1. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერ დანაშაულზე თავისი იურისდიქციის დაწესების მიზნით, იმ შემთხვევაში თუ დანაშაული ჩადენილია:
a) მის ტერიტორიაზე; ან
b) იმ გემზე, რომელიც დაცურავს ამ მონაწილის დროშით; ან
c) იმ თვითმფრინავზე, რომელიც რეგისტრირებულია ამ მონაწილის კანონმდებლობის შესაბამისად; ან
d) მისი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე იმ პირის მიერ, რომელსაც მის ტერიტორიაზე გააჩნია მუდმივი ადგილსამყოფელი, თუ დანაშაული დასჯადია იმ ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით, სადაც იგი ჩადენილ იქნა, ან თუ დანაშაული ჩადენილ იქნა იქ, სადაც არ ვრცელდება არცერთი სახელმწიფოს ტერიტორიული იურისდიქცია;
e) მისი მოქალაქის წინააღმდეგ.
2. თითოეულ მონაწილეს შეუძლია, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების აქტის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი დეკლარაციის საშუალებით განაცხადოს, რომ იგი იტოვებს უფლებას არ გამოიყენოს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ მუხლის 1(d) და (e) პუნქტებით გათვალისწინებული იურისდიქციის წესები.
3. თითოეული მონაწილე მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებიც აუცილებელია თავისი იურისდიქციის დაწესების მიზნით წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, იმ შემთხვევაში თუ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი იმყოფება მის ტერიტორიაზე და ის, ექსტრადირების მოთხოვნის მიღების შემდეგ, არ ახდენს მის ექსტრადირებას სხვა სახელმწიფოსათვის მხოლოდ მისი მოქალაქეობის საფუძველზე.
4. თუ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულზე იურისდიქციის განხორციელებასთან დაკავშირებით პრეტენზიას აცხადებს რამდენიმე მონაწილე, შესაბამისი მონაწილეები, საჭიროების შემთხვევაში, გამართავენ კონსულტაციებს სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად ყველაზე შესაფერისი იურისდიქციის დადგენის მიზნით.
5. საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმების შეუზღუდავად, წინამდებარე კონვენცია არ გამორიცხავს მონაწილის მიერ თავისი კანონმდებლობის შესაბამისად ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი იურისდიქციის გამოყენების შესაძლებლობას.