1. ყველა ნამუშევარი ველი და გამოუყენებელი გვირაბი უნდა იყოს იზოლირებული. საიზოლაციო ზღუდარის, გვირაბის კედლების თიხით ამოგლესის და ხანძარსაწინააღმდეგო თაღის მოწყობის შემდეგ, შესაბამისი ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი ავარიის სალიკვიდაციო და პროფილაქტიკური ღონისძიებების გეგმაში, უმოკლეს ვადაში.

2. საიზოლაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.

3. სამთო სამუშაოების დაწყებამდე უბნებსა და ფენებში, რომლებიც მუშავდება ცალკეული ამოსაღები ველებით, საუბნე კვერშლაგებში ან სავენტილაციო და საზიდ შტრეკებში უნდა მოეწყოს ბეტონის ხანძარსაწინააღმდეგო თაღები გვირაბის საიზოლაციო მონაკვეთის ინერტული მასალით შევსების გასაკონტროლებლად, ისეთნაირად, რომ არ შევიწროვდეს გვირაბის კვეთი სიოში.

4. მთლიანად ნამუშევარი ველები და ქვესართულები იზოლირებული უნდა იქნეს ორმაგი ზღუდარებით, რომელთა შორის სივრცე უნდა შეივსოს თიხის ლამისა და ქვიშის ნარევით ან სხვა ადექვატური საიზოლაციო მასალით. ნამუშევარი საწმენდი სანგრევის იზოლირების ღონისძიებები უნდა გამორიცხავდეს ხანძრის, აფეთქების და მავნე აირების წარმოქმნის შესაძლებლობას. იზოლირების ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს  სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

5. დაახლოებული ან სქელი ფენის რამდენიმე შრის ერთი ჯგუფური შტრეკიდან დამუშავებისას ნამუშევარი ფენა (შრე) მისი დამუშავების შესაბამისად უნდა იყოს იზოლირებული.

6. ზღუდარს, გარდა იმ ზღუდარებისა, რომლებიც იდგმება გამკვეთებსა და ბილიკებში, უნდა გაუკეთდეს დაფა, რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს ზღუდარის ნომერი, ადგილი და დადგმის დრო, აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილი ზედამხედველის  ხელმოწერისა და თარიღის აღნიშვნისათვის.

7. ზღუდარი შეტანილი უნდა იყოს საიზოლაციო ზღუდარების სარეგისტრაციო ჟურნალში.

8. ზღუდარების და თაღების ჰერმეტულობის კონტროლი უნდა დაიწყოს მათი აგებისთანავე და უნდა წარმოებდეს მუდმივად, არსებობის მთელი დროის განმავლობაში.

9. მიწის ზედაპირზე გამომავალი გვირაბების  ასევე ჭაბურღილების, ჩაქცევების და ღია სამთო სამუშაოების დროს წარმოქმნილი ნაპრალების დროებითი და მუდმივი იზოლაცია უნდა ჩატარდეს  სტანდარტის  მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი  და სამთო-სამაშველო სამსახურთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად.

10. მიწის ზედაპირზე გამომავალი გვირაბების საიზოლაციო სამუშაოების დამთავრების შემდეგ უნდა შედგეს საიზოლაციო ნაგებობის მიღების აქტი, რომელსაც უნდა დაერთოს ნაგებობის ესკიზი.

11. აკრძალულია მიწისქვეშა ამოსაღები ველების მომზადება იმ ადგილების ქვეშ, სადაც ღია წესით დამუშავების დროს წარმოიქმნა ნაპრალები ან ჩაქცევები.

12. გამომუშავებული სივრცის დალამვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ დაცული იყოს  მის გვერდით ან/და  ქვევით მდებარე უბნის გვირაბებში  მყოფი მუშების უსაფრთხოება.

13. ამოსაღები ველის მთლიანად დამუშავების შემდეგ, მისი იზოლაციისა და დალამვის დამთავრებისას შესრულებულ სამუშაოზე უნდა შედგეს აქტი.

შენიშვნა: ტყიბულის ნახშირის საბადოს შახტებისათვის ნამუშევარი სივრცის  პროფილაქტიკური დალამვა მოქმედ ჰორიზონტზე უნდა წარმოებდეს საწმენდი სანგრევის გადაადგილების 20-30 მ ჩამორჩენით, ნახშირის ფენების თვითაალების ინკუბაციის პერიოდის შესაბამისად, არაუგვიანეს:

ა) 6 თვისა – II ფენაში;

ბ) 3 თვისა – 7/4 ფენაში;

გ) 2,5 თვისა – III ფენაში;

დ) 1 თვისა – IV ფენაში;

ე) 1 თვისა – V ფენაში;

ვ) 1 თვისა – VI ფენაში.

თავი XVIII. ნახშირის თვითგახურე