1. პარკირების საერთო ადგილები შეიძლება მოეწყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის,მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე, წინამდებარე წესით დადგენილი წესების დაცვით.
2. თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილებას მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით იღებს ქ. ბათუმის მერია, თუ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ხდება საფასურის დაწესება.
3. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის მიზნით მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე განცხადებით მიმართავს
ქ. ბათუმის მერიას. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად დაინტერესებული პირი ქ. ბათუმის მერიას წარუდგენს პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების საერთო ადგილისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობისა (მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვას) და ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45-
გრადუსიანი დგომა ან/და
90-
გრადუსიანი დგომა), ასევე მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან/და სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს.
4. ქ. ბათუმის მერია წარმოდგენილ განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი რეგისტრაციიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში პარკირების საერთო ადგილების მოწყობაზე გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად. შესაბამისად, ამ პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიას უფლება არ აქვს უარი უთხრას დაინტერესებულ პირს პარკირების ადგილების მოწყობაზე.
5. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ან მოწყობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიის მიერ მიიღება წერილის სახით.
6. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ავტომანქანების პარკირების საერთო ადგილების მოწყობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ადგენდეს ტერიტორიის წარმოდგენილი ესკიზური პროექტის შესაბამისად მოწყობის ვადებს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის დადგენილი ვადისა. დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვა ხდება ვადის გასვლამდე. სხვა შემთხვევაში ვადა ითვლება დარღვეულად.
8. პარკირების საერთო ადგილებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად დადგენილი ვადის დარღვევისას ქ. ბათუმის მერიის მიერ გაცემული თანხმობა ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ დროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე პარკირების საერთო ადგილების მოწყობის მოთხოვნით ქ. ბათუმის მერიას მიმართავს ახალი განცხადებით, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული წარმოება იწყება თავიდან.
9. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მოთხოვნები.
10. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით