განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001270429
საქმე №2ბ/4675-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშილი
აპელანტი - მ--------------–---–-
წარმომადგენელი- ნ------–---------
მოწინააღმდეგე მხარე - ქ-------–----------–----–---------------
წარმომადგენელი - ბ----------------------–------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.05.2018 წლის გადაწყვეტილება.
დავის საგანი - განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.05.2018 წლის გადაწყვეტილებით, მ--------------–---–-ს საჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
ქ. თბილისის მთავრობამ ქ. თბილისის მოსახლეობისათვის საბიბლიოთეკო მომსახურების მიწოდების მიზნით 2012 წლის 30 ოქტომბერს დააფუძნა ა-----------–------------------- გაერთიანება. მ------------- გაერთიანების ბალანსზე რიცხულია ორი ობიექტი: მდებარე ქ. თ---–--–-------------------------- და ვ---------–------–--
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება; - 3--------- წლის ქ.თბილისის მთავრობის დადგენილება (ს.ფ.19; ტომი 1).
ქ. თბილისის მთავრობის 3---------წ. დადგენილებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - თბილისის მ------------- გაერთიანების წესდების 1.2. მუხლის მიხედვით ა(ა)იპ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა. იგი იურიდიული პირის სტატუსს იძენს მისი სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან და წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისას მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სხვა საკანონმდებლო აქტების, წინამდებარე წესდებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.
ა(ა)იპ-ი იქმნება განუსაზღვრელი ვადით და მისი საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (1.10 მუხლი).
ა(ა)იპ-ის დამფუძნებელია ქ. თბილისის მერია (ქ. თბილსის მთავრობა) (3.1.მუხლი); ა(ა)იპ-ი იქმნება დამფუძნებლის გადაწყვეტილებით (3.2. მუხლი).
ა(ა)იპ-ის დამფუძნებელი უფლებამოსილია გაათავისუფლოს ა(ა)იპ-ის დირექტორი იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლება მოვალეობებს (4.1.3.). 6.3.13. მუხლის მიხედვით, წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის უფლებამოსილების გადამეტების ან ა(ა)იპ-ის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის ა(ა)იპ-ის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ა(ა)იპ-ის დამფუძნებელი.
წესდების ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას სრულად ახორციელებს ა(ა)იპ-ის დირექტორი (6.1. მუხლი).
წესდებითვე განსაზღვრულია დირექტორის უფლებამოვალეობები:
6.3.14. მუხლის მიხედვით დირექტორი ა(ა)იპ-ის საქმეებს უნდა უძღვებოდეს კეთილსინდისიერად.
6.3.3. მუხლის მიხედვით ა(ა)იპ-ის დირექტორი დამფუძნებელთან ერთად ზედამხედველობს ა(ა)იპ-ის ფინანსურ სახსრებს და სხვა მატერიალური ქონების მართვას. ა(ა)იპ-ის დირექტორი განსაზღვრავს საშტატო ნუსხასა და ანაზღაურების საკითხს და დასამტკიცებლად წარუდგენს დამფუძნებელს; ა(ა)იპ-ის საშტატო ერთეულსა და თანამდებობრივ სარგოებს დასამტკიცებლად წარუდგენს დამფუძნებელს (6.3.9.; 6.3.11;).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა(ა)იპ-ის წესდება (ს.ფ.20-28).
ა(ა)იპ-ის დაფუძნების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის მიერ 2012 წლის 30 ოქტომბრის N---------- განკარგულების საფუძველზე მ------------- გაერთიანების დირექტორად დანიშნული იქნა მ--------------–---–-.
ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 23 იანვრის N-------- დადგენილებით გაერთიანების დირექტორის თანამდებობრივ სარგოდ განისაზღვრა 3125ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 3--------- წლის ქ.თბილისის მთავრობის დადგენილება (ს.ფ.19; ტომი 01); - ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 23 იანვრის N-------- დადგენილება (ს.ფ. 35, ტ.1); - მხარეთა ახსნა-განმარტება
ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 23 იანვრის N-------- დადგენილების საფუძველზე განისაზღვრა მ------------- გაერთიანების საშტატო ნუსხა და თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურების ოდენობა.
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებით განხორციელდა მ------------- გაერთიანების საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების, შესაძენი საწვავის და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების შემდგომი ცვლილებები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 23 იანვრის N-------- დადგენილება (ს.ფ.34, ტომი 01); - ქ. თბილისის მთავრობის 15.08.2013წ, 10.12.2015წ. დადგენილებები, 08.04.2015წ. განკარგულება (ტ.1, ს.ფ.37, 38, 41-45).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 17 თებერვლის N--------- განკარგულების საფუძველზე 2016 წლის 23 თებერვლიდან მ--------------–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და იმავე განკარგულებით, თბილისის მ------------- გაერთიანების დირექტორად 23 თებერვლიდან დანიშნული იქნა გ-------------–-–---–--
განკარგულების საფუძველზე, მ--------------–---–- აუნაზღაუდა ორი თვის თანამდებობრივი სარგო.
ა(ა)იპ „თბილისის მ------------- გაერთიანების“ დირექტორის თანამდებობიდან მ--------------–---–-ს გათავისუფლებისა და დირექტორის თანამდებობაზე გ-------------–-–---–-- დანიშვნის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ნორმები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-71 და მე-72 პუნქტები, ა(ა)იპ-ის წესდება და გ-------------–-–---–-- 2016 წლის 15 თებერვლის განცხადება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მთავრობის 2016 წლის 17 თებერვლის N--------- განკარგულება (ს.ფ.120, ტომი 01); - მხარეთა ახსნა-განმარტება
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 17 თებერვლის N--------- განკარგულებით მ------------- გაერთიანების ახლადდანიშნულ დირექტორს დაევალა ამ განკარგულებით განხორციელებული ცვლილებების რეგისტრაცია ა(ა)იპ „თბილისის მ------------- გაერთიანების“ სარეგისტრაციო მონაცემებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში.
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ ცვლილება რეგისტრირებული იქნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში (ა-----------–------------------- გაერთიანების (ს/კ/ 4--------) რეგისტრირებულ მონაცემებში, სადაც ასეთ პირად დარეგისტრირდა გ-------------–-–---–--
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მთავრობის 2016 წლის 17 თებერვლის N--------- განკარგულება (ს.ფ.120, ტომი 01); - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ.121, ტ.1).
მ--------------–---–-ს მიმართ რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება, მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან გათავისუფლებამდე, გამოყენებული არ ყოფილა. 2012 წლიდან მ------------- გაერთიანების დირექტორი დაჯილდოვებული იქნა ფულადი პრემიით. გამოცდილების გაზიარების მოთხოვნით დირექტორი, ასევე, მივლინებულები იქნა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. აღნიშნული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდებოდა უშუალოდ ქ. თბილისის მერიის უფლებამოსილი პირის თანხმობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტება (სარჩელი, შესაგებელი მე-3ფაქტობრივი გარემოება; - მოწვევა, მივლინება (ტ.1, ს.ფ. 43-52); - საქმის მასალები (ტ.2. ს.ფ. 1125, 117-134, 137-143).
ბიუჯეტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების მიზნებით საჭირო ხარჯებს, მ--------------–---–- ათანხმებდა ქ. თ---–------------------–----–-------------–-------------–---- სამსახურთან.
მ----------------- საბიუჯეტო სახსრების, ქონების, ძირითადი საშუალებების გადაცემას ახდენდა დამფუძნებელი, ქ. თბილისის მერია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილები, კანცელარიის მიღების ბარათები (ტ.1 ს.ფ. 62-71); - ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებები, მიღება-ჩაბარების აქტები (ტ.2. ს.ფ. 159172).
ქ. თბილისის მუნიციპლაიტეტის მერიის 1---------–---- ბრძანების საფუძველზე, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენის მიზნით, სამსახურის უფროსის 16.03.2015წ. წერილის საფუძველზე, თბილისის მ------------- გაერთიანებას დაევალა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, რაც მ--------------–---–-ს მიერ უზრუნველყოფილი იქნა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 13.03.2015წ. ბრძანება, წერილი (ტ.1 ს.ფ. 79, 80); - 2014წ. წლიური ანგარიში (ტ.1ს.ფ.82-119).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2015 წლის 11 დეკემბერს ქ-------–----------–----–-------------------–-------------------------- სამდივნოს თანამშრომელთა მიერ განხორციელდა ა(ა)იპ „თბილისის მ------------- გაერთიანების“ დაარსებიდან 2015 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზია, რომლის ძირითადი და მცირე ფასიანი საშუალებების ანალიზის ნაწილში აღნიშნულია, რომ სარევიზიო პერიოდში მ------------- ფილიალებიდან (ვაკე, ვარკეთილი) 23 მოქალაქის მიერ სახლებში გატანილია 31 ერთეული წიგნი ღირებულებით 517,68 ლარი, რაც დღემდე არ არის დაბრუნებული მიუხედავად იმისა, რომ წიგნების დაბრუნების ყველა ვადა ამოწურულია. ამასთან, სარეალიზაციოდ განკუთვნილი წიგნების ინვენტარიზაციით გამოვლინდა 56 ლარის ღირებულების წიგნების დანაკლისი.
აქტის შესყიდვების ნაწილში 2013-2014 წლებში გაფორმებულია სულ 309 შესყიდვის ხელშეკრულება ჯამური სახელშეკრულებო თანხით 471 140.56 ლარი. ყველა ხელშეკრულება გაფორმებულია გამარტივებული შესყიდვების საშუალებით. განხორციელებული შესყიდვების ანალიზით დადგენილი იქნა რიგი ნაკლოვანებები, კერძოდ:
შესყიდვების განხორციელებისას ვერ დგინდება შესყიდვების საჭიროება, ასევე შესყიდვის საგნის ღირებულებისა და საგნის განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევა-შესწავლა და მომწოდებლის შერჩევის დასაბუთება, რაც ასიგნების ეფექტურად გამოყენების წინაპირობაა.
მ------------- გაერთიანების შენობების შეკეთება-რემონტისას არ არის შედგენილი დეფექტური აქტი და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. ასევე, არ არსებობს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების განსაზღვრის და შემსრულებლის შერჩევის მექანიზმი, ხოლო სამუშაოები, უმეტესწილად, შესრულებელია ფიზიკური პირების მიერ, რომელთა გამოცდილება და პრაქტიკა უცნობია. (იხ. მოპასუხის შესაგებელი, სარევზიო კომისიის აქტი(ტ.1. ს.ფ.159, 160-169).
მოპასუხე, ასევე, აპელირებს 2015 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დემოკრატიული მმართველობის ინიციატივაზე (GGI), რომლის საფუძველზეც მომზადდა სპეციალური ანგარიში ა(ა)იპ თბილისის მედიათეკის გაერთიანების (HR) სისტემის შესახებ.
ხსენებულ ანგარიშში იდენტიფიცირებულია რამდენიმე პრობლემა, რომელიც უკავშირდება პერსონალის არათანაბარ გადანაწილებას და არაეფექტურ მართვას. მათ შორის: კადრების არასაკმარის დატვირთულობას. ანგარიშის მიხედვით, მ-----------–- შეიმჩნევა ბიბლიოთეკების რეალურ დატვირთვასთან შეუსაბამო, ჭარბი რაოდენობა. ასევე, დუბლირებული ფუნქციები, მ----------–- ორგანიზებული კულტურის ნაწილია „ყველა ყველაფერს აკეთებს“ პრინციპი: ყველა ემსახურება მომხარებელს, მოადგილეებს არ აქვთ მკაფიოდ გამიჯნული ფუქნციები; თანამშრომლებს განაწილებული აქვთ დამატებითი ფუნქციები. საერთაშორისო ურთიერთობის ერთერთი კოორდინატორი ძირითადად ახორციელებს საბიბლიოთეკო საქმიანობას და აქვს დამატებითი საერთაშორისო ურთიერთობის ფუნქცია და ა.შ. (იხ. შესაგებელი და ანგარიში ტ.1, ს.ფ.170-193).
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის 2----–-–---------------–----- წერილი, რომლის მიხედვით 2013-2014 წლებში მ------------- გაერთიანებისათვის ქ. თბილისის ბიუჯეტით ასიგნება არ ყოფილა გათვალისწინებული. ა-----------–------------------- გაერთიანება 2012-2014 წლებში არ წარმოადგენდა საბიუჯეტო ორგანიზაციას. რის შედეგადაც, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესყიდვების განხორციელება ააიპ თბილისის მ------------- გაერთიანებას არ ევალებოდა (იხ.ს.ფ. 103, ტომი 02).
გარდა აღნიშნულისა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფარგლებში დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის საფუძველზე განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა ა(ა)იპ მ------------- გაერთიანებას ადამიანური რესურსების მართვის სისტემებისა და ადამიანური რესურსების დატვირთულობის ანალიზს და აღნიშნულის საფუძველზე საქალაქო ბიბლიოთეკებისთვის სამუშაო აღწერილობების შემუშავებას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ანგარიში სარეკომენდაციო ხასიათისაა, რომელიც კონკრეტული ორგანიზაციის კვლევის შედეგად გაკეთებულ მის შეფასებას წარმოადგენს. იმ ფაქტს, რომ მითითებულ დოკუმენტში გაკეთებულ დასკვნას სავალდებულო ძალა არ გააჩნია, ადასტურებს ისიც, რომ კვლევის საფუძველზე მ------------- გაერთიანების საშტატო განრიგში რაიმე ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დამტკიცებული არ ყოფილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია შესყიდვების განხორციელების ნაწილში და საშტატო ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მოსარჩელის საქმიანობის მიმართ მოპასუხის პრეტენზიის უსაფუძვლობის შესახებ, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც მ------------- გაერთიანების წესდების მიხედვით, ა(ა)იპ-ის დირექტორი დამფუძნებელთან ერთად ზედამხედველობს ა(ა)იპ-ის ფინანსურ სახსრებს და სხვა მატერიალური ქონების მართვას, ამასთან, დამფუძნებელი ამტკიცებს საშტატო ერთეულსა და თანამდებობრივ სარგოებს დირექტორის წარდგინების საფუძველზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ანკანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, 1. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №87 და №98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით (შემდგომ –დასაქმებულთა გაერთიანება). 2. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, მხარეთა შორის ურთიერთობა არ წარმოადგენს შრომითსახელშეკრულებო ურთიერთობას.
ქ. თბილისის მთავრობის 30.12.2012წ. დადგენილებით, რომლითაც მ--------------–---–- დაინიშნა ა(ა)იპ „თბილისის მ------------- გაერთიანების დირექტორად, მოსარჩელესთან შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობა არ წარმოშობილა, შესაბამისად, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მ------------- გაერთიანების დირექტორად გ-------------–-–---–-- დანიშვნის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 1---------–------------ განკარგულება არ წარმოადგენს დამსაქმებლის გადაწყვეტილებას დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რის გამოც მისი კანონიერების შემოწმება ვერ მოხდება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის საფუძვლებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ოქტომბრის დადგენილებით დაფუძნდა ა-----------–------------------- გაერთიანება. ა(ა)იპ-ის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, მ------------- გაერთიანების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად (დირექტორად) დანიშნული იქნა მ--------------–---–-, რაც კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერეციული) იურიდიულიპირების რეეტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35.1. მუხლის მიხედვით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტით ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის თანამდებობიდან გათავისუფლების მართლზომიერება, შესაბამისად უნდა შეფასდეს ა(ა)იპ-ის, როგორც სოციალური წარმონაქმნის ბუნება და მისი მომწესრიგებელი ნორმები.
მოპასუხის გადაწყვეტილების კანონიერების დადგენის მიზნით, სასამართლომ მიიჩნია, რომ უპირველესად უნდა განიმარტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნება, ორგანიზაციული სტრუქტურა, მოიძებნოს ამ სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები და მათი ზოგადი ანალიზის საფუძველზე შეფასდეს ხელმძღვანელი პირის გათავისუფლების მართლზომიერება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა მის არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაცია, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების მოძიება და გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება სასამართლოს პრეროგატივაა, იმგვარად, რომ არ არის ვალდებული, გაიზიაროს მხარეთა პოზოციები მათ მიერ მითითებული და დამტკიცებული ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით (იხ. სუსგ Nას877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი).
