განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210114656136
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/ 6628-18 27 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე _ მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები - ირაკლი ბონდარენკო
ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - ნ------ გ--–----ე
წარმომადგენელი - ნ-----–-----–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარეები - ა------ ჯ---–--ე, ნ-----–- ჯ---–--ე, გ-------– ბ------ე, ს------- შ------–---–ი, შპს ,,ა-------ა“
წარმომადგენელი - ვ--------–------–---, ქ---------------–---–ი, შ-----------------ე
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (მოსარჩელის მხარეს) - კ------- გ--–----ე, გ--–- გ--–----ე, თ--------------ი, გ---- გ--–----ე, თ----------ე, ქ------- ბ------ე, ნ-----------ე, თ------ ბ------ე, ს----- გ--–----ე
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (მოპასუხის მხარეს) - ნოტარიუსი მ------------ე
წარმომადგენელი - ლამარა კობალაძე, მანანა ნასარიძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – მინდობილობების, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების, ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, უღირს მემკვიდრედ ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ------ გ--–----ის სარჩელი ა------ ჯ---–--ის, ნ-----–- ჯ---–--ის, გ-------– ბ------ის, ს------- შ------–---–ისა და შპს ,,ა-----------“-ის მიმართ მინდობილობის ბათილად ცნობის, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, უღირს მემკვიდრედ ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ც---–- ბ------ე გარდაიცვალა 2010 წლის 9 ივლისს.
2.2. ც---–- ბ------ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა - დედა, ქ-------------ე.
2.3. ქ-------------ე, ც---–- ბ------ის გარდაცვალებამდე მასთან ერთად ცხოვრობდა მისამართზე ქ. თბილისი, ბ--–------------, ასევე, შვილის გარდაცვალების შემდეგ გააგრძელა ამავე მისამართზე ცხოვრება. შესაბამისად, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის კუთვნილ მოძრავ ნივთებს.
2.4. ც---–- ბ------ის გარდაცვალების მომენტისათვის მის სახელზე ირიცხებოდა შემდეგი ქონება:
1) შპს “ა-----------”-ის (ს/#2--------) საწესდებო კაპიტალში 100%-იანი წილი;
2) საცხოვრებელი ფართი, მდებარე: თბილისი, თ-----------------–-------. საკადასტრო კოდი: 0----------------------;
3) საცხოვრებელი ფართი, მდებარე: თბილისი, თ-----------------–-------. საკადასტრო კოდი: 0----------------------;
4) სარდაფი – 6 კვ.მ., მდებარე: თბილისი, თ-----------------–--------. საკადასტრო კოდი: 0----------------------;
5) სარდაფი – 5,20 კვ.მ., მდებარე: თბილისი, თ-----------------–--------. საკადასტრო კოდი: 0----------------------;
6) სარდაფი–110.35 კვ.მ., მდებარე: თბილისი, ი-–-----------------------. საკადასტრო კოდი: 0----------------------;
7) საცხოვრებელი ფართი, მდებარე: თბილისი, ი-–----------------------. საკადასტრო კოდი: 0---------------------5;
8) სარდაფი – 7,70 კვ.მ., მდებარე: თბილისი, ი-–-----------------------. საკადასტრო კოდი: 0----------------------;
9) საცხოვრებელი ფართი, მდებარე: თბილისი, თ-----------------–--------. საკადასტრო კოდი: 0----------------------;
10) უკანა ფართობი – 60,90 კვ.მ., მდებ.: თბილისი, ილ.ჭავჭავაძის გამზ.#16.საკადასტრო კოდი: 0----------------------.
2.5. ქ-------------ე გარდაიცვალა 2011 წლის 14 ნოემბერს.
2.6. ქ-------------ის გარდაცვალების მომენტისათვის მის კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: შვილი - ნ-----–- ჯ---–--ე, შვილიშვილები - გ-------– ბ------ე, ქ------- ბ------ე და თ----------ე (1997 წლის 4 მარტს გარდაცვლილი ს----- ბ------ის შვილები), ნ------ გ--–----ე, გ--–- გ--–----ე, კ------- გ--–----ე, გ---- გ--–----ე, ს----- გ--–----ე და თ--------------ი (1998 წლის 14 მაისს გარდაცვლილი ჟ--–---- გ--–----ის შვილები), თ------ ბ------ე, ნ-----------ე (2006 წლის 03 იანვარს გარდაცვლილი თ------ ბ------ის შვილი, მეუღლე).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.7. 2010 წლის 11 აგვისტოს ნოტარიუს მ------------ის მიერ დამოწმებული სანოტარო აქტის - რწმუნებულება/მინდობილობის, რეესტრის N 1-------- შესაბამისად, ქ-------------ემ, როგორც ,,საკუთრების მიმნდობმა“, ნ-----–- ჯ---–--ეს, როგორც ,,მინდობილ მესაკუთრეს“, მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: მართვისა და განკარგვის უფლებით მიანდო მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები, მიწა, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, წილები სამეწარმეო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში) მინდობილ ქონებაში იგულისხმება ყველა ის ქონებრივი და არაქონებრივი სიკეთე, რომელიც წინამდებარე აქტის შედგენისას არის, ან მომავალში იქნება საკუთრების მიმნდობის საკუთრებაში, სარგებლობასა და/ან მფლობელობაში. მართვაში იგულისხმება ყველა ის მოქმედება, რაც აუცილებელია მინდობილი ქონების ჯეროვანი მოვლის და დაცვისათვის, ან სასარგებლოა საკუთრების მიმნდობისათვის ნაყოფის მიღების (შემოსავლის) თვალსაზრისით (გაქირავება, იჯარა, აღნაგობა, უზურფრუქტი…); განკარგვაში იგულისხმება მინდობილი ქონების გასხვისება ნებისმიერი ფორმით (ჩუქება, გაცვლა, ყიდვა, გაყიდვა…). მიიღოს მემკვიდრეობით 09.07.2010 წელს გარდაცვლილი შვილის ც---–- ბ------ის დანაშთი ქონება, გააკეთოს განცხადება ნოტარიუსში, მოითხოვოს სამკვიდრო ქონება, დანიშნოს მმართველი, აწარმოოს ყველა საჭირო მოქმედებები მემკვიდრეობების მისაღებად, აგრეთვე გაასხვისოს მემკვიდრეობით მიღებული ქონება.
ამავე მინდობილობის მე-5 პუნქტის თანახმად: ,,წინამდებარე აქტით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მინდობილი მესაკუთრე უფლებამოსილია დადოს გარიგებები საკუთრების მიმნდობის სახელითა და ხარჯით, მათ შორის დადოს გარიგება საკუთარ თავთან (მინდობილი მესაკუთრე ერთდროულად წარმოადგენდეს საკუთარ თავსაც და საკუთრების მიმნდობსაც“.
მინდობილობაში აღნიშნულია, რომ ავადმყოფობის გამო ნოტარიუსი მივიდა ქ-------------ესთან მისამართზე: ქ. თბილისი, ბ--–--------------------------, დაადგინა მისი პირადობა, , დარწმუნდა რომ მას არ შეეძლო მინდობილობაზე ხელის მოწერა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე სთხოვა მინდობილობაზე მის ნაცვლად ხელი მოეწერა ზ---------------–---–ს. ნოტარიუსმა შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა და დაადასტურა, რომ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა, შეადგინა წინამდებარე მინდობილობა, წაუკითხა ქ-------------ეს, რომელმაც მოიწონა იგი და განაცხადა, რომ ტექსტი ზუსტად გამოხატავს მის ნებას და მინდობილობაზე ხელმოწერა დაავალა ზ---------------–---–ს.
2.8. 2010 წლის 11 აგვისტოს ნოტარიუს მ------------ის მიერ დამოწმდა ქ-------------ის მიერ შედგენილი ანდერძი, რომლის თანახმად მოანდერძემ, ჯანსაღ გონებაზე მყოფმა, თავისი ნებით, რაიმე იძულების გარეშე, მოწმეების ზ---------------–---–ის, შ-----------------სა და შ--–----------–---–ის თანდასწრებით შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი მისი უძრავი და მოძრავი ქონება, უანდერძა შვილიშვილს, ა------ ჯ---–--ეს.
ნოტარიუს გალინა მუმლაძის მიერ 2015 წლის 12 თებერვალს, ქ-------------ის დანაშთ ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა N1--------, ანდერძისმიერი მემკვიდრის - ა------ ჯ---–--ის სახელზე.
2.9. 2010 წლის 2 სექტემბერს შედგენილი სანოტარო აქტის, რეესტრის N1--------, საფუძველზე ნ-----–- ჯ---–--ემ, როგორც ქ-------------ის წარმომადგენელმა, ც---–- ბ------ის სამკვიდროს მმართველად დანიშნა ა------ ჯ---–--ე.
2.10. 2010 წლის 3 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ა------ ჯ---–--ე დაინიშნა შპს ,,ა-----------“-ის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად.
2.11. 2011 წლის 13 იანვარს ნოტარიუსმა ქ------- ჩ-------მ გასცა სამკვიდრო მოწმობა N1--------, რომლის თანახმადაც, ც---–- ბ------ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ აღიარებულ იქნა მისი დედა - ქ-------------ე. 2011 წლის 13 და 18 იანვარს ც---–- ბ------ის დანაშთი უძრავ-მოძრავი ქონება აღირიცხა ქ-------------ის სახელზე.
2.12. 2011 წლის 25 იანვარს ნ-----–- ჯ---–--ემ, როგორც ქ-------------ის წარმომადგენელმა, ქ-------------ის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი შპს ,,ა-----------"-ის (ს/#2--------) საწესდებო კაპიტალში, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა საკუთარ თავს - ნ-----–- ჯ---–--ეს.
2.13. 2011 წლის 28 იანვარს ნ-----–- ჯ---–--ემ, მის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი შპს ,,ა-----------"-ის (ს/ნ 2--------) საწესდებო კაპიტალში ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ა------ ჯ---–--ეს.
2.14. 2011 წლის 6 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ-----–- ჯ---–--ემ, როგორც ქ-------------ის მინდობილმა პირმა, უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, თ-----------------–-------------. საკადასტრო კოდი: 0----------------------, 30 000 ლარად მიყიდა თავის შვილს - ა------ ჯ---–--ეს. 2014 წლის 28 მარტს დადებული სესხის ხელშეკრულებით ქონება დაიტვირთა იპოთეკით.
2.15. 2011 წლის 2 თებერვალს, ნ-----–- ჯ---–--ემ, როგორც ქ-------------ის მინდობილმა პირმა, საკუთარ თავთან დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება (64,42 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი), მდებარე: თბილისი, ი-–--------------------- საკადასტრო კოდი: 0---------------------- (ძველი საკადასტრო კოდი: 0---------------------5) დაარეგისტრირა საკუთარ სახელზე.
2011 წლის 23 თებერვალს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ-----–- ჯ---–--ემ აღნიშნული უძრავი ქონება გადასცა საკუთარ შვილს – ა------ ჯ---–--ეს. ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის N 2-------- (03/05/2011წ.) დადგენილებით უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, ი-–---------------------. საკადასტრო კოდი: 0---------------------5 შეეცვალა საკადასტრო კოდი და გახდა 0----------------------. 2011 წლის 03 თებერვალს დადებული ხელშეკრულებით, ქონება დაიტვირთა იპოთეკით.
2.16. 2011 წლის 25 იანვარს, ნ-----–- ჯ---–--ემ, როგორც ქ-------------ის მინდობილმა პირმა უძრავი ქონება მდებარე : ა)უკანა ფართობი – 60,90 კვ.მ., მდებარე: თბილისი, ი-–----------------------. საკადასტრო კოდი: 0----------------------) და ბ)სარდაფი – 110.35 კვ.მ., მდებარე: თბილისი, ილ. ჭავაჭვაძის გამზ. #16. ფართი საკადასტრო კოდი: 0----------------------, - ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ქ-------------ის ერთ-ერთ შვილიშვილს გ-------– ბ------ეს.
2.17. გ-------– ბ------ემ ქ-------------ისგან ჩუქებით მიღებული 60,90 კვ.მ. უძრავი ქონებიდან, მდებარე: თბილისი, ი-–----------------------, საკადასტრო კოდი: 0----------------------, - 7 კვ.მ. ფართი 2011 წლის 11 მარტს 7000 ლარად მიყიდა შპს ,,ა-------ა”-ს.
2.18. 2011 წლის 6 ივნისს ნ-----–- ჯ---–--ემ, როგორც ქ-------------ის წარმომადგენელმა, საკუთარ თავთან დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება, 6 კვ.მ. სარდაფი, მდებარე: თბილისი, თ-----------------–-------- საკადასტრო კოდი: 0----------------------, დაარეგისტრირა საკუთარ სახელზე. 2014 წლის 24 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება ნ-----–- ჯ---–--ემ გადასცა შვილს – ა------ ჯ---–--ეს.
2.19. ნ-----–- ჯ---–--ემ, როგორც ქ-------------ის მინდობილმა პირმა, 2011 წლის 6 ივნისს საკუთარ თავთან დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება - 28,50 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, მდებარე: თბილისი, თ-----------------–--------. საკადასტრო კოდი: 0---------------------- დაარეგისტრირა საკუთარ სახელზე. 2012 წლის 10 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ-----–- ჯ---–--ემ აღნიშნული უძრავი ქონება გადასცა საკუთარ შვილს - ა------ ჯ---–--ეს.
2.20. 2011 წლის 6 ივნისს, ნ-----–- ჯ---–--ემ, როგორც ქ-------------ის მინდობილმა პირმა, საკუთარ თავთან დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება - 5,20 კვ.მ. სარდაფი, მდებარე: თბილისი, თ-----------------–-------- საკადასტრო კოდი: 0----------------------, დაარეგისტრირა საკუთარ სახელზე. 2012 წლის 12 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ხსენებული უძრავი ქონება გადაეცა ა------ ჯ---–--ეს.
2.21. ნ-----–- ჯ---–--ემ, როგორც ქ-------------ის წარმომადგენელმა, 2011 წლის 6 ივნისს საკუთარ თავთან დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება - 7,70 კვ.მ. სარდაფი, მდებარე: თბილისი, ი-–--------------------------- საკადასტრო კოდი: 0---------------------- დაარეგისტრირა საკუთარ სახელზე. 2014 წლის 24 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ-----–- ჯ---–--ემ აღნიშნული უძრავი ქონება გადასცა საკუთარ შვილს - ა------ ჯ---–--ეს
2.22. ც---–- ბ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, თ-----------------–-----------. საკადასტრო კოდი: 0----------------------, - 2011 წლის 13 იანვრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ქ-------------ის სახელზე. ნ-----–- ჯ---–--ემ, როგორც ქ-------------ის მინდობილმა პირმა, 2011 წლის 6 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა #24. საკადასტრო კოდი: 0----------------------, 50 000 ლარად მიჰყიდა თავის რძალს (ა------ ჯ---–--ის მეუღლე) - ს------- შ------–---–ს. 2012 წლის 26 აპრილის სარეგისტრაციო წარმოებით დაზუსტდა საცხოვრებელი ფართი - 36,30 კვ.მ., მდებარე: თბილისი, თ-----------------–-----------. საკადასტრო კოდი: 0----------------------.
2.23. შპს ,,ს----------–----------------------–----------“-ის ოჯახის ექიმის, მ---------------ს მიერ 2010 წლის 06 აგვისტოს ვიზიტის შედეგად გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N7----ის მიხედვით, ქ-------------ის დიაგნოზია ზოგადი ათეროსკლეროზი, პარკინსონის დაავადება კანკალ-რიგიდული ფორმის, მოძრაობის და თვითმომსახურების მკვეთრი გაძნელებით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის პათოლოგიური შეხორცების მ/პ, კიდურის დამოკლება 5 სმ-ით.
2.24. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გაცემული ინფორმაციის თანახმად 2011 წლის 25 მარტს სამედიცინო დახმარება გაეწია 87 წლის მოქალაქეს #364 სამედიცინო ბრიგადა გამოძახებული იყო მისამართზე: თბილისი, ბ--–---------------------------. სამედიცინო ბრიგადა გავიდა 00:12 სთ-ზე, მისამართზე მივიდა 00:19 სთზე. განთავისუფლდა 00:50 სთ-ზე. მართვის პროგრამის თანახმად პაციენტის დიაგნოზი ღ40 ძილიანობა, სტუპორი და კომა.
2.25. ნოტარიუს მ------------ესთან ქ-------------ის მიერ 2010 წლის 11 აგვისტოს გამოვლენილი ნება ნ-----–- ჯ---–--ისათვის საკუთრების მინდობისა და ა------ ჯ---–--ის სახელზე ანდერძის შედგენის შესახებ ნამდვილია, იგი არ გამოვლენილა პირის მიერ ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს, არ არის დადებული მოტყუებით, არ წარმოადგენს სხვისი მხრიდან გავლენის ბოროტად გამოყენების შედეგს. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი სათანადო, უტყუარი და ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულებები საქმეში არ წარმოდგენილა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა. მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ განმარტა, რომ ნ-----–- ჯ---–--ემ და ა------ ჯ---–--ემ, ისარგებლეს ქ-------------ის ხანდაზმული ასაკით, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, მეხსიერების პრობლემებით, (უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში იგი დაავადებული იყო გაფანტული სკლეროზით), ისე, რომ არ განუმარტეს სანოტარო აქტის შინაარსი, კანონდარღვევით, ნოტარიუსის დახმარებით შეადგინეს მინდობილობა და ანდერძი. სანოტარო აქტებთან მიმართებით ქ-------------ეს ნება არ გამოუვლენია.
საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტით, რწმუნებულება/მინდობილობით დგინდება, რომ ავადმყოფობის გამო ნოტარიუსი მივიდა ქ-------------ესთან მისამართზე ქ. თბილისი, ბ--–--------------------------, დაადგინა მისი პირადობა, ვინაობა, დარწმუნდა რომ მას არ შეეძლო მინდობილობაზე ხელის მოწერა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე სთხოვა მინდობილობაზე მის ნაცვლად ხელი მოეწერა ზ---------------–---–ს. ნოტარიუსმა შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა და დაადასტურა, რომ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა, შეადგინა სადავო მინდობილობა, წაუკითხა ქ-------------ეს, რომელმაც მოიწონა იგი და განაცხადა, რომ ტექსტი ზუსტად გამოხატავს მის ნებას და მინდობილობაზე ხელმოწერა დაავალა ზ---------------–---–ს. 2010 წლის 11 აგვისტოს ნოტარიუს მ------------ის მიერ ასევე დამოწმდა ქ-------------ის მიერ შედგენილი ანდერძი, რომლის თანახმად მოანდერძემ, ჯანსაღ გონებაზე მყოფმა, თავისი ნებით, რაიმე იძულების გარეშე, მოწმეების ზ---------------–---–ის, შ-----------------სა და შ--–----------–---–ის თანდასწრებით შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი მისი უძრავი და მოძრავი ქონება, უანდერძა შვილიშვილს, - ა------ ჯ---–--ეს.
სანოტარო აქტებში მითითებული აღნიშნული პრეზუმირებული ფაქტებისა და გარემოებების გამაქარწყლებელი სათანადო და უტყუარი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მოწმეთა ჩვენებები საპირისპირო ფაქტებს ვერ ადასტურებენ. სანოტარო აქტების შედგენისას იქ მყოფი მოწმეების, ზ---------------–---–ის, შ-----------------ს და შ--–----------–ის ჩვენებებით, რომლებიც შინაარსობრივად თანხვედრაშია ერთმანეთთან, ირკვევა, რომ რწმუნებულებისა და ანდერძის შედგენისას ქ-------------ე იყო საღ გონებაზე, ნოტარიუსის მიერ დასმულ კითხვებს სცემდა ადეკვატურ პასუხს.
სადავო პერიოდში ქ-------------ის ფსიქიკური ან გონებრივი მდგომარეობის რაიმე სახის დარღვევის შესახებ არ არის მითითებული შპს ,,ს----------–----------------------–----------“-ის ოჯახის ექიმის, მ---------------ს მიერ 2010 წლის 06 აგვისტოს ვიზიტის შედეგად გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა 7----ში, რომლის მიხედვით საუბარია მხოლოდ ქ-------------ის ქრონიკულ დაავადებებზე - ზოგადი ათეროსკლეროზი (ექიმის განმარტებით - ასაკიდან გამომდინარე სისხლძარღვების ელასტიურობის დაკარგვა), პარკინსონის დაავადება კანკალ-რიგიდული ფორმის, მოძრაობის და თვითმომსახურების მკვეთრი გაძნელებით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის პათოლოგიური შეხორცების მ/პ, კიდურის დამოკლება 5 სმ-ით. ცნობაში აღნიშნულია, რომ ქ-------------ე შეკითხვებზე პასუხობს ადეკვატურად, ერკვევა დროში და გარემოში. სასამართლო სხდომაზე ექიმმა მ---------------მ კვლავ სრულად დაადასტურა ცნობაში მითითებული ინფორმაცია, აღნიშნა, რომ მის ვიზიტამდე პაციენტი შეფასებული ჰყავდა ნევროლოგსა და ქირურგს, რომელთა დიაგნოზიც აისახა მის მიერ შედგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში.
სასამართლოს შეფასებით, გარემოების უარმყოფელ, საპირისპირო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეების, ნ--------------ს, ი-------------–-–---–-ს, თ-----------------–---–ისა და თ---–--–---–---ის ჩვენება, ვინაიდან ისინი ფლობენ ქ-------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას, მასთან ჩერდებოდნენ ძალიან მცირე დროით, შემოიფარგლებოდნენ მოკითხვით, არ იმყოფებოდნენ ნების გამოვლენის დღეს, არ შესწრებიან სანოტარო აქტის შედგენას. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის უტყუარად მიჩნევის შემთხვევაშიც, სასამართლო, მხოლოდ მათი ჩვენებით, პირის მიმართ შესაბამისი სპეციალისტების მიერ ჩატარებული სამედიცინო, კომპლექსური დასკვნის, სხვა უტყუარი მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების, ნების გამოვლენის ნაკლის შესახებ გარემოებას დადგენილად ვერ მიიჩნევს. გარემოების უტყუარ მტკიცებულებად სასამართლომ ვერ მიიჩნია ვერც ქალაქ თბილისის მერიის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული ინფორმაცია ქ-------------ის მდგომარეობის შესახებ (ძილიანობა, სტუპორი და კომა), ვინაიდან იგი ასახავს 2011 წლის 25 მარტის მდგომარეობას, რწმუნებულება და ანდერძი კი შედგენილია მანამდე, 2010 წლის 10 აგვისტოს.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რწმუნებულებისა და ანდერძის შედგენის დროს ქ-------------ე იყო იმ მდგომარეობაში, როდესაც შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი. ამ თვალსაზრისით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში, პაციენტის არაადეკვატურობაზე მითითების არარსებობა, ადასტურებდა საპირისპიროს, ეს გარემოება დასტურდება იმითაც, რომ მოწმეთა ჩვენებით, ქ-------------ე სწორად აღიქვამდა ნოტარიუსის მიერ დასმულ შეკითხვებს, სცემდა პასუხს.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებით, მხარის ახსნა-განმარტებითა და წერილობითი მტკიცებულებით, არ დგინდება სადავო სანოტარო აქტების შედგენისას ქ-------------ის მიერ გამოვლენილი ნების ნაკლი. სამოქალაქო სამართალწარმოებაში სასამართლო მოკლებულია ინკვიზიციურობას და ხელმძღვანელობს შეჯიბრობითობის პრინციპით, რაც გადამწყვეტი და განმსაზღვრელია სამოქალაქო დავისას მხარის მიერ მისივე პროცესუალური აქტიურობით თავისთვის ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს მოდავე მხარეთა აქტიურობას სადავო ფაქტების დამტკიცების ფარგლებში, ხოლო სასამართლოს აქტივობა ამა თუ იმ ფაქტის მტკიცების წრეში შეზღუდულია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სამოქალაქო წესით დავის წარმოებისას ამოსავალი პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადატანაა. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება.
2.26. სასამართლომ დადგენილად ვერ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ა------ ჯ---–--ე და ნ-----–- ჯ---–--ე განზრახ ხელს უშლიდნენ ქ-------------ეს უკანასკნელი ნების განხორციელებაში მათი, როგორც სამკვიდროს მემკვიდრეებად აღიარების მიზნით; ანდა ჩაიდინეს განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო აღნიშნული გარემოებების სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურება, რისი მტკიცების ტვირთიც მას აწევს.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება დამადასტურებელი იმისა, რომ ა------ ჯ---–--ემ და ნ-----–- ჯ---–--ემ, ქ-------------ის ქონების მხოლოდ მის საკუთრებაში გადასვლის ან წილის გაზრდის, ან ერთადერთ მემკვიდრედ მათი გამოცხადების მიზნით, განზრახ, მის მიმართ ჩაიდინეს რაიმე ქმედება, იძულება ან ძალადობა, რითაც ხელი შეუშალეს მას თავისუფალი ნების განხორციელებაში ან გადაწყვეტილების შეცვლაში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო მინდობილობა და ანდერძი შედგენილია ქ-------------ის მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე.
საქმის მასალებით არ დასტურდება ასევე ქ-------------ის სიცოცხლეში, მის მიმართ, ა------ ჯ---–--ისა და ნ-----–- ჯ---–--ის მიერ განხორციელებული რაიმე სახის ამორალური საქციელი, ხშირი კონფლიქტების შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რომელმაც შემდეგ მამკვიდრებლის გარდაცვალება გამოიწვია. მოსარჩელე, სათანადო და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე გამოთქვამს აღნიშნულის ვარაუდს, თუმცა მხოლოდ ვარაუდის არსებობა, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ვერ ჩაითვლება სათანადო მტკიცებულებად. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტს სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს. რაც შეეხება ქ-------------ის მიერ, ანდერძის შედგენის თანადროულად ა------ ჯ---–--ის დედის, ნ-----–- ჯ---–--ის სახელზე მინდობილობის შედგენას, იგი წარმოადგენს პირის უფლებას, თავისუფლად და შეუზღუდავად, ნების შესაბამისად განკარგოს საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც პირდაპირ არის გათვალისწინებული სამოქალაქო კანონმდებლობით, შესაბამისად, ამორალურ, ზნეობის საწინააღმდეგო ქმედებად მისი შეფასება, საფუძველს მოკლებულია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მიერ მითითებულ, საქმესთან შემხებლობაში მყოფ ყველა ფაქტობრივ გარეოებასა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელემ ვერ შეძლო სათანადო მტკივცებულებების წარმოდგენა, რომელთა ერთობლიობაში განხილვის შედეგად უტყუარად დადასტურდებოდა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
წინამდებარე შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, ნ------ გ--–----ის მიერ სათანადო, უტყუარი და ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულებების წარმოდგენით, ვერ მოხდა ა------ ჯ---–--ისა და ნ------ გ--–----ის უღირს მემკვიდრედ ცნობის ფაქტობრივი წინაპირობების დასაბუთება.
2.27. ნ------ გ--–----ე მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ბებიასთან, ქ----- ბ------ესთან ერთად მისამართზე ქ.თბილისი, ვ---------–------------------------------–----------–---------------------, სადაც გააგრძელა ცხოვრება მისი გარდაცვალების შემდეგ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.28. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული არსებითი პრეტენზიებიდან ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
სასამართლომ უპირველესად აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხემ სადავო გახადა 2010 წლის 10 აგვისტოს შედგენილი მინდობილობისა და ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ წარდგენილი მოთხოვნის, ასევე, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ხანდაზმულობის ვადები, მნიშვნელოვანია დადგინდეს არის თუ არა აღნიშნული სამართლებრივი პრეტენზიები ხანდაზმული, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა სახის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
„ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული), შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით, კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა, ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს. სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას; ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე (მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი) მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა; სამოქალაქო კოდექსის 131–ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნის წამოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როდესაც კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება; ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის ანალიზით ირკვევა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო (ხელშეკრულების დადების დრო), ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.
მოცემულ შემთხვევაში, ნ------ გ--–----ე სარჩელის წარმოდგენისას მიუთითებს რამოდენიმე საფუძველზე, 2010 წლის 10 აგვისტოს დადებულ სანოტარო აქტებს მიიჩნევს მამკვიდრებლის მიერ ნების გამოვლენის არ არსებობის, სხვის მიერ მისი ნდობის ბოროტად გამოყენების, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის სარგებლობით, კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად, კანონსაწინააღმდეგოდ დადებულ გარიგებად. ბათილობა არის სამართლებრივი შედეგი, რაც იმ შემთხვევაში დგება, თუ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგალითად, დადებულია ქმედუუნარო პირის მიერ, კანონსაწინააღმდეგოდ, სხვისი ნდობის ბოროტად გამოყენებით. ასეთ დროს, მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას არ აქვს იურიდიული ძალა და არ წარმოშობს იმ სამართლებრივ შედეგებს რაც დამახასიათებელია კონკრეტული ხელშეკრულებისათვის. ასეთ შემთხვევაში მატერიალური სამართალი ხანდაზმულობი სპეციალურ ვადას არ ითვალისწინებს, მათზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო, 10 წლიანი ვადა, რა შემთხვევაშიც გარიგების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა, არ არის ხანდაზმული და სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს ნ------ გ--–----ის მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულად ვერ მიიჩნევა მოთხოვნა ანდერძის ბათილად ცნობაზეც, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1409-ე მუხლის თანახმად, სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილ უნდა იქნას ორი წლის განმავლობაში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან. მუხლში მითითებული მოთხოვნა ვრცელდება იმ პირების მიმართ, რომელთათვისაც ცნობილი იყო ანდერძის არსებობის შესახებ. შესაბამისად, ეს მუხლი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ პირების მიმართ, რომელთაც არავითარი ინფორმაცია არ გააჩნდათ იმის თაობაზე, რომ არსებობდა ანდერძი და არსებობდნენ ანდერძით მემკვიდრეები. მითითებული მოსაზრება გამომდინარეობს როგორც საქართველოს კონსტიტუციის ფუძემდებლური დებულებებიდან, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამართლებრივი ნორმებიდანაც. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს მისი უფლების დასაცავად. ბუნებრივია, მითითებული ნორმა მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურად სარჩელის შეტანას, არამედ ამ საკითხზე სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებასაც. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მითითებულ ნორმაში საუბარია იმ უფლებაზე, რომელსაც ადამიანი მიიჩნევს დარღვეულად და, ამასთან, ცნობილია ამ ფაქტის შესახებ. უფლების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო აღადგენს მის დარღვეულ უფლებას გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე. შეუძლებელია, ადამიანმა მიმართოს სასამართლოს, თუ არ იცის მისი უფლების დარღვევის შესახებ. ასეთი ფაქტის შეტობინებისთანავე კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება გარანტირებულია კანონმდებლობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ანდერძის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2014 წლის სექტემბრის თვეში. გარემოების საპირისპირო, უტყუარი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სარჩელი აღძრულია 2 წლიანი ვადის დაცვით, 2014 წლის 25 ნოემბერს და იგი ვერ მიიჩნევა ხანდაზმულად. რაც შეეხება მოპასუხეთა მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლზე, იგი გამოიყენება კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ. 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ. 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც, სასამართლოს შეფასებით, ამ მხრივ მოპასუხის მითითება სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (მაგალითად, იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).
2.29. ნ------ გ--–----ე 2010 წლის 11 აგვისტოს შედგენილი სანოტარო აქტების, მინდობილობისა და ანდერძის ბათილად ცნობას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ გარიგებები შედგენილია ნდობის ბოროტად გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად, ფაქტობრივად ქმედუუნარო მდგომარეობაში მყოფი პირის სახელით მომავალ ქონებაზე, რომელსაც გარიგების დადების ნება არ გამოუვლენია, კანონისა და ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სასამართლოს განმარტებით, ცალმხრივია გარიგება, რომლის ნამდვილობისათვის საკმარისია ერთი ნების გამოვლენის არსებობა და იგი ცვლის, წყვეტს ან წარმოშობს სამართლებრივ ურთიერთობებს. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 11 აგვისტოს ნოტარიუს მ------------ის მიერ დამოწმებული სანოტარო აქტის - რწმუნებულება/მინდობილობის, რეესტრის #1-------- შესაბამისად, ირკვევა, რომ ავადმყოფობის გამო ნოტარიუსი მივიდა ქ-------------ესთან მისამართზე ქ.თბილისი, ბ--–--------------------------, დაადგინა მისი პირადობა, დარწმუნდა, რომ მას არ შეეძლო მინდობილობაზე ხელის მოწერა. (უსინათლობის გამო) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, ქ-------------ემ სთხოვა მინდობილობაზე მის ნაცვლად ხელი მოეწერა ზ---------------–---–ს. ნოტარიუსმა შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა და დაადასტურა, რომ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა, შეადგინა წინამდებარე მინდობილობა, წაუკითხა ქ-------------ეს, რომელმაც მოიწონა იგი და განაცხადა, რომ ტექსტი ზუსტად გამოხატავს მის ნებას და მინდობილობაზე ხელმოწერა დაავალა ზ---------------–---–ს.
მითითებული აქტით ქ-------------ემ, როგორც ,,საკუთრების მიმნდობმა“, ცალმხრივად გამოავლინა ნება და ნ-----–- ჯ---–--ეს, როგორც ,,მინდობილ მესაკუთრეს“, მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: მართვისა და განკარგვის უფლებით მიანდო მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები, მიწა, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, წილები სამეწარმეო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში) მინდობილ ქონებაში იგულისხმება ყველა ის ქონებრივი და არაქონებრივი სიკეთე, რომელიც წინამდებარე აქტის შედგენისას არის, ან მომავალში იქნება საკუთრების მიმნდობის საკუთრებაში, სარგებლობასა და/ან მფლობელობაში. მართვაში იგულისხმება ყველა ის მოქმედება, რაც აუცილებელია მინდობილი ქონების ჯეროვანი მოვლის და დაცვისათვის, ან სასარგებლოა საკუთრების მიმნდობისათვის ნაყოფის მიღების (შემოსავლის) თვალსაზრისით (გაქირავება, იჯარა, აღნაგობა, უზურფრუქტი…_); განკარგვაში იგულისხმება მინდობილი ქონების გასხვისება ნებისმიერი ფორმით (ჩუქება, გაცვლა, ყიდვა, გაყიდვა…). მიიღოს მემკვიდრეობით 09.07.2010 წელს გარდაცვლილი შვილის ც---–- ბ------ის დანაშთი ქონება, გააკეთოს განცხადება ნოტარიუსში, მოითხოვოს სამკვიდრო ქონება, დანიშნოს მმართველი აწარმოოს ყველა საჭირო მოქმედებები მემკვიდრეობების მისაღებად, აგრეთვე გაასხვისოს მემკვიდრეობით მიღებული ქონება. ამავე დღეს, 2010 წლის 11 აგვისტოს, ნოტარიუს მ------------ის მიერ დამოწმდა ქ-------------ის მიერ შედგენილი ანდერძი, რომლის თანახმად მოანდერძემ, ჯანსაღ გონებაზე მყოფმა, თავისი ნებით, რაიმე იძულების გარეშე, მოწმეების ზ---------------–---–ის, შ-----------------სა და შ--–----------–---–ის თანდასწრებით შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი მისი უძრავი და მოძრავი ქონება, უანდერძა შვილიშვილს, ა------ ჯ---–--ეს.
მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებულ გარემოებასთან მიმართებით, რომლის მიხედვით ნ------ გ--–----ე აცხადებს, რომ ქ-------------ისათვის, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძოდ, მეხსიერების დაკარგვა, არ იყო ცნობილი გარიგებათა შინაარსი, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამართალში მოქმედ ე.წ. პრეზუმფციებზე, ანუ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ და აღნიშნა, რომ ნოტარიუსთან გარიგების დადებისას ნების გამოვლენის საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ მოწმდება ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა, უფლებამოსილება და ნების ნამდვილობა. ნების გამომვლენს ნოტარიუსი უმარტავს გარიგების შინაარსს და მის თანამდევ შედეგებს.
განსახილველ შემთხვევაში, 2010 წლის 11 აგვისტოს შედგენილი სანოტარო ტექსტებით დასტურდება, რომ ნოტარიუსმა რწმუნებულებისა და საანდერძო განკარგულების გამცემს, როგორც გარიგების მონაწილეს, განუმარტა სანოტარო აქტებზე ხელმოწერის შედეგები, ქ-------------ემ განაცხადა, რომ აქტების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მის ნებას და შემდეგ ნოტარიუსის თანდასწრებით გასცა მათზე ხელმოწერის უფლება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მხარე იცნობდა განცხადების ტექსტს და სრულად იზიარებდა მას. საწინააღმდეგო გარემოება კი უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებით. გარიგების შინაარსის გაცნობას, ქ-------------ის ნებასა და სანოტარო აქტების ნამდვილობას ადასტურებენ მოწმეები, სასამართლო სხდომაზე დაკითხული პირები, ზ---------------–---–ი და შ-----------------. მათი ჩვენებით, ქ-------------ე იყო საღ, ნათელ გონებაზე, ნოტარიუსის მიერ დასმულ არაერთ კითხვაზე, მან გასცა ადეკვატური პასუხი. იგი ენდობოდა ა------ ჯ---–--ეს, სურდა ქონება დარჩენოდა მას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ ობიექტური გარემოების დადასტურება, რამაც პირს არასასურველი ნების გამოვლენაში შეუწყო ხელი, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა, ნ------ გ--–----ეს ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს. ცნობიერების დაკარგვა, აღიარებული შეხედულების თანახმად, განეკუთვნება ისეთ მდგომარეობას, რომელიც გამორიცხავს ნების თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ცნობიერების დაკარგვად არ ჩაითვლება გულის იშემიური დაავადებით გამოწვეული დაქვეითება აზროვნებისა და ცნობიერების. (სუსგ 2007 წლის 24 მაისის #ას-1-453-06-07 გადაწყვეტილება). დროებითი ფსიქიკური მოშლილობა კი გულისხმობს ფსიქიკური ისეთი ანომალიის არსებობას, რაც გავლენას ახდენს პირის ნების გამოვლენაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, 2010 წლის 11 აგვისტოს სანოტარო აქტების შედგენისას, მოსარჩელეს, ქ-------------ის ამგვარი ფიზიკური მდგომარეობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. თავად მოსარჩელე აცხადებს, რომ იგი დასახელებულ დღეს განვითარებულ მოვლენებს არ შესწრებია. მის მიერ წარმოდგენილი მოწმეები არ არიან უშუალოდ აღნიშნულ პერიოდში სანოტარო მოქმედების განხორციელების თვითმხილველნი და შესაბამისად, არ ფლობენ ინფორმაციას. სადავო პერიოდში ქ-------------ის ფსიქიკური ან გონებრივი მდგომარეობის რაიმე სახის დარღვევის შესახებ არ არის მითითებული შპს ,,ს----------–----------------------–----------“-ის ოჯახის ექიმის, მ---------------ს მიერ 2010 წლის 06 აგვისტოს ვიზიტის შედეგად გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა #7----ში, რომლის მიხედვით საუბარია მხოლოდ ქ-------------ის ქრონიკულ დაავადებებზე - ზოგადი ათეროსკლეროზი (ექიმის განმარტებით - ასაკიდან გამომდინარე სისხლძარღვების ელასტიურობის დაკარგვა), პარკინსონის დაავადება კანკალ-რიგიდული ფორმის, მოძრაობის და თვითმომსახურების მკვეთრი გაძნელებით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის პათოლოგიური შეხორცების მ/პ, კიდურის დამოკლება 5 სმ-ით. ცნობაში აღნიშნულია, რომ ქ-------------ე შეკითხვებზე პასუხობს ადეკვატურად, ერკვევა დროში და გარემოში. სასამართლო სხდომაზე ექიმმა მ---------------მ კვლავ სრულად დაადასტურა ცნობაში მითითებული ინფორმაცია, აღნიშნა, რომ მის ვიზიტამდე პაციენტი შეფასებული ჰყავდა ნევროლოგსა და ქირურგს, რომელთა დიაგნოზიც აისახა მის მიერ შედგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში.
ამ პირობებში მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ქ-------------ეს, უკიდურესად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გამორიცხულია, სადავო რწმუნებულებისა და ანდერძის შედგენისას გამოევლინა ნამდვილი ნება, საჭიროებს სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებას. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესება, თავისთავად არ არის საკმარისი საფუძველი პირის ქმედუუნაროდ მიჩნევისათვის, მეტიც, თუ კი პირის ქმედუუნარობა უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ყოველგვარი ეჭვი უნდა განიმარტოს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ ქ-------------ე არ იყო დაავადებული ფსიქიკურად და რომ მას შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი, დადასტურებული ექიმის მიერ გაცემული ცნობით. სპეციალისტის მიერ გაცემული დასკვნის საპირწონედ და მის გასაბათილებლად კი ვერ გამოდგება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული ინფორმაცია ქ-------------ის მდგომარეობის შესახებ (ძილიანობა, სტუპორი და კომა), ვინაიდან იგი ასახავს 2011 წლის 25 მარტის მდგომარეობას, რწმუნებულება და ანდერძი კი შედგენილია საკმაო ხნით ადრე, 2010 წლის 10 აგვისტოს. მოსარჩელის მოწმეების მიერ გადმოცემული ინფორმაციის უტყუარად მიჩნევის შემთხვევაშიც, სასამართლომ, მხოლოდ მათი ჩვენებით, პირის მიმართ შესაბამისი სპეციალისტების მიერ ჩატარებული სამედიცინო, კომპლექსური დასკვნის არ არსებობის პირობებში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების, ნების გამოვლენის ნაკლის შესახებ გარემოებას დადგენილად ვერ მიიჩია. ამდენად, ამ საფუძვლით ნების გამოვლენის ბათილად ცნობა ფაქტობრივ დასაბუთებასაა მოკლებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. აღნიშნული მუხლი გამოყოფს სამი სახის ფასეულობას, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი და ზნეობის ნორმები.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის განმარტება, რომლის შესაბამისად, სადავო მინდობილობა, ასევე, ანდერძი წარმოადგენს ზნეობისა და კანონის საწინააღმდეგო გარიგებას, ვინაიდან პირთა შემდგომი მოქმედებები არ შეესაბამება განკარგული ქონების მესაკუთრის ნებასა და მის ინტერესებს.სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ნ-----–- ჯ---–--ის უფლებამოსილების ნაკლის შესახებ, მხოლოდ მოსარჩელის განმარტებას, სასამართლო ვერ დაეყრდნობა, ვინაიდან, იგი თავად წარმოადგენს პროცესის მონაწილეს და უშუალოდ არის დაინტერესებული საქმის შედეგით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ ობიექტური გარემოების დადასტურება, რამაც ხელი შეუშალა ქ-------------ეს სასურველი ნების გამოვლენაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა, მოსარჩელეს ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია.
სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში ,,საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და მას ბათილობის სამართლებრივი შედეგები უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომელიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის, საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა, რაც მოცემულ შემთხვევაში 2010 წლის 11 აგვისტოს შედგენილი მინდობილობისა და ანდერძის მონაწილე არცერთი მხარის მიმართ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მისი დარღვევა, უმეტეს შემთხვევაში, დადებულ გარიგებას მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად აქცევს. (თბილისის სააპელაციო სასამართლოსგადაწყვეტილება, საქმე # 2ბ/4686-13,15 აპრილი, 14 წ.).
გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია გარიგების მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა, მისი ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო ან ამორალური შედეგის დადგომა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ქ-------------ე, რომელიც წარმოადგენს მოძრაობის შეზღუდვის, ასაკის მქონე პირს, შვილს, ნ-----–- ჯ---–--ეს მინდობილობით ანიჭებს უფლებამოსილებას, განკარგოს საკუთრებაში არსებული ქონება, ასევე, შვილიშვილის, ა------ ჯ---–--ის სასარგებლოდ ადგენს საანდერძო განკარგულებას, რაც ამორალურ, საზოგადოებაში დამკვიდრებული წესებისა და მორალური წესრიგის საწინააღმდეგო შედეგს არ მოიაზრებს. ქ-------------ეს, როგორც სრული უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მქონე პირს, ჰქონდა სრული თავისუფლება სანოტარო წესით შედგენილი აქტებით განეკარგა საკუთრებაში არსებული ქონება, როგორც მიდნობილობის გაცემის, ასევე, საანდერძო განკარგულების შედგენის გზით და ამგვარი ნების გამოვლენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დარღვევად ვერ შეფასდება.
,,საჯარო წესრიგის“ ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესი. ეს იმიტომ, რომ საჯარო წესრიგით დაცული სიკეთე საზოგადო ფასეულობაა და მისი დარღვევა ძირს აცლის საზოგადოების არსებობის საფუძვლებს. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ბათილად მიიჩნევს ამ წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არც გარიგების საჯარო ინტერესთან მიმართებით საწინააღმდეგო ხასიათი, არ გამოკვეთილა.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლის 11 აგვისტოს შედგენილი რწმუნებულება და ანდერძი, არ ეწინააღმდეგებოდა კანონის დანაწესს, საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს, ქ-------------ემ მასზე ხელმოწერის ნებართვის გაცემისას იცოდა მისი შინაარსი, იგი, როგორც კონტრაჰენტი, სრული უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მქონე, აცნობიერებდა მის შინაარსსა და ეთანხმებოდა მას, რის გამოც დასახელებული საფუძვლებით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. ნორმასთან მიმართებით დოქტრინაში არსებული მოსაზრებით, ნორმის შინაარსი მხოლოდ ხელშეკრულებებზე - ორმხრივ გარიგებებზე შეიძლება გავრცელდეს, იგი არ არეგულირებს ცალმხრივი ნების გამოვლენას, ვინაიდან ნორმის გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობაა გარიგების მხარეებს შორის განსაკუთრებული ნდობის არსებობა, რისი საშუალებითაც ერთი მხარე მეორეზე გავლენას ბოროტად იყენებს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ-------------ის მიერ 2010 წლის 11 აგვისტოს შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული იქნა ცალმხრივი გარიგება - ანდერძი, შესაბამისად, დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, რაიმე სახის იძულების დადასტურების არარსებობისას, არც ამ საფუძვლითაა დასაბუთებული სანოტარო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები. ნ-----–- ჯ---–--ის მხრიდან მინდობილობის შედგენისას ნდობის ბოროტად გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
სასამართლოს შეფასებით, ფაქტობრივ დასაბუთებასაა მოკლებული მოსარჩელის მითითება სანოტარო აქტების შედგენისას ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დარღვევის თაობაზე. აღნიშნული ინსტრუქციის მე-8 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ. ამავე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მორალს და/ან საჯარო წესრიგს.
ამავე ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია დარწმუნდეს სანოტარო აქტის მონაწილის ქმედუნარიანობაში და თავისი რწმენის შესახებ მიუთითოს დამადასტურებელ წარწერაში. ნოტარიუსი ვალდებულია არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ ეჭვი ეპარება მასში მონაწილე პირის ქმედუნარიანობაში. ამავე ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად, მოწმეთა დასწრება სავალდებულოა, თუ მოწმდება აქტი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე არის ყრუ-მუნჯი, ყრუ, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე; მოწმე უნდა იყოს სრულწლოვანი და ქმედობაუნარიანი პირი. მოწმე უნდა იყოს წერა-კითხვის მცოდნე. მოწმეს არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული სამოქალაქო ქმედობაუნარიანობა და სანოტარო მოქმედებით არ უნდა იღებდეს სარგებელს პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით. მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით, ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე იურიდიული პირის დაქირავებული პირი. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სანოტარო მოქმედების შესრულებას მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ნოტარიუსის მიერ დოკუმენტის წაკითხვის დაწყებიდან მაინც სანოტარო მოქმედების სრულად დასრულებამდე. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილე (მოწმის ჩათვლით) გააფრთხილოს მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, მაგრამ არ არის ვალდებული დოკუმენტურად შეამოწმოს ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა. მხარემ და მოწმემ უნდა დაადასტურონ მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის შესახებ. ინსტრუქციის 27-ე მუხლის თანახმად, თუ სანოტარო აქტი ფორმდება წერა-კითხვის არმცოდნე ბრმა, ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედება შეასრულოს მოწმის და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელის მოწერით, რომ გარიგების შინაარსი შეესაბამება ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი მხარის ნებას. თუ ანდერძი ფორმდება ყრუმუნჯი, ბრმა ან წერა-კითხვის უცოდინარი ყრუ-მუნჯის, ასევე ბრმა ან წერა-კითხვის არმცოდნე ბრმა პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1361-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. ნოტარიუსი ვალდებულია ამ მუხლით დადგენილი წესების დაცვის შესახებ მიუთითოს სანოტარო აქტში. თუ სანოტარო მოქმედების მონაწილე პირი წერა-კითხვის უცოდინარი ან უსინათლოა ნოტარიუსი ვალდებულია წაუკითხოს მას სანოტარო აქტის ტექსტი, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს აქტში. სანოტარო მოქმედების შესრულებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე, ხოლო სანოტარო მოქმედების მონაწილის ნაცვლად დოკუმენტს ხელს აწერს სხვა პირი, რომელიც შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე. ნოტარიუსი ვალდებულია დოკუმენტში მიუთითოს ყველა იმ პროცედურის შესრულების შესახებ, რაც დადგენილია და რისი მითითებაც სავალდებულოა ამ ინსტრუქციით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1361-ე მუხლით, თუ მოანდერძე ყრუ-მუნჯია ან ყრუ-მუნჯი წერა-კითხვის უცოდინარია,საანდერძო განკარგულება მან უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან ორი მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელმოწერით, რომ ანდერძის შინაარსი შეესაბამება მოანდერძის ნებას. მოანდერძემ, რომელიც ბრმაა ან არ შეუძლია წერა-კითხვა, საანდერძო განკარგულება უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან სამი მოწმის თანადასწრებით, რის შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, რომელიც მას უნდა წაეკითხოს. ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყვნენ მოწმეებიც, მაგრამ ჩამწერი არ უნდა იყოს წამკითხველი. ჩანაწერში მითითებულ უნდა იქნეს, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი და ვინ წაუკითხა მოანდერძეს. ჩანაწერს ხელი უნდა მოაწერონ მოწმეებმა და დაადასტუროს ნოტარიუსმა. ამავე კოდექსის 1362-ე მუხლის მიხედვით, ანდერძის მოწმეები არ შეიძლება იყვნენ: არასრულწლოვანები, ქმედუუნაროდ აღიარებული პირები, ანდერძით მემკვიდრე და მისი ნათესავები დამავალი და აღმავალი ხაზით, დები, ძმები, მეუღლე და საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი).
განსახილველ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი სადავო აქტების შინაარსითა და მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, მინდობილობისა და ანდერძის შედგენისას სრულადაა დაცული კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრული სავალდებულო პირობები, რაც შეეხება მოწმეთა ფინანსურ დამოკიდებულებას ნ-----–- და ა------ ჯ---–--ეების მიმართ, მოსარჩელეს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარმოუდგენია.
მოსარჩელის არგუმენტაციას მინდობილობისა და ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მათი შედგენისას ქ-------------ეს საკუთრებაში არ გააჩნდა ქონება, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 320-ე მუხლიდან გამომდინარე, მომავალ ქონებაზე დადებულ ხელშეკრულებად უნდა იქნას მიჩნეული და ბათილია, სასამართლომ იგი ვერ გაიზიარა და შენიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ ც---–- ბ------ე გარდაიცვალა 2010 წლის 9 ივლისს. დადგენილია, რომ 2010 წლის 11 აგვისტოს ნოტარიუს მ------------ის მიერ დამოწმებული სანოტარო აქტის - რწმუნებულება/მინდობილობის, რეესტრის #1-------- შესაბამისად, ქ-------------ემ, როგორც ,,საკუთრების მიმნდობმა“ ნ-----–- ჯ---–--ეს, როგორც ,,მინდობილ მესაკუთრეს“ მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: მართვისა და განკარგვის უფლებით მიანდო მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები, მიწა, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, წილები სამეწარმეო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში) მინდობილ ქონებაში იგულისხმება ყველა ის ქონებრივი და არაქონებრივი სიკეთე, რომელიც წინამდებარე აქტის შედგენისას არის, ან მომავალში იქნება საკუთრების მიმნდობის საკუთრებაში, სარგებლობასა და/ან მფლობელობაში. მართვაში იგულისხმება ყველა ის მოქმედება, რაც აუცილებელია მინდობილი ქონების ჯეროვანი მოვლის და დაცვისათვის, ან სასარგებლოა საკუთრების მიმნდობისათვის ნაყოფის მიღების (შემოსავლის) თვალსაზრისით (გაქირავება, იჯარა, აღნაგობა, უზურფრუქტი…); განკარგვაში იგულისხმება მინდობილი ქონების გასხვისება ნებისმიერი ფორმით (ჩუქება, გაცვლა, ყიდვა, გაყიდვა…). მიიღოს მემკვიდრეობით 09.07.2010 წელს გარდაცვლილი შვილის ც---–- ბ------ის დანაშთი ქონება, გააკეთოს განცხადება ნოტარიუსში, მოითხოვოს სამკვიდრო ქონება, დანიშნოს მმართველი, აწარმოოს ყველა საჭირო მოქმედებები მემკვიდრეობების მისაღებად, აგრეთვე გაასხვისოს მემკვიდრეობით მიღებული ქონება. ამავე მინდობილობის მე-5 პუნქტის თანახმად: “წინამდებარე აქტით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მინდობილი მესაკუთრე უფლებამოსილია დადოს გარიგებები საკუთრების მიმნდობის სახელითა და ხარჯით, მათ შორის დადოს გარიგება საკუთარ თავთან (მინდობილი მესაკუთრე ერთდროულად წარმოადგენდეს საკუთარ თავსაც და საკუთრების მიმნდობსაც“. მინდობილობაში აღნიშნულია ისიც, რომ ავადმყოფობის გამო ნოტარიუსი მივიდა ქ-------------ესთან მისამართზე ქ.თბილისი, ბ--–--------------------------, დაადგინა მისი პირადობა, , დარწმუნდა რომ მას არ შეეძლო მინდობილობაზე ხელის მოწერა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე სთხოვა მინდობილობაზე მის ნაცვლად ხელი მოეწერა ზ---------------–---–ს. ნოტარიუსმა შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა და დაადასტურა, რომ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა, შეადგინა წინამდებარე მინდობილობა, წაუკითხა ქ-------------ეს, რომელმაც მოიწონა იგი და განაცხადა, რომ ტექსტი ზუსტად გამოხატავს მის ნებას და მინდობილობაზე ხელმოწერა დაავალა ზ---------------–---–ს. დადგენილია აგრეთვე, რომ ც---–- ბ------ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა - დედა, ქ-------------ე. უდავოა გარემოება იმის შესახებ, რომ ამ უკანასკნელს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მიღებული ჰქონდა შვილის სამკვიდრო ქონება. დადგენილია, რომ სადავო გარიგებები დადებულია აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. შესაბამისად, ქ-------------ეს, როგორც მესაკუთრეს, ჰქონდა სრული უფლებამოსილება განეკარგა სამკვიდრო მასა სურვილისამებრ და ამ მხრივ გარიგებათა ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული ზემოთაღნიშნული საფუძვლები სახეზე არ არის.
ამდენად, სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენების ურთიერთშეჯერებისა და მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, მიიჩნია, რომ 2010 წლის 11 აგვისტოს ქ-------------ის მიერ შედგენილი როგორც მინდობილობა, ასევე, ანდერძი სრულად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, ქ-------------ის ნებას და სასარჩელო მოთხოვნა მათი ბათილად ცნობის შესახებ დაუსაბუთებელი იყო და არ დააკმაყოფილა იგი.
2.30. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ნ-----–- ჯ---–--ეს, როგორც ქ-------------ის წარმომადგენელსა და ნ-----–- ჯ---–--ეს შორის 2011 წლის 25 იანვარს, შპს ,,ა-----------"-ის საწესდებო კაპიტალის 100%-იანი წილზე, 2011 წლის 2 თებერვალს უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ი-–---------------------- (საკადასტრო კოდი: 0---------------------5), 2011 წლის 6 ივნისს უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, თ-----------------–-----------. საკადასტრო კოდი: 0----------------------, 2011 წლის 6 ივნისს უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, თ-----------------–-----------. საკადასტრო კოდი: 0----------------------, 2011 წლის 6 ივნისს უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, თ-----------------–-----------. საკადასტრო კოდი: 0---------------------- და 2011 წლის 6 ივნისს უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ი-–--------------------------- საკადასტრო კოდი: 0---------------------- დადებული ჩუქების ხელშეკრულებების, როგორც საკუთარ თავთან დადებული გარიგებების ბათილად ცნობა, იმის გამო რომ მესაკუთრეს არ გამოუვლენია მისი განკარგვის ნება და ასევე, იგი თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს. ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა ნ-----–- ჯ---–--ეს, როგორც ქ-------------ის მინდობილ პირსა და ა------ ჯ---–--ეს შორის 2011 წლის 6 ივნისს დადებული ხელშეკრულების უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, თ-----------------–-------- (საკადასტრო კოდი: 0----------------------) ნასყიდობის შესახებ, ნ-----–- ჯ---–--ეს, როგორც ქ-------------ის მინდობილ პირსა და გ-------– ბ------ეს შორის 25.01.2011 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულების (უძრავი ქონების ს#0----------------------) და 25.01.2011 წლის ჩუქების ხელშეკრულების (უძრავი ქონების ს#0----------------------) და ნ-----–- ჯ---–--ეს, როგორც ქ-------------ის მინდობილ პირსა და ს------- შ------–---–ს შორის 2011 წლის 6 ივნისს დადებული ხელშეკრულების უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, თ-----------------–-----------. ს/კ: 0----------------------, - ნასყიდობის შესახებ ბათილად ცნობა როგორც იმ საფუძვლით, რომ გარიგებებით ნამდვილ მესაკუთრეს არ გამოუვლენია მათი დადების ნამდვილი ნება, ასევე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დასახელებული ქონება გასხვისდა ფორმალურად, სხვა მემკვიდრეებთან ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ხელშეკრულებები ატარებს მოჩვენებით ხასიათს და არსებობს ამ საფუძვლით მათი გაუქმების წინაპირობები.
საკუთარ თავთან დადებულ გარიგებასა და მესაკუთრის მიერ ნამდვილი ნების გამოვლენასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის თანახმად, თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებული მუხლით გათვალისწინებულია საკუთარ თავთან დადებული გარიგების ბათილად ცნობა და მისი მიზანია, რომ წარმომადგენელს არ გააჩნდეს გარიგების ორივე მხარის წარმოდგენის უფლებამოსილება, რათა არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტი საკუთარ თავთან. მიუხედავად აღნიშნულისა, გარკვეულ შემთხვევაში გარიგებებში წარმომადგენლობისას, წარმომადგენელს უნარჩუნდება ფაქტობრივი შესაძლებლობა, წარმოდგენილის სახელით საკუთარი თავის მიმართაც გამოავლინოს ნება. ამგვარი გარიგება მერყევად ბათილია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეცილების უფლებამოსილების მქონე პირის მხრიდან ამ უფლების გამოყენებამდე, გარიგება ითვლება ნამდვილად. სსკ-ის 114-ე მუხლში, მიუხედავად შეზღუდვისა, გათვალისწინებულია გამონაკლისი, როდესაც საკუთარ თავთან გარიგების დადება დასაშვებია, კერძოდ, ნებადართულია წარმომადგენლის მიერ მსგავსი გარიგების დადება - წარმოდგენილისგან თანხმობის არსებობისას. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს გარიგების დადებაზე თანხმობის, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობის, ორ სახეს: ა)წინასწარ გაცემულ თანხმობას - ნებართვას (მე-100 მუხლი) და ბ)შემდგომ თანხმობას- მოწონებას (101-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო რწმუნებულება შედგენილია ქ-------------ის მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილი სადავო რწმუნებულებით დადგენილია, რომ ქ-------------ემ 2010 წლის 11 აგვისტოს ,,მინდობილ მესაკუთრეს“ მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: მართვისა და განკარგვის უფლებით მიანდო მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები, მიწა, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, წილები სამეწარმეო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში) მინდობილ ქონებაში იგულისხმება ყველა ის ქონებრივი და არაქონებრივი სიკეთე, რომელიც წინამდებარე აქტის შედგენისას არის, ან მომავალში იქნება საკუთრების მიმნდობის საკუთრებაში, სარგებლობასა და/ან მფლობელობაში. მართვაში იგულისხმება ყველა ის მოქმედება, რაც აუცილებელია მინდობილი ქონების ჯეროვანი მოვლის და დაცვისათვის, ან სასარგებლოა საკუთრების მიმნდობისათვის ნაყოფის მიღების (შემოსავლის) თვალსაზრისით (გაქირავება, იჯარა, აღნაგობა, უზურფრუქტი…_); განკარგვაში იგულისხმება მინდობილი ქონების გასხვისება ნებისმიერი ფორმით (ჩუქება, გაცვლა, ყიდვა, გაყიდვა), მიიღოს მემკვიდრეობით 09.07.2010 წელს გარდაცვლილი შვილის ც---–- ბ------ის დანაშთი ქონება, გააკეთოს განცხადება ნოტარიუსში, მოითხოვოს სამკვიდრო ქონება, დანიშნოს მმართველი აწარმოოს ყველა საჭირო მოქმედებები მემკვიდრეობების მისაღებად, აგრეთვე გაასხვისოს მემკვიდრეობით მიღებული ქონება. ამავე მინდობილობის მე-5 პუნქტის თანახმად: ,,წინამდებარე აქტით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მინდობილი მესაკუთრე უფლებამოსილია დადოს გარიგებები საკუთრების მიმნდობის სახელითა და ხარჯით, მათ შორის დადოს გარიგება საკუთარ თავთან (მინდობილი მესაკუთრე ერთდროულად წარმოადგენდეს საკუთარ თავსაც და საკუთრების მიმნდობსაც“. შესაბამისად, ქ-------------ემ მინდობილ მესაკუთრეს წინასწარ მისცა თანხმობა, საკუთარ თავთან გარიგების დადებისა. ამგვარი თანხმობის გარეშე დადებული ჩუქების ხელშეკრულებები, კი იქნებოდა მერყევად ბათილი, რომელიც იურიდიულ ძალას შეიძენდა იმ შემთხვევაში, თუ ქ-------------ე მას მოიწონებდა. განსახილველ შემთხვევაში, კი, ხელშეკრულების ნამდვილობა მარწმუნებლის მოწონებაზე არ იყო დამოკიდებული, ვინაიდან არსებული მინდობილობა ითვალისწინებდა მარწმუნებლის თანხმობას. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული მინდობილობით გამოვლენილი ნება ქ-------------ეს არ ეკუთვნის ან მის შინაგან ნებას არ შეესაბამება. შესაბამისად, ნორმის დისპოზიციისა და მინდობილობის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ-----–- ჯ---–--ე უფლებამოსილი იყო, როგორც ქ-------------ის წარმომადგენელს საკუთარ თავთან მინდობილობით განსაზღვრულ სადავო ქონებაზე დაედო ხელშეკრულებები და ამ ნაწილში მოსარჩელის მითითება გარიგებების ბათილად ცნობის თაობაზე, საფუძველს მოკლებულია.
სასამართლოს შეფასებით, სათანადო არგუმენტაციასა და დასაბუთებასაა მოკლებული მოსარჩელის პოზიცია ზემოთ დასახელებულ სამ ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან მიმართებითაც, რომელიც დაიდო ერთის მხრივ ნ-----–- ბ------ეს, როგორც ქ-------------ის მინდობილ პირს, ხოლო მეორეს მხრივ - მესამე პირებს შორის. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო რწმუნებულება შედგენილია ქ-------------ის მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე, ხოლო საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გარიგებათა მოჩვენებითი ხასიათი არ ვლინდება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.
მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში გამოვლენილია გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედება, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, ნ------ გ--–----ის მიერ არ წარმოდგენილა უტყუარი და სათანადო მტკიცებულება იმის დასტურად, რომ სადავო გარიგებების მხარეები მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით, შეეყვანათ მესამე პირები შეცდომაში. შესაბამისად, ამ საფუძვლით გარიგების ბათილად ცნობა, ფაქტობრივ დასაბუთებას მოკლებულია. რაც შეეხება ქ-------------ის მიერ გამოვლენილ ნებას, მინდობილობა სასამართლოს მიერ არ გაბათილებულა, რითაც პრეზუმირებულია მინდობილობის მიმღების უფლებამოსილება განეკარგა ქონება, მათ შორის, მესამე პირებზე. ამასთან, სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ მსჯელობისას, სასამართლომ აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის ნამდვილობა განმარტა და მიუთითა, რომ იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ნ-----–- ჯ---–--ის, როგორც ქ-------------ის მინდობილი პირის მიერ მესამე პირებთან დადებული სადავო გარიგებების ბათილად ცნობით, აღდგებოდა პირვანდელი მდგომარეობა, ქონება კვლავ დაბრუნდება ქ-------------ის საკუთრებაში და შევიდოდა მის სამკვიდრო მასაში, მაგრამ სასამართლომ იქვე დასძინა, რომ ქ-------------ეს შედგენილი აქვს ანდერძი, რომლითაც მთელ თავის ქონებას უტოვებს ა------ ჯ---–--ეს. ნ------ გ--–----ე კი, ანდერძის არსებობის პირობებში, არ წარმოადგენს სავალდებულო წილის მიღების უფლებამოსილების მქონე პირს, რის გამოც, არ არსებობს გარიგებების ბათილად ცნობის მიმართ მისი მიღწევადი იურიდიული ინტერესი.
სასამართლომ შენიშნა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა ასევე ნ-----–- ჯ---–--ესა და ა------ ჯ---–--ეს შორის 2011 წლის 28 იანვარს დადებული ხელშეკრულების შპს ,,ა-----------"-ის საწესდებო კაპიტალში 100%-იანი წილის ა------ ჯ---–--ეზე გაჩუქების შესახებ ნ-----–- ჯ---–--ესა და ა------ ჯ---–--ეს შორის 2011 წლის 23 თებერვალს დადებული ხელშეკრულების უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ი-–---------------------- (საკადასტრო კოდი: 0---------------------5) ჩუქების შესახებ, შპს "ა-----------"-სა და გ-------– ბ------ეს შორის 2011 წლის 11 მარტს დადებული ხელშეკრულების უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ი-–-----------------------. საკადასტრო კოდი: 0---------------------- - ნაწილის, - ნასყიდობის შესახებ, ნ-----–- ჯ---–--ესა და ა------ ჯ---–--ეს შორის 2014 წლის 24 აპრილს დადებული ხელშეკრულების უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, თ-----------------–-----------. საკადასტრო კოდი: 0----------------------, - ჩუქების შესახებ, ნ-----–- ჯ---–--ესა და ა------ ჯ---–--ეს შორის 2012 წლის 10 ივლისს დადებული ხელშეკრულების უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, თ-----------------–-----------. საკადასტრო კოდი: 0----------------------, - ჩუქების შესახებ, ნ-----–- ჯ---–--ესა და ა------ ჯ---–--ეს შორის 2012 წლის 12 ივლისს დადებული ხელშეკრულების უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, თ-----------------–-----------. საკადასტრო კოდი: 0---------------------- და ნ-----–- ჯ---–--ესა და ა------ ჯ---–--ეს შორის 2014 წლის 24 აპრილს დადებული ხელშეკრულების უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ი-–--------------------------- საკადასტრო კოდი: 0----------------------, - ჩუქების შესახებ ბათილად ცნობას, იმ საფუძვლით, რომ გარიგებები დადებულია მოჩვენებით, სხვა მემკვიდრეებისგან ქონების უკეთ დაცვის მიზნით, იგი წარმოადგენს სადავო ქონებათა მესაკუთრეს.
დასახელებული გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ საკითხის კვლევისას, სასამართლოს მოსაზრებით, უპირველესად საგულისხმოა ის გარემოება, რომ ქონების განკარგვა ნ-----–- ჯ---–--ის მიერ განხორციელებულია არა როგორც ქ-------------ის მინდობილი პირის სახელით, არამედ, როგორც დამოუკიდებელი მესაკუთრის მიერ. თავის მხრივ ამ უკანასკნელის საკუთრების შეძენის საფუძვლები გარიგების საგნებზე არ გაუქმებულა და არ არის ბათილად ცნობილი.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 959-ე მუხლის თანახმად, თითოეულ მეწილეს შეუძლია განკარგგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება ერთობლივად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის მიხედვით საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ------ გ--–----ე არ წარმოადგენს სადავო ნივთების მესაკუთრეს, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმებისა, ნ-----–- ჯ---–--ეს, შპს ,,ა-----------“-ს, როგორც ქონების მესაკუთრეებს უფლება ჰქონდათ განეკარგათ თავისი საკუთრება, რისთვისაც მოსარჩელე მხარის თანხმობას არ საჭიროებდნენ. გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმ თვალსაზრისითაც, რომ ხელშეკრულებების გაბათილება მოსარჩელისათვის სამართლებრივი შედეგის მომტანი ვერ იქნება, ვინაიდან ის არ წამოადგენს ქონების მესაკუთრეს, ქ-------------ის მიერ შედგენილი მინდობილობა და არც ანდერძი ბათილად არ არის ცნობილი, ისინი არ გაუქმებულა, ერთპიროვნული მესაკუთრისა და საკუთრების შეძენის საფუძვლების ნამდვილობის პირობებში კი, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ქონების დაბრუნება შეუძლებელია (სსსკ-ის 180-ე მუხლი). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და სადავო უძრავ ქონებაზე ნ------ გ--–----ის მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.31. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ-------------ის გარდაცვალებით 2011 წლის 14 ნოემბერს გაიხსნა სამკვიდრო. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: შვილი - ნ-----–- ჯ---–--ე, შვილიშვილები - გ-------– ბ------ე, ქ------- ბ------ე და თ----------ე (1997 წლის 4 მარტს გარდაცვლილი ს----- ბ------ის შვილები), ნ------ გ--–----ე, გ--–- გ--–----ე, კ------- გ--–----ე, გ---- გ--–----ე, ს----- გ--–----ე და თ--------------ი (1998 წლის 14 მაისს გარდაცვლილი ჟ--–---- გ--–----ის შვილები), ნ-----------ე (2006 წლის 3 იანვარს გარდაცვლილი თ------ ბ------ის მეუღლე), თ------ ბ------ე (2006 წლის 03 იანვარს გარდაცვლილი თ------ ბ------ის შვილი). ქ-------------ის ანდერძისმიერ მემკვიდრეს კი წარმოადგენდა შვილიშვილი - ა------ ჯ---–--ე. ანდერძი არ არის გაუქმებული ან ბათილად ცნობილი კანონით დადგენილი წესით.
შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ანდერძის არსებობის პირობებში, ნ------ გ--–----ეს დანაშთი სამკვიდრო ქონებაზე განხორციელებული გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნათა ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნია. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში, იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის. ხსენებული დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1372-ე მუხლის ანალიზი, რომლის თანახმად, სავალდებულო წილის უფლებით შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ ამ მომენტისათვის ცოცხალმა სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეებმა. ასეთი პირები კი, სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის შესაბამისად, არიან მამკვიდრებლის შვილები, მშობლები და მეუღლე. დასახელებულ მუხლში აღწერილია სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირები არა ზოგადად კანონით მემკვიდრეთა წრიდან, არამედ კონკრეტულად, სხვა ნორმაზე მითითების გარეშე, ხოლო მათ შორის მამკვიდრებლის შვილიშვილები მოხსენიებული არ არის. სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირი, ჟ--–---- გ--–----ე, კი გარდაიცვალა ქ-------------ის სამკვიდროს გახსნამდე, 1998 წლის 14 მაისს.
განსახილველ შემთხვევაში ქ-------------ემ 2010 წლის 11 აგვისტოს შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმად მთელი თავისი დანაშთი სამკვიდრო ქონება უანდერძა მოპასუხე – ა------ ჯ---–--ეს. სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სამოქალაქო კოდექსის 1403-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1344-ე, 1345-ე, 1364-ე მუხლებით გარანტირებულია პირის უფლება, საკუთარი სურვილისა და შეხედულების შესაბამისად პირმა განკარგოს ქონება და საამისოდ გამოავლინოს ნება. ანდერძი ცალმხრივი გარიგებაა და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მოანდერძის გარდაცვალებას. ანდერძის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ანდერძის ბათილობისას უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება მამკვიდრებლის ნების ნამდვილობას. ანდერძის გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა წესი, რომელიც დადგენილია ნორმატიული აქტებით, ემსახურება ერთადერთ მიზანს, მოანდერძის ნების სწორად დაფიქსირებას. აქედან გამომდინარე, ანდერძის ბათილობას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი დარღვევა, რომელიც საეჭვოს გახდის მოანდერძის ნების ნამდვილობას. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოანდერძის ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა, რაც გამორიცხავდა სადავო ანდერძის ბათილად ცნობას. აღნიშნული გარემოებები კი, ნ------ გ--–----ის სასარჩელო მოთხოვნას – მოპასუხის უღირს მემკვიდრედ ცნობის, ასევე, დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ, არანამდვილს ხდის, რადგან მოსარჩელის იურიდიული ინტერესი აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ვერ მიიღწევა. ამასთან, სასამართლოს აზრით, გასათვალისწინებელია ფაქტი იმის შესახებაც, რომ მოსარჩელემ ვერ შეეძლო დაესაბუთებინა ა------ ჯ---–--ისა და ნ-----–- ჯ---–--ის უღირს მემკვიდრედ ცნობის კანონით განსაზღვრული წინაპირობები.
სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის თანახმად, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ. ამავე კოდექსის 1311-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრე ვერ იქნებიან აგრეთვე პირნი, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას ერჩინათ მამკვიდრებელი.
დადგენილია, რომ ქ-------------ესა და ა------ ჯ---–--ეს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მამკვიდრებელი სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ცხოვრობდა ა------ ჯ---–--ის საცხოვრებელ სახლში, მას უვლიდა ნ-----–- ჯ---–--ე, შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები მოქმედებდნენ მამკვიდრებლისათვის მისი უკანასკნელი ნების გამოვლენაში ხელშეშლისა და სამკვიდრო ქონებაში მათი წილის გაზრდის მიზნით - მხოლოდ მათ დარჩენოდა ქ-------------ის სამკვიდრო.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმდაგვარად რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამდენად, მემკვიდრეობის მიღების უფლება პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი ჩამორთმევა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოებების არსებობის პირობებშია შესაძლებელი. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი ცნობილი იქნეს უღირს მემკვიდრედ და ჩამოერთვას მემკვიდრეობის მიღების უფლება აუცილებელია, იგი არამარტო მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ხელს უშლიდეს მამკვიდრებელს უკანასკნელი ნამდვილი ნების გამოვლენაში, არამედ იმავდროულად ამას უნდა ჩადიოდეს სამკვიდრო მიღების ან მასში წილის გაზრდის მიზნით.
სასამართლოს აზრით, ა------ ჯ---–--ისა და ნ-----–- ჯ---–--ის უღირს მემკვიდრედ ცნობისათვის აღნიშნულ ნორმაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება. მოსარჩელემ ვერ შეძლო საკმარისი და სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა ფაქტობრივი გარემოებები რაზედაც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, რაც მისი მტკიცების ტვირთს შეადგენს. ამდენად, მემკვიდრეობის მიღების უფლება პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი ჩამორთმევა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოებების არსებობის პირობებშია შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ მოპასუხეთა უღირს მემკვიდრედ აღიარებისათვის წარმოადგინა მხარის ახსნა-განმარტება, რაც შედავებისას სსსკ-ის მე-4, 102-ე, მუხლის თანახმად, ვერ მიიჩნევა სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს, საქმეზე დადგენილი და გამოკვლეული ყველა გარემოებების გათვალისწინებით, ვერ ქმნის სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლით გათვალისწინებული იმ ფაქტების ერთობლიობას, რაც მოპასუხეთა უღირს მემკვიდრედ აღიარების სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი ცნობილი იქნეს უღირს მემკვიდრედ და ჩამოერთვას მემკვიდრეობის მიღების უფლება აუცილებელია, იგი არამარტო მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ხელს უშლიდეს მამკვიდრებელს უკანასკნელი ნამდვილი ნების გამოვლენაში, არამედ იმავდროულად ამას უნდა სჩადიოდეს სამკვიდრო მიღების ან მასში წილის გაზრდის მიზნით; ასევე თუ პირი ხელს უშლიდა მოანდერძეს ანდერძის შედგენაში ან მამკვიდრებელს ისეთ ფაქტებს უმალავდა, რომელთა ცოდნის შემთხვევაში იგი სხვანაირად გადაწყვეტდა მემკვიდრეობის საკითხს; ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შენიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება დამადასტურებელი იმისა, რომ ა------ ჯ---–--ემ და ნ-----–- ჯ---–--ემ მამკვიდრებლის ქონების მხოლოდ მის საკუთრებაში გადასვლის ან წილის გაზრდის, ან ერთადერთ მემკვიდრედ მისი გამოცხადების მიზნით, განზრახ, მის მიმართ ჩაიდინა რაიმე ქმედება, იძულება ან ძალადობა, რითაც ხელი შეუშალა მას თავისუფალი ნების განხორციელებაში ან გადაწყვეტილების შეცვლაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ანდერძი და მინდობილობა შედგენილია ქ-------------ის მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე. ასევე, არ გამოიკვეთა სადავო გარიგებების ბათილობის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რაც მისი მტკიცების ტვირთს შეადგენს, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს ა------ ჯ---–--ისა და ნ-----–- ჯ---–--ის უღირს მემკვიდრედ აღიარების სამართლებრივი საფუძვლები, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს. (სუსგ 3კ/1212-01 27.03.2002წ; ას -22-473-06 13.03.2006წ; ას-794-743-2010 11.11.2010წ; ას-786-840-2011 20.06.2011წ; ას-786-739-2012წ; ას-347-330-2013 20.09.2013წ).
2.32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერი დროს. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე, 1433-ე ნორმების თანახმად, სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ მემკვიდრეზე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს სამკვიდრო. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან, არ არსებობს სადავო ქონებაზე მოსარჩელე ნ------ გ--–----ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, სასამართლომ ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა - 2015 წლის 12 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #1-------- ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო იურიდიული ინტერესის არ არსებობის გამო (სსსკ-ის 180-ე მუხლი).
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. კერძოდ, აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასა მტკიცებულებები, არ დაკითხა სათანადო მოწმეები, უგულებელყო ის ფაქტი, რომ არ იყო დაცული ანდერძის შედგენისა და მინდობილობის მინიჭების ინსტრუქციები, ასევე - მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე.
4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაითვალისწინებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმის მასალები არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (შდრ: სუსგ ას-1051-991-2015, 29.12.2015).
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებულ ძირითად არგუმენტს მასზედ, რომ ქ-------------ეს მინდობილობისა და ანდერძის შედგენის დროისათვის არ შეეძლო გაეცნობიერებინა მათი შინაარსი, რამდენადაც იყო ხანდაზმული, უსინათლო, მწოლიარე მდგომარეობაში და ვერ აღიქვამდა რეალობას, ხოლო ნოტარიუსის მიერ დარღვეულ იქნა ზემოხსენებული სანოტარო აქტების შედგენისთვის კანონით გათვალისწინებული ინსტრუქცია.
პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ცალმხრივია გარიგება, რომლის ნამდვილობისათვის საკმარისია ერთი ნების გამოვლენის არსებობა და იგი ცვლის, წყვეტს ან წარმოშობს სამართლებრივ ურთიერთობებს. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. ასეთ შემთხვევას განეკუთვნება გარემოება როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 11 აგვისტოს ნოტარიუს მ------------ის მიერ დამოწმებული სანოტარო აქტის - რწმუნებულება/მინდობილობის, (რეესტრის N1--------) შესაბამისად, ირკვევა, რომ ავადმყოფობის გამო ნოტარიუსი მივიდა ქ-------------ესთან მისამართზე - ქ. თბილისი, ბ--–--------------------------, დაადგინა მისი პირადობა, დარწმუნდა, რომ მას არ შეეძლო მინდობილობაზე ხელის მოწერა (უსინათლობის გამო) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, ქ-------------ემ სთხოვა მინდობილობაზე მის ნაცვლად ხელი მოეწერა --------------ზ---------------–---–ს. ნოტარიუსმა შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა და დაადასტურა, რომ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა, შეადგინა წინამდებარე მინდობილობა, წაუკითხა ქ-------------ეს, რომელმაც მოიწონა იგი და განაცხადა, რომ ტექსტი ზუსტად გამოხატავდა მის ნებას და მინდობილობაზე ხელმოწერა დაავალა ზ---------------–---–ს. დადგენილია, რომ ამავე დღეს ნოტარიუს მ------------ის მიერ დამოწმდა ქ-------------ის მიერ შედგენილი ანდერძი, რომლის თანახმად მოანდერძემ, ჯანსაღ გონებაზე მყოფმა, თავისი ნებით, რაიმე იძულების გარეშე, მოწმეების ზ---------------–---–ის, შ-----------------სა და შ--–----------–---–ის თანდასწრებით შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი მისი უძრავი და მოძრავი ქონება, უანდერძა შვილიშვილს, ა------ ჯ---–--ეს.
პალატის შეფასებით, სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება სამართალში მოქმედ ე.წ. პრეზუმფციებზე, ანუ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ და მართებულად აღნიშნა, რომ ნოტარიუსთან გარიგების დადებისას ნების გამოვლენის საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ მოწმდება ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა, უფლებამოსილება და ნების ნამდვილობა. ნების გამომვლენს ნოტარიუსი უმარტავს გარიგების შინაარსს და მის თანამდევ შედეგებს. განსახილველ შემთხვევაში, 2010 წლის 11 აგვისტოს შედგენილი სანოტარო ტექსტებით დასტურდება, რომ ნოტარიუსმა რწმუნებულებისა და საანდერძო განკარგულების გამცემს, როგორც გარიგების მონაწილეს, განუმარტა სანოტარო აქტებზე ხელმოწერის შედეგები, ქ-------------ემ განაცხადა, რომ აქტების შინაარსი ზუსტად გამოხატავდა მის ნებას და შემდეგ ნოტარიუსის თანდასწრებით გასცა მათზე ხელმოწერის უფლება. ამდენად, პალატა ყურადღებას მიაქცევს მოწინააღმდეგე მხარეთა პოზიციაზეც და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარე იცნობდა განცხადების ტექსტს და სრულად იზიარებდა მას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს. ცნობიერების დაკარგვა, აღიარებული შეხედულების თანახმად, განეკუთვნება ისეთ მდგომარეობას, რომელიც გამორიცხავს ნების თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ცნობიერების დაკარგვად არ ჩაითვლება გულის იშემიური დაავადებით გამოწვეული აზროვნებისა და ცნობიერების დაქვეითება (სუსგ. 2007 წლის 24 მაისის #ას-1-453-06-07 გადაწყვეტილება). დროებითი ფსიქიკური მოშლილობა გულისხმობს ისეთი ფსიქიკური ანომალიის არსებობას, რაც გავლენას ახდენს პირის ნების გამოვლენაზე.
მოცემულ შემთხვევაში, 2010 წლის 11 აგვისტოს სანოტარო აქტების შედგენისას ქ-------------ის ამგვარი ფიზიკური მდგომარეობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება საქმეში თავდაპირველ მოსარჩელეს და აპელანტს არ წარმოუდგენია. თავად ნ------ გ--–----ე აცხადებს, რომ იგი დასახელებულ დღეს განვითარებულ მოვლენებს არ შესწრებია, ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი მოწმეები არ არიან უშუალოდ აღნიშნულ პერიოდში სანოტარო მოქმედების განხორციელების თვითმხილველნი და არ ფლობენ ინფორმაციას, ხოლო მის მიერ სააპელაციო საჩივარში ნახსენები მკურნალი ექიმი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით არ დაკითხულა, მის დაკითხვასთან დაკავშირებით შუამდგომლობაც კი არ ყოფილა დაყენებული, რის გამოც, პალატა თვლის, რომ აპელირება ამ თვალსაზრისით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, საფუძველს არის მოკლებული.
პალატა შენიშნავს იმასაც, რომ სადავო პერიოდში ქ-------------ის ფსიქიკური ან გონებრივი მდგომარეობის რაიმე სახის დარღვევის შესახებ არ არის მითითებული შპს ,,ს----------–----------------------–----------“-ის ოჯახის ექიმის, მ---------------ს მიერ 2010 წლის 06 აგვისტოს ვიზიტის შედეგად გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N7----ში, რომლის მიხედვით საუბარია მხოლოდ ქ-------------ის ქრონიკულ დაავადებებზე - ზოგადი ათეროსკლეროზი (ექიმის განმარტებით - ასაკიდან გამომდინარე სისხლძარღვების ელასტიურობის დაკარგვა), პარკინსონის დაავადება კანკალ-რიგიდული ფორმის, მოძრაობის და თვითმომსახურების მკვეთრი გაძნელებით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის პათოლოგიური შეხორცების მ/პ, კიდურის დამოკლება 5 სმ-ით. ცნობაში აღნიშნულია, რომ ქ-------------ე შეკითხვებზე პასუხობდა ადეკვატურად, ერკვეოდა დროში და გარემოში. აღსანიშნავია, რომ ხსენებული გარემოებები სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა ექიმმა მ---------------მ.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ იმ ობიექტური გარემოების დადასტურება, რამაც პირს არასასურველი ნების გამოვლენაში შეუწყო ხელი, აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა, ნ------ გ--–----ემ ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება ვერც პირველ ინსტანციაში სარჩელის განხილვისას და ვერც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ვერ შესთავაზა სასამართლოს.
4.3. პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მტკიცება მასზედ, რომ სანოტარო აქტების შედგენისას ნოტარიუსის მიერ დარღვეულ იქნა ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია.
პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით და განმარტავს, რომ ინსტრუქციის მე-8 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ. ამავე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მორალს და/ან საჯარო წესრიგს. ამავე ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია დარწმუნდეს სანოტარო აქტის მონაწილის ქმედუნარიანობაში და თავისი რწმენის შესახებ მიუთითოს დამადასტურებელ წარწერაში. ნოტარიუსი ვალდებულია არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ ეჭვი ეპარება მასში მონაწილე პირის ქმედუნარიანობაში.
ამავე ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად, მოწმეთა დასწრება სავალდებულოა, თუ მოწმდება აქტი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე არის ყრუ-მუნჯი, ყრუ, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე; მოწმე უნდა იყოს სრულწლოვანი და ქმედობაუნარიანი პირი. მოწმე უნდა იყოს წერა-კითხვის მცოდნე. მოწმეს არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული სამოქალაქო ქმედუნარიანობა და სანოტარო მოქმედებით არ უნდა იღებდეს სარგებელს პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით. მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით, ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე იურიდიული პირის დაქირავებული პირი. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სანოტარო მოქმედების შესრულებას მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ნოტარიუსის მიერ დოკუმენტის წაკითხვის დაწყებიდან მაინც სანოტარო მოქმედების სრულად დასრულებამდე. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილე (მოწმის ჩათვლით) გააფრთხილოს მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, მაგრამ არ არის ვალდებული დოკუმენტურად შეამოწმოს ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა. მხარემ და მოწმემ უნდა დაადასტურონ მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის შესახებ.
ინსტრუქციის 27-ე მუხლის თანახმად, თუ სანოტარო აქტი ფორმდება წერა-კითხვის არმცოდნე ბრმა, ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედება შეასრულოს მოწმის და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელის მოწერით, რომ გარიგების შინაარსი შეესაბამება ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი მხარის ნებას. თუ ანდერძი ფორმდება ყრუ, მუნჯი, ბრმა ან წერა-კითხვის უცოდინარი ყრუ-მუნჯის, ასევე ბრმა ან წერა-კითხვის არმცოდნე ბრმა პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1361-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. ნოტარიუსი ვალდებულია ამ მუხლით დადგენილი წესების დაცვის შესახებ მიუთითოს სანოტარო აქტში. თუ სანოტარო მოქმედების მონაწილე პირი წერა-კითხვის უცოდინარი ან უსინათლოა ნოტარიუსი ვალდებულია წაუკითხოს მას სანოტარო აქტის ტექსტი, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს აქტში. სანოტარო მოქმედების შესრულებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე, ხოლო სანოტარო მოქმედების მონაწილის ნაცვლად დოკუმენტს ხელს აწერს სხვა პირი, რომელიც შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე. ნოტარიუსი ვალდებულია დოკუმენტში მიუთითოს ყველა იმ პროცედურის შესრულების შესახებ, რაც დადგენილია და რისი მითითებაც სავალდებულოა ამ ინსტრუქციით.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი სადავო აქტების შინაარსითა და მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, მინდობილობისა და ანდერძის შედგენისას სრულადაა დაცული კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრული სავალდებულო პირობები.
4.4. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან კი პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეების - ა------ ჯ---–--ის, ნ-----–- ჯ---–--ის, ს------- შ------–---–ისა და გ-------– ბ------ის წარმომადგენლების მიერ დაყენებულია შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის გამო იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის - 3000 ლარის აპელანტისთვის გადასახდელად დაკისრების შესახებ (იხ. ტომი 35, ს.ფ. 43).
სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა მოწინააღმდეგე მხარეთა ინტერესების სასარგებლოდ, მათი წარმომადგენლების მიერ დაყენებული შუამდგომლობა საფუვძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ------ გ--–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. ნ------ გ--–----ეს მოწინააღმდეგე მხარეთა - ა------ ჯ---–--ის, ნ-----–- ჯ---–--ის, ს------- შ------–---–ისა და გ-------– ბ------ის სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელების მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისთვის ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 3000 ლარის ანაზღაურება.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები ირაკლი ბონდარენკო
ლევან გვარამია