1. წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილებით ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილით სარგებლობისათვის შეიძლება დაწესდეს საფასური, თუ პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არ არის მესამე პირზე წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის შემოღების ან/და გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს და პარკირების ადგილებით სარგებლობის საფასურის ოდენობას განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის –  ბათუმის საკრებულო.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარკირების საფასურის ამოღებას ახორციელებს ქ. ბათუმის მერია უშუალოდ ან თვითმმართველი ქალაქის –  ბათუმის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა პირის მომსახურების გამოყენებით.
4. პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასური შეიძლება იყოს დიფერენცირებული თვითმმართველი ქალაქის -– ბათუმის ტერიტორიის ზონებად დაყოფის მიხედვით ან/და საფასური შეიძლება შემოღებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის.
5. წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება ექვემდებარება ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის გადაცემას სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
6. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისას, გადაცემის საფასურის წლიური მინიმალური ოდენობის განსაზღვრის მიზნით დგინდება პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური.
7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიულ საფასურს თვითმმართველი ქალაქის –  ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის –  ბათუმის საკრებულო.
8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური დგინდება პარკირების ადგილებისათვის განსაზღვრული ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის ან/და პარკირების საფასურის ამოღების შედეგად მიღებული თანხის (მიღებული მთლიანი თანხის ან მოგების) პროცენტული ოდენობის განსაზღვრით.
9. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისას, გადაცემის საფასურის წლიური ოდენობა არ შეიძლება იყოს პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიულ საფასურზე ნაკლები.
10. თუ პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური დგინდება ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასური არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის ნორმატიულ ოდენობაზე ნაკლები.
11. ამ მუხლის შესაბამისად პარკირების საფასური შეიძლება დაწესდეს პარკირების ადგილზე ავტომანქანის ერთეული დგომისათვის ან/და დაწესდეს პარკირების წლიური საფასური.
12. პარკირების საფასური გადახდილი უნდა იქნე
ს პარკირების დაწყებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ითვლება, რომ პარკირება მოხდა საფასურის გადახდის გარეშე, რასაც უკავშირდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგები