1. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიება ან მათთან დაკავშირებით სამართლებრივი დევნის განხორციელება არ იყოს დამოკიდებული მსხვერპლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე ან მის მიერ გაკეთებულ საბრალდებო განაცხადზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ ჩადენილ იქნა მის ტერიტორიაზე.

2. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ იმ დანაშაულის მსხვერპლმა, რომელიც ჩადენილ იქნა მონაწილის და არა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ეს პირი ცხოვრობს, შეიტანოს საჩივარი იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებში, სადაც ის ცხოვრობს. თუ იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელშიც შეტანილ იქნა საჩივარი, არ გააჩნია ამ საჩივრის განხილვის კომპეტენცია, იგი დაუყოვნებლივ გადასცემს საჩივარს იმ მონაწილის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც ჩადენილ იქნა დანაშაული. საჩივარი განიხილება იმ მონაწილის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად რომლის ტერიტორიაზეც ჩადენილ იქნა დანაშაული.

3. საკანონმდებლო ან სხვა ზომების განხორციელების გზით და თავისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თითოეული მონაწილე ნებისმიერ იმ ჯგუფს, ფონდს, ასოციაციას ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მისცემს შესაძლებლობას დახმარება გაუწიოს და/ან მხარი დაუჭიროს მსხვერპლს, მისივე თანხმობით, წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში