გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.12.2019
საქმის ნომერი
010210017002176773
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002176773

საქმე №2-4496/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - შპს ,,ტ------------------------–ი"

წარმომადგენელი - მ------ ს----------ე, თ----- მ---------–ი

მოპასუხე - შპს ,,ბ------ი"

წარმომადგენელი - რ---–---- ხ--–--–-

დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება, მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ბ------ს“ აეკრძალოს შპს ,,ტ------------------------–ისათვის“ სამეწარმეო საქმიანობის უკანონო ხელშეშლა;

 

1.2. შპს „ბ------ს“ შპს ,,ტ------------------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდური ზიანის სახით/მიუღებელი შემოსავალი 2017 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 2000 ლარის ოდენობით;

 

1.3. შპს „ბ------ს“ შპს ,,ტ------------------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს იტალიური წარმოების ქარხნის “ROSACOMETTA“-ს მოძრავი რობოტის აღდგენის ღირებულება 17 230 ევროს ოდენობით;

 

1.4. შპს ,,ტ------------------------–ი" ცნობილი იქნას ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------- არსებული შენობა-ნაგებობების: 1) სატვირთო სასწორის რკინა-ბეტონის კონსტრუქცია და სასწორის საოპერატორო ოთახი; 2) ვოლიერი; 3) სამაცივრე აგრეგატი-შენობა; 4) ინერტული მასალების საფქვავი აგრეგატის პანდუსი; 5) სამღებრო შენობა; 6) საკომპრესოროს შენობა; 7) წყლის ავზის კონსტრუქცია (ფუნდამენტით); 8) წყალსაქაჩის შენობა; 9) წყალსაქაჩი; 10) საოპერატორო; 11) ინერტული მასალის სეპერატორი; 12) ქარხნის ფუნქციონირებისათვის საჭირო მასალებით მომარაგების პანდუსი; 13) საგენერატორო ოთახი; 14) ინერტული მასალის გადახურული საწყობი; 15) ცემენტის სილოსების საძირკველი კონსტრუქცია; 16) ჰაერის საკომპრესორო ოთახი; 17) დ----რატიული ბასეინის და ასევე მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ;

 

1.5. შპს „ბ------ს“ შპს ,,ტ------------------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 8 მეტრის სიმაღლის პალმის ღირებულება 25 000 ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,ბ------ი" სარჩელს არ ცნობს და მოითხოვს მოსარჩელს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/12279-13), შპს „მ------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,ტ------------------------–ს" შპს „მ------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 500 000 ლარის გადახდა, ასევე მასვე დაეკისრა პირგასამტეხლოს - 300 000 ლარის გადახდა და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2526.75 ლარის ოდენობით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 22 ივლისს (საქმე №2ბ/6771-14) მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შპს „მ------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „ტ------------------------–ს“ შპს „მ------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 433 453 ლარის გადახდა; ამავე გადაწყვეტილებით შპს „ტ------------------------–ს“ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 200 000 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 2000 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2016 წლის 27 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიიღო წარმოებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის (საქმე№2/12279-13) გადაწყვეტილება;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის (საქმე №2ბ/6771-14) გადაწყვეტილება;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის (საქმე №2ბ/6771-14) სააღსრულებო ფურცელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. დადგენილია, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაუზუსტებელი ფართობი: 30022.00 კვ.მ.-ს და მასზე არსებული შენობა ნაგებობ(ებ)ის, მდებარე: ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0-----------, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ბ------ი“ (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A16064532-035/001 განკარგულება).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რეგისტრაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №882017298520-03 გადაწყვეტილება;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.3. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ი (ს/კ 0-----------) განთავსებულია 8 მეტრის სიმაღლის პალმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 8 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორ-აღმასრულებელმა და №A16064532 სააღსრულები წარმოების ფარგლებში, მოითხოვა შპს ,,ტ------------------------–ის'' სახელზე რიცხულ ქონებებზე, მათ შორის მდებარე: ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ი, საკადასტრო კოდი - 0----------- მის მიერ დადებული ყადაღის რეგისტრაციაში გატარება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 ივლისის მიმართვით ირკვევა, რომ შპს „ტ------------------------–ის“ საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებებზე და მათ შორის ზემოთაღნიშნულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იქნა ყადაღა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 8 ივლისის განცხადება;

- 2016 წლის 19 ივლისის მიმართვა;

- სააღსრულებო საქმის წარმოების მასალები.

 

3.2.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 15 ივლისის A16064532-009/002 წერილით მოვალე შპს „ტ------------------------–ს“ გაეგზავნა შეტყობინება, რომლის თანახმადაც დაევალა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო წარმოებასთან (№A16064532) დაკავშირებით მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაციების წარმოდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 15 ივლისის A16064532-009/002 წერილი;

 

3.2.3. 2016 წლის 1 აგვისტოს შპს „მ------ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ითხოვა სააღსრულებო საქმის (კრედიტორი - შპს „მ------“; მოვალე - შპს „ტ------------------------–ი“) აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნა, რაც დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 1 აგვისტოს განცხადება;

-აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 4 აგვისტოს A16064532-012/001 წერილი;

 

3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2016 წლის 12 დეკემბრის №04/03-2242 დასკვნის თანახმად, შპს ,,ტ--------------------------–ის'' საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ი, საკადასტრო კოდი - 0----------- საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 6 011000 ლარი.

 

2016 წლის 15 დეკემბერს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს განცხადებით მიმართა შპს ,,ტ------------------------–ის'' დირექტორმა და განმარტა, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ი (საკადასტრო კოდი: N0-----------), შეფასება მოხდა 6 011 000 ლარად, რაც არ შეესაბამება ქონების რეალურ ღირებულებას (შეფასებულია დაახლოებით 2 მილიონი ლარით ნაკლებად).

 

2016 წლის 22 დეკემბერს შპს ,,ტ------------------------–ის'' დირექტორმა კვლავ მიმართა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და ითხოვა ქ. ბათუმში, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ში მდებარე უძრავი ქონების ხელახალი შეფასებისათვის შეფასების სამსახურის წარმომადგენლის ზემოაღნიშნულ მისამართზე გამოცხადება, რათა ტერიტორიის დათვალიერების შედეგად შეფასების სამსახურის შემფასებელს მოეხდინა ხელახალი შეფასება ან მისცემოდა საშუალება თავად განეხორციელებინა ქონების ალტერნატიული გზით შეფასება.

 

2016 წლის 23 დეკემბერს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა განმეორებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს და აღნიშნა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს მოხერხდა ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი -0-----------) დათვალიერება სრულად (როგორც გარედან, ასევე შიგნიდან), რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ქონების ღირებულებაზე. შესაბამისად, მოითხოვა, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების შეფასება მომხდარიყო ხელახლა.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ 2016 წლის 28 დეკემბერს შეფასებულ იქნა შპს „ტ------------------------–ის“ სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ი (საკადასტრო კოდი - 0-----------), რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 6 284 000 ლარი. დასკვნის თანახმად, შესაფასებელი ობიექტი წარმოადგენს მიწის ნაკვეთს ზედ განთავსებული საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობებით. საკადასტრო რუკის მიხედვით, რეგისტრირებულია რვა შენობა. კერძოდ, N1 შენობა - საყარაულოს ადმინისტრაციული შენობა (დაუზუსტებელი აზომვით 338.00კვ.მ); N2 შენობა - სასაწყობე შენობა (დაუზუსტებელი აზომვით - 214 კვ.მ), N3 შენობა - ერთსართულიანი შენობა (დაუზუსტებელი აზომვით - 438.00კვ.მ); გარე კედლები შებათქაშებულია, ჩასმულია მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები; N4 შენობა - ანგარის ტიპის საწარმოო დანიშნულების შენობა (დაუზუსტებელი აზომვით 1961.00 კვ.მ); N5 შენობა - ანგარის ტიპის საწარმოო დანიშნულების შენობა (დაუზუსტებელი აზომვით -599.00 კვ.მ), N6 შენობა - საწარმოო დანიშნულების კონსტრუქციული შენობა (დაუზუსტებელი აზომვით - 3888.00 კვ.მ); N7-8 შენობები წარმოადგენს სატრანსფორმატოროს შენობებს და დაურეგისტრირებელი შენობა (დაუზუსტებელი აზომვით 22.00 კვ.მ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის N04/03-2242 დასკვნა;

-შპს ,,ტ------------------------–ის'' 2016 წლის 15 დეკემბრის განცხადება;

-შეფასების სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის ცნობა;

-აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 დეკემბრის მიმართვა;

-შპს ,,ტ------------------------–ის''2016 წლის 22 დეკემბრის განცხადება;

-2016 წლის 23 დეკემბრის ოქმი სააღსრულებო მოქმედების შესახებ;

-აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2016 წლის 23 დეკემბრის მიმართვა;

- აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის 2016 წლის 28 დეკემბრის №04/03-2256 დასკვნა;

 

3.2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, 2017 წლის 2 თებერვალს მოვალის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ი, საკადასტრო კოდი: 0-----------) გამოცხადდა პირველი აუქციონი, რომელიც დასრულდა ამავე წლის 10 თებერვალს, 2017 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა პირველი განმეორებითი აუქციონი, რომელიც დასრულდა ამავე წლის 20 თებერვალს. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 20 თებერვალს გამოცხადდა მეორე განმეორებით აუქციონი შპს „ტ------------------------–ის'' საკუთრებაში რიცხულ უძრავ ნივთზე (მდებარე: ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ი (საკადასტრო კოდი - 0-----------), რომელიც სრულდებოდა 2017 წლის 28 თებერვალს.

 

2017 წლის 27 თებერვალს შპს „ტ------------------------–ის“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა A16064532 სააღსრულებო საქმის შეჩერება, მათ შორის, იძულებით აუქციონზე გატანილ უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ი, საკადასტრო კოდი: 0-----------) აღსრულების განხორციელების კანონიერების და მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა; ამ ნივთზე აღსრულების შეწყვეტა;

 

საჩივრის ავტორმა, საჩივარს თან დაურთო შპს აუდიტურ-საკონსულტაციო კორპორაცია „ინტერაუდიტის“ 2017 წლის 24 თებერვლის №1/03 ქონების შეფასების აქტი, რომლითაც დგინდება, რომ ამ კომპანიის აუდიტორმა და ქონების შემფასებლებმა შეაფასეს საზოგადოების ბალანსზე ხელვაჩაურის რაიონი, დაბა ხელვაჩაურში არსებული ქონება (ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა, მინის საწარმო, სამი ერთეული ჯოჯგინა ამწე) და ღირებულებამ შეადგინა 2 497 645 ლარი. აქტში მითითებულია, რომ ბეტონის ქარხანა არის იტალიური წარმოების სრული კომპლექტაციით, მუშა მდგომარეობაში, შუშის საწარმო არის თურქული წარმოების; შეფასებას ექვემდებარება რუსული წარმოების სამი ერთეული ჯოჯგინა ამწე, რომელიც მყარად არის დაკავშირებული შენობის კონსტრუქციასთან, კერძოდ, ამწქვეშა კოჭებთან, დემონტაჟის შემთხვევაში ზემოაღნიშნული კოჭების გარეშე შესაფასებელ ქონებას ეკარგება თავისი ფუნქცია, ხოლო კოჭებთან ერთად დემონტაჟმა შესაძლებელია გამოიწვიოს შენობის კონსტრუქციის დარღვევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 27 თებერვლის საჩივარი;

- შპს აუდიტურ-საკონსულტაციო კორპორაცია „ინტერაუდიტის“ 2017 წლის 24 თებერვლის №1/03 ქონების შეფასების აქტი;

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანება;

 

3.2.6. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ხატია ცქიტიშვილის მოქმედება A16064532 სააღსრულებო საქმის ფარგლებში, უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ი, საკადასტრო კოდი: 0-----------) 2017 წლის 20 თებერვალს მეორე განმეორებითი აუქციონის გამოცხადებაზე და შეწყდა მიმდინარე აუქციონი (№40146, ლოტი №24453).

 

განკარგულებით განმარტებულია, რომ დასადგენი იყო შენობა-ნაგებობებში განთავსებული დანადგარები წარმოადგენდა თუ არა სარეალიზაციო ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო მოქმედებების განსახორციელებლად აღმასრულებელს სჭირდებოდა გარკვეული დრო და აუქციონის დასრულებამდე დარჩენილი დროის სიმცირის გამო, ვერ მოესწრებოდა მათი განხორციელება, მართებული იყო, რომ გაუქმებულიყო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული მოქმედება სარეალიზაციო ქონებაზე აუქციონის გამოცხადების თაობაზე და შეწყვეტილიყო მიმდინარე აუქციონი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.7. აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2017 წლის 6 მარტს №A16064532-015/018 წერილით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს, რომელშიც მიუთითა, რომ ქონების შეფასებასთან დაკავშირებით მოვალის შპს „ტ------------------------–ის“ მიერ გამოთქმულ იქნა პრეტენზია. აღმასრულებელმა ითხოვა ინფორმაციის მიწოდება შემდეგ საკითხებზე: 1) შენობაში განთავსებული 3 ერთეული ამწე სვეტებზე განთავსებულ ბეტონის ფილებთან (ე.წ. რიგელებთან) ერთად წარმოადგენდა თუ არა უძრავი ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს და გათვალისწინებული იყო თუ არა ქონების ღირებულებაში; 2) ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა წარმოადგენდა თუ არა უძრავი ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს და გათვალისწინებული იყო თუ არა ქონების ღირებულებაში; 3) მინის ნაკეთობათა ქარხანასთან არსებული 1000 კილოვატიანი მიერთების ნებართვის ღირებულება შესული იყო თუ არა ქონების ღირებულებაში.

 

აღნიშნული მიმართვის პასუხად, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსმა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს 2017 წლის 6 მარტის №17383 წერილით აცნობა: 1) საწარმოოს დანიშნულების შენობაში განთავსებული (დამონტაჟებული) 3 ერთეული ხიდურა ამწე წარმოადგენდა მოძრავ ქონებას - შესაბამისად არ იყო გათვალისწინებული უძრავი ქონების შეფასების ანგარიშში. ხოლო შენობის კონსტრუქციის ბეტონის ფილები (ე.წ. რიგელები), რაზედაც დამონტაჟებული იყო ხიდურა ამწეები წარმოადგენდა შენობის შემადგენელ ნაწილს, შესაბამისად, უძრავი ქონების შეფასების დროს გათვალისწინებული იყო შეფასების ანგარიშში, როგორც უძრავი ქონების შემადგენელი ნაწილი; 2) საწარმოო დანიშნულების შენობაში დამონტაჟებული ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა (დანადგარები) წარმოადგენდა მოძრავ ქონებას - არ იყო შენობის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, უძრავი ქონების შეფასების ანგარიშში არ იყო გათვალისწინებული; 3) 1000 კილოვატიანი მიერთების ნებართვა წარმოადგენდა საწარმოო დანიშნულების მქონე უძრავი ქონების კომუნიკაციის შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, გათვალისწინებული იყო უძრავი ქონების შეფასების ანგარიშში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 მარტის №964 ბრძანება;

-2017 წლის 6 მარტის №17383 წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.8. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გარდა ზ/აღნიშნულისა შპს „ტ------------------------–ს“ სხვა არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია სააღსრულებო წარმოების პროცესში ქონების შეფასებასთან დაკავშირებით და არ განუცხადებია, რომ სადაო მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ი, საკადასტრო კოდი: 0-----------) განთავსებული იყო სხვა ქონება, რომელიც არ იყო შესული შეფასების ანგარიშში და წარმოადგენდა ცალკე უფლების ობიექტს.

 

ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ი, საკადასტრო კოდი: 0----------- შედგება 30022 კვმ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისაგან, რომელზედაც განთავსებულია საწარმოო დანიშნულების 26 შენობა-ნაგებობა, რომელთაგან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 8 შენობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრულებო ბიუროდან გამოთხოვილი მასალები.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- აღსრულების ეროვნული ბიურის ფაქტების კონსტატაციის ოქმი.03.04.2017წ.

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

 

3.2.9. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნულის შემდეგ აღმასრულებელ ხატია ცქიტიშვილის მიერ 2017 წლის 6 მარტს გამოცხადებული იქნა ახალი აუქციონი, რომელიც დასრულდა 2017 წლის 30 მარტს და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 13 აპრილს გაიცა №A16064532-035/001 განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რომლის თანახმადაც: 1) მოვალის შპს „ტ------------------------–ის“ (ს/კ2--------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ი, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, დაუზუსტებელი ფართობით: 30022.00 კვ.მ.-ს და მასზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საკადასტრო კოდით: 0----------- - შემძენი 2017 წლის 30 მარტს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს „ბ------ი“ (ს/კ 4--------); 2) შპს „ბ------მა“ (ს/კ 4--------) უძრავი ქონება შეიძინა 942 600.00 ლარად; 3) შპს „ბ------ის“ (ს/კ 4--------) მიერ თანხა გადახდილია სრულად; 4) აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის - შპს ,,მ------ს“ (ს/კ 2--------) მოთხოვნით. საფუძველი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 27.06.2016 წელს გაცემული №2ბ/6771-14 სააღსრულებო ფურცელი); 5) რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. 6) უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერების ასლები სააღსრულებო წარმოების ელექტრონული ვებგვერდიდან აუქციონის დანიშვნის შესახებ;

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A16064532-035/001 განკარგულება;

 

3.2.10. დადგენილია, რომ შპს „ბ------მა“ 2017 წლის 13 აპრილს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა იძულებითი აღსრულების შედეგად საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ი. საკადასტრო კოდი: 0-----------;

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 13 აპრილს მიღებულ იქნა №882017298520-03 გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. ამავე დღეს გაიცა ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0-----------) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ბ------ი“ (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A16064532-035/001 განკარგულება).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რეგისტრაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №882017298520-03 გადაწყვეტილება;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.11. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთი/საწარმოო ტერიტორია (მდებარე, ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ი, საკადასტრო კოდი - 0-----------), სადაც მოსარჩელე მოითხოვს სამეწარმეო საქმიანობის უკანონო ხელშეშლის აკრძალავს/აღკვეთას 2017 წლის 13 აპრილიდან წარმოადგენს მოპასუხე შპს „ბ------ის“ საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რეგისტრაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №882017298520-03 გადაწყვეტილება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახნა-განმარტება;

 

3.2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის (საქმე №3/2216-17) გადაწყვეტილებით შპს ,,ტ------------------------–ის“ სარჩელი (მოსარჩელე მოითხოვდა: აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 06 მარტის მოქმედების გაუქმებას №A16064532-032 სააღსრულებო საქმეზე აუქციონის დანიშვნის შესახებ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A16064532-035/001 განკარგულების ბათილად ცნობას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №882017298520-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას) მოპასუხეების აღსრულების ეროვნული ბიუროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირების აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს, შპს „მ------ს“ და შპს „ბ------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 

ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის (საქმე №3/2216-17) გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის კანონიერ ძალაში შესული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის (საქმე №3/2216-17) გადაწყვეტილების ასლი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.13. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ იტალიური წარმოების ქარხნის “ROSACOMETTA“-ს მოძრავი რობოტის მესაკუთრეა მოსარჩელე შპს „ტ------------------------–ი“, ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული იტალიური წარმოების ქარხნის “ROSACOMETTA“-ს მოძრავი რობოტი განთავსებული იყო უძრავ ქონებაში, მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ი, საკადასტრო კოდი: 0-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

-ინვოისი;

-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 აპრილის N5002264617 მომართვა,-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 აპრილის N132363 წერილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0-----------.) მომიჯნავედ მდებარე უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება ხელვაჩაური, შ---------–--------–ი (ს/კ 0-----------) 2017 წლის 7 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო აჭარის ა/რ რესპუბლიკის საკუთრების უფლება, ხოლო მიმდინარე პერიოდისათვის აღნიშნული საკადასტრო კოდი არ წარმოადგენს აქტიურ მონაცემს, ვინაიდან 2017 წლის 24 მარტის N882017219933-03 გადაწყვეტილებით საკადასტრო კოდების 0------------------------------------------ გაერთიანების საფუძველზე ჩამოყალიბდა უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, საკადასტრო კოდი 0-----------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი-საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი- 21934.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 0------------------------------------------, რომელზეც მიმდინარე პერიოდისათვის რეგისტრირებულია აჭარის ა/რ რესპუბლიკის საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 აპრილის N132363 წერილი;

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.15. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ შპს „ბ------მა“ 2017 წლის 30 მარტს, როგორც კი დამთავრდა აუქციონი, ისე, რომ არც ნასყიდობის თანხა არ ქონდა გადახდილი და შესაბამისად არც 2017 წლის 13 აპრილის განკარგულება არ იყო გამოცემული, ჩახერგა დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებებით საწარმოს ტერიტორიაზე N6 შენობის შესავლელი, ძალადობით შეიჭრა საწარმოს საქმიან ტერიტორიაზე, თვითნებურად გამორთო ელექტროეენერგიის მიწოდების წყარო, რითაც დაზიანდა იტალიური წარმოების ქარხნის “ROSACOMETTA“-ს მოძრავი რობოტი და ბოქლომი დაადო სატრანსფორმატორი და საგენერატორო სათავსოებს.

 

სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი სისხლის სამართლის (N173250718003) საქმის მასალების შესწავლის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სადაო უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობი: 30022.00 კვ.მ.-ს და მასზე არსებული შენობა ნაგებობ(ებ)ის, საკადასტრო კოდით: 0-----------, რომლის მესაკუთრეც და მფლობელიც 2017 წლის 13 აპრილამდე იყო შპს „ტ------------------------–ი“, მოსაზღვრედ მდებარეობს შპს „დ----ს“ საკუთრებაში არსებული სამშენებლო ქარხანა, ე.წ. ქვის სამტრევი აგრეგატი, რომლის დირექტორსა და 100%-იანი წილის მესაკუთრეს ასევე წარმოადგენს შპს „ბ------ის“ დირექტორი ნ---- ხ--–--–-.

 

2017 წლის მარტის მდგომარეობით შპს „ტ------------------------–ის“ და შპს „დ----ს“ სარგებლობაში არსებული ქარხნები განლაგებული იყო ერთმანეთის მომიჯნავედ, ქარხნებს შორის მთელ სიგრძეზე გადიოდა გამყოფი საავტომობილო გზა, შპს „ტ------------------------–ს“ ასევე გააჩნდა ცენტრალური შესასვლელი და შესასვლელი საწარმოს უკანა მხარეს. საწარმოს უკანა შესასვლელთან კი იდგა იყო ქვის შენობა, სადაც განთავსებული იყო ტრანსფორმატორები, საიდანაც მიეწოდებოდა ორივე საწარმოს ელექტროენერგია.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და აღნიშნულს სისხლის სამართლის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს შპს „ტ------------------------–ის“ დირექტორი გ------------–----ეც, რომ სადაო ტერიტორიაზე შპს „ტ------------------------–ი“ სამუშაოებს აწარმოებდა 2017 წლის 13 აპრილამდე. ასევე სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილი მასალებით დგინდება, რომ შპს „ტ------------------------–ის“ დაცვის სამსახურის თანამშრომლები 2017 წლის 13 აპრილიდან 2017 წლის 21 აპრილამდე სადაო ობიექტის დაცვას ახორციელებდნენ შპს „ბ------ის“ დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. შპს „ტ------------------------–ის“ მიერ 2017 წლის 21 აპრილამდე ჩაკეტილი იყო საწარმოს ცენტრალური შესასვლელი (ჭიშკარი) და შპს „ბ------ი“ სარგებლობდა უკანა შესასვლელით და ასევე უკანა შესასვლელით სარგებლობდნენ შპს „ტ------------------------–ის“ თანამშრომლებიც.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, შპს „ბ------ი“ თავის საკუთრებას/უძრავ ქონებას, (მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ი, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, დაუზუსტებელი ფართობით: 30022.00 კვ.მ.-ს და მასზე არსებული შენობა ნაგებობ(ებ)ის, საკადასტრო კოდით: 0-----------) დაეუფლა არა 2017 წლის 30 მარტს, როგორც ამას მოსარჩელე განმარტავს, არამედ 2017 წლის 13 აპრილს, საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

 

სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა 2017 წლის 14 აპრილს და ელექტროენერგია აღდგა 2017 წლის 18 აპრილს.

 

შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ 2017 წლის 30 მარტს შპს „ბ------მა“ დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებებით ჩახერგა საწარმოს საქმიან ტერიტორიაზე N6 შენობის შესასვლელი, თვითნებურად გამორთო ელექტროენერგიის მიწოდების წყარო, ბოქლომები დაადო სატრანსფორმატოროსა და საგენერატორო სათავსებს, რითაც ხელი შეუშალა საწარმოო პროცესებს და მოპასუხის ქმედების გამო იძულებული გახდა შეეჩერებინა წარმოება, რასაც შედეგად მატერიალური ზიანი მოჰყვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A16064532-035/001 განკარგულება;

- რეგისტრაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №882017298520-03 გადაწყვეტილება;

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-გ------------–----ის გამოკითხვის ოქმები;

-10.04.2017 წ რ------------ს გამოკითხვის ოქმი;

-13.04.2017წ ა-------–-–--–--ის გამოკითხვის ოქმი;

-13.04.2017წ გ----------–--ის გამოკითხვის ოქმი;

-14.04.2017წ გ------------–--ის გამოკითხვის ოქმი;

-19.04.2017წ ჯ----–----------ის გამოკითხვის ოქმი;

-21.04.2017წ ნ---- ხ--–--–-ს გამოკითხვის ოქმი;

-18.04.2017წ შპს „ტ------------------------–ის“ დირექტორის გ------------–----ის მოხსენებითი ბარათი;

-18.04.2017წ ოქმი;

-21.04.2017წ შპს „ტ------------------------–ის“ დამფუძნებლის მ------ ს----------ის განცხადება;

-22.04.2017წ გ--------------ს გამოკითხვის ოქმი;

-25.04.2017წ ე------------–--ის გამოკითხვის ოქმი;

-27.04.2017წ მ--–---------–-----ს გამოკითხვის ოქმი;

-01.05.2017წ რ------------–--ის გამოკითხვის ოქმი;

 

3.2.16. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხემ ჩაიდინა უკანონო ქმედება, შემოიჭრა მოსარჩელის საქმიან ტერიტორიაზე ძალადობით, ჩაკეტა საწარმოს შესასვლელი, თვითნებურად გამორთო ელექტროენერგიის წყარო და სატრანსფორმატორო სათავსოს დაადო ბოქლომი, რითაც ზიანი მიაყენა მას. მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებით, გარდა იმისა, რომ მოპასუხემ ზ/აღნიშნული ქმედებით ხელი შეუშალა შპს „ტ------------------------–ს“ სამეწარეო საქმიანობის განხორციელებაში და საწარმო ვეღარ ღებულობს 2017 წლის 1 აპრილიდან ყოველთვიურ შემოსავალს 2000 ლარის ოდენობით, ასევე მოპასუხის უკანონო ქმედების და ელექტროენერგიის თვითნებური გამორთვის გამო დაზიანებული იქნა საწარმოს საკუთრებაში რიცხული იტალიური წარმოების ქარხნის “ROSACOMETTA“-ს მოძრავი რობოტი, რომლის აღდგენასაც სჭირდება 17230 ევრო. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ასევე შპს „ბ------ის“ უკანონო ქმედებით გამოწვეული ნივთის დაზიანების გამო, ნივთის აღდგენის ღირებულების ანაზღაურებაც.

 

მოპასუხე არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ შპს „ბ------ის“ მიერ არანაირი უკანონო ქმედება არ განხორციელებულა, შპს „ბ------ი“ კანონის სრული დაცვით დაეუფლა ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ში (საკადასტრო კოდით: 0-----------) მდებარე უძრავ ქონებას მას შემდეგ, რაც სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული იქნა 2017 წლის 13 აპრილს განკარგულება და აღნიშნული განკარგულების საფუძველზე იგი აღრიცხული იქნა საჯარო რეესტრში ზ/აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ. ამასთან მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებით შპს „ბ------ს“ არანაირი შეხება არ ქონია ელექტროენერგიის გათიშვასთან და ეს იყო ტექნიკური პრობლემა, რაც არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით.

 

ამდენად დადგენილია, რომ მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს იძლევიან. სასამართლო გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის არგუმენტებს, რომელიც მტკიცებულებების ფონზე დაატკიცებს ფაქტის არსებობას. სასამართლო განმარტავს, რომ გარკვეული ფაქტების არსებობა უნდა დგინდებოდეს მტკიცებულებათა ანალიზით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სათანადო შეფასება და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიენიჭოს დადგენილი ფაქტების სტატუსი. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, საკუთარ პოზიციას აგებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა შეფასებამდე სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რომელი მხარის მტკიცების საგანში შედის სარჩელში და შესაგებელში აღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომელი მხარის ვალდებულებაა დაამტკიცოს სადავო ფაქტები ანუ ვისკენაა მტკიცების ტვირთი. აღნიშნული საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ სადავო სამართალურთიერთობას არეგულირებენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის უკანონო ქმედებით გამოწვეულინ ნივთის დაზიანების გამო ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურებას. ამდენად აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში დავა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან - დელიქტური სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე მოპასუხეს სთხოვს, მფლობელობაში არსებული იტალიური წარმოების ქარხნის “ROSACOMETTA“-ს მოძრავი რობოტის დაზიანების გამო, ფულად ანაზღაურებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგნაირად: მოთხოვნის წინაპირობების მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებული თავს გაართმევს კანონით დაკისრებულ მტკიცების სტანდარტს, ზიანის მიმყენებელს ევალება მოთხოვნის გამომრიცხველი წინაპირობების დადასტურება (სუსგ. 522-499-16 05/04/2019წ). მტკიცების ტვირთის განაწილების მოცემული პრინციპის გათვალისწინებით, დელიქტიდან გამომდინარე დავებში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთია ზიანის არსებობის, ზიანის მოცულობის, ასევე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა, ხოლო მოპასუხის პროცესუალური ვალდებულებაა მის ქმედებაში ბრალის არარსებობის დადასტურება.

 

მოსარჩელე მიუთითებს მის მიმართ განხორციელებული შესაძლო უკანონო ქმედების (ძალადობით შეჭრა საკუთრებაში, საწარმოოს შესასვლელის ჩაკეტვა, ელექტროენერგისს წყაროს თვითნებური გამორთვა,) შედეგად მისი საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტზე (იტალიური წარმოების ქარხნის “ROSACOMETTA“-ს მოძრავი რობოტის დაზიანება). სხვის საკუთრებაში/საქმიან ტერიტორიაზე ძალადობით შეჭრა, საწარმოოს შესასვლელის ჩაკეტვა, ელექტროენერგისს წყაროს თვითნებური გამორთვა და სათავსებზე ბოქლომების დადება, თავისი ხასიათით წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ვინაიდან ასეთი ქმედება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით და სსკ-ის 170-ე მუხლით გარანტირებულ მესაკუთრის უფლებას, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში/საქმიან ტერიტორიაზე ძალადობით შეჭრის, საწარმოოს შესასვლელის ჩაკეტვის, ელექტროენერგისს წყაროს თვითნებური გამორთვის და სათავსებზე ბოქლომების დადების შესაძლო ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სახეზე იქნება დელიქტის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა - მოსარჩელის საკუთრების ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, შესაბამისად მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ შპს „ბ------მა“ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც წარმოდგენილი მასალებით ვერ დადგინდა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ საქართველოს შსს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება შპს „ტ------------------------–ის“ ქონების დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 187.1. მუხლით, ასევე დადგენილი იქნა, რომ შპს „ბ------ი“ თავის საკუთრებას/უძრავ ქონებას, (მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ი, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, დაუზუსტებელი ფართობით: 30022.00 კვ.მ.-ს და მასზე არსებული შენობა ნაგებობ(ებ)ის, საკადასტრო კოდით: 0-----------) დაეუფლა 2017 წლის 13 აპრილს, ასევე დადგენილი იქნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა 2017 წლის 14 აპრილს, ამ დროისათვის მოსაპირკეთებელი ფილის საამქრო იმყოფებოდა მუშა რეჟიმში. ელექტროენერგია აღდგა 2017 წლის 18 აპრილს. დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ამ დრომდე გამოძიება დასრულებული არ არის, შესაბამისად არ არ დადგენილი ის გარემოებაც, თუ რამ გამოიწვია ელექტროენერგიის გამორთვა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ საქმეში არ მოიპოვება იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს „ბ------მა“ ჩაიდინა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება (ნივთის დაზიანება) .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

-ინვოისი;

-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 აპრილის N5002264617 მომართვა;

-გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი მასალები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ტ------------------------–ის" სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაSკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე 149-ე, 150-ე, 159-ე, 160-ე, 161-ე, 170-ე, 171-ე, 172-ე, 187-ე, 311-ე, 312-ე, 394-ე, 395-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 415-ე, 992-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე, 218-ე, 248-ე მუხლებით და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას მოპასუხე უკანონოდ ხელს უშლის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში, რითაც მიადგა ზიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვს მოპასუხისაგან ხელშეშლის აღკვეთას და ზიანის ანაზღაურებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, ასევე ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეშლის აკვეთის მოთხოვნის ნაწილში თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მართალია სააღსრულებო ბიუროს განკარგულების (რომელიც მის მიერ სადაოდაა გამხდარი) საფუძველზე მოიპოვა საკუთრების უფლება სადაო მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე, მაგრამ მან ისე, რომ სარჩელი არ აღუძრავს სასამართლოში ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით, უკანონოდ დაეუფლა სადაო ქონებას და ხელი შეუშალა მას, როგორც კეთილსინდისიერ მფლობელს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელაბაში, რითაც ზიანი მიადგა მას და ვერ მიიღო შესაბამისი შემოსავალიც, რაც შეადგენდა მისი მტკიცებით ყოველთვიურად 2000 ლარს. მოსარჩელე აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს 161-ე, 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლებს (იხ. სასარჩელო განცხადება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების (მფლობელობის) ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის (კეთილსინდისიერი მფლობელის) დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე (კეთილსინდისიერი მფლობელი), რომლის საკუთრების თუ მფლობელობის ხელყოფა ან სარგებლობაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობი: 30022.00 კვ.მ.-ს და მასზე არსებული შენობა ნაგებობ(ებ)ი, მდებარე: ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0-----------, სადაც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა და რომლის განხორციელებაში ხელშეშლის აღკვეთასაც ამჟამად მოითხოვს მოსარჩელე, 2017 წლის 13 აპრილამდე წარმოადგენდა მოსარჩელე შპს „ტ------------------------–ის“ საკუთრებას. ასევე დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 13 აპრილს გაიცა №A16064532-035/001 განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რომლის თანახმადაც: მოვალის შპს „ტ------------------------–ის“ (ს/კ2--------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შესახვევი წერეთელი, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობით: 30022.00 კვ.მ.-ს და მასზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საკადასტრო კოდით: 0----------- - შემძენი 2017 წლის 30 მარტს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს „ბ------ი“ (ს/კ 4--------); ამდენად დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი/საწარმოო ტერიტორია, სადაც მოსარჩელე ამჟამად მოითხოვს სამეწარმეო საქმიანობის უკანონო ხელშეშლის აკრძალავს/აღკვეთას წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ იგი წარმოადგენდა სადაო მიწის ნაკვეთის/საწარმოო ტერიტორიის კეთილსინდისიერ მფლობელს და მას სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, მსგავსად მესაკუთრისა შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.

 

მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთვა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშალა ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა, ამასთანვე მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც, მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ ვიდრე აღნიშნულ ნორმას გამოვიყენებდეთ მოსარჩელის მიმართ, საჭიროა დადგინდეს, რამდენად წარმოადგენს მოსარჩელე სადაო მიწის ნაკვეთის/ საწარმოო ტერიტორიის კეთილსინდისიერ მფლობელს და აქვს თუ არა მას ნივთის უკან გამოთხოვის უფლება.

 

სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლი განსაზღვრავს კეთილსინდისიერი მფლობელის ცნებას, რომლის თანახმადაც “კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე”. ამავე კოდექსის 160-ე მუხლით კი დადგენილია, რომ „თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს.“ ეს წესი კი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „ბ------ს“, რომელიც 2017 წლის 13 აპრილიდან ფლობს და სარგებლობს სადაო უძრავი ქონებით აქვს სწორედ უკეთესი მფლობელობის უფლება, ვინაიდან იგი 2017 წლის 13 აპრილიდან წარმოადგენს ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0----------- მდებარე სადაო მიწის ნაკვეთის/საწარმოო ტერიტორიის მესაკუთრეს.

 

საკუთრების უფლება კი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს პირის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. დადგენილია, რომ სადაო მიწის ნაკვეთზე და იქ არსებულ შენობა-ნაგებობაზე მოპასუხემ 2017 წლის 13 აპრილს მოიპოვა საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოსარჩელის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოსარჩელე შპს „ტ------------------------–ი“ 2017 წლის 13 აპრილის შემდეგ აღარ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს.

 

უდავოა, რომ მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამეწამეო საქმიანობისათვის გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობს. შესაბამისად სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების მთავარი წინაპირობა, კერძოდ მოსარჩელე არ წარმოადგენს იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მართლზომიერ მფლობელს, რომლის სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთასაც ითხოვს მოპასუხისაგან, შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს,6.2. სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეზე სამეწარმეო საქმიანობის უკანონო ხელშეშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების, როგორც მიუღებელი შემოსავალის სახით 2017 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 2000 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების ნაწილში და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლის თანახმად მხარემ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ დარღვეული იქნა მოვალის მიერ რაიმე ვალდებულება, ამავე კოდექსის 395-ე მუხლი კი ადგენს, რომ მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ზ/აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. ზ/აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუღებელ შემოსავლად ითვლება ის შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის როგორც თავად ზიანის ფაქტის, ასევე მისი ოდენობის მტკიცება, რაც წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

 

გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარატავს, რომ ვინაიდან შპს ,,ტ------------------------–ის“ სასარჩელო მოთხოვნა სამეწარმეო საქმიანობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ არ დაკმაყოფილდა, მოცემულ შემთხვევაში, მისი მოთხოვნაც უკანონო ხელშეშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც (იძულებითი განაცდური ზიანის სახით/მიუღებელი შემოსავალი 2017 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 2000 ლარის ოდენობით) საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კანომდებლობის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს დელიქტის არსებობა, ხელშეკრულების დარღვევა ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეზე იტალიური წარმოების ქარხნის “ROSACOMETTA“-ს მოძრავი რობოტის აღდგენის ღირებულების დაკისრება 17 230 ევროს ოდენობით.

 

სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის ზ/აღნიშნულ მოთხოვნას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლის თანახმად მხარემ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ დარღვეული იქნა მოვალის მიერ რაიმე ვალდებულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხე შპს „ბ------ი“ ძალადობით შემოიჭრა საწარმოს საქმიან ტერიტორიაზე, თვითნებურად გამორთო ელექტროენერგიის მიწოდების წყარო, დაადო ბოქლომები სატრანსფორმატორი და საგენერატორო სათავსოებს, ელექტროენერგიის მიწოდების წყაროს განზრახულად გამორთვის გამო კი დაზიანდა იტალიური წარმოების ქარხნის “ROSACOMETTA“-ს მოძრავი რობოტი. აღნიშნული დანადგარის აღდგენის ოდენობა კი შეადგენს 17230 ევროს. ამდენად მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალური საფუძვლად მიუთითებს დელიქტური ვალდებულებებიდან წარმოშობილ ზიანს. სამოქალაქო კოდექსის თანახმად კი დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი პირობა არის ზიანის მიმყენებლის ქმედების არამართლზომიერება, რაშიც იგულისხმება სხვისი სუბიექტური უფლებების ყოველგვარი დარღვევა, სათანადო უფლებამოსილების არქონის შემთხვევაში. ვინაიდან აღნიშნული იკრძალება კანონით, უფლების დამრღვევი ამავდროულად არღვევს კანონს, რომელიც იცავს პირის უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამდენად აღნიშნული მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ როდის შეიძლება დაეკისროს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412 მუხლის თანახმად კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობით ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის ანუ მისი პასუხისმგებლობა უნდა შემოიფარგლოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილიდანაც, რომლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.

 

მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა მოთხოვნა მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ. მოქმედება შეიძლება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. თუ მოქმედება არღვევს სხვა ვალდებულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გ. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს) (იხ. სუსგ №ას-332-317-2016, 2016 წლის 9 დეკემბერი).

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ივლისს საქართველოს შსს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება შპს „ტ------------------------–ის“ ქონების დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 187.1. მუხლით, ასევე დადგენილია, რომ შპს „ბ------ი“ თავის საკუთრებას/უძრავ ქონებას, (მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ი, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, დაუზუსტებელი ფართობით: 30022.00 კვ.მ.-ს და მასზე არსებული შენობა ნაგებობ(ებ)ის, საკადასტრო კოდით: 0-----------) დაეუფლა 2017 წლის 13 აპრილს, ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა 2017 წლის 14 აპრილს, ამ დროისათვის მოსაპირკეთებელი ფილის საამქრო იმყოფებოდა მუშა რეჟიმში. ელექტროენერგია აღდგა 2017 წლის 18 აპრილს, შესაბამისად საქმეში არ მოიპოვება იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კონკრეტულად შპს „ბ------მა“ ან მისმა უფლებამოსულმა წარმომადგენელმა ჩაიდინა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება (ნივთის დაზიანება) .

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ელემენტების ერთობლიობა. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო, სასამართლოსათვის წარმოედგინა ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი პოზიციის მართებულობას. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის არც მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

 

6.4. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობა სამოქალაქო სამართალწარმოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ, დამოუკიდებლად განსაზღვროს მოთხოვნის სახე და ფარგლები. აღნიშნული პრინციპი სრულიად გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას ჩაერიოს მოსარჩელის მოთხოვნის საზღვრებში ან თავად განავითაროს სასარჩელო მოთხოვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი ორიენტირებულია უფლების მქონე სუბიექტის თავისუფალ ნებაზე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური თუ საპროცესო უფლებები და ყოველგვარი რისკი, რომელიც ამ ნორმის ფარგლებში გამოვლენილ ნებას შეიძლება თან სდევდეს, ნების გამომვლენს აწევს (სუსგ №ას-1023-2018 30/11/18 წ.).

 

აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი განსაზღვრავს იმ ფარგლებს, რომელსაც არ უნდა გასცდეს სასამართლო, გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში, სასამართლო სასარჩელო მოთხოვნას ვერც შეცვლის და ვერც ტრანფორმირებას მოახდენს. სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით მოსამართლეს შეუძლია მხოლოდ მიუთითოს დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე და მხარეებს შესთავაზოს მორიგების პირობები. შესაბამისად სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 17 დასახელების შენობა-ნაგებობის და იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა, რომელზედაც განლაგებულია აღნიშნული შენობა-ნაგებობები. კერძოდ: მოსარჩელე მოითხოვს ცნობილი იქნას იგი ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაურში, წ-------–---–-------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------- მდებარე 30022 კვმ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული საჯარო რეესტრში არარეგისტრირებული შემდეგი შენობა-ნაგებობების: 1) სატვირთო სასწორის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის და სასწორის საოპერატორო ოთახის; 2) ვოლიერის; 3) სამაცივრე აგრეგატი-შენობის; 4) ინერტული მასალების საფქვავი აგრეგატის პანდუსის; 5) სამღებრო შენობის; 6) საკომპრესოროს შენობის; 7) წყლის ავზის კონსტრუქციის (ფუნდამენტით); 8) წყალსაქაჩის შენობის; 9) წყალსაქაჩის; 10) საოპერატორო შენობის; 11) ინერტული მასალის სეპერატორის; 12) ქარხნის ფუნქციონირებისათვის საჭირო მასალებით მომარაგების პანდუსის; 13) საგენერატორო ოთახის; 14. ინერტული მასალის გადახურული საწყობის; 15. ცემენტის სილოსების საძირკველი კონსტრუქციის; 16. ჰაერის საკომპრესორო ოთახის; 17. დ----რატიული ბასეინის და ამ შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული მოპასუხის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლში ასახული პოზიტიური ვალდებულება მოითხოვს საკუთრების უფლების დასაცავად კონკრეტული ღონისძიებების გატარებას, ფიზიკურ პირებსა თუ კომპანიებს შორის სამართალწარმოების შემცველ საქმეებთან მიმართებითაც კი. ეს კი კონკრეტულად იმას გულისხმობს, რომ „სახელმწიფოები ვალდებული არიან უზრუნველყონ სასამართლო პროცედურები, რომლებიც სთავაზობს აუცილებელ პროცედურულ გარანტიებს და, შესაბამისად, შესაძლებელს ხდის ეროვნული სასამართლოებისთვისა და ტრიბუნალებისთვის, კერძო პირებს შორის ნებისმიერ დავაზე აწარმოონ სამართალწარმოება ეფექტიანად და სამართლიანად“ (სოვტრანსავტო ჰოლდინგი უკრაინის წინააღმდეგ Sovtransavto Holding v. Ukraine, No. 48553/99, 25.9.02. 96). ამავე დროს განმარტავს, რომ საკუთრების უფლებაში შეცილება, უფლებადამდგენი დოკუმენტის შეცილებით უნდა მოხდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს, რომლის თანახმად რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება ან თვითონ დაეკისროს ვალდებულების შესრულება, ან შესაბამისი სასყიდლით ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში.

 

ამავე კოდექის 187-ე მუხლის თანახმად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ზ/აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა, დამყარებულია იმ არგუმენტზე, რომ სადაო მიწის ნაკვეთზე განთავსებული 26 შენობა-ნაგებობიდან მხოლოდ 9 შენობა-ნაგებობა - 8 რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და ერთი დაურეგისტრირებული იქნა აუქციონზე გასხვისებული, რაც მოსარჩელის მტკიცებით გულისხმობს შემდეგს, რომ მოპასუხეს სრული უფლება არ მოუპოვებია აუქციონზე შეძენილ მთლიან მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 26-ივე შენობა-ნაგებობებზე, ამიტომ მოსარჩელე მოითხოვს, რომ დარჩენილი 17 დასახელების შენობა-ნაგებობა და ამ შენობების მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთი აღიარებული იქნას მის საკუთრებად.

 

როგორც დადგენილია, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 13 აპრილს გაიცა №A16064532-035/001 განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რომლის თანახმადაც: მოვალის შპს „ტ------------------------–ის“ (ს/კ2--------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, შ---------–--------–ი, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, დაუზუსტებელი ფართობით: 30022.00 კვ.მ.- და მასზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საკადასტრო კოდით: 0----------- - შემძენი 2017 წლის 30 მარტს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს „ბ------ი“ (ს/კ 4--------). დადგენილია, რომ ზ/აღნიშნული განკარგულება ძალაშია და იგი არ გაუქმებულა. ასევე დადგენილია, რომ შპს „ბ------მა“ 2017 წლის 13 აპრილს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა იძულებითი აღსრულების შედეგად საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ი. საკადასტრო კოდი: 0-----------; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კი 2017 წლის 13 აპრილს მიღებულ იქნა №882017298520-03 გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. ამავე დღეს გაიცა ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ 30022 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0-----------) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ბ------ი“ (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A16064532-035/001 განკარგულება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე მუხლის თანახმად, ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი. ამავე კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ „ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში“. ამავე მუხლის მეორე ნაწილი კი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ „მიწის ნაკვეთის არსებიტ შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა -ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს“.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც მოსარჩელე სადაო შენობა-ნაგებობების, როგორც ცალკე უფლების ობიექტების მესაკუთრედ ცნობას კი არ მოითხოვს, არამედ იგი მოითხოვს ამ შენობა-ნაგებობების მიწის ნაკვეთთან ერთად მის საკუთრებაში აღრიცხავას, მაშინ როცა დადგენილია, რომ იმ მიწის ნაკვეთის ბედი სამართლებრივად გადაწყვეტილია და იგი წარმოადგენს მოპასუხე შპს „ბ------ის“ საკუთრებას. მოსარჩელის წარმომადგენლები თავადვე განმარტავენ, რომ სადაო 17-ივე შენობა მყარადაა დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან და მათ ცალკე დანიშნულება არ გააჩნიათ და მათი გამოცალკევება შეუძლებელია. სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლი კი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ უძრავი ნივთს წარმოადგენს სწორედ მიწის ნაკვეთი, მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეებით, ასევე შენობა-ნაგებობებით, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ამდენად ამ შემთხვევაში მთავარი ნივთი არის სწორედ მიწის ნაკვეთი და მისი არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული მთავარ ნივთთან, როგორც წესი, იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია არსებითი შემადგენელი ნაწილის დამოუკიდებლად განკარგვა. იგი განიკარგება მთავარ ნივთთან ერთად და ეს არაა დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე. მაგალითად, თუ პირი ყიდულობს მიწას, ივარაუდება, რომ იგი ყიდულობს ამ მიწასთან დაკავშირებულ შენობა-ნაგებობებს და სხვა არსებით შემადგენელ ნაწილებს. სსკ-ის 150-ე მუხლით განსაზღვრული მთავარი ნივთისა და მისი არსებითი შემადგენელი ნაწილების კავშირურთიერთობის შინაარსი განაპირობებს იმას, რომ ამავე კოდექსის 171-ე მუხლის თანახმად, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც. ზემოხსენებული მსჯელობა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ: Nას-1081-1110-2011, 10.11.2011; Nას-500-476-2013, 21.10.2013). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთზე მოპასუხის საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილებზე, მათ შორის სადაო მიწის ნაკვეთზე მყარად მდგარ ყველა შენობა-ნაგებობებზე და ასევე იმ პალმის ხეზე, რომლის ღირებულების ანაზღაურებასაც მოითხოვს მოსარჩელე.

 

მიკუთვნებითი სარჩელის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, შედეგი დგება იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სადავო ჩანაწერის შეცილება, შესაბამისი ფაქტობრივი და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების მითითების გზით, რასაც მოჰყვება სადავო რეგისტრაციის გაუქმება და მხარისათვის სადავო ქონების მიკუთვნება. საკუთრების უფლების მიკუთვნება, სადავო ჩანაწერის უზუსტობის დამტკიცების გარეშე, კი, შეუძლებელია და ეწინააღმდეგება საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას. ამდენად სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე (17 დასახელების შენობა-ნაგებობებზე და ამ შენობების მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე) მოპასუხე იურიდიული პირის რეგისტრირებული საკუთრების უფლების შენარჩუნების პირობებში, სასამართლო ვერ განიხილავს სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების რეგისტრაციის შესაძლებლობას.

 

6.5. სასამართლო ასევე უსაფუძლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას სადაო ტერიტორიაზე განთავსებული 8 მეტრი სიმაღლის პალმის ხის ღირებულების, 25 000 ლარის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილშიც და განმარტავს, რომ უძრავი ნივთის ძირითად ელემენტს, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს. მიწის ნაკვეთს მიეკუთვნება ის, რაც მიწაზეა და რაც მიწის ქვეშაა. უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, შენობა–ნაგებობები, ასევე სხვა ობიექტები, რომლებიც მიწაზე მყარად დგანან. აღნიშნული ობიექტები წარმოადგენენ მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს, ანუ მიწასთან ერთად ქმნიან ერთიან უძრავ ნივთს. ნივთის არსებითი შემადგენელ ნაწილს მიეკუთვნება არა ის, რაც ამ ნივთის არსებას განსაზღვრავს, არამედ ის, რაც სამართლებრივად არის მასთან დაკავშირებული და არ წარმოადგენს განსაკუთრებული უფლების ობიექტს, ანუ არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული ნივთთან და როგორც წესი, იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მართალია მოპასუხე შპს „ბ------ის“ მიერ სადაო პალმის ხე, როგორც ცალკე უფლების ობიექტი აუქციონზე შეძენილი არ ყოფილა, თუმცა იგი, როგორც მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგებელი ნაწილი მიწის ნაკვეთთან ერთად იქნა შეძენილი მოპასუხის მიერ აუქციონზე და წარმოადგენს შპს „ბ------ის“ საკუთრებას.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას პალმის ხის ღირებულების, 25 000 ლარის ოდენობით შპს „ბ------ზე“ დაკისრების ნაწილშიც, რაც ამ ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

6.6. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს ,,ტ------------------------–ის" სასარჩელო მოთხოვნების არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი და მას უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისათვის - 3000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის - 5000 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ წინასწარ არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ვინდან მას მისი მოთხოვნით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს ,,ტ------------------------–ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელეს შპს ,,ტ------------------------–ს" უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ამიტომ ზ/აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის №158 უზრ-17 განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე შპს ,,ბ------ს" (ს/კ 446 960 824) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ი (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0-----------) გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა ან/და სხვა ვალდებულებით დატვირთვა; ასევე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის N2/ბ-376-19 განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს „ბ------ის“ ფულად სახსრებს 2000 ლარის ზემოთ საქართველოში არსებულ და ლიცენზირებულ ყველა ბანკსა და საბანკო დაწესებულებებში 6 189 693 ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხულ ანდა არსებული თანხის არაუმეტეს 50%-ისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ტ------------------------–ის" სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის №158 უზრ-17 განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე შპს ,,ბ------ს" (ს/კ 446 960 824) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, წ-------–---–-------ი (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0-----------) გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა ან/და სხვა ვალდებულებით დატვირთვა;

 

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის N2/ბ-376-19 განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს „ბ------ის“ ფულად სახსრებს 2000 ლარის ზემოთ საქართველოში არსებულ და ლიცენზირებულ ყველა ბანკსა და საბანკო დაწესებულებებში 6 189 693 ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხულ ანდა არსებული თანხის არაუმეტეს 50%-ისა;

 

4. შპს ,,ტ------------------------–ს" დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე