1. ერთჩამჩიანი ექსკავატორით რკინიგზის ვაგონების დატვირთვისა და განტვირთვისას საექსკავატორო სანაყაროზე მატარებლის ბრიგადა უნდა დაემორჩილოს ექსკავატორის მემანქანის სიგნალებს.

2. ერთჩამჩიანი ექსკავატორით საავტომობილო და რკინიგზის ტრანსპორტის საშუალებების დატვირთვისას ექსკავატორის მემანქანემ უნდა მისცეს შემდეგი სახის სიგნალები:

ა) ბრძანებაზე: “დადექ” - ერთი მოკლე;

ბ) სატრანსპორტო საშუალების დასატვირთად მიწოდების ნებართვაზე - ორი მოკლე;

გ) დატვირთის დაწყებაზე - სამი მოკლე;

დ) დატვირთვის დამთავრებასა და სატრანსპორტო საშუალების გასვლის ნებართვაზე - ერთი გრძელი.

3. სიგნალების ცხრილი უნდა გაიკრას ერთჩამჩიანი ექსკავატორის ძარაზე თვალსაჩინო ადგილას და მას უნდა გაეცნონ ლოკომოტივების მემანქანეები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები.

4. დრაგლაინით რკინიგზის დუმპკარების  ან სხვა მოცულობების დატვირთვა დასაშვებია საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული მუშაობის უსაფრთხო მეთოდების ღონისძიებების განხორციელებით.

5. ერთჩამჩიანი ექსკავატორის მუშაობისას აკრძალულია ჩამჩის მოქმედების ზონაში ადამიანების ყოფნა (კერძოდ, მომსახურე პერსონალისა).

6. ერთჩამჩიანი ექსკავატორის მუშაობისას საფეხურის ჩამონგრევის ან ჩამომეწყრების საფრთხის შემთხვევაში ან ფეთქებადი მასალების მტყუნებული მუხტის აღმოჩენისას ექსკავატორის მუშაობა უნდა შეწყდეს და ექსკავატორი გაყვანილ იქნეს უსაფრთხო ადგილას. ექსკავატორის სანგრევიდან გამოსაყვანად ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი გასასვლელი.

7. ერთჩამჩიანი ექსკავატორის ისეთ გრუნტზე მუშაობისას, რომელიც ვერ უძლებს მუხლუხების წნევას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ექსკავატორის მდგრადი მდგომარეობის უზრუნველმყოფი სპეციალური ღონისძიებები.

8. უტრანსპორტო სისტემისას, როდესაც დრაგლაინი გადახსნაზე მუშაობს შეწყვილებულად სხვა ექსკავატორთან ან სხვა ტიპის მიწასათხრელ მანქანასთან კომპლექსში, მათ შორის უმოკლესი მანძილი არ უნდა იყოს მათი მოქმედების უდიდესი რადიუსების ჯამზე ნაკლები დრაგლაინის ჩამჩის გადასროლის სიდიდის გათვალისწინებით. უფრო ახლო მანძილზე მუშაობის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შედგეს სამუშაოს უსაფრთხო წარმოების სპეციალური პასპორტი და დამტკიცდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.

9. მრავალჩამჩიანი (ჯაჭვიანი და როტორული) ექსკავატორების კაბინებში დაყენებული უნდა იყოს საავარიო სიგნალიზაციის ფარი, აგრეთვე ხელსაწყოები შემდეგი სიდიდეების საკონტროლოდ:

ა) როტორის ისრის სიჩქარე და მობრუნების კუთხე;

ბ) ექსკავატორის გადაადგილების სიჩქარე;

გ) ძაბვა და დატვირთვა შესავალზე.

10. მრავალჩამჩიანი ექსკავატორის მუშაობის დროს ადამიანები არ უნდა იმყოფებოდნენ დატვირთულ ვაგონებთან და მათ შუა, ჩამტვირთავი და განმტვირთავი ლიუკების, კონვეიერების, გადამტვირთავი მოწყობილობისა და ექსკავატორის სავალი მოწყობილობის ჩარჩოს ქვეშ.

11. მრავალჩამჩიანი ექსკავატორის კაბინა აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც საშუალებას აძლევს მემანქანეს მხედველობის არეში იქონიოს ექსკავატორის მიმდებარე უბანი სანგრევში.

12. მრავალჩამჩიანი ექსკავატორის მუშაობის ადგილებზე უნდა არსებობდეს ექსკავატორის მემანქანის გამოძახების საშუალებები.

13. მრავალჩამჩიან ექსკავატორს უნდა ჰქონდეს სამარჯვები, რომლებიც გამორიცხავენ ჩამჩის ჩარჩოს, როტორის ისრისა და კონვეიერის აწევას, დაშვებას ან მობრუნებას მეტი კუთხით, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ექსკავატორის კონსტრუქციით.

14. მრავალჩამჩიანი ექსკავატორით ახალი სპირაჯოს დამუშავების დაწყების წინ ცვლის უფროსმა ან მისმა შემცვლელმა პირმა უნდა დაათვალიეროს სანგრევი და მიიღოს ზომები გარეშე საგნების (მსხვილი ფესვები, ხეტყე, ლითონის საგნები და სხვ.) მოსაცილებლად ექსკავატორის მთელი სამუშაო ფრონტის გასწვრივ სპირაჯოს სიგანეზე ჩამოქცევის პრიზმის გათვალისწინებით.

15. ჯაჭვიანი ექსკავატორის მუშაობა ქვედა აჩამჩვით დასაშვებია იმ პირობით, რომ დასამუშავებელ სიზრქეზე არ არის ჩამოცურებისადმი მიდრეკილების მქონე ქანები და უზრუნველყოფილია ფერდოსა და ექსკავატორის სამუშაო ბაქნის მდგრადობა.

16. თუ როტორული ექსკავატორი მუშაობს კონვეიერთან და ნაყარწარმომქმნელთან კომპლექსში ან ჯაჭვიანი ექსკავატორი კონვეიერზე დატვირთვით, მართვა უნდა იყოს ბლოკირებული. სარემონტო და გასამართი სამუშაოებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული მექანიზმის ხელით მართვა ცალცალკე.

17. არაგამოსაწევისრიანი როტორული ექსკავატორი აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის სიჩქარისა და როტორის ისრის მობრუნების კუთხის დავალებულ მნიშვნელობებს.

თავი XIII

ქვასაჭრელი მანქანე