1. ამ კონვენციის დანართი მისი განუყოფელი ნაწილია და, თუ პირდაპირ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ კონვენციის დამოწმება იმავდროულად წარმოადგენს მისი ნებისმიერი დანართის დამოწმებას.
2. ნებისმიერი დამატებითი დანართები შემოიფარგლება პროცედურული, სამეცნიერო, ტექნიკური ან ადმინისტრაციული საკითხებით.
3. ამ კონვენციის დამატებითი დანართების წარდგენისათვის, მიღებისათვის ან ძალაში შესვლისათვის გამოიყენება შემდეგი პროცედურა:
ა) დამატებითი დანართების წარდგენა და მიღება ხდება 21-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული პროცედურის შესაბამისად;
ბ) ნებისმიერი მხარე, რომელსაც არ შეუძლია მიიღოს დამატებითი დანართი, ამის შესახებ წერილობით აცნობებს დეპოზიტარს მისგან დამატებითი დანართის მიღების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში. დეპოზიტარი დაუყოვნებლივ აცნობებს ყველა მხარეს ნებისმიერი ასეთი შეტყობინების მიღების შესახებ. ნებისმიერ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიწვიოს ადრე გაგზავნილი შეტყობინება ნებისმიერი დამატებითი დანართის მიუღებლობის თაობაზე, რის შემდეგაც ეს დანართი ამ მხარისათვის ძალაში შედის “გ” ქვეპუნქტის დებულებათა დაცვისას;
გ) დეპოზიტარის მიერ დამატებითი დანართის მიღების შესახებ შეტყობინებების გაგზავნიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ეს დანართი ძალაში შედის ყველა იმ მხარისათვის, რომლებმაც არ წარმოადგინა შეტყობინება “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
4. A, B ან C დანართის შესწორების წარდგენა, მიღება და ძალაში შესვლა წესრიგდება იმავე პროცედურით, რომელიც არეგულირებს ამ კონვენციის დამატებითი დანართების წარდგენას, მიღებასა და ძალაში შესვლას, გარდა იმისა, რომ A, B ან C დანართის შესწორებები ძალაში არ შედის ნებისმიერი მხარისათვის, რომელმაც 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გააკეთა განცხადება ამ დანართების შესწორებების შესახებ, ამასთან, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი შესწორება ასეთი მხარისათვის ძალაში შედის ამ შესწორების რატიფიკაციის, მიღების ან მოწონების ან მასთან შეერთების შესახებ დოკუმენტის დეპოზიტარისათვის შესანახად გადაცემიდან ოთხმოცდამეათე დღეს.
5. D, E ან F დანართის შესწორებების წარდგენასთან, მიღებასა და ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გამოიყენება შემდეგი პროცედურა:
ა) შესწორებების წარდგენა ხდება 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული პროცედურის შესაბამისად;
ბ) მხარეები D, E ან F დანართში შესწორების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კონსენსუსის საფუძველზე;
გ) დეპოზიტარი დაუყოვნებლივ უგზავნის ყველა მხარეს გადაწყვეტილებას D, E ან F დანართში შესწორების შეტანის შესახებ. ყველა მხარისათვის შესწორება ძალაში შედის გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადებში.
6. თუ დამატებითი დანართი ან დანართის შესწორება დაკავშირებულია ამ კონვენციაში შესწორებების შეტანასთან, ასეთი დამატებითი დანართი ან შესწორება ძალაში შედის მხოლოდ ამ კონვენციის შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