1. აღნიშნულით ფუძნდება მხარეთა კონფერენცია.
2. მხარეთა კონფერენციის პირველ თათბირს იწვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ არა უგვიანეს ერთი წლისა. შემდგომში მხარეთა კონფერენციის მორიგი თათბირები მოიწვევა იმ პერიოდულობით, რომელსაც დაადგენს კონფერენცია.
3. მხარეთა კონფერენციის რიგგარეშე თათბირები მოიწვევა მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ მიიჩნევს კონფერენცია ან ნებისმიერი მხარის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, იმ პირობით, რომ ამ თხოვნას მხარს დაუჭერს მხარეთა არანაკლებ ერთი მესამედი.
4. მხარეთა კონფერენციის თავის პირველ თათბირზე კონსენსუსით ათანხმებს და იღებს პროცედურის წესებს თავისთვის და ნებისმიერი დამხმარე ორგანოებისათვის, აგრეთვე საფინანსო დებულებებს, რომლებიც აწესრიგებენ სამდივნოს ფუნქციონერებას.
5. მხარეთა კონფერენცია გამუდმებით ამოწმებს ამ კონვენციის შესრულებას და იძლევა შესაბამის შეფასებას. იგი ასრულებს კონვენციით მასზე დაკისრებულ ფუნქციებს და ამ მიზნით:
ა) მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად აფუძნებს ისეთ დამხმარე ორგანოებს, რომლებსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს ამ კონვენციის შესრულებისათვის;
ბ) შესაბამის შემთხვევებში თანამშრომლობს კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე სამთავრობოთაშორისო და არასამთავრობო ორგანოებთან;
გ) რეგულარულად მიმოიხილავს მხარეების მიერ მე-15 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ მთელ ინფორმაციას, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.” ქვეპუნქტის ეფექტიანობის განხილვის ჩათვლით;
დ) განიხილავს და იღებს ნებისმიერ დამატებით ზომებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ამ კონვენციის მიზნების მისაღწევად.
6. მხარეთა კონფერენცია თავის პირველ თათბირზე აფუძნებს დამხმარე ორგანოს სახელწოდებით „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების განმხილველი კომიტეტი”, აღნიშნული კომიტეტისათვის ამ კონვენციით დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით. ამ მხრივ:
ა) მხარეთა კონფერენცია ნიშნავს მდგრადი ორგანული დამბინძურებლების განმხილველი კომიტეტის წევრებს. კომიტეტის წევრთა შემადგენლობაში შედიან მთავრობათა მიერ დანიშნული ექსპერტები ქიმიური ნივთიერებების რეგულირებისა და შეფასების სფეროში. კომიტეტის წევრები ინიშნებიან სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების საფუძველზე:
ბ) მხარეთა კონფერენცია იღებს გადაწყვეტილებას კომიტეტის კონპეტენციის, ორგანიზებისა და ფუნქციონირების შესახებ;
გ) კომიტეტი ძალისხმევას არ იშურებს, რომ თავისი რეკომენდაციები მიიღოს კონსენსუსის საფუძველზე. თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა საშუალება ამოწურულია, ხოლო შეთანხმება არ არის მიღწეული, ასეთი რეკომენდაცია მიიღება კენჭისყრით, როგორც საბოლოო ღონისძიებით, დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმათა უმრავლესობით – ორი მესამედით.
7. მხარეთა კონფერენცია თავის მესამე თათბირზე შეფასებას აძლევს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში აღნიშნული პროცედურის შენარჩუნების აუცილებლობას, მისი მოქმედების ეფექტიანობის განხილვის ჩათვლით.
8. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მის სპეციალიზებულ დაწესებულებებსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, აგრეთვე ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ არის კონვენციის მხარე, შეუძლიათ დაესწრონ მხარეთა კონფერენციის თათბირებს, როგორც დამკვირვებლები. ნებისმიერი სხვა ორგანოები ან დაწესებულებები, ეროვნული ან საერთაშორისო, სამთავრობო ან არასამთავრობო, რომლებიც კომპეტენტურები არიან ამ კონვენციის მოქმედების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებში და რომლებიც სამდივნოს აცნობებენ თავის სურვილს, დაესწრონ მხარეთა კონფერენციის თათბირებს, როგორც დამკვირვებლები, შეიძლება დაშვებულ იქნენ თათბირზე, თუ ამის წინააღმდეგი არ იქნება თათბირზე დამსწრე მხარეთა სულ მცირე ერთი მესამედი. დამკვირვებელთა თათბირზე დაშვება და მასში მონაწილეობა რეგულირდება მხარეთა კონფერენციის მიერ მიღებული პროცედურის წესებით