იმის განსაზღვრისას შედარებადია თუ არა ორი ან რამდენიმე ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის, გათვალისწინებულ უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები, იმდენად, რამდენადაც ისინი ეკონომიკურად მნიშვნელოვანია ოპერაციების ფაქტებთან და გარემოებებთან მიმართებით:
ა) მიწოდებული ქონების ან მომსახურების მახასიათებლები, მათ შორის:
ა.ა) მატერიალური აქტივების შემთხვევაში: ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, საიმედოობა, მიწოდების ხელმისაწვდომობა და ა.შ.
ა.ბ) მომსახურების შემთხვევაში: მომსახურების ტიპი და მასშტაბი მიუხედავად იმისა მომსახურება მოიცავს თუ არა კონკრეტულ გამოცდილებას, ტექნიკურ „ნოუ ჰაუს“ ან არამატერიალური აქტივების გამოყენებას და ა.შ.
ა.გ) ფინანსური ოპერაციების შემთხვევაში: ძირითადი თანხის მოცულობა, პერიოდი, გარანტიები, ვალუტა, მოვალის გადახდისუნარიანობა, უზრუნველყოფა, საპროცენტო განაკვეთი და ა.შ.
ა.დ) არამატერიალური აქტივების შემთხვევაში: ოპერაციის ფორმა (მაგ. ლიცენზირება ან გაყიდვა), ქონების ტიპი (მაგ. პატენტი, სავაჭრო ნიშანი, ან „ნოუ ჰაუ“), დაცვის ხანგრძლივობა და ხარისხი, მოსალოდნელი სარგებელი ქონების გამოყენებიდან და ა.შ.
ა.ე) აქციების გასხვისების შემთხვევაში: ემიტენტის განახლებული კაპიტალის ანგარიში, მოგებისა ან პროგნოზირებული ფულადი ნაკადების მიმდინარე ღირებულება, აქციების გადაცემის მომენტში საფონდო ბაზარზე მათი კოტირებული ფასი და ა.შ.
ბ) თითოეული საწარმოს მიერ ოპერაციებთან დაკავშირებით განხორციელებული ფუნქციები, გამოყენებული აქტივები და ნაკისრი რისკები, მათ შორის:
ბ.ა) ფუნქციები: დაპროექტება, წარმოება, აწყობა, კვლევა და განვითარება, მომსახურება, შესყიდვა, დისტრიბუცია, მარკეტინგი, რეკლამირება, ტრანსპორტირება, დაფინანსება, მართვა და ა.შ.
ბ.ბ) აქტივები: მოწყობილობები და დანადგარები, ფასეული არამატერიალური აქტივები, ფინანსური აქტივები, და ა.შ. ასევე, გამოყენებული აქტივების ტიპი, როგორიცაა მაგ. ასაკი, საბაზრო ღირებულება, ადგილმდებარეობა, საკუთრების უფლების დაცულობა და ა.შ.
ბ.გ) რისკები, მაგალითად: საბაზრო რისკი; ქონებაში, დანადგარებსა და მოწყობილობებში ინვესტირებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დანაკარგის რისკი; კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინვესტიციების წარმატებისა და წარუმატებლობის რისკები; ფინანსური რისკები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს მაგალითად: ვალუტის გაცვლითი კურსის და საპროცენტო განაკვეთის ცვლილებით, საკრედიტო რისკებით და ა.შ.
გ) ოპერაციებთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობები შემდეგის გათვალისწინებით:
გ.ა) წერილობითი ხელშეკრულების არ არსებობისას ოპერაციების პირობები შეიძლება დადასტურებულ იქნას მხარეებს შორის არსებული მიმოწერით/კომუნიკაციით;
გ.ბ) ხელშეკრულების პირობების წერილობითი სახით არ არსებობის შემთხვევაში, მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობები უნდა გამომდინარეობდეს მათი ქცევიდან და ეკონომიკური პრინციპებიდან, რომლებიც ძირითადად მართავენ ურთიერთობებს დამოუკიდებელ საწარმოებს შორის;
გ.გ) გამოკვლეულ უნდა იქნას შეესაბამება, თუ არა კონტროლირებულ ოპერაციებში მხარეთა ქცევა ხელშეკრულების პირობებს ან მხარეთა ქცევა მიუთითებს თუ არა, რომ ხელშეკრულების პირობები არ ყოფილა დაცული ან ფიქტიურია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შემდგომი ანალიზია საჭირო ოპერაციის ჭეშმარიტი პირობების დასადგენად.
დ) ეკონომიკური გარემოებები, რომლებშიც ხორციელდება ოპერაცია, კერძოდ ის გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საბაზრო შედარებადობის განსასაზღვრად, მაგალითად როგორებიც არის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა; ბაზრების სიდიდე; კონკურენციის მასშტაბი; ბაზრებზე და მყიდველების და გამყიდველების შედარებითი კონკურენტული პოზიციები; შემცვლელი საქონლის და მომსახურების ხელმისაწვდომობა; მოთხოვნის და მიწოდების დონე ბაზარზე მთლიანობაში და კონკრეტულ რეგიონებში; მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი; მთავრობის მიერ ბაზრის რეგულირების ტიპი და მასშტაბი; წარმოების ხარჯები (მათ შორის მიწის, მუშახელის და კაპიტალის ხარჯი); სატრანსპორტო ხარჯები; ბაზრის დონე (მაგ. საცალო ან საბითუმო); ოპერაციის განხორციელების თარიღი და დრო და ა.შ.
ე) ოპერაციის მხარეების მიერ გამოყენებული სამეწარმეო სტრატეგიები, მათ შორის სტრატეგიები, რომლებიც დაკავშირებულია ბაზარზე შეღწევასთან, დივერსიფიკაციასთან, ინოვაციებთან, პროდუქტის განვითარებასთან, რისკის აცილებასთან, პოლიტიკურ ცვლილებებთან და ა.შ