გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2020
საქმის ნომერი
190210018002608348
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2422-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.02.2020 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი სალომე არევაძე

მოსარჩელე შპს ”გ--–----------”

(მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი ვასილ მამულაიშვილი

მოპასუხე შპს „ჯ--------–ი“

(მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი დიმიტრი ხრიკაძე

დავის საგანი გადაზიდვის საფასურის ანაზღაურება

შეგებებულ სარჩელში ტვირთის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. შპს ”გ--–----------ის” სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს „ჯ--------–ისათვის“ 19 350 ლარის დაკისრება.

 

2. შპს ჯ--------–ის სასარჩელო მოთხოვნა

2.1. შპს გ--–----------ისათვის 44 871,95 ლარის დაკისრება.

 

შპს ”გ--–----------ის” სარჩელის გარემოებები

 

შპს "გ--–----------მა" მოპასუხესთან არსებული გადაზიდვის ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის 16 ივლისიდან იმავე წლის 20 ივლისის ჩათვლით განახორციელა საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის - არმატურის გადაზიდვა. ტვირთის გადაზიდვის შესახებ გამოწერილია შესაბამისი ინვოისები, რომლის მიხედვით, გადაზიდვის საფასურია 19 350 ლარი, რასაც მოპასუხე არ იხდის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

შპს ჯ--------–მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები:

სარჩელში მითითებული ტვირთის გადაზიდვა მოსარჩელემ შეთანხმებული პირობების დარღვევით განახორციელა. ტვირთის გადაზიდვა ვადის გადაცილებით მოხდა, ამასთან, მან გადამზიდავს ამავე პერიოდში სხვა ტვირთის დაკარგვით მიაყენა ზიანი.

 

შპს ჯ--------–ის შეგებებული სარჩელის გარემოებები

 

შპს ჯ--------–ი აწარმოებს არმატურას, რომლის მყიდველებისათვის მიწოდება ხდება გადამზიდავი კომპანიების მეშვეობით. მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო 2018 წლის 31 ივლისს თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირში 44 871,95 ლარის ღირებულების არმატურის გადაზიდვა, რაც გადამზიდავმა არ შეასრულა. ამის მიზეზად გადამზიდავი ასახელებს არმატურის ქურდობას, რაც გადამზიდავის პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს. არმატურა გადამზიდავს უნდა მიეტანა შპს საქმილსადენმშენისათვის, ხოლო არმატურის დაკარგვის გამო ჯ--------–მა მაინც შეასრულა ეს ვალდებულება, შემკვეთს მიაწოდა არმატურა, მაგრამ ამისათვის მას მოუწია დამატებით ამ პროდუქციის წარმოება..

 

შპს ”გ--–----------მა” შეგებებული სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებების გამო:

 

მას გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე სოფელ კვახჭირში უნდა მიეტანა 44 871,95 ლარის ღირებულების არმატურა. შპს-ს მასთან დასაქმებული მძღოლები არ ჰყავს, იგი ტვირთვის გადაზიდვის შეკვეთის დროს უთანხმდება მათთვის ცნობილ მძღოლებს ტვირთის გადაზიდვის შესახებ. ამ შემთხვევაშიც სადაო ტვირთი გადასცეს სატვირთო ავტომობილის მძღოლს, რომელმაც ტვირთი ჯ--------–ის ტერიტორიიდან წამოიღო შესაბამისი სასაქონლო ზედნადებით. მოგვიანებით ჯ--------–ის თანამშრომლისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტვირთი დანიშნულების ადგილზე არ მისულა, რის შემდეგ დაუკავშირდა მძღოლს. თავად მიმართეს გამოძიებას ტვირთის დაკარგვის ფაქტის გამო, რის შედეგად ტვირთი თითქმის იგივე რაოდენობით აღმოჩნდა თბილისში. ამის შემდეგ ამ დრომდე ტვირთი დალუქულია გამოძიების მიმდინარეობის გამო, რის გამოც ჯ--------–ს ზიანი არ ადგება. მას გამოძიების დასრულების შემდეგ დაუბრუნდება თითქმის იგივე რაოდენობის ტვირთი. ასეთ პირობებში ზიანის ანაზღაურების მიზნით თანხის მიღებით ჯ--------–ი უსაფუძვლოდ გამდიდრდება, რადგან მას გამოძიების დასრულების შემდეგ ტვირთიც დაუბრუნდება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016-2018 წლებში შპს „ჯ--------–სა“ და შპს „გ--–----------ს“ შორის არსებობდა გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში შპს „გ--–----------ი“ ახორციელებდა ტვირთის გადაზიდვას საქართველოს ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სარჩელი (ს.ფ. 3-10. ტომი 1)

შესაგებელი (ს.ფ. 46-48. ტომი 1)

 

3.2.2. 2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 20 ივლისის ჩათვლით პერიოდში შპს „გნლოჯისტიკმა“ შპს „ჯ--------–თან“ შეთანხმებით განახორციელა არმატურის გადაზიდვა, რაზეც შედგენილია შემდეგი დოკუმენტაცია

23.07.2018წ - ინვოისი GN-520 - მარშრუტი რუსთავი-ოსიაური, თანხა 6500 ლარი.

23.07.2018წ - ინვოისი GN-521 - მარშრუტი რუსთავი-ოსიაური, თანხა 4550 ლარი.

27.07.2018წ - ინვოისი GN-530 - მარშრუტი რუსთავი-ზუგდიდი, რუსთავი- ქუთაისი, თანხა 700 ლარი.

31.07.2018წ - ინვოისი GN-538 - მარშრუტი რუსთავი-ლანჩხუთი, თანხა 5600 ლარი.

04.08.2018წ - ინვოისი GN-548 - მარშრუტი რუსთავი-ოსიაური, თანხა 1300 ლარი.

აღნიშნული ინვოისების საფუძველზე განხორციელებული ტრანსპორტირების შესახებ შედგენილია შემდეგი საგადასახადო ანგარიშფაქტურები:

2018 წლის 27 ივლისის ანგარიშფაქტურა ეა-40 3032615 – N538 და N530 ინვოისების საფუძველზე

2018 წლის 26 ივლისის ანგარიშფაქტურა ეა-40 3030657 – N520 და N521 ინვოისების საფუძველზე

2018 წლის 4 აგვისტოს ანგარიშფაქტურა ეა-40 3050149 – N548 ინვოისის საფუძველზე

ამ ინვოისების საფუძველზე ტვირთი მიტანილია დანიშნულების ადგილზე, გადაზიდვის საფასურია 19 350 ლარი, რაც შპს ჯ--------–ს გადახდილი არა აქვს.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 3-10. ტომი 1)

- მოპასუხის განმარტება (06.02.2020წ სხდომის ოქმი CD დისკი)

- ინვოისების და ანგარიშფაქტურების ასლები (ს.ფ. 17-34. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 31 ივლისს შპს „ჯ--------–მა“ გადამზიდავს შპს „გ--–----------ს“ ქალაქ რუსთავში გადასცა 44 871,95 ლარის ღირებულების 25,83 ტონა არმატურა, რომლის ტრანსპორტირება გადამზიდავს უნდა განეხორციელებინა ქალაქ რუსთავიდან შპს საქმილსადენმშენისათვის თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირში. ეს ვალდებულება შპს გ--–----------მა არ შეასრულა. ტვირთი დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავიდა იმ მიზეზით, რომ გადამზიდავის დაქირავებულმა მძღოლმა იგი სხვა პირზე გაასხვისა. ამ ფაქტის გამო თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომლის გამოც არმატურა როგორც ნივთმტკიცება ამოღებულია და ინახება გამოძიების დასრულებამდე.

 

2018 წლის 3 აგვისტოს გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა 7611564, რომლის თანახმად, გამყიდველს შპს „ჯ--------–ს“ მყიდველის შპს „საქმილსადენმშენისათვის“ უნდა მიწოდებინა 25,83 ტონა არმატურა, რომლის ღირებულებაა 44 871,95 ლარი. ტვირთის თაობაზე 2018 წლის 31 ივლისს გამოწერილია სასაქონლო ზედნადები ელ-0393660296, რომელშიც მითითებული მიწოდების ფორმა ტრანსპორტირებით. სატრანსპორტო საშუალების მძღოლია თემურ ქისტაური. ტვირთის გადაზიდვის დანიშნულების ადგილია თერჯოლის რაიონის სოფელი კვახჭირი.

 

ტვირთის დანიშნულების ადგილზე გადაზიდვის ვალდებულება იკისრა შპს „გ--–----------მა“, რომელმაც ვერ უზრუნველყო ტვირთის ჩაბარება ტვირთის მიმღებისათვის გადაზიდვის დოკუმენტებში მითითებულ დანიშნულების ადგილზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება თაღლითობის ჩადების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გამოძიება დაწყებულია ზემოთაღნიშნული არმატურის გადაზიდვის დროს ტვირთის დაკარგვის გამო, გამოძიება დაწყებულია შპს „გ--–----------ის“ თანამშრომლის გვანცა კალანდიას შეტყობინების საფუძველზე.

 

გვანცა კალანდიას განმარტებით, 2018 წლის 31 ივლისს ჯ--------–მა შეატყობინება რომ საჭირო იყო სამი სატვირთო მანქანა ქუთაისში და ლანჩხუთში არმატურის გადასაზიდად. პირველ ეტაპზე ერთი სატვირთოთი უნდა გადაეტანათ 26 ტონა არმატურა, რის შემდეგ ორი მანქანა დაიტვირთა ლანჩხუთზე და დარჩენილი ყო ქუთაისის რეისი, ვინაიდან მანქანა აღარ იყო. მესამე ტვირთზე მანქანა იშოვნა კომპანიის თანამშრომელმა ნინო კალანდაძემ, ხოლო თუ ვის ეკუთვნოდა სატვირთო, მისთვის უცნობია. 2018 წლის 1 აგვისტოს მისთვის ნინო კალანდაძისგან გახდა ცნობილი, რომ ქუთაისში დანიშნულებით მანქანა არ ჩასულა. ამის შემდეგ გაარკვია, რომ ვინმე ლადომ ნინო კალანდაძე მიიყვანა ჯ--------–ის ტერიტორიაზე, ხოლო მანქანას მართავდა თემურ ქისტაური. თემურ ქისტაურთან საუბრით გაირკვა, რომ ავტომობილის დატვირთის შემდეგ მას დაუკავშირდა ვინმე ლადო და უთხრა, რომ არმატურა უნდა დაეცალა თბილისში. მას ამწეკრანი დაახვედრა თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე შემდეგ ერთად წავიდნენ მისთვის გაურკვეველ ტერიტორიაზე, სადაც დაცალა 26 ტონა არმატურა.

 

ნინო კალანდაძის ახსნ-განმარტებაში მითითებულია, რომ შპს გ--–----------ს სატვირთო ავტომობილები არ ჰყავს. 2018 წლის 31 ივლისს მას დაუკავშირდა ჯ--------–ის გაყიდვების მენეჯერი შალვა დვალიშვილი და განუმარტა, რომ მიღებული ჰქონდა შეკვეთა ლანჩხუთის და ქუთაისის მიმართულებით არმატურის გადაზიდვაზე. ამის შემდეგ დაიწყო მანქანის მოძიება კერძო მძღოლებთან და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებთან. ორი ტრანსპორტი გაშვებული იქნა ლანჩხუთის მიმართულებით. მძღოლებთან ასევე ისაუბრა, რომ კიდევ ერთი სატვირთო იყო საჭირო ქუთაისში ტვირთის გადასატანად. ამის შემდეგ მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება და განუმარტა, რომ სხვა მძღოლებისგან ჰქონდა ინფორმაცია ტვირთის გადაზიდვის შესახებ, ამ მძღოლს შეუთანხმა ტვირთის მიმართულებაზე და ფასსზე. თანხმობის შემდეგ მას განუმარტა, რომ მიეწოდებინა მანქანის მძღოლის კოორდინატები. ერთ საათში ამ პიროვნებას თავად დაუკავშირდა და ჩაიწერა სატვირთოს მძღოლის საკონტაქტო ინფორმაცია და ავტომანქანის ნომერი. მძღოლი აღმოჩნდა თემურ ქისტაური, რომლის მონაცემები გადასცა ჯ--------–საც. ჯ--------–ისაგან ტვირთი სატვირთოზე დაიტვირთა 31 ივლისს, ხოლო 1 აგვისტოს მას დაუკავშირდა ჯ--------–ის გაყიდვების მენეჯერი და სთხოვა ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის საკითხის გარკვევა, რადგან მძღოლი თემურ ქისტაური მისული იყო ჯ--------–ში და ითხოვდა სხვა შეკვეთით გათვალისწინებული ტვირთით დატვირთვას.

ამის შემდეგ დაუკავშირდა თემურ ქისტაურს და მისგან შეიტყო, რომ 26 ტონა არმატურა ვინმე ლადოს მოთხოვნით დიდ დიღომში დაცალა. ქისტაურმა განუმარტა ასევე, რომ მას ლადოს გარდა კავშირი ჰქონდა დავით ნიჟარაძესთან, რომლის მითითებით დაცალა ტვირთი დიდ დიღომში. ნანა კალანდაძის განმარტებით, ამის შემდეგ დარეკა ვინმე ლადოსთან, რომელთან კონტაქტი არ შედგა, შემდეგ დაუკავშირდა დათო ნიჟარაძეს, რომელმაც განუმარტა რომ ტვირთი თბილისში დაცალა ლადოს მითითებით. თემურ ქისტაური და გვანცა კალანდია შეეცადნენ ამ ადგილის პოვნას, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ გვანცა კალანდია დაუკავშირდა 112-ს და ითხოვა პოლიციის დახმარება. ნანა კალანდაძის განმარტებით, ჯ--------–ში მძღოლს ისედაც აძლევენ კოორდინატებს, თუ სად უნდა მიიტანოს ტვირთი. მისთვის უცნობი იყო თუ ვინ იყო ტვირთის შემკვეთი, ეს ინფორმაცია მძღოლისათვის არის ცნობილი.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს ქ. თბილისში, წერეთლის N118-ში ბეჟან ოქროპირიძისაგან ამოღებულია სხვადასხვა სახის არმატურა და დოკუმენტაცია. არმატურა ზომით 10 მმ, 7,670 ტონა. არმატურა - 14 მმ. 2 ტონა, არმატურა 16 მმ - 8,014 ტონა, არმატურა 18 მმ - 5 ტონა. არმატურა 25 მმ - 1,26 ტონა, სულ 25,428 ტონა. ასევე ამოღებულია ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი და სასაქონლო ზედნადები ნომრით 039383509. არმატურა შესანახად მიბარებული აქვს ბეჟან ოქროპირიძეს დალუქულ მდგომარეობაში მისამართზე თბილისი, სტანისლავსკის N12.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს ჯ--------–თან დადებული გადაზიდვის ხელშეკრულებით 2018 წლის 31 ივლისს შპს გ--–----------ს უნდა უზრუნველეყო 26 ტონა არმატურის ტრანსპორტირება, ხოლო დანიშნულების ადგილი განსაზღვრული იყო სასაქონლო ზედნადებით, რომლის მიხედვით არმატურა უნდა ჩაებარებინა თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირში საქმილსადენმშენისათვის.

 

დანიშნულების ადგილზე ტვირთის ტრანსპორტირება არ მომხდარა, რაც არ არის გამოწვეული დაუძლეველი ძალით ან სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებული გადამზიდავის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩაუბარებლობა გამოიწვია ისეთმა ფაქტმა, რაც შპს გნლოჯისტიკის პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მას შრომის ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული მძღოლები არ ჰყავს. გადაზიდვის კონკრეტულ შემთხვევებში იგი უთანხმდება კონკრეტულ მძღოლს გადაზიდვის განხორციელების საკითხზე. სადაო გადაზიდვის შემთხვევაში გადაზიდვისათვის სატრანსპორტო საშუალება და მძღოლი შეარჩია შპს გ--–----------ის დირექტორმა მესამე პირის მეშვეობით სატელეფონო მოლაპარაკებების შედეგად. მოსარჩელე გადამზიდავის წარმომადგენლების განმარტებით, მათთვის ცნობილი არ იყო ტვირთის დანიშნულების ადგილი და საკმარისად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ მძღოლი სასაქონლო ზედნადებიდან არის ინფორმირებული ტვირთის მიტანის დანიშნულების ადგილის და ტვირთის ჩამბარებელი პირის შესახებ. პოლიციისათვის მიცემული ახსნა-განმარტების ირკვევა, რომ ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის გამო წარმოქმნილი პრობლემის შესახებ მოსარჩელის უფლებამოსილმა პირებმა შეიტყვეს ჯ--------–ის უფლებამოსილი პირისგან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ გადაზიდვის განხორციელების პერიოდში არ გაუკონტროლებიათ გადაზიდვის მიმდინარეობა.

 

ამდენად, 2018 წლის 31 ივლისს ჩაბარებული ტვირთი გადამზიდავს შპს გნლოჯისტიკს დანიშნულების ადგილზე არ მიუტანია, რაც გამოწვეულია მის მიერ დაქირავებული მძღოლის მიერ გამოვლენილი უხეში დაუდევრობით.

 

ტვირთი გამოძიების მიერ ამოღებულია 2018 წლის 6 აგვისტოს, ხოლო შპს ჯ--------–მა იგივე რაოდენობის და სახეობის ტვირთი მანამდე მიაწოდა მყიდველს შპს საქმილსადენმშენს. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, მან იგივე რაოდენობის ტვირთი მიაწოდა მყიდველს. გამოძიების პროცესში 2018 წლის 14 აგვისტოს შპს ჯ--------–ის დირექტორმა ჯასპალ სინგმა განმარტა, რომ სხვა კომპანიის შპს ნია ლოგისტიკსის“ მეშვეობით 2018 წლის 3 აგვისტოს მათ უზრუნველყვეს იგი სახეობის ტვირთის დაუბრკოლებლად გაგზავნა დანიშნულების ადგილზე. ამ გარემოების საწინააღმდეგო არსებითი შედავება მოპასუხეს არ მოუხდენია, ეს ფაქტი ეჭვქეშ არ დაუყენებია, არ მოუთხოვია ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რის გამოც ეს გარემოება დადასტურებულად ითვლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ზედნადების ასლი და ანგარიშფაქტურის ასლები (ს.ფ. 88-89. ტომი 1)

- გამოკითხვის ოქმების ასლები. ს.ფ. 170-171, 172-174, 185-191. ტომი 1

- ამოღების ოქმის ასლი (ს.ფ. 230-234. ტომი 1)

-

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტვირთი მიტანილია დანიშნულების ადგილზე, რის სანაცვლოდ გადაზიდავმა უნდა მიიღოს გადაზიდვის საფასური.

 

უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი, რადგან ტვირთი დანიშნულების ადგილზე გადამზიდავს არ მიუტანია, რის გამოც გადამზიდავს ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

მოთხოვნათ ურთიერთგაქვითვის შედეგად, საბოლოოდ შპს გ--–----------ს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურების მიზნით მოთხოვნილი თანხის ნაწილის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე, 672-ე, 673-ე, 674-ე, 677-ე, 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 394-ე, 669-ე, 686-ე, 689-ე, 408-ე, 689-ე, 692-ე, 697-ე, 412-ე, 442-ე, 444-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს გნლოჯისტიკის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა არის გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში შპს „გ--–----------ს“ ნაკლის ჰქონდა შპს "ჯ--------–ს" ტვირთის გადაზიდვის ვალდებულება შესაბამისი საფასურის მიღების სანაცვლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის მიხედვით, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

 

672-ე მუხლის მიხედვით, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673-ე მუხლის მიხედვით, 1. ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი. 2. თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა. 674-ე მუხლის თანახმად, 1. ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა. გაცემის დღესა და ადგილს;

ბ. გამგზავნის სახელსა და მისამართს;

გ. გადამზიდველის სახელსა და მისამართს;

დ. ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს;

ე. მიმღების სახელსა და მისამართს;

ვ. ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას;

ზ. გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს;

თ. ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას;

ი) გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე);

კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აღნიშვნებს;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 677-ე მუხლის მიხედვით, 1. საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები) არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს. 2. თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები,საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნორმებით დადგენილი წესით მხარეებს შორის წარმოიშვა გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რადგან ტვირთის გამგზავნსა (შპს ჯ--------–ი) და გადამზიდავს (შპს გნლოჯსთიკი) შედგენილია ინვოისი, რომელშიც მითითებულია ტვირთის სახეობა და ფასი, ტვირთის მიტანის დანიშნულების ადგილი და ტვირთის მიმღები. ტვირთის გამგზავნის განმარტებით დასტურდება, რომ გადამზიდავმა ტვირთი მიიტანა დანიშნულების ადგილზე და გადასცა ტვირთის მიმღებს, რის გამოც დადასტურებულია გადაზიდვის ხელშეკრულების შესრულება. ტვირთის დაგვიანებით მიტანის გამო მოთხოვნები ტვირთის გამგზავნს არ აღუძრავს, რის გამოც ასეთი ფაქტის არსებობა დადასტურებული არ არის., ამ ფაქტის დადასტურების პირობებშიც, გადზიდვის საფასურის გადახდის ვალდებულებისან ტვირთის გამგზავნი არ თავისუფლდება. ამდენად, გადამზიდავმა შეასრულა მისი ძირითადი ვალდებულება, ტვირთი მიიტანა დანიშნულების ადგილზე, რის გამოც მას წარმოეშვა გადაზიდვის საფასურის მოთხოვნის უფლება.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. კრედიტორის ასეთი უფლების არსებობა წარმოშობს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მოვალეობას. გადაზიდვის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, შესრულებული გადაზიდვის სანაცვლოდ გადამზიდავმა უნდა მიიღოს შეთანხმებული საფასური, რის გამოც შპს ჯ--------–ს უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი გადაზიდვის საფასურის 19 350 ლარის გადახდა შპს გ--–----------ის სასარგებლოდ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილეს შპს ჯ--------–ის შეგებებული სარჩელი შემდეგი საფუძვლების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მე-3 ნაწილის მიხედვით, დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ მას რაიმე შედეგი არ მოჰყვება, ან როცა არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით ამართლებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაუყოვნებლივ გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 669-ე მუხლის მიხედვით, 1. გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის. 2. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუკი ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ან თვით მგზავრის მიერ, ანდა მისი ბარგით. 3. გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით.

 

საქმეში სადაო არ არის, რომ შპს გ--–----------მა გადაზიდვის ვალდებულება არ შეასრულა, მას ტვირთის გამგზავნის მიერ გადაცემული ტვირთი ტვირთის მიმღებთან დანიშნულების ადგილზე არ მიუტანია. გადამზიდავის განმარტებით, გამოძიების პროცესში დადგინდა ტვირთის ადგილსამყოფელი, ტვირთი დალუქულია, ინახება როგორც ნივთმტკიცება და გამოძიების დასრულების შემდეგ დაუბრუნდება შპს ჯ--------–ს, რის გამოც ზიანის ფულადი ანაზღაურება მის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევს. თავის მხრივ შპს ჯ--------–ის მიერ სარჩელის ერთერთ საფუძვლად მითითებულია, რომ მან მყიდველისთვის საქონლის მიწოდების ვალდებულება შეასრულა, რაც შესრულდა მის მიერ იმავე რაოდენობის საქონლის წარმოების გზით, რომლის სხვაგვარად რეალიზაციის შედეგად დამატებით შემოსავალს მიიღებდა.

 

გარდა ამ ნორმისა 686-697-ე მუხლებით ცალკეა დადგენილი გადამზიდველის პასუხისმგებლობის წესები და საფუძვლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის მიხედვით, 1. გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე – მიტანის ვადის გადაცილებისათვის; 2. გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა; 3. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების მიზნით გადამზიდველს არ შეუძლია მიუთითოს არც გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ნაკლზე და არც ამ საშუალების გამქირავებლის ან დამქირავებლის მომსახურე პერსონალის ბრალზე. 4. გადამზიდველი 687-? ?????? ??-2-5 ????????? გათვალისწინებული პირობების არსებობისას თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა ან დაზიანება ქვემოთ დასახელებულ გარემოებებთან დაკავშირებული განსაკუთრებული საფრთხისგან წარმოიშვა, კერძოდ, როცა:

ა) გამოიყენება ღია, გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალება, თუ მისი გამოყენება პირდაპირ იყო შეთანხმებული და ზედნადებში აღნიშნული;

ბ) ტვირთი არ არის შეფუთული ან უხარისხოდაა შეფუთული, რაც, ტვირთის ხასიათიდან გამომდინარე, დაკარგვის ან დაზიანების საფრთხეს ქმნის;

გ) ტვირთის დათვალიერება, დატვირთვა, დაწყობა ან გადმოტვირთვა ხდება გამგზავნის, მიმღების ან მათთვის მოქმედი მესამე პირის მიერ;

დ) ცალკეული ტვირთების თავისებურებათა გამო მოსალოდნელია მათი მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, ან დაზიანების, კერძოდ, დამტვრევის, დაჟანგვის, კოროზიის, გახმობის, დაღვრის, ნორმალური დანაკარგის ან მწერებისა და მღრღნელების ზემოქმედების საფრთხე;

ე) გადასაზიდი ტვირთი არასაკმარისადაა აღნიშნული ან დანომრილი;

ვ) გადასაყვანია ცხოველები.

 

686-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების მიზნით გადამზიდველს არ შეუძლია მიუთითოს გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ნაკლზე ან/და ამ საშუალების გამქირავებლის ან დამქირავებლის მომსახურე პერსონალის ბრალზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაზიდვის ურთიერთობა დავალების ელემენტებს მოიცავს და მომსახურების ერთერთ სახეს წარმოადგენს. გადამზიდავი ტვირთის გამგზავნის დავალების მიხედვით აწვდის საქონელს გამგზავნის მიერ მითითებულ პირს და მითითებულ ადგილზე. გადამზიდავისათვის ტვირთის გადაცემის შემდეგ ტვირთზე პასუხისმგებელია გადამზიდავი. გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობაში სულ მცირე სამი სუბიექტი მონაწილეობს - ტვირთის გამგზავნი, გადამზიდავი და ტვირთის მიმღები, ხოლო გადამზიდავს ორივე მხარის მიმართ ეკისრება ვალდებულებები. სწორედ ამ თავისებურებით არის განპირობებული გადამზიდავის მკაცრი პასუხისმგებლობა გადაზიდვის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის

 

ამ შემთხვევაში გადამზიდავმა ტვირთი დანიშნულების ადგილზე ვერ მიიტანა მის მიერ დაქირავებული მძღოლის უხეში დაუდევრობის გამო, რის გამოც ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხს აგებს გადამზიდავი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსს 689-ე მუხლის მიხედვით, 1. უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, – გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ. 2. უფლებამოსილ პირს შეუძლია დაკარგული ტვირთის გამო ზიანის ანაზღაურებისას წერილობით მოითხოვოს, რომ მას დაუყოვნებლივ შეატყობინონ, თუ ზიანის ანაზღაურებიდან ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება დაკარგული ტვირთი. ამ მოთხოვნაზე პასუხი ასევე წერილობით უნდა გაიცეს. 3. უფლებამოსილ პირს შეუძლია ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი დღის ვადაში მოითხოვოს, რომ ტვირთი ჩაბარდეს მას ზედნადებიდან გამომდინარე უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ და მიღებული ანაზღაურების უკან დაბრუნების პირობით, საჭიროებისას – ზიანის ანაზღაურებისას წარმოშობილი ხარჯების გამოკლებით; მისი მოთხოვნები გადაზიდვის ვადის დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებაზე 692-? ?? 694-? ???????? ???????? უცვლელი რჩება; თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში გათვალისწინებული მოთხოვნა წარდგენილი არ იქნება, ან არ არის მითითება მესამე ნაწილში გათვალისწინებული ოცდაათდღიანი ვადის გამო, ანდა ტვირთი ნაპოვნი იქნება გადახდიდან ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ გადამზიდველს შეუძლია ტვირთი განკარგოს იმ ადგილას მოქმედი წესების მიხედვით, სადაც ტვირთი იმყოფება.

 

689-ე მუხლის მიხედვით, გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტვირთის მიტანის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოითხოვოს უფლებამოსილმა პირმა, ასეთი პირი შეიძლება იყოს როგორც ტვირთის მიმღები, ისე ტვირთის გამგზავნი. ამ შემთხვევაში გადაზიდვის ვალდებულების შეუსრულებლობით ტვირთის მიმღებს ზიანი არ განუცდია, რადგან მას გამყიდველმა შპს ჯ--------–მა საკუთარი ხარჯებით დამატებით მიაწოდა ტვირთი. ამ შემთხვევაში გადაზიდვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს ტვირთის გამგზავნი იმ საფუძვლით, რომ მან სხვა იმავე რაოდენობის და ღირებულების ტვირთი მიაწოდა მყიდველს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაზიდვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ფაქტობრივი ზიანი მიადგა შპს ჯ--------–ს იმის გამო, რომ მან მყიდველს სხვა იგივე რაოდენობის პროდუქცია მიაწოდა ნასყიდობის ხელშეკრულების შესასრულებლად, ნასყიდობის საგნის გადაცემის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანი არის არანებაყოფლობითი ქონებრივი მსხვერპლი, რაც გამოწვეული აქტივების შემცირებით ან პასივების გაზრდით, ასევე შემოსავლის მიუღებლობით. ზიანი ასევე მოიცავს ხარჯებსაც, რისი გაწევაც უხდება დაზარალებულს სხვა უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის დაზიანების თავიდან აცილების ან ზიანის ოდენობის შემცირების მიზნით. ამგვარი დანახარჯი საბოლოო ჯამში მაინც ზიანის დადგომის საფრთხით არის განპირობებული და ვერ ჩაითვლება ნებაყოფლობით გაწეულად. დანახარჯების ზიანად კვალიფირებისათვის საჭიროა, რომ ისინი საღად მოაზროვნე პირის თვალსაწიერიდან დაზარალებულის მდგომარეობის გათვალისწინებით ზიანის პრევენციის აუციელებელ ზომას წარმოადგენდეს (ზიანის ე.წ. ნატურალური ცნება) (სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის კომენტარი ).

 

ამდენად, ზიანის არის დაზრალებულის მიერ განცდილი ქონებრივი დანაკლისი, ასევე ზიანი მოიცავს ვალდებულებების გაზრდას, რაც ზიანის შემცირებას ან ზიანის მიმყენებლის ქმედებით გამოწვეული შედეგების გამოსწორებისთვის არის აუცილებელი. ამ შემთხვევაში გადამზიდველმა არ შეასრულა ტვირთის მიმღებისათვის მისთვის გადაცემული ტვირთის გადაცემის ვალდებულება, რის გამოც ტვირთის გამგზავნმა განმეორებით გაუგზავნა და გადასცა იგივე რაოდენობის ტვირთი მყიდველს. შესაბამისად, მან საკუთარი ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ხარჯი გაიღო, რაც მისი ვალებულებების გაზრდაზე მიუთითებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონებრივი ზიანის შემთხვევაში მის დადგენისა და გამოთვლის ხერხს წარმოადგენს ე.წ. დიფერენცირების ჰიპოთეზა, რაც სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარეობს. ამ დროს ხდება ამჟამინდელი ქონებრივი მდგომარეობის შეპირისპირება იმ ჰიპოთეზურ ქონებრივ მდგომარეობასთან, რომელიც იარსებებდა დამაზიანებელი შემთხვევის დადგომის გარეშე. თუ ამ შეპირისპირების შედეგად ნეგატიური ქონებრივი ნაშთი დგინდება, სწორედ ეს ნაშთი წარმოადგენს ზიანს. ამ პრიციპის საფუძველზე ხდება ქონებრივი მდგომარეობის შედარება. კერძოდ რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელებოდა ზიანის გამომწვევი ქმედება და რა მდგომარეობაში იმყოფება პირი ამ ქმედების შემდგომ. ზაინის ოდენობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობას შორის სხვაობით (სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის კომენტარი ).

 

ამდენად, ქონებრივ ზიანში ნაგულისხმევია არა მარტო დაზარალებულის მატერიალური აქტივის შემცირება, არამედ ვალდებულებების გაზრდაც, რაც შედეგად მოჰყვა ზიანის გამომწვევ ქმედებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა ჯ--------–ის მიერ განცდილი ფაქტობრივი ზიანი, რადგან მან ტვირთის მიმღებისათვის ნასყიდობის საგნის მიწოდების ვალდებულება შეასრულა მისი სხვა ქონების ხარჯზე. ნასყიდობის საგანი იყო გვაროვნული ნივთი 25.83 ტონა არმატურა, რის გამოც 382-ე მუხლის საფუძველზე მას უპირობოდ ეკისრებოდა საქონლის მიწოდების ვალდებულება. ჯ--------–მა თავისი წარმოებული იგივე რაოდენობის პროდუქცია მიაწოდა მყიდველს, მაგრამ მას შეეძლო ეს საქონელი სხვაგვარად გამოეყენებინა ბრუნვაში, სხვა პირზე გაესხვისებინა და მიეღო შესაბამისი შემოსავალი. შესაბამისად, ვალდებულების შესასრულებლად სხვა იგივე რაოდენობის საქონლის მიწოდებით შეუმცირდა ქონებრივი აქტივი, რითიც მან ფაქტობრივი მატერიალური ზარალი მიიღო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გადამზიდავის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ გადაზიდვისათვის გადაცემული ტვირთი ნაპოვნია და გამოძიების დასრულების შემდეგ იგი დაუბრუნდება ჯ--------–ს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 408-ე მუხლიდან გამომდინარე ზიანის კომპენსაციის ფუნქციიდან გამომდინარეობს, რომ ზიანის ანაზღაურების მოცულობა დაზარალებულისათვის რეალურად მიყენებული ზიანით უნდა შემოიფარგლოს (ე. წ. გამდიდრების აკრძალვა). დაზარალებული ზიანის ანაზღაურების შემდეგ არ უნდა აღმოჩნდეს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე იქნებოდა ზიანის მიყენების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 689-ე მუხლის პირველ ნაწილით დადგენილია ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია, რომლის მიხედვით, თუ გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან მაქსიმუმ 60 დღეში ტვირთი არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე, იგი დაკარგულად ითვლება. სასამართლო განმარტავს, რომ ტვირთის დაკარგვად ითვლება ისეთი გარემოება, როცა ამ ტვირთის გადაზიდვის ვალდებულება ვერ შესრულდება, ამ კონკრეტული ტვირთის მიწოდება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში გადამზიდავის ინიციატივით დაწყებული გამოძიების დროს ტვირთის ადგილსამყოფელი დადგინდა, მაგრამ იგი ნივთმტკიცებად ინახება გამოძიების დასრულებამდე და ამის გამო ამ ტვირთის გადაზიდვის ვალდებულება ვეღარ შესრულდება. მეტიც, ამ ტვირთის გადაზიდვის შესრულების ინტერესი აღარ არსებობს, რადგან ჯ--------–მა მყიდველს უკვე მიაწოდა იგივე მახასიათებლების გვაროვნული ნივთი. ამდენად, 689-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ტვირთი დაკარგულად ითვლება.

 

689-ე მუხლი ასევე აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როცა დაკარგული ტვირთი აღმოჩნდება ზიანის ანაზღაურების შემდეგ. ამ ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენისას უფლებამოსილ პირს შეუძლია მოითხოვოს, რომ თუ ტვირთი ზიანის ანაზღაურებიან 1 წლის განმავლობაში აღმოჩნდება, მას შეატყობინონ ამის შესახებ. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, უფლებამოსილ პირს შეუძლია ასეთი შეტყობინებიდან 30 დღის ვადაში მოითხოვოს ტვირთის ჩაბარება ზედდებულიდან გამომდინარე უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ და მიღებული ანაზღაურების უკან დაბრუნების პირობით, საჭიროებისას ზიანის ანაზღაურებისას წარმოშობილი ხარჯების გამოკლებით. უცვლელია გადაზიდვის ვადის დარღვევის გამო მოთხოვნები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნორმის საფუძველზე უფლებამოსილ პირში იგულისხმება ტვირთის მიმღები, რადგან ნორმა ადგენს ზედნადებიდან გამომდინარე უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ მიღებული ზიანის ანაზღაურების დაბრუნებას. ზედდებულის საფუძველზე კი ტვირთის ჩაბარებაზე უფლებამოსილი სახელშეკრულებო მხარეა ტვირთის მიმღები, რადგან ზედდებულით გათვალისწინებული ტვირთის გადაზიდვა მის სასარგებლოდ, მისთვის ტვირთის გადაცემის მიზნით სრულება. ზედდებულების საფუძველზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადაზიდვის შესრულებას იღებს ტვირთის მიმღები. შესაბამისად, ტვირთის პოვნის შემდეგ მისი მიღების შემთხვევაში მან უნდა დააბრუნოს ზიანის ასანაზღაურებლად მიღებული თანხა.

 

689-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ ნორმით გათვალიწინებული მოთხოვნის წარუდგენლობის და ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ტვირთის პოვნისას, გადამზიდველს შეუძლია განკარგოს ტვირთი ადგილსამყოფელის ადგილას არსებული წესებით. ამდენად, ამ ნორმის მიხედვით, თუ ტვირთის პოვნის შემდეგ უფლებამოსილი პირი მისი გადაცემის მოთხოვნას არ წარადგენს, მაშინ გადამზიდველს შეუძლია განკარგოს ტვირთი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 689-ე მუხლით დადგენილი წესებიდან გამომდინარე, ტვირთის დაკარგვით დაზარალებული სახელშეკრულებო მხარეა ტვირთის მიმღები, რადგან იგი ტვირთის მიღებით დაინტერესებული მხარეა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება მან უნდა მიიღოს, მას უნდა გადასცეს გადამზიდავმა ტვირთი. 689-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელია ტვირთის პოვნის შემდეგ ტვირთის მიმღებს კვლავ გააჩნდეს მისი მიღების ინტერესები, რისი განხორციელების შემთხვევაში მან უნდა დააბრუნოს ზიანის ასანაზღაურებლად მიღებული თანხა.

 

სადაო შემთხვევაში სახეზეა ტვირთის გამგზავნის მიერ განცდილი ზიანი, რადგან მიუხედავად ტვირთის მოკლე ვადაში პოვნისა, ამ ტვირთის მიწოდება შესაძლებელი აღარ არის, რადგან უკვე ამავე სახეობის და რაოდენობის სხვა საქონელი მიწოდებულია ტვირთის მიმღებისათვის ტვირთის გამგზავნის მიერ მისივე ხარჯით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 692-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ ამ თავის წესების თანახმად გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით. 2. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის არარსებობისას – საბაზრო ფასით; თუკი არც ასეთი ფასი არსებობს, მაშინ – მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად. ეს ნორმა ადგენს გადამზიდველის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრის წესს და იგი განისაზღვრება საბაზრო ფასით, ასეთის არარსებობის პირობებში მსგავსი სახეობის და ღირებულების ტვირთის ანალოგიურად. ამ ნორმის საფუძველზე გადამზიდველის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ტვირთის ღირებულებით, რაც მითითებულია სასაქონლო ზედნადებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 697-ე მუხლის მიხედვით, გადამზიდველს არ შეუძლია დაეყრდნოს ამ თავის იმ წესებს, რომლებიც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავენ ან ზღუდავენ, ანდა მტკიცების ტვირთისაგან ათავისუფლებენ მას, თუკი ზიანი გამოწვეულია მისი ბრალით.

 

ამ ნორმის საფუძველზე გადამზიდავის ბრალით გამოწვეული ზიანი ყველა შემთხვევაში უნდა ანაზღაურდეს და ასეთ შემთხვევაში გადამზიდველს არ შეუძლია დაეყრდნოს მისი პასუხისმგებლობის გამორიცხავ ან შემამსუბუქებელ წესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. სასამართლო აღნიშნავს, რომ ტვირთი რომ თავად ჯ--------–ს განმეორებით არ მიეწოდებინა მყიდველისათვის, შპს გ--–----------ის ქმედებით ზიანი მიადგებოდა ტვირთის მიმღებს – ტვირთის ღირებულების ოდენობით. თუმცა, რადგან მყიდველს ტვირთი ჯ--------–მა მიაწოდა, გადაზიდვის ვალდებულების შეუსრულებლობით ზიანი მან განიცადა.

 

სასამართლოს მიაჩია, რომ გადაზიდვის ვალდებულება გადამზიდავმა არ შეასრულა მისი ბრალეული ქმედებით, მან გადაზიდვით განსაზღვრულ ვადაში დანიშნულების ადგილას ტვირთის მიმღებთან ტვირთი არ მიიტანა, რის გამოც გამგზავნმა საკუთარი ხარჯებით განმეორებით გააგზავნა იგივე სახეობის ტვირთი, რაც მას ქონებრივი დანაკლისი წარმოუშვა. ამდენად, დადგენილია ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელი წინაპირობების (ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის) არსებობა, რის გამოც საფუძვლიანია შპს ჯ--------–ის მოთხოვნა. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება (სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 689-ე მუხლით გათვალისწინებულია ერთგვარად ზიანის ასანაზღაირებლად მიღებული შესრულების უკუქცევა ტვირთის პოვნის შემდეგ, თუკი უფლებამოილი პირი ტვირთს მიიღებს (მაგ. თუკი ტვირთის მიმღები საქონელს მიიღებს). ამ ნორმით დადგენილია ამ უფლების განხორციელების ვადები, რომლის გასვლის შემდეგ გადამზიდავს შეუძლია ნაპოვნი ტვირთი განკარგოს. ამ ნორმის და 697-ე მუხლის შინაარსიდან ერთობლიობაში გამომდინარეობს, რომ გადამზიდავი მისი ბრალით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება არც ერთი საფუძვლით. მით უფრო ისეთ პირობებში, როცა ნაპოვნი ტვირთის ბედი გადაწყდება სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდეგ, რის გამოც მოვალის მიერ ზიანის ნატურით ანაზღაურების შესაძლებლობა სახეზე არ არის.

 

ამ შემთხვევაში სახეზეა შპს ჯ--------–ის მიერ განცდილი ფაქტობრივი ზიანი, რაც ხელშეკრულების ბრალეული შეუსრულებლობით წარმოიშვა, ამგვარი ზიანი წინასწარ შეეძლო ევარაუდა გადამზიდავს, როგორც ტვირთის მიტანის ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგი, რის გამოც 697-ე მუხლის საფუძველზე იგი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან არ თავისუფლდება.

 

აღნიშნული გარემოებების გამო შპს ჯ--------–ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და გადამზიდავს შპს გ--–----------ს უნდა დაეკისროს მისთვის 44 871,95 ლარის გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს მხარეთა ურთიერთმოთხოვნების გაქვითვა შემდეგი საფუძვლების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, 1. ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამავე კოდექსის 444-ე მუხლის მიხედვით, თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე.

 

ამ ნორმების მიხედვით ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის განხორციელების პირველ წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ორი პირი ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ ვალდებულნი შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე. ანუ ორივე ერთდროულად ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ როგორც მოვალეები, ასევე კრედიტორები, რის საფუძველზედაც სახეზე უნდა იყოს ურთიერთმოთხოვნები საპასუხო შესრულებებზე. 444-ე მუხლის მიხედვით, თუ გასაქვითი მოთხოვნები ტოლი არ არის, იქვითება ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის ოდენობაზე. ამ შემთხვევაში შპს ჯ--------–ს შპს გ--–----------ისათვის გადასახდელი აქვს 19 350 ლარი, ხოლო შპს გ--–----------ს“ შპს ჯ--------–ისათვის გადასახდელი აქვს 44 871,95 ლარი. მათ შორის სხვაობა არის 25 521,95 ლარი, რომლის ანაზღაურების ვალდებულება გააჩნია შპს „გ--–----------ს“.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში დაკმაყოფილდა სარჩელიც და შეგებებული სარჩელიც, რის გამოც მხარეებს უნდა დაეკისროთ ერთმანეთისთვის სარჩელზე და შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 188-ე, 189-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს ”გ--–----------ის” სარჩელი;

1.1. შპს “ჯ--------–ს” დაეკისროს შპს ”გ--–----------ისათვის" 19 350 ლარის გადახდა;

2. დაკმაყოფილდეს შპს ჯ--------–ის შეგებებული სარჩელი;

2.1. შპს "გ--–----------ს" დაეკისროს შპს ჯ--------–ისათვის 44 871,95 ლარის გადახდა;

3. მხარეთა ურთიერთმოთხოვნები გაიქვითოს და შპს გ--–----------ს დაეკისროს შპს ჯ--------–ისათვის 25 521,95 ლარის გადახდა;

4. შპს “ჯ--------–ს” დაეკისროს შპს ”გ--–----------ისათვის" სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 267 ლარის 580,50 ლარის გადახდა;

5. შპს "გ--–----------ს" დაეკისროს შპს "ჯ--------–ისათვის" სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1346,16 ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი