1. რწყვის პერიოდის დაწყების წინ დათვალიერებული უნდა იქნეს ძრავები და ტუმბოები. არმატურის დაყენება უნდა შემოწმდეს და გამოიცადოს შესაბამისი აპარატურით, აუცილებელია მანქანების გაშვებამდე მათი მზადყოფნის გასინჯვა-შემოწმება.

2. ყინულის დაძვრამდე და წყალდიდობის დაწყებამდე უნდა მოხდეს თვითდინებითი მილსადენების გარეცხვა (გამორეცხვა). მიმყვანი არხის, წყალმიმღების და ნაგავშემკავებელი გისოსების გაწმენდა, წყალმიმღების ირგვლივ ყინულის საფარის დამტვრევა – მოცილება.

3. ცენტრიდანული ტუმბო(ები)ს გაშვების წინ აუცილებელია წყლის შემწოვი მილსადენის და ტუმბოს კორპუსის შიდა ღრუს წყლით შევსება. ცენტრიდანული ტუმბო(ები)ს წყლით შევსება შეიძლება სადაწნეო მილსადენიდან, ასევე, ჰაერის გაწოვით ვაკუუმ ტუმბოს ან ჭავლური ტუმბოს (ეჟექტორის) საშუალებით.

4. ტუმბო(ები)ს წყლით შევსება და ეჟექტორით ჰაერის გაწოვა ხდება სადაწნეო მილსადენში საკმაოდ მაღალი წნევით. ეჟექტორის გაშვების წინ სადაწნეო მილსადენის საკვალთი უნდა დაიკეტოს, ხოლო ტუმბო უნდა ჩაირთოს მაშინ, როდესაც ეჟექტორი ჰაერის ნაცვლად წყლის გადაქაჩვას დაიწყებს. დიდი ტუმბოებისას, ეჟექტორის ასამუშავებლად საჭიროა გრიგალურ ან ცენტრიდანულ-გრიგალური ტუმბოების გამოყენება.

5. ტუმბოს წყლით შევსების შემდეგ, ტუმბოს გაშვების წინ საჭიროა მანომეტერთან ონკანის გაღება და ელექტროძრავის ჩართვა. ამ დროს საკვალთი სადაწნეო მილსადენზე დაკეტილი უნდა იყოს. იმის შემდეგ, როდესაც ტუმბო განავითარებს საჭირო ბრუნვის სიხშირეს, ხოლო მანომეტრი უჩვენებს შესაბამის წნევას, საჭიროა ვაკუუმის ონკანის და წყლის ჩობალთან მიმყვანი მილების ონკანების გაღება.

6. იმ შემთხვევაში, თუ ტუმბოების საკისრების გაცივება ხდება წყლით, სადაწნეო მილსადენის საკვალთის გაღება უნდა მოხდეს მხოლოდ წყლის საკისრებთან მიმყვანი მილების ონკანების გაღების შემდეგ. ტუმბოს გაშვება დასაშვებია სადაწნეო მილსადენის გაღებული საკვალთის შემთხვევაშიც, თუ ეს არ გამოიწვევს ელექტროძრავის სახიფათო გადატვირთვას.

7. ტუმბო-აგრეგატის მუშაობის დროს, ურდული შემწოვ მილზე მთლიანად უნდა იყოს გაღებული. აკრძალულია ტუმბო-აგრეგატის წარმადობის რეგულირება შემწოვი მილის ურდულით.

8. სატუმბო სადგურის საიმედოობის გათვალისწინებით, ნებისმიერი კლასის აგრეგატის გაჩერებისას, მისი მართვის სახის მიუხედავად (ხელით ან ავტომატიზებული), აუცილებელია, დაცულ იქნეს შემდეგი თანმიმდევრობა:

ა) ტუმბოს ჩამკეტ მილყელზე საკვალთის დაკეტვა;

ბ) ტუმბოს ელექტროძრავის გამორთვა;

გ) წყლის წყაროდან წყლის მიწოდების შეწყვეტა, თუ წყლის მიწოდება ტუმბოს ჩობლებზე ხორციელდება – გარეშე წყლის წყაროდან.

9. ტუმბოს დიდი ხნის გაჩერების შემთხვევაში აუცილებელია მისი წყლისგან დაცლა და კონსერვაცია, ქარხანა-მწარმოებლის ინსტრუქციით მოთხოვნების შესაბამისად.

10. აკრძალულია ტუმბო-აგრეგატის ექსპლუატაცია შემდეგ შემთხვევებში:

ა) აგრეგატში ნათლად გამოხატული კაკუნის დაწყებისას;

ბ) ელექტროძრავის სტატორსა და როტორს შორის ღრიჭოში ნაპერწკლების და ნათების წარმოქმნისას;

გ) ლილვის ვიბრაციის მომატებისას (დასაშვები ვიბრაცია 0.013-0.05 მისი 1000-3000 ბრ/წთ საჩქარის დროს, 0.16 – მისი 750 ბრ/წთ და ნაკლები საჩქარის დროს);

დ) საკისრების, სტატორის და როტორის ხვიებში დასაშვებზე მეტი ტემპერატურის დროს;

ე) საკისრების მწყობრიდან გამოსვლისას;

ვ) ზეთის წნევის დასაშვებზე დაბლა დაწევის დროს (შეზეთვის ცირკულარული სისტემის შემთხვევაში