1. წყალსაცავის კაშხლის შემადგენელი ნაწილი, საცემენტაციო გალერეა კონსტრუქციულად წარმოადგენს რკინა-ბეტონის ნაგებობას, რომელშიც მოწყობილია საცემენტაციო ჭაბურღილები, განლაგებული ძირითადად ორ რიგად – ჭადრაკულად, პირველი და მეორე რიგის საცემენტაციო ფარდებს შორის ორმაგი მანძილის დაცილებით.

2. საცემენტაციო გალერეის სატრანსპორტო გალერეაში შესაძლოა მოწყობილ იქნეს სატუმბო სადგური.

3. კაშხლის ტანში ეწყობა დახურული და ღია ტიპის პიეზომეტრები, რომლებიც აღჭურვილია წნევის გარდამქმნელებად და სადენებით ერთდება შუალედურ, საცემენტაციო ტერმინალთან:

ა) დახურული ტიპის პიეზომეტრები ეწყობა კაშხლის თიხის გულში, საცემენტაციო გალერეის დახრილ უბანზე, კაშხლის ფუძესა და გულს შორის, შიდა წნევის დასადგენად;

ბ) ღია ტიპის პიეზომეტრები ეწყობა კაშხლის თხემზე, ბერმებზე, ფერდზე, კაშხლის ნაპირებზე ქვედა ბიეფში, ფილტრაციული წყლების გასაზომად. ღია პიეზომეტრების თავები დაცული უნდა იყოს წყლის მოხვედრისაგან, რათა წყალმა არ იმოქმედოს პიეზომეტრების ჩვენებებზე. საჭიროა პერიოდულად გაიწმინდოს პიეზომეტრების შიშველი თავები.

4. კაშხალზე და ბერმებზე ქვედა ბიეფის მხრიდან ეწყობა კაშხლის გეოდეზიური რეპერები, კაშხლის თხემის და ფუძის ძვრების გასაზომად. რეპერების განლაგება დაიტანება გეგმაზე.

5. კაშხლის დეფორმაციებზე გეოდეზიური მეთოდით დაკვირვებების ჩატარების დანიშნულებაა:

ა) ნაგებობის ზედაპირის ჰორიზონტალური გადაადგილების ხარისხის დადგენა;

ბ) კაშხლის ზედაპირის ჰორიზონტალური გადაადგილების ხარისხის დადგენა.

6. კაშხლის დეფორმაციებზე სადამკვირვებლო გეგმურ-სიმაღლითი გეოდეზიური ქსელი შედგება:

ა) გამოსასვლელი გეოდეზიური პუნქტებისაგან, რომელიც მაგრდება დეფორმაციის შესაძლო ზონის გარეთ, წყალსაცავის მარჯვენა და მარცხენა ბორტებზე, კაშხლის თხემის გასწვრივ;

ბ) საყრდენი (მუშა) გეოდეზიური ნიშნებისაგან, რომლებიც მაგრდება კაშხლის ქვედა ბიეფში, ნაგებობიდან დაშორებით, დეფორმაციის ზონაში, ბერმების გასწვრივ, მარჯვენა და მარცხენა მხარეზე;

გ) საკონტროლო გეოდეზიური ნიშნებისაგან, ამ შემთხვევაში, კაშხლის დეფორმაციის ზონის გარეთ დამაგრებული გამოსასვლელი რეპერებიდან სანიველირო სვლის გატარებით, ნიშნულები გადაეცემა მუშა (საყრდენ) რეპერებზე, რომლიდანაც განისაზღვრება ნაგებობაზე დამაგრებული საკონტროლო გეოდეზიური ნიშნების სიმაღლეები. საკონტროლო გეოდეზიური ნიშნები განთავსდება დეფორმაციის ზონაში, კაშხლის თხემზე და ბერმებზე, უშუალოდ ნაგებობების ზედაპირზე.

7. კაშხლის ზედაპირის (თხემის) ჯდენების განსაზღვრა ხდება III თანრიგის სანიველირო სვლის გატარებით, რომლის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 40-45 მეტრს, აუცილებელია სანიველირო სვლების სისტემატური გატარება, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის პერიოდში. კაშხლის ნაგებობის საზღვრებს გარეთ გამავალ სანიველირო ტრასაზე საჭიროა ინსტრუმენტის და ლარტყის დგომის ადგილების დამაგრება, ხოლო დროებითი სანიველირო წერტილების ნაცვლად – ტრასის მუდმივი დამაკავშირებელი წერტილებით დამაგრება.

8. კაშხლის ზედაპირის ჰორიზონტალურ გადაადგილებაზე დაკვირვებები უნდა ჩატარდეს კაშხლის თხემის და ბერმების გასწვრივ დამაგრებული საყრდენი პუნქტებიდან, უშუალოდ დეფორმაციის ზონაში ნაგებობაზე დამაგრებულ საკონტროლო ნიშნებზე მაღალი საზუსტის თეოდოლიტით, პოლიგონომეტრიული სვლების გატარებით.

9. კაშხლის დეფორმაციებზე გეოდეზიური გაზომვებით დაკვირვების გეგმიურ-სიმაღლითი საფუძვლის შესაქმნელად საჭიროა კაშხლის თხემზე და ბერმებზე ტოპოგეოდეზიური პუნქტების (პოლიგონომეტრიის გამოსასვლელი პუნქტების, რეპერების ბუჩქის სახით წარმოდგენილი გამოსასვლელი ნიშნების საყრდენი მუშა გეგმიურ-სიმაღლითი და საკონტროლო პუნქტები) დამაგრება.

10. წყალსაცავის ექსპლუატაციის პერიოდში, კაშხლის დეფორმაციებზე ყოველწლიურად გათვალისწინებულ უნდა იქნეს დაკვირვების ოთხი ციკლის შესრულება.

11. ყოველი 4-5 ბალიანი და მეტი ამპლიტუდის მიწისძვრის შემდეგ აუცილებელია კაშხალზე რიგგარეშე დაკვირვების ჩატარება. დაკვირვებების ყოველი ციკლის მონაცემები შეტანილი უნდა იყოს სპეციალურ ცხრილში, შედარდეს გასული პერიოდის მონაცემებთან და დადგინდეს ნაგებობის დეფორმაციის პარამეტრები.

12. კაშხლის მდგომარეობის დასადგენად ჩასატარებელი დაკვირვებების შემადგენლობა და პერიოდულობა დამოკიდებულია წყალსაცავების კაშხლის ჯგუფებზე;

ა) I და II წყალსაცავების კაშხლის ჯგუფებზე კაშხლების მდგომარეობის დასადგენად დაკვირვებები ტარდება:

ა.ა) ჰიდროსტატიკურ წნევაზე (წყალსაცავში წყლის დონე);

ა.ბ) გარემოს კლიმატურ პარამეტრებზე;

ა.გ) კაშხლის ტანში ფილტრაციული წყლების დონეებზე;

ა.დ) გაჟონილი (ფილტრაციული) წყლის ხარჯზე;

ა.ე) საცემენტაციო ფარდის მდგომარეობაზე;

ა.ვ) სეისმურ მონაცემებზე;

ა.ზ) კაშხლის თხემის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ გადაადგილებაზე.

ბ) III წყალსაცავების კაშხლის ჯგუფებზე კაშხლების მდგომარეობის დასადგენად დაკვირვებები ტარდება თვეში ერთხელ.

13. კაშხლის მდგომარეობაზე დაკვირვების მიზანია ისეთი პროცესების და დაზიანებების გამოვლენა, როგორიცაა:

ა) კაშხლის თხემზე ნაპრალების გაჩენა, პარაპეტის დახრა;

ბ) კაშხლის ქვედა ბიეფში წყლის გაჟონვა, ან მიწისქვეშა წყლების ზედაპირზე გამოსვლა, კაშხლის ზედაპირის დაწევა;

გ) საირიგაციო ან ენერგეტიკულ წყალმიმღებში ბეტონის და ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების დაზიანებები;

დ) ღია ან დახურული (შახტური) ტიპის კატასტროფული წყალსაგდების ტრასაზე, ბეტონის დაბზარვა, ნაკერების დაძვრა, ჩამქრობი ჭის მდგომარეობა;

ე) წყალსაცავის ფერდობებზე გრუნტის დაცურების (ეროზიის) ზონების გაჩენა;

ვ) სამომსახურეო შახტის ბეტონის მდგომარეობა, ლიფტის და სავენტილაციო სისტემის გამართულობა;

ზ) სამომსახურეო გვირაბში ნაკერების, სავალი ნაწილის და კიუვეტების მდგომარეობ