გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.04.2026
საქმის ნომერი
ბს-1130(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1130(კ-25) 26 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. კ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და 2024 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ

დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. კ-ამ 2021 წლის 16 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 100 000 (ასი ათასი) ლარის, მატერიალური ზიანის სახით 19 500 (ცხრამეტი ათას ხუთასი) ლარის სოლიდარულად დაკისრება.

სარჩელის მიხედვით, ა. კ-ა 2015 წლის 7 აპრილს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მიერ დაკავებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა (07.04.2015–07.09.2015), რაც შემდგომში შეიცვალა გირაოთი. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის განაჩენით იგი გამართლდა სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახით დაენიშნა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა (აღსრულება გადავადდა). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის განაჩენით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეიცვალა და ა. კ-ა სრულად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განაჩენით ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული, რის შედეგადაც გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ უკანონო სისხლისსამართლებრივმა დევნამ გამოიწვია მისი პატიმრობა, ფინანსური ზარალი (19500 ლარი) და ბინადრობისა და სამეწარმეო საქმიანობის უფლების დაკარგვა, ასევე - მნიშვნელოვანი მორალური ზიანი 100000 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს მოპასუხეებისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ა. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ა. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება. საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ა. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 2 000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურება, ასევე 1 000 ლარის ოდენობით ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის განაჩენით (საქმე №1-137-15) მოსარჩელე ნაწილობრივ გამართლდა, ხოლო შემდგომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის განაჩენით სრულად იქნა გამართლებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით. ასევე დადასტურდა, რომ მოსარჩელე 2015 წლის 7 აპრილიდან 7 სექტემბრამდე იმყოფებოდა პატიმრობაში და მის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი იქნა 19 500 ლარი.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევაში ზიანი ანაზღაურდება ბრალის არსებობის მიუხედავად, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია ქმედების უკანონობისა და მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენა. სასამართლომ მიუთითა, რომ გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს მარეაბილიტირებელ გარემოებას, რომელიც ადასტურებს პირის უდანაშაულობას და აძლევს მას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (ასევე სსსკ-ის 92-ე მუხლის ფარგლებში).

მორალური ზიანის შეფასებისას საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე უკანონოდ იყო დაკავებული დაახლოებით 5 თვის განმავლობაში და ამ პერიოდში იყო ორსულად, რაც ზრდიდა სულიერი ტანჯვის ხარისხს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ა. კ-ას სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 19 500 ლარის ოდენობით ადვოკატისთვის გადახდილი ჰონორარის მოპასუხეზე დაკისრებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი უკანონო დევნასა და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯებს შორის, თუმცა გონივრული შეფასების ფარგლებში ანაზღაურება განსაზღვრა 2 000 ლარით.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობას, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობისთვის აუცილებელი იყო სამინისტროს თანამშრომელთა მიერ უკანონო საგამოძიებო მოქმედებების დადასტურება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა, შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და დაადგინა, რომ სარჩელი შეტანილი იყო კანონით დადგენილ ვადაში, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების თარგმანი მოსარჩელის წარმომადგენელს ჩაბარდა 2018 წლის 10 აპრილს, ხოლო სარჩელი წარდგენილი იქნა 2021 წლის 5 აპრილს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. კ-ამ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება, თუმცა არ დაეთანხმა მატერიალური ზიანის ოდენობას და გადაწყვეტილება შეცვალა მხოლოდ ამ ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 26 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ა. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 17 500 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა. კ-ა საბოლოოდ გამართლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის განაჩენით, რომელიც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით, რაც წარმოადგენდა მარეაბილიტირებელ გარემოებას. შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასებით, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები მიჩნეულიყო უკანონოდ და სახელმწიფოს დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება ბრალის მიუხედავად.

თუმცა, საკასაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე და აღნიშნა, რომ დელიქტური მოთხოვნებისთვის მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით დადგენილი 3-წლიანი ვადა, რომელიც აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირმა შეიტყო ზიანისა და პასუხისმგებელი პირის შესახებ. ამ შემთხვევაში, ეს მომენტი დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინების ჩაბარებასთან.

საკასაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება, რომელმაც ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაუკავშირა განჩინების რუსულ ენაზე ჩაბარებას (2018 წლის 10 აპრილი). სასამართლომ მიუთითა, რომ ადვოკატისთვის ქართულ ენაზე განჩინების ჩაბარება იყო საკმარისი და არ არსებობდა მისი თარგმნის ვალდებულება. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები (კერძოდ, განჩინების ჩაბარების ზუსტი თარიღი და ადვოკატის უფლებამოსილება) და არასწორად განსაზღვრა ხანდაზმულობის ათვლის მომენტი, რის გამოც გადაწყვეტილება მიიჩნია დაუსაბუთებლად. შედეგად, გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისთვის, ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტის დადგენისა და საქმის გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ა. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება რომლითაც ა. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დაადგინა, რომ ა. კ-ა საბოლოოდ გამართლდა 2017 წლის 25 ივლისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, რომელიც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით, რაც წარმოადგენდა მისი რეაბილიტაციის საფუძველს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის, მის მიმართ გამოყენებული ღონისძიებები მიჩნეულ იქნა უკანონოდ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს დელიქტურ ვალდებულებას, რომელზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით დადგენილი 3-წლიანი ვადა და აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ა. კ-ას ინტერესებს სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენდა ადვოკატი ა. ტ-ა, რომლის უფლებამოსილებაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დადასტურდა ორდერებით (სსსკ-ის 44-ე მუხლი; „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 19-ე მუხლი) და შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინების ჩაბარება ადვოკატისთვის მიიჩნევა კანონიერად ჩაბარებად.

სააპელაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან საქმის მასალებით დადგინდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინება ადვოკატს ჩაბარდა 2018 წლის 27 მარტს მისამართზე ოჯახის წევრისთვის გადაცემის გზით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 27 მარტიდან და დასრულდა 2021 წლის 27 მარტს, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2021 წლის 16 აპრილს, ანუ სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოთხოვნა იყო ხანდაზმული, ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა და სწორედ ამ საფუძვლით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ამ.

კასატორის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს მითითების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხებზე, რაც არაობიექტურად განახორციელა (გაიმეორა უზენაესი სასამართლოს მოსაზრება, ხოლო ა. კ-ას წარმომადგენლის პოზიცია არ ასახა გადაწყვეტილებაში) - არ გაარკვია იყო თუ არა ა. ტ-ა ა. კ-ას ადვოკატი უზენაეს სასამართლოში. კასატორის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემომითითებული 19.03.2018 წლის განჩინების ჩაბარების მტკიცებულება არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში, ხოლო ა. ტ-ა არ იყო ა. კ-ას ლეგიტიმური ადვოკატი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

კასატორის მითითებით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 02.08.2021 წლის №966 ცნობის თანახმად (საქმე №1-137-15), საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინება ჩაბარდა ადვოკატ ა. ტ-ას 2018 წლის 27 მარტს და მასვე ეცნობა, რომ განჩინება რუსულ ენაზე ა. კ-აზე გადასაცემად გადაეგზავნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ადვოკატი ა. ტ-ა განჩინებას ქართულ ენაზე ა. კ-ას არ გაუგზავნიდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 05.04.2018წ. გაცემული №55პ-17 ცნობის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მარტის განჩინება რუსულ ენაზე ნათარგმნი ა. ტ-ას გაეგზავნა და ჩაბარდა 2018 წლის 10 აპრილს. კასატორის მოსაზრებით, მინიმუმ ამ დროიდან უნდა ათვლილიყო სასამართლოსთვის მიმართვის 3 წლიანი ვადა. ყურადსაღებია, რომ უზენაესი სასამართლოს 19.03.2018 წ. განჩინება და მისი თარგმანი რუსულ ენაზე უშუალოდ ა. ტ-ას არ ჩაბარებია. ისინი ჩაბარდა ვინმე ხ. ხ-ეს, რომელიც არ არის ა. ტ-ას ოჯახის წევრი, რითაც დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები და გზავნილები არ შეიძლება ჩაითვალოს ადრესატისთვის ჩაბარებულად (ქართულ ენაზე განჩინების ჩაბარება ხ. ხ-ეის მიერ ფიქსირდება 27.03.18 წელს, ხოლო განჩინების თარგმანის - 10.04.2018 წელს).

საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ადვოკატი ა. ტ-ა ბრალდებულ ა. კ-ას დაცვას ახორციელებდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლოს საქმეთა პალატაში (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ ა.კ-ას დაცვის დოკუმენტში, ადვოკატ ა. ტ-ას ორდერში მითითებულია, რომ ის იცავს მსჯავრდებულს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ადვოკატის ორდერის საქმეში არ არსებობის გამო არ უნდა გაეგზავნა ა. ტ-ასთვის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინება და ამ განჩინების რუსულ ენაზე შესრულებული თარგმანი. აღნიშნული განჩინება უნდა გაეგზავნა სასამართლოს უშუალოდ ა. კ-ასთვის.

კასატორის დასკვნით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მარეაბილიტირებელ გადაწყვეტილებებს, თუმცა სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის ვადის ათვლა განსაზღვრა არასწორად - 2018 წლის 27 მარტიდან, ნაცვლად 2018 წლის 10 აპრილისა, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლა სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად იწყება იმ დროიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების წარმოშობის ან დარღვევის შესახებ. ასეთი უფლების დამდგენი დოკუმენტის ჩაბარება მისთვის უნდა მომხდარიყო სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესებით, უშუალოდ ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სახეზე იყო ა. კ-ას სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, ა. კ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 24 თებერვლის განჩინებით, ა. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; ამავე განჩინებით დადგინდა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა პოზიციების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს ა. კ-ას სასარგებლოდ სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რაც გამომდინარეობს მასთან მიმართებაში მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენიდან. ამასთან, უნდა შეფასდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, ვინაიდან მოთხოვნის უარყოფის საფუძვლად სააპელაციო პალატამ სწორედ სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითა.

საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის №1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების განსაკუთრებულობას შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს 06.04.2009წ. №2/1/415 გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ დაადასტურა ამ უფლებაში ჩარევის სიმძიმე სხვა უფლებებში ჩარევასთან შედარებით და კონსტიტუციურსამართლებრივი შემოწმების სიმკაცრის მაღალი ხარისხის საჭიროება.

დემოკრატიულ საზოგადოებაში პიროვნების ფიზიკური თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მისი ყოველმხრივ დაცვის აუცილებლობას ადასტურებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლო დიდი პალატა და 24.03.2003წ. №3გ-ად-329-კ-02 გადაწყვეტილებით განმარტავს, რომ „..ეს უფლება ყველა იმ სახელმწიფოებრივი სისტემის ქვაკუთხედია, რომელიც კანონიერების პატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულ მნიშვნელობას აღიარებს. კონვენცია ადგენს კომპენსაციის შესაძლებლობას მასში გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისათვის...“.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლით ასევე განმტკიცებულია ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. მოცემული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.. „თავისუფლების უფლების“ დადგენით, მე-5 მუხლი ითვალისწინებს პირის ფიზიკურ თავისუფლებას; მისი მიზანია უზრუნველყოს, რომ არავის ჩამოერთვას ეს თავისუფლება თვითნებურად. უსაფრთხოება გულისხმობს დაკავების, დაპატიმრების მიმართ თვითნებობის აკრძალვას (ENGEL AND OTHERS v. THE NETHERLANDS (Application no. 5100/71; 5101/71; 5102/71; 5354/72; 5370/72) § 58).

საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის შედეგად კომპენსაციის მიღების უფლებას ასევე განამტკიცებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, თითოეულ პირს, ვისაც თავისუფლება აღეკვეთება დაკავების ან პატიმრობის შედეგად, უფლება აქვს მისი საქმე გაარჩიოს სასამართლომ, რათა სასამართლომ დაუყოვნებლივ გამოიტანოს გადაწყვეტილება მისი დაკავების კანონიერების ან უკანონო დაკავების შემთხვევაში გათავისუფლების თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თითოეულ პირს, რომელიც უკანონო დაკავების ან პატიმრობის მსხვერპლი გახდა, აქვს კომპენსაციის უფლება.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც სასამართლოს მიერ გამოტანილია მარეაბილიტირებელი აქტი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 მარტის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენით (საქმე №1-137-15), ა. კ-ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; ა. კ-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 8 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილი იქნა დამნაშავედ და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, რომლის აღსრულება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაუვადდა მშობიარობის შემდეგ 01 (ერთი) წლით. ა. კ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდგომ გადავადებული განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან. ა. კ-ას სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 07 აპრილიდან 2015 წლის 07 სექტემბრის ჩათვლით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განაჩენით (საქმე №1/ბ-209-2017), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება; კერძოდ: ა. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდა. ა. კ-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ა. კ-ას განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

ამდენად, უდავო გარემოებაა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. ამდენად, სახეზეა ა. კ-ას მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი, რომელიც გამოწვეულია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი უკანონო ბრალდებით, შესაბამისად ა. კ-ას გააჩნდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის კონსტიტუციურ გარანტს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის, რომლის მიხედვითაც, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 1).

ადმინისტრაციული დავების მიმართ უფლება სამართლიან სასამართლოზე, უპირველესად, გულისხმობს პირის უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას, რაც განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის - სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რის შედეგადაც განსახილველი უფლების ჭრილში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ინარჩუნებს.

საკასაციო პალატა, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძირითადად ეფუძნება მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევას, საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა (სუსგ №ბს-312-308(კ-14), 30.10.2014წ.). თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. სასამართლოსთვის ხანდაზმულობის ვადის გაცდენით მიმართვა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით და ქმნის სარჩელის უარყოფის საფუძველს (სუსგ №ბს-1320(კ-19), 13.09.2021წ.).

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როდესაც დაზარალებულმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო უფლების დარღვევის შესახებ ვერ გაიგო, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იმ მომენტიდან დაიწყება, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პირს უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო (სუსგ №ბს-523(კ-24), 20.11.2024წ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრისთვის, გასათვალისწინებელია სადავო სამართალურთიერთობის სპეციფიკა; იმის მიხედვით, თუ რა სამართლებრივი საფუძველს ემყარება მოთხოვნა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ (სპეციალურ) ვადებს. კერძოდ, დელიქტიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნებისათვის სპეციალური ხანდაზმულობის ვადა დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით, რომლითაც, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ამდენად, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე, ზოგადი წესის მსგავსად, დაწესებულია ხანდაზმულობის ვადის ათვლის წინაპირობები, რაც გულისხმობს დელიქტით მიყენებული ზიანის ფაქტის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ დაზარალებულის ინფორმირებას. მას შემდეგ, რაც უფლებაშელახული პირი შეიტყობს დელიქტით მიყენებული ზიანის ან ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობას, მას აქვს სამი წლის ვადა დარღვეული უფლების აღსადგენად.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის შესამოწმებლად, უნდა განისაზღვროს, როდის შეიტყო კასატორმა მის მიერ უკანონოდ მიჩნეული ქმედების თაობაზე და როდის წარმოადგინა სარჩელი სასამართლოში.

როგორც უკვე აღინიშნა, 2017 წლის 20 მარტის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განაჩენით (საქმე №1/ბ-209-2017), შევიდა ცვლილება; კერძოდ: ა. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდა. 2018 წლის 19 მარტის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით (საქმე №550აპ-17), ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ამრიგად, სასამართლო დავა დასრულდა 2018 წლის 19 მარტის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით, რომელიც გაეგზავნათ მხარეებს; კერძოდ, 2021 წლის 2 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს №966 ცნობის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინება გამართლებულ ა. კ-ას ადვოკატს ა. ტ-ას ჩაბარდა 2018 წლის 27 მარტს. აქვე მიეთითა, რომ რუსულ ენაზე ა. კ-აზე გადასაცემად გადაეგზავნებოდა. 2018 წლის 5 აპრილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული №55აპ-17 ცნობის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინება რუსულ ენაზე ნათარგმნი ა. ტ-ას გაეგზავნა და ჩაბარდა 2018 წლის 10 აპრილს (იხ. ტ.1, ს.ფ. 191-195).

საქმეზე წარმოდგენილია 2017 წლის 19 აპრილის №8 ორდერი, რომლის თანახმად, ადვოკატ ა. ტ-ას (მისამართი: ქ. თბილისი, ...ს ...) ევალება დაიცვას ა. კ-ა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ადვოკატთა ასოციაციის სიითი №...). ხაზგასასმელია, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება ა. ტ-ას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა დაეყრდნო ზემოაღნიშნულ მტკიცებულებას (ორდერს) და მიიჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინება, რომლის მიღების შემდგომ მოსარჩელეს წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ჩაჰბარდა უფლებამოსილების მქონე პირს, შესაბამისად, სარჩელი მიიჩნია ხანდაზმულად, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც საადვოკატო საქმიანობის შინაარსს, ისე მისი განხორციელების საფუძვლებს განსაზღვრავს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 1.1 და მე-2 მუხლებიდან გამომდინარეობს, რომ საადვოკატო საქმიანობა მოიცავს კლიენტის წარმომადგენლობას სასამართლოში, გამოძიების ორგანოებში და სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და კლიენტის სახელით წარდგენას, ასევე სხვა სახის იურიდიულ დახმარებას. ამავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები ყველა ინსტანციის სასამართლოში და ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით.

„ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-19 მუხლი ადგენს, რომ ადვოკატი საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვისას ვალდებულია წარადგინოს როგორც საადვოკატო მოწმობა, ისე კლიენტის მიერ გაცემული დოკუმენტი - მინდობილობა ან ორდერი. ორდერის ფორმა და სავალდებულო რეკვიზიტები განსაზღვრულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2006 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილების მიხედვით დადგინდა რეკვიზიტები, რომლებიც სავალდებულოა ორდერისთვის: ა) იურიდიული ფირმის, ბიუროს, ადვოკატის დასახელება, მისამართი, ორდერის გაცემის თარიღი; ბ) დოკუმენტის დასახელება – ორდერი; გ) ადვოკატი - სახელი, გვარი, სიითი ნომერი; დ) იურიდიული პირი - სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი; ე) დავალების შინაარსი (უნდა მოიცავდეს საპროცესო მოქმედებას და მათი შესრულების ადგილს ან ორგანოს); ვ) ორდერის გამცემი პირის ხელმოწერა; ზ) ორდერის მოქმედების ვადა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი წარადგენს ორდერს და თავის მოწმობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი, ადვოკატს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების, მათ შორის, გამოკითხვის ოქმების, ასლები, აგრეთვე ისარგებლოს ბრალდებულის ყველა უფლებით და დაცვის მხარის ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ადვოკატი ვერ ისარგებლებს იმ უფლებებით, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ ბრალდებულმა ისარგებლოს. ამ მხრივ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე ადვოკატის მონაწილეობა პროცესში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი უფლებამოსილება სათანადოდ არის დადასტურებული, მათ შორის, ორდერის წარდგენით.

საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ადვოკატის ორდერი, ისევე როგორც მინდობილობა, წარმოადგენს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ადვოკატს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა. ამდენად, ორდერი წარმოადგენს ადვოკატის უფლებამოსილების ფარგლების (მოცულობის) განმსაზღვრელ იურიდიულ დოკუმენტს, კონკრეტული ინსტანციის სასამართლოში.

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 19 აპრილის №8 ორდერი არ შეიცავს საკასაციო ინსტანციაში ადვოკატ ა. ტ-ასათვის ა. კ-ას მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე მითითებას, შესაბამისად ა. ტ-ა ვერ მიიჩნევა ა. კ-ას წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირად საკასაციო სასამართლოში, და ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინების ჩაბარებაზე უფლებამოსილ სუბიექტად, რა გარემოებაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესაძლებლობას.

რაც შეეხება საქართველოს პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (Case of Poghosyan and Baghdasaryan v. Armenia, 12.09.2012წ., განაცხადი №22999/06) განმარტა, რომ ზემოაღნიშნული №7 ოქმის მე-3 მუხლის მიზანი არ არის მხოლოდ იმ ფინანსური ზიანის ანაზღაურება, რომელიც პირს მიადგა არასწორი მსჯავრდებით, არამედ უსწორო მართლმსაჯულების პირობებში მსჯავრდებული პირისთვის ისეთი მორალური ზიანის ანაზღაურება, როგორიცაა მწუხარება, ნერვული აშლილობა, უხერხულობა და სიცოცხლით ტკბობის დაკარგვა. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (დადასტურებული უკანონო მსჯავრდება/ბრალდება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ შეფარდება) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს გონივრული ფულადი საზღაური სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გამამართლებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს დასკვნას პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ წარდგენილი ქმედების დაუდასტურებლობის შესახებ და დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნის თვალსაზრისით, აღნიშნული წარმოადგენს პასუხისგებაში მიცემული პირის მარეაბილიტირებელ გარემოებას, ვინაიდან არსებობდა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენით მოსარჩელის არაბრალეულობის დადასტურების შედეგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე წარმოიშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე სისხლის სამართლის საქმის განხილვის პერიოდში იყო ორსული და უკანონოდ იყო თავისუფლებაშეზღუდული დაახლოებით 5 თვის განმავლობაში, რაც არსებით სულიერ ტანჯვას იწვევს.

იმის გათვალისწინებით, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება ვერ უზრუნველყოფს დარღვეული უფლების სრულ რესტიტუციას, კომპენსაციის ოდენობა უნდა განისაზღვროს გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე, რეალობასთან შესაბამისობაში, რა დროსაც მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა. აღსანიშნავია, რომ პირის უკანონო ბრალდება/პატიმრობა ნეგატიურ გავლენას ახდენს პირის რეპუტაციაზე, წარმოქმნის უარყოფით განცდას და მათი თმენის ვალდებულება შესაძლებელია დაეკისროს მხოლოდ იმ პირს, რომლის მიმართაც კანონიერად იქნა გამოყენებული ამ სახის იძულებითი საპროცესო ღონისძიება. მორალური ზიანის ანაზღაურებას სამი ფუნქცია აკისრია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ (იხ. სუსგ №ბს-509-506(2კ-17), 30.11.2017წ.). დაუშვებელია, დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობა გასცდეს გონივრულ ჩარჩოებს და რეალობისაგან მოწყვეტით მიაღწიოს უსაზღვრო ნიშნულს. ამდენად, მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენის შემდეგ, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული თავისუფლების შემზღუდავი ღონისძიების ინტენსიური ხასიათის, თავისუფლების შეზღუდვის ხანგრძლივობისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მორალური ზიანის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში მიიჩნევს, რომ ა. კ-ას ნეგატიური განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის კონკრეტულ შემთხვევაში 10 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.

ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებები აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში, რაც ასევე მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, სრულად აუნაზღაუროს პირს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობით გამოწვეული მატერიალური ზიანი, ასეთის დადასტურების შემთხვევაში.

აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში (restitutio in integrum). ქონებრივი ზიანის შემთხვევაში მისი დადგენისა და გამოთვლისას გამოიყენება ე.წ. დიფერენციის ჰიპოთეზა, ანუ სხვაობა „უნდა ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის. დიფერენციის ჰიპოთეზის თანახმად, ზიანი არის ნეგატიური სხვაობა არსებულ ქონებრივ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა (გ.ბათლიძე, ავტორთა კოლექტივი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი; წიგნი III, გვ. 689, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019 წ.).

მოცემულ საქმეში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის მატერიალური ზიანის სახით მოპასუხეისთვის დაკისრება, შესაბამისად, საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მასვე ეკისრება მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების (19 500 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის დამადასტურებელ მტკიცებულად მოსარჩელე მიუთითებდა საქმეში არსებულ ა. ტ-ას მიერ შედგენილ და ხელმოწერილ სალაროს შემოსავლის ორდერებზე №10, №17, №21 (შემოსული თანხების შემოსავალში აღების დამადასტურებელი დოკუმენტი, იხ.ს.ფ. 80-82), რომლის თანახმადაც, ირკვევა, რომ ა. კ-ამ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ადვოკატის მომსახურებისთვის 2017 წლის 3 მარტს გადაიხადა 7500 ლარი, 2017 წლის 20 მაისს გადაიხადა 7500 ლარი და 2017 წლის პირველ ივლისს 4500 ლარი.

განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე რაიონულ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ა. კ-ას ინტერესებს წარმოადგენდა ადვოკატი ა. ტ-ა, ამასთან საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარის დასაშვებობა საკასაციო პალატამ განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და ა. კ-ას ადვოკატს საქმის განხილვის აღნიშნულ ეტაპზე მონაწილეობა არ მიუღია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ საქმეში არსებულ მტკიცებულებებში, კერძოდ, სალაროს შემოსავლის ორდერებში მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისთვის გადახდილი თანხის ოდენობის თაობაზე მითითება, არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის ადვოკატის მომსახურების გაწევის თანხის ოდენობის განსაზღვრისთვის. სასამართლო ადვოკატის მომსახურების ღირებულების დადგენის მიზნით მხედველობაში იღებს საქმის სირთულეს, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას, ინსტანციურობას და სხვ.. აღნიშნული გარემოებები შეფასებას საჭიროებს არა მხოლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის, არამედ აგრეთვე ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც ადვოკატისთვის გადახდილი ხარჯის ანაზღაურების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხა არაადეკვატურია და აშკარად აღემატება წარმომადგენლის მიერ საქმეზე გაწეული მომსახურების ღირებულებას (სუსგ 20.07.2022წ. საქმე №ბს-628(2კ-20)). უკანონო ბრალდებისაგან თავის დასაცავად მხარის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები, მათ შორის საადვოკატო მომსახურების ხარჯები, ანაზღაურებას შესაძლოა დაექვემდებაროს გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით. მოთხოვნილი საადვოკატო მომსახურების თანხის გონივრულობას სასამართლო აფასებს მიუხედავად ამ ხარჯის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენისა. ასეთი სახის ხარჯების გაწევის საჭიროების მიუხედავად სასამართლო „აუცილებლობის“ და „გონივრულობის“ გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას გაღებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე („Société Colas Est and Others v. France“, §56, 16.04.2002წ.).

აღსანიშნავია, რომ საადვოკატო მომსახურების გაწევისას მოქმედებს მყარი პრეზუმფცია, რომ ადვოკატი უსასყიდლოდ არ გასწევს მომსახურებას და მას ეკუთვნის გასამრჯელო (ჰონორარი). შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან ა. კ-ას მიერ საადვოკატო მომსახურებით სარგებლობა გამოიწვია პროკურატურის მიერ მის მიმართ ჩატარებულმა საპროცესო ღონისძიებებმა, არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ა. კ-ასათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა ფულად ზარალსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის, მატერიალური ზიანის გონივრული ანაზღაურების ფარგლებში, დავის საგნის, დავის სირთულის, განხილვის ხანგრძლივობაა და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს თანხა - 10 000 ლარის (ათი ათასი).

კასატორის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოწმის - ა. ტ-ას დაკითხვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად მოწმის ჩვენება მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 140-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია უარი თქვას გამოძახებული მოწმის დაკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეს, არ აქვთ რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისთვის. კასატორის მითითებით, მოწმის ჩვენებით დადასტურდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა. კ-ას ა. ტ-ასათვის არ მიუნიჭებია საკასაციო ინსტანციაში მისი წარმომადგენლობის უფლებამოსილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის საგნისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატამ არსებითად შეაფასა ა. ტ-ასათვის ორდერით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და მიიჩნია ის სისხლის სამართლის საქმეზე უზენაესი სასამართლოს განჩინების ჩაბარებაზე არაუფლებამოსილ პირად, არაარსებითი მნიშვნელობისაა კასატორის მიერ დასახელებული მოწმის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, ვინაიდან მას სამართლებრივი ეფექტი ვერ ექნება საქმის შედეგზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამავე კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ა. კ-ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლითაც საქმე წყდება არსებითად. ამასთან, საპროცესო ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს საქმეზე დამდგარი საბოლოო შედეგის მიხედვით, სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობითი საქმიანობის შედეგის გათვალისწინებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არსებობს საკასაციო საჩივრის და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამის ნაწილში არსებობს ასევე წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების წინაპირობაც. ამდენად, საქმის სირთულისა და მნიშვნელობის, წარმომადგენლობის ინტენსივობის, ინსტანციურობის, დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს გენერალურ პროკურატურას ა. კ-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლოში ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა. კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ა. კ-ას სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის სახით 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება;

5. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ა. კ-ას სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის სახით 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება;

6. კასატორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

7. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ა. კ-ას სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის სახით სასამართლოში ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა