1. მშენებარე, მოქმედ და სალიკვიდაციო შახტებში გამოყენებული ელექტრომოწყობილობა, კაბელები და ელექტრომომარაგების სისტემები, შახტში მომუშავეთა უსაფრთხო პირობების დაცვის მიზნით, უნდა უზრუნველყოფდეს ელექტროუსაფრთხოებას, აფეთქებაუსაფრთხოებას და ხანძარუსაფრთხოებას.
2. შახტის მიწისქვეშა შენობებისა და ნაგებობებისათვის უნდა მოეწყოს მეხდაცვა.
3. მშენებარე და სარეკონსტრუქციო შახტების ელექტრომომარაგება უნდა განხორციელდეს რეგლამენტისა და სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
4. შახტში აკრძალულია:
ა) ყრუ ჩამიწების ნეიტრალიანი ტრანსფორმატორების ქსელის გამოყენება;
ბ) დაბალი ძაბვის ელექტრომომარაგების დისტანციური, ტელემექანიკური და ავტომატური მართვა ისეთი ბლოკირების გარეშე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ხაზისა და ელექტრომიმღების გამორთვას მათზე მაქსიმალური დენური დაცვის ამოქმედებისას და მიწასთან მიმართებაში მათი იზოლაციის დაბალი წინაღობის არსებობისას.
ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება უნდა განხორციელდეს სტანდარტით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
5. მიწისქვეშა დანადგარში გამოყენებული უნდა იქნეს აპარატი (გაჟონვის რელე), რომელიც ავტომატურად გამორთავს ქსელს დენის სახიფათო გაჟონვის დროს.
6. თუ ცენტრალურ მიწისზედა ქვესადგურს არ ემსახურება სპეციალიზებული პერსონალი, სამთო დისპეტჩერთან უნდა არსებობდეს დენის მოკლე ჩართვისაგან დაცვის სიგნალიზაცია.
7. გვირაბებში კაბელების გამოცდის მიზნით სამუშაოების წარმოებისას მეთანის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ პროცენტს.
8. აკრძალულია ელექტრული დაცვის აპარატურის ექსპლუატაცია დაულუქავი სახურავის, ბლოკირების და რეგულირების მოწყობილობის გარეშე.
9. აკრძალულია:
ა) ელექტრომოწყობილობის ექსპლუატაცია გაუმართავი აფეთქებადაცვითი საშუალების, ბლოკირების, ჩამიწების, დაცვის აპარატის (გაჟონვის რელე), დაზიანებული მართვის და დაცვის (უსაფრთხოების) სქემების და კაბელის შემთხვევაში;
ბ) გამოუყენებელი (სარეზერვოს გარდა) ელექტრული ქსელის ძაბვის ქვეშ დატოვება;
გ) აფეთქებაუსაფრთხო ელექტრომოწყობილობის გარსის ხუფების გაღება ძაბვის წინასწარი მოხსნის და მეთანის კონცენტრაციის გაზომვის გარეშე;
დ) ელექტროქსელის ჩართვა კაბელის გარსისა და მისი ძარღვების იზოლაციის დაზიანების შემთხვევაში.
10. აკრძალულია ელექტროდანადგარის/ელექტრომოწყობილობის და სატელეფონო კავშირის აპარატურის ექსპლუატაცია ქსელიდან დენის გაჟონვისაგან დაცვის აპარატის (ეგაჟონვის რელეს) გარეშე, გარდა 42 ვ-მდე ძაბვის ელექტრომოწყობილობისა.
11. აირის და მტვრის აფეთქების მხრივ საშიში შახტის გვირაბებში გამოყენებული ელმავალი უნდა იყოს საშახტო აფეთქებაუსაფრთხო შესრულების.
12. III და ზეკატეგორიის აირიანი შახტების ჰაერის გამომავალჭავლიან და ჩიხურ გვირაბებში, რომლებიც ნიავდება ადგილობრივი განიავების ვენტილატორით, ელმავალზე გათვალისწინებული უნდა იყოს მეთანის შემცველობის კონტროლის გადასატანი (ინდივიდუალური) ავტომატური ხელსაწყო.
13. ელმავლის აკუმულატორის სამუხტავ კამერაში ელექტრომოწყობილობა უნდა იყოს აფეთქებაუსაფრთხო შესრულების. ამასთან, დასამუხტი ბატარეის მანიავებელმა ჰაერის ნაკადმა არ უნდა გაანიაოს სამუხტავი კამერის ელექტრომოწყობილობა.
14. უაირო, მტვრის მხრივ საშიში შახტის გვირაბში გამოყენებული უნდა იყოს ჰერმეტულად დაცული საშახტო მომეტებული შესრულების ელექტრომოწყობილობა.
15. აირის და მტვრის მხრივ საშიში შახტის სავენტილატორო, კალორიფერული და ამწევი დანადგარების შენობებში დასაშვებია საერთო დანიშნულების ელექტრომოწყობილობის გამოყენება იმ პირობით, თუ ამ შენობებში არ ხვდება საშახტო ჰაერი და ნახშირის მტვერ