1. რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:

ა) 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით. ფოტოსურათის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ:

ა.ა) პირის პირველად რეგისტრაციისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირის რეგისტრაცია ხდება დაბადების რეგისტრაციისას;

ა.ბ) თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის საკითხებთან დაკავშირებით წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება პირის ფოტოსურათი ან ფოტოსურათის წადგენიდან გასულია 3 წელი;

ბ) საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი დადასტურება იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე. საცხოვრისის მესაკუთრის რეგისტრაციის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საკუთრების ფაქტი გადამოწმდეს საჯარო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (საკუთრების ფაქტის გადამოწმების შესაძლებლობისას). აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაციის, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ პირის რეგისტრაციის შემთხვევებზე;

გ) საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოში მცხოვრები უცხოელის შემთხვევაში – უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი პირველად გადის რეგისტრაციას ან თუ წინა რეგისტრაციისას დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის;

დ) ბინადრობის ნებართვა, თუ პირი საქართველოში მცხოვრები უცხოელია („უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა). აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი პირველად გადის რეგისტრაციას ან თუ წინა რეგისტრაციისას დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის;

ე) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16
-დან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, ასევე ამ პირის ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაქორწინებულ პირთა ვინაობას და ქორწინების ფაქტს (ქორწინების თარიღის და ქორწინების განმახორციელებელი ორგანოს სახელწოდების მითითებით);

ზ) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასევე შესაბამისი ცნობა/დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ ნების გამოხატვის შეუძლებლობა.

2. თუ პირს არ გააჩნია პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ან ვერ უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, მათ ნაცვლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) დაბადების მოწმობა, ხოლო თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;

ბ) ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე
-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა არ არის სავალდებულო ხელახალი რეგისტრაციისას, თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს დაინტერესებული პირის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციას.

4. თუ იძულებით გადაადგილებულ პირს არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღნიშნული პირის რეგისტრაციის მიზნით დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა/ცნობა საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე. დასკვნის/ცნობის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ იძულებით გადაადგილებული არასრულწლოვანი პირის ან იძულებით გადაადგილებული პირის შვილის რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა.

6. თუ პირმა ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე
-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ ნაცვლად გამოიყენება პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემები ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით შევსებული განცხადება. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თვითონ მოიპოვოს აღნიშნული მონაცემები ან დოკუმენტი.

7. რეგისტრაციის მიზნებისათვის წარსადგენი საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობის და პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი დადასტურების ფორმებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარ