1. წყალდიდობის დაწყების მოსალოდნელი პერიოდი და მისი გატარების თანმიმდევრობა უნდა დადგინდეს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების საფუძველზე. აუცილებელია, რომ წყალდიდობის სეზონის დაწყებამდე წყალსაცავში იყოს თავისუფალი მოცულობა, რომელიც უზრუნველყოფს მრავალწლიანი მონაცემებით განსაზღვრული შემონადენის წყალსაცავში დაგროვებას.
2. წყალსაცავში ავარიების წარმოქმნის მიზეზები შეიძლება იყოს:
ა) დიდი რაოდენობით ატმოსფერული ნალექები (ძლიერი წვიმა, თოვლის ბარდნა და თოვლის საფარის ინტენსიური დნობა), ყინულის და თოშის წარმოქმნა, განსაკუთრებით დიდი წყალმოვარდნა, რომლის ხარჯიც აჭარბებს წყალსაცავიანი ჰიდროკვანძის წყალსატარი ნაგებობების საანგარიშო გამტარუნარიანობას;
ბ) სეისმური მოვლენები;
გ) მთის ფერდების ჩამონაზვავი, დამეწყვრა, მეწყრული სხეულის წყალსაცავში ჩამოცურება და ამით გამოწვეული მაღალი ტალღები წყალსაცავში;
დ) მექანიკური მოწყობილობის მდგრადობის და გამძლეობის შემცირება;
ე) ექსპლუატაციის წესების დარღვევა, უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, პროექტირებისას დაშვებული შეცდომები;
ვ) დაზიანებები ჰიდრომექანიკური მოწყობილობის მუშაობის დროს;
ზ) ტერორისტული აქტები.
3. საგაზაფხულო წყალდიდობის წინ, წყლის მოსალოდნელი ხარჯის გატარების უზრუნველსაყოფად, წინასწარ უნდა მოხდეს მექანიკური მოწყობილობების გამოცდა. წყალსაგდები ნაგებობის ჩამკეტები და მათი ჩასატანებელი ნაწილები უნდა გათავისუფლდეს მინაყინისა და ყინულის საფარის ნარჩენებისაგან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სადაწნეო წყალსაგდებებში წყლის გატარების რეგულირებას, ჰიდროტექნიკური ნაგებობების ზედა ბიეფის მხრიდან განთავსებული ჩამკეტების საშუალებით. ჩამკეტების მანევრირება უნდა უზრუნველყოფდეს წყალსაგდების მდგრად მუშაობას.
4. კატასტროფული მოვლენების წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ავარიის ლიკვიდაციის და ზარალის შემცირების გამაფრთხილებელ ღონისძიებებს მიეკუთვნება:
ა) მოწყობილობებისა და მექანიზმების გადაადგილება უსაფრთხო ადგილზე და მათი დაცვა შესაძლო დაზიანებებისაგან;
ბ) წყალსაცავიანი ჰიდროკვანძის ყველა წყალჩამკეტი ხვრეტის გაღება წყალსაშვზე წყლის გადადინების დონის შესამცირებლად. აუცილებლობის შემთხვევაში ჩაჭედილი ჩამკეტების აფეთქება;
გ) ავარიის საწინააღმდეგო მოწყობილობების, წყალსარინი და სამაშველო საშუალებების მუშა მდგომარეობის უზრუნველყოფა.
5. წყალდიდობის დროს სავალდებულოა:
ა) საათში ერთხელ მოხდეს წყალსაცავში შემოდინებული და კატასტროფულ წყალსაგდებზე გადადენილი წყლის ხარჯისა და მოცულობის გაანგარიშება;
ბ) ყოველდღიურად, პიეზომეტრების ჩვენების აღება და წყალსაცავის ქვედა ბიეფში ფილტრაციული წყლების გაზომვა;
გ) წყალსაგდები ტრაქტის მდგომარეობის დათვალიერება ყოველი წყალდიდობის გავლის შემდეგ.
6. საგანგებო და ავარიულ სიტუაციებში უნდა მოხდეს:
ა) საგანგებო და ავარიული სიტუაციის წარმოქმნის შესახებ დროული ინფორმირება;
ბ) პირველ რიგში, ავარიის წარმოშობის მიზეზების ლიკვიდაცია და პარალელურად გამოწვეული დაზიანებების აღდგენა, ხოლო მათი თავიდან აცილების შეუძლებლობის შემთხვევაში, ავარიის შედეგად მიყენებული ზარალის შემცირების ღონისძიებების გატარება;
გ) ავარიის სალიკვიდაციოდ საჭირო სამშენებლო მასალების და მოწყობილობების საჭირო ადგილებში განთავსება, სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მობილიზაცია და გადაადგილებისათვის მარშრუტის დადგენა;
დ) მექანიკური მოწყობილობების ნორმალური მუშაობის რეჟიმის დარღვევის საფრთხეების შესამცირებლად და წყალსაცავის ჰიდროკვანძის ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგრადობის შესანარჩუნებლად საჭირო ღონისძიებების გატარებ