1. გვირაბში ელექტროენერგიის გადასაცემად და გასანაწილებლად გამოყენებული კაბელები უნდა აკმაყოფილებდეს რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნებს.
2. აკრძალულია კაბელების გადაბმა აფეთქებაუსაფრთხო მოწყობილობის (ქუროს) გარეშე.
3. აკრძალულია მოქნილი კაბელების ძაბვის ხაზური შემაერთებელი მოწყობილობით ერთმანეთთან შეერთება, თუ მუშაობის პროცესი არ მოითხოვს ძაბვის გათიშვას და მართვის წრედებში არ არის გამოყენებული მოკლე ჩართვისგან დასაცავი ნაპერწკალუსაფრთხო დისტანციური მართვის სქემები.
4. დაბალი ძაბვის მკვებავი საკაბელო ხაზებისათვის, რომლებშიც გადის მომხმარებელთა ჯამური დატვირთვის დენი, გამოყენებული უნდა იქნეს ერთნაირი კვეთის კაბელები. აკრძალულია ასეთი ხაზებისათვის სხვადასხვა კვეთის ხაზების გამოყენება, თუ ხაზის თითოეული უბანი უზრუნველყოფილი არ იქნება მოკლე ჩართვის დენისგან დაცვით.
5. ელექტროძრავებისკენ მიმართულ განშტოებებზე აკრძალულია მანაწილებელი კოლოფების გამოყენება მოკლე ჩართვისაგან დაცვის აპარატების დაყენების გარეშე, გარდა შემთხვევისა, როდესაც თითოეული განშტოების კაბელი მოკლე ჩართვის დენისგან დაცულია ჯგუფური დაცვის აპარატით.
6. აკრძალულია მოქნილი კაბელის გაყვანა გვირაბის საგებზე, გარდა ისეთი მანქანის კაბელისა, რომელსაც გააჩნია კაბელის ამკრები ან სხვა ისეთი მსგავსი მოწყობილობა, რომელიც მანქანის გადაადგილებისას უზრუნველყოფს კაბელის დალაგებას ან დახვევას დაზიანების გარეშე.
7. ძაბვის ქვეშ მყოფი მოქნილი კაბელი უნდა იყოს გაჭიმული და დაკიდებული. აკრძალულია ხვეულას და რვიანის მდგომარეობაში მყოფი მოქნილი კაბელის ძაბვის ქვეშ დატოვება.
8. შახტში კაბელები უნდა დაეწყოს ისეთ სიმაღლეზე, სადაც ნაკლებსავარაუდოა მეთანის შრეობრივი დაგროვება.
9. გვირაბში კავშირის, სიგნალიზაციის და შიშველი სადენების გაყვანისას მათი ძალური კაბელებისაგან დაშორებები უნდა განხორციელდეს სტანდარტით დადგენილი უსაფრთხო მანძილების დაცვით. შიშველი სადენები გაყვანილი უნდა იქნეს იზოლატორებზე.
10. აკრძალულია გვირაბის ერთ მხარეს ელექტროკაბელების და სავენტილაციო მილსადენის გაყვანა.