1. წყალმომარაგების ახლად დასაპროექტებელი სისტემები, რომლებიც კვებავენ ცალკეულ კატეგორირებულ ქალაქებს ან რამდენიმე ქალაქს, რომელთა რიცხვშიც არის კატეგორირებული ქალაქები (განსაკუთრებული მნიშვნელობის და I კატეგორიის ობიექტები), ბაზირებული უნდა იყოს წყლის ორ დამოუკიდებელ წყაროზე, რომელთაგან ერთი ბუნებრივ პირობებში ეკოლოგიურად დაცულ მიწისქვეშა წყალს უნდა წარმოადგენდეს. თუ ორი დამოუკიდებელი წყაროდან შეუძლებელია წყალმომარაგების სისტემის კვება, დასაშვებია წყლით მომარაგება ერთი წყაროდან სათაო ნაგებობის ორჯგუფა მოწყობილობით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა მდებარეობდეს შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონის გარეთ.
2. საგანგებო სიტუაციებში წყალმომარაგების სათაო ნაგებობების ნაწილის მწყობრიდან გამოსვლისას, დანარჩენები ავარიული რეჟიმით უნდა აწვდიდნენ წყალს სამეურნეო-სასმელ საჭიროებებზე ნორმით ერთ ადამიანზე 31 ლიტრს დღე-ღამეში. ქალაქგარე ზონაში წყალმომარაგების დამცავი ობიექტების ჯამური საპროექტო წარმოება (ცენტრალიზირებული ელექტრომომარაგების შეწყვეტის პირობებში) უნდა იყოს საკმარისი სასმელი წყლით ყველა მაცხოვრებლის, მათ შორის ევაკუირებულთა და ასევე საზოგადოებრივი და პირადი სექტორის სასოფლო-სამეურნეო ცხოველების დასაკმაყოფილებლად. ის განისაზღვრება ნორმით: მოსახლეობისათვის – 25 ლიტრი დღე-ღამეში ადამიანზე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის – შესაბამისი რეგლამენტებით.
ა) ყველა სათაო სადგურის მწყობრიდან გამოსვლისას ან წყლის წყაროების მოწამვლის შემთხვევაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებისათვის საჭიროა რეზერვუარის მოწყობა სამი დღე-ღამის მარაგით, ნორმით დღე-ღამეში 10 ლიტრი ადამიანზე (მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე).
ბ) შესაძლო სახიფათო რადიოაქტიური და ქიმიური დაბინძურების ზონებში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის აუცილებელია შეიქმნას სამეურნეო-სასმელი წყალმომარაგების დაცული ცენტრალიზირებული სისტემები, რომლებიც უპირატესად ბაზირებული იქნებიან მიწისქვეშა წყაროებზე. ამ უკანასკნელის არასაკმარისი სიმძლავრის დროს სამეურნეო-სასმელი წყალმომარაგება უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლის ორი წყაროთი – ზედაპირულით და მიწისქვეშათი.
3. ქალაქების და ობიექტების ტექნიკური წყალმომარაგების ახალი სისტემების დაპროექტებისას და არსებულის რეკონსტრუქციისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შექცევადი წყალმომარაგების სისტემების გამოყენება.
4. კომპლექსური დანიშნულების ჰიდროკვანძების ზედა ან ქვედა ბიეფში განლაგებული თბოელექტრო და ატომური ელექტროსადგურების წყალმომარაგების სისტემების დაპროექტებისას, რეკომენდებულია ჰიდროკვანძის სადაწნევო ფრონტის ნაგებობების გარღვევის შემთხვევაში აღნიშნული სისტემებიდან ელექტროსადგურის ტექნიკური წყალმომარაგების შესაძლებლობის გათვალისწინება. მითითებული ტექნიკური წყალმომარაგების სისტემების მუშაობის უზრუნველსაყოფი ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობა დგინდება ვარიანტების ტექნიკურ-ეკონომიკური შედარების საფუძველზე.
5. ქალაქების, დასახლებების, დასახლებული პუნქტების და სამრეწველო წარმოებების წყალმომარაგებისათვის ყველა არსებულ და დასაპროექტებელ წყალშემკრებ ჭაბურღილებს უნდა ჰქონდეთ მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას სამეურნეო-სასმელი მოთხოვნილებისათვის ჭურჭელში გადასხმის გზით, ჭაბურღილების დებიტით 5 ლ/წმ. ამის გარდა უნდა გააჩნდეთ მოწყობილობა სახანძრო მანქანების მიერ წყლის ამოსაღებად.
6. კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების ცენტრალიზირებულ წყალმომარაგების სისტემებში უზრუნველყოფილ უნდა იქნას ქსელში სუფთა წყლის მიწოდების შესაძლებლობა წყალდამწნევი კოშკების გვერდის ავლით. სუფთა წყლის რეზერვუარები უნდა იყოს აღჭურვილი ჰაერის მტვერგამწმენდი ვენტილაციით, მოძრავ ჭურჭელში წყლის გასანაწილებელი მოწყობილობით და ჰერმეტული სარქველებით.
7. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე რამდენიმე დამოუკიდებელი წყალსადენის (კომუნალური და საწარმოო) დაპროექტებისას სანიტარული წესების დაცვით გათვალისწინებულ უნდა იქნას ერთი წყალსადენიდან მეორეში წყლის გადაყვანის შესაძლებლობა.
8. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე ახალი წყალსადენების მშენებლობისას არსებული წყალსადენები და სათავო ნაგებობები დაცული უნდა იქნას მათი შემდგომში სარეზერვოდ გამოყენების მიზნით.
9. კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების საწარმოო საჭიროებისათვის ტექნიკური წყლის მისაწოდებელი წყალსადენების დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი გამოყენება ხანძრის ქრობისას.
10. კატეგორირებული ქალაქის და ობიექტის სახანძრო ჰიდრანტები, ასევე წყალსადენის დაზიანებულ უბნებზე წყლის გადამკეტი ურდულები უნდა განლაგდეს შესაძლებლობის მიხედვით ისეთ ადგილებზე, სადაც ისინი შენობების ნგრევის შემთხვევაში ჩახერგვისაგან დაცული იქნებიან. შენობის ირგვლივ მისი ნგრევის შედეგად ჩახერგვის მანძილები მოცემულია დანართი 2-ში.
11. მოსახლეობის წყალმომარაგებისათვის, არსებული და დასაპროექტებელი საშახტო ჭები, ასევე მიწისქვეშა წყლების ამოსაღებად გათვალისწინებული სხვა ნაგებობები დაცული უნდა იყვნენ რადიაციული ნალექების და თხევადი მომწამლავი ნივთიერებების შეღწევისაგა