განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310018002280855 (3ბ/2535-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ს----------–-----------–----------------------------------------–------–----------------ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
წარმომადგენელი - ლ---------–---ა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ს----------–-----------–--------------------------------------–------–-----------------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ს----------–-----------–-------------------------------------------–------–------------------მ“ 2018 წლის 11 იანვარს მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, კერძოდ, მან მოითხოვა ინფორმაცია 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან რომელი თანამდებობის პირების მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომელი პირების შესახებ იქნა გადაგზავნილი საქმის მასალები სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და რომელი თანამდებობის პირების მიმართ გადაიგზავნა მასალები საგამოძიებო ორგანოში სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად გამოძიების წარმართვის მიზნით. აგრეთვე, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით გადაგზავნილ მასალებზე დამდგარი კონკრეტული შედეგების შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში. ამასთან, მითითებული ინფორმაცია მოთხოვნილი იქნა ცალ-ცალკე წლების მიხედვით, იდენტიფიცირებულად.
2.2. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 18 იანვრის №---- წერილით ს----------–-----------–---------------------------------------–------–----------------ს“ 2018 წლის 11 იანვრის №------ წერილის პასუხად დანართების სახით გაეგზავნა შემდეგი სახის ინფორმაცია: 1. 2013-2017 წლებში თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების კანონით განსაზღვრულ ვადაში წამოუდგენლობის გამო დაჯარიმებულ პირთა შესახებ მონაცემები, დარღვევის სახის („საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი) მითითებით (დანართი №1). (მოსარჩელეს აღნიშნული წერილით ეცნობა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნა ბიუროსათვის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას არ წარმოადგენდა და კანონით განსაზღვრულ ვადაში დეკლარაციის წარმოუდგენლობის გამო, ყველა შემთხვევაში, გამოიცემოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება, ჯარიმის სახით 1000 (ერთიათასი) ლარის დაკისრების თაობაზე. დეკლარაციის წარმოუდგენლობის გამო ბიუროს მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით ინფორმაციის გადაგზავნა შესაბამის ორგანოში არ მომხდარა. ასევე, 2018 წელს არ მომხდარა არცერთი თანამდებობის პირის დაჯარიმება დეკლარაციების კანონით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის გამო. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, ივარაუდება, რომ 2012 წელს ადგილი ექნებოდა კანონით განსაზღვრულ ვადაში დეკლარაციის წარმოუდგენლობის ფაქტს, თუმცა მათზე კანონმდებლობით განსაზღვრული რეაგირების შესახებ ინფორმაცია არ არის დაცული ბიუროში და არ არსებობს მონაცემები კონკრეტულ თანამდებობის პირთა დაჯარიმების თაობაზე). 2. 2017 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიში, სადაც დეტალურად არის მოცემული შემოწმებული დეკლარაციების რაოდენობა, იმ თანამდებობის პირთა მონაცემები, რომელთა დეკლარაციები შეფასდა უარყოფითად და ა.შ. (დანართი №2). ამასთან, მოსარჩელეს აღნიშნული წერილით ეცნობა, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეაგირებისათვის გადაგზავნილი იქნა 7 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია, რადგან დარღვევების შეფასება და ქმედების სუბიექტური მხარის დადგენა სცილდება საჯარო სამსახურის ბიუროს კომპეტენციას. რაც შეეხება საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილ თანამდებობის პირებს, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ვინაობის გასაჯაროებამ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, შესაძლებელია ხელი შეუშალოს უწყებაში მიმდინარე წარმოების პროცესს, ადმინისტრაციული ორგანომ უარი განაცხადა განმცხადებლისათვის მიეწოდებინა აღნიშნული თანამდებობის პირიების სია.
2.3. ს----------–-----------–-----------------------------------------–------–------------------მ“ 2018 წლის 26 იანვარს მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და მოითხოვა საჯარო სამსახურის მიერ მომზადებული/მასთან დაცული და საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის წარდგენილი იმ წერილის (ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის) დამოწმებული ასლი, რომლითაც 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეაგირებისათვის გადაიგზავნა 7 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია; ასევე, 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - განკარგულებები (დამოწმებული ასლების სახით), თანამდებობის პირების დაჯარიმების შესახებ.
2.4. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 07 თებერვლის №----- წერილით, ს----------–-----------–-------------------------------------–------–----------------ს“ 2018 წლის 29 იანვრის №------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2017 წელს განხორციელებული, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - განკარგულებების გაცემა იწვევს საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეაგირებისათვის გადაგზავნილ პირთა ვინაობის იდენტიფიცირებას, რომლის გასაჯაროებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს უწყებაში მიმდინარე წარმოების პროცესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნილი სამართლებრივი აქტები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 18 იანვრის №---- და 2018 წლის 07 თებერვლის №----- წერილების სახით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, პირს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ. მოცემულ შემთხვევაში ს----------–-----------–---------------------------------------–------–-----------------ს“ მიერ სასამართლოში სარჩელი, ასევე, აღძრულია დასახლებული მუხლის საფუძველზე და მხარის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელეს გადასცეს ინფორმაცია, იმის შესახებ, სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წელს საგამოძიებო ორგანოს რომელი თანამდებობის პირების მიმართ წარუდგინა მასალები სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად გამოძიების წარმართვის მიზნით, აგრეთვე, გადასცეს მის მიერ საგამოძიებო ორგანოში წარდგენილი წერილისა და 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - განკარგულებების დამოწმებული ასლები.
2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას, თუ ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამდენად, ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებს. დემოკრატიული წესწყობილებისათვის დამახასიათებელია სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობა. სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტებიდან ინფორმაციის მიღება ექვემდებარება კანონისმიერ მოწესრიგებას. პირად მონაცემებზე უფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი. ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. გამჭვირვალობის საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით განსაზღვრულია ინფორმაცია, რომლის ღიაობა აღემატება ინფორმაციის გასაიდუმლოების ინტერესს.
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. იმავე საკანონმდებლო აქტის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ. 42-ე მუხლში კი ჩამოთვლილია იმ ინფორმაციათა სახეობანი, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია, კერძოდ, 42-ე მუხლის „ნ“ პუნქტში მითითებულია, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. ამრიგად, სახელმწიფოში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და ღიაობის შეზღუდვა ორ შემთხვევაშია დაშვებული: როდესაც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როდესაც დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. თავის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. როგორც აღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის მიმართ. საჯარო ინფორმაციის ამგვარი სახით არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მის მომთხოვნზე გასცეს იგი სრულყოფილი სახით, მის მიერ არჩეული საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დაევალოს 2017 წელს განხორციელებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად იმ თანამდებობის პირთა ვინაობისა და დარღვევის ხასიათის შესახებ ინფორმაციის გაცემა, რომელთა საქმეები შესაბამისი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოში, ასევე, მის მიერ საგამოძიებო ორგანოში წარდგენილი წერილისა და 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - განკარგულებების დამოწმებული ასლები.
2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ; გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას ბიურო ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს. მითითებული ნორმის მე-20 მუხლის შესაბამისად, პირს დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული ან სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა შემთხვევაში კონკრეტული პირის მიმართ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება. საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეაგირებისათვის გადაიგზავნა 7 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია და სწორედ ამ პირთა ვინაობის გასაჯაროება წარმოადგენს მოსარჩელის ინტერსის სფეროს, კერძოდ, იგი ითხოვს იმ წერილის (ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის) დამოწმებულ ასლს, რომლითაც 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეაგირებისათვის გადაიგზავნა 7 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია, ასევე, 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - განკარგულებების დამოწმებული ასლები, თანამდებობის პირების დაჯარიმების შესახებ. საქალაქო სასამართლომ მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლი, რომელიც ადგენს ამავე კოდექსის გავრცელების სფეროს სახელმწიფო ორგანოებზე. აღნიშნული მუხლი აკონკრეტებს იმ ადმინისტრაციულ ორგანოთა და მათ საქმიანობათა ჩამონათვალს, რომლებზეც ვრცელდება ამა თუ იმ შეზღუდვით ან არ ვრცელდება აღნიშნული კოდექსის ნორმები. ხსენებული საკანონმდებლო აქტის მოქმედება მასში ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ ორგანოებზე ვრცელდება ამ კოდექსის მხოლოდ III თავის ფარგლებში, კერძოდ, მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით III თავის მოქმედება დამატებით იზღუდება და იგი შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრაციული ფუნქციის შესრულებისას შექმნილი ინფორმაციის საჯაროობით. შესაბამისად, სასამართლომ განსახილველი დავის გადაწყვეტისას უნდა შეაფასოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემა ექცევა თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით (ინფორმაციის თავისუფლება) დადგენილი რეგულირების სფეროში. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულად არის დადგენილი გამონაკლისები აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კონკრეტულ საქმიანობასთან მიმართებაში, რომლებზეც არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ერთ-ერთ ასეთ საქმიანობად კი აღნიშული ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულია საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლის-სამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. ამრიგად, ინფორმაცია, რომელიც მსგავსი შინაარსის შემცველია, საჯაროობას არ ექვემდებარება. აღნიშნული კი ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მითითებული საქმიანობა რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამართალდამცავი ორგანოს (პროკურატურის) მიერ ადმინისტრირების მომენტში განხორციელებული საქმიანობა სადავოობის პირობებში ექვემდებარება სასამართლო კონტროლს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით, ხოლო იუსტიციური ფუნქციის განხორციელებისას (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე) შესაბამისი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მეშვეობით. იმის გასარკვევად, თუ რატომ ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამავე კოდექსის სრულ გაუვრცელებლობას, საჭიროა ამ უფლებამოსილების ფუნქციონალური გაგება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. ამდენად, საქართველოს პროკურატურა წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოს, რომელიც ახორციელებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით სათანადო უფლებამოსილებას - საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პროკურატურა არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს საქართველოს პროკურატურის მმართველობითი ფუნქციის განხორციელების სფეროს და დაკავშირებულია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებათა განხორციელებასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან, სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ მთავარი პროკურატურის (სამართალდამცავი ორგანოს) საქმიანობას, მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ინფორმაციის გადაცემა არ ექცევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით (ინფორმაციის თავისუფლება) დადგენილი რეგულირების სფეროში. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა ვერ მოხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სხვა შემთხვევებში ადგილი აქვს დანაშაულის ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში არსებული ინფორმაციის გასაჯაროებას, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლება გახდეს განსახილველი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი და მისი შეფასება სცდება დავის საგანს.
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს უარი ფიზიკური პირების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების გაცემაზე არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალებას და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებას. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ნაწილში სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 18 იანვრის №---- წერილით მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ასევე, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 07 თებერვლის №----- წერილით მიღებული გადაწყვეტილებით დაცულია საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის კანონით დადგენილი წესი, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, პირველი სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობიდან გამომდინარე, აგრეთვე, არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების საფუძველი იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2017 წელს საგამოძიებო ორგანოში კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ წარდგენილ მასალებს სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად გამოძიების წარმართვის მიზნით, აგრეთვე, საგამოძიებო ორგანოში წარდგენილი წერილისა და 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - განკარგულებების დამოწმებული ასლების გაცემას. ამდენად, წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, არასწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ საქმის განხილვისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ საქართველოს პროკურატურაში გადაგზავნილი ინფორმაციისა და მტკიცებულებების გამო გადაგზავნილ ინფორმაციაზე მიმდინარეობდა პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ხორციელდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რაც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სასამართლოს ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს არ აძლევდა საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება. აპელანტის მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დათქმა მასზედ, რომ „ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან“, გულისხმობს, ამ კოდექსის მოქმედების გაუვრცელებლობას მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ან/და დევნის განმახორციელებელი ორგანოს საქმიანობის მხოლოდ იმ ეტაპზე კოდექსის მოქმედების შეზღუდვას, როდესაც ამგვარი ორგანოს საქმიანობა უკავშირდება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას ან/და სისხლის სამართლის საქმის მიმდეინარე წარმოებას, რომლის შესახებ მტკიცებულებები გადაწყვეტილების გადაწყვვეტილების გამოტანის ეტაპზე არ გააჩნდა სასამართლოს. ამდენად, სასამართლოს მიერ იმ ფაქტის დადგენა, რომ საქმის განხილვისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ საქართველოს პროკურატურაში გადაგზავნილი ინფორმაციისა და მტკიცებულებების გამო, გადაგზავნილ ინფორმაციაზე მიმდინარეობდა პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის საქმის წარმოება, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. არც მოპასუხეს არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს მოუძიებია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ბიუროს მიერ გადაგზავნილ მასალებზე შვიდივე თანამდებობის პირის მიმართ გამოძიების დაწყების შესახებ, რომელზე აპელირებითაც ამართლებს სასამართლო ინფორმაციის გამჟღავნებისაგან დაცვას. ბუნებრივია, თუკი არც გამოძიება დაწყებულა (საუბარი დევნაზე ზედმეტია) მაშინ რისგან დაცვის ინტერესია შემოთავაზებული სასამართლოს გადაწყვეტილებით. აპლანტის ხელთ არსებული ინფორმაციით, არცერთ საქმეზე არ მიმდინარეობს გამოძიება.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, არასწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა და არ გამომდინაეობს არც საქმის მასალებიდან და არც საჯაროდ ცნობილი ნორმატიული წესრიგიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებით იმ ფაქტის დადგენა, რომ მოპასუხე სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო წარმოადგენდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დათქმა, მასზე, რომ „ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან“, ნორმის ადრესატად მოაზრებულია ის ორგანო, სადაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ან დევნა წარმოებს და ამ ორგანოს ათავისუფლებს ინფორმაციის საჯაროობისაგან და არა ყველა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც მასალები გადაუგზავნა საგამოძიებო ორგანოს. სასამართლომ სწორად ვერ განსაზღვრა ნორმის ადრესატი და სუბიექტი, ნორმის განმარტების დროს აღრია ნორმის სუბიექტი. აპელანტის განმარტებით, გაუგებარია, როგორ შეიძლება გათავისუფლდეს საჯარო სამსახურის ბიურო ინფორმაციის საჯაროობიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მაშინ როდესაც ამ ნორმის სუბიექტი ცალსახად მხოლოდ საგამოძიებო ორგანოა. თავის მხრივ, მოპასუხე სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო არ წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ უნდა გავრცელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში დაცული ინფორმაციის საჯაროობაზე, როდესაც ის არ წარმოადგენს ნორმაში დასახელებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას. კანონმდებლობაში არსად არაა ჩანაწერი მასზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისუფლდება იმ მასალების გასაჯაროებისაგან, რომელიც მან გადაუგზავნა საგამოძიებო ორგანოს. ეს მოსამართლის დაუსაბუთებელი შემოქმედებაა, რომელიც არ ეფუძნება კანონის გონივრული წესით განმარტების არცერთ ხერხს. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეზე მოპასუხე არაა პროკურატურა ან სხვა საგამოძიებო ან დევნის განმხორციელებელი ორგანო და შესაბამისად გაუგებარია რა კავშირშია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედების გავრცელება. საგულისხმოა, რომ თუკი თანამდებობის პირთა ვინაობის გამჟღავნება დაუშვებელი იყო, სასამართლომ უარი განაცხადა მოთხოვნილი ინფორმაციის კონკრეტულ პირთა იდენტიფიკაციის გარეშე მხოლოდ თანამდებობების მითითებაზე ან ინიციალებით გასაჯაროებაზე, რაც გადაჭარბებულ შეზღუდვად უნდა შეფასდეს. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი იმის შესახებ, რომ „ფინანსთა სამინისტროს უარი ფიზიკური პირების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების გაცემაზე არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების - დავალებას და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებას“. აპელანტის მოსაზრებით, გაურკვეველია, თუ რა შუაშია მოცემულ საქმეზე ან ფინანსთა სამინისტრო ან ფიზიკური პირები, თუმცა გადაწყვეტილებაში ამ ჩანაწერს მაინც მოეძებნება ახსნა. კერძოდ, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არა ინდივიდუალურად და ფაქტების ინდივიდუალური დადგენით და მისი სამართლებრივი შეფასებით, არამედ სხვა გადაწყვეტილების კორექტირება გადაკეთების გზით, რის გამოც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შემორჩა ამის კვალი, რომლის დადასტურება ხსენებული ჩანაწერია. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო წინასწარ შემუშავებული ფრაზების, ტექსტების და გადაწყვეტილების შაბლონების გამოყენებით, რასაც არანაირი საერთო არ აქვს მართლმსაჯულებასთან.
3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ საერთოდ არ დაადგინა ფაქტი იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ წარუდგინა პროკურატურის წერილი იმის შესახებ, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 7 თანამდებობის პირზე გადაგზავნილი ინფორმაციიდან 1 თანამდებობობის პირის შესახებ არც კი დაწყებულა გამოძიება. შესაბამისად, გაურკვეველია თუნდაც ამ ერთი თანამდებობის პირს შესახებ, რომლის შესახებაც არ იქნა დაწყებული არც გამოძიება და შესაბამისად არც დევნა, რამდენად შეიძლებოდა ბიუროს მხრიდან ამ თანამდებობობის პირის შესახებ არსებული ინფორმაციის გაცემაზე თავის შეკავების გამართლება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, რომ „ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან“, რამეთუ საქმის განხილვის ადრეულ ეტაპზევე დადგინდა, რომ გამოძიება არ იყო დაწყებული. შესაბამისად, თუკი არც გამოძიება დაწყებულა (საუბარი დევნაზე ზედმეტია) მაშინ რისგან დაცვის ინტერესია შემოთავაზებული სასამართლოს გადაწყვეტილებით. აპელანტმა სასამართლოსაგან გაიგო, თუ რას ეფუძნებოდა სასამართლოს არგუმენტი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 7 თანამდებობის პირის შესახებ გადაგზავნილი ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარისთქმასთან დაკავშირებით, თუმცა საერთოდ ვერ გაიგო, თუ როგორ ახსნა სასამართლომ იმ სასარჩელო მოთხოვნაზე უარი, რომელიც მდგომარეობდა ბიუროს მიერ 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - განკარგულებების დამოწმებული ასლების გადმოცემაში. უდავოა, რომ დაჯარიმეების ან სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ ეს განკარგულებები არ გადაგზავნილა საგამოძიებო ორგანოში, შესაბამისად, გაურკვეველია რა არგუმენტზე მითითებით ითქვა უარი ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ალბათ ალოგიკურია, რომ მოთხოვნილს ამ ნაწილზეც სასამართლოს მიეთითებინა წინა შემთხვევის მსგავსად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილზე სასამართლოს არც კი უმსჯელია და მასზე არ მიღებულა რაიმე სახის გადაწყვეტილება. რეალურად სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი გადაწყვეტილების მიღების გარეშე დარჩა, თუმცა მთლიანობაში ბუტაფორიულად სარჩელზე ითქვა უარი, რაც ყველა სასარჩელო მოთხოვნაზე უარს გულისხმობს, თუმცა უარის დასაბუთება საერთოდ არაა ასახული გადაწყვეტილებაში. გადაწყვეტილება იმდენად უკიდურესად დაუსაბუთებელია, რომ გაუგებარია, თუკი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - განკარგულებებიც კი არაა საჯარო, მაშინ რა დარჩა ბიუროს საქმიანობიდან, რომელიც საჯაროობას ექვემდებარება.
3.4. აპელანტი მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირთა შესახებ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ შეიძლება გასაიდუმლოებული იყოს საჯარო დაწესებულების მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნულით მონიჭებული უფლებების პრაქტიკულ რეალიზებას კი ვერ მიაღწია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში მოსარჩელემ, რითაც უხეშად იქნა ხელყოფილი საქართველოს უზენაესი კანონით - კონსტიტუციით მონიჭებული მოსარჩელის უფლებები. ინფორმაცია დემოკრატიის ჟანგბადია. თუ ხალხმა არ იცის, რა ხდება იმ საზოგადოებაში, რომელშიც ცხოვრობს, თუკი მმართველობის მოქმედება დაფარულია, მაშინ ხალხი ვერ შეძლებს შეასრულოს თავისი საზოგადოებრივი მოვალეობა. ინფორმაცია ხალხისთვის არამხოლოდ აუცილებელია, არამედ იგი კარგი მმართველობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მხოლოდ ცუდ მმართველობას სჭირდება საიდუმლო იმისათვის, რომ გადარჩეს. ინფორმაციის დახურვა ხელს უწყობს კორუფციის, მფლანგველობისა და არაეფექტური მართვის ჩამოყალიბებას. ინფორმაციის ფლობა ხალხს საშუალებას აძლევს, მუდამ ადევნოს თვალყური მთავრობის მოქმედებას და იმსჯელოს მის საქმიანობაზე. ინფორმაციის თავისუფლება ის იარაღია, რომელიც საშუალებას აძლევს საზოგადოებას, იქონიოს ადეკვატური შეხედულება და კრიტიკული აზრი იმ საზოგადოების მდგომარეობაზე, რომელშიც ის ცხოვრობს და იმ ხელისუფლებაზე, რომელიც მას მართავს. ამავე დროს ის წარმოადგენს ერთ-ერთ მძლავრ ინსტრუმენტს ხელისუფლების ხელშიც, ვინაიდან საჯაროობამ და გამჭვირვალობამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეიძლება ხელი შეუწყოს მოქალაქეების ნდობის დონის ამაღლებას ხელისუფლებისადმი. მაქსიმალური ღიაობა ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის მთავარი და პირველი პრინციპია. ინფორმაციის მაქსიმალური ღიაობის პრინციპი ამკვიდრებს პრეზუმფციას, რომ ყველა ინფორმაცია, რომელსაც ფლობს რომელიმე საჯარო დაწესებულება, ღიაა, ანუ უნდა არსებობდეს განსაჯაროების პრეზუმფცია, ხელისუფლება კი ხელს უნდა უწყობდეს მაქსიმალური ღიაობის კულტურის განვითარებას. ქვეყნაში, სადაც არ არსებობს ხელისუფლების საზოგადოებასთან ღია ურთიერთობის კულტურა, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობის არსებობა ვერ იქნება წარმატების გასაღები. მექანიზმის შექმნა და მისი პრაქტიკაში გამოყენება დამოკიდებულია, სწორედ რომ, „საიდუმლოების“ კულტურის შეცვლაზე. „საზოგადოება, რომელმაც თავისი ფუნქცია უნდა განახორციელოს, სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული. ხოლო საზოგადოება, რომელიც არ არის ინფორმირებული, შესაბამისად, არ არის ჭეშმარიტად თავისუფალი.“ („კლოდ რეიესი ჩილეს წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლო, 2006წ.). აზრის თავისუფლად გამოხატვისა და სახელმწიფო აპარატში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარეშე, დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია - ამაზე მსოფლიოში დიდი ხანია აღარ დავობენ. მსოფლიო ახალ, ხელისუფლების უპრეცედენტო გამჭვირვალობის ეპოქაში შედის. ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი მსოფლიოს 63 ქვეყანას აქვს მიღებული, რაც ხუთჯერ აღემატება 15 წლის წინანდელ მდგომარეობას, როდესაც ასეთი კანონი მხოლოდ 12 ქვეყანაში მოქმედებდა. აპელანტის მითითებით, ინფორმაციის თავისუფლება 2005 წელს ადამიანის სხვა ფუნდამენტურ უფლებებს გაუტოლდა. ადამიანის უფლებების ინტერ-ამერიკულმა კომისიამ ერთპიროვნულად სცნო ადამიანის უფლება - ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ დაცული ყველა ინფორმაციის მიღების საშუალება. 2005 წლის 6 მაისში კი ევროპის საბჭომ განაცხადა, რომ იზრუნებს ინფორმაციის თავისუფლების ადამიანის ძირითად უფლებათა ერთ-ერთ უფლებად აღიარებაზე. ინფორმაციის თავისუფლება ის იარაღია, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მოსახლეობის ჩართულობას ქვეყნის მართვაში, ხოლო, მეორე მხრივ - საზოგადოების მიერ ხელისუფლების მუდმივ კონტროლს. ეს სწორედ ის იარაღია, რომელსაც შესწევს ძალა, უზრუნველყოს საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების ამაღლება, რაც კორუფციის აღმოფხვრისა და მოსახლეობის ნდობის მოპოვების საუკეთესო საშუალებაა. მხოლოდ სრული გამჭვირვალობის პირობებშია შესაძლებელი სახელმწიფოსადმი ნდობის აღდგენა და არაკეთილსინდისიერი თანამდებობის პირის სტერეოტიპის გაქრობა. კორუფციული ქმედებების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა სწორედ სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირების და საზოგადოების წინაშე მასზე დაკისრებული მოვალეობების გაუმჭვირვალედ და არასათანადოდ შესრულება. ამ კუთხით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული სახელმწიფო ორგანოს და მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებამ მიიღოს სრულად და დაუბრკოლებლად. ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ადვილად ხელმისაწვდომი.
3.5. აპელანტის განმარტებით, სახელმწიფოს საქმიანობის ერთ-ერთი პრინციპი გამჭვირვალობაა, რაც გულისხმობს როგორც საზოგადოების მონაწილეობას მმართველობით საქმიანობაში. ასევე საზოგადოების მხრიდან კონტროლის განხორციელების შესაძლებლობასაც. კონტროლი კი თავისთავად მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რაც უზრუნველყოფს სასურველი შედეგის მისაღწევად შესრულების შემოწმებას და იმავდროულად, პრევენციული ღონისძიებების გატარებასაც. დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ღირებულებაა, სახელმწიფო ინსტიტუტები იყვნენ ანგარიშვალდებულნი მათ წინაშე. საქვეყნოობის პრინციპის რეალიზაციით საზოგადოება აკონტროლებს ხელისუფლებას, რაც აზღვევს მას კორუფციისა და მიკერძოებული მართვისაგან. თანამედროვე სახელმწიფოსათვის დამახასიათებელია არა მხოლოდ ბიუროკრატიის, არამედ საზოგადოების აქტიურობაც. საზოგადოებრივი აქტიურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ინფორმირებულობაა. ინფორმაციის ერთგვარი მესაკუთრე ამ შემთხვევაში თავად სახელმწიფო, მისი აპარატია. სწორედ ის არის ვალდებული უზრუნველყოს კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში ინფორმაციის მიწოდება. ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის Nო2/3/364გადაწყვეტილება). ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ამ უფლების მატარებელი შეიძლება იყოს ყველა, ვინც დაინტერესებულია ამა თუ იმ ინფორმაციის მოპოვებით. იყო ინფორმირებული უზრუნველყოფს პარალელურ რეჟიმში ერთგვარი საზოგადოებრივი საზედამხედველო და მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელებას, რაც კანონის დაცვის გარანტს ქმნის საჯარო მმართველობის სფეროში. „ინფორმაციის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად ფუნდამენტს და მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის ძირითად პირობას. აღნიშნული უფლება შეესაბამება საჯარო ხელისუფლების ვალდებულებას, ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაცია. ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელოვანი ფუნქცია - ინფორმირებული და აქტიური საზოგადოება მიიღწევა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან მოქმედი ნორმების დაცვით. ადამიანის თავისუფლების ისტორია ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების შეზღუდვისა და კონტროლის ისტორია. თანამედროვე სახელმწიფო აპარატი თანაარსებობს საზოგადოებასთან ერთად და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. ინფორმაციის მიღება არის კონსტიტუციით დაცული უფლება, რომელიც შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვასთან. ამასთან, ინფორმაციის დავებზე მოთხოვნების განხილვა უნდა მოხდეს სწრაფად და სამართლიანად. გასაჩივრებისათვის ასევე უნდა არსებობდეს ეფექტური სასამართლო სისტემა ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებშიც. მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის მექანიზმის არსებობა ფიქციამდე დადის, თუ ამგვარი მოთხოვნის განხილვა სწრაფად არ მოხდება და პირი მოკლე დროში ვერ ისარგებლებს მართლსაჯულების სერვისით. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს წარმოდგენა ინფორმაციის თავისუფლების მყარი ინსტიტუციონალური საფუძვლების გარეშე შეუძლებელია. გამომდინარე იქიდან, რომ დემოკრატიული მმართველობის უმთავრეს პრინციპს და დანიშნულებას ხალხის ნების და საზოგადოების მოთხოვნილებების განხორციელება წარმოადგენს, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბება უნდა იყოს. ამიტომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობა და თავის მხრივ გამოიყენოს საზოგადოებრივი რესურსი ეფექტიანი მმართველობისათვის. ამავე დროს, დემოკრატიულ სახელმწიფოში ინფორმაციის თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობას, საბიუჯეტო სახსრების განკარგვისა და საჯარო პოლიტიკის განხორციელების ღიაობას. ინფორმაციის მიღების უფლება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად იქნა აღიარებული და იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების, თითოეული ადამიანის პიროვნული თუ პროფესიული განვითარებისა და ზოგადად ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობისათვის. აპელანტი მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებაც. აღნიშნული გულისხმობს/მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ინფორმაციის, კერძოდ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამაღლებს ურთიერთნდობის ხარისხს ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის, ხელს უწყობს ხელისუფლების ღიაობას, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალე მმართველობას. დემოკრატიულ სახელმწიფოში, მართლწესრიგის დაცვის უპირველეს გარანტს კონსტიტუცია წარმოადგენს. კონსტიტუცია უნდა უზრუნველყოფდეს როგორც სახელმწიფოს, ისე ფიზიკური პირების ინტერესებისა და უფლებების დაცვას (იხ. ანდრაშ შაიო, „ხელისუფლების თვითშეზღუდვა, კონსტიტუციონალიზმის შესავალი“, თბილისი, 2003). ადამიანის უფლების დაცვა დემოკრატიული სახელმწიფოს შემადგენელი აუცილებელი ელემენტია, ხოლო ინფორმაციის მოძიება, მიღება და გავრცელება ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს. ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/27–389 გადაწყვეტილება). აქედან გამომდინარე, ინფორმაციის თავისუფლება დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებული ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ინფორმაციის თავისუფლება თავისი არსით მჭირდო კავშირშია გამოხატვის თავისუფლებასთან. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. აღნიშნული უფლება გულისხმობს ადამიანისთვის მინიჭებულ შესაძლებლობას, საჯარო ხელისუფლების ჩარევის მიუხედავად, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, იდეები. პარალელი რომ გავავლოთ საქართველოს კანონმდებლობასთან, შევნიშნავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი სწორედ ანალოგიურ საკითხზე საუბრობს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ადამიანს თავისუფლად შეუძლია მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. თავის მხრივ ამგვარი შინაარსის მქონე ნორმაში არ იგულისხმება ადამიანის პატივისა თუ ღირსების შემლახველი ფაქტის გავრცელება. იგი მიუთითებს მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულებაზე, მოქალაქეებს არ დაუყენოს ე.წ. „ინფორმაციული ფილტრი“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/27–389 გადაწყვეტილება). თუ პირმა ვერ მიიღო საჯარო დაწესებულებისგან საჯარო ინფორმაცია, იგი ვერ გამოხატავს საკუთარ აზრს, შეხედულებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ხოლოაზრის გამოხატვის შეზღუდვა დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს. აპელანტის განმარტებით, სახელმწიფოს გამჭვირვალეობა ეფექტიანი დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, თავის მხრივ, მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს სწორედ ინფორმაციის თავისუფლება წარმოადგენს. მაშინ, როდესაც საზოგადოება ინფორმირებულია სახელმწიფო საქმიანობის შესახებ, ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნდობა მაღალია. თუ მოქალაქემ საჯარო დაწესებულებიდან მიიღო სასურველი ინფორმაცია, ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყება კეთილსინდისიერად, კანონის ფარგლებში მოქმედებს, ხოლო როდესაც საჯარო დაწესებულება არ გასცემს ინფორმაციას, საჯარო ინფორმაციის მომთხოვნს უჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურას ეს საკითხი შეგნებულად აქვს გასაიდუმლოებული. დემოკრატიულ სახელმწიფოში „დემოკრატიული სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, საზოგადოებას ხელი მიუწვდებოდეს სახელისუფლებო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციაზე“. სხვა მხრივ, შეუძლებელი იქნება საჯარო დაწესებულებების საქმიანობის „საზოგადოებრივი კონტროლი“. აპელანტი მიუთითებს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება შეიძლება განიმარტოს, როგორც პოზიტიური ვალდებულება, რომლითაც სახელმწიფოს ადამიანის უფლებების დაცვა ევალება. ზემოთ განხილულის გარემოებების გამო მიღებული გადაწყვეტილება მისი იურიდიული დაუსაბუთებელობის გამო უნდა გაუქმდეს და სააპელაციო პალატაში ახალი გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი, რამეთუ სამართლის აბსტრაქტული (დამფუძნებელი) ნორმები ესადაგებიან ამ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებს და ეთავსებიან მას, რის გამოც ის საფუძლიანია, ხოლო დასაბუთებულია, რამეთუ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მისგან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნები ქმნიან შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპიროებებს.
3.6. აპელანტის განმარტებით, რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში უკან დაბრუნების მიზანშეუწონლობას, ამ მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათდ სამართლებრივი შეფასების კუთხით. საამისოდ კი სააპელაციო სასამართლოს გააჩნია ყველა ის საპროცესო მექანიზმი, რაც აუცილებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ყოველმხრივი შემოწმებისა და საქმის სრულყოფილი, კომპლექსური განხილვისათვის. მართალია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა მას ასევე შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, ანუ არსებითად განიხილოს საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, თვითონ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის დაბრუნების გარეშე, გადაწყვიტოს საქმე, ემყარება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. კეთილსინდისიერი მნიშვნელობით, სააპელაციო სასამართლო იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი (სუს 31.03.2011წ. გადაწყვეტილება N1376-1340(კ-10). იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოშობილია მატერიალური და საპროცესო ნორმის სწორი განმარტების აუცილებლობა, რაც ასევე ძალუძს სააპელაციო პალატას, აპელანტი ითხოვს საქმის ქვედა ინსტანციის სასამართლოში გადაგზავნის გარეშე სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის დაკმაყოფიელბის შედეგად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის არსებითად გადაწყვეტას. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს მენეჯერული პრობლემები ქმნის არა შემდგარი სხდომის გადადების, არამედ ამ მოსამართლის სანაცვლოდ სხვა მოსამართლის გასამწესებლად შერჩევის აუცილებლობის წინაპირობას დანიშნული სასამართლო სხდომის ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე და არა მუდმივად გადადების და ვერ დასრულების აუცილებლობას. სასამართლო სხდომის დანიშნულ დროს ჩატარებისა და საქმის დროული დასრულების ინტერესი ნორმატიულად ვლინდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის გათვალისწინებით, „სასამართლო იღებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად - ერთ სასამართლო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, - შესვენების გარეშე“. მოცემულ საქმეში არსებული სხდომის ოქმებიდან ვლინდება, რომ წარმართული სხდომები გადადებული იქნა სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით და ისიც დაუსაბუთებლად, მოტივის აუხსნელად, ყოველ შემთხვევაში, არა იმ მიზეზებით, რასაც საპატიოდ ითვალისწინებს საპროცესო კანონი. პროცედურული სამართლის უპატივცემულობას მივყავართ სწორედ არასწორ გადაწყვეტამდე. სასამართლოს ქცევა უნდა ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ სასამართლო საპროცესო სამართლის ზუსტი დაცვით ხელმძღვანელობს და არა საკუთარი პიროვნული სამართლით, ან არსებული და გაუმართლებელი პრაქტიკით ან მიზანშეწონილობით. მოცემულ საქმეზე სასამართლომ ვერ უზრუნველყო საქმის განხილვის უწყვეტობის პრინციპის შესრულება, ვინაიდან მნიშვნელოვანი პერიოდის მანძილზე განსახილველი საქმის მიმართ არანაირი საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა და სასამართლოს საქმესთან მჭიდრო კონტაქტი აღარ ჰქონია, რეალურად შეწყდა სწრაფი, ეფექტური და ქმედითი მართლმსაჯულება სასარჩელო მოთხოვნებზე. სადავოდ ქცეული უფლების დაცვის მიზნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არაა თეორიული, ფიქციური და ილუზორული უფლება, ის არაა ორიენტირებული შეუსაბამოდ არაგონივრულად მნიშვნელოვანი დროის გასვლის შემდეგ რაიმე უფლებების დადგენა-გარკვევაში, ვინაიდან სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას მოჰყვება კანონიერი მოლოდინი იმისა, რომ დამოუკიდებელ საწყისებზე შექმნილი ობიექტური და სამართლიანი სასამართლო მოდავე მხარეთა პრეტენზიებს განიხილავს საამისოდ დადგენილ ვადაში და სასამართლო ცალკე დამატებით დამოუკიდებელ ხელმყოფ სუბიექტად არ მოევლინება მხარეს. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება დროში არსებული ფასეული სიკეთეა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მართლმსაჯულების დამოუკიდებლად განხორციელების აღქმაში. სხვა სიტყვებით, სასამართლოს ქცევები უნდა ადასტურებდეს, რომ ის კანონის საფუძველზე იხილავს საქმეს და არა კანონით დადგენილი წესების, კერძოდ, საპროცესო ვადების დარღვევით და საკუთარი შეხედულებებით ანდა საკუთარი კომფორტისათვის შესაბამის დროს. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს თუ რა ვადაში უნდა დასრულდეს ყველა საპროცესო მოქმედება კონკრეტული კატეგორიის საქმისათვის. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის ძალით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 1 თვისა“. საგულისხმოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით საგამონაკლისო ვადებში განსახილველ საქმეებზე, საქმის განხილვის საპროცესო ვადების გაგრძელებას არ ითვალისწინებს საპროცესო კანონი. ის, რომ საერთოდ სხდომის გადადებას ითვალისწინებს კანონი, არ ნიშნავს იმას, რომ ამ კანონზე მითითებით შესაძლებელია ნებისმიერი სხდომა უმოტივოდ გადაიდოს. კანონის ნორმა თავად არაა დასაბუთება, და მარტოოდენ მისი მითითებით სასამართლო აქტი დასაბუთებულ სახეს, გარეგნობას და მნიშვნელობას ვერ იძენს, კანონის ნორმა შესაძლებლობაა, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოება მისადაგებული იქნას კანონში აღწერილთან (ე.წ. „სუბსუმფცია“), რაც დასაბუთებაში ვლინდება. ამ კუთხით გასაჩივრებული აქტი დაუსაბუთებელია და ის საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოა. საქმის განხილვის გადადების თაობაზე საოქმო განჩინებას წაეყენება სწორედ ის პრეტენზიები და მოთხოვნები, რაც ზოგადად სასამართლო აქტს, რომ ის დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სასამართლო „განჩინებაში უნდა აღინიშნოს მოტივები, რომლითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე“. მოცემულ შემთხვევაში საერთოდ ვერც კი ვხვდებით მსჯელობას ასეთზე. საოქმო განჩინებების თანახმად არ დგინდება, თუ რატომ მიიღო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით სხდომის გადადების გადაწყვეტილება, რა სახის შექმნილი ვითარება ამართლებდა ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას. ის, რომ პრაქტიკა აჩვენებს იმას, რომ ასეთი განჩინებები არ საჩივრდება მხარეების მხრიდან, არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ არ შეიბოჭოს თავი სამართლით და მახინჯ სტერეოტიპს გაჰყვეს გაუაზრებლად მუდამ. სამართლიანობა მიიღწევა კანონის უზენაესობის პატივისცემის ქცევით თავად იმ პირის ქცევებით, ვინც ეს უნდა ძალისმიერად უზრუნველყოს. სხვა სიტყვებით, თავად მოსამართლის ქცევა უნდა იყოს კანონის უზენაესობის პატივისცემის დადასტურება. ამდენად, უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული საოქმო განჩინებ(ებ)ი საქმის არსებითი განხილვის დროს, განხილვის საკუთარი ინიციატივით შეწყვეტისა და სხვა დროისათვის ზეპირი მოსმენის გადადების თაობაზე, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი სასამართლო აქტები.
3.7. აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნულის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რის შესახებაც სხდომის დასრულებისთანავე აცნობებს მხარეებს, და განსაზღვრავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღს. უდავოა, რომ ხსენებული ნორმის პირველი წინადადება ითვალისწინებს, რომ როგორც ნორმალური წესი, საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადება საგამონაკლისო ნორმაა და არა მუდმივი წესი. ასეთი უნდა განხორციელდეს თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია და ისიც გამონაკლის შემთხვევაში. ამ უკანასკნელ შემთხვევას დასაბუთების ალტერნატივა არ აქვს. მიუღებელია და საპროცესო სამართლის უპატივცემულობაა, რომ სასამართლო ხსენებულ ნორმას იყენებდეს ყველა საქმის მიმართ და უმოტივაციოდ „ნათლავდეს“ მის განხილვაში მყოფ ყველა საქმეს არსებითად რთულად გადასაწყვეტად“, ყველა საქმე ჰკიდებდეს ასეთ იარლიყს. ცალსახაა, რომ საპროცესო კანონი ამ შემთხვისათვის ითვალისწინებს დასაბუთებული და მოტივირებული განჩინების გამოტანის აუცილებლობას. ამ უფლების გამოყენებას მოსდევს მოსამართლის ვალდებულება მოტივირებული განჩინების გამოტანისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სასამართლო „განჩინებაში უნდა აღინიშნოს მოტივები, რომლითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე“. მოცემულ შემთხვევაში საერთოდ ვერც კი ვხვდებით მსჯელობას ასეთზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინება საქმეზე ზეპირი მოსმენის დასრულების შემდგომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად საქმის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე.
3.8. აპელანტი მიიჩნევს, რომ თანმდევი შედეგით უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოსგარეშე პროცესი ხარჯების ნაწილში პირველი ინსტანციის ეტაპისათვის, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სააპელაციო საჩივარში შუამდგომლობის სახით წარმოდგენილია აპელანტის მოთხოვნები, რომლითაც მოთხოვნილია სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესახებ. აპელანტი შუამდგომლობს, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის - სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის 7 400 ლარის ანაზღაურება, სააპელაციო ინსტანციის ეტაპისათვის. წარმოდგენილ საქმეზე მოსარჩელის ინტერესების სასამართლოში წარმოდგენას პროცესის ყველა სტადიაზე ახორციელებს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია შერეული ტიპის მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით. ხსენებულ ნორმაზე ანალოგიით უნდა შეფასდეს და გამოთვლილ იქნეს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით მოთხოვნილი ადვოკატის ხარჯები, შესაბამისად ადვოკატის დახმარებისათვის საჭირო ხარჯის მოპასუხისათვის დასაკისრებლად, ხარჯის ეს ოდენობა გამოთვლილ უნდა იქნას უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნიდან, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას სასარჩელო მოთხოვნების მრავალფეროვნება. სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის - ადვოკატის დახმარებისათვის გადასახდელი თანხების მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარი არ შეიძლება ითქვას მისი გადაუხდელობისა და საამისო ქვითრის საქმეში არარსებობის გამო. აპელანტის განმარტებით, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომელიც დასაშვებობის წინაპირობად შესაძლოა იქცეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა, რომელიც ქონებრივი დავის დროს გულისხმოს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით -2000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების (როგორც სასამართლო, ასევე არასასამართლო ხარჯების) გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. გარდა საპროცესო ნორმებისა, ხსენებული მოთხოვნის მხარდამჭერი სამართლებრივი საფუძველია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებიც, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საგულისხმოა მოცემულ საკითხთან დაკავშირებული მყარი, სტაბილური და 2012 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განზოგადებული სასამართლო პრაქტიკაც. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ Nბს-1330-1315(კ-11) საქმეზე 2012 წლის 9 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, "საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია." "საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრულა და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით" (სტილდაცული ციტატა). ადვოკატების ხარჯების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებული ხსენებული მიდგომა თავსებადია და გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული (სტრასბურგის) სასამართლოს დამკვიდრებული ევროპული სტანდარტიდანაც. კერძოდ, ევროპული სასამართლო მაშინაც აკისრებს ხელმყოფ პირს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა ან თუნდაც წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ქველმოქმედების სახით. ევროპული სასამართლოს მეორე სექციის მიერ 2012 წლის 2 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე: „კაკაბაძე და სხვები (კერძოდ, ლაშა ჩხარტიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზურაბ რთველიაშვილი და დავით დალაქიშვილი) საქართველოს წინააღმდეგ“ განიმარტა: „სასამართლო შენიშნავს, რომ საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და EHRAC-ის ქართველმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა მომჩივნებს გაუწიეს საჭირო იურიდიული დახმარება. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ მთელ რიგ ქართულ საქმეებში ამ ორი NGO-ს ადვოკატთა გუნდი სამართალწარმოების დროს არ შეიძლება დარჩეს კომპენსაციის გარეშე. აქედან გამომდინარე სასამართლო მომჩივნებს მიაკუთვნებს 3.970 ევროს (NGO-ს ქართველი ადვოკატებისათვის) და 1.970 ფუნტ სტერლინგს (NGO-ს ბრიტანელი ადვოკატებისათვის) მათ მიერ გაწეული შრომის ანაზღაურების მიზნით. კერძოდ ორი ქართველი და ერთი ბრიტანელი ადვოკატისათვის“ (საჩივრის N1489/07, სასამართლოს სექციის გადაწყვეტილება საბოლოო გახდა 2013 წლის 2 იანვარს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ადრე მოქმედი პირველი სექციის მიერ 2005 წლის 9 ივნისს განხილულ საქმეზე „ფადეევა, რუსეთის წინააღმდეგ“ (Fadeyeva v.Russia) სასამართლომ ადვოკატის მომსახურებისათვის ხარჯის დაკისრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების 147-ე პუნქტით განმარტა: „სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია მასსა და მის ადვოკატებს შორის დადებული რაიმე წერილობითი ხელშეკრულება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. რუსული კანონმდებლობის თანახმად, „ხელშეკრულება იურიდიული, საკონსულტაციო-საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც და არაფერი აჩვენებს, რომ ეს ასე არ იყო განცხადებელსა და წარმომადგენლების შემთხვევაში. მაშასადამე, ადვოკატების ჰონორარები ანაზრაურებადია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და რეალურია. ამ დასკვნაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ განმცხადებელს არ ეკისრებოდა ამ თანხების წინასწარ გადახდის მოვალეობა“. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ მოცემულ საკითხთან მიმართებაში მსჯელობისას იგივე გადაწყვეტილების 151-ე პუნქტით განმარტა, რომ ადვოკატისათვის გადასახდელ „თანხებს უნდა დაემატოს ის თანხა, რომელიც საჭირო იქნება მათზე დარიცხული გადასახადების ასანაზღაურებლად“ (საჩივარი N55723/00). საყურადღებოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მესამე სექციის მიერ განხილულ საქმეზე: „გივი ჯანიაშვილი, საქართველოს წინააღმდეგ“ 2012 წლის 27 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხე სახელმწიფომ თავად აღიარა, რომ „მომჩივანი გასწევდა გარკვეულ იურიდულ ხარჯებს და სთავაზობს სასამართლოს, მომჩივანს მიაკუთვნოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დადგენილი გონივრული თანხა“. გარდა ამისა „სასამართლო შენიშნავს, რომ მომჩივანმა არ წარმოადგინა ქვითარი, რომელიც დაადასტურებდა დანახარჯებისა და ადვოკატის გასამრჯელოს გადახდას მისი მხრიდან. თუმცა როგორც მთავრობამ აღიარა, მომჩივნისთვის გაწეული იურიდიული დახმარება არ იქნებოდა უფასო“. მიუხედავად ამისა, „საქმის სირთულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია მომჩივნისთვის 1.000 ევროს მიკუთვნება მის წინაშე წარმომადგენლობის ხარჯების ანაზღაურების სახით“ (საჩივარი N35887/05, გადაწყვეტილება საბოლოო გახდა 27.02.2013წ.).
3.9. აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი, ხოლო იგივე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი სანოტარო წესით შედგენილი და დადასტურებული დოკუმენტით გათვალისწინებული შინაარსი თავსებადია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლთან, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. იგივე კოდექსის იგივე მუხლის 710-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. „დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება ხელშეკრულებათა იმ ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური ხელშეკრულებაა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 8 სექტემბრის განჩინება საქმეზე Nას-39-489-06), ვინაიდან იგი დადებულად ითვლება მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის მომენტიდან. ხოლო ორმხრივია, რადგან მისი ორივე მხარე ერთდროულად იძენს უფლებებს და იღებს ვალდებულებებს მეორე მხარის მიმართ. სახეზე გვყავს „ერთი მხრივ, მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო მეორე მხრივ, რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედებების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე“. „ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედებების შესრულება. ეს მოქმედებები მიმართულია მარწმუნებულისათვის მესამე პირებთან ურთიერთობებში გარკვეული სუბიექტური უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტისკენ“. სსკ-ის 709–ე მუხლი მიუთითებს, რომ რწმუნებული მოქმედებს მარწმუნებულის სახელით და მარწმუნებლის ხარჯზე. შესაბამისად, დავალების ხელშეკრულების საფუძველზე რწმუნებულის მიერ დადებული გარიგებებით, მესამე პირებთან უფლება-მოვალეობები წარმოშობა უშუალოდ მარწმუნებელს. დავალების ხელშეკრულების ფორმაზე კანონი არ მიუთითებს, ამიტომ ფორმის საკითხის განსაზღვრისას უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთო წესებით გარიგების ფორმის შესახებ. იგი შეიძლება გაფორმდეს როგორც ზეპირად, ისე წერილობით“ (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალი - „ადვოკატი“, 2014 წელი, N4, „დავალების ხელშეკრულების მნიშვნელობა და ძირითადი მახასიათებლები“, ავტორი სოფიო ბერიანიძე, იხ. გვერდები 51-58). ამდენად, ქართული საპროცესო სამართლის საფუძვლით, და ასევე არამარტო, შიდასახელმწიფოებრივი, არამედ ევროპული მყარი სასამართლო პრაქტიკის მხედველობაში მიღებითაც გამართლებული და მხარდასაჭერია ხსენებული მოთხოვნის სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილება. საგულისხმოა, რომ ანალოგიური დასაბუთება სრულად გაზიარებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ N2/15800-2014 საქმეზე 2014 წლის 25 ნოემბერს მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით. ამასთანავე, მოცემულ საკითხზე მოთხოვნის დადებითად და საინტერესოდ გადაწყვეტას გვთავაზობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება N190310015716798 - N36/698-2015 საქმეზე. გადაწყვეტილება შემოწმებულია საკასაციო წესით და ის უცვლელად არის დატოვებული ძალაში საკასაციო პალატის Nბს-9-8(2კ-6კს-2016) განჩინებით, სადაც ხსენებული ხარჯი ანაზღაურებულია იმ დასაბუთებით, როგორც აქ არის მოცემული და აქ დასახელებული მაქსიმალური ოდენობით (2400 ლარი), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარი პრაქტიკის გათვალისწინებით. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, წერილობითი მტკიცებულების გარეშე ადვოკატის ხარჯს აკუთვნებს მოწინააღმდეგე მხარეს მაშინაც, როდესაც კასატორის საკასაციო პრეტეზია განუხილველი რჩება დაუშვებლობის გამო (Nას-444-423-2015 საქმეზე 2015 წლის 30 ოქტომბერს მიღებული განჩინებები). აპელანტის მოსაზრებით, საკასაციო პალატის ეს მიდგომა გამართლებულია, რადგან კასატორის დაუშვებელ მოთხოვნებზე თუ წინააღმდეგობის გაწევა მოუწია მოწინააღმდეგე მხარეს და ამისათვის ის აღჭურვილი იყო ადვოკატით, ადვოკატის დახმარებისათვის გათვალისწინებული ხარჯის დაკისრება არსებითად სწორია. საგულისხმოა, რომ პროცესში წარმატებული მხარისათვის წერილობითი მტკიცებულების გარეშე ადვოკატის ხარჯის მიკუთვნებას მხარს უჭერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატა (იხ. Nას-444-423-2015 საქმეზე 2015 წლის 30 ოქტომბერს მიღებული ერთობლივად რამდენიმე განჩინება მოცემულ საქმეზე). გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით დადგენილი პრაქტიკა Nბს-776-768(23-4კს-15) საქმეზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იურიდიული მომსახურების (ზეპირი/წერილობითი) ხელშეკრულების არსებობა და მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „დადაევა რუსეთის წინააღმდეგ“, პარაფრაფი 145, 146)“. საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელეებისათვის ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, რის გამოც სასამართლომ უნდა განიხილოს არა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, არამედ საქმის მასალებით დადასტურებული ადვოკატის მიერ მოსარჩელეებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობა. მოსარჩელეებსა და ადვოკატს შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუს 09.02.2012წ. ბს-1330–1315(კ)-11; 30.10.15წ. Nას-444-423-2015 25; 25.03.2016წ. Nას-12-12-2016 გადაწყვეტილებები). მოსარჩელეებსა და ადვოკატს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მატერიალური საფუძველია დავალების ხელშეკრულება (სკ-ის 709-ე მუხლი). მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთვევაში (სკ-ის 710-ე მუხ). გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოცემულ შემთხვევაში პრეზუმირებულია, ვინაიდან სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი, ხოლო ადვოკატის მომსახურების ღირებულება საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. იურიდიული მომსახურების გაწევის შემთხვევაში ივარაუდება მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, საწინააღმდეგო დამტკიცებას საჭიროებს. ამდენად, ხარჯის განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (სუს 11.02.2008წ. Nას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვი და პინკი ჩეხეთის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სასამართლო ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება“ (დეტალურად იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინება ბს-776-768(23-4კს-15) საქმეზე). ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დააკმაყოფილოს, ვინაიდან ისე საფუძვლიანია, კანონი ითვალისწინებს ამგვარი მოთხოვნის გამართლებულობას, შუამდგომლობა დასაბუთებულია, რადგან ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან სამართლის ნორმით გათვალისწინებულ შემადგენლობას. ჯერ კიდევ გადაუხდელი საადვოკატო მომსახურების საფასური, კანონით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას ექვემდებარება (იხ. სუს 2008 წლის 11 თებერვლის Nას-792-1114-07 განჩინება). მითითებული საპროცესო-სამართლებრივი შესაძლებლობის სხვაგვარი განმარტება მიგვიყვანს იმგვარ შედეგამდე, რომ თუ მხარეს ადვოკატისათვის ანაზღაურების წინასწარ გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და მან, ანაზღაურების გადახდა, ადვოკატთან შეთანხმებით საქმის საბოლოო შედეგს დაუკავშირა, ასეთ შემთხვევაში, იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლითა და 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შესაძლებლობას დაკარგავს, რაც საპროცესო სამართლებრივ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც, საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების წერილობით დადების ვალდებულება კანონმდებელს არ დაუდგენია სახელშეკრულებო თავისუფლების იდეიდან გამომდინარე, შესაბამისად არ გამორიცხება მისი არსებობა ზეპირი გარიგების საფუძველზე, ხოლო მისი არსებობა გარეგნული გამოხატულებით მინიმუმ უნდა დგინდებოდეს. სამივე ინსტანციის სასამართლოში ერთი და იგივე ადვოკატის მონაწილეობა და საადვოკატო ხარჯების მოთხოვნის ფაქტი, სხვა არაფერს ადასტურებს, თუ არა საადვოკატო მომსახურების გარიგების დადებისა და არსებობის ფაქტს.
3.10. აპელანტი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი, როგორც საპროცესო ნორმა ვერ იქნება მატერიალურად იმის დამდგენი, რომ საადვოკატო მომსახურების ღირებულება ანაზღაურდეს მხოლოდ მაშინ თუ ის იქნება მხოლოდ წერილობით დაადგებული და წინასწარ გადახდილი იქნება მისი სრული ღირებულებაც, რამეთუ საპროცესო სამართალს არ ძალუძს მატერიალური სამართლის ნორმების ჩანაცვლების შესაძლებლობა. ასევე, საპროცესო სამართალი ადვოკატის ხარჯის წაგებული მხარისათვის დაკისრების მიზნებისათვის ვერც დაადგენს საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების წინასწარ გადახდის ვალდებულებას და ვერც აკრძალავს ამგვარი ღირებულების საქმის დასრულებისა და კულმინაციურ ეტაპზე მის ანაზღაურებას. შესაბამისად, ჯერ კიდევ გადაუხდელი საადვოკატო მომსახურების საფასური, კანონით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას ექვემდებარება. საგულისხმოა, რომ ხსენებული დასაბუთება გაზიარებული აქვს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს (მაგ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება N2ბ/270–17 საქმეზე). „წარმომადგენლის მომსახურების ანაზღაურებასა თუ მის ოდენობასთან დაკავშირებით მოსარჩელეს ხელშეკრულება ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობა არ მიუთითებს ამგვარი მოთხოვნის უსაფუძვლობა-დაუსაბუთებლობაზე. აღნიშნული არ მეტყველებს მასზე, რომ მოსარჩელე წარმომადგენლის მომსახურებას არ ღებულობს ან ასეთი მომსახურება უსასყიდლოა. სამოქალაქო კოდექსის 709-ე-722-ე მუხლებით, რომლებითაც დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობებია დარეგულირებული, ასეთი ხელშეკრულების გაფორმებისათვის წერილობითი ფორმა გათვალისწინებული არ არის, ამასთან, 710-ე მუხლი ადგენს მარწმუნებლის ვალდებულებას, გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო შეთანხმებით ან კანონით განსაზღვრული ოდენობით, ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი - „ჩვეულებრივი გასამრჯელო“. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მისი წარმომადგენლისაგან სამართლებრივი დახმარების მიღების ფაქტი ქმნის შესაბამისი ხარჯის რეალურობის გონივრულ პრეზუმფციას. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით შესაბამისად, დავის საგნის გთვალისწინებით, გონივრულობის ფარგლებში უნდა დაკმაყოფილდეს“ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება N3/578-16 საქმეზე). ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემული შუამდგომლობა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3.11. აპელანტი ასევე შუამდგომლობს, მოწინააღმდეგე მხარეს, აპელანტის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულების, იურიდიული მომოსახურების ხელშეკრულების, ადვოკატის სახელზე შედგენილი განცხადების და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯი - 70 ლარის ოდენობით, სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას აპელანტებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 100 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, მტკიცებულებათა მოძიება-მოპოვებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურება რაც აუცილებელი გახდა წერილობითი და სხვაგვარი მტკიცებულებების მისაღებად - 20 ლარის ოდენობით, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად მეორე ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 70 ლარის, სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 40 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 0.10 ლარის, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის - 60 ლარის, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 10 ლარის, ასევე აპელანტების და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურება - 100 ლარის, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურება - 5 000 ლარის ოდენობით, საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება - 200 ლარის ოდენობით (ხსენებული მოთხოვნები გაიზრებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განჩინებით Nას-316-316-2018 - N210210012000152909 საქმეზე: „მოსარჩელე ინგა ჯანელიძე, მოპასუხის - ვაჟა ცაბუტაშვილის უფლებამონაცვლის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ წინააღმდეგ). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების (როგორც სასამართლო, ასევე არასასამართლო ხარჯების) გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. გარდა საპროცესო ნორმებისა, ხსენებული მოთხოვნის მხარდამჭერი სამართლებრივი საფუძველია მატერიალურ–სამართლებრივი ნორმებიც, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საგულისხმოა მოცემულ საკითხთან დაკავშირებული მყარი, სტაბილური და 2012 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განზოგადებული სასამართლო პრაქტიკაც. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით Nას-165-158-2013 საქმეზე დადგინდა ერთიანი, განზოგადებული სასამართლო პრაქტიკა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა საპროცესო შეცდომათა გაანალიზების შედეგად. ხსენებულის თანახმად, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი. კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 260-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა, რომელსაც ქვემოთ შევეხებით. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის შემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის). ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა. რაც შეეხება საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილ პროცედურებს (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც მართალია მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). გასათვალისწინებელია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმა ვადითაა შეზღუდული, კერძოდ, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ზემოთ მოყვანილ ნორმათა ანალიზი, ასევე საკასაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა, იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში, შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა მხარეს ართმევს უფლებას აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი სხვა დავაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, რაც ამართლებს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულ მართებულობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი. კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართალწარმოებისათვის გაღებული ხარჯების, ოდენობის, მათი ანაზღაურების წესსა და პირობებს. პროცესის ხარჯები, რომელიც შედგება სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან წარმოადგენს მხარეთა მიერ მატერიალური უფლებების დასაცავად (აღსადგენად, მოსაპოვებლად) გაწეულ ხარჯებს, რაც შესაძლებელია ანაზღაურდეს სარჩელზე დამდგარი იურიდიული შედეგის შესაბამისად და პროპორციულად, როგორც პროცესუალური მოთხოვნა. სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, ისევე, როგორც საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა სხვა პროცესუალური მოთხოვნა არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე, დამოუკიდებელი სარჩელის, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დამოუკიდებელ ობიექტს, ვინაიდან სარჩელი აღიძვრის იმ უფლებათა დასაცავად, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითდა განმტკიცებულია მატერიალურ სამართლებრივი კანონმდებლობით. საპროცესო სამართალი განსაზღვრავს იმ საპროცესო უფლებების კლასიფიკაციას და მათით სარგებლობის პირობებს, რომლებიც აუცილებელია მატერიალურ-სამართლებრივიუფლებების ეფექტიანად დაცვის უზრუნველსაყოფად. საპროცესო ხარჯების ანაზღაურება დასაშვები და შესაძლებელია როგორც მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის თანამდევი პროცესუალურ-სამართლებრივი მოთხოვნა, პირველის გარეშე იგი არ შეიძლება დამოუკიდებლად არსებობდეს. პროცესუალურ-სამართლებრივი მოთხოვნები წარმოიშობა და ქრება მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნასთან ერთად. სასარჩელო წარმოებაში ხარჯებს გაიღებს მხარე, რომლის მიზეზითაც სასამართლოს მოუწია კონფლიქტის (დავის) გადაწყვეტა. ეს შეიძლება იყოს მოპასუხე (სარჩელის დაკმაყოფილების), ან მოსარჩელე (სარჩელის დაუკმაყოფილებლობის პირობებში), სასამართლოს გარეშე ხარჯები განეკუთვნება დამატებით დანახარჯებს, რომელსაც გაიღებს მხარე. აღსანიშნავია, რომ მოგვარებულ სასამართლო დავაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურებაზე დამოუკიდებელი სარჩელის წარდგენა, ვერ იქნება ცალკე, დამოუკიდებელი სარჩელით მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველი, რამდენადაც ასე სახეზეა არა სადავო მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობა, არამედ, დასრულებულ სამართალწარმოებაში გამოუყენებელი საპროცესო უფლების მატერიალური შინაარსის უფლებად წარმოსახვის მცდელობა, რისი შესაძლებლობა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი არ არის და სავსებით ლოგიკურად, ვინაიდან სასამართლო დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქარწყლდება ყველა საპროცესო უფლება, რომლითაც მხარეებს შეეძლოთ ესარგებლათ სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ, მხარემ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედებისშესრულების შესაძლებლობას. სასამართლოსგარეშე ხარჯების განაწილების შესახებ დანაწესს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და არ ანიჭებს სასამართლოს საპროცესო კომპეტენციას, თავისი ინიციატივით, მხარის მოთხოვნის არარსებობის პირობებში გადაწყვიტოს სასამართლოსგარეშე ხარჯების განაწილების საკითხი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება, საქმეზე Nბს-1665-1619(კ-08).
3.12. აპელანტის განმარტებით, ხსენებული მსჯელობა წარმოშობს სასარჩელო მოთხოვნასთან თანადროულად საპროცესო ხარჯების ანაზღაურების მიზნით შესაბამისი მოთხოვნის სარჩელშივე ჩამოყალიბების აუცილებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესკო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების (როგორც სასამართლო, ასევე არასასამართლო ხარჯების) გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. გარდა საპროცესო ნორმებისა, ხსენებული მოთხოვნის მხარდამჭერი სამართლებრივი საფუძველია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებიც, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო ნორმის საფუძველზე გამოუყენებელ საპროცესო უფლებაზე ცალკე სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს კანონი, ანუ სამართლებრივად დაუშვებელია საპროცესო უფლების მატერიალურ უფლებასთან გათანაბრების სამართლებრივი შესაძლებლობის დაშვება და თანმდევ საპროცესო უფლებაზე სარჩელის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება, საქმეზე ბს-1665-1619(კ-08)). საგულისხმოა მოცემულ საკითხთან დაკავშირებული მყარი, სტაბილური და 2012 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განზოგადებული სასამართლო პრაქტიკაც. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით Nას-165-158-2013 საქმეზე დადგინდა ერთიანი, განზოგადებული სასამართლო პრაქტიკა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა საპროცესო შეცდომების გაანალიზების შედეგად. ხსენებული მოთხოვნები ასევე გაიზრებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განჩინებით Nას-316-316-2018 - N210210012000152909, საქმეზე: „მოსარჩელე ინგა ჯანელიძე, მოპასუხის - ვაჟა ცაბუტაშვილის უფლებამონაცვლის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას, მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული პროცესის ხარჯი, სასამართლო ხარჯის სახით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს----------–-----------–-----------------------------------------–------–------------------მ“ 2018 წლის 11 იანვარს მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, კერძოდ, მან მოითხოვა ინფორმაცია 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან რომელი თანამდებობის პირების მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომელი პირების შესახებ იქნა გადაგზავნილი საქმის მასალები სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და რომელი თანამდებობის პირების მიმართ გადაიგზავნა მასალები საგამოძიებო ორგანოში სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად გამოძიების წარმართვის მიზნით. აგრეთვე, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით გადაგზავნილ მასალებზე დამდგარი კონკრეტული შედეგების შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში. ამასთან, მითითებული ინფორმაცია მოთხოვნილი იქნა ცალ-ცალკე წლების მიხედვით, იდენტიფიცირებულად.
4.3. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 18 იანვრის №---- წერილით ს----------–-----------–-------------------------------------–------–----------------ს“ 2018 წლის 11 იანვრის №------ წერილის პასუხად დანართების სახით გაეგზავნა შემდეგი სახის ინფორმაცია: 1. 2013-2017 წლებში თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების კანონით განსაზღვრულ ვადაში წამოუდგენლობის გამო დაჯარიმებულ პირთა შესახებ მონაცემები, დარღვევის სახის („საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი) მითითებით (დანართი №1). (მოსარჩელეს აღნიშნული წერილით ეცნობა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნა ბიუროსათვის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას არ წარმოადგენდა და კანონით განსაზღვრულ ვადაში დეკლარაციის წარმოუდგენლობის გამო, ყველა შემთხვევაში, გამოიცემოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება, ჯარიმის სახით 1000 (ერთიათასი) ლარის დაკისრების თაობაზე. დეკლარაციის წარმოუდგენლობის გამო ბიუროს მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით ინფორმაციის გადაგზავნა შესაბამის ორგანოში არ მომხდარა. ასევე, 2018 წელს არ მომხდარა არცერთი თანამდებობის პირის დაჯარიმება დეკლარაციების კანონით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის გამო. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, ივარაუდება, რომ 2012 წელს ადგილი ექნებოდა კანონით განსაზღვრულ ვადაში დეკლარაციის წარმოუდგენლობის ფაქტს, თუმცა მათზე კანონმდებლობით განსაზღვრული რეაგირების შესახებ ინფორმაცია არ არის დაცული ბიუროში და არ არსებობს მონაცემები კონკრეტულ თანამდებობის პირთა დაჯარიმების თაობაზე). 2. 2017 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიში, სადაც დეტალურად არის მოცემული შემოწმებული დეკლარაციების რაოდენობა, იმ თანამდებობის პირთა მონაცემები, რომელთა დეკლარაციები შეფასდა უარყოფითად და ა.შ. (დანართი №2). ამასთან, მოსარჩელეს აღნიშნული წერილით ეცნობა, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეაგირებისათვის გადაგზავნილი იქნა 7 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია, რადგან დარღვევების შეფასება და ქმედების სუბიექტური მხარის დადგენა სცილდება საჯარო სამსახურის ბიუროს კომპეტენციას. რაც შეეხება საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილ თანამდებობის პირებს, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ვინაობის გასაჯაროებამ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, შესაძლებელია ხელი შეუშალოს უწყებაში მიმდინარე წარმოების პროცესს, ადმინისტრაციული ორგანომ უარი განაცხადა განმცხადებლისათვის მიეწოდებინა აღნიშნული თანამდებობის პირიების სია.
4.4. ს----------–-----------–-----------------------------------------–------–------------------მ“ 2018 წლის 26 იანვარს მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და მოითხოვა საჯარო სამსახურის მიერ მომზადებული/მასთან დაცული და საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის წარდგენილი იმ წერილის (ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის) დამოწმებული ასლი, რომლითაც 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეაგირებისათვის გადაიგზავნა 7 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია; ასევე, 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - განკარგულებები (დამოწმებული ასლების სახით), თანამდებობის პირების დაჯარიმების შესახებ.
4.5. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 07 თებერვლის №----- წერილით, ს----------–-----------–-------------------------------------–------–----------------ს“ 2018 წლის 29 იანვრის №------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2017 წელს განხორციელებული, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - განკარგულებების გაცემა იწვევს საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეაგირებისათვის გადაგზავნილ პირთა ვინაობის იდენტიფიცირებას, რომლის გასაჯაროებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს უწყებაში მიმდინარე წარმოების პროცესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნილი სამართლებრივი აქტები.
სამართლებრივი დასაბუთება
4.6. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების საფუძველი.
4.10. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას, თუ ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამდენად, ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებს. დემოკრატიული წესწყობილებისათვის დამახასიათებელია სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობა. სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტებიდან ინფორმაციის მიღება ექვემდებარება კანონისმიერ მოწესრიგებას. პირად მონაცემებზე უფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი. ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. გამჭვირვალობის საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით განსაზღვრულია ინფორმაცია, რომლის ღიაობა აღემატება ინფორმაციის გასაიდუმლოების ინტერესს.
4.11. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. იმავე საკანონმდებლო აქტის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ. 42-ე მუხლში კი ჩამოთვლილია იმ ინფორმაციათა სახეობანი, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია, კერძოდ, 42-ე მუხლის „ნ“ პუნქტში მითითებულია, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. ამრიგად, სახელმწიფოში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და ღიაობის შეზღუდვა ორ შემთხვევაშია დაშვებული: როდესაც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როდესაც დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. თავის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. როგორც აღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის მიმართ. საჯარო ინფორმაციის ამგვარი სახით არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მის მომთხოვნზე გასცეს იგი სრულყოფილი სახით, მის მიერ არჩეული საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დაევალოს 2017 წელს განხორციელებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად იმ თანამდებობის პირთა ვინაობისა და დარღვევის ხასიათის შესახებ ინფორმაციის გაცემა, რომელთა საქმეები შესაბამისი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოში, ასევე, მის მიერ საგამოძიებო ორგანოში წარდგენილი წერილისა და 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - განკარგულებების დამოწმებული ასლები.
4.12. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ; გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას ბიურო ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს. მითითებული ნორმის მე-20 მუხლის შესაბამისად, პირს დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული ან სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა შემთხვევაში კონკრეტული პირის მიმართ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეაგირებისათვის გადაიგზავნა 7 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია და სწორედ ამ პირთა ვინაობის გასაჯაროება წარმოადგენს მოსარჩელის ინტერსის სფეროს, კერძოდ, იგი ითხოვს იმ წერილის (ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის) დამოწმებულ ასლს, რომლითაც 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეაგირებისათვის გადაიგზავნა 7 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია, ასევე, 2017 წელს განხორციელებული დეკლარირების მონიტორინგის შედეგად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - განკარგულებების დამოწმებული ასლები, თანამდებობის პირების დაჯარიმების შესახებ. საქალაქო სასამართლომ ამასთან დაკავშირებით სწორად მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლი, რომელიც ადგენს ამავე კოდექსის გავრცელების სფეროს სახელმწიფო ორგანოებზე. აღნიშნული მუხლი აკონკრეტებს იმ ადმინისტრაციულ ორგანოთა და მათ საქმიანობათა ჩამონათვალს, რომლებზეც ვრცელდება ამა თუ იმ შეზღუდვით ან არ ვრცელდება აღნიშნული კოდექსის ნორმები. ხსენებული საკანონმდებლო აქტის მოქმედება მასში ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ ორგანოებზე ვრცელდება ამ კოდექსის მხოლოდ III თავის ფარგლებში, კერძოდ, მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით III თავის მოქმედება დამატებით იზღუდება და იგი შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრაციული ფუნქციის შესრულებისას შექმნილი ინფორმაციის საჯაროობით. შესაბამისად, სასამართლომ განსახილველი დავის გადაწყვეტისას უნდა შეაფასოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემა ექცევა თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით (ინფორმაციის თავისუფლება) დადგენილი რეგულირების სფეროში. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულად არის დადგენილი გამონაკლისები აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კონკრეტულ საქმიანობასთან მიმართებაში, რომლებზეც არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ერთ-ერთ ასეთ საქმიანობად კი აღნიშული ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულია საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლის-სამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. ამრიგად, ინფორმაცია, რომელიც მსგავსი შინაარსის შემცველია, საჯაროობას არ ექვემდებარება. აღნიშნული კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მითითებული საქმიანობა რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. სამართალდამცავი ორგანოს (პროკურატურის) მიერ ადმინისტრირების მომენტში განხორციელებული საქმიანობა სადავოობის პირობებში ექვემდებარება სასამართლო კონტროლს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით, ხოლო იუსტიციური ფუნქციის განხორციელებისას (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე) შესაბამისი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მეშვეობით. იმის გასარკვევად, თუ რატომ ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამავე კოდექსის სრულ გაუვრცელებლობას, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საჭიროა ამ უფლებამოსილების ფუნქციონალური გაგება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. ამდენად, საქართველოს პროკურატურა წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოს, რომელიც ახორციელებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით სათანადო უფლებამოსილებას - საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პროკურატურა არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს საქართველოს პროკურატურის მმართველობითი ფუნქციის განხორციელების სფეროს და დაკავშირებულია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებათა განხორციელებასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან, სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ მთავარი პროკურატურის (სამართალდამცავი ორგანოს) საქმიანობას, მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ინფორმაციის გადაცემა არ ექცევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით (ინფორმაციის თავისუფლება) დადგენილი რეგულირების სფეროში. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა ვერ მოხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სხვა შემთხვევებში ადგილი აქვს დანაშაულის ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში არსებული ინფორმაციის გასაჯაროებას, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს განსახილველი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი და მისი შეფასება სცდება დავის საგანს. ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, თითქოს საქმის მასალებით ვერ დგინდება, რომ საქმის განხილვისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ საქართველოს პროკურატურაში გადაგზავნილი ინფორმაციისა და მტკიცებულებების გამო გადაგზავნილ ინფორმაციაზე მიმდინარეობდა პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და ხორციელდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით, მათ შორის, მოპასუხის შესაგებლითაც დგინდება, რომ ბიუროს მიერ შესაბამისი ინფორმაციის გადაგზავნის შემდეგ შესაბამისი პირების მიმართ პროკურატურაში დაწყებული იყო გამოძიება. ასევე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას იმის შესახებაც, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დათქმა, მასზე, რომ „ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან“, ნორმის ადრესატად მოაზრებულია მხოლოდ ის ორგანო, სადაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ან დევნა წარმოებს და ამ ორგანოს ათავისუფლებს ინფორმაციის საჯაროობისაგან და არა ყველა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც მასალები გადაუგზავნა საგამოძიებო ორგანოს. აპელანტის მითითებით, გაუგებარია, როგორ შეიძლება გათავისუფლდეს საჯარო სამსახურის ბიურო ინფორმაციის საჯაროობიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მაშინ როდესაც ამ ნორმის სუბიექტი ცალსახად მხოლოდ საგამოძიებო ორგანოა. სააპელაციო პალატა ამ საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დათქმა, მასზე, რომ „ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან“, კოდექსის მოქმედებას დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით არ ავრცელებს არა მხოლოდ საგამოძიებო, არამედ ნებისმიერი სხვა ორგანოს საქმიანობაზე, თუ მათ რაიმე კავშირი აქვთ დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში არალოგიკური იქნებოდა, დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გაცემა აკრძალვოდათ მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებს, ხოლო ასეთი ინფორმაციის გაცემის ნება ჰქონოდათ სხვა ნებისმიერ ორგანოებს.
4.13. სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ,,პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ’’ კონვენციის (რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2006 წლის 1 აპრილიდან) მე-6 მუხლის (მონაცემთა სპეციალური კატეგორიები) თანახმად, პერსონალური მონაცემები, რომლებიც შეეხება რასობრივ წარმომავლობას, პოლიტიკურ, რელიგიურ ან სხვა მრწამსს, ისევე როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობასა თუ სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, არ ექვემდებარება ავტომატიზირებულ დამუშავებას გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადგილობრივი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მათი დაცვის შესაბამის გარანტიებს. იგივე ეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ მონაცემებსაც. ამასთან, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. იმავე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის მიხედვით, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი არის მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. იმავე მუხლის ,,დ’’ პუნქტის მიხედვით, მონაცემთა დამუშავება არის ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევებში, როცა: ა) ნასამართლობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად; ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არა აქვს, მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს; გ) მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის; დ) მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების აშკარა აკრძალვის გარეშე; ე) მონაცემები მუშავდება პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან პროფესიული გაერთიანების ან არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელებისას. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ გაერთიანების/ორგანიზაციის წევრებთან ან პირებთან, რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ ამ გაერთიანებასთან/ორგანიზაციასთან. ვ) ხდება მონაცემთა დამუშავება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ან/და მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით. ზ) მონაცემები მუშავდება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით. თ) მონაცემები მუშავდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ი) მონაცემები მუშავდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირებისათვის. კ) მონაცემები მუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უფლების რეალიზების მიზნით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება დაეკმაყოფილება მოსარჩელის მოთხოვნა და გაეცა მასზედ ფიზიკური პირების შესახებ არსებული, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა შესახებ არსებული ინფორმაცია, რაც კანონით პირდაპირ აკრძალულია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----------–-----------–--------------------------------------–------–-----------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე