1. მიწისქვეშა გვირაბის ექსპლუატაციისას დაცული  უნდა იქნეს  გვირაბის გამაგრებასთან, ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან, განიავებასა და ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების მოთხოვნები, აგრეთვე, ავარია- და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები.

2.  მიწისქვეშა გვირაბის და ბუნებრივი გამოქვაბულის (შემდგომ – გვირაბი) ექსპლუატაციისას დაწესებული უნდა იყოს მუდმივი კონტროლი გვირაბის თავზე განლაგებული შენობებისა და ნაგებობების უსაფრთხო მდგომარეობასა და ექსპლუატაციაზე.

3. ობიექტის ორ და მეტ ჰორიზონტზე განლაგებისას, აგრეთვე, ვერტიკალური (დახრილი) ჭაურის, შახტის ამწევი მექანიზმის არსებობისას, ამ ჭაურის, ამწევი მექანიზმის ექსპლუატაცია, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა და თითოეული ჰორიზონტიდან ზედაპირზე გამოსასვლელის მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ  ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

4. ობიექტზე მიწისქვეშა ტრანსპორტის ექსპლუატაცია  უნდა მოხდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტის შესაბამისად.

5.  ობიექტის მოსარგებლე ვალდებულია ობიექტის მშენებლობის (რეკონსტრუქციის), ექსპლუატაციის და ექსპლუატაციიდან გამოყვანის ყველა ეტაპზე ობიექტი უზრუნველყოს მის მიერ შექმნილი   სამაშველო სამსახურის ან სახელშეკრულებო საწყისებზე მოწვეული სპეციალიზებული სამაშველო სამსახურის მომსახურებით.

6. დასაშვებია  სამაშველო სამსახურის გარეშე იმ ცალკეული მცირე ობიექტის ექსპლუატაცია, რომლის გვირაბის სიგრძე არ აღემატება 100 მ-ს და მომსახურე პერსონალის რაოდენობა - 3 ადამიანს.

7.  მიწისქვეშა გვირაბის ტრასა დაყოფილი უნდა იყოს შესასვლელიდან გვირაბის სიგრძის მაჩვენებელ პიკეტებად, რომელთა ნომრის მაჩვენებლები, ტრასის გასწვრივ თვალსაჩინო ადგილას, მყარად უნდა იყოს დამაგრებული. ამასთან,  გათვალისწინებული უნდა იქნეს გვირაბის დღისეულ ზედაპირზე  გამოსასვლელი მიმართულების მაჩვენებელი ნიშნების თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

8. ექსპლუატაციაში არსებულ ობიექტზე  უნდა განხორციელდეს  მიწისქვეშ მყოფი (ჩასული) და ზედაპირზე გამოსული  ადამიანების  აღრიცხვა. აღრიცხვის წარმოების წესს ადგენს ობიექტის ხელმძღვანელი.

9. პირები, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი მიწისქვეშა სამუშაოებთან, ობიექტზე დაიშვებიან მხოლოდ მისი ხელმძღვანელის ნებართვით და ტექნიკური ზედამხედველის თანდასწრებით.

10. ობიექტზე, რომელიც გათვალისწინებულია დამთვალიერებელთათვის (საგამოფენო, სადეგუსტაციო დარბაზი, გამოქვაბული და სხვ.), პაციენტებისათვის (სამკურნალო დაწესებულება), ობიექტის ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული  უნდა იქნეს გვირაბში დამთვალიერებელთა, აგრეთვე, პაციენტთა ქცევის წესები.

11. მიწისქვეშ  ექსკურსიაზე მყოფი, აგრეთვე, სამკურნალო ადგილებამდე ან სხვა მიზნით ადამიანების შესვლა აკრძალულია ექსკურსიამძღოლის ან ტექნიკური ზედამხედველის ნებართვის გარეშე, რომელიც დაფიქსირებული უნდა იყოს სპეციალურ ჟურნალში.  მიწისქვეშ დამთვალიერებელთა, პაციენტთა ყოფნისას მათი სავალი გზის სიახლოვეს რაიმე სამუშაოების ჩატარება აკრძალულია.

12. მოქმედი შახტის (მაღაროს) გვირაბში (სადაც არ წარმოებს სამთო სამუშაოები) ობიექტის განთავსებისას, შახტის (მაღაროს) და ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს მათი ერთობლივი ექსპლუატაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებები.

13. გვირაბში (სათავსში) მავნე აირების გამოყოფისა და სამთო-გეოლოგიური პირობების გაუარესების (წნევის გაძლიერება, წყლის მოდინების მატება და სხვ.) დროს ყველა სამუშაო უნდა იქნეს შეჩერებული, ხოლო ადამიანები – ევაკუირებულნი ობიექტის უსაფრთხო მდგომარეობაში მოყვანამდე.

14. სამუშაო ადგილებზე ჰაერის მტვრიანობა არ უნდა აღემატებოდეს სანიტარული ნორმებით დადგენილ სიდიდეებს. ყველა შემთხვევაში, როდესაც ჰაერის მტვრიანობა გვირაბში აღემატება დასაშვებ ნორმებს, მიღებული უნდა იქნეს ზომები უსაფრთხო  პირობების უზრუნველსაყოფად.

15. გვირაბის პორტალთან ან ჭაურთან ბაქნებს უნდა ჰქონდეს გამართულ მდგომარეობაში მყოფი მისასვლელი გზები ავტოტრანსპორტის და სამშენებლო მანქანების სამოძრაოდ, აგრეთვე, ადამიანებისათვის უსაფრთხო გასასვლელები.

16. პორტალის და ჭაურის მიმდებარე ბაქნები, გზები, მისასვლელები, გასასვლელები, ესტაკადები, დატვირთვისა და განტვირთვის ადგილები, აგრეთვე, ობიექტის სათავსები, გვირაბები, შტოლნები, გამოქვაბულები უნდა იყოს განათებული.

17. ზვავსაშიშ რაიონებში და შესაძლო ჩამონაშალის უბნებზე ობიექტის მოწყობისას გათვალისწინებული და განხორციელებული უნდა იქნეს ზვავისა და ქვების ცვენისაგან დაცვის ღონისძიებები, ხოლო მდინარეების და წყალსატევების ქვეშ ობიექტის ექსპლუატაციისას, მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების სპეციალური ზომები წყლის უეცარი გამოხეთქის თავიდან ასაცილებლად.

18. სამუშაოთა წარმოების ადგილებში, აგრეთვე, ავარიის ლიკვიდაციის გეგმით გათვალისწინებულ ადგილებშიუნდა იყოს სატელეფონო კავშირი (საექსკურსიო მარშრუტებზე, სამკურნალო უბნებზე, ელექტროსამანქანო კამერებში და სხვ.). ყველა სატელეფონო ხაზი უნდა იყოს ორსადენიანი.

19. აკრძალულია გვირაბში თამბაქოს მოწევა და სპეციალური პროექტის გარეშე ღია ცეცხლით სამუშაოების ჩატარება.

20. გვირაბის ის ადგილები, სადაც  ადამიანების ჩავარდნის საფრთხეა, უნდა შემოიფარგლოს მაფრთხილებელი ნიშნებით.

21. აკრძალულია მიწისქვეშა ნაგებობებში წვადი სითხეების და წვადი აირიანი ბალონების შენახვ