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნებას სამოქალაქო კოდექსი დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს და მისი არსი ასახულია იურიდიული პირის განმსაზღვრელ ზოგად დეფინიციაში, რომელიც არის შესაბამისი მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სკ-ის 24.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები ადგენენ იურიდიული პირის რეგისტრაციის წესსა და პირობებს და მიუთითებენ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისათვის სპეციალური კანონით („მეწარმეთა შესახებ“) განსაზღვრულ მოთხოვნებზე, თუმცა, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციული მოწყობის დეტალური პირობები არ არის კოდექსში მოცემული და ის მთლიანად დისპოზიციურ მოწესრიგებას ექვემდებარება, რამდენადაც კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამ საკითხის რეგულაციას დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას - წესდებას უკავშირებს, თავის მხრივ, ბუნებრივია, დაცულია იურიდიული პირის რეალური ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნიშანიც - ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის არსებობა. დამფუძნებელს (წევრს) შეუძლია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა (სკ-ის 35.1 მუხლი), რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციაზე, ანუ ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაცია კონსტიტუციური მნიშვნელობის მატარებელია და წარმოადგენს მესამე პირთა უფლებადამცავ დანაწესს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თბილისის მ------------- გაერთიანების“ წესდების 1.2. მუხლით ა(ა)იპ-ს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა. იგი იურიდიული პირის სტატუსს იძენს მისი სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან და წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისას მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სხვა საკანონმდებლო აქტების, წინამდებარე წესდებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. ამასთან, ა(ა)იპ-ი იქმნება განუსაზღვრელი ვადით და მისი საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (1.10 მუხლი). ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას სრულად ახორციელებს ა(ა)იპ-ის დირექტორი (6.1. მუხლი).
ქ.თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ოქტომბერს N---------- განკარგულების საფუძველზე მ------------- გაერთიანების დირექტორად დანიშნული იქნა მ--------------–---–-. თბილისის მთავრობის 2016 წლის 17 თებერვლის N--------- განკარგულების საფუძველზე კი 2016 წლის 23 თებერვლიდან მ--------------–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. იმავე თანამდებობაზე დაინიშნა გ-------------–-–---–-- ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ ცვლილება რეგისტრირებული იქნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში (ა-----------–------------------- გაერთიანების (ს/კ/ 4--------) რეგისტრირებულ მონაცემებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.
მოცემულ შემთხვევაშიც, სადავო განკარგულების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლი და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-71 და მე-72 პუნქტები (შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის რაომელიმე საფუძველზე მითითებას განკარგულება არ შეიცავს) .
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მომწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
საკასაციო პალატა მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს (საქმე №ას-101-972016), რომ საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება მოიაზრებს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი მიუთითებს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის რეგულაციებზე, რომლის მიხედვითაც უფლებამოსილების შეწყვეტა დაკავშირებულია ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციაზე.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ: ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე; ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე; გ) რეგისტრირებული პირი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად, მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერა აქვს დანიშნული. ამავე მუხლის 71 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი). სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული წესით 2 თვის საკომპენსაციო თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურების ფაქტი.
სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომით-სამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გასწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო, მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან და ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის ნორმებში უნდა იქნას მოძიებული (საქმე №ას-101-97-2016).
სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და სპეციალური კანონი - „მეწარმეთა შესახებ“ არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, შესაბამისად, კვლევის საგანია ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს.
სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამასთან, დავალების ხელშეკრულების ვადა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი (სსკ-ის 710-ე მუხლი). ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ, ბათილია.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
სასამართლომ მოიხმო უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც: დაუშვებლად მიიჩნევა მეწარმე სუბიექტის საქმიანობაში იმგვარი ჩარევა, რომ პარტნიორს შეეზღუდოს საწარმოს დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება, რაც მას მინიჭებული აქვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (იხ. მსგავს საქმეებზე სუსგ-ები: საქმე №ას-302-287-2016, 15 ივლისი, 2016 წელი; საქმე №ას-101-97-2016, 15 ივლისი, 2016 წელი; საქმე №ას-23-23-2016, 9 მარტი, 2016 წელი; საქმე №ას-302-287-2016, 15 ივლისი, 2016 წელი; საქმე №ას-131-127-2016; 23 სექტემბერი, 2016 წელი)“ - იხ. სუსგ ას-725-693-2016, 06.04.17 წ. საქმე №ას-232-2202017).
გასათვალისწინებელია, რომ სწორედ დირექტორის უნარ-ჩვევებსა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული საწარმოს განვითარება. ამ რისკის საკომპენსაციოდ პარტნიორებს უფლება აქვთ გაათავისუფლონ დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან და ამ შემთხვევაზე, შრომის კოდექსის მოქმედება არ შეიძლება გავრცელდეს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია ურთიერთობა საწარმოს დირექტორსა და მის დაქირავებულ მუშაკს შორის, რომელიც ჩვეულებრივი შრომითსამართლებრივი ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის საქმიანობა არის სამეწარმეო, მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან უნდა რეგულირდებოდეს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით“ .
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დამფუძნებლის გადაწყვეტილებაზე შრომის კანონმდებლობის გავრცელება უსაფუძვლოა. როგორც აღინიშნა, სპეციალური ნორმა „მეწარმეთა შესახებ„ კანონის მე-9 მუხლის მე-72 პუნქტი, დირექტორის გათავისუფლებისას შრომის კოდექსზე მითითებას შეიცავს მხოლოდ შეწყვეტის შესახებ შეტყობინების თვალსაზრისით.
სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას, ასევე, გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც თავის თავში მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა, რაც, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, უფრო დეტალურად იქნას მოწესრიგებული არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით (საქმე №ას-101-97-2016).
ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, რამდენადაც ა(ა)იპ-ის დამფუძნებლის ნება, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე კანონშესაბამისია (გამომდინარე სკ-ის 720.1 მუხლიდან), რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელის იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილებასაც, რომელიც მ--------------–---–-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 17 თებერვლის N--------- განკარგულების ბათილად ცნობასა და შრომის კოდექსის 38.8 მუხლით გათვალისწინებულ თანამდევ სამართლებრივ შედეგებს - დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებას უკავშირდება. ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე, გამორიცხავს ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნასაც. ამ უკანასკნელ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სშკ-ის 31.3 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ვალდებულება არ ვრცელდება არც შრომის კანონმდებლობით მუშაკის თანამდებიდან გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაში (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის), იძულებითი განაცდურის, როგორც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ და იგი ეხება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროს, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი, საშვებულებო ანაზღაურება და სხვა) ყოვნდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;
აპელანტის განმარტებით, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2016 წლის თებერვლაში მოსარჩელე ყველგვარი ახსნა - განმარტებისა და დასაბუთების გარეშე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. სადავო აქტის მიღების ერთადერთი საფუძველი ახალი დირექტორის გ-------------–-–---–-- პირადი განცხადებაა. ამასთან, მოსარჩელემ გათავისუფლების შესახებ გაიგო სადავო აქტის გამოცემის შემდგომ. იგი ჩართული არ ყოფილა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სადავო აქტის გამოცემა მისი მონაწილეობის გარეშე მოხდა, მიუხედავად, იმისა, რომ აქტი პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენდა მის ინტერესებზე. ამასთან, მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რომელიც მის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებით იყო გამოწვეული. შესაბამისად, მ--------------–---–-ს გათავისუფლება მოხდა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.
სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული გარემოებები, თუმცა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი გახდა კანონის არასწორი გამოყენება, რომლის შესაბამისად მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება არ იქნა შეფასებული, როგორც შრომითი ურთიერთობა მაშინ, როდესაც ევროპული დირექტივების შესაბამისად, საზოგადოების დირექტორი შეიძლება იქნეს მიჩნეული დასაქმებულად და მასზე უნდა გავრცელდეს შრომის კოდექსით გათვლისწინებული ვალდებულებები. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა კანონის გამოყენება და მის მიერ არ იქნა გამოყენებული შრომის კოდექსის 37 მუხლი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქ. თბილისის მთავრობამ ქ. თბილისის მოსახლეობისათვის საბიბლიოთეკო მომსახურების მიწოდების მიზნით 2012 წლის 30 ოქტომბერს დააფუძნა ა-----------–------------------- გაერთიანება. მ------------- გაერთიანების ბალანსზე რიცხულია ორი ობიექტი: მდებარე ქ. თ---–--–-------------------------- და ვ---------–------–--
ქ. თბილისის მთავრობის 3--------- წლის დადგენილებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - თბილისის მ------------- გაერთიანების წესდების 1.2. მუხლის მიხედვით ა(ა)იპ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა. იგი იურიდიული პირის სტატუსს იძენს მისი სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან და წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისას მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სხვა საკანონმდებლო აქტების, წინამდებარე წესდებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.
ა(ა)იპ-ი იქმნება განუსაზღვრელი ვადით და მისი საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (1.10 მუხლი).
ა(ა)იპ-ის დამფუძნებელია ქ. თბილისის მერია (ქ. თბილსის მთავრობა) (3.1.მუხლი); ა(ა)იპ-ი იქმნება დამფუძნებლის გადაწყვეტილებით (3.2. მუხლი).
ა(ა)იპ-ის დამფუძნებელი უფლებამოსილია გაათავისუფლოს ა(ა)იპ-ის დირექტორი იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლება მოვალეობებს (4.1.3.). 6.3.13. მუხლის მიხედვით, წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის უფლებამოსილების გადამეტების ან ა(ა)იპ-ის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის ა(ა)იპ-ის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ა(ა)იპ-ის დამფუძნებელი.
წესდების ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას სრულად ახორციელებს ა(ა)იპ-ის დირექტორი (6.1. მუხლი).
წესდებითვე განსაზღვრულია დირექტორის უფლებამოვალეობები:
6.3.14. მუხლის მიხედვით დირექტორი ა(ა)იპ-ის საქმეებს უნდა უძღვებოდეს კეთილსინდისიერად.
6.3.3. მუხლის მიხედვით ა(ა)იპ-ის დირექტორი დამფუძნებელთან ერთად ზედამხედველობს ა(ა)იპ-ის ფინანსურ სახსრებს და სხვა მატერიალური ქონების მართვას. ა(ა)იპ-ის დირექტორი განსაზღვრავს საშტატო ნუსხასა და ანაზღაურების საკითხს და დასამტკიცებლად წარუდგენს დამფუძნებელს; ა(ა)იპ-ის საშტატო ერთეულსა და თანამდებობრივ სარგოებს დასამტკიცებლად წარუდგენს დამფუძნებელს (6.3.9.; 6.3.11;).
ა(ა)იპ-ის დაფუძნების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის მიერ 2012 წლის 30 ოქტომბრის N---------- განკარგულების საფუძველზე მ------------- გაერთიანების დირექტორად დანიშნული იქნა მ--------------–---–-.
ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 23 იანვრის N-------- დადგენილებით გაერთიანების დირექტორის თანამდებობრივ სარგოდ განისაზღვრა 3125 ლარი.
ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 23 იანვრის N-------- დადგენილების საფუძველზე განისაზღვრა მ------------- გაერთიანების საშტატო ნუსხა და თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურების ოდენობა.
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებით განხორციელდა მ------------- გაერთიანების საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების, შესაძენი საწვავის და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების შემდგომი ცვლილებები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 17 თებერვლის N--------- განკარგულების საფუძველზე 2016 წლის 23 თებერვლიდან მ--------------–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და იმავე განკარგულებით, თბილისის მ------------- გაერთიანების დირექტორად 23 თებერვლიდან დანიშნული იქნა გ-------------–-–---–--
განკარგულების საფუძველზე, მ--------------–---–- აუნაზღაუდა ორი თვის თანამდებობრივი სარგო.
ა(ა)იპ „თბილისის მ------------- გაერთიანების“ დირექტორის თანამდებობიდან მ--------------–---–-ს გათავისუფლებისა და დირექტორის თანამდებობაზე გ-------------–-–---–-- დანიშვნის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ნორმები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-71 და მე-72 პუნქტები, ა(ა)იპ-ის წესდება და გ-------------–-–---–-- 2016 წლის 15 თებერვლის განცხადება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 17 თებერვლის N--------- განკარგულებით მ------------- გაერთიანების ახლადდანიშნულ დირექტორს დაევალა ამ განკარგულებით განხორციელებული ცვლილებების რეგისტრაცია ა(ა)იპ „თბილისის მ------------- გაერთიანების“ სარეგისტრაციო მონაცემებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში.
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ ცვლილება რეგისტრირებული იქნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში (ა-----------–------------------- გაერთიანების (ს/კ/ 4--------) რეგისტრირებულ მონაცემებში, სადაც ასეთ პირად დარეგისტრირდა გ-------------–-–---–--
მ--------------–---–-ს მიმართ რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება, მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან გათავისუფლებამდე, გამოყენებული არ ყოფილა. 2012 წლიდან მ------------- გაერთიანების დირექტორი დაჯილდოვებული იქნა ფულადი პრემიით. გამოცდილების გაზიარების მოთხოვნით დირექტორი, ასევე, მივლინებულები იქნა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. აღნიშნული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდებოდა უშუალოდ ქ. თბილისის მერიის უფლებამოსილი პირის თანხმობით.
ბიუჯეტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების მიზნებით საჭირო ხარჯებს, მ--------------–---–- ათანხმებდა ქ. თ---–------------------–----–-------------–-------------–---- სამსახურთან.
მ----------------- საბიუჯეტო სახსრების, ქონების, ძირითადი საშუალებების გადაცემას ახდენდა დამფუძნებელი, ქ. თბილისის მერია.
ქ. თბილისის მუნიციპლაიტეტის მერიის 1---------–---- ბრძანების საფუძველზე, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენის მიზნით, სამსახურის უფროსის 16.03.2015წ. წერილის საფუძველზე, თბილისის მ------------- გაერთიანებას დაევალა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, რაც მ--------------–---–-ს მიერ უზრუნველყოფილი იქნა.
2015 წლის 11 დეკემბერს ქ-------–----------–----–-------------------–-------------------------- სამდივნოს თანამშრომელთა მიერ განხორციელდა ა(ა)იპ „თბილისის მ------------- გაერთიანების“ დაარსებიდან 2015 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზია, რომლის ძირითადი და მცირე ფასიანი საშუალებების ანალიზის ნაწილში აღნიშნულია, რომ სარევიზიო პერიოდში მ------------- ფილიალებიდან (ვაკე, ვარკეთილი) 23 მოქალაქის მიერ სახლებში გატანილია 31 ერთეული წიგნი ღირებულებით 517,68 ლარი, რაც დღემდე არ არის დაბრუნებული მიუხედავად იმისა, რომ წიგნების დაბრუნების ყველა ვადა ამოწურულია. ამასთან, სარეალიზაციოდ განკუთვნილი წიგნების ინვენტარიზაციით გამოვლინდა 56 ლარის ღირებულების წიგნების დანაკლისი.
აქტის შესყიდვების ნაწილში 2013-2014 წლებში გაფორმებულია სულ 309 შესყიდვის ხელშეკრულება ჯამური სახელშეკრულებო თანხით 471 140.56 ლარი. ყველა ხელშეკრულება გაფორმებულია გამარტივებული შესყიდვების საშუალებით. განხორციელებული შესყიდვების ანალიზით დადგენილი იქნა რიგი ნაკლოვანებები, კერძოდ:
შესყიდვების განხორციელებისას ვერ დგინდება შესყიდვების საჭიროება, ასევე შესყიდვის საგნის ღირებულებისა და საგნის განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევა-შესწავლა და მომწოდებლის შერჩევის დასაბუთება, რაც ასიგნების ეფექტურად გამოყენების წინაპირობაა.
მ------------- გაერთიანების შენობების შეკეთება-რემონტისას არ არის შედგენილი დეფექტური აქტი და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. ასევე, არ არსებობს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების განსაზღვრის და შემსრულებლის შერჩევის მექანიზმი, ხოლო სამუშაოები, უმეტესწილად, შესრულებელია ფიზიკური პირების მიერ, რომელთა გამოცდილება და პრაქტიკა უცნობია.
ამასთან, 2015 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) საფუძველზე მომზადდა სპეციალური ანგარიში ა(ა)იპ თბილისის მედიათეკის გაერთიანების (HR) სისტემის შესახებ.
ხსენებულ ანგარიშში იდენტიფიცირებულია რამდენიმე პრობლემა, რომელიც უკავშირდება პერსონალის არათანაბარ გადანაწილებას და არაეფექტურ მართვას. მათ შორის: კადრების არასაკმარის დატვირთულობას. ანგარიშის მიხედვით, მ-----------–- შეიმჩნევა ბიბლიოთეკების რეალურ დატვირთვასთან შეუსაბამო, ჭარბი რაოდენობა. ასევე, დუბლირებული ფუნქციები, მ----------–- ორგანიზებული კულტურის ნაწილია „ყველა ყველაფერს აკეთებს“ პრინციპი: ყველა ემსახურება მომხარებელს, მოადგილეებს არ აქვთ მკაფიოდ გამიჯნული ფუქნციები; თანამშრომლებს განაწილებული აქვთ დამატებითი ფუნქციები. საერთაშორისო ურთიერთობის ერთერთი კოორდინატორი ძირითადად ახორციელებს საბიბლიოთეკო საქმიანობას და აქვს დამატებითი საერთაშორისო ურთიერთობის ფუნქცია და ა.შ.
საქმეში, ასევე, წარმოდგენილია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის 2----–-–---------------–----- წერილი, რომლის მიხედვით 2013-2014 წლებში მ------------- გაერთიანებისათვის ქ. თბილისის ბიუჯეტით ასიგნება არ ყოფილა გათვალისწინებული. ა-----------–------------------- გაერთიანება 2012-2014 წლებში არ წარმოადგენდა საბიუჯეტო ორგანიზაციას. რის შედეგადაც, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესყიდვების განხორციელება ააიპ თბილისის მ------------- გაერთიანებას არ ევალებოდა.
გარდა აღნიშნულისა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფარგლებში დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის საფუძველზე განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა ა(ა)იპ მ------------- გაერთიანებას ადამიანური რესურსების მართვის სისტემებისა და ადამიანური რესურსების დატვირთულობის ანალიზს და აღნიშნულის საფუძველზე საქალაქო ბიბლიოთეკებისთვის სამუშაო აღწერილობების შემუშავებას. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ აღნიშნული ანგარიში სარეკომენდაციო ხასიათისაა, რომელიც კონკრეტული ორგანიზაციის კვლევის შედეგად გაკეთებულ მის შეფასებას წარმოადგენს. იმ ფაქტს, რომ მითითებულ დოკუმენტში გაკეთებულ დასკვნას სავალდებულო ძალა არ გააჩნია, ადასტურებს ისიც, რომ კვლევის საფუძველზე მ------------- გაერთიანების საშტატო განრიგში რაიმე ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დამტკიცებული არ ყოფილა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ-------–----------–----–--------------- სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი სააპელაციო შესაგებლით არ შედავებია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას შესყიდვების განხორციელების ნაწილში, აგრეთვე, საშტატო ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მოსარჩელის საქმიანობის მიმართ პრეტენზიების უსაფუძვლოდ მიჩნევის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე სადავო აღარ არის გარემოებები მასზედ, რომ აპელანტი მ--------------–---–-ს, როგორც ა(ა)იპ-ის დირექტორის მხრიდან არ ჰქონია ადგილი ა(ა)იპ ,------–----------------------------------- წესდების მე-6 მუხლის 6.3.3 პუნქტის (დირექტორი ზედამხედველობს ა(ა)იპ-ის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას), 6.3.7 პუნქტის (დებს მესამე პირებთან ხელშეკრულებებს ა(ა)იპ-ის სახელით) და 6.3.14 პუნქტის (კეთილსინდისიერად უძღვება საქმეებს) დარღვევის ფაქტებს, რაც მოპასუხე მხარის პოზიციის შესაბამისად საფუძვლად დაედო მ--------------–---–-ს თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულებას (ტ.II, ს.ფ. 91-92).
პალატა განმარტავს, რომ პალატის მსჯელობისა და კვლევის საგანს, განსახილველ შემთხვევაში, წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება და მოცემულ დავაში გამოსაყენებელი ნორმების დადგენა, რათა შეფასდეს მ--------------–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განკარგულების კანონიერება და მართლზომიერება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თბილისის მ------------- გაერთიანების“ წესდების 1.2. მუხლით, ა(ა)იპ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის მიზანიც არ არის სამეწარმეო საქმიანობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nას-131-127-2016, 23 სექტემბერი, 2016 წელი), სადაც განიმარტა შემდეგი: ,,პალატის მოსაზრებით, მიუხედავად ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომით-სამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურეო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებიდან...“ საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთ-ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო, მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში ასახული განმარტების თანახმად, საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა, როგორც ორმხრივ სახელშეკრულებო ფარგლებში მიღწეული შეთანხმება, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს წესდებით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო მოქმედება. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიმართ სოციალურად დამოუკიდებელ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან, რომლის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის ნორმებში უნდა იქნას მოძიებული.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს და მიუთითებს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების 1.5.6 პუნქტში ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც თავის თავში მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა (იხ. ასევე „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის II „d“ ქვეპუნქტი), რაც, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, უფრო დეტალურად იქნას მოწესრიგებული არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შრომითი ურთიერთობის არსებობის საკითხი უნდა შეფასდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებისა და თავისებურებების გათვალისწინებით და არა შესაბამისი ურთიერთობის მახასიათებლების ფორმალური გამოყენებით, რაც თანხვედრაშია ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის ძირითად პრინციპებთან. პალატის მოსაზრებით, სწორედ კონკრეტული ურთიერთობის მიმართ ურთიერთობის მახასიათებლების არაფორმალური გაგებით მიდგომის, ანუ, ყოველი კონკრეტული ურთიერთობის თავისებურებების გათვალისწინებით და შეფასებით დასაქმებულის ცნების ქვეშ შესაძლოა მოხვდნენ შპს-ს ან სააქციო საზოგადოების დირექტორები. დირექტორის დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასების საკითხი, რაც უმნიშვნელოვანესი და განმსაზღვრელია ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის, უნდა შეფასდეს მხარეებს შორის არსებული ურთიერთობისთვის დამახასიათებელი ყველა ფაქტორისა და გარემოების გათვალისწინებით.
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის, აგრეთვე, სადავო საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოთმითითებული გადაწყვეტილების მსჯელობიდან და განმარტებებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელსა და დირექტორს შორის ურთიერთობის მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ აქტს წარმოადგენს თავად ა(ა)იპ-ის წესდება, რომელიც სწორედ ის სამართლებრივი დოკუმენტია, სადაც უნდა განისაზღვროს არასამეწარმეო იურიდიული პირის პრინციპები, მიზნები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ხელმძღვანელობისა და მართვის ორგანოების, მათ შორის დირექტორის უფლებამოსილება, მისი დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხები.
პალატის მოსაზრებით, სწორედ არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდებისა და დირექტორთან გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს დირექტორთან ურთიერთობაში შრომით-სამართლებრივი რეგულაციების გამოყენების ხარისხი და ფარგლები და დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობის ყველა საკვანძო რეგულაცია, მათ შორის, ურთიერთობის შეწყვეტის საკითხი.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ა(ა)იპ ,------–----------------------------------- წესდების 6.3.13 პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ-ის დამფუძნებელი ა(ა)იპ-ის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობის შეუსრულებლობის, უფლებამოსილებების გადამეტების ან ა(ა)იპ-ის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის.
წესდების 4.1.3. პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ-ის დამფუძნებელი უფლებამოსილია გაათავისუფლოს ა(ა)იპ-ის დირექტორი იმ შემთხვევაში, თუ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს.
პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქ-------–----------–----–--------------- უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ა(ა)იპ-ის დირექტორთან მარინე ჭოღოშვილთან ურთიერთობა მხოლოდ მართლზომიერად, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ უფლების განხორციელება უნდა მოხდეს ჯეროვნად, კანონიერი წინაპირობების არსებობობისას იმგვარად, რომ გამოირიცხებოდეს უფლების ბოროტად გამოყენება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს მხარეთა მხრიდან უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხი, რაც საბოლოოდ განაპირობებს აღნიშნული მოთხოვნების მართებულობის საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მითითებული ნორმის შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე სადავო აღარ არის, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ვერ დადასტურდა მ--------------–---–-ს მიერ მისი, როგორც დირექტორის მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, რამაც განაპირობა მისი სამსახურიდან გათავისუფლება. უფრო მეტიც, მ--------------–---–- დაჯილდოვებული იქნა ფულადი პრემიით და გამოცდილების გაზიარების მიზნით მივლინებულ იქნა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
საქმის მასალებით დადგენილი არ არის მ--------------–---–-ს მხრიდან წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილებების გადამეტების ან წესდების მიზნებთან შეუსაბამო საქციელის ჩადენის ფაქტობრივი გარემოებები, რაც წესდების შესაბამისად დირექტორის გათავისუფლების საფუძველია. შესაბამისად, არ არსებობდა ქ. თბილისის მთავრობის 3--------- წლის დადგენილებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - თბილისის მ------------- გაერთიანების წესდებით (4.1.3. და 6.3.13. პუნქტები) გათვალისწინებული საფუძვლები დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა არამართლზომიერად, შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების არსებობის გარეშე, რაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული სადავო განკარგულების ბათილად აღიარების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 17 თებერვლის განკარგულება, არსებობს მ--------------–---–-ს სამსახურში აღდენის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, აპელანტს მოესპო შესაძლებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისა და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა.
შესაბამისად, ვინაიდან უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აპელანტი არამართლზომიერად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, გათავისუფლების თაობაზე განკარგულების გამოცემიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე მოპასუხისათვის ყოველთვიურად 3125 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილობრივ დასაკმაყოფილებლად ორი თვის კომპენსაციის გადახდის დადგენილი ფაქტის გათვალისწინებით.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მოწინააღმდეგე მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 0.07%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება თანამდებიდან გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ, არამედ, იგი ეხება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროს, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი, საშვებულებო ანაზღაურება და სხვა) ყოვნდება. შესაბამისად, ვინაიდან, ქ. თბილისის მ----–----–---------------------- შეუძლებელი იყო წინაწარ მოსალოდნელი შედეგის, სადავო განკარგულების ბათილად ცნობისა და მ--------------–---–-ს სამსახურში აღდგენის განსაზღვრა, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე - 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე - შესაბამისად 150 და 300 ლარს.
აღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, ქ-------–----------–----–---------------ს მ--------------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, კერძოდ - 100 ლარის ოდენობით და ასევე, მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.05.2018 წლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ--------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 17 თებერვლის N--------- განკარგულება მ--------------–---–-ს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
5. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე მ--------------–---–- ააიპ ,------–----------------------------------- დირექტორის თანამდებობაზე.
6. ქ--–--------–----------–----–---------------- მოსარჩელე მ--------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 23 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 3125 ლარის ოდენობით.
7. სხვა მოთხოვნების ნაწილში სარჩელს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე;
8. მოწინააღმდეგე მხარეს ქ--–--------–----------–----–---------------- დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 ლარის ოდენობით გადახდა მ--------------–---–-ს სასარგებლოდ.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა