მისი წევრების კუთვნილი წილის გასხვისებას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამხანაგობაში შენატანები და ამ შენატანების საფუძველზე შეძენილი ქონება წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. ამხანაგობის წევრებს, რომელთაც გააჩნიათ წილობრივი საკუთრება ამხანაგობაში, შეუძლიათ განკარგონ წილი თავისი სახელით.“
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ---------–---–მა ო----------–----–---–ს, 2014 წლის 31 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, საკუთრებაში გადასცა კუთვნილი წილის ნაწილი მენაშენეთა ამხანაგობა „ს----------–-------------ში“. ამდენად, აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რადგან აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ არსებობს სპეციალური დანაწესები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ამხანაგობის წევრის მიერ ამხანაგობიდან ქონების გატანა (ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება) ან/და მომსახურების მიღება ითვლება ამხანაგობის მიერ საბაზრო ღირებულებით ქონების მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად).
სასამართლო განმარტავს, რომ დღეს მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ამხანაგობის წევრის მიერ წილის გასხვისება ზოგადად ნამდვილად წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. თუმცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-12 ნაწილით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ ამ კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება მხოლოდ 20-- წლის 7 აგვისტოდან შექმნილ ამხანაგობაზე. 20-- წლის 7 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობაზე გავრცელდება 20-- წლის 7 აგვისტომდე მოქმედი ნორმები.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მენაშენეთა ამხანაგობა „ს----------–-------------ის“ დამფუძნებელ წევრთა 2005 წლის პირველი დეკემბრის №1 კრების ოქმის საფუძველზე და 2005 წლის 6 დეკემბრის ბინის მენაშენეთა ამხანაგობა „ს----------–-------------ის“ დაფუძნების შესახებ სანოტარო აქტის შესაბამისად, დამფუძნებელ წევრთა გადაწყვეტილებით შეიქმნა მენაშენეთა ამხანაგობა „ს----------–-------------ი“. 2007 წლის 15 მაისის აქტის თანახმად ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ს----------–-------------ის“ წევრთა სიაში შევიდა ნ---------–---–ი. (იხ. 3.6 ფაქტობრივი გარემოება). აქედან გამომდინარე, ვინაიდან ამხანაგობა შექმნილია 2009 წლის 7 აგვისტომდე, კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას 2009 წლის 7 აგვისტომდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის ნორმები იმის დასადგენად, სადავო ოპერაცია წარმოადგენს თუ არა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2009 წლის 7 აგვისტომდე მოქმედი რედაქციის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-სგან გათავისუფლებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების ან/და იმპორტის შემდეგი სახეები: ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2009 წლის 7 აგვისტომდე მოქმედი რედაქციის საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით, ფინანსური ინსტრუმენტი არის ნებისმიერი შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც წარმოშობს როგორც ერთი პირის ფინანსურ აქტივს, ისე მეორე პირის ფინანსურ ვალდებულებას. იგი მოიცავს: ფულად სახსრებს (ნაღდი და უნაღდო ფორმით), სესხებს (კრედიტებს), სასესხო ვალდებულებებს, თამასუქებსა და ფასიან ქაღალდებს, მათ შორის: კაპიტალში წილებს, აქციებს, ობლიგაციებს და ისეთ წარმოებულ ფასიან ქაღალდებს, როგორებიცაა: ოფციონი, ფიუჩერსი, ფორვარდი, სვოპი და სხვა. ფინანსური ინსტრუმენტი აგრეთვე მოიცავს ფულადი გამოსახვის მქონე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნებისმიერ შეთანხმებას ორ სუბიექტს (კონტრაგენტს) შორის. ამასთანავე, თუ აღნიშნული შეთანხმების არსებობის პერიოდში მის ნებისმიერ ეტაპზე ამ შეთანხმების შედეგად განხორციელდა საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება, გარდა ფინანსური ოპერაციებისა და მომსახურების მიწოდებისა, ამ ფინანსური ინსტრუმენტის მფლობელ სუბიექტებს შორის ან/და მესამე პირებისათვის/მესამე პირებისაგან, ასეთი მიწოდების მომენტიდან იგი აღარ ითვლება ფინანსურ ინსტრუმენტად. იმავე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ფინანსური ოპერაციების ჩამონათვალს. ფინანსურ ოპერაციას განეკუთვნება: კაპიტალში წილის, აქციის, ობლიგაციის, სერტიფიკატების, თამასუქებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან, შეძენასთან, მიმოქცევასთან და მიწოდებასთან (მათ შორის, მომავალში) დაკავშირებული ოპერაციები, მათ შორის, მათი მიმოქცევის უზრუნველყოფა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები არის დაუსაბუთებელი და ისინი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ნ---------–---–ის მიერ ამხანაგობაში წილის ნაწილის რეალიზება გათავისუფლებული იყო დამატებული ღირებულების გადასახადისაგან.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 598 (ხუთასოთხმოცდათვრამეტი) ლარი, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 26 დეკემბრის №3---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 26 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მაისის №1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება №4---------- საჩივარზე.
3. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 598 (ხუთასოთხმოცდათვრამეტი) ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის №64) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე