განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2020
საქმის ნომერი
330210019003078622
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№330210019003078622

საქმე №2ბ/10092-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 მარტი 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ლაშა ქოჩიაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

გენადი მაკარიძე

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი შ.პ.ს. „ო----------------------ი“

წარმომადგენელი გ----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე შ.პ.ს. „ტ------–-------“ (L------------)

წარმომადგენელი გ--------------ე

 

დავის საგანი თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინება

 

აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ,,ტ------–-------“-ს (L------------) სარჩელი დაკმაყოფილდა, შ.პ.ს. ,,ო----------------------ს“ შ.პ.ს. ,,ტ------–-------“-ს (L------------) სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება 2000000 (ორიმილიონი) ლარის ოდენობით. შ.პ.ს. ,,ო----------------------ს“ შ.პ.ს. ,,ტ------–-------“-ს (L------------) სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. შ.პ.ს. ,,ო----------------------ს“ შ.პ.ს. ,,ტ------–-------“-ს (L------------) სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის 1644 ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1 2018 წლის 23 ოქტომბერს შ.პ.ს. ,,ტ------–------ს’’ და შ.პ.ს. ,,ო----------------------ს’’ შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომელიც დასათაურებულია, როგორც - ,,ბეს გადახდის ხელშეკრულება’’. შეთანხმების პირველი მუხლის თანახმად, ,,ბეს მიმცემი (მყიდველი)’’ გადასცემს ,,ბეს მიმღებს (გამყიდველს)’’ ფულად თანხას 2 000 000 ლარის ოდენობით, რითაც დასტურდება მოპასუხის კუთვნილი, ხელშეკრულების დანართში გაწერილი 20 ერთეული ავტომობილის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულების დადების ფაქტი. ამავე შეთანხმების მე-2 მუხლის თანახმად კი, ,,ბე’’ წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მტკიცებულებას და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას. შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადაცემული თანხა ჩაითვლებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, რომლის საერთო ღირებულებაც განისაზღვრებოდა 5 000 000 ლარის ოდენობით, საიდანაც 2 000 000 ლარი მყიდველმა გამყიდველს საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე. ამავე პუნქტით, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება დარჩენილი 3 000 000 ლარი გადაეხადა არაუგვიანეს 2018 წლის 5 ნოემბრისა.

2.2 2018 წლის 23 ოქტომბრის შეთანხმების შესაბამისად, თანხის სრულ გადახდამდე ნასყიდობის საგანი (ავტომობილები) რჩებოდა ,,ბეს მიმღების (გამყიდველის)’’ საკუთრებაში. მე-5 მუხლის თანახმად, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას ეკისრებოდა მიღებული თანხის (ე.წ. ,,ბე’’), ორმაგად - 4000000 ლარის ოდენობით დაბრუნება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე (ე.წ. ,,ბეს მიმცემი’’) ვერ უზრუნველყოფდა დარჩენილი 3 000 000 ლარის გადახდას, არაუგვიანეს 2018 წლის 5 ნოემბრისა, მის მიერ გადაცემული 2 000 000 ლარი რჩებოდა მოპასუხეს (ე.წ. ,,ბეს მიმღებს’’).

 

2.3 მხარეთა შეთანხმების მე-11 მუხლით გაიწერა, რომ ,,ხელშეკრულება შედგენილია ინგლისისა და უელსის კანონების შესაბამისად და ყველა ის საკითხი, რაც დარეგულირებული არ არის ხელშეკრულებით უნდა გადაწყდეს ინგლისისა და უელსის კანონების შესაბამისად. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. მოლაპარაკებით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმე განიხილება ინგლისის სასამართლოში შესაბამისი კანონმდებლობით’’.

 

2.4 ხელშეკრულების დადების დღეს, 2018 წლის 23 ოქტომბერს, შ.პ.ს. ,,ტ------–------მა’’ გადაურიცხა შ.პ.ს. ,,ო----------------------ს’’ 2 000 000 ლარი, გადახდის დანიშნულებაში მიეთითა: ,,ავტომობილების საფასური პროფორმა - ინვოისი. 04/10-2018-ის თანახმად’’.

 

2.5 2018 წლის 4 ნოემბერს შპს ,,ტ------–-------ს“ წარმომადგენელმა მიმართა შ.პ.ს. ,,ო----------------------ს’’ და აცნობა, რომ განსაკუთრებული გარემოებების გამო კომპანია ვერ ახერხებდა 2018 წლის 5 ნოემბრამდე ნასყიდობის დარჩენილი ღირებულების 3 000 000 ლარის გადახდას, რის გამოც მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა ვალდებულების შესრულების ვადის გახანგრძლივება 2018 წლის 30 ნოემბრამდე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხისათვის მიუღებელი იყო შეთავაზება ვადის გაგრძელებასთან მიმართებით, მოსარჩელემ მოითხოვა განცხადების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოპასუხეს დაებრუნებინა 2018 წლის 23 ოქტომბერს მის მიერ გადახდილი ავანსი 2 000 000 ლარის ოდენობით.

 

2.6 ხსენებული წერილის პასუხად, 2018 წლის 8 ნოემბერს, მოპასუხემ მოსარჩელეს წერილობით აცნობა, რომ შ.პ.ს. ,,ტ------–------მა’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და შ.პ.ს. ,,ო----------------------ს’’ 2018 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით არ გადაუხადა 3 000 000 ლარი. ამავე დროს, არ დაასაბუთა, რომ თანხის გადაუხდელობა გამოწვეული იყო მისი ბრალის გარეშე და არ განმარტა თუ რას წარმოადგენდა ე.წ. ,,განსაკუთრებული გარემოება’’ რომელზეც არის მინიშნება შ.პ.ს. ,,ტ------–-------ს’’ 2018 წლის 4 ნოემბრის წერილში. აქედან გამომდინარე, მოპასუხემ შ.პ.ს. ,,ტ------–------ს’’ განუსაზღვრა დამატებითი ვადა, არაუგვიანეს 12 ნოემბრისა, რათა წარმოედგინა წერილობითი დასაბუთება სათანადო დოკუმენტებთან ერთად, იმის თაობაზე, თუ რა იყო ის ,,განსაკუთრებული გარემოება’’, რის გამოც შ.პ.ს. ,,ტ------–------მა’’ არ შეასრულა ბეს გადახდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, შპს ,,ო------------------------’’ პასუხის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ მითითებულ ვადაში არ იქნებოდა წარდგენილი წერილობითი დასაბუთება, იმოქმედებდა 2018 წლის 23 ოქტომბრის ,,ბეს გადახდის ხელშეკრულების’’ მე-6 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ვალდებულების ბეს მიმცემის ბრალით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბეს სახით გადახდილი 2 000 000 ლარი დარჩებოდა ბეს მიმღებს, ასევე მიუთითა, რომ ,,ბეს გადახდის ხელშეკრულების’’ მე-11 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შორის წარმოქმნილი ყველა დავა განიხილება ინგლისის სასამართლოში ინგლისისა და უელსის კანონმდებლობის მიხედვით.

 

2.7 2018 წლის 11 ნოემბერს, შ.პ.ს. ,,ტ------–------მა’’ წერილობით მიმართა შ.პ.ს. ,,ო----------------------ს’’ და განუმარტა, რომ შ.პ.ს. ,,ტ------–-------’’-ს მიერ 2018 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო საზოგადოების კონტრაქტორი კომპანიისაგან მისაღები ფულადი სახსრებით. ვინაიდან, კონტრაქტორმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დათქმულ ვადაში ვერ მოახერხა, შ.პ.ს. ,,ტ------–------მა’’ სესხის მიღების მოთხოვნით მიმართა საბანკო დაწესებულებას, რომელმაც შ.პ.ს. ,,ო------------------------’’ წინაშე არსებული ვალდებულების ექვივალენტი სესხის გასაცემად თვის ბოლომდე ითხოვა ვადა და სწორედ ამ განსაკუთრებული გარემოების გამო ითხოვდა შ.პ.ს. ,,ტ------–-------’’ ვალდებულების შესრულების ვადის გახანგრძლივებას 2018 წლის 30 ნოემბრამდე. ამავე მიწერილობის ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს განუმარტა, რომ მას კვლავაც მიაჩნია, რომ მათ შორის 2018 წლის 23 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება თავისი არსით და სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ავანსის გადახდის ხელშეკრულებას, რომელიც ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში ექვემდებარება დაბრუნებას.

 

2.8 2018 წლის 14 ნოემბერს შ.პ.ს. ,,ო----------------------მა’’ წერილობით დამატებით მიმართა შ.პ.ს. ,,ტ------–------ს’’ და განუმარტა, რომ მათ მიერ არ იყო წარდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შ.პ.ს. ,,ო----------------------ი’’-ს მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული კომპანიის ბრალეული ქმედებით ან დაუძლეველი ძალით. აქედან გამომდინარე, მოპასუხის მითითებით, ამოქმედდა 2018 წლის 23 ოქტომბერს შ.პ.ს. ,,ტ------–------ს’’ და შ.პ.ს. ,,ო----------------------ს’’ შორის დადებული ,,ბეს გადახდის ხელშეკრულების’’ მე-6 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ვალდებულების ბეს მიმცემის ბრალით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბეს სახით გადახდილი თანხა 2 000 000 ლარი რჩება ბეს მიმღებს. ამავე მიწერილობის ფარგლებში მოპასუხემ განმარტა, რომ 2018 წლის 23 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო ,,ბეს გადახდის ხელშეკრულება’’, რომლის თანახმად შ.პ.ს. ,,ტ------–------ს’’ შ.პ.ს. ,,ო------------------------აგან’’ უნდა შეეძინა აღნიშნული ხელშეკრულების დანართში მითითებული 20 ავტომობილი. ხელშეკრულების პირველი პუნქტის შესაბამისად, ბეს მიმცემმა ბეს მიმღებს გადაუხადა 2 000 000 ლარი, ხოლო მე-6 მუხლის თანახმად, ვალდებულების ბეს მიმცემის ბრალით შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ ბეს მიმცემი დარჩენილ თანხას - 3 000 000 ლარს არ გადაიხდიდა არაუგვიანეს 2018 წლის 5 ნოემბრისა, ბეს სახით გადახდილ 2 000 000 ლარი რჩება ბეს მიმღებს. შ.პ.ს. ,,ტ------–------მა’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და შ.პ.ს. ,,ო----------------------ს’’ 2018 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით არ გადაუხადა 3000000 ლარი. ამავე დროს, არ დაასაბუთა, რომ თანხის გადაუხდელობა არ იყო გამოწვეული მისი ბრალით. 2018 წლის 4 ნოემბერს შ.პ.ს. ,,ო----------------------მა’’ მიმართა განცხადებით შ.პ.ს. ,,ტ------–------ს’’ და ითხოვა მხარეთა შორის 2018 წლის 23 ოქტომბერს დადებული ბეს გადახდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3 000 000 ლარის გადახდის გადავადება 2018 წლის 30 ნოემბრამდე. თანხის დროული გადაუხდელობის მიზეზად მოსარჩელის მიერ მიეთითა ,,განსაკუთრებული გარემოება’’, რომელიც დაკონკრეტებული არ იყო. მითითებულის საპასუხოდ მოპასუხემ დამატებით გამოგზავნა წერილი, რომლითაც ვალდებულ პირს განემარტა, რომ შ.პ.ს. ,,ტ------–------მა’’ არაუგვიანეს 12 ნოემბრისა უნდა წარმოადგინოს წერილობითი დასაბუთება სათანადო დოკუმენტებთან ერთად, იმის თაობაზე თუ, რა იყო ის ,,განსაკუთრებული გარემოება’’, რის გამოც შპს ,,ტ------–------მა’’ არ შეასრულა ბეს გადახდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ მითითებულ ვადაში არ იქნებოდა წარდგენილი წერილობითი დასაბუთება, ამოქმედდებოდა 2018 წლის 23 ოქტომბრის ,,ბეს გადახდის ხელშეკრულების’’ მე-6 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანხმად, ვალდებულების ბეს მიმცემის ბრალით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბეს სახით გადახდილი 2 000 000 ლარი რჩება ბეს მიმღებს. შ.პ.ს. ,,ტ------–------ს’’ არ გააჩნია და ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთება იმისა, თუ რატომ იქნა დარღვეული მის მიერ ,,ბეს გადახდის ხელშეკრულების’’ პირობა. ასევე სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა შ.პ.ს. ,,ტ------–-------ს’’ წარმომადგენლის წერილში გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს 2018 წლის 23 ოქტომბრის ,,ბეს გადახდის ხელშეკრულება’’ თავისი ბუნებით წარმოადგენს ავანსის გადახდის ხელშეკრულებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,,ო------------------------’’ მითითებით მხარეთა შორის დადებული ,,ბეს გადახდის ხელშეკრულების’’ მე-6 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, იმის გამო, რომ შ.პ.ს. ,,ტ------–-------’’-ს ბრალეული ქმედებით შ.პ.ს. ,,ო----------------------ი’’-ს მიმართ არ შესრულდა ხელშეკრულების პირობა და არ გადახდილა 3 000 000 ლარი, შ.პ.ს. ,,ო----------------------ი“-სათვის ბეს სახით გადახდილი თანხა 2 000 000 ლარი რჩება ბეს მიმღებს და არ ექვემდებარება შ.პ.ს. ,,ტ------–-------“-სათვის უკან დაბრუნებას. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ხელშეკრულების მე-11 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოქმნილი ყველა დავა განიხილება ინგლისის სასამართლოში, ინგლისისა და უელსის კანონმდებლობის მიხედვით.

 

2.9 აღნიშნულის პასუხად, 2018 წლის 17 ნოემბერს, შ.პ.ს. ,,ტ------–------მა’’ განმარტა, რომ მოპასუხის წერილში გამოხატული პოზიცია არ შეესაბამება მათ შორის 2018 წლის 23 ოქტომბერს დადებული გარიგების არსს, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. მოპასუხის პასუხი არ ესადაგება კეთილსინდისიერი კონტრაგენტის ქცევას, რომელიც ვალდებულია პატივი სცეს, როგორც ხელშემკვრელი მხარის ინტერესებს, ასევე თანამედროვე ცივილიზებული სამართლის და ზნეობის ნორმებით დამკვიდრებულ პრაქტიკას. მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის 2018 წლის 23 ოქტომბერს დადებული გარიგების საგანს წარმოადგენდა 20 ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობა, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 5 000 000 ლარს. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ გადახდილია ნასყიდობის ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი 2 000 000 ლარის ოდენობით. 2018 წლის 23 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული 20 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან თითოეული წარმოადგენს დამოუკიდებელი ნასყიდობის საგანს, შესაბამისად მოპასუხის განცხადება მოსარჩელის მიერ ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ ლოგიკას. უფრო მეტიც, შ.პ.ს. ,,ო----------------------ი’’, როგორც კეთილსინდისიერი ხელშემკვრელი მხარე, ვალდებული იყო მათი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, ვინაიდან არსებობდა მაღალი ხარისხის ალბათობა, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულება სრულად შესრულდებოდა, ვინაიდან ამ ვალდებულების დიდი ნაწილი, ნასყიდობის ღირებულების 40% ავანსის გადახდით უკვე შესრულებული ჰქონდათ. რამდენადაც, შ.პ.ს. ,,ო----------------------ი’’-ს მიერ გამოხატულია ნება 2018 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, შ.პ.ს. ,,ტ------–------მა’’ მოითხოვა წერილის ჩაბარებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში თანხის მიმღებ მხარეს ან დაებრუნებინა მათ მიერ მოპასუხის ანგარიშზე 2018 წლის 23 ოქტომბერს ჩარიცხული 2 000 000 ლარი ან საკუთრებაში გადაეცა მათ მიერ გადახდილი 2 000 000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

 

2.10 2018 წლის 21 ნოემბრის მიწერილობით შ.პ.ს. ,,ო----------------------მა’’ გამოხატა თანხმობა შეხვედროდა შ.პ.ს. ,,ტ------–------ს’’ შეთანხმების მიღწევის მიზნით, იმ პირობით, რომ იგი უარს არ აცხადებდა 23.10.2018წ. ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებულ უფლებებზე. მოპასუხემ მოითხოვა შეხვედრის თარიღის ცნობება, რომელიც მისაღები იქნებოდა შ.პ.ს. ,,ტ------–-------სათვის’’. აღნიშნულის პასუხად, 2018 წლის 22 ნოემბერს შ.პ.ს. ,,ტ------–------მა’’ ასევე წერილობით გამოხატა მოპასუხესთან მოლაპარაკების წარმოების მზადყოფნა. მიწერილობის ფარგლებში შ.პ.ს. ,,ტ------–------მა’’ აღნიშნა, რომ მოხარულები არიან შ.პ.ს. ,,ო----------------------ი’’-ს შეცვლილი პოზიციიდან გამომდინარე და მათი მზადყოფნიდან გამომდინარე შეხვედრისათვის, რაც გულისხმობს კომპანიის განზრახვად დარჩეს კეთილსინდისიერი კონტრაგენტის სამართლებრივ ჩარჩოში. მოსარჩელემ მოითხოვა გამოყოფილიყო მათთან მოლაპარაკებაზე უფლებამოსილი წარმომადგენელი და მიეწერათ მისი საკონტაქტო ინფორმაცია. მოსარჩელის მითითებით, მათი იურისტები დაუკავშირდებოდნენ მათ წარმომადგენელს შეხვედრის დეტალების შესათანხმებლად.

 

2.11 2018 წლის 22 ნოემბრის შემდგომ მხარეთა შორის წერილობით კორესპონდენციას ადგილი არ ჰქონია, ამასთანავე არც მათი შეხვედრა შემდგარა სადავო საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისათვის. შ.პ.ს. ,,ო----------------------ი’’ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებიდან გამომდინარე უარს აცხადებს, როგორც მიღებული თანხის დაბრუნებაზე, ასევე 2 000 000 ლარის პროპორციულად ავტომობილების საკუთრებაში გადაცემაზე.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.12 შ.პ.ს. ,,ტ------–-------’’-ს მიერ შ.პ.ს. ,,ო------------------------ათვის’’ გადახდილი 2000000 ლარი წარმოადგენს ნასყიდობის საფასურს, რომელიც ხელშეკრულებით შეთანხმებული შედეგის მიუღწევლობის გამო, ორმხრივი რესტიტუციის პრინციპიდან გამომდინარე ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

სასამართლოს განმარტებით, სადავო შემთხვევაში იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას და გამართლებულად მიიჩნევს მოთხოვნას გადახდილი თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, რადგანაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასება-შესწავლა მოწმობს, რომ არ არსებობს გადახდილი 2 000 000 ლარის მოპასუხისათვის დატოვების სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ ხელშეკრულებას, რომელიც დასათაურებულია, როგორც ,,ბეს გადახდის ხელშეკრულება’’, ვერ განიხილავს მას სამოქალაქო კოდექსის 421-423-ე მუხლების მიზნებიდან გამომდინარე, ,,ბეს’’, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებასთან მიმართებით შეთანხმებად, რამეთუ ,,ბეს’’ სახით განსაზღვრული თანხა შეადგენს მთლიანი გადასახდელი თანხის (5 000 000 ლარი) 40%-ს, რაც გონივრული სტანდარტიდან გამომდინარე ვერ მოექცევა ,,ბეს’’ სამართლებრივ რეგულირებაში. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თავად ხელშეკრულებით გაწერილი პუნქტები და შესაბამისად ხელშეკრულების შინაარსიც იმეორებს სსკ-ს 421-423-ე მუხლების შინაარს, თუმცა ,,ბეს ხელშეკრულებისათვის’’, სკ-ს 327-ე მუხლის შესაბამისად არსებით პირობას შეადგენს მისი ოდენობა, რომელიც ხელშეკრულების სადავოობის პირობებში ვერ მიიჩნევა საერთო ღირებულების 40%-ად. ამასთანავე, მართალია კოდექსით არ არის განსაზღვრული ,,ბეს’’ ოდენობა და იგი შესაძლოა დაექვემდებაროს მხარეთა შეთანხმებას, სსკ-ს 319-ე მუხლის რეგულირებიდან გამომდინარე, თუმცა სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად ,,ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში’’, რაც იძლევა შესაძლებლობას განიმარტოს კანონმდებლის ნება და თავად აღნიშნული ინსტიტუტის მიზანი, უზრუნველყოს იმ ზიანის კომპენსირება, რაც დაკავშირებულია ვალდებულების შეუსრულებლობასთან. განსახილველ შემთხვევაში კი საუბარია 5 000 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებიდან 2 000 000 ლარის ,,ბეს’’ სახით გამყიდველისათვის დატოვებაზე, რაც ვერ ამართლებს თავად ,,ბეს’’, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანს და იწვევს გამყიდველის უსაფუძვლო გამდიდრებას, მყიდველის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე.

სასამართლომ თანხის მოცულობიდან და შეთანხმებული პირობებიდან გამომდინარე, კონკრეტული ხელშეკრულება არ მიიჩნია ,,ბეს’’ ხელშეკრულებად, მიუხედავად მხარეთა მიერ მისთვის აღნიშნული სახელწოდების მინიჭებისა. სასამართლო გაეცნო რა ხელშეკრულების პირობებს და მის ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას სადავო შეთანხმება დააკვალიფიცირა როგორც ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შეთანხმდა ის არსებითი პირობები, რასაც ითვალისწინებს აღნიშნული ტიპის გარიგება. ამასთანავე, რამდენადაც საკუთრების უფლების გადაცემა დაკავშირებული იყო სამომავლოდ 3 000 000 ლარის გადახდასთან, მიიჩნია, რომ სახეზეა სსკ-ს 188-ე მუხლით განსაზღვრული პირობადადებული საკუთრების ინსტიტუტი, რასთან კავშირშიც ყურადღება უნდა გამახვილდეს წერილობითი შეთანხმების მე-3 მუხლის ბოლო წინადადებაზე, სადაც განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი ელემენტი საკუთრების უფლების გადაცემის საკითხი და მისი გადაცემა დაკავშირებული იქნა საფასურის სრულად გადახდასთან, რაც სსკ-ს 186-ე მუხლის შესაბამისად განაპირობებდა საკუთრების უფლების გადაცემას მოძრავ ნივთზე. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა ნამდვილი უფლების საფუძველზე ნასყიდობის საგნის გადაცემასთან დაკავშირებული შეთანხმება, რომელიც დაკავშირებული იყო თანხის სრულად გადახდასთან.

გარდა ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ყურადღება გაემახვილებინა თავად 2 000 000 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელ საგადასახადო დავალებაზეც, რომელშიც გადახდის დანიშნულებად მითითებულია არა ,,ბეს სახით თანხის გადარიცხვა’’, არამედ ,,ავტომობილების საფასური’’, რაც ამყარებს მოსარჩელის მტკიცებას გადახდილი თანხის ნასყიდობის საფასურად მიჩნევასთან მიმართებით. ამავდროულად, მეტად საყურადღებოდ მიიჩნია გარემოება, რომ მხარეთა შეთანხმების საგანს შეადგენდა 20 ერთეული ავტომობილი, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი ღირებულება და რეალურად არ იარსებებდა ბეს სახით შეთანხმების საჭიროება, რამეთუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება განსაზღვრული იყო, ამავე შეთანხმების დანართში ჩამოთვლილი ავტომობილების ჯამური ღირებულების შესაბამისად და შ.პ.ს. ,,ტ------–-------’’ თავისუფლად შეძლებდა მის მიერ გადახდილი თანხის პროპორციული რაოდენობისა და ღირებულების ავტომობილების შეძენას და არ დაუკავშირებდა აღნიშნულს დამატებით 3 000 000 ლარის გადახდას. ანუ, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა მოლაპარაკების საგანს შეადგენდა არა ერთი ძვირადღირებული ობიექტი, არამედ 20 ინდივიდუალურად განსაზღვრული ავტომობილი, რომელთა დამოუკიდებელი ღირებულება გაცილებით ნაკლები იყო გადახდილ 2 000 000 ლარზე, შესაბამისად აღნიშნული დამატებით ამყარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მისი მხრიდან არ იდგა საჭიროება ბეს ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით და მას შეეძლო გადახდილი თანხით სულ მცირე შეეძინა შესაბამისი ოდენობის ავტომობილები. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხეს არ უდასტურებია ის საჭიროება (მაგ: ერთიანი შეძენის გამო გარკვეული სახის ფასდაკლების არსებობა), რაც გაამყარებდა მის პოზიციას ,,ბეს’’ სახით გადახდილი თანხის ოდენობის გონივრულობასთან და შესაბამისად მიღებული თანხის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.

სასამართლომ შეაფასა ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარეთა კეთილსინდისიერი ქცევა, რაც დავის გადაწყვეტის მიზნებიდან და სადავო საკითხის კვლევიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მიწერილობებით დგინდება, რომ მოსარჩელე გამოხატავდა ნებას ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, თუმცა მას გაუმართლებლად არ მიეცა დამატებითი შესაძლებლობა შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული დავის გადაწყვეტისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე პირთა კეთილსინდისიერება და ასევე მათი გულისხმიერი დამოკიდებულების სტანდარტი მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი (სკ-ს 316.2 მუხლი), კერძოდ, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია შეფასდეს მხარეთა ქცევა და დამოკიდებულება ვალდებულების შესრულების მიმართ. საქმეში წარმოდგენილი მიწერილობებით დგინდება, რომ შ.პ.ს. ,,ტ------–------მა’’ აცნობა შ.პ.ს. ,,ო----------------------ს’’ ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში შესრულების შეუძლებლობა და თხოვა მისი გადავადება 25 დღით, რაც არ გაითვალისწინება მეორე მხარემ და უარი თქვა ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით ვადის მიცემაზე იმ საფუძვლით, რომ მისთვის უცნობი იყო ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. ამასთანავე, არც მიწერილობებითა და არც სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული პოზიციითა თუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, თავად მოპასუხეს არ უდასტურებია ის არსებითი და მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ხელშეკრულების დათქმულ ვადაში - 5 ნოემბრამდე შესრულებასთან მიმართებით. მოპასუხის მხრიდან არ წარმოდგენილა არცერთი მტკიცებულება, რაც მიუთითებდა მის მიერ დამატებითი ვადის მიცემის შეუძლებლობაზე. გასაგებია, რომ შ.პ.ს. ,,ო----------------------ს’’ ხელშეკრულებით ჰქონდა უფლება მიეღო 3 000 000 ლარი 2018 წლის 5 ნოემბერს, თუმცა კერძო სამართალში განმტკიცებული კეთილსინიდისიერების პრინციპიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობის ნებისმიერ მონაწილეს მოეთხოვება მეორე მხარის მდგომარეობის მხედველობაში მიღება, იმ ფარგლებში, რაც არ გამოიწვევს მისი უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, თუ რა ზიანი ადგებოდა მას, რაც შეუძლებელს გახდიდა დამატებითი ვადის მიცემას მოვალისათვის.

სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა კეთილსინისიერებისა და მათი გულისხმიერი დამოკიდებულების განსასაზღვრად მნიშვნელოვანია თავად ხელშეკრულების შინაარსის შეფასება, რომელიც შ.პ.ს. ,,ო----------------------ს’’ აღჭურვავდა შესაძლებლობით დაეტოვებინა 2 000 000 ლარი, საპირწონე შესრულების გარეშე, სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა, რომ სწორედ ამ სახელშეკრულებო პირობის არსებობის გამო განაცხადა უარი მოპასუხემ დამატებითი ვადის განსაზღვრაზე, რაც სამართლებრივად გასაკიცხი ქმედებაა და მიუხედავად არსებული შეთანხმებისა იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე ყოველმხრივ გამოხატავდა მზაობას ვალდებულების შესრულების მიმართ, დამატებით 25 დღის ვადის მიუცემლობის პირობებში სასამართლომ არ მიიჩნია გამართლებულად ,,ბეს’’ სამართლებრივ ნორმებზე აპელირების გზით აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დატოვება, მით უფრო, რომ საუბარია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 40%-ზე - 2 000 000 ლარზე. სასამართლომ მხარეთა დაპირისპირებული ინტერესებიდან და უფლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე გაუმართლებლად მიიჩნია მოპასუხე შ.პ.ს. ,,ო------------------------’’ მიერ მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 40%-ის ,,ბეს’’ სახით დატოვება, რადგანაც არც ხელშეკრულების გაუმართლებელ დარღვევას აქვს ადგილი და მას სულ მცირე კეთილსინიდისერების სტანდარტიდან გამომდინარე, შეეძლო დამატებით მიეცა 25 დღის ვადა. ხოლო, თუ ამ დამატებითი ვადის პირობებშიც არ განხორციელდებოდა ნაკისრი ვალდებულების შესრულება, შესაძლოა სამომავლოდ ედავა ზიანთან მიმართებით ასეთის არსებობის პირობებში.

სასამართლოს განმარტებით, ასევე გაუმართლებელია, მოპასუხის შედავება, თითქოს მას უარი არ უთქვამს დამატებითი ვადის განსაზღვრაზე და არ გამოუვლენია ნება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტაზე. საქმეში წარმოდგენილია შ.პ.ს. ,,ო------------------------’’ 14.11.2018 წლის მიწერილობა, სადაც მხარე პირდაპირ უთითებს ხელშეკრულების მე-6 მუხლის ამოქმედებაზე, ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობასა და გადახდილი თანხის ,,ბეს’’ სახით დატოვებაზე. აღნიშნული მიწერილობით დგინდება გამყიდველის ნება სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გასვლაზე და ,,ბეს’’ სახით გადახდილი თანხის საკუთრებაში დატოვებაზე. ამასთანავე, მართალია 21.11.2018 წ. მოპასუხემ დამატებითი მიწერილობის ფარგლებში გამოხატა ნება მოლაპარაკების წარმოებაზე, თუმცა ამავე მიწერილობის ფარგლებში მიუთითა, რომ უარს არ აცხადებდა 23.10.2018 წ. ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებულ უფლებებზე და რაც მთავარია სამომავლოდ აღნიშნული მოლაპარაკება არ შემდგარა, შესაბამისად ცალსახაა, რომ სწორედ მოპასუხემ განაცხადა სამომავლო ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი, იმ საფუძვლით, რომ დაეტოვებინა მიღებული თანხა, სანაცვლო შესრულების გარეშე.

სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის შედავება ვალდებულების დამრღვევი მხარის მიერ გასვლის უფლების გამოყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით არარელევანტურია და არ არის მხარის მიერ მოსარჩელის პოზიცია ნათლად აღქმული, რამეთუ მოსარჩელე სკ-ს 352-ე და 405-ე მუხლების მოშველიებას ახორციელებს არა იმ საფუძვლით, რომ თვითონ თქვა ხელშეკრულებაზე უარი და გავიდა, არამედ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის გამო ორმხრივი რესტიტუციის საფუძვლით ითხოვს მის მიერ გადაცემული თანხის დაბრუნებას, შესაბამისად შედავება გასვლის უფლების არ არსებობასთან დაკავშირებით გაუმართლებელია, რამეთუ მოსარჩელე ხელშეკრულებიდან გასვლას არ ითხოვს. არამედ, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თავად შ.პ.ს. ,,ო----------------------მა’’ თქვა უარი ხელშეკრულებაზე და გავიდა ამოქმედდეს გასვლის თანმდევი შედეგი ორმხრივი რესტიტუცია, რა დროსაც ორივე მხარე ვალდებულია ერთმანეთს დაუბრუნონ გადაცემული, შესაბამისად აპელირება აღნიშნულ ნაწილში სამართლებრივად გაუმართაობასთან და ასევე უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების მოშველიების შეუძლებლობასთან დაკავშირებით გაუმართლებელია, რადგანაც მოსარჩელის მოთხოვნა, სწორედ გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას შეეხება, რასაც აფუძნებს ხელშეკრულების მიზნის მიუღწევლობას, საბოლოო შედეგის დაუდგომლობას, შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია აღნიშნულ მოთხოვნას მისცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და აღნიშნულ ნაწილშიც ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის შედავება, რამეთუ სახეზე არ არის სსსკ-ს 219.1 მუხლით რეგულირებული შემთხვევა, რომლითაც ,,მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე...’’. განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ახალ გარემოებაზე მითითებას, თუ ახალი მტკიცებულების წარმოდგენას, შ.პ.ს. ,,ტ------–-------’’ ჯერ კიდევ სარჩელის აღძვრისას მოითხოვდა გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას, ორმხრივი რესტიტუციის მოხმობის გზით, რისი სამართლებრივი შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა და შესაბამისად მოპასუხის შედავება თითქოს მოსარჩელე ითხოვდა ხელშეკრულებიდან გასვლას გაუმართლებელია და წარმოადგენს სარჩელის არასწორ ინტერპრეტაციას, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.13 სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება იურიდიული ფაქტია, რომელიც იწვევს ვალდებულებას, ვალდებულება კი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც წარმოიშობა არა მხოლოდ ხელშეკრულებიდან, არამედ სხვა საფუძვლებიდანაც. ანუ, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ვალდებულება ორი კატეგორიისაა - სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო. სახელშეკრულებო ვალდებულება წარმოიშობა ნებაყოფლობით, არასახელშეკრულებო კი, კანონით (მოვალის ნების საწინააღმდეგოდ) (სსკ-ის 316.1-ე და 317.1-ე მუხლები).

 

2.14 სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივი რეგულირებაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლში, კერძოდ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ხსენებული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი. ნასყიდობა ორმხრივად მავალდებულებელი გარიგებაა, რაც გამოიხატება, გამყიდველის ვალდებულებაში - გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო, მყიდველი ვალდებულია - გადაიხადოს ნასყიდობის შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება. ამასთანავე, რამდენადაც მხარეებმა საკუთრების უფლების გადაცემა დაუკავშირეს, სამომავლოდ თანხის სრულად გადახდის ფაქტს, სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზეა სსკ-ს 188-ე მუხლით განსაზღვრული პირობადადებული საკუთრების უფლების გადაცემა, კერძოდ, ნორმის თანახმად, თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ.

 

2.15 რამდენადაც, შეთანხმების საგანს შეადგენდა მოძრავი ნივთები, საკუთრების უფლების წესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მოხმობილი იქნა ასევე სსკ-ს 186-ე მუხლი, რომელიც ადგენს საკუთრების უფლების გადაცემის წესს და რომელიც ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემას უკავშირებს გამყიდველის მიერ ნამდვილი უფლების საფუძველზე ნივთის მყიდველისათვის გადაცემას.

 

2.16 სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის 2018 წლის 23 ოქტომბერს დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც დასათაურებულია, როგორც ,,ბეს გადახდის ხელშეკრულება’’, მხოლოდ ხელშეკრულების სახელწოდებიდან გამომდინარე ვერ მიიჩნევა, სამოქალაქო კოდექსის 421-423-ე მუხლებით რეგულირებულ ,,ბეს’’ ხელშეკრულებად და მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების შესაბამისად, მათ შორის დადებული გარიგება უნდა დარეგულირდეს ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით, რადგანაც შეთანხმების საგანს შეადგენდა გარკვეული პირობის შესრულების სანაცვლოდ საკუთრების უფლების გადაცემა, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების დადების დღეს გადაიხადა, მთლიანი ღირებულების 40%, 2 000 000 ლარი და იკისრა ვალდებულება დარჩენილი 3 000 000 ლარი გადაეხადა, არაუგვიანეს 2018 წლის 5 ნოემბრისა, რაც სასამართლოს შეფასებით ვერ დაექვემდებარება სსკ-ს 423-ე მუხლიდან გამომდინარე ,,ბეს’’ სახით მისი მიმღებისათვის დატოვებას.

 

2.17 კანონისმიერი სიტყვასიტყვითი განმარტების თანახმად, ბე არის ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი (სკ-ს 421-ე მუხლი). ბეს ძირითადი დანიშნულება არის ვალდებულების უზრუნველყოფა. ამ ასპექტში ბემ უზრუნველყოფის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარისათვის, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ბეს გადახდა მყიდველისათვის (ბეს მიმცემისათვის) გარანტიაა იმისა, რომ გამყიდველი სასურველ ნივთს სხვას არ მიჰყიდის. ასევე ხდება გამყიდველის უზრუნველყოფაც, თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და არ გადაიხდის ფასს სრულად, ბე რჩება გამყიდველს. ბე ასევე ასრულებს საგადამხდელო ფუნქციასა და მტკიცებით ფუნქციას, ამასთანავე, ბეს მიაწერენ სერიოზულობის ინდიკატორის ფუნქციას, რითაც ხელშეკრულების მხარეთა განზრახვის სერიოზულობას წამოსწევენ წინა პლანზე.

2.18 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ბე უნდა განსხვავდეს ავანსისგან, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების წინასწარ ნაწილობრივ ან მთლიან შესრულებას; ბესგან განსხვავებით, ავანსს არ ააქვს ხელშეკრულების დადების ფაქტის დასტურის ფუნქცია. გარეგნულად ორივე წამოადგენს შესრულების ნაწილის წინასწარ განხორციელებას მეორე მხარის სასარგებლოდ. თუმცა განსხვავებაც მნიშვნელოვანია. ავანსი არის გადახდა, რომელიც ხორციელდება უკვე დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად, მაშინ, როდესაც ბე ადასტურებს ხელშეკრულების დადებას, თუმცა ბე ავანსის ფუნქციასაც (წინასწარ გადახდას) ასრულებს ნაწილობრივ. ამიტომ თვლიან, რომ ბე საეჭვოობისას წარმოადგენს ავანსს და არა დამატებით საშუალებას.

 

2.19 ბე არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ხელშეკრულებას, არამედ იგი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილია. მისი გადაცემით დასტურდება მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. იგი ადასტურებს მხარეთა შორის უფლება-ვალდებულებების არსებობას და უზრუნველყოფს მის შესრულებას. საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად, ბეს ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც ხელშეკრულების დადების ფაქტს ადასტურებს, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (სსკ-ის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილი: „ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალში ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც) ითვალისწინებს მომავალში ხელშეკრულების დადების ვალდებულებას და არა გარიგების დადების ფაქტს. წინარე ხელშეკრულება ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა სახის არსებით პირობებზე თანხმდებიან მხარეები, რომელიც მომავალში დასადები ხელშეკრულების შინაარსს უკავშირდება. „ბეს“ ხელშეკრულება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათაგან ერთ-ერთი, ხელშეკრულების დადების ფაქტს ადასტურებს და ავანსისაგან (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი შესრულების წინასწარ ან მთლიანად გადახდილი თანხა) სწორედ ამით განსხვავდება. „ბე“ ხელშეკრულების ნაწილია და არა დამოუკიდებელი ხელშეკრულება და ეს განასხვავებს მას წინარე ხელშეკრულებისაგან ( სუსგ. საქმე №ას- 875-817-2017, 21.03.2018წ.)

 

2.20 სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა ზემოხსენებული დეფინიციებისა და განმარტებების მოხმობა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების დადგენა, მიუხედავად ხელშეკრულების სახელწოდებისა და მასში გაწერილი პუნქტებისა, საყურადღებოა, რომ კონკრეტული შემთხვევა ეხება საერთო სახელშეკრულებო ღირებულების 40%-ს, სოლიდური ოდენობის თანხას - 2 000 000 ლარს, შესაბამისად მნიშვნელოვანია განიმარტოს, როგორც მხარეთა შეთანხმების საგანი, ასევე კანონმდებლის მიდგომა მსგავსი ოდენობით განსაზღვრულ უზრუნველყოფის დამატებით ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებასთან მიმართებით. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა შეეფასებინა როგორც ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განმარტების გზით, ასევე ამ ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება-შეუსრულებლობის ხარისხისა, მათ შორის მხარეთა კეთილსინდისიერებისა და სსკ-ს 316.2 მუხლიდან გამომდინარე კანონით დადგენილი გულისხმიერი დამოკიდებულების ჭრილში, რითაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იქნებოდა სასამართლოს მიდგომის თვალსაჩინოება მოდავე სუბიექტებისათვის.

 

2.21 სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სადავო საკითხი შეეხება ორ მეწარმე სუბიექტს, რომელთაც მოეთხოვებათ წინდახედულობის მაღალი სტანდარტი, რაც მათ შორის მოიცავს წერილობითი ხელშეკრულების ფარგლებში გამოვლენილ ნებასთან და მის ბუნდოვანებასთან დაკავშირებული რისკის წევას. თუმცა არსებული შეთანხმების ბუნებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს გაუმართლებლად ხომ არ ამძიმებს სუბიექტის მდგომარეობას ბეს იმგვარი ოდენობა, რომელიც ხელშეკრულების საერთო ღირებულების 40%-ს შეადგენს.

 

2.22 სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტებს მოქმედების თავისუფალ არეალს ანიჭებს, ხოლო სამოქალაქო ბრუნვა ხელშეკრულების თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპია. აღნიშნული მუხლის საფუძველზე ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ პრინციპების გატარება, რომელიც კანონით აუკრძალავ ქმედებას თავისუფლებას იმ მომენტამდე ანიჭებს, სანამ ეს თავისუფლება სხვათა უფლებების შელახვის საფუძველი არ გახდება. ხელშეკრულების თავისუფლება რამდენიმე ასპექტით განისაზღვრება, ესენია: ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება, კონტრაჰენტის არჩევის შესაძლებლობა, ხელშეკრულების ფორმის არჩევის თავისუფლება, ხელშეკრულების ტიპის არჩევის თავისუფლება და ხელშეკრულების დადების თავისუფლება. თითოეული მათგანის რეალიზაცია ხელშეკრულების მონაწილეთა უფლებების განხორციელების შედეგს წარმოადგენს, რაც მხარეთა ნების ავტონომიაზე დაფუძნებული სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებით ხორციელდება. წერილობით ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერა ქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო ხელშეკრულების შინაარსს და სურს ასეთი სამართლებრივი შედეგის დადგომა. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება წარმოადგენს მისი მონაწილე მხარეების არჩევანის შესაძლებლობას, თავად, საკუთარი სურვილის შესაბამისად, მოახდინონ ნებისმიერი, კანონით აუკრძალავი სამართლებრივი პირობების ხელშეკრულებაში გაწერა. ასეთი პირობების გათვალისწინებით, შეადგინონ ხელშეკრულება სხვადასხვა ხელშეკრულებათა შინაარსის კომბინაციით, რაც მთლიანად მხარეთა ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული. შინაარსის თავისუფლების არსი წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც მხარეებს შეუძლიათ, ხელშეკრულებაში გაითვალისწინონ ისეთი პირობები, რომლებიც კანონმდებლობით გათვალისწინებული საერთოდ არ არის. მხარეთა ნებას, გაწერონ ხელშეკრულების შინაარსი უპირატესი ძალა გააჩნია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ეს სურვილი არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმებს (სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 319-ე და 54-ე მუხლის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ: „...სახელშეკრულებო სამართლის მიზანია, განსაზღვროს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც პირთა შორის შეთანხმებას მოჰყვება და შექმნას საფუძველი, რომ შეთანხმებას სახელმწიფო ცნობს როგორც მხარეთა ვალდებულების წარმოშობის წყაროს და საჭიროების შემთხვევაში იძულებით აღასრულებს მას. ამდენად, ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლების განსაზღვრა არსობრივად ნიშნავს, რომ ამა თუ იმ შემთხვევაში, სახელმწიფო არ ცნობს ხელშეკრულებას, როგორც სამართლებრივი მოთხოვნის წარმომშობ ინსტრუმენტს და, შესაბამისად, უარს ამბობს მის იძულებით აღსრულებაზე... ხელშეკრულების ბათილობა არ ზღუდავს პირის თავისუფალი მოქმედების ფარგლებს. ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლების განსაზღვრით სახელმწიფო ნეგატიურად არ ერევა ორი პირის კერძო ავტონომიაში, მათ მიერ სამოქალაქო ურთიერთობების ნების შესაბამისად წარმართვაში, არამედ იგი უარს ამბობს მისი პოზიტიური ვალდებულებების (ხელშეკრულების ცნობისა და აღსრულების) შესრულებაზე... ნორმის (სკ-ს 54-ე მუხლი) მიზანია არა ადამიანის დასაშვები ქცევის ფარგლების, არამედ იმ პირობების განსაზღვრა, რომელთა არსებობისასაც სახელმწიფო უარს ამბობს ხელშეკრულების სამართლებრივი ძალის ცნობასა და მის აღსრულებაზე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/7/679 გადაწყვეტილება; 29.12.2017წ.).

 

2.23 სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი გარიგების განმარტებას გონივრული განსჯის საფუძველზე ითვალისწინებს. აღნიშნული გულისხმობს, რომ გასარკვევია არა ის, თუ სიტყვასიტყვით რა წერია გარიგებაში, არამედ ის, თუ რა იგულისხმეს მხარეებმა გამოხატულ ნებაში. ნების გამოვლენის განმარტების ბუნდოვანება მის ბათილობას იწვევს. ხელშეკრულების განმარტებისას სასამართლო ეფუძნება სხვადასხვა საკითხებს. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა დამდგარ შედეგსა და კონკრეტულ ქმედებას/უმოქმედობას შორის. ხელშეკრულების სახელწოდებას (ან სახელწოდების (სათაურის) გარეშე ხელშეკრულებას) ან/და ხელშეკრულებაში გაწერილ ტერმინებს სახელშეკრულებო ურთიერთობის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. მთავარია რა იქნება ხელშეკრულების შინაარსში განსაზღვრული და როგორ იქნება იგი მხარეთა მიერ ჩამოყალიბებული. გადამწყვეტ როლს გამოვლენილი ნების დადგენა წარმოადგენს. სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულებაშივე არსებულ მხარეთა უფლება-მოვალეობების საკითხს, ხელშეკრულების საგანსა და სხვა, რაც სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია. ხელშეკრულების ტიპის არჩევა გარკვეულ შემთხვევებში კავშირშია ხელშეკრულების შინაარსთან.

 

2.24 სასამართლომ მიუთითა, რომ ბე არის ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი არაძირითადი, არამედ დამატებითი საშუალება. ბეს, გარდა იმისა, რომ ხელშეკრულების დადების დასტურის ფუნქცია აქვს, მას ასევე აქვს ერთგვარი დამატებითი გარანტორის ფუნქცია, რათა მხარეებმა ვალდებულებები შეასრულონ. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ გაუმართლებლად მაღალი ოდენობით ბეს განსაზღვრა თვით ამ ინსტიტუტის, როგორც უზრუნველყოფის დამატებითი საშუალების არსს ეწინააღმდეგება. ბეს ჩათვლა ზიანის ანაზღაურების ანგარიშში უზრუნველყოფის, ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს. 423.1 მუხლის მიხედვით, თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც ჩვეულებრივ გადასახდელი თანხის გადაუხდელობაში გამოიხატება, გადახდილი ბე რჩება მის მიმღებს. ამასთან, ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის 2018 წლის 23 ოქტომბერს დადებული შეთანხმება ვერ მოექცევა 421-423-ე მუხლების რეგულირების სფეროში და გადახდილი 2 000 000 ლარი ვერ მიიჩნევა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, იმ ხელშეკრულებისათვის, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 5 000 000 ლარს, მსგავსი შეთანხმება ვერ მიიჩნევა გონივრულად, ,,ბეს ხელშეკრულებისათვის’’, სკ-ს 327-ე მუხლის შესაბამისად არსებით პირობას შეადგენს მისი ოდენობა, რომელიც ხელშეკრულების სადავოობის პირობებში ვერ მიიჩნევა საერთო ღირებულების 40%-ად. ამასთანავე, მართალია კოდექსით არ არის განსაზღვრული ,,ბეს’’ ოდენობა და იგი შესაძლოა დაექვემდებაროს მხარეთა შეთანხმებას, სსკ-ს 319-ე მუხლის რეგულირებიდან გამომდინარე, თუმცა ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად ,,ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში’’, რაც იძლევა შესაძლებლობას განიმარტოს კანონმდებლის ნება და თავად აღნიშნული ინსტიტუტის მიზანი, უზრუნველყოს იმ ზიანის კომპენსირება, რაც დაკავშირებულია ვალდებულების შეუსრულებლობასთან.

სასამართლომ თანხის მოცულობიდან და შეთანხმებული პირობებიდან გამომდინარე კონკრეტული ხელშეკრულება ვერ მიიჩნია ,,ბეს’’ ხელშეკრულებად, მიუხედავად მხარეთა მიერ მისთვის აღნიშნული სახელწოდების მინიჭებისა. 2018 წლის 23 ოქტომბრის წერილობითი შეთანხმება მიმართული იყო სამომავლოდ საკუთრების უფლების გადაცემისაკენ, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, რაც სსკ-ს 477-ე მუხლის შესაბამისად ექცევა ნასყიდობის ხელშეკრულების რეგულირების სფეროში. ამასთანავე, რამდენადაც საკუთრების უფლების გადაცემა დაკავშირებული იყო სამომავლოდ 3 000 000 ლარის გადახდასთან, სახეზე გვაქვს სსკ-ს 188-ე მუხლით განსაზღვრული პირობადადებული საკუთრების ინსტიტუტი, რასთან კავშირშიც ყურადღება უნდა გამახვილდეს წერილობითი შეთანხმების მე-3 მუხლის ბოლო წინადადებაზე, სადაც განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი ელემენტი საკუთრების უფლების გადაცემის საკითხი და მისი გადაცემა დაკავშირებული იქნა საფასურის სრულად გადახდასთან, რაც სკ-ს 186-ე მუხლის შესაბამისად განაპირობებდა საკუთრების უფლების გადაცემას მოძრავ ნივთზე.

 

2.25 სსკ-ს 188-ე მუხლის განმარტების მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ დოგმატური თვალსაზრისით, საკუთრების უფლების პირობადებულობა ნიშნავს, რომ ნასყიდობის საგანი გამყიდველის საკუთრებაში რჩება და მყიდველი იღებს ისეთ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც არ წარმოადგენს სრულ საკუთრებას. სსკ-ს 188-ე მუხლის მიხედვით, პირობადებული საკუთრების არსი გამოიხატება საკუთრების უფლების გადაცემაზე პოზიტიური პირობის (სსკ-ს 93-ე მუხლი) დადგომით - ნივთის საფასურის გადახდით. პირობადებული საკუთრების წარმოშობა და ძალმოსილება დამოკიდებულია ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგების ნამდვილობაზე, ხოლო საკუთრების გადაცემა დამოკიდებულია ნასყიდობის საგნის საფასურის სრული გადახდის პირობაზე. სსკ-ს 477-ე მუხლის საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში, როგორც წესი, მხარეებმა ვალდებულებები მაშინვე უნდა შეასრულონ. პირობადებული საკუთრებით ნასყიდობის ხელშეკრულება კი შეიცავს გამყიდველისა და მყიდველის მოდიფიცირებულ ვალდებულებებს: ნასყიდობის ფასის დაუყოვნებლივ გადახდის ვალდებულება გარდაიქმნება მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის ნაწილ-ნაწილ გადახდის მომავალ ვალდებულებად. ხოლო გამყიდველის ვალდებულება მაშინვე საკუთრების გადაცემის შესახებ მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის სრული გადახდით წარმოიშობა.

 

2.26 სასამართლოს მითითებით, მხარეებმა საკუთრების უფლების გადაცემა დაუკავშირეს თანხის სრულად გადახდის ფაქტს, რაც მყიდველის მხრიდან უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2018 წლის 5 ნოემბრისა. მოსარჩელემ ვერ შეასრულა ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება და მის მიერ დამატებით 3 000 000 ლარი 2018 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით არ გადახდილა, გადახდილი იყო 2 000 000 ლარი და მოსარჩელე შესრულებისათვის დამატებითი ვადის სახით ითხოვდა 25 კალენდარულ დღეს, რაც კრედიტორის მხრიდან უარყოფილი იქნა და მოსარჩელეს შ.პ.ს. ,,ო------------------------’’ მიერ ხელშეკრულებაზე უარის საფუძვლით არ მიეცა შესაძლებლობა დამატებითი ვადის განსაზღვრის პირობებში შეესრულებინა დარჩენილი თანხის გადახდის ვალდებულება, რაც სსკ-ს 188-ე მუხლის შესაბამისად განაპირობებდა რესტიტუციას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, რის გამოც გამართლებულია შ.პ.ს. ,,ტ------–-------ს’’ მოთხოვნა გადაცემული თანხის უკან დაბრუნებასთან მიმართებით. პირობის შეუსრულებლობა სსკ-ს 188-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იწვევს რესტიტუციას, ანუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. გამყიდველი გავიდა ხელშეკრულებიდან, რადგან მყიდველმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სსკ-ის 508-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი უარს ამბობს ხელშეკრულებაზე მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ყოველი მხარე ვალდებულია ერთმანეთს დაუბრუნოს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია. გარდა აღნიშნულისა, სსკ-ის 477-ე, 352-ე, 405-ე მუხლების სამართლებრივი შედეგია ორმხრივი რესტიტუცია.

 

2.27 სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებდა მოპასუხის შედავებას თითქოს მას უარი არ უთქვამს დამატებითი ვადის განსაზღვრაზე და არ გამოუვლენია ნება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტაზე. საქმეში წარმოდგენილი მიწერილობებით ცალსახად ვლინდება მოპასუხის ნება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტასა და მიღებული 2 000 000 ლარის დატოვებასთან მიმართებით. ცალსახაა, რომ სწორე მოპასუხემ განაცხადა სამომავლო ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი, იმ საფუძვლით, რომ დაეტოვებინა მიღებული თანხა, სანაცვლო შესრულების გარეშე, მოპასუხემ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადა დამატებით 25 დღის განსაზღვრაზე, მაშინ როდესაც მისი კონტრაგენტის მხრიდან შესრულებული იყო სრული ვალდებულების 40%, ისე რომ მას არ სურს ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულის უკან დაბრუნება და აღნიშნულის სანაცვლოდ აფიქსირებს იმგვარ პოზიციას, რომ თითქოს მოსარჩელეს, როგორც ვალდებულების დამრღვევ მხარეს არ აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, მაშინ როდესაც აღნიშნული სარჩელით არც არის მოთხოვნილი.

 

2.28 სასამართლომ მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებებზე და აღნიშნა, რომ „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განსაზღვრა, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება და სადავო სამართალურთიერთობისადმი მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა და ის შეზღუდული არ არის მხოლოდ მხარის მიერ მითითებული სამართლის ნორმებით. სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია გადაცემული თანხის უკან დაბრუნების დამატებით სამართლებრივ საფუძვლად მოეხმო უსაფუძვლო გამდიდრების სამართალი, სახელდობრ კი შესრულების კონდიქციის შესაბამისი მარეგულირებელი ნორმები (სსკ-ს 385-ე მუხლის შესაბამისად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი). მიუთითა სსკ-ს 976-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ შესრულების კონდიქციის გამოყენებისათვის აუცილებელია რაიმეს გადაცემა შესრულებით. რაიმეს გადაცემის ქვეშ იგულისხმება ნებისმიერი სარგებლის მომტანი სამართლებრივი სიკეთე. კერძოდ, მოხმობილი ნორმის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში (976.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი). სასამართლომ მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებები უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებთან მიმართებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე დამატებით განმარტა, რომ პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, არ არის მნიშვნელოვანი რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

2.29 მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობისა და გადაცემული თანხის უკან დაბრუნების გამართლებისა და სასამართლო მიდგომის თვალსაჩინოების მიზნით, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია შეფასება მიეცა მხარეთა კეთილსინდისიერებასა და მათ გულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეორე მხარის უფლებებისა და ქონების მიმართ. სსკ-ს 316.2 მუხლის შესაბამისად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს. ამავე კოდექსის 10.3 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. 8.3 მუხლის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ხოლო, 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

2.30 სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ს 8.3 მუხლი დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა ზოგადად დამრღვევისათვის ვალდებულების დაკისრების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს (სუსგ, 21.05.2012წ, საქმე Nას-221-213-2012). კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეულ უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე (იხ. სუსგ. 24.05.2011წ, საქმე Nას-23-18-2011). ამასთანავე, უფლების ბოროტად გამოყენების 115-ე მუხლით მოწესრიგებული შემადგენლობა 8.3 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დაკონკრეტებაა, რომელიც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი ვლინდება ურთიერთობის მონაწილე ,,სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაში იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას’’. სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლება სახელშეკრულებო სამართლიანობის ფარგლებში მოქმედებს და სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებმა სამოქალაქო უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელონ (იხ. სუსგ, 13.02.2007წ., საქმე Nას-505-889-06). კერძო ავტონომიის შეზღუდვა გამოიხატება ასევე სამოქალაქო უფლებების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულების დაკისრებასა (8.3 მუხლი) და უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობაში (10.3 მუხლი). ორივე შემთხვევაში ამ შეზღუდვის მიზანი არის სხვათა თავისუფლების დაცვა. უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის მიზანს სამოქალაქო კოდექსი აღწევს, ერთი მხრივ, იმპერატიული ნორმების დაწესებით, რომლებიც ბათილად მიიჩნევენ უფლების ბოროტად გამოყენებას, ხოლო, მეორე მხრივ, შიკანის აკრძალვით (115-ე მუხლი). 8.3 მუხლის შესაბამისად კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები, რაც ,,ინდივიდის თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა’’. თავის მხრივ, 115-ე მუხლი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის ,,კეთილსინდისიერების პრინციპის’’ გამოხმაურებაა.

 

2.31 სასამართლოს მითითებით, კრედიტის უზრუნველყოფის სამართლის მთავარი მიზანი კრედიტორის უფლებებისა და ინტერესების დაცვაა. თუმცა, მიუხედავად კრედიტორის უფლებების უპირატესი დაცვისა, გასათვალისწინებელია ასევე მოვალის ინტერესებიც, რადგან ყოველმა მართლწესრიგმა უნდა უზრუნველყოს სამართლიანობა და საპირისპირო ინტერესთა ბალანსი. ამიტომ, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი უყურადღებოდ არ ტოვებს მოვალეს და იცავს მას არაკეთილსინდისიერი კრედიტორისაგან. ის თუ როგორი კრედიტორი მიიჩნევა არაკეთილსინდისიერად, ეს შეფასების საკითხია და სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს ნორმებს, რომლებიც ემსახურებიან მოვალის ქონებრივი უფლებების დაცვას. მართლწესრიგი არც მოვალეს უნდა მოექცეს უსამართლოდ და იქ, სადაც შესაძლებელია მისი ინტერესების გათვალისწინება კრედიტორთა ინტერესების შელახვის გარეშე, სამართალმა ეს უნდა გააკეთოს. უზრუნველყოფის თითქმის ყველა საშუალება შეიცავს ნორმებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც მოვალის დაცვას ემსახურებიან და კრედიტორს არ აძლევენ იმის უფლებას, რომ ნებისმიერ დროს დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა მოვალის ქონების ხარჯზე.

 

2.32 მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი დროულად და ჯეროვნად შეასრულა, რაც გამოიხატა მოპასუხისათვის 2 000 000 ლარის გადახდაში, ბუნებრივია არსებობდა დასაბუთებული და სამართლიანი მოლოდინი იმისა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის პირობებში, მოსარჩელე შეძლებდა დარჩენილი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას. მოპასუხემ კი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადა ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელებაზე. მოპასუხემ არ მიუთითა, თუ რა სასიცოცხლო ინტერესი ჰქონდა მას ვალდებულების 2018 წლის 5 ნოემბრამდე შესრულების მიმართ და რა ზიანი მიადგებოდა მოსარჩელისათვის დამატებით სულ რაღაც 25 კალენდარული დღით ვალდებულების შესრულების გადავადებით. მოპასუხემ აღნიშნული ქმედებებით დაარღვია კეთილსინდისიერი კონტრაჰენტის როგორც კანონისმიერი, ასევე სახელშეკრულებო ვალდებულებები და ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უარი თქვა მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რისი უფლებაც მას საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდა. მოპასუხის კორესპონდენციებში/ქმედებებში დამოკიდებულებაში აშკარად ჩანს, რომ მის ინტერესს ხელშეკრულების შესრულება კი არ წარმოადგენდა, არამედ მოპასუხის მიერ ,,ბედ’’ მიჩნეული კოლოსალური თანხის - 2 000 000 ლარის დასაკუთრება.

 

2.33 საქმეში წარმოდგენილი მიწერილობებით დგინდება, რომ შ.პ.ს. ,,ტ------–------მა’’ აცნობა შ.პ.ს. ,,ო----------------------ს’’ ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში შესრულების შეუძლებლობა და თხოვა მისი გადავადება 25 დღით, რაც არ გაითვალისწინა მეორე მხარემ და უარი თქვა ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით ვადის მიცემაზე იმ საფუძვლით, რომ მისთვის უცნობი იყო ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. ამასთანავე, არც მიწერილობებითა და არც სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული პოზიციითა, თუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, თავად მოპასუხეს არ უდასტურებია ის არსებითი და მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ხელშეკრულების დათქმულ ვადაში - 5 ნოემბრამდე შესრულებასთან მიმართებით. მოპასუხის მხრიდან არ წარმოდგენილა არც ერთი მტკიცებულება, რაც მიუთითებდა მის მიერ დამატებითი ვადის მიცემის შეუძლებლობაზე. გასაგებია, რომ შპს ,,ო----------------------ს’’ ხელშეკრულებით ჰქონდა უფლება მიეღო 3 000 000 ლარი 2018 წლის 5 ნოემბერს, თუმცა კერძო სამართალში განმტკიცებული კეთილსინიდისიერების პრინციპიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობის ნებისმიერ მონაწილეს მოეთხოვება მეორე მხარის მდგომარეობის მხედველობაში მიღება, იმ ფარგლებში, რაც არ გამოიწვევს მისი უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას. მოპასუხე ვერ ასაბუთებს, თუ რა ზიანი ადგებოდა მას, რაც შეუძლებელს გახდიდა დამატებითი ვადის მიცემას მოვალისათვის. მხარეთა კეთილსინისიერებისა და მათი გულისხმიერი დამოკიდებულების განსასაზღვრად მნიშვნელოვანია თავად ხელშეკრულების შინაარსის შეფასება, რომელიც შ.პ.ს. ,,ო----------------------ს’’ აღჭურვავდა შესაძლებლობით დაეტოვებინა 2 000 000 ლარი, საპირწონე შესრულების გარეშე, შესაბამისად სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა, რომ სწორედ ამ სახელშეკრულებო პირობის არსებობის გამო განაცხადა უარი მოპასუხემ დამატებითი ვადის განსაზღვრაზე, რაც სამართლებრივად გასაკიცხი ქმედებაა და სასამართლო მიუხედავად არსებული შეთანხმებისა იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე ყოველმხრივ გამოხატავდა მზაობას ვალდებულების შესრულების მიმართ, დამატებით 25 დღის ვადის მიუცემლობის პირობებში ვერ მიიჩნევს გამართლებულად ,,ბეს’’ სამართლებრივ ნორმებზე აპელირების გზით აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დატოვებას, მით უფრო, რომ საუბარია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 40%-ზე - 2 000 000 ლარზე.

 

2.34 სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოებაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს შეადგენდა 20 დამოუკიდებელი, ინდივიდუალურად განსაზღვრული ობიექტი - ავტომანქანა და საუბარი არ იყო, რაიმე ერთ 5 000 000 ლარის ღირებულების ნივთზე, შესაბამისად კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე მოპასუხე მხარეს სულ ცოტა მოეთხოვებოდა მოთხოვნილი ოდენობით გადაევადებინა ვალდებულების შესრულების ვადა ან/და გადახდილი თანხის შესაბამისად მიეწოდებინა შესაბამისი ოდენობის ავტომანქანა. იმ შემთხვევაში, თუ ,,ბეს’’ სახით გადახდილი იქნებოდა მცირე ოდენობის თანხა, შესაძლოა ამგვარად არ შეფასებულიყო მოპასუხის ქმედება, თუმცა, როდესაც მას მიღებული აქვს ნასყიდობის მთლიანი ღირებულების 40%, რაც შეადგენს 2 000 000 ლარს, ,,ბეს’’ ხელშეკრულებაზე აპელირებით აღნიშნული თანხის დატოვება, საპირწონე ღირებულების ობიექტების გადაცემის გარეშე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიჩნევა გონივრულად, გამართლებულად და კეთილსინდისიერ ქცევად. გარდა აღნიშნულისა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ევალებათ ერთმანეთის ინტერესებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება, რაც მოიცავს მათ შორის ერთმანეთის მდგომარეობის გათვალისწინებას. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე არ უთითებს არც ერთ იმგვარ გარემოებაზე, რაც მას აიძულებდა ხელშეკრულებიდან გასვლას და დამატებით 25 დღის მიცემის შეუძლებლობას, სასამართლომ მოპასუხის ამგვარი დამოკიდებულება თავისი კონტრაგენტის მიმართ ვერ განიხილა კეთილსინდისიერად და შესაბამისად მიუხედავად ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა, მოსარჩელე ვერ განიხილა ხელშეკრულების დამრღვევ მხარედ და ზიანის ანაზღაურების ანგარიშში ვერ დატოვებდა 2 000 000 ლარს.

 

2.35 შეჯამების სახით, სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.). კონკრეტულ შემთხვევაში, შ.პ.ს. ,,ტ------–------მა’’ უზრუნველყო მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება, რის გამოც სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

 

სასამართლომ იმსჯელა აგრეთვე, საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციასთან მიმართებით და აღნიშნა შემდეგი:

 

რამდენადაც, სადავოა საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია განიხილოს არსებული დავა, მიზანშეწონილია გადაწყვეტილების ფარგლებშიც მიეცეს შეფასება მოპასუხის კონკრეტულ შედავებას. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას. ამავდროულად, მოხმობილი კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის დებულებები არ ვრცელდება საქართველოს სამართლის იმპერატიული ნორმების მოქმედებაზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის სამართალი გამოიყენება ურთიერთობათა მოწესრიგებისას.

ზოგადი დათქმის შესაბამისად, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი განსაზღვრავს, რომ საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. კანონის მე-9 მუხლი აკონკრეტებს საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის საფუძველთა ჩამონათვალს, რომლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი საქართველოა. კანონის მე-18 მუხლი მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ უცხო ქვეყნის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე, თუ ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი უცხო ქვეყანაში აქვს.

მხარეთა შორის 2018 წლის 23 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების მე-11 პუნქტის შესაბამისად, ,,ხელშეკრულება შედგენილია ინგლისისა და უელსის კანონების შესაბამისად და ყველა ის საკითხი, რაც დარეგულირებული არ არის ხელშეკრულებით უნდა გადაწყდეს ინგლისისა და უელსის კანონების შესაბამისად. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. მოლაპარაკებით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმე განიხილება ინგლისის სასამართლოში შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით’’. გარემოება, რომ მხარეებმა ნამდვილად გამოავლინეს აღნიშნულთან დაკავშირებით ნება ცალსახაა, თუმცა სასამართლოს განსჯადობისა, თუ საერთაშორისო კომპეტენციის საჯარო-სამართლებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე მისი მოწესრიგება ვერ დაექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის 319.1 მუხლით განმტკიცებულ კერძო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპს - ,,ნების ავტონომიას’’ და უცხო ქვეყნის სასამართლოს ლეგიტიმაცია იმ პირობებში, თუ არ იარსებებს ალტერნატივის შესაძლებლობა ვერ დარეგულირდება მხარეთა ნების გამოვლენით, რამეთუ საკითხი ითვალისწინებს კანონით რეგულირებულ ურთიერთობას და შესაბამისად გარიგების კონკრეტული პირობის ნამდვილად მიჩნევისათვის სავალდებულოა იგი შესაბამისი იყოს კანონის დანაწესთან [სკ-ს 54-ე მუხლი: ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს]. ამდენად, მხოლოდ მხარეთა მიერ კონკრეტული სახელმწიფოს სამართლის იურისდიქციის აღიარება ვერ აქცევს მას ნამდვილ პირობად იმ ვითარებაში, როდესაც ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 18.3 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში დაიშვება შეთანხმება თუ ერთ-ერთ მხარის ადგილსამყოფელი ჩვეულებრივ ამ ქვეყანაში აქვს. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილია ორივე სუბიექტის ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები არიან. გარემოება, რომ შ.პ.ს. ,,ო------------------------’’ 100% წილის მესაკუთრეა ვ-------------------–----- რეგისტრირებული ,,პ-–------------–--------ი’’ არ ცვლის მოცემულობას უშუალოდ მოპასუხის სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით, რადგანაც სსკ-ის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. სსკ-ის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან. ნებისმიერი, როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო იურიდიული პირი დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობის მატარებელი სამართალსუბიექტია, რომელიც საკუთარი სახელით მონაწილეობს სამოქალაქო ბრუნვაში და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და ამ გარიგებების საფუძველზე აგებს პასუხს მესამე პირთა წინაშე, შესაბამისად შეთანხმება უცხო ქვეყნის სასამართლოს კომპეტენციასთან დაკავშირებით იმ ვითარებაში, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე პირები საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები არიან და ამავდროულად ხელშეკრულების შესრულების ადგილიც საქართველოა გამორიცხავს ინგლისის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციას. ამდენად, სსკ-ს 319-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებული ,,ნების ავტონომიის’’ პრინციპი ვერ გადაწონის კანონით განსაზღვრულ იმპერატიულ დათქმას და უცხო ქვეყნის კომპეტენციის შერჩევას მხოლოდ მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენას ვერ დაუქვემდებარებს. ხელშეკრულების მე-11 მუხლი, როგორც კანონშეუსაბამო მიჩნეულ უნდა იქნეს ბათილად, რომელიც ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, ამასთანავე უნდა განიმარტოს, რომ გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც (სსსკ-ს 62-ე მუხლი).

დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაციის რეგისტრაციის ადგილია - საქართველო, ქ--------------------–---–----------- (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან სფ. გვ. 57-59). ამავე კანონის, 18.3. მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ უცხო ქვეყნის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე, თუ ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი უცხო ქვეყანაში აქვს. მოხმობილი ნორმების შესაბამისად, სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე მოსარჩელეს შეეძლო სარჩელი წარმოედგინა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში (შესაბამისი განსჯადობით), რადგან საქართველოს სასამართლოებს გააჩნიათ ხსენებული საქმის განხილვის კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენცია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და 18.3. მუხლების შესაბამისად. ამდენად, კანონმდებლის ფორმალური მოთხოვნა, რომ დავის მონაწილე ერთ-ერთი მხარის საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი უცხო ქვეყანაში უნდა ჰქონდეს, სხვა ქვეყნის სასამართლოს კომპეტენციის შესახებ შეთანხმების კანონიერების განსამტკიცებლად დაცული არ არის.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ, გადაწყვეტილების 3.2. პუნქტით, არასწორად მიიჩნია დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ შ.პ.ს. ,,ტ------–-------ს" მიერ შ.პ.ს. ,,ო------------------------ათვის" გადახდილი 2 000 000 ლარი წარმოადგენს ნასყიდობის საფასურს, რომელიც ხელშეკრულებით შეთანხმებული შედეგის მიუღწევლობის გამო, ორმხრივი რესტიტუციის პრინციპიდან გამომდინარე ექვემდებარება უკან დაბრუნებას. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა დავის ფაქტობრივ გარემოებებს და მხარეთა მიერ მითითებულ სამართლებრივ საფუძვლებს, როცა მიიჩნია, რომ შ.პ.ს. ,,ტ------–------სა" და შ.პ.ს. ,,ო----------------------ს" შორის 2018 წლის 23 ოქტომბრის "ბეს გადახდის ხელშეკრულება" არ წარმოადგენს "ბეს" ხელშეკრულებას. (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტი. გვ.10-11). სასამართლო, გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა ხელშეკრულებას უწოდეს ბეს გადახდის ხელშკრულება, მიუხედავად იმისა, რომ თავად ხელშეკრულებით გაწერილი პუნქტები და მისი შინაარსი "იმეორებს სსკ-ს 421-423 მუხლების შინაარსს", სასამართლო ვერ განიხილავს მას სამოქალაქო კოდექსის 421-423 მუხლების მიზნებიდან გამომდინარე, "ბეს" შესახებ შეთანხმებად. მიზეზად კი, თუ რატომ არ მიიჩნევს სასამართლო გადახდილ თანხას - 2 000 000 ლარს - "ბედ", მოჰყავს შემდეგი განმარტება: "მართალია კოდექსით არ არის განსაზღვრული "ბეს" ოდენობა და იგი შესაძლოა დაექვემდებაროს მხარეთა შეთანხმებას", მაგრამ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 40% არ შეიძლება ჩაითვალოს "ბედ".

აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (რასაც თვით სასამართლოც არ უარყოფს, იხ. გვ 10) და არ ეფუძნება არანაირ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც ეჭვის ქვეშ დააყენებდა მხარეთა მიერ ნების გამოვლენის ნამდვილობას. საქართველოს კანონმდებლობა არ ზღუდავს მხარეებს ბეს ოდენობის განსაზღვრისას, ბეს ოდენობის მარეგულირებელი ნორმა სამოქალაქო კანონმდებლობაში არ არსებობს. შესაბამისად, სასამართლო დაეყრდნო არა სამართლებრივ საფუძველს, არამედ მხოლოდ პირად, სუბიექტურ მოსაზრებას.

სასამართლოს ასევე არასწორად აქვს შეფასებული შ.პ.ს. ,,ო------------------------" ქმედებების კეთილსინდისიერება დამატებითი ვადის განსაზღვრასთან მიმართებაში, (იხ.გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი გვ. 12-13) კერძოდ, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, თითქოს შ.პ.ს. ,,ო----------------------მა" განუცხადა შ.პ.ს. ,,ტ------–------ს" უარი დამატებითი ვადის განსაზღვრაზე და არ გადაუვადა შესრულება 25 დღის ვადით. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, შემდეგ გარემოებათა გამო: 2018 წლის 04 ნოემბერს შ.პ.ს. ,,ტ------–------მა" წერილით მიმართა შ.პ.ს. ,,ო----------------------ს" და მოითხოვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულების გადავადება 2018 წლის 30 ნოემბრამდე. ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზად მიუთითა "განსაკუთრებული გარემოებების" არსებობა, თუმცა არ დაუკონკრეტებია თუ რა იგულისხმებოდა "განსაკუთრებულ გარემოებებში", რატომ უნდა ჩაეთვალა შ.პ.ს. ,,ო----------------------ს" მათი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა საპატიოდ და რატომ უნდა მიეცა დამატებითი ვადა 2018 წლის 30 ნოემბრამდე. შესაბამისად, შ.პ.ს. ,,ო----------------------მა" 2018 წლის 08 ნოემბრის წერილით მოსთხოვა მათ არაუგვიანეს 12 ნოემბრისა წარმოედგინათ წერილობითი დასაბუთება, თუ რას გულისხმობდნენ "განსაკუთრებულ გარემოებაში". 2018 წლის 11 ნოემბრის წერილში შ.პ.ს. "ტ------–------მა" ზოგადად მიუთითა, რომ ვინაიდან მათმა კონტრაქტორმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დათქმულ დროში ვერ მოახერხა, სესხის მიღების თხოვნით მიმართეს საბანკო დაწესებულებას, რომელმაც სესხის მისაცემად თვის ბოლომდე ითხოვა ვადა. აღნიშნული მიზეზი არ ყოფილა დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებით და გამოიწვია ეჭვი, რომ არ ეფუძნებოდა რეალურ გარემოებებს. შ.პ.ს. ,,ტ------–------ს" არ წამოუდგენია არც ის ხელშეკრულება, რომელიც თითქოსდა არ შეასრულა ერთერთმა კონტრაქტორმა და არც რომელიმე ბანკთან ნაწარმოები კორესპონდენცია სესხის აღების თაობაზე, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა, რომ საჭირო თანხის სესხის გაცემას ბანკი შეძლებდა მხოლოდ თვის ბოლოს. მიუხედავად, მოსარჩელის სამართლებრივად დაუსაბუთებელი მოთხოვნებისა, შ.პ.ს. ,,ო----------------------მა" 2018 წლის 21 ნოემბრის წერილითაც კი გამოთქვა მზადყოფნა წარმოშობილი საკითხების განსახილველად შეხვედრასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან, აპელანტისთვის გაუგებარია რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გადაწყვიტა სასამართლომ, რომ შ.პ.ს. ,,ო----------------------მა" უარი განაცხადა დამატებითი ვადის განსაზღვრაზე და როდის გამოავლინა ნება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.

აპელანტის მითითებით, სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ მხარეებს შორის ბოლო კომუნიკაციის შემდეგ, როდესაც შ.პ.ს. ,,ტ------–-------" ირწმუნებოდა, რომ 30 ნოემბერს შეძლებდა ვალდებულების შესასრულებლად საჭირო თანხის აკუმულირებას, შ.პ.ს. ,,ტ------–------ს" არ გამოუხატავს ნება და მზადყოფნა დარჩენილი თანხის დასაფარად. მათ 30 ნოემბერს არც საბანკო კრედიტი აუღიათ და არც კონტრაქტორი კომპანიისათვის უცნობებიათ, რომ უკვე შეეძლოთ ვალდებულების შესასრულებლად საჭირო თანხის გადახდა. შესაბამისად, როგორ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ მოპასუხემ არ მისცა დამატებითი ვადა მოსარჩელეს ვალდებულების შესასრულებლად, მაშინ როდესაც შესრულების ვადის (05 ნოემბრის) 17 დღის გადაცილების შემდეგაც კი, შ.პ.ს. ,,ო----------------------ი" მზად იყო ეწარმოებინა მოლაპარაკებები და რჩებოდა შესაბამის სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ასევე არასწორია შეფასება, რომ თითქოს მოპასუხე უარს ამბობდა ხელშეკრულებასა და დარჩენილი შესრულების მიღებაზე, მაშინ როდესაც, არც 21-დან 30 ნოემბრამდე პერიოდში და არც მას შემდეგ, ერთხელაც არ მიუმართავთ შ.პ.ს. ,,ო------------------------ათვის" დარჩენილი თანხის მობილიზებისა და გადახდისათვის მზადყოფნის თაობაზე.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ, 3.2.1. ფაქტობრივ გარემოებაში არასწორი შეფასება მისცა 21.11.2018 წლის წერილს, როცა აღნიშნა: "მართალია 21.11.2018წ. მოპასუხემ დამატებითი მიწერილობის ფარგლებში გამოხატა ნება მოლაპარაკების წარმოებაზე, თუმცა ამავე მიწერილობის ფარგლებში მიუთითა, რომ უარს არ აცხადებდა 23.10.2018 წ. ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებულ უფლებებზე და რაც მთავარია სამომავლოდ აღნიშნული მოლაპარაკება არ შემდგარა, შესაბამისად ცალსახაა, რომ სწორედ მოპასუხემ განაცხადა სამომავლო ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი, იმ საფუძვლით, რომ დაეტოვებინა მიღებული თანხა, სანაცვლო შესრულების გარეშე." სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელემ კი არა, მოპასუხემ თქვა ხელშეკრულებაზე უარი და გავიდა ხელშეკრულებიდან. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მხარეთა შორის არსებული ბოლო კომუნიკაციითაც კი, შ.პ.ს. ,,ო----------------------ი" გამოხატავდა მზადყოფნას მოლაპარაკების მიზნით შესახვედრად. მოსარჩელეს არ წამოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტას ან მის უარს მოსარჩელის შესრულების მისაღებად. პირიქით, 2018 წლის 4 ნოემბრიდან, ოფიციალური მიმოწერის დაწყების დღიდან, შ.პ.ს. „ტ------–-------“ დაჟინებით ითხოვდა 2 000 000 ლარის უკან დაბრუნებას, რითაც გამოხატავდა ხელშკრულების მოშლის სურვილს.

სასამართლომ არასწორად არ დაადგინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შ.პ.ს. „ო----------------------ს“ შ.პ.ს. „ტ------–-------სთვის“ არ გაუგზავნია შეტყობინება ხელშეკრულებიდან გასვლის, ან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მიმოწერა შ.პ.ს. „ო----------------------ს“ და შპს „ტ------–------ს“ შორის მოიცავს მხოლოდ მოპასუხის მხრიდან შ.პ.ს. „ტ------–-------სთვის“ ხელშეკრულების ცალკეული მუხლების და მისი სამართლებრივი შედეგების განმარტებას იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შ.პ.ს. „ტ------–-------“ მის მიერ გამოგზავნილ წერილებში თავიდანვე უთითებდა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხა იყო ავანსი და არა ბე (იხ. შ.პ.ს. „ტრანსლუდის“ სარჩელის დანართები). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოების დადგენა განხორციელდა მტკიცებულებათა არასწორი შეფასებისა და მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციპის უხეში დარღვევით. აპელანტის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ,,საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს {სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი} (შდრ. სუსგ Nას-279-264-17, 21.04.2017წ.) „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული. (იხ. სუსგ. Nას-686-2019; 19.07.2019) საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 13 იანვრის განჩინებაში საქმეზე #ას-940-886-2010 აღნიშნულია, რომ ,,მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის (მოსამართლეთა) მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფრომაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომელიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.....გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლოს მიერ გაკეთებული ნებისმიერი დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რელაობასთან მიმართებაში. აღნიშნულის გარეშე საამართლოს დასკვნა იქნება არალოგიკური, არსებულ რეალობას მოკლებული და არაადეკვატური".

 

სამართლებრივ უსწორობებთან დაკავშირებით, აპელანტი აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, „სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.“ ამავე კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, „1. საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. 2. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებაში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, აგრეთვე არასწორად განმარტა კანონი.

შ.პ.ს. „ტ------–-------“-ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2018 წლის 23 ოქტომბერს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ შეწყვეტის გამო, მოპასუხისთვის 2 000 000 ლარის გადახდის დაკისრება, როგორც ხელშეკრულების საფუძვლეზე მიღებული შესრულების უკან დაბრუნება. მოსარჩელე მხარე ძირითადად აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ მან მოპასუხეს, მართალია, ბეს ხელშეკრულების საფუძველზე წინასწარ ჩაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბეს თანხა, მაგრამ აღნიშნული თანხა მას უნდა დაბრუნებოდა უკან და უნდა მიჩნეულიყო ავანსად. ამასთან, მიიჩნევდა, რომ შ.პ.ს. „ო----------------------მა“ უკანონოდ შეწყვიტა მასთან ხელშეკრულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სრულიად არასწორად და დაუსაბუთებლად იქნა გაზიარებული მოსარჩელე მხარის პოზიცია, სამართლებრივად არასწორად იქნა შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები, რიგ შემთხვევებში, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და საკუთარი ინიციატივით დაასახელა და შეაფასა სარჩელის საფუძვლები, რითაც დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინიციპი: სასამართლო გადაწყვეტილებაში მთავარ არგუმენტად და სამართლებრივ დასაბუთებად მოხმობილია არა სამართლის კონკრეტული ნორმა, არამედ მოსამართლის ლოგიკური მსჯელობა, რომ, როდესაც ბე წარმოადგენს ნასყიდობის ძირითადი თანხის 40 %-ს, არ შეიძლება მისი მიჩნევა ბედ. აღნიშნულ მსჯელობას სასამართლო ვერ ასაბუთებს ვერცერთი სამართლებრივი ნორმითა და სასამართლო პრაქტიკით. აქედან გამომდინარე, მოცემულ საკითხთან მიმართებით სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 421-423-ე მუხლები, რომლებიც ბეს არეგულირებს: „სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ ხელშეკრულებას, რომელიც დასათაურებულია, როგორც ,,ბეს გადახდის ხელშეკრულება’’, ვერ განიხილავს მას სამოქალაქო კოდექსის 421- 423-ე მუხლების მიზნებიდან გამომდინარე, ,,ბეს’’, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებასთან მიმართებით შეთანხმებად, რამეთუ ,,ბეს’’ სახით განსაზღვრული თანხა შეადგენს მთლიანი გადასახდელი თანხის (5 000 000 ლარი) 40%-ს, რაც გონივრული სტანდარტიდან გამომდინარე ვერ მოექცევა ,,ბეს’’ სამართლებრივ რეგულირებაში. სასამართლომ საკუთარი ინციატივით, არასწორად მოიხმო და განმარტება მისცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლს, რომლის თანახმად, „1. თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ. პირველ ნაწილში აღნიშნული პირობა შესრულებულად ითვლება მაშინაც, თუ გამსხვისებელი ნებისმიერი სხვა გზით, ვიდრე საფასურის გადახდაა, დაკმაყოფილდება, ან თუ შემძენი მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.“ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ეყრდნობა აღნიშნულ მუხლს და აღნიშნავს, რომ შპს „ო----------------------მა“ უნდა დააბრუნოს 2 000 000 ლარი, როგორც მიღებული შესრულება. თუმცა, უგულებელყოფს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული თანხა, თავისი სამართლებრივი ბუნებით იყო ბე და ნასყიდობის თანხის ანგარიშში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ჩათვლილი, თუ შ.პ.ს. "ტ------–-------" შეასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას სრულად. ამასთან, სახეზე არ გვაქვს გამსხვისებლის მხრიდან ხელშეკრულებაზე უარის თქმაც.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად არ დაადგინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შ.პ.ს. „ო----------------------ს“ შ.პ.ს. „ტ------–-------სთვის“ არ გაუგზავნია შეტყობინება ხელშეკრულებიდან გასვლის, ან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მიმოწერა შ.პ.ს. „ო----------------------სა“ და შ.პ.ს. „ტ------–------ს“ შორის მოიცავს მხოლოდ მოპასუხის მხრიდან შ.პ.ს. „ტ------–-------სთვის“ ხელშეკრულების ცალკეული მუხლების და მისი სამართლებრივი შედეგების განმარტებას იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შ.პ.ს. „ტ------–-------“ მის მიერ გამოგზავნილ წერილებში თავიდანვე უთითებდა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხა იყო ავანსი და არა ბე.

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის გამო განხორციელებული შესრულების უკან დაბრუნება. იმ პირობებში, როცა მოსარჩელეს არც კი დაუშვია, რომ 2018 წლის 23 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება ბათილია, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და დაიწყო აღნიშნულ გარიგებაზე, როგორც ბათილ გარიგებაზე მსჯელობა: კერძოდ, სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 54-ე მუხლები და აღნიშნა, რომ ბეს ხელშეკრულება ბათილია სწორედ მხარეთა მიერ მითითებული ბეს ოდენობის გამო, რაც, რასაკვირველია სრულიად დაუსაბუთებელი მსჯელობაა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ მოცემული სამართალურთიერთობის შეფასებისას.

გარდა იმისა, აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ 2018 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე იმსჯელა, როგორც ბათილ გარიგებაზე, ასევე მან მოიხმო სამოქალაქო კოდექსის მე-9, მე-10.3.-ე, 8.3-ე და 115-ე მუხლები. აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლომ იმსჯელა განსახილველ შემთხვევაში შ.პ.ს. „ო------------------------ მხრიდან“ არაკეთილსინდისიერებაზე და უფლების ბოროტად გამოყენებაზე. სასამართლოს მიერ ამ მუხლების გამოყენება უკანონოა და დაუსაბუთებელი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირიქით, შ.პ.ს. „ო----------------------ი“ ზემოაღნიშნულ სამართალურთიერთობაში იმდენად კეთილსინდისიერია, რომ მიუხედავად მეორე მხარის მიერ ვალდებულების დარღვევისა, დღემდე არ უარყოფს, რომ თუ მოწინააღმდეგე მხარე შეასრულებს თავის ვალდებულებას იგი მზადაა გადასცეს მას ავტომობილები. სწორედ ამ პოზიციიდან გამომდინარე, მას დღემდე არცერთი შეტყობინება არ გაუგზავნია ტ------–-------სთვის ხელშეკრულებიდან გასვლის/შეწყვეტის თაობაზე.

სასამართლოს მიერ კანონიერი საფუძვლის არარსებობაზე მითითება და სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი მუხლების მოხმობა სრულიად დაუსაბუთებელია და წარმოადგენს თავად სასამართლოს მიერ მითითებული სხვა სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხავ მსჯელობას. იმ გარემოებას, რომ თითქოს შ.პ.ს. „ტ------–-------ს“ მიერ გადახდილი 2 მილიონი ლარი არის ავანსი და არა ბე, სასამართლო არაერთხელ ასაბუთებს იმ მოსაზრებით, რომ ბეს თანხა შეუსაბამოდ მაღალია და წარმოადგენს ხელშეკრულების ღირებულების 40 %-ს. იმ პირობებში, როცა 2018 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულება ნამდვილია და საუბარია მხოლოდ ჩარიცხული თანხის სამართლებრივ ბუნებაზე, კანონიერი საფუძვლის არარსებობაზე მითითება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. საინტერესოა, შპს „ტ------–------ს“ რომ ბეს სახით გადმოერიცხა არა 2 მილიონი, არამედ, მაგალითად, 200 000 ლარი, ამ შემთხვევაში არ გამდიდრდებოდა უსაფუძვლოდ შ.პ.ს. „ო----------------------ი“? სასამართლო გადაწყვეტილება სრულად ეფუძნება მხოლოდ მოსამართლის ჰიპოთეტურ ვარაუდებს, არცთუ ისე ლოგიკურ მოსაზრებებს და სამართლის ნორმები მისადაგებულია სწორედ ამ ვარაუდებზე და არა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე. სასამართლო გადაწყვეტილებაში ვხვდებით შემდეგი შინაარსის მსჯელობასაც: „მხარეთა კეთილსინისიერებისა და მათი გულისხმიერი დამოკიდებულების განსასაზღვრად მნიშვნელოვანია თავად ხელშეკრულების შინაარსის შეფასება, რომელიც შპს ,,ო----------------------ს’’ აღჭურვავდა შესაძლებლობით დაეტოვებინა 2 000 000 ლარი, საპირწონე შესრულების გარეშე, შესაბამისად, სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომ სწორედ ამ სახელშეკრულებო პირობის არსებობის გამო განაცხადა უარი მოპასუხემ დამატებითი ვადის განსაზღვრაზე, რაც სამართლებრივად გასაკიცხი ქმედებაა“ (იხ. 11.11.2019 წლის გადაწყვეტილება, გვ.12-13). აღნიშნული მსჯელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სუბიექტური მოსაზრებებით და არასრულად და არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები (მხარეთა შორის ნაწარმოები მიმოწერა, შესაგებელი, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება).

გასაჩივრებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში ასევე არასწორი შეფასება აქვს საქმეში წარმოდგენილ სადავო თანხის გადარიცხვის დამადასტურებელ ქვითარს: სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადახდო დავალების დანიშნულებაში მითითებულია არა ბე, არამედ ავტომანქანების ღირებულების საფასური. აღნიშნულ მტკიცებას აბსოლუტურად აბათილებს 2018 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბეს სახით 2 მლნ ლარის გადახდის ფაქტი დასტურდება შესაბამისი საბანკო გადარიცხვის ქვითრით.

ამდენად, აპელანტი თვლის, რომ შ.პ.ს. „ტ------–-------“-ს სარჩელი დაუსაბუთებელია და უკანონო და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317.1. მუხლის მიხედვით, „ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.“

2018 წლის 23 ოქტომბერს შ.პ.ს. „ტ------–------ს“ და შ.პ.ს. „ო----------------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება ბეს გადახდის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, ბეს მიმცემმა ,ანუ მყიდველმა, ბეს მიმღებს (გამყიდველს) ბეს სახით გადასცა ფულადი თანხა _ ორი მილიონი ლარის ოდენობით, რითაც როგორც ხელშეკრულების პირველ მუხლშია აღნიშნული, დადასტურდა ბეს მიმღების კუთვნილ 20 ავტომობილის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულების დადების ფაქტი. ხელშეკრულების მე-2 მუხლში კი აღინიშნა, რომ “გადახდილი ბე _ წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მტკიცებულებას და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას." ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საგნის ფასად განისაზღვრა 5000 000 ლარი. მყიდველმა აიღო ვალდებულება, რომ არაუგვიანეს 2018 წლის 5 ნოემბრისა გამყიდველს გადაუხდიდა 3000 000 ლარს, რის შემდეგაც, გადახდილი ბე ჩაითვლებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში.

აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ცდილობს, საკუთარი პოზიცია დააფუძნოს იმ გარემოებაზე, რომ თითქოს შ.პ.ს. ,,ტ------–-------ს" მხრიდან 2000000 ლარის გადახდა იყო არა ბეს გადახდა გამყიდველისთვის, არამედ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული შესრულება. აღნიშნული მტკიცება უდავოდ მცდარია და ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, "ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. "შპს "ტ------–------სა" და შპს "ო----------------------ს" შორის 2018 წლის 23 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს "ტ------–-------ს" მიერ შპს "ო------------------------თვის" გადახდილი თანხა წარმოადგენს ბეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, "ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, ხოლო, თუ არ ჩაითვლება, – ხელშეკრულების შესრულების შემდეგ იგი უკან უნდა დაბრუნდეს." მოცემული მუხლი არეგულირებს, თუ როგორ შეიძლება გადაწყვიტონ მხარეებმა ბეს სახით გადახდილი თანხის ბედი მას შემდეგ, რაც ვალდებულება შესრულდება. კერძოდ, ბე შეიძლება ჩაითვალოს ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, ან თუ არ ჩაითვლება, უკან უნდა დაბრუნდეს. შ.პ.ს. ,,ტ------–------მა" და შ.პ.ს. ,,ო----------------------მა", ხელშეკრულების დადებისას ეს საკითხიც გაითვალისწინეს და აირჩიეს 422-ე მუხლით გათვალისწინებული ვარიანტებიდან პირველი _ ბეს თანხის ჩათვლა ვალდებულებით გათვალისიწნებული გადასახდელის ანგარიშში: 23.10.2018 წლის ბეს გადახდის ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, "აღნიშნული თანხა (იგულისხმება გადახდილი 2 000 000 ლარი), ჩაითვლება ბეს მიმცემის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, რომელიც შეადგენს 5 000 000 ლარს." გარდა ამისა, შპს ტ------–-------ს მიერ გადახდილი ბეს თანხის _ 2 000 000 ლარის სამართლებრივ შინაარსს უდავოდ და არაერთხელ ადასტურებს მხარეთა მიერ 23.10.2018 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 მუხლები, ასევე თავად ხელშეკრულების სახელწოდება, რომელსაც შპს "ტ------–-------ს" წარმომადგენელი სარჩელის პირველ ფაქტობრივ გარემოებაში ცდილობს ე.წ. ,,ბეს გადახდის ხელშეკრულება" უწოდოს.

ყოველივე ზემოთთქმულით მტკიცდება, რომ შ.პ.ს. ,,ტ------–-------ს“ მიერ გადახდილი 2 მილიონი ლარი თავისი შინაარსით არის ბე, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება და ბეს მიცემის ფაქტი არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება გაიგივდეს მყიდველის მიერ ვალდებულების ნაწილის შესრულებასთან იმ პირობებში, როცა მყიდველს მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდა არ განხორციელებულა. 2018 წლის 23 ოქტომბრის ,,ბე“-ს გადახდის ხელშეკრულების" მე-6 მუხლის თანახმად, "ვალდებულების ბეს მიმცემის ბრალით შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ ბეს მიმცემი დარჩენილ თანხას _ 3 000 000 (სამ მილიონ) ლარს არ გადაიხდის არაუგვიანეს 2018 წლის 5 ნოემბრისა, ბეს სახით გადახდილი 2 000 000 ლარი რჩება ბეს მიმღებს." აღნიშნულ შემთხვევას ანალოგიურად არეგულირებს სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, "თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს."

როგორც სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებზე შესაგებლის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით და სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებითაც დგინდება, რომ მოსარჩელე მხარემ არ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ გადაუხადა 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი. შესაბამისად, მის მიერ გადახდილი ბე უნდა დარჩეს შ.პ.ს. „ო----------------------ი“-ს საკუთრებაში. შ.პ.ს. ,,ტ------–-------"-ს მტკიცება, (რომელიც სასამართლომ გაიზიარა) თითქოს შ.პ.ს. ,,ო----------------------ი"-ს მხრიდან განხორციელდა ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტა, სიმართლეს არ შეესაბამება. შ.პ.ს. ,,ო----------------------ს“ დღემდე არ აქვს მოსარჩელე მხარისთვის გაგზავნილი შეტყობინება ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. პირიქით, ერთადერთი მხარე, რომელიც დღეის მდგომარეობით არღვევს 2018 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, არის შ.პ.ს. „ტ------–-------“, რომელმაც არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და არც შემდგომში გამოთქვამს ამის სურვილს, მიუხედავად ამ პრობლემის მოგვარების მიზნით წარმართული არაერთი მოლაპარაკებისა.

მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველ ნაწილს, 405-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებს და გაუგებარია, რა საფუძვლით ამბობს უარს შ.პ.ს. „ტ------–-------“ ხელშეკრულებაზე, როცა ვალდებულება თავადვე დაარღვია, ხოლო შ.პ.ს. „ო----------------------ს“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მისთვის არ შეუტყობინებია. 2018 წლის 23 ოქტომბრის „ბეს გადახდის შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებამდე“.

აპელანტის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, ასევე გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით იმსჯელა საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის თაობაზე და არასწორად დაადგინა საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია, შემდეგ, გარემოებათა გამო:

2018 წლის 23 ოქტომბრის შ.პ.ს. „ტ------–------სა“ და შ.პ.ს. „ო----------------------ს“ შორის გაფორმებული "ბეს გადახდის" ხელშეკრულების მე-11 პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს ინგლისის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია, ხოლო გამოსაყენებელ სამართლად კი აირჩიეს ინგლისისა და უელსის კანონმდებლობა. კერძოდ, ხელშეკრულების მე-11 პუნქტის თანახმად: ,,ხელშეკრულება შედგენილია ინგლისისა და უელსის კანონების შესაბამისად და ყველა ის საკითხი რაც დარეგულირებული არ არის ხელშეკრულებით უნდა გადაწყდეს ინგლისისა და უელსის კანონების შესაბამისად. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. მოლაპარაკებით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმე განიხილება ინგლისის სასამართლოში შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით".

ხელშეკრულების ასეთი დათქმა გამორიცხავს მოცემული საქმის განხილვას საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, ვინაიდან საქართველოს სასამართლოს არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია განიხილოს და გადაწყვიტოს აღნიშნული დავა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე სასამართლოს კომპეტენტურობაზე პროტესტის გარეშე თანხმდება.

საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხე სასამართლოს კომპეტენტურობაზე პროტესტის გარეშე თანხმდება პროცესში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ: ა) მოპასუხე წარმოდგენილია ადვოკატის მიერ; ბ) მოსამართლემ შეატყობინა მოპასუხეს პროტესტის განცხადების შესაძლებლობაზე და ეს შეტყობინება დაფიქსირებულია საქმის წარმოების ოქმში. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს საქარათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, „ არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, ამასთან, თუ მოპასუხე წარმოდგენილი იქნება ადვოკატით ან მიეცემა განმარტება სასამართლოს არაგანსჯადობისა და მისი შედეგების, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მას უფლება აქვს წამოაყენოს შესაგებელი არაგანსჯადობის წინააღმდეგ. სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ასეთი განმარტების მიცემის შესახებ უნდა აღინიშნოს სასამართლო ოქმში.” იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებმა თავიდანვე გამოხატეს თავიანთი ნება და დავის წარმოშობის შემთხვევაში განსაზღვრეს განსჯადი სასამართლო, _ ინგლისის სასამართლოს სახით, ასევე დააყენეს პროტესტი და შუმდგომლობით მოითხოვეს დავის განხილვა მომხდარიყო ინგლისის სასამართლოს მიერ, სასამართლოს მიერ აღნიშნული დავის განსჯადობით დაქვემდებარება, არ იყო სამართლებრივად დასაბუთებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, "სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო კომპეტენცია. პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობას სააპელაციო სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იგი საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას იყო წამოყენებული მოპასუხის მიერ, ან თუ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც ასეთი მოთხოვნა ვერ იქნა წინა ინსტანციაში წამოყენებული."

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ, საქმის განხილვისას ასევე უგულებელყო მხარეთა ნება, რომელიც გათვალისწინებული იყო ბეს გადახდის შესახებ ხელშეკრულების მე-11 მუხლით: „ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის შემთხვევაში, საქმე განიხილება ინგლისის კანონმდებლობის შესაბამისად.“ საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მიხედვით: 1. სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე ბათილობის შედეგები, ვალდებულებათა დარღვევა, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი ვალდებულებების დარღვევის ჩათვლით, წესრიგდება მხარეების მიერ არჩეული ქვეყნის სამართლით. 2. არჩეული ქვეყნის სამართალი მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შეიცვალოს სხვა ქვეყნის სამართლით ხელშეკრულების დადების შემდეგაც. 3. სამართლის არჩევა ჩაითვლება ბათილად, თუ იგი უგულებელყოფს ხელშეკრულებასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართლის იმპერატიულ ნორმებს. აპელანტმა მიუთითა საქართველოს უზენესი სასამართლო გადაწყვეტილებაზე (#ას-209-196-2015), აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში საერთოდ უგულებელყოფილია სამართლის გამოყენების საკითხი და იგი არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას, თუ რატომ არ იხელმძღვანელა სასამართლომ მხრეთა მიერ არჩეული სამართლით, რითაც დაირღვა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 35-ე მუხლის დანაწესი. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ადასტურებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შპს „ტ------–-------ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 ვინაიდან, გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინება სასამართლოს განსჯადობასთან დაკავშირებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ.პ.ს. ,,ო------------------------“-ს შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს არაგანსჯადობისა და შესაბამისი საერთაშორისო კომპეტენციის არარსებობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია თავდაპირველად იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.

სააპელაციო საჩივრის ავტორი განსჯადობის საკითხს სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ 2018 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-11 მუხლით გაიწერა: ,,ხელშეკრულება შედგენილია ინგლისისა და უელსის კანონების შესაბამისად და ყველა ის საკითხი, რაც დარეგულირებული არ არის ხელშეკრულებით უნდა გადაწყდეს ინგლისისა და უელსის კანონების შესაბამისად. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. მოლაპარაკებით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმე განიხილება ინგლისის სასამართლოში შესაბამისი კანონმდებლობით’’. აპელანტის მითითებით, ხელშეკრულების ასეთი დათქმა გამორიცხავს მოცემული საქმის განხილვას საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, ვინაიდან საქართველოს სასამართლოს არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილოს და გადაწყვიტოს აღნიშნული დავა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ უცხო ქვეყნის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე, თუ ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი უცხო ქვეყანაში აქვს. ასეთ შეთანხმებაზე შესაბამისად ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტი.

განსახილველ შემთხვევაში, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებით და საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების მხარეები არიან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები, შ.პ.ს. ,,ტ------–-------“-ს იურიდიული მისამართია ქ------–------------–-----------------------, ხოლო შ.პ.ს. ,,ო----------------------ი“-ს მისამართია ქ-------------------–---–---------------------–-------------–-----–---------------------. მხარეთა შორის დავა არ გამომდინარეობს უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და, შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მითითება თბილისის საქალაქო სასამართლოს არაგანსჯადობასთან დაკავშირებით. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ მხარეთა მიერ კონკრეტული სახელმწიფოს სამართლის იურისდიქციის აღიარება ვერ აქცევს მას ნამდვილ პირობად იმ ვითარებაში, როდესაც „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 18.3 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში დაიშვება შეთანხმება თუ ერთ-ერთი მხარის ადგილსამყოფელი ჩეულებრივ ამ ქვეყანაში აქვს.

აპელანტი მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით: საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხე სასამართლოს კომპეტენტურობაზე პროტესტის გარეშე თანხმდება პროცესში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ: ა) მოპასუხე წარმოდგენილია ადვოკატის მიერ; ბ) მოსამართლემ შეატყობინა მოპასუხეს პროტესტის განცხადების შესაძლებლობაზე და ეს შეტყობინება დაფიქსირებულია საქმის წარმოების ოქმში. მითითებული ნორმა ვერ გახდება გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმაში მითითებული ტერმინი ,,მოპასუხე“, მოიაზრებს უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს სასამართლოს კომპეტენტურობაზე თანხმდება პროტესტის გარეშე. საქართველოში საცხოვრებელი ადგილის, რეზიდენციის ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელის მქონე მოპასუხესთან დაკავშირებით კი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი ადგენს, რომ საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენციას.

დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ტ------–------მა“ სარჩელი აღძრა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი განსჯადობის წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოში და საქმე განიხილა განსჯადმა სასამართლომ. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არის წინააღმდეგობაში. კერძოდ, აპელანტი ერთის მხრივ მიუთითებს, რომ საქართველოს სასამართლოებს არ აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ, აპელანტი ითხოვს მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება შ.პ.ს. ,,ტ------–-------“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4.2 რაც შეეხება შ.პ.ს. „ო----------------------ი“-ს სააპელაციო საჩივარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სამართლებრივად უნდა შეფასდეს, თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მხარეებს შორის. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ-ები: ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

სააპელაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, თუ რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის მიღწევა და ამის შემდეგ შეამოწმებს სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს.

მხარეთა შორის 2018 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ,,ბეს მიმცემი (მყიდველი)’’ გადასცემს ,,ბეს მიმღებს (გამყიდველს)’’ ფულად თანხას 2000000 ლარის ოდენობით, რითაც დასტურდება მოპასუხის კუთვნილი, ხელშეკრულების დანართში გაწერილი 20 ერთეული ავტომობილის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულების დადების ფაქტი. შეთანხმების მე-2 პუნქტის მიედვით, ,,ბე’’ წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მტკიცებულებას და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას. შეთანხმების მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადაცემული თანხა ჩაითვლებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, რომლის საერთო ღირებულებაც განისაზღვრებოდა 5 000 000 ლარის ოდენობით, საიდანაც 2 000 000 ლარი მყიდველმა გამყიდველს საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე. ამავე პუნქტით, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება დარჩენილი 3 000 000 ლარი გადაეხადა არაუგვიანეს 2018 წლის 5 ნოემბრისა. თანხის სრულ გადახდამდე ნასყიდობის საგანი (ავტომობილები) რჩებოდა ,,ბეს მიმღების (გამყიდველის)’’ საკუთრებაში. მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას ეკისრებოდა მიღებული თანხის (ე.წ. ,,ბე’’), ორმაგად - 4000000 ლარის ოდენობით დაბრუნება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე (ე.წ. ,,ბეს მიმცემი’’) ვერ უზრუნველყოფდა დარჩენილი 3 000 000 ლარის გადახდას, არაუგვიანეს 2018 წლის 5 ნოემბრისა, მის მიერ გადაცემული 2 000 000 ლარი რჩებოდა მოპასუხეს (ე.წ. ,,ბეს მიმღებს’’).

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 421-423-ე მუხლები, რასაც სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის მიხედვით, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზის თანახმად, ბეს უპირველესი დანიშნულება არის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება და გადაცემული ბე ასრულებს მხოლოდ ამ ფუნქციას. ბე არის შესრულების საგნისგან განცალკევებული ფასეულობა. რახან, ბე ხელშეკრულების დადების ფაქტს ამტკიცებს, იგი უმეტესწილად გამოიყენება კრედიტორის მიერ იქ, სადაც ურთიერთობის ბუნებიდან თუ პარტნიორის თვისებებიდან გამომდინარე, მეტი შესაძლებლობაა ხელშეკრულების დარღვევისა. პრაქტიკა მეტყველებს ასევე, რომ ბე გამოიყენება იქ, სადაც ხელშეკრულების ფორმა ნაკლებად უზრუნველყოფს მის სიმტკიცეს, მაგალითად, ზეპირ გარიგებებში. სამოქალაქო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელი ანგარიშში, რაც შესაძლებელია, როდესაც ბე შესრულების ორგანული ნაწილი ხდება, ივარაუდება, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულა, ამიტომაცაა, რომ ვიდრე არ მომხდარა შესრულება, ბეს მიცემა არც ნაწილობრივ შესრულებად განიხილება. ამით განსხვავდება ბე ავანსისგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არაფერს ამბობს ბეს შესაძლო ოდენობის თაობაზე, ლოგიკური და ბრუნვის შესატყვისი იქნება ბეს იმ ოდენობით განსაზღვრა, რაც ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში არ ჩააყენებს მხარეს უსამართლოდ მძიმე მდგომარეობაში (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ.421-423, წიგნი მესამე, 2001 წ.) ბეს ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ხელშეკრულების მხარეებს ევალებათ ბეს ოდენობის განსაზღვრა სახელშეკრულებო კეთილსინდისირების პრინციპის დაცვით“ (იხ. ს.უ.ს.გ. #ას-1476-2019, 07.02.2020).

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებიდან და თანხის მოცულობიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ნასყიდობის საგანი არის 20 ავტომანქანა, რომელთა მთლიანი ღირებულება შეადგენს 500000 ლარს, შ.პ.ს. ,,ტ------–-------“-ს მიერ გადახდილი 2 000 000 ლარი არის 2018 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება, რასაც ადასტურებს ასევე შ.პ.ს. ,,ტ------–-------“-ს მიერ გადახდის დანიშნულებად მითითებული _ ,,ავტომობილების საფასური’’, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება კი გამორიცხავს გადახდილი სადავო თანხის ბედ მიჩნევას, მიუხედავად მხარეთა მიერ მისთვის აღნიშნული სახელწოდების მინიჭებისა. 2018 წლის 23 ოქტომბრის წერილობითი შეთანხმება მიმართული იყო სამომავლოდ საკუთრების უფლების გადაცემისაკენ, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, რაც სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად ექცევა ნასყიდობის ხელშეკრულების რეგულირების სფეროში. ამასთანავე, რამდენადაც საკუთრების უფლების გადაცემა დაკავშირებული იყო სამომავლოდ 3000000 ლარის გადახდასთან, სახეზე გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლით განსაზღვრული პირობადადებული საკუთრების ინსტიტუტი, რასთან კავშირშიც ყურადღება უნდა გამახვილდეს წერილობითი შეთანხმების მე-3 მუხლის ბოლო წინადადებაზე, სადაც განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი ელემენტი საკუთრების უფლების გადაცემის საკითხი და მისი გადაცემა დაკავშირებული იქნა საფასურის სრულად გადახდასთან, რაც სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად განაპირობებდა საკუთრების უფლების გადაცემას მოძრავ ნივთზე.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითებას მის შესახებ, რომ მას უარი არ უთქვამს დამატებითი ვადის განსაზღვრაზე და არ გამოუვლენია ნება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტაზე, რადგან აღნიშნული გარემოებები საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. პალატა ეთანხმება გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებას აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძოდ, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილებით ცალსახად ვლინდება მოპასუხის ნება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის და მიღებული 2 000 000 ლარის დატოვებასთან მიმართებით. სწორედ მოპასუხემ განაცხადა სამომავლო ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი. პალატა განმარტავს, რომ თუ არა ხელშეკრულების შეყვეტას, სხვას რას შეიძლება მიუთითებდეს შ.პ.ს. ,,ო----------------------ი“-ს მიერ წერილში გამოხატული ნება იმის შესახებ, რომ ვინაიდან შ.პ.ს. ,,ტ------–------მა“ არ შეასრულა ხელშეკრულების პირობა, არ ითხოვს ვალდებულების სრულად შესრულებას, იტოვებს გადახდილ 2 000 000 ლარს და მყიდველს არ გადასცემს ნასყიდობის საგანს. ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებამდე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებაზე უარის თქმას, სამართლებრივ შედეგებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, ხოლო წინაპირობებს 405-ე მუხლები.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება საფასურის პირველი ნაწილის _ 2 000 000 ლარის სრულად დაფარვის შესახებ და ჰქონდა კეთილსინდისიერი მცდელობა დარჩენილი თანხა გადაეხადა დამატებით 25 დღის ვადაში, რის შესახებაც მიმართა შ.პ.ს. ,,ო----------------------ს“ შესაბამისი დასაბუთებით. შ.პ.ს. ,,ო----------------------მა“ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადა დამატებით 25 დღის განსაზღვრაზე, მაშინ როდესაც მისი კონტრაგენტის მხრიდან შესრულებული იყო სრული ვალდებულების 40% და ვერ შეძლო დაედასტურებინა თუ რით იყო განპირობებული მისი მხრიდან დამატებითი ვადის განსაზღვრის შეუძლებლობა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს შეადგენდა 20 ინდივიდუალურად განსაზღვრული დამოუკიდებელი ობიექტი _ ავტომანქანა და ნასყიდობის საგანი არ იყო 5 000 000 ლარად ღირებული ერთი ნივთი. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე მოპასუხე მხარეს სულ ცოტა მოეთხოვებოდა გადაევადებინა ვალდებულების შესრულების ვადა ან/და გადახდილი თანხის პროპორციულად მიეწოდებინა შესაბამისი ოდენობის ავტომანქანა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჩაითვლებოდა ბეს ხელშეკრულებად, როგორც ამას აპელანტი მიუთითებს, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,,ო----------------------ი“ არ იყო უფლებამოსილი დაეკავებინა შ.პ.ს. ,,ტ------–-------“-ს მიერ გადახდილი თანხა 2000000 ლარი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ ბე დარჩეს ბეს მიმღებს, მხოლოდ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი არ არის საკმარისი საფუძველი, აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა ბეს მიმცემის ბრალით იყოს გამოწვეული, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება და 2019 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, შ.პ.ს. „ო----------------------ი“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ.პ.ს. „ო----------------------ი“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება და 2019 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინება.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე

 

გენადი მაკარიძე