1. წყალგამტარი ტრაქტის ჩამკეტების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს:
ა) წყალსაცავის ქვედა ბიეფში წყლის საჭირო ხარჯის გატარების დარეგულირება (გაშვება ან შეწყვეტა);
ბ) წყალმიმღები მოწყობილობებიდან წყლის აღების (მიწოდების) შეწყვეტა ნახვრეტების სრული ჩაკეტვით;
გ) ავარიის ან დაზიანებული ჰიდროძალოვანი მოწყობილობების შესაკეთებლად ცალკეული ხვრეტების დაკეტვა.
2. წყალგამტარი ტრაქტის ჩამკეტები უნდა უზრუნველყოფდნენ:
ა) მთლიანი ნაგებობის ან მისი ცალკეული კვანძების სიმყარეს და კონსტრუქციულ მდგრადობას;
ბ) ჩამკეტის და მისი შედუღების კვანძების და მოწყობილობების წყალგაუმტარობას;
გ) ჩამკეტის დანიშნულების მიხედვით, მდგარ და გამდინარე წყალში, თავისუფალი მანევრირების შესაძლებლობას;
დ) ძირითადი სარეგულაციო ჩამკეტების ნორმალურ ფუნქციონირებას, სხვადასხვა ხვრეტების გაღებით, წყლის აღების და გადაგდება-გატარების მანევრირების შესაძლებლობას.
3. წყალგამტარი ტრაქტის ჩამკეტების ფუნქციონირების და ტექნიკური ექსპლუატაციის ძირითადი მოთხოვნებია:
ა) საკეტების გამტარიანობის (მ3/წმ, ლ/წმ) განსაზღვრა სხვადასხვა პროცენტით გაღებისას, წყალსაცავში წყლის სხვადასხვა მოცულობის (მლნ/მ3) და წყლის დონის განსხვავებული სიმაღლისათვის (მ. აბს) თითოეული წყალსაცავისათვის დამუშავებული ტექნიკური ექსპლუატაციის დეტალური პროექტით;
ბ) წყალსატარი ნაგებობის ჩამკეტების მუშაობის რეჟიმის შერჩევა;
გ) ჩამკეტების ჰერმეტულობა, ზღურბლზე სწორად დასმა და მჭიდრო მიბჯენა საყრდენ კონტურზე;
დ) სარეზერვო ელექტრომომარაგება (ტექნიკური შესაძლებლობის არსებობისას), ან ხელის ამძრავის გამოყენება.
4. წყალსატარი ნაგებობის ჩამკეტების მუშაობის რეჟიმის შერჩევა ხდება ხვრეტების სრული ან ნაწილობრივი გაღების პირობებში, ექსპლუატაციის რეალური პირობების გათვალისწინებით.
5. ჩამკეტებით მანევრირების დაწყებისას მათი მოძრაობა უნდა ხორციელდებოდეს შეუფერხებლად, გაკვრების და ვიბრაციის, სვლის ნაწილების სწორი მდგომარეობის და საყრდენი ნაწილების დეფორმაციის გარეშე.
6. დაწნევის ქვეშ მუშაობისას, ჩამკეტებს არ უნდა ჰქონდეთ გადახრები და დაუშვებელი დეფორმაციები. დაწნევის ქვეშ მომუშავე სიღრმული საკეტების ექსპლუატაციის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ჩამკეტების შესაძლებელი ვიბრაცია ჰიდრავლიკურ მოვლენათა (წნევის პულსაცია, ვაკუუმისას ჭავლის მოწყვეტა, ჰიდრავლიკური დარტყმა) წარმოშობის შედეგად, როცა ხდება ხვრეტის გახსნის ხარისხის და ზედა და ქვედა ბიეფების დონეების არახელსაყრელი თანხვედრა.
7. ჩამკეტების ვიბრაციის გამომწვევი მიზეზების სრულად გამოსწორება შესაძლებელია მათი კონსტრუქციის და წყალსაგდები ნაგებობის ჰიდრავლიკური რეჟიმის შეცვლით.
8. დაუშვებელია ნაწილობრივ გახსნილი ჩამკეტების მუშაობა მნიშვნელოვანი ვიბრაციისას. ნაწილობრივ გახსნილი ჩამკეტების ვიბრაციის შემცირების და/ან აღმოფხვრისათვის საჭიროა ჩამკეტის გადაყვანა იმ მდგომარეობაში, როდესაც ვიბრაცია არ შეინიშნება. აუცილებლობის შემთხვევაში, ასეთი ჩამკეტით გადასაგდები წყლის ხარჯი უნდა გადანაწილდეს სხვა ხვრეტებზე ისე, რომ ჯამური ხარჯი უცვლელი დარჩეს.
9. ზედაპირული წყალსაგდები ხვრეტების ჩამკეტების ვიბრაციის აღმოჩენა შესაძლებელია ვიზუალურად:
ა) ჩამკეტზე დადგმულ წყლიან ჭურჭელში წყლის ზედაპირის რხევის შემთხვევაში.
ბ) ზედა ბიეფში, ჩამკეტამდე, წყლის ჭავლის რხევის შემთხვევაში;
გ) ჩამკეტის ამწევის და სხვა ნაწილების – მოაჯირის, საცალფეხო ხიდის ვიბრაციის ინსტრუმენტული შეფასებით;
დ) აკრძალულია ნაწილობრივ გახსნილი ჩამკეტის მუშაობა მნიშვნელოვანი ვიბრაციისას.
10. დაუშვებელია წყალსატარ ხვრეტში განთავსებული სარემონტო ჩამკეტიდან წყლის გამოჟონვა. შემამჭიდროებლიდან წყლის ჟონვის შემჩნევისთანავე აუცილებელია მისი სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარება - ჩამკეტის ცალკეული სექციების და შემამჭიდროებლების შეკეთება ან გამოცვლა, შემამჭიდროებელი კონტურის დაგმანვა და დაწიდვა-დაწნეხვა.
11. ქვედა ბიეფის მხარეს, ძირითადი ჩამკეტების შემამჭიდროებელი მოწყობილობების არადამაკმაყოფილებელი მუშაობის შემთხვევაში, ზედა ბიეფის მხრიდან სარემონტო, ან ავარიულ-სარემონტო ჩამკეტების ოპერატიული მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ამ ჩამკეტებით პერიოდული მანევრირება.
12. მექანიკური მოწყობილობების საექსპლუატაციო მოთხოვნებია:
ა) ტექნიკური მომსახურეობის უზრუნველყოფა, მუშაობაზე მეთვალყურეობა, პერიოდული ტექნიკური დათვალიერება და გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა, გამაფრთხილებელი რემონტების ჩატარება, რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია;
ბ) ჩამკეტების მუშაობის რეჟიმის შეთავსება ჰიდროლოგიურ და მეტეოროლოგიურ პირობებთან და მათი მუშაობის რეკომენდირებულ რეჟიმებთან, ჰიდროძალოვან და ამწე-მექანიკურ მოწყობილობებთან შეთანაწყობილ რეჟიმში ფუნქციონირების გათვალისწინებით.
13. ჩამკეტების ტექნიკური მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) შედუღების ნაკერები, ჭანჭიკური და მოგლინური დამაგრების ადგილები უნდა იყოს მჭიდრო წყალგაუმტარი;
ბ) შემამჭიდროებლები მორგებული უნდა იყოს ჩასატანებელი ნაწილების მთელი კონტურის გასწვრივ და შემხებ ნაწიბურებთან. შენარჩუნებული უნდა იყოს შემამჭიდროებლების მოქნილობა, დრეკადობა და ძვრადობა. მართვად შემამჭიდროებელ მოწყობილობებზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მართვადობა ნორმალური სვლის ფარგლებში;
გ) შემამჭიდროებელის დამცავი ელემენტები საიმედოდ უნდა იცავდეს მას მსხვილი ნაგავისაგან, ფსკერული ნატანისაგან;
დ) ზარადკოჭის ზედაპირი, სიღრმული ჩამკეტების ზედა შემამჭიდროებლების გადაადგილების ფარგლებში და ყველა ჩამკეტის გვერდითი შემამჭიდროებლების, საკონტაქტო ზედაპირი უნდა იყოს გლუვი;
ე) ბრტყელი, სრიალა ჩამკეტების და გისოსების საყრდენი თავკავები უნდა იყოს გლუვი, დაზიანებების, ჩამონახეთქების, ბზარების გარეშე და მჭიდროდ ერგებოდეს მუშა გზას-კილოს ჩასატარებელ ნაწილს. თავკავებზე ღარული გამონამუშავის წარმოქმნა დასაშვებია მექანიკური მოწყობილობის ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების ადგილობრივ სამრეწველო ინსტრუქციებში მოყვანილ მნიშვნელობათა ფარგლებში;
ვ) საყრდენი საგორავები, სახსრული საყრდენები, მუშა ბორბლების მილისები და ღერძები, თვლიანი ურიკების ბალანსირები (სახსრები) – უკუ ურიკები, გვერდითი და ტორსული ბორბლები და სხვა მექანიზმები და დეტალები უნდა იყოს სუფთა და შეზეთილი;
ზ) საზეთურები და შეზეთვის არხები უნდა იყოს გაწმენდილი და შეზეთვისას თავისუფლად ატარებდეს ზეთს. ზეთის ხარისხი და მისი შეცვლის ვადები უნდა შეესაბამებოდეს ქარხანა-მწარმოებლის მიერ გამოცემულ ინსტრუქციის მოთხოვნებს;
თ) თვლიანი ჩამკეტების მუშა და უკუსვლის კილოებს არ უნდა ჰქონდეს ნახეხები, რომლებიც წარმოიშობა ბორბლების არასწორი ბრუნვის დროს;
ი) ჩამკეტების ლითონკონსტრუქციებს, მათ მექანიკურ და სხვა დეტალებს არ უნდა ჰქონდეს დეფორმაციები, ბზარები და სხვა დაზიანებები;
კ) ჩამკეტების ცალკეული სექციების შეჭიდულობებს (ბმებს) არ უნდა ჰქონდეს გარე პირების და დამაგრების ღერძების დეფორმაციები. ღერძები უნდა იყოს შეზეთილი, სექციებს შორის შემამჭიდროებლები უნდა იყოს მორგებული მთელი კონსტრუქციის გასწვრივ;
ლ) გადასაშვებ მოწყობილობებს უნდა ჰქონდეს მჭიდროდ მორგებული შემამჭიდროებლები;
მ) მისაერთებელი კვანძების შლანგებს, საკიდლებს და დამჭერებს არ უნდა ჰქონდეს დეფორმაციები. სახსრების ღერძები უნდა იყოს შეზეთილი;
ნ) წამტაცი კოჭების შეჭიდულობის კვანძები არ უნდა იყოს დეფორმირებული და ნაგვით გავსებული, უნდა უზრუნველყოფდეს წამტაცი კოჭების ჩამკეტებთან გამართულ შეერთებას.
14. მექანიკურ მოწყობილობას რეგულარულად უნდა უტარდებოდეს პერიოდული ტექნიკური დათვალიერება: მისი მდგომარეობის შემოწმების, სარემონტო სამუშაოების სახის და მოცულობის განსაზღვის, ტექნიკური ექსპლუატაციის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავების მიზნით:
ა) საერთო დათვალიერება უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ – ერთი საგაზაფხულო თოვლის დნობისა და გაზაფხულის წვიმების შემდეგ, რომლის დროს განისაზღვრება მომდინარე სარემონტო სამუშაოების მოცულობა და მეორე შემოდგომაზე – მექანიკური მოწყობილობის ზამთრისათვის მზადყოფნის შემოწმების მიზნით;
ბ) კერძო ტექნიკური დათვალიერების დროს ხორციელდება მექანიკური მოწყობილობის ცალკეული კვანძების და ლითონკონსტრუქციის გამოკვლევა. კერძოდ, ტექნიკური დათვალიერება უნდა ჩატარდეს ორ კვირაში ერთხელ მაინც.
15. მექანიკური მოწყობილობებს უტარდება გეგმიურ-გამაფრთხილებელი რემონტი, რომლის შემადგენლობაში შედის დათვალიერებითი, მიმდინარე და აღდგენით-სარეაბილიტაციო რემონტები:
ა) მიმდინარე რემონტი ხორციელდება მოწყობილობის ექსპლუატაციის პროცესში, მისი მუშაობის უნარიანობის უზრუნველსაყოფად;
ბ) აღდგენით-სარეაბილიტაციო რემონტის დროს ხორციელდება მექანიზმების ყველა კვანძის დაშლა და გარეცხვა, გაცვეთილი დეტალების (სამუხრუჭე შკივების, კბილანა ბორბლების, სატვირთო შემამჭიდროებლების ნაწილობრივ შეცვლა, გორვის საკისრების, ჩობალური და სამაჯე შემამჭიდროებლების ნაწილობრივ შეცვლა, სამაგრი და მაფიქსირებელი დეტალების, ჰიდროსისტემების, ბუფერების საბჯენების, ლითონკონსტრუქციების რემონტი ან შეცვლა, ურიკის გაცვეთილი რელსების შეცვლა, ყველა მექანიზმის მოგორვა.
16. ხიდური და სტაციონალური მექანიზმების გეგმიურ-მაფრთხილებელი რემონტები, სრულდება რემონტშორის მომსახურებასთან ერთად:
ა) რემონტშორისი მომსახურება – ძირითადად მოიცავს აგრეგატებზე თვალყურის დევნებას, სარეგულაციო სამუშაოებს და წვრილმანი უწესივრობების აღმოფრხვას;
ბ) მცირე რემონტი ძირითადად მოიცავს სამუხრუჭე ზესადებების, ქუროების დეტალების დათვალიერებას და შეცვლას; მუხრუჭების, მცველი მოწყობილობების, გორვის საკისრების რეგულირებას, რედუქტორიდან ზეთის გაჟონვის აღმოფხვრას.
17. ამწის ელექტრულ ნაწილს უტარდება მცირე, საშუალო და აღდგენით-სარეაბილიტაციო რემონტები:
ა) მცირე და საშუალო რემონტი ითვალისწინებს ელექტროძრავების კორპუსების და საკისრების გახურების შემოწმებას; კლემის ფარების და გამტარების კონტაქტების ჯაგრისების შეცვლას; ელექტრომოტორების, რელეს ღილაკების მუშაობის შემოწმებას;
ბ) აღდგენით-სარეაბილიტაციო რემონტის დროს ხორციელდება ელექტროძრავების გრაგნილის ნაწილობრივი ან სრული შეცვლა; როტორების ყელების გაჩარხვა ან ლივლივების შეცვლა; საკონტაქტო რგოლების გადახარისხება; მილტუჩების შეცვლა; ელექტროძრავის გამოცდა დატვირთვით; ელექტროძრავის ცალკეული ნაწილების შეცვლა; კონტროლერების და წინაღობების გადახარისხება; დენმიმღებების და ტროლების შეცვლა, იზოლაციის შემოწმება.
18. დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში რემონტს არ ექვემდებარება წვრილი დეტალები და იგი უნდა შეიცვალოს.
19. მექანიკური მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციის მოთხოვნები რეგულირდება მექანიკური მოწყობილობის ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების სამრეწველო ინსტრუქციების და სხვა მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციი